მთაში ნაპოვნი ბედნიერება, ანუ რეპორტაჟი ადამიანისა და ღმერთისგან მიტოვებული ილტოს ხეობიდან

ვერ ვიტყვი, რომ ეს მხარე ღმერთებმაც მიატოვეს და ადამიანებმაც, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ აქაურ რეალობაზე ჩვენს პოლიტიკურ ელიტას წარმოდგენა ზერელედაც არ აქვს. დიახ, იმ დროს, როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, სრა-სასახლეები როგორ წამოჭიმონ ან პარლამენტსა თუ ხელისუფლების სხვა შტოებში გავლენის სფეროები როგორ გადაინაწილონ, აქ ადამიანები იბრძვიან, იბრძვიან არსებობისთვის! ჰო, ეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობის რეალობაა!

…ილტოს ხეობაში ექიმთა ჯგუფს მივყვები. ჯგუფს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს…
თბილისიდან უთენია გავდივართ… ჩვენი მცირე ესკორტის ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი ეშვება და იძულებული ვხდებით, სანამ ავტოგასამართი სადგური შეგვხვდება, პერიოდულად გავჩერდეთ და დაშვებულ საბურავს ჰაერი დავამატოთ.
მართალია, ილტოს ხეობამდე სამი საათიც საკმარისია, მაგრამ ზემოხსენებული პრობლემის გამო დანიშნულების ადგილამდე გზა იწელება და ილტოს ხეობაში პირველი საათისთვის ჩავდივართ…
_ ილტო ისტორიული საქართველოა, _ ამბობს პროფესორი სოლომონ ზეიკიძე, რომელიც, როგორც იტყვიან, თვითნასწავლი ისტორიკოსია და ქართლის ცხოვრებიდან ისეთი დეტალებიც კი იცის, რომელზედაც დიპლომიან ისტორიკოსთა ნაწილს ან წარმოდგენა არ აქვს, ან აქვს, მაგრამ ყურადღებას შეგნებულად არ ამახვილებს.
_ ნეტავ, ბევრი ხალხი იქნება? _ კითხულობს ნათია დალაქიშვილი. ნათია ენდოკრინოლოგია და სხვა კოლეგების დარად, ექიმთა საქველმოქმედო აქციაში უსასყიდლოდ მონაწილეობს.
_ არ მგონია, _ ვპასუხობ.
_ რატომ? _ საუბარში ოდისეი ერთვება. ოდიესი, ანუ ადი, როგორც მეგობრები ეძახიან, ფიზიოთერაპევტია.
ადი თბილისელი იეზიდია, თუმცა ქართული, როგორც იტყვიან, წყალივით იცის.
სხვათა შორის, ადი მართლმადიდებელია _ რამდენიმე წლის წინათ გაქრისტიანდა.
_ ხეობა დაცლილია, _ ჩემთვის, ვიდრე ოდისეის კითხვის პასუხად ვამბობ.
_ რატომ? _ ახლა კითხვას ბექა გოგიაშვილი სვამს. ბექას შეხება არც მედიცინასთან აქვს და არც _ ჟურნალისტიკასთან, სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობს _ ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის მენეჯერია, მაგრამ ექიმთა საქველმოქმედო აქციის შესახებ მეგობრებისგან შეუტყვია და დაუჟინია, მეც წამოვალ, შეიძლება, არაფერში გამოგადგეთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხალხს სიცხეს მაინც გავუზომავო.
თერმოსკრინინგი კორონაპანდემიის გამო, მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიურობაა. ჰოდა, ბექა სიტყვას პირნათლად ასრულებს _ სოფლის მოსახლეობას სიცხეს გულმოდგინედ უზომავს და ფლაერებს ურიგებს.
სხვათა შორის, საქმე თემო ჯინჭრაძემაც გამონახა _ თემო წარმატებული მორაგბეა, თუმცა იმ დღეს რაგბი დროებით გვერდზე გადადო, ჩვენი ტრანსპორტირება იკისრა. მერე კი ილტოელებს თავისი დაკუნთული მკლავებით პირბადეებს ურიგებდა და ანტისეპტიკური ხსნარით ხელებსაც ენერგიულად უმუშავებდა…
აი, გიორგი გოგლიძემ კი, რომელსაც თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი სერიოზული თანამდებობა უკავია და რომელიც ექიმების ნამდვილ თანაშემწედ იქცა, მედიცინაში შესაშური ცოდნა გამოავლინა და პაციენტებს მხოლოდ საჭირო რჩევა-დარიგებებს კი არ აძლევდა, არამედ ელექტროფიზიოლოგიურ გამოკვლევებშიც აქტიურად მონაწილეობდა…
_ „კონსტანტინეს დიდოსტატის მარჯვენა“ ხომ გახსოვთ? _ მოულოდნელად გვეკითხება პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე.
_ რა თქმა უნდა, გვახსოვს, _ ყველას მაგივრად ადი იცხადებს.
_ აი, ახლა იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც თავის დროზე კვეტარის საერისთავო მდებარეობდა. ილტოს ხეობა, რომელიც წყაროებში ირტოს ხეობის სახელითაა მოხსენიებული, სწორედ კვეტარის საერისთავოს ეკუთვნოდა. მაშინ აქაურობა ერთ-ერთი მაღალგანვითარებული და ხალხმრავალი ადგილი იყო, _ გვიხსნის ე. წ. სამედიცინო ექსპედიციის წევრებს სოლომონ ზეიკიძე.
ფიქრებში მივდივარ…
ჰო, ერთ დროს აქაურობა შესაძლოა, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს?
დღეს ილტოს ხეობა, პრაქტიკულად, უკაცრიელია. ყოველ შემთხვევაში, აქ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მიგრაციაა. აი, მაგალითად, ბოლო, ანუ 2014 წლის აღრიცხვის შემდეგ, რომელიც 13 სოფელში ჩატარდა, ხეობა კიდევ უფრო ბევრმა ადგილობრივმა დატოვა. ამის მიზეზი კი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.
ისე, რა უცნაურია ცხოვრება _ დღეს ხეობა დაცლილია, ისტორიულად კი კვეტარის ერისთავები იმით გამოირჩეოდნენ, რომ საომრად უამრავი მეომარი გამოჰყავდათ…
„მკვეთრად იკლო შობადობის მაჩვენებელმაც. ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის, დაზიანებული გზებისა და სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის ფონზე სოფლებიდან გადინების პროცესს კიდევ ერთი ფაქტორი უწყობს ხელს – ხეობის სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ამ დრომდე არ მიუღია“, _ მიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც, რატომღაც, მთხოვს, რომ მისი ვინაობა არ გავამხილო.
პირობას, ცხადია, ვუსრულებ…
ილტოს ხეობის, ასე ვთქვათ, ცენტრი სოფელი შახვეტილაა. ჩვენი დისლოკაციის ადგილიც სწორედ აქ არის, სადაც ერთგვარ მასპინძლობას ჩემი კოლეგა და მეგობარი მაკა მოსიაშვილი გვიწევს. ისე, არ დაგიმალავთ და სწორედ მაკას დამსახურებაა, რომ ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა არჩევანი სწორედ ილტოს ხეობაზე შეაჩერა…
შახვეტილაში, რომელიც მდინარე ილტოს მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ამბულატორია რამდნეიმე თვის წინ ააშენეს. ამბულატორიაში ადგილობრივი ექთანია დასაქმებული. ექიმი კი, როგორც ვიგებ, კვირაში ორ-სამჯერ ახმეტიდან ამოდის ხოლმე.
სოფელში სულ 40-მდე ადამიანი ცხოვრობს.
_ ერთად ერთი ახალგაზრდა ჩემი შვილიაო, _ ამბობს გამოკვლევაზე მოსული ქალბატონი.
შახვეტილაში მხოლოდ დაწყებითი სკოლაა _ ოთხი კლასის შემდეგ ბავშვები განათლების მისაღებად სხვა სოფელში მიდიან და 9-კლასიან განათლებას იღებენ, თუმცა არასრულ სკოლაშიც სულ სამი მოსწავლე ყოფილა.
_ ეს ბავშვებიც პედაგოგების შვილები არიან. ეს პედაგოგები სოფელში ახმეტიდან ამოდიან და იძულებული ხდებიან, შვილებიც ამ სკოლაში ატარონო…
სოფელში ელექტროენერგია არის, გაზი _ არა. „ზევიდან“ დაჰპირებიან, გაზიც მალე იქნებაო, მაგრამ წლები გადის და ეს „მალე“ ვერა და ვერ მოვიდა.
ისე, შარშან შახვეტილასკენ მიმავალი გზა დაუგიათ, რაც კარგია, მაგრამ…
ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობაა.
_ აი, ჩემს მეზობელს რამდენიმე სული პირუტყვი ჰყავს და თავი ასე გააქვსო, _ მეუბნება ამბულატორიის ექთანი, რომელსაც სახსრები აწუხებს.
_ ახლავე გიშველიო, _ ეუბნება ადი სადოევი ქალბატონს და თავისი ოქროს ხელებით ელექტროფიზიოლოგიურ პროცედურებს უტარებს.
სოფლის ექთანი თავიდან პესიმისტურადაა განწყობილი, ახმეტაშიც ვიყავი და თელავშიც, ვინ აღარ გამსინჯა, მაგრამ ვერაფერი მიშველა და აი, ამ აპარატმა რა უნდა მიქნასო?
_ ცოტაც მოითმინეთ და მუხლები გაგიხურდებათო, _ ამშვიდებს ადი.
_ რა ვიცი, აბაო? _ ჯერ მხრებს იჩეჩავს სოფლის ექთანი, რამდენიმე წუთში კი სახეზე ღიმილი დასთამაშებს, _ უი, ქა, შვება მართლა ვიგრძენიო…
მეღიმება…
სოფლის მოსახლეობას სიტყვას პოლიტიკაზე ვუგდებ. ყველა ჩუმდება.
_ „ქოცები“ რომ წავიდნენ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება თუ არა-მეთქი? _ ჩემსას არ ვიშლი.
ხალხი ისევ დუმს, თუმცა ვატყობ, ყველას რაღაცის თქმა უნდა. უბრალოდ, თავს იკავებს…
ბოლოს, ერთი შუახნის ქალბატონი მეუბნება:
_ შვილო, გლეხისთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა და არც იქნებაო.
ძნელია, არ დავეთანხმო…
ამასობაში გამოკვლევიდან ბოლო პაციენტიც გამოდის, ხელში მედიკამენტები უჭირავს და ვიდრე კარს მიხურავს, ქალაქიდან ჩასულ ექიმებს ლოცავს, _ თქვენ გაგახარებთ ღმერთი, იმის ფული სად მქონდა, ამდენი გამოკვლევა ჩამეტარებინა და კარდიოგრამაც ცხოვრებაში პირველად გადავიღეო…
სოლომონ ზეიკიძეს დაღლილი და ჩაფიქრებული სახე აქვს, თუმცა თვალში მომხვდა, ყველა პაციენტს ღიმილით ხვდებოდა…
_ ბატონო სოლომონ, სოფლის ხალხი ჯანმრთელია?
ჯერ თავს აქნევს, მერე მპასუხობს:
_ ხალხი გამძლე და შრომისმოყვარეა, ამიტომ ავადმყოფობას არ ეპუება, თუმცა ფაქტია, უმრავლესობას მაღალი არტერიული წნევა და სხვადასხვა პათოლოგია აწუხებს. მართლია, მე და ჩემმა კოლეგებმა დახმარება საველე პირობებში აღმოვუჩინეთ, მაგრამ უფრო ღრმა კვლევებისა და შესაბამისად, აკადემიური მკურნალობის ჩატარებაა საჭირო. ეგებ, შევძლოთ, სხვა დროს კიდევ უფრო მრავალი პროფილის ექიმი ჩამოვიყვანოთ და გამოკვლევების სფეროც გავაფართოვოთ. იქნებ, მედიკამენტების ჩამოტანაც ისევ მოვახერხოთ…
ბატონ სოლომონს ჩემდაუნებურად ვეთანხმები და ისევ ფიქრი მიყოლიებს:
ჰო, დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ ურთიერთთანადგომა გვჭირდება. სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები შეიძლება, დაიძლიოს, მაგრამ თუ ვგრძნობთ, რომ გვერდით მდგომი არ გვყავს, იმედს ვკარგავთ.
უიმედობა კი ის დილემაა, რომლის გადალახვაც მარტივი ნამდვილად არ არის!
ჰო, სიკეთე გადამდებია და ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფიც ცდილობს, ეს სიკეთე ყველას გადასდოს, რათა ბოროტება სწორედ სიკეთით მარცხდება!
სხვათა შორის, ზემოხსენებული აქციის იდეის ავტორი ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილია, რომელიც ამბობს:
„მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას ვეღარ იღებენ. ამიტომ ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედო აქცია“.


…წამოსავლელად ვემზადებით.
_ ხინკლის გარეშე აქედან არ გაგიშვებთო, _ გვეუბნებიან ილტოელები.
ხინკალს ხაჭაპური მოჰყვა, ხაჭაპურს _ ხილის არაყი. ისე, მართლია, ამბობენ, იმერულ ხაჭაპურს ბადალი არ აქვსო, მაგრამ ყველა ერთად ვაღიარებთ, რომ ასეთი უგემრიელესი ხაჭაპური არასოდეს გაგვისინჯავს _ უთხელეს ცომში გახვეული ადგილობრივი ხაჭო პირში დნება და ქალაქელებისთვის ერთობ ტრენდულ დიეტასაც სრულიად გავიწყებს…
სხვათა შორის, ადგილობრივი ექიმი, ქალბატონი ლია, იდეალური თამადა გამოდგა და ბიჭებს რამდენჯერმე კინაღამ ჯარიმაც დაგვალევინა…
ხეობაში ნისლი ჩამოწვა…
ჩვენ მთიდან მოვდივართ…
თბილისამდე გზა გრძელია…
ემოციებს ვერავინ ვიკავებთ…
ჰო, დავიღალეთ, მაგრამ თან ბედნიერები ვართ, უსაზღვროდ ბედნიერები იმიტომ, რომ ბედნიერების პოვნა, თურმე, აქაც, ლამის, კაცისა და ღმერთისგან მოტოვებულ მთის სოფელშიც შეიძლება.

გიორგი აბაშიძე