მეუფე იაკობის მიმართვა მრევლს: „ვირუსი, ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები“
„განსაკუთრებით მინდა ჩვენს ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო. ღმერთმა გაგაძლიეროთ! ვიცი, რა რთულია თქვენვის ეს მსახურება. ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველასა და ყველაფერს“, – ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ექიმებს და დალოცა ისინი ბოდბელმა ეპისკოპოსმა ბოდბის დედათა მონასტერში.
„ქედს ვიხრით, ჩვენო ექიმებო, თქვენი სახით მთლიანად საქართველოს ექიმებისა და მთელ მსოფლიოში ყველა ექიმის წინაშე, მიუხედავად მრწამსისა. თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ, რაც ქრისტიანებმა არ უნდა დავივიწყოთ.
ვერაგია ეს ვირუსი და, ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები.
ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები იყოფა, ალბათ. ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა და, საერთოდ, მეცნიერება გვაძლევს. მთავარია, არ დავეცეთ! ბევრი ტკივილი გვექნება: სამწუხაროდ, ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც გვექნება, მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს ახლაც. როცა ერთმანეთს ვჭამთ, ამ ტკივილს გვანახებს“.
მაკა მოსიაშვილი