მეუფე იაკობი პანსიონში

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბოდბელი ეპისკოპოსი, ცნობილია საკმაოდ მძიმე განცხადებებით და, ამ მხრივ, სრულებით არ ჩამოუვარდება მეუფე სპირიდონს. უბრალოდ, მეუფე იაკობი ცდილობს, საზოგადოების წინაშე საკუთარი დასავლური მისწრაფებებით იმანიპულიროს ხან კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხან კი ტელეეკრანებიდან ასწავლოს ჭკუა პოლიტიკოსებს _ როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ სპექტრს.

მოკლედ, მეუფე იაკობის ნინოწმინდაში „გამწესებით“ საპატიარქოს კარის თამაშების ახალი სეზონი დაიწყო, რომლის სიუჟეტიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

მეუფე იაკობზე ვსაუბრობდით და გავიხსენოთ, ვინ არის ის და ვინ უნდა უხელმძღვანელოს პანსიონში დარჩენილ 23 ბავშვს? თუმცა როდესაც 23-ზე ვსაუბრობთ, ესეც გასარკვევია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს: მეუფე სპირიდონი თავიდან 150 აღსაზრდელს ასახელებდა, მერე 57-მდე შეამცირა რაოდენობა და თუ რამეზე უნდა იფიქროს სახელმწიფომ, პირველ რიგში, სწორედ ესაა _ სად გადამალეს 93 ბავშვი და თუ არც ყოფილა ამდენი, მაშინ რატომ დასჭირდა 150-ის დასახელება მეუფე სპირიდონს? ხომ არ უნდა ვეძებოთ აქ საეკლესიო კორუფციის კვალი?

მაშ, ასე! _ მეუფე იაკობი…

ერთადერთი და მთავარი, რაც ზუსტად არ ვიცოდით, ის გახლავთ, რომ იაკობში, თურმე, დიდი პედაგოგი სახლბუდობს _ ახლა მხოლოდ იმის გარკვევა მოგვიწევს, ვინ _ მაკარენკო, ამონაშვილი თუ ენდრიუ მოფატი?

მთავარეპისკოპოსი იაკობი ერისკაცობაში გახლდათ კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი; იგი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და უკვე ახალი რეგალიაც აქვს, _ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი.

მეუფე იაკობი, თუ მის განცხადებას გავიხსენებთ, პანსიონების ტიპის დაწესებულებების წინააღმდეგია: „მე ის ადამიანი ვარ, რომელიც მასეთი დიდი პანსიონატების წინააღმდეგი ვიყავი. საბჭოთა კავშირის დრო რომ იყო, გინდ რომ წაიკითხოთ ბრიტანული ლიტერატურა, იქ ჩანს, რომ მანდ საშინელი გარემოა. მსოფლიოში მაქედან გამოსულ ადამიანებს, „პრიუტივით“ რომ არის, თანამდებობაზე ზევით აღარ უშვებენ, რადგან იქ მყოფი ბავშვები იჩაგრებიან, ბავშვებს სახლში უნდათ. ახლა რომ მიხვალ და რომ ჰკითხავ, აქ გინდა თუ დედიკოსთან და მამიკოსთანო, რა თქმა უნდა, სახლში უნდათ. მაშინ გადავუხადოთ ოჯახებსაც ფული და ოჯახებმა აღზარდონ, რა სჯობია მაგას?! თავიანთ დედმამიშვილებსა და თავიანთ მშობლებთან აღიზრდებიან“.

მან საზოგადოებას ნინოწმინდის პანსიონთან და მეუფე სპირიდონთან დაკავშირებითაც გააცნო საკუთარი პოზიცია: „მეუფე სპირიდონს უნდოდა, ქართულ სიტყვას და ქართულ სულს ეცხოვრა იქ, მაგრამ არიან ადამიანები, შორსაც კი არ იყურებიან. ეკლესიას ასე რომ უტევთ არჩევნების წინ და ამდენი რუსული პარტია რომ შემოდის, რომლებსაც ოპოზიციურ და კარგ პარტიებს უწოდებთ, ისინი გაიძახიან, სახალხო დამცველი გაუშვანო. ჩვენ არავინ ვამბობთ, რომ გაუშვან, სისულელეა მაგაზე მისვლა და ამის მოთხოვნა. მიხვალ და წამოხვალ. ვნახოთ, დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე დავსაჯოთ. ჩემიანი იქნება თუ სხვისი, ბოლომდე დავსაჯოთ. ცოდო არ არის ბავშვი, თუ არ ექცევი ისე, როგორც უნდა ექცეოდე?! თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, წადი, სხვა საქმე აკეთე. ნინოწმინდაზე, ვფიქრობ, ასეთი რამე მოხდა _ ადამიანებს ერთმანეთს შორის რამე თუ არ გვილაგდება, ამ შემთხვევაში, მეუფე სპირიდონსა და ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ეს არ იყო პიროვნული ურთიერთობა და როდესაც არ შეუშვეს სახალხო დამცველი, მერე სხვებიც ჩაერთნენ, გაგვახსენდა კანონი. პიროვნულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი ყველას სალაპარაკო გახდა. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ ხოლმე სიმართლის გარკვევას… გრანტებზე მონადირე ბევრი ადამიანი ვნახე. თუ რამე დარღვევაა, უნდა გამოსწორდეს. შეხედეთ, რა ხდება ნინოწმინდაში და, საერთოდ, ჯავახეთში, ეს ერთ-ერთი მცირე ადგილთაგანია, სადაც ქართული სიტყვა ისმის. გაერო-ს ბავშვთა ფონდი მუშაობს ამ საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორდ ვიჟენი“, სახელმწიფო ჩართულია და ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური მუშაკების ჯგუფია შესული და ჩვენც, საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა გამოვასწროთ. სისულელეს ლაპარაკობენ, მაცივარში გვამებიო…“

და აქ მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ნათლად მეტყველებს მისთვის მისაღებ აღზრდის სტილზე: „პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას, ღონიერმა უფროსმა, სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა? მთავარია შეგნება. მე წამორტყმასაც არ მივესალმები. როდესაც გაუპატიურებაზე საუბრობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს? თუ ასეთი ფაქტი არსებობს, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან! ციხეშიც კი, როდესაც აუპატიურებდნენ, იგივეს უკეთებდნენ“.

ღირს ამის მერე გაგრძელება, თუნდაც, სამომავლო ვარაუდებზე?

და სწორედ აქ ნახეთ, რას ამბობს მეუფე იაკობი და როგორ განმარტავს მეუფე სპირიდონის მხრიდან სახალხო დამცველის მიუღებლობას: „2018 წელს იყვნენ შესულები სახალხო დამცველის წარმომადგენლები. როდესაც მათ მოიარეს ყველაფერი, მეუფე სპირიდონმა ჰკითხა, _ თქვენ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიგაჩნიათ თუ არაო? იმათ უთხრეს, _ არაო. მეუფე სპირიდონისთვის ეს ყოველთვის ცოდვად დარჩება. თუ სახელმწიფო კონსტიტუაციას უყურებს, ჩვენ 10 მცნება გვაქვს და ნებისმიერი სიძვა მიუღებელია, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს იგი“.

ანუ აქაც კი ცხადად ჩანს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურები საერთოდ მწყრალად არიან ქრისტეს სწავლებასთან, რადგან მაცხოვარი ყველას ღმერთია და არა იმისი, ვინ მოსწონს მეუფე სპირიდონს და ვინ _ არა. მით უფრო, რომ ცოდვებში, რომელზედაც ეკლესიის მესვეურები აპელირებენ, ცალკე ჰომოსექსუალიზმი არსად არის მოხმობილი და მასეც რომ იყოს, ეს ცოდვა სიძვასთან არის გათანაბრებული, თუმცა ქართული საზოგადოება ვერ გაიხსენებს 17 მაისის ანალოგებს მეძავების წინააღმდეგ. ამაზეც რომ არაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველი ვალდებულია, ყველას ინტერესი დაიცვას, მოსწონს ეს მეუფე სპირიდონს ან მეუფე იაკობს, თუ _ არა.

ზემოთ მოვიყვანეთ მეუფე იაკობის ერთი ციტატა, სადაც იგი ნინოწმინდასა და, ზოგადად, ჯავახეთზე ამბობს, რომ „ეს ერთ-ერთი მცირე ადგილთაგანი იყო, სადაც ქართული სიტყვა ისმის“.

ანუ იგი ვერც კი ხვდება, რომ ეთნონაციონალურ კონფლიქტს აღვივებს. იქნებ, ხვდება და… ფაქტი ის არის, რომ თუნდაც ამ განცხადებით მეუფე იაკობისთვის და ასე მოაზროვნე ადამიანებისთვის „მოქალაქის“ ცნება არ არსებობს. მათთვის მხოლოდ მართლმადიდებლის ან ქართველის რაობა არსებობს… და თუ ამაშიც დავეთანხმებით, რა ვუყოთ შუშანიკს, აბოს?..

მოკლედ, თვალს თუ დავხუჭავთ იმაზე, როგორი ინტენსივობით არღვევს მეუფე იაკობი სეკულარიზმის პრინციპებს და ერევა სახელმწიფოს საქმეებში, დღეს ფაქტად უნდა მივიღოთ, რომ პანსიონების მოწინააღმდეგე მეუფე უკვე ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელია.

ცოტა ხანი ნინოწმინდის პანსიონის თემას გადავუხვიოთ და მეუფე იაკობის სხვა ყბადაღებული განცხადებები გავიხსენოთ: საზოგადოებრივი, რელიგიური თუ პოლიტიკური კონტექსტით გაკეთებული.

25 აპრილს სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს მრევლსა და მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რასაც მეუფე იაკობი ასე გამოეხმაურა:

„ბევრს ვიცნობ, უვიცები არიან. არავითარი სკოლა არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა, არაფერი უკეთებიათ მონასტერში, ჩამშვებები არიან და მიიღებენ იმას, რასაც ერისკაცობაში მიიღებდნენ“, _ თავის ძმებზე, სასულიერო პირებზე, აი, ასე საუბრობს მთავარეპისკოპოსი.

გახმაურებული დავითგარეჯის საქმე, ორი, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანი და მათზე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებები გახსოვთ? 4 მაისს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ტვ „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს დავითგარეჯაში სასულიერო პირები თავს დაესხნენ. მეუფე იაკობმა მელაშვილს უცხვირპირო უწოდა და იგი სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკო: „უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია, ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირპირი მაგას არ აქვს. როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა, ისე შეაფასოს. ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით“.

ახლა პოლიტიკურ განცხადებებიც გავიხსენოთ, თან შევეშვათ ძველ მის გამონათქვამებს, რასაც იაკობის ქორეპისკოპოსობიდან ფორმალური ჩამოცილება მოჰყვა: „ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა მელიაზე განცხადება პარლამენტში და არც 88 პარლამენტარს უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე სხვადასხვა აზრი და პარტიაში როგორ არ ექნება ვინმეს სხვა აზრი? გარედან ცუდად ჩანს, როცა ვუყურებ. ერთი გამოდიოდა, ვერ დამიჭერთო, სხვები გამოდიოდნენ, ვერ დაიჭერთო. მოხდა ის, რომ მივიდნენ. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა, მელია შეატოვეს. დაიჭირეს მელია და წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან სამართლიანი საყვედურები. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება? ბოლოს ოპოზიციაც გაახსენდებათ. პროკურატურა ამბობს, გადაიხადოს და გავუშვებთო. ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ?! რა ლიდერად შეხედავენ?! ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა, როგორც სიტუაციამ გვაჩვენა, იგი რაღაც ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც _ სერვანტესი“.

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი, „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობაზე აშკარად ძალიან განაწყენებული და გაბრაზებულია: „ვფიქრობ, იმის ილუზია აქვთ, რომ ევროპული სასამართლო გაამართლებს მიშას და აქ ჩამოვა. ერთი რამე იცოდეთ, არის საკითხები, არც ჩვენს სასამართლოს შეხედავს ქართველი ერი და არც _ ევროპულს. მასე არ არის, სასამართლომ გვითხრას და ვიღაც ჩამოვიდეს. მანამდე ჩამოსულიყო. უბრალოდ, ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან ისე გააქცია. მისი „მოვდივარ, მოვდივარ!“ _ ვისაც გჯერათ, შეგიძლიათ, დაპატიჟოთ და საქართველოს ვიზაც გაუგზავნოთ. ივნისში რაც მოხდა და გავრილოვს რაც მოჰყვა, იმაზე უარესი იყო ჩემთვის ეს ამბავი, რომ არ შედიოდნენ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის როგორი დაძაბულობა იყო, რუსეთი მესამე ქვეყანაშიც შემოვიდა და არც ერთ პარტიას მაშინაც არ უნდოდა შემოსვლა. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაიქცა, როგორც გახარია იყო კრიზისის შემქმნელი, კრიზისმეიკერად და არა _ კრიზისმენეჯერად. რა საქმეც უნდა ავიღოთ, გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა და მას ეკლესიისგან არავითარი მხარდაჭერა არ ექნება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანსაღ ოპოზიციას ცალკეულ პიროვნებებში ვხედავ, მაგრამ ამ პარტიებში არავისში არ ვხედავ“.

მეუფე იაკობი არც მმართველ პარტიას სწყალობს ხოლმე, მაგრამ ყოველი ასეთი განცხადების შემდეგ, როგორც ინფორმირებული პირები ამბობენ, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ახალი გარიგებები ფორმდება.

ყველამ კარგად იცის, რომ მეუფე იაკობს გიორგი გახარიას მიმართ განსაკუთრებით აუტანლობა აქვს. ამის დამადასტურებელ არაერთ განცხადებას მოძებნის დაინტერესებული პირი ინტერნეტსივრცეში… მაგრამ ეს განსაკუთრებით მოტივირებულად არის წარმოთქმული: „დიდება და მადლობა, უფალს. მადლობა, განსაკუთრებით, დედებს, რომლებმაც წალკოტად აქციეს აქაურობა. უფლის სახლია წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. ეს არის პატრიარქისა და საქართველოს შემოწირულობისგან. გიორგი გახარია საკმაოდ დიდი პერიოდი იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე-პრემიერი და შემდეგ _ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ თანამდებობიდან უნდა წასულიყო. ახლაც ლაპარაკობდნენ, რომ ცოტა ხანში წავიდოდა. მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვფიქრობ, მან დაასწრო მოვლენებს. იცით, რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა აუცილებელი იყო. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია გამოეწვია. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს, _ ამას რას აკეთებთო?! უბრალოდ, თავისიანებთან ცუდად გამოვიდა, როგორც ვიცი. რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. ველოდებოდი, ვის წარადგენდა თავის გუნდში და იქ სულ ვნახე ადეიშვილის, მერაბიშვილის ასევე კეზერაშვილის კადრები, ანუ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნაწილი ჰყავს გუნდში“.

ბოლო პოლიტიკურ განცხადებასაც შეგახსენებთ და ნინოწმინდის პანსიონის თემასაც დავუბრუნდები. „ფხიზელმა“ მეუფე იაკობმა საბოლოოდ თქვა, რომ გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა და, არც მეტი არც ნაკლები, ახალი ბრალდებები წაუყენა მას: „ფხიზელი გეუბნებით, ჩემი წარმოდგენა ვთქვი უკვე: ადამიანი პრემიერი თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საკითხებში პირდაპირ ერეოდა. პირდაპირ გეუბნებით, მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი, რაც ვთქვი, ვადასტურებ. ხომ ამბობდით, ნასვამმა თქვაო, ახლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით, ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა… უბრალოდ, სახელმწიფო იყო მძიმე მდგომარეობაში და რაღაცები აღარ გავაკეთე. როგორ გგონიათ, რომ ვუყურებ თქვენს ტელევიზიებს, რომ აპიარებთ, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაუჭიროს მხარი მას? ვინც „ოცნების“ იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა, გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით ან თვითონ რა გაუკეთებია?! სრული ლოკდაუნი გინდათ კიდევ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია ეგ ლოკდაუნი. მითხარით, რა აქვს გაკეთებული, _ სტრატეგია ჰქონდა სწორი? ამათი შცდომა ის იყო, პიარი უკეთეს, _ მენეჯერი, მენეჯერიო… და კრიზისმენეჯერად მოიხსენიებდნენ. მე გეუბნებით, კრიზისმეიკერია და არა _ კრიზისმენეჯერი“.

ჰოდა, ჩვენც ფხიზელ მეუფე იაკობზე გავაგრძელოთ საუბარი. აბა, ახლა, ჩვენ რომ ვთქვათ, მეუფე იაკობს დალევა უყვარს და ხშირად მთვრალიც კი გვინახავსო ან ანათემისთვის განმზადდება ჩვენი სახელი, ან რომელიმე მორწმუნე სადმე დაგვხვდება და „საკადრისს პასუხს“ გაგვცემს, _ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას როგორ დავწამეთ ცილი ან როგორ ვამხილეთ?! მხილების უფლება ხომ მხოლოდ მათ აქვთ.

ნინოწმიდის პანსიონზე საუბრით დავიწყეთ და მივხვდით, რომ ერთ ოდიოზურ მეუფეს მეორე _ უფრო ოდიოზური, უფრო მეტი რეგალიის მქონე და ეპატაჟური ანაცვლებს.

სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია II-ის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, მას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ჩაანაცვლებს.

ოღონდ, მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ მეუფე სპირიდონს ნინოწმინდაში დიდი ღვაწლი აქვს და მას იქ ჩასვლას ვერავინ აუკრძალავს, მისთვის ნინოწმინდის პანსიონის კარი მუდამ ღია იქნებაო.
„მეუფე სპირიდონს, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, თუმცა გუშინ ხელმძღვანელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ყოველთვის შეეძლება მოსვლა. მას ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს?“ _ განაცხადა უკვე ნინოწმინდის პანსიონის ხელმღვანელობის პოსტიდან მეუფე იაკობმა.

რომ წარმოვიდგინოთ, როგორი რთული გადასაწყვეტი იქნებოდა მეუფე სპირიდონისთვის ნინოწმინიდის პანსიონის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება. არადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, განა, ყველა ერთ ხმაში არ ამტკიცებდა, რომ პანსიონის ხელმძღვანელი ფილიპე აბაშიძე იყო?
გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის გადაწყვეტილება იყო, რომ მთვარეპისკოპოს იაკობს ეპიკოპოსი სპირიდონი ჩაენაცვლებინა, ხოლო იაკობის თქმით, სპირიდონმა თავად დატოვა ხელმძღვანელობა და თავის ეპარქიაში დაბრუნდა.

არ ვიცი, ვის უნდა დავუჯეროთ და ვის _ არა?! მაგრამ, საფიქრალია, როგორ უხელმძღვანელებს დარჩენილ 23 ბავშვს მეუფე იაკობი ან რა შეიცვლება ნინოწმინდის პანსიონში?!

ნეტავ, ხშირად იქნება ზემოხსენებული ოდიოზური მეუფე ფხიზელი, თუ ოდნავ ნასვამი გადაწყვეტს ბავშვების ბედს, მათი ცხოვრების დღის წესრიგს?!

ალბათ, ახლა მეუფე სპირიდონი ნანობს ან კიდეც ბრაზობს საკუთარ თავზე, _ ნეტავ, შემომეშვა პანსიონში, თავის დროზე, ლომჯარიაო. მაგრამ აშკარაა, რომ დარღვევაც ბევრი გამოვლინდა და ბავშვებმაც პანსიონი დატოვეს. ასე ნაშენები, ნაწვალები და ნალოლიავები ნინოწმინდის პანსიონი მეუფე სპირიდონს დაატოვებინეს და დააბრუნეს სხალთის ეპარქიაში… თუმცა ცხადია, რომ იგი ბავშვებსა და მოზარდებს არ ეშვება _ სხვა თუ არაფერი, ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია.

ჩვენ კი რა დაგვრჩენია? _ ველოდებით კვირას მის ქადაგებას და მორიგ „მარგალიტებს“…
მაგრამ ერთ რამეზე კი ნამდვილად ვფიქრობ: რა იცის ასეთი მეუფე სპირიდონმა, რომ ვერ უბედავენ ცოტა ხნით (ჰო, ცოტა ხნით მაინც), თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მიტევებისთვის რომელიმე მონასტერში გაშვებას, როგორც მეუფე პეტრეს უპირებდნენ, თავის დროზე? რატომ ეშინია საპატრიარქოს მეუფე სპირიდონის?! რატომ ვერ აკეთებენ მასთან მიმართებით კრიტიკულ განცხადებებს, მაშინ როცა ეს საჭიროა? რატომ დუმს წმინდა სინოდი? რატომ არ ჩანს პატრიარქი, რომელსაც მუდამ აქვს თავისი პოზიცია, რომელსაც მუდამ ესმოდა განსხვავებული აზრის?
ვინ ფლობს საპატრიარქოს კარის თამაშებში მეტ ძალაუფლებას?! უკვე მეუფე შიო იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მაინც ეშინიათ, _ ეშინიათ მეუფე სპირიდონის განაწყენების და… ირჩევენ დუმილს. განა, იმიტომ, რომ „ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი – ოქროი რჩეული“. ეგ რომ იცოდნენ, ამის ხშირად გათვალისწინება, მგონი, უკეთესი იქნებოდა და უფრო გამოადგებოდათ, განსაკუთრებით ყბადაღებული განცხადებების ავტორ ოდიზოურ მეუფეებს…
და მაინც, საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ როგორ არ უნდა გაგახსენდეს ერთი ფრთიანი ფრაზა: „მოგენატრებათ მამათი…“

ზუკა ნემსაძე