„მერსედესის ცენტრის“ წილის ახევა ტელეკომპანია „მაესტროს“ კონტროლის სანაცვლოდ“
პროფესორმა დავით ძოწენიძემ „მერსედესის ცენტრი“ საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს დააფუძნა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი და სრული განუკითხაობა მძვინვარებდა.
ის დოქტორანტურას გერმანიაში, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გადიოდა, ჰუმბოლტის სტიპენდიაზე იყო წარდგენილი და სწორედ იქ გაიცნო „მერსედესის“ პერსპექტიული განვითარების ცენტრის დირექტორი, დოქტორი ფონ გლაზნერი, რომელმაც შტუტგარტში მიიწვია. აქ გაჩნდა საქართველოში „მერსედესის ცენტრის“ დაფუძნების იდეაც და 1992 წელს კახი ასათიანთან ერთად დაფუძნდა „მერსედეს ბენცის“ წარმომადგენლობა, რომლის დირექტორიც 1996 წლამდე იყო დავით ძოწენიძე. 1996 წელს საწესდებო კაპიტალში ჩადებული იყო $635 000 და ამის საფუძველზე კომპანიას 2007 წლიდან მილიონიანი დივიდენდები ერიცხებოდა. კონფლიქტი და სასამართლო დავა ასათიანების მხრიდან პირობების შეუსრულებლობას მოყვა, თუმცა ძოწენიძემ საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვა მოახერხა. 2011 წელს მაკა ასათიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის მფლობელი გახდა რაღაც მანიპულაციებით და ოპოზიციური სპექტრის ყურადღებაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „დაჩაგრულის“ სახელით მიიპყრო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აქტუალური გახდა „მაესტროს“ კონტროლი და ხელისუფლებასთან ვაჭრობა.
დავით ძოწენიძე:
_ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფართოდ გაუღო კარი და მოსალაპარაკებლად მიიღო მაკა ასათიანის ქმარი, რუსეთის მოქალაქე კოტე გოგელია. ამ შეხვედრის მერე 2013 წელს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ეს მოჩვენებითი ძიება ამ დრომდე ფორმალურად მიმდინარეობს მხოლოდ იმისთვის, რომ ასათიანების მხარე უკანონოდ მოამარაგონ „ახალი გარემოებებით“. საქმის მასალების გაცნობის უფლება გამოძიების დასრულებამდე არც დაზარალებულს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ასათიანები დაზარალებულად ცნობილი არ იყვნენ. მათ მტკიცებულებებით მაინც ამარაგებდნენ. ეს რასაც ნიშნავს კანონის ენაზე, თქვენც მოგეხსენებათ. რაც მთავარია, პროკურატურამ პარტნიორთა კრების ისეთი ყალბი ოქმი შეაცურა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივში, რომელიც არასოდეს ყოფილა სამეწარმეო საქმეში. მსგავსი პარტნიორთა კრება არასოდეს ჩატარებულა. ოქმზე ჩემი ხელმოწერა არ არის და არც ნოტარიალურადაა იგი დამტკიცებული. იმდროინდელი კანონმდებლობით ასეთი პარტნიორთა კრების ოქმის სასამართლოში შესვლა და თანაც მის საფუძველზე პარტნიორის გარიცხვა არათუ შეიძლებოდა, არამედ კანონდარღვევა იყო.
აბსოლუტური სიცრუეა ისიც, რომ მე ჩემი ნებით გავედი იმ საწარმოდან, რომლის საწესდებო კაპიტალიც 90-იან წლებში შევქმენი უდიდესი ძალისხმევით მოპოვებული ფინანსებით, ინტელექტუალური საკუთრებით, ფიზიკური შრომით და რომელშიც ასათიანებს ერთი ცენტიც არ აქვთ ჩადებული. ერთი კაცი მაინც მაჩვენეთ, რომელიც წელიწადში რამდენიმე მილიონი მოგების მქონე საწარმოდან თავისი სურვილით და ნებით გავა? საქმეში მტკიცებულებებია, სადაც ცხადად ჩანს დაპირისპირება ჩემსა და პარტნიორს შორის, დირექტორობიდან წავედი მხოლოდ იმიტომ, რომ მან მომატყუა, ფული არ ჩადო თავისი წილის შესაბამისად და ურთიერთობაში კრიზისი წარმოიშვა. ასათიანებმა ჯერ დამაბრალეს, ფული მიითვისა და ამიტომ გავრიცხეთო და ახლა გამოაცხვეს, თავისი ნებით გავიდაო. ნების გამოხატვა მკაცრად რეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით. განცხადება გაყალბებულია, რაც გამყალბებელმა თვითონ მოახსენა სასამართლოს. ასეთი სახის განცხადებას რომ ცვლილება ვერ მოჰყვებოდა, ამას მარტო კანონის ცოდნა კი არ ადასტურებს, ყველაფრის მკადრებელი მოსამართლეც ვერ უთითებს საფუძვლად 90-იანი წლების დასასრულს.
ასათიანებმა მიიღეს რა ხელისუფლების მფარველობა და გარანტიები, 2013 წლის 9 სექტემბერს ოფისში მომიგზავნეს დაქირავებული მკვლელი, რომელმაც ორგანიზება გაუწია და ანგარებით განახორციელა ჩემზე თავდასხმა. მართალია, ვერ მომკლეს, მხოლოდ დამასახიჩრეს, სამაგიეროდ ბრალი მე წამიყენეს. პროკურატურამ დაიკავა რა დამნაშავის მხარე, სასწარფოდ გააყალბა ფაქტები და სისხლის სამართლის საქმის ფაბრიკაციის საფუძველზე დღემდე დამატარებენ სასამართლო პროცესებზე სსკ 118-ე მუხლის აბსურდული ბრალდებით. ეს პროცესიც ხანგრძლივდება უსასრულოდ, სანამდეც გავუძლებ. ჩემზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩემი დაფუძნებული საწარმოდან, ყოველგვარი შეთანხმების, დასაბუთებისა და არგუმენტის გარეშე, ვითომ „სესხად“ 500 000 ლარი თანხა გადასცეს ხელზე ივანიშვილის გარემოცვის წევრ კ. ბერაძეს. დროთა განმავლობაში შევიტყვე, რომ ჩემზე თავდამსხმელიც კ. ბერაძის ახლობელი ყოფილა.
აქვე უნდა ითქვას, რომ პარალელურად დაიწყო ჩემი უფლებების არნახული შევიწროება ჩემსავე ბიზნესში. ეს განხორციელდა პროკურორების მიერ ჩემზე უსამართლო დევნითა და სასამართლოში არსებული კლანის შემსრულებელი მოსამართლეების მეშვეობით.
ქვედა ინსტანციის კლანის მძევალმა მოსამართლეებმა, რომლებიც ჯერ უვადო, შემდგომ კი უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად მოევლინენ საზოგადოებას, ელვის უსწრაფესად შეასრულეს დავალება: ჯერ გააუქმეს კანონიერ ძალაში შესული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგ კი სრულიად უსამართლოდ, არაკონსტიტუციური გზით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის 2/8/765 გადაწყვეტილება), საჯარო რეესტრისთვის შექმნეს უსაფუძვლო გარემოება და 2016 წელს ამომიღეს საწარმოს დამფუძნებელთა შემადგენლობიდან. ამით ასათიანებს მისცეს საწარმოში 16 მლნ. ლარზე მეტი მოგების-მითვისებისა და ერთპიროვნულად ჩემთვის განკუთვნილი დივიდენდების ქრთამის დასანაწილებლად გამოყენების საშუალება.
ეს არ არის სამართლიანობა და მართლმსაჯულება, წარმოუდგენელი და უჩვეულო კორუფციული პროცესები გამოიკვეთა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ვთხოვ, გარდა იმისა, რომ მე, მის ერთ ღირსეულ წევრს, მესაჭიროება თანადგომა, აუცილებელია იმ მავნე გარიგების შედეგად დამკვიდრებული საფრთხეების გააზრებაც.
დავით ძოწენიძესა და შპს „აკას“ პარტნიორებს შორის არსებულ დავას სპეციალური კვლევა მიუძღვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“. კვლევაში ვკითხულობთ:
„2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუიზა თავართქილაძის, მაკა ასათიანის, სალომე ასათიანისა და შპს „აკას“ მიმართვის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დავა განაახლა. მოსარჩელეებმა სასამართლოს 1996 წლის 15 მარტის #2 ოქმის დედანი წარუდგინეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ დავით ძოწენიძემ კომპანიის წილები თავისი ინიციატივით დათმო. სასამართლომ ამ დოკუმენტის საფუძველზე შეცვალა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დავით ძოწენიძეს 20%-იან წილზე საკუთრების უფლება კვლავ გაუუქმა. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, შესაძლოა ითქვას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით აჩენს კითხვებს:
სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საქმის განახლების თაობაზე დაუსაბუთებელია, საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად დაედო 1996 წლის 15 მარტის #2 ოქმის დედნის წარდგენა, სადაც მითითებულია, რომ დავით ძოწენიძე 1996 წლის 15 მარტს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გავიდა შპს „აკას“ პარტნიორობიდან. სასამართლოს განმარტებით, კრების ოქმის დედანი სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოპასუხეებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს: გარდა იმისა, რომ ოქმის ასლი სასამართლოში 2008 წელს იყო წარდგენილი, სასამართლოს მოცემულ დოკუმენტზე, როგორც მტკიცებულებაზე, ნამსჯელი აქვს და შემდეგი განმარტება გააკეთა:
„მასზე იგულისხმება 1996 წლის 15 მარტის #2 ოქმის ასლი, ხელმოწერები არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით, მასში გადმოცემული ფაქტები ეწინააღმდეგება როგორც აპელანტთა პოზიციას, ასევე მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას, მისი შინაარსი ცნობილი გახდა მოსარჩელისთვის მხოლოდ დათარიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ და მასზე ძოწენიძის მიერ ჩაბარების გრაფა ცარიელია“.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს წარდგენილი ოქმი იმ ოქმის იდენტური იყო, რომელზედაც სასამართლომ აღნიშნული შეფასება გააკეთა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა განაახლა და განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა. დავით ძოწენიძის წილთან დაკავშირებულ დავას, როგორც 2010 წელს, როდესაც დავით ძოწენიძის კომპანიისთვის 20% წილზე საკუთრება დაუბრუნდა, ისე 2016 წელს დ. ძოწენიძისთვის წილზე საკუთრების გაუქმებასთან დაკავშირებით საქმის განახლების შემდეგ ლაშა ქოჩიაშვილი განიხილავდა. ნიშანდობლივია, რომ #2 ოქმის დედნის წარდგენა 2008 წელს დაწყებულ სასამართლო დავაში შემდეგი მიზეზით ვერ მოხერხდა, _ სასამართლომ აღნიშნული ოქმის დედანი სამეწარმეო რეესტრიდან გამოითხოვა, მაგრამ შპს „აკას“ სამეწარმეო მასალებში ამგვარი დოკუმენტი არ ინახებოდა. ეს დოკუმენტი პროკურატურამ 2015 წელს აღმოაჩინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს მასალებში. დოკუმენტი მტკიცებულებას წარმოადგენდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. დავით ძოწენიძის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურს მიმართეს და მოითხოვეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იყო შესული ფინანსთა სამინისტროში აღნიშნული დოკუმენტი და ჰქონდა თუ არა სამსახურს ამ დოკუმენტის შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები? მაგ.: ჟურნალში გატარებული ჩანაწერი. შემოსავლების სამსახურის პასუხიდან კი გაირკვა, რომ სამსახურისთვის უცნობი იყო, თუ როდის და ვინ წარადგინა მითითებული ოქმი“, _ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
გარდა იმისა, რომ სასამართლომ დავა დაუსაბუთებლად განაახლა, მან გადაწყვეტილებით არ იმსჯელა შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: ახლად წარდგენილ #2 ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია თანხვედრაში არ არის შპს „აკას“ პარტნიორების მიერ პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან. ოქმში აღნიშნულია, რომ კრების გადაწყვეტილებით დ. ძოწენიძეს გამოეცხადა უნდობლობა, გაყვანილ იქნა საზოგადოების დამფუძნებელთა შემადგენლობიდან და განთავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან. შპს „აკას“ პარტნიორების მტკიცებით კი დავით ძოწენიძე თავისი ინიციატივით საკუთარი განცხადების საფუძველზე გავიდა პარტნიორობიდან.
სადავო ოქმის შინაარსი ეწინააღმდეგება კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის, გოჩა ლელაძის ჩვენებას. ოქმში მითითებულია, რომ 15 მარტს პარტნიორთა კრებას ესწრებოდა და აზრი დააფიქსირა ერთ-ერთმა პარტნიორმა გოჩა ლელაძემ, ლელაძის განცხადებით კი იგი ამ დროს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, გერმანიაში ცხოვრობდა და, შესაბამისად, კრებას არ დასწრებია.
2016 წელს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ წარდგენილი #2 კრების ოქმი არ არის ნოტარიულად დამოწმებული. იმ პერიოდისთვის პარტნიორობიდან გასვლის შეთანხმების ნოტარიულად დამოწმება დოკუმენტის ნამდვილობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. ოქმი ასევე არ შეიცავს დავით ძოწენიძის ხელმოწერას, მაშინ როცა უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კრებას დავით ძოწენიძე ესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მოცემულ საქმეზე 2017 წლის 25 სექტემბერს იურიდიული ექსპერტიზის კომპანია „თოდრია და პარტნიორებმა“ მოამზადა დასკვნა. კომპანიის დირექტორი უზანაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ თოდრიაა. დასკვნაში მითითებული სამართლებრივი პოზიციები სრულ თანხვედრაშია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ შეფასებასთან.
საქმეში 2017 წლის 2 ნოემბერს მომზადებული ალტერნატიული დასკვნაც არსებობს, რომელიც უზანაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე ნუნუ კვანტალიანმა მოამზადა და სადაც საქმეში არსებული გარემოებები განსხვავებულად არის შეფასებული, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მთავარი საკითხი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების საფუძვლიანობა, დასკვნაში შინაარსობრივად განხილული არ არის. სამართლებრივი შეფასებები მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით არის გაკეთებული, შეეძლო თუ არა მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების მოთხოვნით ედავა.
დავით ძოწენიძე:
_ 2018 წელს „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული ინტერვიუებისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნის შემდეგ, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი უზანაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა გადაწყვეტილება არსებითი მითითებებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა ზემდგომის მითითებებს. შემდეგ კი კლანის მიერ ახლად დანიშნულმა უზენაესი სასამართლოს შემსრულებელმა მოსამართლეებმა: კაკაბაძემ, ერემაძემ და მიქაბერიძემ მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქმეში არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. დღემდე არ მაბარებენ ამ გადაწყვეტილებას, რომ დასაბუთებას გავეცნო. არადა, უკვე სამი თვე გავიდა. ცამდე მართალი ვარ ამ საქმეში და არ ვაპირებ, უსამართლობას შევეგუო.
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და მასალებს მომდევნო ნომრებშიც შემოგთავაზებთ.
ელისო კილაძე