მერაბ რაფავა: „რუსეთში საიდუმლო სტრუქტურა შეიქმნა, რომელსაც საქართველოში ხელისუფლების დამხობა ევალებოდა!“
დედამიწაზე დანაშაული მას შემდეგ არსებობს, რაც ადამიანი გაჩნდა და კრიმინალური მიდრეკილებებისგან, ალბათ, ვერასოდეს გავთავისუფლდებით. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში „შავი სამყარო“ ზომაზე მეტად გააქტიურდა. რა არის ამის მიზეზი? _ ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ქუჩასთან ერთგვარი ხელშეკრულება აქვს დადებული და კრიმინალიც ამიტომ მომძლავრდა.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ დანაშაულის გაზრდა ძალოვანი უწყებების არაპროფესიონალიზმის პირდაპირპროპორციულია. სხვათა შორის, მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ამაზე მინიშნება პრემიერმა გახარიამაც გააკეთა და, პრაქტიკულად, აღიარა, რომ შსს-ს რეფორმა აუცილებელია.
ორივე ზემოხსენებულ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ ამ ვერსიების სიცოცხლისუნარიანობისთვის ნოყიერი ნიადაგიც არსებობს. თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება, რითაც შესაძლოა, კრიმინალის მომძლავრება აიხსნას.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალური ქაოსის შექმნა ორგანიზებულად ხდება და ყველაფერ ამას ჩვენდამი მტრულად განწყობილი რომელიმე სახელმწიფო უდგას სათავეში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ყველაზე მეტად რუსეთი ემტერება, ცხადია, ადვილად მივხვდებით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა სწორედ კრემლს შეიძლება აწყობდეს.
სხვათა შორის, იმას, რომ ეს ვერსია უტოპიური არაა, „ქრონიკა+“-ს მერაბ რაფავაც უდასტურებს, რომელიც ეროვნული ხელისუფლების დროს შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო და ასევე სასჯელაღსრულების უწყებასაც კურირებდა.
ზოგადად, ჩვენს რესპონდენტს კრიმინალთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, მისი თითოეული სიტყვა საყურადღებოა, ანუ მერაბ რაფავა ბოლო დროის „კრიმინალურ ჯოჯოხეთზე“ საუბრისას გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისს, ე. ი., იმ პერიოდს იხსენებს, როცა ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება იყო და, პრაქტიკულად, ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ კრემლი მაშინ ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ კრიმინალების მობილიზებას ახდენდა. ამის დასტურად ბატონი რაფავა ოპერატიულ ინფორმაციებს იშველიებს…
იმართება თუ არა ქართული კრიმინალი ჩრდილოეთიდან? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე მერაბ რაფავასთან:
_ ბატონო მერაბ, ბოლო დროს მუდმივად კრიმინალურ ამბებზე ვსაუბრობთ. თქვენ, როგორც პროფესიონალი „ჩეკისტი“, რას ფიქრობთ, რა ხდება _ კრიმინალმა რეალურად მოიმატა თუ, უბრალოდ, გაშუქება გაიზარდა?
_ ჩემთვის ამაზე საუბარი ძნელია.
_ რატომ?
_ ახლანდელ და გასულ წლებში შსს-ს მიერ აღრიცხული და რეგისტრირებული დანაშაულებების მონაცემები არ მაქვს, თუმცა იმის მიხედვით, რაც ჩანს და შუქდება, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულმა იმატა.
სხვათა შორის, გამორჩეული სისატიკით ჩადენილი დანაშაულებები გაიზარდა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა.
_ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, კრიმინალი ყოველთვის იყო და იქნება კიდეც, მაგრამ ეს განსაკუთრებული სისასტიკე სოციალური პრობლემებით უნდა ავხსნათ, დაძაბული პოლიტიკური ფონით თუ სხვა რამით?
_ ბევრი ფაქტორი არსებობს, თუმცა მგონია, რომ პანდემიის გამო ბევრმა სოციალურმა პრობლემამ იჩინა თავი. აი, მაგალითად, ადამიანებს სამსახური არ აქვთ.
_ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში აქამდეც პრობლემა იყო, თუმცა ყოველდღე უბედურება ნამდვილად არ ხდებოდა.
_ დიახ, ყველა დანაშაულს ფინანსურ პრობლემას ვერ დავუკავშირებთ. ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ ადამიანები ჩაკეტილები არიან.
_ ისე, თუ დავაკვირდებით, დანაშაულის უმეტესობაში ახალგაზრდები ფიგურირებენ. ბატონო მერაბ, ორგანოებში მუშაობის უდიდესი გამოცდილება გაქვთ და რას ფიქრობთ, დანაშაული რატომ გაახალგაზრდავდა? ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა, პრაქტიკულად, მოშლილია? სხვათა შორის, კომუნისტების დროს, როგორც მახსოვს, ე. წ. ბავშვთა ოთახები არსებობდა, არა?
_ დიახ, ასე იყო.
_ ანუ მაშინ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ეშინოდათ, რომ თუ რამეს დააშავებდნენ, აუცილებლად დაისჯებოდნენ, ახლა კი, ერთგვარად, დაუსჯელობის სინდრომია?
_ სამწუხაროდ, ახალგაზრდებში დაუსჯელობის სინდრომი ნამდვილად არსებობს.
_ იმ დროს, როცა ძალოვან უწყებაში მუშაობდით, ყველაფერ ამას როგორ არეგულირებდით და უმკლავდებოდით, ბატონო მერაბ?
_ მაშინ უფრო მეტი კონტროლი არსებობდა.
_ დღეს რა გვიშლის ხელს, რომ კონტროლი გამკაცრდეს?
_ საკითხს თუ ასე მივუდგებით, მაშინ ისე აღიქვამენ, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასრუწლოვნების მიმართ შსს-მ მეტი კონტროლი უნდა დააწესოს.
ის სამსახურები, რომლებიც, თავის დროზე, ამ კუთხით მუშაობდნენ, აღარ არსებობს. ასევე აღარ არსებობს სპეციალური დაწესებულებები, სადაც ე. წ. ძნელად აღსაზრდელი ახალგაზრდები სპეციალურ პირობებში ცხოვრობდნენ.
ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, დაუსჯელობის სინდრომს უკავშირდება.
_ დაუსჯელობის სინდრომი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს თუ პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული და ძალოვანი უწყებები პროცესებს ვეღარ მართავენ?
_ რასაც ახლა გეტყვით, არ ვიცი, სწორად გამიგებთ თუ არა.
_ თქვით, ბატონო მერაბ და ისე გაგიგებთ, როგორც იტყვით.
_ ყველაფერი ზედმეტად აჟიტირებული, პოლიტიზებული და სამართალდამცველი ორგანოების ნებისმიერი მოქმედება ზედმეტად კონტროლქვეშაა მოქცეული!
_ ანუ?
_ სამართალდამცველი სტრუქტურები დღეს ისეთ სიტუაციაში იმყოფებიან, რომ ხშირად პოლიციელმა გარკვეულ ვითარებას შეიძლება, თავი აარიდოს.
_ დანაშაულზე რეაგირება ხომ პოლიციელის უპირველესი მოვალეობაა და გარკვეულ ვითარებას თავი რატომ უნდა აარიდოს?
_ გარკვეულ ვითარებას პოლიციელმა თავი შეიძლება, იმიტომ აარიდოს, რომ მისი მოქმედება ზედმეტად აჟიტირებული გახდება.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა სტრუქტურა სამართალდამცველ ორგანოებს აბულინგებს.
_ „სხვადასხვა სტრუქტურაში“ რას გულისხმობთ, ბატონო მერაბ?
_ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ადამიანის უფლებათა დამცველებს. ერთი სიტყვით, ზედმეტი მოსდით და ის, რაც ხდება, შეიძლება, ამანაც გამოიწვია!
_ ამ მსჯელობაში ლოგიკა, ცხადია, არის, მაგრამ თუ ბოლო ორ გახმაურებულ _ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის ქეისს გავიხსენებთ, ძალოვნების ბულინგზე საუბარი ზედმეტი იქნება. ანუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორივე შემთხვევაში გამოძიებამ მტკიცებულებების მოძიება, ლამის, ერთი თვის შემდეგ დაიწყო და ეს ხომ, მინიმუმ, არაპროფესიონალიზმია?
_ კი ბატონო, გარკვეული არაპროფესიონალიზმიცაა, თუმცა ძალოვნებს იმის შიში და თავშეკავებაც აქვთ, რომ ჯოხი ზედმეტად არ გადაღუნონ.
ყველაფერს პოლიტიკურ შეფერილობას აძლევენ, რაც არ შეიძლება, რადგან ეს, გარკვეულწილად, ცუდი შედეგის მომტანია!
_ ისე, ბატონო მერაბ, ისეთ იდუმალ გარდაცვალებასთან, როგორიც 23 წლის პროგრამისტის საქმეა, იმ დროს, როცა აქტიურ სამძებრო საქმიანობას ეწეოდით, შეხება გქონიათ?
_ რა თქმა უნდა, ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა.
საერთოდ, ცუდია, როცა ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
_ თუ ამას კონკრეტულ შემთხვევაზე ამბობთ, ჯერ არ ვიცით, თამარმა თავი მოიკლა, მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
_ დიახ, მაგრამ იმ ინფორმაციების მიხედვით, რასაც მედიით ვეცნობი, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
_ ბატონო მერაბ, მაპატიეთ, მაგრამ ამ მსჯელობაში ვერ გამოგყვებით, მით უმეტეს, რომ ვინ, ვინ და ყველაზე მეტად თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ ადამიანი თავის მოსაკლავად 100 კილომეტრს არ გაივლიდა… ისე, საქმეს თქვენ რომ იძიებდეთ, პირველად რას გააკეთებდით?
_ უპირველესად, ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გამოვიკვლევდი. საერთოდ, როცა არჩევენ, ადამიანმა თავი რატომ მოიკლა და აი, მე ამას ან იმას არ ვიზამდიო, ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
_ კერძოდ?
_ როცა ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის, ისე არ ფიქრობს და მსჯელობს, როგორც, ასე ვთქვათ, ნორმალური ადამიანი, ანუ თუ ადამიანს თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი და „აჭრილია“, შესაბამისად, მისი ნაბიჯების გათვლა ძნელია.
ზოგადად, მსჯელობა იმით უნდა დავიწყოთ, პიროვნება თვითმკვლელობამდე რამ მიიყვანა, მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყველა ერთნაირად ვერ უძლებს…
_ რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ იგივე „ბაჩალიაშვილის საქმეში“ სპეცსამსახურების როლსა და კვალს გამორიცხავთ?
_ არა, მაგრამ თუ ეს გოგონა მოკლეს, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა.
_ როგორ?
_ მაგალითად, კატასტროფის იმიტაციას გააკეთებდნენ.
_ სხვათა შორის, ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თამარის თვითმკვლელობაც, თუ ეს დადასტურდა, ინსცენირება იყოს…
_ შეიძლება, მაგრამ თუ მკვლელობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ბოროტმოქმედი გვამს ან დამარხავდა, ან მანქანას სრულიად სხვა ადგილას გააჩერებდა, ანუ ისე მოიქცეოდა, რომ გარდაცვლილის კვალისთვის ვერავის მიეგნო.
_ ბატონო მერაბ, ის, რომ ქვეყანაში დაძაბული კრიმინოგენური ვითარება იყოს, რუსეთის ინტერესში ხომ არ შედის?
_ რა თქმა უნდა, ყველა არაკეთილად განწყობილ სახელმწიფოს აწყობს, რომ ჩვენთან სტაბილურობა არ იყოს. შესაბამისად, არსებობის უფლება ამ ვერსიასაც აქვს.
სხვათა შორის, წარსულში, როცა ეროვნულ ხელისუფლებას რუსეთის იმპერია და რუსეთის იმპერიალისტური ძალები უპირისპირდებოდნენ, სწორედ მათ ინტერესში იყო, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება დაძაბულიყო. ამაზე მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია კი არ გვქონდა, არამედ ფაქტებიც არსებობდა, რომ ციხე-კოლონიებში ბუნტები მოაწყვეს, ანუ მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ყველა ციხე-კოლონიაში ბუნტი ერთდროულად უნდა დაწყებულიყო.
მართალია, ქვეყნის მასშტაბით ეს აღვკვეთეთ, მაგრამ თბილისის პირველ იზოლატორში ამის გაკეთება მაინც შეძლეს. შემდეგ, როცა ყველაფერი შევისწავლეთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუნტი სწორედ იმ ძალებმა წამოიწყეს, რომლებმაც მოგვიანებით საქართველოში ბუნტი განახორციელეს!
_ ე. ი., საზოგადოების განცდა, რომ რაღაცნაირად შავბნელ 90-იანებში ვბრუნდებით, მთლად არარეალისტური არაა, ბატონო მერაბ?
_ ცხადია, არ არის და შეიძლება, ეს ვერსიაც განვიხილოთ, ანუ სულ არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას გარე ძალები ცდილობდნენ.
_ ამ ვერსიას გავყვეთ და დავაკონკრეტოთ, კრიმინალური ვითარების დაძაბვით გარე ძალები რა მოგებასა და ხეირს ნახავენ?
_ მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველოში არჩევნებია.
_ მერე?
_ ალბათ, ვიღაცები ცდილობენ, რომ საქართველოში ჭრელი სიტუაცია იყოს.
_ მაშასადამე, კრიმინოგენური ვითარების დაძაბვას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებთ?
_ მთლად ასე არაა, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია, შეძლება, ესეც იყოს.
სამწუხაროდ, საქართველოს შიგნითაც არიან ძალები, რომლებსაც კრიმინალის მომატება უხარიათ.
_ ბატონო მერაბ, ამბობთ, ეროვნულ ხელისუფლებას ინფორმაცია ჰქონდა, რომ რუსეთი საქართველოს ციხე-კოლონიებში ბუნტს გეგმავდაო. მართალია, უმეტეს ადგილას ეს ბუნტი აღკვეთეთ, მაგრამ თბილისის იზოლატორში პატიმრები მაინც აჯანყდნენ. მოკლედ, რატომ ვერ შეძელით, რომ ეს თუნდაც ლოკალური საფრთხე თავიდან აგეცილებინათ?
_ ბუნტი აღვკვეთეთ, ანუ ზუსტად მახსოვს, თბილისის ნომერ პირველ საგამოძიებო იზოლატორში 1430 პატიმარი იყო. უნდოდათ, რომ ციხის კარი გაეტეხათ და ყველა პატიმარი გარეთ გამოსულიყო. მათ გარეთ გარკვეული პოლიტიკური ძალები ელოდნენ.
მართალია, ბუნტი დაიწყო, მაგრამ შსს-მ ბუნტის ჩახშობა მოახერხა.
ერთი სიტყვით, რუსული იმპერიალისტური ძალები სიტუაციის არევას ყველა ხერხით ცდილობდნენ, მაგრამ ციხეში ბუნტი არ გამოუვიდათ, თუმცა შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ რუსული იარაღითა და ისევ კრიმინალის გამოყენებით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მაინც მოხდა, რასაც ჯაჭვური რეაცქია მოჰყვა.
_ „ჯაჭვურ რეაქციაში“ რას გულისხმობთ?
_ ქვეყანაში სამართლიანობის პრინციპი დღემდე დაკარგულია!
_ მეც სწორედ ამის კითხვა მინდოდა, ანუ ის, რომ უამრავი საქმე საერთოდ გამოუძიებელია ან გამოძიებულია, მაგრამ ზერელედ, ადამიანებში ერთგვარ დაუცველობასა და უსამართლობას აჩენს. ჰოდა, კრიმინალის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ესეც ხომ არაა?
_ რა თქმა უნდა. თუ სამართლებრივი სახელმწიფოა, მაშინ სამართლიანობის აღდგენა იმ უმძიმესი დანაშაულის გამოძიებით უნდა დაიწყოს.
_ რას გულისხმობთ?
_ 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც ფინანსურად უზრუნველყო და დააორგანიზა რუსეთმა.
სხვათა შორის, არსებობდა ასეთი პიროვნება _ გენადი ბურბულისი, რომელმაც თავის მემუარებში ძალიან საინტერესო რამ დაწერა.
_ კერძოდ?
_ ბურბულისის თქმით, თავის დროზე, რუსეთში საიდუმლო სტრუქტურა შეიქმნა, რომელიც 50 მილიონით დაფინანსდა. ამ სტრუქტურას საქართველოში ხელისუფლების დამხობა ევალებოდა.
_ ამ ბურბულისის მემუარები სანდოა?
_ დიახ, სანდოა.
_ რატომ?
_ ამ საიდუმლო უწყებას თავად ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, სხვა ფაქტებიც არსებობს.
_ სახელდობრ?
_ რუსი სამხედროები და ოფიცრები, რომლებიც უკვე გარდაცვლილნი არიან, თავად ამბობდნენ, რომ საქართველოში მხოლოდ პუტჩისტებს კი არა, კრიმინალებსაც აორგანიზებდნენ, თუმცა ამის გამო პასუხი არავის უგია.
_ ბატონო მერაბ, თქვენი ინფორმაციით, რუსეთში ეს საიდუმლო ინსტიტუტი ახლაც არსებობს?
_ ამას ინფორმაცია რად უნდა?
_ აბა, რა უნდა?
_ შეგვიძლია, პრაქტიკით ვიმსჯელოთ, ანუ რუსეთმა მაშინ საიდუმლო ინსტიტუტი შექმნა, რომლისთვისაც 50 მილიონი გამოყო და რომლის შესახებაც გენადი ბურბულისი საუბრობდა. რატომ არ შეიძლება, რომ ანალოგიური უწყება ახლაც არსებობდეს?!
რა თქმა უნდა, არსებობენ გარკვეული უწყებები და პიროვნებებიც, რომლებიც საქართველოში ვითარების დაძაბვას შეეცდებიან, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი აქვს არჩეული.
რუსეთს კი არ უნდა, მის ყურის ძირას ისეთი განვითრებული სახელმწიფო არსებობდეს, რომელიც რუსეთის მოსახლეობისთვის მისაბიძი გახდება.
_ რუსეთს თავისი სტრატეგია აქვს, მაგრამ ჩვენი ჩვენი გზით უნდა ვიაროთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამის საშუალებას მხოლოდ ჩვენ კი არა, სხვა მეზობლებსაც არ აძლევს.
_ საერთოდ, რუსეთის იმპერიალისტური ცხოვრების კრედოა, რომ მასზე უკეთესად არავინ იცხოვროს.
მოკლედ, ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რუსეთიდან გარკვეული თანხები იხარჯება, აქ კი კურატორები ჰყავს, რომლებიც ყველაფერ ამას აორგანიზებენ!
გიორგი აბაშიძე