მერაბ ბლადაძე: „არ გინდა „ნაციონალური“ მოძრაობის დაბრუნება? ადექი და სხვა პარტიას დაუჭირე მხარი, რაღა „ქართულ ოცნებას“ ემხრობი?“
16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოაწყო. „ქართული ოცნება“ აქამდე ოპოზიციის ყველა აქციაზე ამბობდა, რომ ცოტა ხალხი იყო, ახლა კი ერთხმად შეიცხადა, _ ეს რამდენი კაცი გამოიყვანესო. მათ გონების გახსნაში კოვიდ-19 დაეხმარა. ავადსახსენებელ კორონას ხალხმრავალი თავყრილობები უყვარს, ამიტომაც შეიმჩნია „ოცნებამ“ ამდენი ხალხი და ახლა „ნაციონალებს“ ამუნათებს _ ეს როგორ გააკეთეთო?! თავად ოპოზიცია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ხალხმრავალი აქციიდან გამომდინარე კი ამტკიცებს, რომ აჭარის რეგიონში არჩევნები მოგებული აქვთ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს იმაში, რომ პოზიციის აქციაზე ამდენი ხალხი მივიდა. ის „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილმა აქციებზე სიარული ბიზნესად აქცია.
რას ფიქრობს აჭარაში ხალხი ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებზე? აქვს თუ არა ბათუმში ოპოზიციას გამარჯვების შანსი? რა რელიგური ჯგუფები ხსნიან რეგიონში სასწავლებლებს? რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მერაბ ბლადაძე ესაუბრება:
_ ბატონო მერაბ, აჭარაში კორონავირუსის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ ფონზე 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოაწყო. ასე ბევრი მომხრე ჰყავს ყოფილ ხელისუფლებას, რომ პანდემიის დროსაც კი ამდენი ხალხის გამოყვანა შეუძლია?
_ არჩევნების წინ ვერიდები ხოლმე პარტიების მოქმედებებისა და პროგრამების კრიტიკას. წელს სულ არ გავაკრიტიკებ ვინმეს, რადგანაც თავად არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას. ამასთან ვიტყვი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქცია არის ფარსი.
_ ფარსი რატომ არის?
_ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ კრებენ პარტიების მხარდამჭერებს. ხალხს პირდაპირ უხდიან ფულს. ასე ხდება „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ თუ სხვათა აქციებზე. იმის ჩვენება, რომ მე ამდენი მხარდამჭერი მყავს, არაფერს ნიშნავს. იმას არ ვიტყვი, რომ აჭარაში „ნაციონალებს“ მხარდამჭერები არ ჰყავთ, ხალხის ნაწილი მათ მისცემს ხმას, მაგრამ აქციაზე ხალხის გამოყვანა არაფერს ნიშნავს, რადგან იქ ყველას ფულს აძლევენ. როგორც გითხარით, ასე იქცევა ყველა პარტია. ამის შესახებ მოსახლეობაც ინფორმირებულია და ზოგიერთმა მშვენიერი ბიზნესი გაიკეთა. სადაც არ უნდა მიხვიდე და მოსახლეობას უთხრა, აქციას ვატარებ და წამოდიო, ყველა ჯიბეზე გიყურებს, ისე მიაჩვიეს ამათმა ფულის გადახდას.
აჭარაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი მომხრე ჰყავს. ბევრი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მომხრეებს არც „პატრიოტთა ალიანსი“ უჩივის, მაგრამ აქციაზე იდეით არავინ აღარ გამოდის. ყველა ფულის გადახდის შემდეგ მიდის.
_ ამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში უამრავი მომხრე ჰყავს. თქვენი აზრით, რატომ უჭერს ხალხი მხარს ყოფილ ხელისუფლებას?
_ ჩემი სამეგობროდანაც ბევრია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. ამ პარტიის მომხრეები ჩემი ბავშვობის მეგობრებიც არიან. როცა ვეკითხები, თუ რატომ უჭერენ ყოფილ ხელისუფლებას მხარს, მათგან ფანატიკურ პასუხს ვიღებ: „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია, მიშამ კი ამდენი გააკეთა! მართლა ვერ ვხსნი, რატომ უჭერენ „ნაციონალებს“ მხარს. ამას უფრო ფილოსოფიური ახსნა სჭირდება.
_ პოლიტიკური ახსნა არ აქვს?
_ პოლიტიკური ახსნა ჩემთვის არ აქვს. „ნაციონალების“ მომხრეები ამბობენ, რომ მიშამ ბათუმი ააშენა და ამიტომ არიან მისი მხარდამჭერები. ბათუმი მიშას არ აუშენებია. ეს ქალაქი მით უმეტეს არ აუშენებია ლევან ვარშალომიძეს. ეს იყო ამერიკის პროექტი. ვაშინგტონიდან წამოვიდა ძალიან დიდი ფული და ამ ფულით გაკეთდა ბათუმი.
_ ვისი ფულით გაკეთდა, ეს სხვა ამბავია, ფაქტია, რომ ბათუმი ძალიან გაალამაზეს.
_ ბათუმი გააკეთეს და გაალამაზეს, მაგრამ ამ ქალაქისთვის გამოყოფილი თანხების ¼ ჯიბეში ჩაიდეს და დღემდე ამ ფულით არსებობენ და გააქვთ თავი. იგივე შემიძლია ვთქვა პატრულზეც. ჯერ ვანო მერაბიშვილი ამტკიცებდა, მე შევქმენი პატრულიო, ახლა ეს ირაკლი ოქრუაშვილმაც დაიბრალა.
_ პატრულის შექმნას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს ლევან იზორიაც.
_ ეგეც იბრალებდა, მაგრამ არ მჯერა, რომ მაგათ გააკეთეს. ესენი პატრულის შემქმნელები რომ ყოფილიყვნენ, მსგავსს პროექტს უკრაინაშიც ხომ განახორციელებდნენ. რეფორმატორების ჯგუფი ხომ იყო ჩასული უკრაინაში, მაგრამ მათ ვერ გაამართლეს.
პატრული იყო ამერიკელების მიერ ბრწყინვალედ დაწერილი პროექტი. „ნაციონალებმა“ ეს, უბრალოდ, შეასრულეს.
_ და ძალიან კარგადაც გამოუვიდათ.
_ საპატრულო პოლიცია რომ შეიქმნა, ეს ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი იყო ისიც, რომ ბათუმი გაალამაზეს.
_ „ქართულ ოცნებას“ ბათუმისთვის არაფერი გაუკეთებია? მათ დროსაც ხომ ბევრი რამე აშენდა?
_ ვინ ამბობს, რომ არ გაკეთდა? ამათ დროსაც აშენდა რაღაცები. მთავარი, რაც ამ პარტიამ გააკეთა, ისაა, რომ ციხეებში ისეთი ძალადობა აღარ არის, როგორც „ნაციონალების“ დროს იყო. არც ქუჩაში აპატიმრებენ ადამიანებს ტყუილუბრალოდ. ბათუმს რაც შეეხება, ყველა ხელისუფალი, რომელიც აჭარაში მოდიოდა, ცდილობდა ფული ეკეთებინა. ბოლო პერიოდში საშინელი შენობები აშენდა. კორპუსები ერთმანეთზეა მიდგმული. ბევრი უსახური შენობა ააშენეს, სამაგიეროდ, თავისუფლება მოგვცეს.
_ მე ვერ ვიტყოდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოგვცა თავისუფლება. ვინც თავისუფალი იყო, ის „ნაციონალების“ დროსაც თავისუფლად ახერხებდა პროტესტის გამოხატვას.
_ თავისუფლება არის მოწოდება. როცა თავისუფალი ხარ, ვერავინ შეგიშლის ხელს საკუთარი აზრის გამოხატვაში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველას მისცა ამის შესაძლებლობა. „ნაციონალების“ დროს ყველა ვერ ბედავდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას.
_ ამბობთ, რომ „ნაციონალებთან“ შედარებით „ოცნებამ“ თავისუფლება მოგვიტანაო და იმაზე რა აზრის ხართ, რომ მმართველ პარტიაში უმეტესობა სწორედ „ნაციონალები“ არიან?
_ ეს საშინელებაა. „ქართული ოცნება“ დღეს ამ მეთოდით მუშაობს, რომ მათ გარდა ასარჩევი არავინ გვყავს. მათ თუ არ ავირჩევთ, შეიძლება ისევ „ნაციონალები“ მოვიდნენ. „ოცნება“ ამ მეთოდს რომ იყენებს, ეს მათ ინტერესებშია, მაგრამ არ მესმის, რატომ აჰყვა ხალხი მათ თამაშს? არ გინდა „ნაციონალური“ მოძრაობის დაბრუნება? ადექი და სხვა პარტიას დაუჭირე მხარი, რაღა „ქართულ ოცნებას“ აძლევ ხმას? საქართველოში უამრავი პარტიაა.
_ იმდენი ხანია, ორ პარტიას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, რომ ეს უკვე ჩვევად გვექცა.
_ გეთანხმებით. ამ მხრივ ცოტა გაურკვეველი ხალხი ვართ. ეტყობა, პოლიტიკური განათლებაც გვაკლია. არ ვიცით, არჩევანი როგორ გავაკეთოთ. იმის შიშით, რომ „ნაცი“ არ დაბრუნდეს, ხმას ვაძლევთ „ქოცს“.
სერიოზულ პრობლემად იქცა ამომრჩევლის მოსყიდვა. ამას ხალხიც მიეჩვია და სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენია. ამას წინათ ჩემთან ორი კაცი იყო მოსული. ეგონათ, რომ არჩევნებში ვმონაწილეობდი. პირდაპირ შემომთავაზეს, თუ თანხას გადაიხდი, ჩემს სოფელში ამდენ და ამდენ ხმას მოგიგროვებო. ეს ერთგვარ ბიზნესად გადაიქცა. არიან აფერისტები, რომლებიც პირდაპირ ყიდიან ხმებს.
_ ე. ი. პარტიები კი არ ყიდულობენ ხმებს, ამომრჩეველი სთავაზობს მათ, რომ ხმები იყიდონ?
_ ასეა, ასეა! არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხმებით ვაჭრობენ. ერთგვარი შემოსავლის წყაროა ეს მათთვის. საქმე რომ აქამდე მივიდა, ამ ხელისუფლების ბრალია.
_ ამ ხელისუფლების ბრალი რატომ არის?
_ იმიტომ, რომ ასე გაამათხოვრეს ხალხი.
_ წელს ამ მხრივ უარესი მდგომარეობა იქნება. პანდემიამ ბიზნესი მოკლა და ხალხი ულუკმაპუროდ დარჩა.
_ ახლა რომ ასეთი ვითარებაა, ამაში „ქართულ ოცნებას“ ვერ დავადანაშაულებთ. მთელ მსოფლიოში ასეთი ვითარებაა. ამ კორონას ვერ შველის ვერავინ. ბანკები კი ძალიან ცუდად იქცევიან. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, ქობულეთი ერთ დღეში დაიცალა. ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა, რადგან ტურისტები გაიქცნენ. ქობულეთელებს მხოლოდ კრედიტები დარჩათ. ბანკებმა ეს კრედიტები არ აპატიეს და პროცენტის პროცენტი მოსთხოვეს. ბევრს სახლ-კარის გაყიდვა მოუწია.
ახლაც ძალიან ცუდად იქცევიან ბანკები. პანდემიის გამო აჭარაში წელსაც ჩავარდა ტურისტული სეზონი. კი ჩამოვიდნენ ვიღაცები, მაგრამ ამით სასტუმროებმა მხოლოდ შუქის ფული თუ გადაიხადეს. ახლა ბანკები მათ კრედიტების დაბრუნებას სთხოვენ.
ამის გამო წლების წინათ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზიებს ვუყენებდით, „ქართული ოცნების“ წევრებიც ხშირად ამბობდნენ იმას, თუ როგორ არ ჩამოაწერეს ხალხს პროცენტები. ახლა ამ პანდემიის დროს, როცა ყველას გაუჭირდა, თავადაც იგივეს აკეთებენ. ამ ხალხმა რა გააკეთოს? სად ნახოს ფული, რომ კრედიტები გადაიხადოს? აქედანაც კარგად ჩანს, რომ ყველა მთავრობა ერთნაირია.
_ ბანკები ასე თავხედურად არ მოიქცეოდნენ, მათ მთავრობის ზურგი რომ არ ჰქონდეთ.
_ რა თქმა უნდა, მათი ზურგით მოქმედებენ. ძალიან დი პატივს ვცემდი ისკო დასენს. ეს კაცი პარლამენტის წევრია. ახლახან გავიგე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჰქონია და ფულს აპროცენტებს. თეა წულუკიანი, ჯერ კიდევ, 2013 წელს შეგვპირდა, რომ მევახშეობის შესახებ კანონს მიიღებდა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ეს კანონი არ ჩანს.
_ მსგავსი კანონის მიღებას ახლა მამუკა ხაზარაძე გვპირდება. მისი აზრით, მევახშეობა კანონით უნდა აიკრძალოს.
_ ამის შესახებ მან საჯაროდ გააკეთა განცხადება, მაგრამ არ მჯერა. როგორც უკვე გითხარით, მსგავსი კანონის მიღებას წულუკიანი 7 წლის წინათ დაგვპირდა. ხაზარაძე ხომ შევა პარლამენტში, ვნახოთ დააყენებს თუ არა მევახშეობის კანონის მიღებაზე საკითხს. მთავარია, რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. არჩევნების წინ ყველა პარტია საოცრებებს გვპირდება. ყველა პარტია ეკონომიკური აღმავლობის პირობას გვაძლევს.
_ ამ დანაპირებს ასრულებენ, _ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
_ ესეც დასტურია იმისა, რომ ყველა მთავრობა ერთნაირია.
_ წელს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება. ამ მიმართულებითაც იგივე ხდება?
_ რა თქმა უნდა, უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იგივენაირად ჩატარდება, როგორც _ საპარლამენტო. რაც აჭარის უმაღლესი საბჭო არსებობს, ყველაზე ეფექტიანი ჯერ ისევ მოქმედი უმაღლესი საბჭო იყო. ვნახოთ, როგორი იქნება მომავალი უმაღლესი საბჭო.
_ უმაღლესი საბჭოს ეფექტიანობა რაში გამოიხატებოდა, უფრო ხმაურიანები იყავით?
_ არა, ხმაური ეფექტიანობას არ ნიშნავს. ბევრი საკითხის განხილვა მოვახერხეთ. მე პირადად კმაყოფილი ვარ უმაღლეს საბჭოში ჩემი მუშაობით. სხვები რას ფიქრობენ, არ ვიცი.
_ ზემოთ მითხარით, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებო და რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
_ აჭარის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ შევედი. პირადი უთანხმოება მომივიდა და პარტიიდან წამოვედი. როცა პარტიის ხელმძღვანელთან კონფლიქტი გაქვს, შენ უნდა წახვიდე, აბა, პარტიის ხელმძღვანელი ხომ არ წავა? „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომ წამოვედი, „ნაციონალების“ გარდა თითქმის ყველა პარტიამ შემომთავაზა, რომ მათთან გადავსულიყავი. ამას ვერანაირად გავაკეთებდი. არ შემიძლია იმ პარტიაში შესვლა, რომლის პროგრამაც ჩემთვის მიუღებელია. რომელიღაც პარტიაში იმის გამო ნამდვილად ვერ შევალ, რომ შემდეგ პარლამენტში ან უმაღლეს საბჭოში მოვხვდე. მე ასე ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ უმჯობესია, ახლა გავჩერდე.
_ პარტიების პროგრამები ახსენეთ და „პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამას იზიარებდით?
_ ალიანსის პროგრამას ბოლო დროს ცუდი განვრცობა მიეცა, თორემ თავიდან ძალიან ნორმალური იყო. ამ ორგანიზაციას მისაღები პოზიცია ჰქონდა ნატოსთან დაკავშირებითაც კი.
_ ნატოსთან დაკავშირებით „პატრიოტებს“ ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდათ?
_ ასე იყო. პროგრამაში ეწერათ, ნატოში კი გვინდა, მაგრამ არ გვღებულობენო. დახურულ შეხვედრებზე რას ამბობდნენ, არ ვიცი, მაგრამ ღიად ასე აცხადებდნენ. მსგავსი პოზიცია ჩემთვს მისაღები იყო. ნატო კი, თავის მხრივ, სულ გაიძახოდა, აუცილებლად მიგიღებთო.
_ ახლა ამასაც აღარ გვეუბნებიან.
_ ახლა ამაზე საუბარი შეაჩერეს, თორემ მანამდე ყოველ თვე გვეუბნებოდნენ, აი, ახლა უკვე გაიღო თქვენთვის კარიო, მაგრამ შიგნით არავინ გვიშვებდა. „პატრიოტთა ალიანსი“ კითხვას სვამდა, _ სადაც არ გვღებულობენ, იქ რამდენი ხანი უნდა აკაკუნო კარზეო?
_ ნატოსთან მათი დამოკიდებულება ნორმალურად მიგაჩნიათ. საინტერესოა, რას ფიქრობთ აჭარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე? პარტიის ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ აჭარა თურქებს მიაქვთ.
_ ადრე არც ამაზე საუბრობდნენ. აჭარის თემაზე ბოლო დროს დაიწყეს ყურადღების გამახვილება, რომ ეს კუთხე თურქებს მიაქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამაზე განცხადებებს პარტიის თავმჯდომარე არ აკეთებს. დავით თარხან-მოურავს ამის შესახებ არაფერი განუცხადებია. პარტიის შიგნით მოკალათებულები ამახვილებდნენ ამაზე ყურადღებას, ეგონათ, პატრიოტობდნენ და ამ დროს სისულელეებს ამბობდნენ.
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში რამდენიმე აქცია გამართა. ამ აქციაზე ადგილობრივებიც გამოვდიოდით სიტყვით. ვცდილობდით, მოზომილი განცხადებები გაგვეკეთებინა. ამ დროს ვიღაცები გამოხტებოდნენ და იწყებდნენ ისლამის ძაგებას. კითხულობდნენ სულელურ ლექციებს და ხალხი ჭკიუდან გადაჰყავდათ.
მივდიოდით ამ გამომსვლელებთან და ვეუბნებოდით, რეებს ლაპარაკობთ, ჩვენ ისლამს საერთოდ არ ვებრძვით. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ თურქეთმა რეგიონზე ზედმეტი გავლენები არ მოიპოვოს-მეთქი.
_ მოიპოვა თურქეთმა აჭარის რეგიონზე ზედმეტი გავლენები?
_ როგორ გითხრათ. ერთ ისტორიას მოგიყვებით და თავად განსაჯეთ: რამდენიმე წლის წინათ ჩვენთან გაიხსნა თურქული სკოლა. სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად თურქეთის განათლების მინისტრი ჩამოვიდა. ეს ისე გაკეთდა, რომ ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლება ინფორმირებული იყო. ისე ჩაატარეს სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონია, რომ მასზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ. არც ამათ იცოდნენ რამე, რომ მისულიყვნენ.
_ უცხო ქვეყანა შენს ტერიტორიაზე სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს რომ აწყობს, ეს როგორ არ უნდა იცოდე?
_ ფაქტია, რომ არ იცოდნენ. არც თურქულმა მხარემ თქვა რამე ამის შესახებ. ეს ქართული სახელმწიფოს აბუჩად აგდებაა.
_ ცოტა დაუჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. სუსი რას აკეთებდა?
_ ამის შესახებ შევეკითხოთ სუსს.
_ თურქული სკოლა ახსენეთ და ამ მხრივ თქვენს რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ისლამს არავინ ერჩის, მაგრამ ადგილობრივები ძალიან წუხან, რომ თურქეთი ამდენ სკოლას ხსნის აჭარაში.
_ აჭარაში ისლამს არავინ ერჩის. აქ ხალხი ტრადიციული ისლამის მიმდევარია. ამ რწმენით გაიზარდნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები. ახლა რა არის? შემოდიან რაღაც სექტანტური დაჯგუფებები და ისინი ხსნიან სკოლებს.
_ რა სექტანტურ დაჯგუფებებზე საუბრობთ?
_ ზოგს სულეიმან ჯემი ჰქვია, ზოგს მაჰმუდ ჯემი და ა. შ. ვის სჭირდება ეს სექტები? ამ სექტებს რაღაც ჯგუფები აფინანსებენ და მათი საქმიანობა ძალიან საშიშია. ეს სექტები ახლოს არის ვაჰაბიზმთან. აჭარაში უკვე არიან ვაჰაბიზმის მიმდევრები.
_ ეს სერიოზული შარია, ვაჰაბიზმი ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში მიუღებელია.
_ ამას ნამდვილად უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა. საჭიროა კონტროლი, მაგრამ ეს ძალიან რთულია.
_ რთული რატომ არის?
_ განათლების სამინისტროს არ აქვს იმის უფლება, რომ შეამოწმოს, თუ რას ასწავლიან ამ სექტების მიერ გახსნილ სკოლებში ბავშვებს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასეთი თავისუფლება არ არის. ჩვენ ამით რას ვამტკიცებთ, რომ ევროპაზე მეტად დემოკრატიულები ვართ? იგივე ბრიუსელში უამრავი მეჩეთი და ისლამური სასწავლებელია, მაგრამ ამას თავად ბელგიის ხელისუფლება აფინანსებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, თუ რას ასწავლიან რელიგიურ სკოლებში.
ბელგია დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ რაც საშიშია, ყველაფერი აკრძალულია. ვაჰაბიზმი საშიში მიმდინარეობაა და ის აიკრძალა. იქაც არიან ვაჰაბიზმის მიმდევრები, მაგრამ ჩუმად მოქმედებენ. ჩვენთან ისინი სკოლებს ხსნიან. საქართველოს ხელისუფლება იმასაც კი არ აკეთებს, რომ გაიგოს, რას ასწავლინ ვაჰაბიტების მიერ გახსნილ სკოლებში.
ჩვენ სექტების მუშაობა გვაწუხებს, თორემ არც მედრესეების გახსნას ვაპროტესტებთ და არც _ მეჩეთების. ტრადიციული რელიგია საშიში არაა. ყველა ტრადიციული რელიგია მოყვასის სიყვარულსა და პატიოსნებას ქადაგებს. გაურკვეველ სექტებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს.
_ ვაჰაბიზმის მიმდევრები აჭარაში მრავლად არიან?
_ რამდენი არიან, ვერ გეტყვით, მაგრამ არიან. ძალიან საფრთხილოა ეს საკითხი და ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ იმაზედაც კი არ გვაქვს წარმოდგენა, რა იდეოლოგიით ზრდიან ამ სკოლებში ბავშვებს.
შორენა მარსაგიშვილი