მეოთხე კორეული სამიტი
აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოვალურ ოფისში შესვლისთანავე კორეული თემა უმალვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური. ამ პერიოდს დაემთხვა ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის კულმინაცია თავისი მეტად სახიფათო და შემაშფოთებელი გამოცდებით. ამ გამოცდებთან დაკავშირებული ტრამპის ძალზე ხისტი და არაორაზროვანი მუქარების შემცველი განცხადებები მაშინვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. განცხადებებში, ბუნებრივია, არც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, მესამე კიმი, ანუ კიმ ჩენ ინი ჩამორჩა ამერიკის პრეზიდენტს.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ამ უკიდურესმა დაძაბულობამ წელიწადნახევარი გასტანა, ბოლოს კი 2018 წლის 12 ივნისის სინგაპურის სამიტით განიმუხტა, სადაც მანამდე უკანასკნელი სიტყვებით მაგინებელი დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი უკვე ერთმანეთს კომპლიმენტებში, სიყვარულისა და ღრმა პატივისცემის გამოხატვაში ეჯიბრებოდენ.
ბუნებრივია, ვაშინგტონისა და ფხენიანის უკიდურესად დაძაბულ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშთან ერთად დაპირისპირებისა და დაახლოების მცდელობის გადახლართული პროცესი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორისაც მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს ურთიერთობა ორივე კორეასთან და ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე პროცესი ერთიან, ერთმანეთთან გადაჯაჭვულ კომპლექსს წარმოადგენს და ასეთად უნდა იქნეს განხილული. გარკვეულწილად, ამ ყველაფერში სხვა მოთამაშეებიც არიან ჩართულნი. უფრო მეტად _ ჩინეთი, შედარებით ნაკლებად _ რუსეთი და იაპონია, თუმცა ვაშინგტონი-სეული-ფხენიანის სამკუთხედი მაინც უნდა გამოიყოს, როგორც ძირითადი კონფიგურაცია. დანარჩენი მოთამაშეების, განსაკუთრებით, ჩინეთის როლი ცალკე განხილვის თემაა.
ბოლო წლებში ინტენსიურად განვითარებული ჩრდილოკორეული სარაკეტო-ბირთვული პროგრამა სამხრეთ კორეისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ამავე დროს, კორეის სამხრეთში განლაგებული აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს სეულისთვის ერთადერთ საიმედო დაცვას და, შესაბამისად, სერიოზულ საფრთხეს ფხენიანისთვის. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ უკიდურესი დაძაბულობის ფონზე ეს ორი მეზობელი ქვეყანა აშშ-ს როლის გათვალისწინებით ნორმალიზაციის გზებსაც ეძებს.
ამ ნორმალიზაციის პროცესის ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას ა. წ. 18-20 ივნისს გამართული, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი წარმოადგენს, თუმცა ამ ვიზიტის არსში რომ კარგად გავერკვეთ, აუცილებელია ორი სახელმწიფოს ურთიერთობების ისტორიის მიმოხილვა.
თავისთავად, კორეული მაგალითი დაუნდობლად ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ერის პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა მჭდროდ არის დაკავშირებული მის ეთნოკულტურულ თავისებურებებთან. ორი კორეის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ერის ორმა ნაწილმა რადიკალურად განსხვავებული და საწინააღმდეგო მოდელი შექმნა. ერთმა _ წარმატებული საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატია, ხოლო მეორემ, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ისტორიაში ალბათ ყველაზე უფრო ოდიოზური და სასაცილო კომუნისტური დიქტატურა, სადაც შიმშლი, სიღარიბე, მონობა, ტოტალიტარიზმი და მოსახლეობის იდეოლოგიური გამოთაყვანება და ტერორი ნორმად არის ქცეული.
ასეთ ფონზე მწვავე დაპირისპირება ფხენიანსა და სეულს შორის ბუნებრივი და გარდაუვალი იყო, მით უმეტეს, რომ პირველს ზურგს უმაგრებდა საბჭოთა კავშირი და ჩინეთი, ხოლო მეორეს _ ამერიკის შეერთებული შტატები და, შესაბამისად, ცივი ომის ერთ-ერთი ფრონტის ხაზი სწორედ რომ განთქმულ 38-ე პარალელზე გადიოდა, რომელიც, ამავე დროს, ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს.
მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოთა კავშირი და აშშ შეთანხმდნენ კორეის ნახევარკუნძულის (რომელიც 1910 წლიდან იაპონიას ჰქონდა დაპყრობილი) საკუთარ გავლენის ზონებად გაყოფაზე. 38-ე პარალელის ჩრდილოეთით განლაგებული ტერიტორია გადავიდა მოსკოვის კონტროლის ქვეშ, ხოლო სამხრეთით _ ვაშინგტონის. 1948 წლის 15 აგვისტოს ნახევარკუნძულის სამხრეთ ტერიტორიაზე დაარსდა კორეის რესპუბლიკა, რომელსაც, ასევე, სამხრეთ კორეას ეძახიან, ხოლო ამავე წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ ნაწილში შეიქმნა ე. წ. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა). მას შემდეგ ამ ორივე სახელმწიფოს ხელისუფლება საკუთარ თავს კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად მიიჩნევს და უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად ქვეყნის გაერთიანებას აცხადებს.
1950 წელს, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის წაქეზებით, ჩრდილოეთ კორეის ბელადი, კიმების კომუნისტური დინასტიის დამაარსებელი, კიმ ირ სენი, თავს დაესხა სამხრეთ კორეას, რამაც დასაბამი დაუდო ისტორიაში კარგად ცნობილ კორეის ომს. ბუნებრივია, სამხედრო თვალსაზრისით, ჩრდილოეთ კორეის მხარეზე ჩართულები იყვნენ მოსკოვი და პეკინი. სამხრეთ კორეას გაეროს ეგიდით სამხედრო მხარდაჭერას უწევდა აშშ. ომი ძალზე სისხლისმღვრელი გამოდგა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია. მიახლოებითი მონაცემებით, სამხრეთ კორეის დანაკარგები შეადგენს 1.271-დან 1.818 მილიონ ადამიანს, ხოლო ჩრდილოეთ კორეის _ 1.858-დან 3.822 მილიონამდე. ომი დასრულდა 1953 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ჩრდილოეთ კორეასა და გაეროს შორის, თუმცა სამხრეთ კორეამ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და, შესაბამისად, ეს ორი სახელმწიფო ფორმალურად ომის მდგომარეობაში დარჩა.
პირველი ოფიციალური კონტაქტი ორ კორეას შორის ომის დროიდან მხოლოდ 22 წლის შემდეგ, 1972 წელს შედგა, როცა ფხენიანს კორეის რესპუბლიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ლი ხუ რაკი ეწვია. ის შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ირ სენს და მხარეებმა ქვეყნის გაერთიანების სამი ფუძემდებლური პრინციპი შეათანხმეს: 1. გარეშე ძალების ჩაურევლობა; 2. მხოლოდ მშვიდობიანი გზებით და 3. ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე.
1991 წელს პრემიერ-მინისტრების დონეზე ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შერიგებისა, ურთიერთთავდაუსხმელობისა, თანამშრომლობისა და გაცვლების შესახებ. ამავე წელს, სეულმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ნახევარკუნძულის უბირთვო სტატუსის შესახებ და ორი კორეის თანამშრომლობის ფონდი დააფუძნეს. საინტერესოა, რომ ამავე დროს ორ სახელმწიფოს შორის დიალოგი დაიწყო კონფედერაციულ საწყისებზე გაერთიანების შესახებ, მაგრამ ეს დიალოგი კიმ ირ სენის სიკვდილის შემდეგ, 1994 წელს, შეჩერდა.
დაახლოების ახალი ტალღა იწყება სამხრეთ კორეაში კიმ დე ჩჟუნის გაპრეზიდენტების შემდეგ. მის სახელს უკავშირდება „მზის სითბოს“ პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა ორ ქვეყანას შორის დაახლოების განახლებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებას მომავალი გაერთიენების ფუნდამენტის შესაქმნელად. 2000 წლის ივნისში ისტორიაში პირველი შეხვედრა შედგა ორ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ფხენიანში, სადაც კიმ დე ჩჟუნს უკვე კიმ ირ სენის მემკვიდრე და შვილი, კიმ ჩენ ირი, მასპინძლობდა. ამ სამიტმა სათავე დაუდო ორ სახელმწიფოს შორის მრავალ სფეროში თანამშრომლობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო 1950-53 წლების ომის შედეგად ოჯახების ერთმანეთისგან დაშორებული წევრების შეხვედრების ორგანიზება.
2004 წელს ჩრდილოეთ კორეის ქალაქ კესონში გაიხსნა ერთობლივი სამრეწველო კომპლექსი, სადაც საქმიანობდა 120-მდე მცირე და საშუალო სამხრეთკორეული კომპანია ისეთ დარგებში, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა, კვების, ქიმიური და ტექსტილის მრეწველობა. ამ საწარმოებში დასაქმებული იყო 50 000 ჩრდილოეთ კორეისა და 1000 სამხრეთ კორეის მოქალაქე. ჯამურად ამ სამრეწველო ზონამ 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
2007 წელს შედგა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მეორე სამიტი, როცა ფხენიანს უკვე კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნო მუ ხიონი ეწვია. მხარეებმა დაწყებული თანამშრომლობის გაღრმავება გადაწყვიტეს.
თითქოსდა პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, 2006-2007 წლებიდან ურთიერთობა ფენიანსა და სეულს შორის კვლავ გაფუჭებას იწყებს. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია დეკლარაცია ნახევარკუნძულზე უბირთვო ზონის შესახებ და 2006 წლიდან ბირთვული გამოცდები დაიწყო. ამ პერიოდიდან დაწყებული, პხენიანის ბირთვული პროგრამა, პრაქტიკულად, კლავს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. 2010 წლის მარტში კი, ამ გაუარესების ფონზე, ფხენიანის საზღვაო ძალებმა სამხრეთკორეული სამხედრო ხომალდი „ჩხონანი“ ჩაძირეს, რამაც 46 მეზღვაურის სიკვდილი გამოიწვია და ორმხრივი თანამშრომლობა, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიდა. კერძოდ, სეულმა დახურა ყველა ორმხრივი პროექტი კესონის სამრეწველო ზონის გარდა, ასევე რადიკალურად შემცირდა ჩრდილოეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობები.
2013-2015 წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ხე კვლავ აახლებს ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობებს. კერძოდ, განახლდა გაყოფილი ოჯახების წევრების შეხვედრები, 2014 წელს სეულს ეწვია ჩრდილოეთ კორეის მაღალი დონის სამხედრო-პარტიული დელეგაცია ქვეყნის მეორე პირის, ვიცემარშალ ხვან ბენ სიოს მეთაურობით. სამხრეთ კორეა ასევე ჩაერთო პროექტში „ხასან-რაჯინი“, რომელიც უზრუნველყოფდა რუსული ქვანახშირის სამხრეთ კორეისთვის მიწოდებას ჩრდილოეთ კორეის პორტის, რაჯინის მეშვეობით.
მიუხედავად ამ შედარებითი დათბობისა, 2016 წლის დასაწყისიდან ურთიერთობა რადიკალურ უარესდება, რადგან იანვარში ფხენიანმა მორიგი მძლავრი ბირთვული გამოცდა განახორციელა. ამის საპასუხოდ სეულმა კესონის სამრეწველო ზონა დახურა და ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ გაეროს სანქციებს მიუერთდა. სამხრეთ კორეის სანქციები მეტად მკვეთრი და მასშტაბური გამოდგა. კერძოდ, სეულმა მკაცრი ფინანსური შეზღუდვები შემოიღო იმ პირეთა და ორგანიზაციათა მიმართ, რომელიც რამენაირ შეხებაში იყო ბირთვულ პროგრამასთან; სამხრეთკორეულ პორტებში ყველა იმ ხომალდს აეკრძალა შესვლა, რომელიც მანამდე 180 დღის პერიოდის განმავლობაში ნამყოფი იყო ჩრდილოეთ კორეაში; სამხრეთკორეული ბაზარი ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი პროდუქციისთვის მთლიანად ჩაიკეტა, მათ შორის, მესამე ქვეყნების გავლითაც; სამხრეთ კორეის მოქალაქეებს აეკრძალათ საზღვარგარეთ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი კომერციული სტრუქტურების მომსახურებით სარგებლობა, რესტორნების ჩათვლით. ამავე დროს, კორეის რესპუბლიკა „ხასან-რაჯინის“ პროექტიდან გამოვიდა და ამით, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად, მთლიანდ გაწყვიტა ყოველგვარი თანამშრომლობა თავის ჩრდილოელ მეზობელთან.
ნორმალიზაციის ახალი მცდელობა უკვე სამხრეთ კორეის ამჟამინდელ პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს უკავშირდება. 2017 წლის მაისში, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მზადყოფნა გამოხატა და არ გამორიცხა თავისი ვიზიტი ფხენიანში „სწორი პირობების“ შემთხვევაში. ბუნებრივია, ამ „სწორ პირობებში“, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება იგულისხმებოდა, რომელმაც ამ დროისთვის უკვე მეტად ქმედითი და სახიფათო სარაკეტო კომპონენტიც შეიძინა.
მუნ ჩჟე ინის მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მესამე კიმმა, კიმ ჩენ ინმა, ინტენსიურად განაგრძო როგორც ბირთვული, ასევე სარაკეტო გამოცდები, რამაც, როგორც ვიცით, დონალდ ტრამპის უკიდურესი რისხვაც კი გამოიწვია.
როგორც ჩანს, ამ საერთო დაძაბულობის ფონზე ჩრდილოეთ, სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის მაინც მიმდინარეობდა ინტენსიური კულუარული მუშაობა და ვაჭრობა, რომლის შედეგებმაც თანდათან ზედაპირზეც დაიწყო გამოჩენა.
ნორმალიზაციის ახალი სეზონი ფორმალურად, ამჯერად, კიმ ჩენ ინმა გახსნა. თავის საახალწლო მიმართვაში, 2018 წლის პირველ იანვარს, მან გულწრფელი იმედი და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაში 2018 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადა წარმატებით ჩატარდება და თავისი სპორტსმენების იქ გაემგზავრებიან.
ამის შემდეგ იწყება ნაბიჯთა კასკადი, რომელსაც შეგვიძლია ფხანმუნჯონის დიპლომატია ვუწოდოთ და რომელიც უხვად არის დატვირთული აღმოსავლეთ აზიისთვის ესოდენ დამახასიათებელი სიმბოლიზმით. ფხანმუნჯონი არის სასაზღვრო სოფელი ორ სახელმწიფოს შორის, სადაც განლაგებულია ორმხრივი სასაზღვრო პუნქტი და რომელიც სიმბოლურადაც და რეალურადაც, წლების მანძილზე, მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ორ სახელმწიფოს შორის ომისა და მშვიდობის მრავალ საკითხთან. კერძოდ, 1953 წელს სწორედ აქ მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რამაც სამწლიანი სისხლიანი ომი დაასრულა. თავის დროზე აქ მუშაობდა გაეროს კომისია ცეცხლის შეწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით.
2018 წლის 3 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ სწორედ სოფელ ფხანმუნჯონში აღადგინა ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი სპეციალური სამთავრობო სატელეფონო ხაზი და თავის სამხრეთელ მეზობელს დაუკავშირდა; 9 იანვარს აქვე გაიმართა ვრცელი მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. კერძოდ, მხარეები შეთანხმდენ, სრულმასშტაბიანი დიალოგი განეახლებინათ ყველა სფეროში, სამხედრო სფეროს ჩათვლით. აქვე მიაღწიეს შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეის გუნდის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შესახებ. 20 იანვარს კი დიდი შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ლოზანაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ორი კორეის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ოფიციალურ დეკლარაციას ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ და შეთანხმდა მეტად საინტერესო დეტალები _ კერძოდ, ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ისინი გაერთიანებული დელეგაციის სახით მიიღებდნენ მონაწილეობას და მეტიც: ამ შეჯიბრზე წარმოადგენდნენ ქალთა ჰოკეის ერთიან გუნდს.
2018 წლის 6 მარტს კიმ ჩენ ინმა კორეის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაცია მიიღო, რომელთან შეხვედრის დროსაც დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირების მრავალი საკითხი. 21 მარტს კი, ერთ თვეში, სამხრეთ კორეამ თავის მეზობელს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის გამართვა შესთავაზა სოფელ ფახმუნჯონში. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მალევე კიმმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მისი ქვეყანა ხურავს ბირთვული აფეთქებებისა და რაკეტების გამოცდის პროგრამას, რადგან სამუშაოები უკვე დასრულებულია და შესაბამისი იარაღი შექმნილია. ცხადია, ეს დენუკლეარიზაციას არ ნიშნავდა, მაგრამ მან ამით კარგი ფონი შექმნა მომავალი უმაღლესი დონის შეხვედრის წინ.
ეს ისტორიული შეხვედრა შედგა 2018 წლის 21 აპრილს მნიშვნელოვანი სიმბოლიზმის თანხლებით. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი თავის ჩრდილოელ კოლეგას ზუსტად სასაზღვრო ზოლთან დახვდა და ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევის შემდეგ თავის ქვეყანაში შემოიპატიჟა. ამდენად, ისტორიაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საკუთარი ფეხი დადგა სამხრეთ კორეის მიწაზე. ამის შემდეგ მან მუნ ჩჟე ინს იგივე ჟესტის გაკეთება შესთავაზა და ამ ცერემონიის ბოლოს ორი მომღიმარი ლიდერი ერთად გაემართა სოფელ ფახჯუმონის სამხრეთ კორეის ნაწილზე მდებარე „მშვიდობის სახლში“ სამიტის ჩასატარებლად.
ეს უკვე რიგით მესამე, კორეული სამიტი ერთობლივი დეკლარაციით დაგვირგვინდა, სადაც მხარეებმა მშვიდობის ერის დაწყება დააანონსეს და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გადაქცევაზე მუშაობის დაწყება გამოაცხადეს.
ბუნებრივია, მესამე სამიტს შემდგომი ნორმალიზაციის გარკვეული ნაბიჯებიც მოყვა. კერძოდ, 2 მაისს მხარეებმა საზღვარზე დაპირისპირების სიმბოლოდ ქცეული დინამიკების დემონტაჟი დაიწყეს, ხოლო 5 მაისიდან ორი სახელმწიფო დროის ერთიან სტანდარტზე გადავიდა. 8 აგვისტოს სამხრეთ კორეამ საზღვარზე საგუშაგოების რაოდენობის შემცირების დაწყების შესახებ გამოაცხადა, ხოლო 13 აგვისტოს ფხენიანი და სეული 2018 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეაში მეოთხე კორეული სამიტის გამართვაზე შეთანხმდა.
ვიზიტი განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროში წარიმართა. კიმ ჩენ ინი სტუმართმოყვარეობის სანიმუშო მაგალითებს ავლენდა. ვიზიტის დონეზე და ატმოსფეროზე მრავალი დეტალი მეტყველებს: მუნ ჩჟე ინი მეზობელ ქვეყანას მეუღლის თანხლებით ეწვია, ისინი საუკეთესო რეზიდენციაში მოათავსეს, რაც კი შესაძლებელი იყო ჩრდილოეთ კორეაში. ოფიციალური ვახშმის მენიუ გამოირჩეოდა სიმდიდრითა და ელეგანურობით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთად ეწვია კონცერტს ფხენიანის დიდ თეატრში, ხოლო უკან გამომგზავრების დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კორეელების წმინდა სიმბოლოს _ მთა პექტუსანს ეწვია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეა განლაგებული.
საინტერესოა ვიზიტის შედეგები. შეხვედრის შედეგების მიხედვით ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული და სარაკეტო ობიექტების დემონტაჟისთვის მზადყოფნა გამოთქვა საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის დათქმა, რომელსაც კიმი ამ ვალდებულებას თან ურთავს _ აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების პირობებში. ალბათ ეს მოკლე ტექსტური დანამატი მომდევნო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მთავარი ინტრიგა და კვანძი გახდება.
ძალიან მნიშვნელოვანია სამიტის მსვლელობისას ხელმოწერილი შეთანხმება სამხედრო სფეროში, რომელიც მთელ რიგ კონკრეტულ ნაბიჯებს შეიცავს დაძაბულობისა და სამხედრო დაპირისპირების მოსახსნელად და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებით „დე ფაქტო წარმოადგენს ომის შეწყვეტისა და კორეის ნახევარკუნძულის აყვავების განახლების პროცესის დაწყების დეკლარაციას“.
შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. მართალია, დიდ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ჯერჯერობით, საუბარი არ ყოფილა, რადგან სამხერთ კორეა ჯერ კიდევ მონაწილეობს გაეროს მიერ ფხენიანისთვის დაწესებულ სანქციებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის სარკინიგზო და საავტომობილო გზების შეერთების შესახებ, რაც მომავალში ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის სერიოზულ პირობებს ქმნის.
ორმა კორეამ ასევე დეკლარირება მოახდინა, რომ ისინი ტოკიოს საზაფხულო ოლიმპიადაზე ერთობლივი გუნდით მიიღებენ მონაწილეობას და 2032 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ.
ვიზიტის მსვლეობისას მუნ ჩჟე ინმა კიმ ჩენ ინი საპასუხო ვიზიტით მიიწვია სეულში, რაც ჩრდილოეთ კორეის მხარემ სიამოვნებით მიიღო. ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ა. წ. დეკემბერში ის სეულს ეწვევა. კორეის ნახევარკუნძულის ისტორიაში ეს იქნება ჩრდილოეთის სახელმწიფო მეთაურის პირველი სრულფასოვანი ოფიციალური ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტის დასრულებისთანავე პოზიტიურად შეაფასა ეს მოვლენა და ორი კორეის ლიდერებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
ერთი შეხედვით, საქმე დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ, მაგრამ, სავარაუდოდ, მოკლე დროში დიდ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. ყურადღება მისაქცევია შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორზე: კიმი თავის დენუკლეარიზაციას აშშ-ს შემხვედრ ნაბიჯებს უკავშირებს და აქ, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კორეაში აშშ-ს ჯარებია განლაგებული, მოთხოვნებმა, შეიძლება, ისეთი ფორმები მიიღოს, რომ მოლაპარაკებები მრავაწლიან მარათონად გადაიცეს. მით უმეტეს, რომ, როგორც აპრილში, მესამე კორეულ სამიტზე განაცხადეს, ძირითადი საკითხები განიხილება აშშ-ჩინეთი-ორი კორეა ფორმატის მოლაპარაკებებზე და აქ თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის ინტერესებს, ჩრდილოეთ კორეის ინტერესებთან მათ მნიშვნელოვან თანხვედრასა და აშშ-სა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ წინააღმდეგობას და ბოლო დროს გამწვავებულ ურთიერთობებს, ხანგრძლივ და ძალზე რთულ პროცესთან უნდა გვქონდეს საქმე.
ნიკოლოზ ვაშაკიძე