მედეა ვასაძე: „ივანიშვილი მომავალ პრემიერად სუს-ის უფროსს ამზადებს!“
ის, რომ მმართველ პარტიაში ყველაფერი რიგზე არაა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნოდარ მელაძის გადაცემაში გასაჯაროებული ფარული ჩანაწერებიც მოწმობს, რომ „ოცნებაში“ ერთმანეთს არ ენდობიან და უსმენ-უთვალთვალებენ. ჰოდა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ სახელისუფლებო გუნდიდან მალე „დიდი გადინება“ დაიწყოს.
სხვათა შორის, ამ ინფორმაციას „ქრონიკა+“-ს წარსულში „ოცნების“ წევრი, ახლა კი ოპოზიციის წარმომადგენელი, მედეა ვასაძეც უდასტურებს, ანუ ჩვენი რესპონდენტი, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ „ოცნების“ რამდენიმე პერსონა, რომელსაც პარტიაში გავლენა არ აქვს, მაგრამ ცნობადი სახეა, მმართველი ძალის დატოვებას აპირებს.
მედეა ვასაძის თქმით, ეს ადამიანები ჯერ სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებენ, რომელიც მალე პარტიად გადაკეთდება და რომელსაც ექსპრემიერი გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში.
იქნება თუ არა ეს ახალი პარტია ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული? _ ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ და ასევე გაიგებთ, რატომ არაა მედეა ვასაძე მომხრე, რომ ოპოზიციურ ერთობას ეროვნული მოძრაობა ერქვას?
_ ქალბატონო მედეა, ორი თუ სამი ათეული წელია, პოლიტიკაში ხართ და ისეთი ვითარება, როგორიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა, სხვა დროსაც გახსოვთ?
_ ვითარება ძალიან ბევრნაირი მახსოვს, მაგრამ იმის მომსწრე პირველად გავხდი, რომ ხელისუფლებას ქვეყანა და საკუთარი მოქალაქეები კედელთან ასე მიეყენებინოს. იმასაც ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ ვითარებიდან გამოსავალს თავად ვეღარ პოულობს, ანუ ხაფანგშია და არც ცოდნა ჰყოფნის, არც _ ჭკუა და ინტელექტი, რომ ვინმეს რამე დაეკითხოს, თუმცა საამისო კონტაქტებიც არ აქვს.
სხვათა შორის, „ოცნებაში“ შიდა დინებები, ძალთა გადანაწილება და შეუთანხმებლობებია. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა!
_ „ოცნების“ ბუნებას ზომაზე მეტად იცნობთ _ ერთხანს „მეოცნებე“ იყავით და რას ფიქრობთ, მმართველმა გუნდმა ქვეყანასა და საკუთარ თავსაც ხაფანგი რატომ დაუგო?
_ კი ბატონო, „ოცნებაში“ ვიყავი, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან მალე მივხვდი.
_ რას მიხვდით?
_ შიდა სამზარეულოსთან წვდომა მქონდა _ ღარიბაშვილი მაშინაც პრემიერი იყო და ხშირად მხოლოდ მასთან კი არა, პარტიულ ხელმძღვანელობასთან ბევრჯერ ვურთიერთობდი, ვინაიდან სარევიზიო კომისიის წევრი ვიყავი.
მოკლედ, რასაც ვხედავდი, მივხვდი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისგან არაფერი გამოვიდოდა და პირადად ჩემი არჩევანი, თავის დროზე, შეცდომა იყო!
_ ე. ი., „ოცნება“ იმთავითვე უნიათო იყო?
_ დიახ, უნიათო და უინტელექტო. გათვლას ვერ აკეთებს და ქვეყანაც არ უყვარს! „ოცნებაში“ ყველაფერი სჭირდათ: არც ბარის იყვნენ, არც _ მთის, არც ქალაქელები იყვნენ და არც _ სოფლელები, პოზიტიური გაგებით.
დიახ, „ოცნებაში“ სასიკეთო ვერაფერი დავინახე, არადა, მე, აჭარის უზენაესი საბჭოს წევრს, საოცარი დაპირებებით მოსულს, ხალხი ქუჩაში მაჩერებდა და კითხვებს მისვამდა, მე კი პასუხები არ მქონდა, ამიტომ პარტიაში მივდიოდი და ვამბობდი, _ ხალხი კითხვებს მისვამს და პასუხი გამაცემინეთ, ვერ ვხვდები, რას აკეთებთ-მეთქი.
სხვათა შორის, ძველი ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც თავის ადგილს ეძებს და რომელთანაც დღეს პარტნიორობა მაქვს, „ქართულ ოცნებაში“ დამხვდა. „ოცნებიდან“ ჩემი წამოსვლის ძირითადი მიზეზი ყველაფერი ეს გახდა. ამასთან, ბევრი სხვა პუნქტიც ჩამოვაყალიბე, რომელიც სადავო არავის გაუხდია… ისე, ამბობდნენ, მედეა ვასაძეზე გავლენა მურმან დუმბაძის „ოცნებიდან“ გარიცხვამ იქონიაო, მაგრამ „ოცნების“ დატოვება რომ გადავწყვიტე, მურმან დუბაძე აშშ-ში, შვილებთან ექვსი თვის წასული იყო.
ასე რომ, გადაწყვეტილება პირადად მივიღე.
ეს გადაწყვეტილება მძიმე, მაგრამ სწორი იყო. მაშინ ამ გადაწყვეტილებას ბევრი მიწუნებდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან სწორად მოვიქეცი, რადგან იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ვერ ავიტანდი _ ამდენი ლანძღვა-გინება, არასწორი გადაწყვეტილება და ა. შ.
_ ქალბატონო მედეა, გაიხსენეთ, არასწორი გადაწყვეტილებები უშუალოდ მაშინდელი პრემიერის ინიციატივით მიიღებოდა თუ ის, უბრალოდ, ვინმეს დავალებას ასრულებდა?
_ როცა რამე საკითხს ვაყენებდი, ვცდილობდი, ღარიბაშვილი მეიძულებინა, რომ რამე ეთქვა. ბოლოს, უხერხულობა რომ იქმნებოდა, მხრებს იჩეჩავდა და ხან _ ხელით, ხანაც თვალებით მინიშნებას აკეთებდა, ხანაც თავს წამოწევდა ხოლმე.
_ უკაცრავად, რა მინიშნებას ან ვისზე?
_ მგონი, ბიძინაზე.
_ ისე, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წასულია თუ ღარიბაშვილის სახით მესამედ დაბრუნდა?
_ არ ვფიქრობ, რომ წასულია. ყოველ შემთხვევაში, ძირითად საკითხებს ივანიშვილი წყვეტს, თუმცა მასთან კონტაქტის საშუალება ბევრს არ აქვს. კონტაქტზე, ალბათ, მხოლოდ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელია და, როგორც ამბობენ, მომავალ პრემიერად სწორედ მას ამზადებს.
_ ანუ მოქმედი პრემიერი თანამდებობას დატოვებს?
_ ვფიქრობ, ღარიბაშვილი ამ ვითარების დალაგებას ვერ მოახერხებს და მისი შეცვლის აუცილებლობა დადგება!
_ თუ ვადამდელი არ დაინიშნა, სამთავრობო ცვლილებები, თქვენი აზრით, როდის იქნება?
_ პოზიორობენ და ამბობენ, ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია და არ განიხილებაო, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ვადამდელი არჩევნების საკითხს განიხილავს!
_ და თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ოცნება“ ვადამდელს როდისთვის ფიქრობს?
_ გვაქვს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილი ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლას ვერ გაბედავს!
_ რატომ ვერ გაბედავს?
_ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე კი არა, იმაზეცაა ლაპარაკი, რომ სანქციები კიდევ რამდენიმე პიროვნებას დაუწესდეს!
_ ე. ი., მაქსიმუმ, ერთ კვირაში, ანუ 15 მარტამდე, სანამ ღარიბაშვილი ბრიუსელში ჩასვლამდე იტყვის, რომ „ოცნება“ ვადამდელზე თანახმაა?
_ დიახ, ამის მოლოდინი გვაქვს, უფრო სწორად, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. არ ვიცი, ეს მოხერხდება თუ არა, მაგრამ იქიდან დაბრუნებული პრემიერი, წესით, ვადამდელ არჩევნებზე გააკეთებს განცხადებას.
_ ეს მხოლოდ ვარაუდია?
_ არა, შესაბამისი ინფორმაციაც გვაქვს.
_ ოპოზიციამ აქციებზე უარი სწორედ ამ კულუარული ინფორმაციის გამო ხომ არ თქვა?
_ რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მიშელთან შეხვედრის მეორე დღეს რა ამბავი იყო პარლამენტის პიკეტირებაო.
_ ანუ?
_ ოპოზიციამ ტაქტიკა ცოტა შეარბილა და შეცვალა კიდეც _ საპროტესტო აქციები, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ სხვა სახით, რადგან ამ კუთხით ხელისუფლებას სალაპარაკო არ ჰქონდა.
_ ქალბატონო მედეა, ეს, ალბათ, სწორი ტაქტიკაა, მაგრამ ის ხმაც დადის, რომ პროტესტის შერბილებით ოპოზიციის გარკვეული ლიდერები საპროტესტო მუხტის დაგდებას ცდილობენ და ამით „ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. აი, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი პირდაპირ ბურჯანაძე-ბოკერიაზე მიანიშნებს…
_ ამ დროისთვის ასეთ განცხადებებს მიზაშეწონილად არ მივიჩნევ.
_ რატომ?
_ ახლა პირადი სიმპათიების, ანტიპათიებისა თუ ძველი ამბების გახსენების დრო არაა. ახლა ერთიანობაა საჭირო და ვინც უნდა მოინდომოს, ეს მუხტი აღარ დაეცემა!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ბოლო საპროტესტო აქციაზე ადამიანების უმრავლესობა თვითორგანიზებით მოვიდა და ამ აქციაზე თბილისელებიც იყვნენ.
_ ეს რა შუაშია?
_ ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, აი, თბილისი როდის გაიღვიძებსო, მაგრამ ბოლო აქციაზე უკვე თბილისიც იყო გამოსული.
სხვათა შორის, რეგიონებიდან ადამიანების ჩამოყვანის დაფინანსება, პრაქტიკულად, არ არსებობდა, ამიტომ ხალხმა საშუალება თვითონ მონახა _ თავი ერთად მოიყარა და თბილისში ორგანიზებულად წამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, აჭარიდან რამდენიმე ასეული ადამიანი სწორედ ასე ჩამოვიდა.
თუ პროცესი არ შეიცვალა და ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც ახლაა, მაშინ 20 მარტისთვის დანიშნულ აქციაზეც ადამიანები თვითორგანიზებით გამოვლენ!
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ წინა კითხვაზე ჩაგეკითხებით: თქვენთვის, როგორც ეროვნული მოძრაობის ძირძველი წარმომადგენლისთვის, ცოტა უხერხული არაა, რომ გვერდით, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე გიდგათ, რომელიც სოცქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, თურმე, კოსაჩოვს ბოდიშს უხდის?
_ ცდილობენ, რომ ყველაფერ ამას ეროვნული მოძრაობა დაერქვას და ამით ადამიანების მოტივაცია გაძლიერდეს, მაგრამ ეროვნული მოძრაობა სულ სხვა რამე იყო და დღევანდელის იმ მოძრაობასთან შედარება, რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ხელმძღვანელობდნენ, არ შეიძლება! მაშინ სხვა წინაპირობები იყო!
თუ ეს საზოგადოებას გაააქტიურებს და ადამიანების ფსიქოლოგიისა თუ თავმოყვარეობის აღგზნებაზე იმოქმედებს, კი ბატონო, დავარქვათ, მაგრამ ეს ეროვნული მოძრაობა არ არის!
_ ე. ი., თქვენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, მომხრე არ ხართ, რომ ოპოზიციურ ერთობას ეროვნული მოძრაობა ერქვას?
_ ამას ერთობა კი ჰქვია, მაგრამ ეროვნული მოძრაობა ნამდვილად არ არის! ეროვნულ მოძრაობას იმიტომ ვეძახით, რომ ქვეცნობიერში გავრილოვს ვუკავშირებთ, მაგრამ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა, ისევ და ისევ, ამ ხელისუფლების სისულელე იყო!
რუსეთისგან საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მთავარი საფრთხე მაინც ჩვენი დარღვეული საზღვრები და ისაა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა.
_ რას გულისხმობთ?
_ აგვისტოს ომის საჩივარზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მთელ რიგ მიმდინარე საკითხებს, პრაქტიკულად, რუსეთი წყვეტდა.
მოკლედ, გვინდა, რომ დავარქვათ, მაგრამ ეს ეროვნული მოძრაობა არაა!
_ რა ამის პასუხია და, ქალბატონო მედეა, ამ პოლიტიკურ კრიზისში გარკვეულ შეცდომებს ოპოზიციაც ხომ არ უშვებს?
_ მოგეხსენებათ, ამ ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა იდეოლოგიისა და წარსულის პარტიები არიან. ბევრი მისაღებია, ბევრი _ არა. პირადად მე ნაწილთნ ჯდომაც კი მეუხერხულება, მაგრამ ერთიანობა თმენას მოითხოვს.
_ ეს გასაგებია, მაგრამ კონკრეტიკაზე გადავიდეთ და წეღანდელ კითხვას სხვანაირად დავსვამ: აქციების გადადება თუ შერბილება ოპოზიციის შეცდომა ხომ არ არის?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ოპოზიციას არ უნდა, რომ ხელისუფლებას სალაპარაკო მისცეს და არ გვითხრას, აი, მოლაპარაკებაზე ერთად ვისხედით და იმის ნაცვლად, რომ უკეთესობის განცდა გვქონდეს, პარლამენტის პიკეტირებას ახდენთო.
მოკლედ, ვცდილობთ, რომ ეს პერიოდი ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ცოტა დავცილდეთ, რადგან ბრალდებებს ადგილი არც იქითა მხრიდან ჰქონდეს და არც _ აქედან.
ისე, აქციები გრძელდება _ აგერ, ნიკა მელიას სოლიდარობის მიზნით თბილისიდან რუსთავის ციხესთან ავტოკოლონა ჩავიდა.
_ ვთქვათ, „ოცნებამ“ ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მაგრამ ვადამდელი არჩევნები მაინც არ დანიშნა. ასეთ დროს ოპოზიცია რა გზას ადგება?
_ ეს გამორიცხულია!
_ ანუ?
_ ყველაფერი ძველებურ რეჟიმში დარჩება და რაღაცები კიდევ უფრო დაკონკრეტდება!
მოკლედ, გამორიცხულია, რომ რომელიმე საკითხი მოიხსნას და თუ „ოცნება“ მოლაპარაკებაზე არ წამოვა, ქვეყანა, ალბათ, დესტაბილიზაციამდე მივა და ამის ძალიან მეშინია!
_ დესტაბილიზაციაში ფიზიკურ დაპირისპირებას გულისხმობთ?
_ დაუმორჩილებლობა უფრო ფართო სახეს მიიღებს და ისედაც დაქცეული და გაუბედურებული ქვეყანა შეტორტმანდება!
_ იმ ვერსიას არ უშვებთ, რომ საბოლოო ჯამში, დასავლეთმა „ოცნების“ ლიდერებს სანქციები არ დაუწესოს და ოპოზიცია უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდეს?
_ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, გამორცხულია, რომ სანქციები არ დაწესდეს! ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ძალიან მაღალი რანგის ევროპელი სტუმარი ჩამოვიდა და აქ ორი დღე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში მხოლოდ შეშფოთებული კი არა, კონკრეტულ მოქმედებებზე არიან გადასულები და ამიტომ გამორიცხულია, რომ სანქციები არ დაწესდეს!
_ მესმის, მაგრამ ვფიქრობ, ოპოზიცია ნებისმიერი სცენარისთვისაც უნდა იყოს მზად და ამ მიმართულებითაც მუშაობდეს.
_ სხვა საკითხია, ქვეყანას რა შედეგს მოუტანს და პროცესზე რა გავლენას მოახდენს, მაგრამ სანქციები აუცილებლად დაწესდება!
_ ისე, „ოცნების“ მომავალს როგორ ხედავთ?
_ ჩამოშლილია.
_ ამის არგუმენტი გაქვთ?
_ ძალიან მალე თბილისის მერის კანდიდატურის ძებნა დაიწყება, რაც „ოცნებაში“ ახალი უკმაყოფილების საბაბი გახდება.
_ თბილისს მერი ჰყავს და კანდიდატურის ძებნა რატომ დაიწყება?
_ მერის თანამდებობაზე კალაძეს არ მგონია, ხელმეორე პერსპექტივა ისევ ჰქონდეს.
მოკლედ, „ოცნების“ სრულად ჩამოშლის წინაპირობა სწორედ თბილისის მერობის კანდიდატის ძებნა, ანუ კალაძის ფაქტორი გახდება.
ჩემი აზრით, კალაძე იმისთვისაა განწყობილი, რომ „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნოს!
სხვათა შორის, ახლები პრესაში ჯერ კიდევ ტივტივებენ, მაგრამ „ოცნებაში“ რამდენიმე ძველი სახე და დეპუტატია, რომელიც მმართველ პარტიას გაემიჯნება.
_ ვისზე მიანიშნებთ?
_ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
_ ის მაინც მითხარით, ეს ადამიანები „ოცნებაში“ წონიანები არიან?
_ წონიანები არა, მაგრამ ძველი სახეები და ცნობადები არიან. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოსწონთ, თუმცა ეს ადამიანები შეეცდებიან, თავიანთი ადგილი იპოვონ და ეს ადგილი შესაძლოა, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება იყოს, შემდეგ კი _ პარტიად გარდაქმნა, რომელსაც, ვფიქრობ, გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში.
_ და ეს ახალი პარტიაც, რომელსაც „ოცნებისგან“ გამიჯნულები შექმნიან, ივანიშვილთან იქნება ასოცირებული?
_ არ მგონია… კი ამბობენ, ივანიშვილს ახალი პარტიის შექმნა გახარიას ხელით უნდაო, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან გახარია სერიოზულადაა განაწყენებული!
_ ყველაფერი ეს 15 მარტამდე მოხდება?
_ არა, მერე.
_ ე. ი., მარტის ბოლოსთვის სხვა პოლიტიკური რეალობა გვექნება?
_ დიახ, მე ასე ვფიქრობ…
_ ქალბატონო მედეა, თქვენი შეფასებით, ვადამდელი საპარლამენტო წელს დაინიშნება თუ 2022-ში?
_ „ოცნება“ ცდილობს, რომ აქცენტი 2022-ზე გააკეთოს.
_ რატომ?
_ ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად კანონით დადგენილი დრო არსებობს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი 2022 წელს ჩატარდეს, ოღონდ შემოდგომაზე კი არა, _ გაზაფხულზე.
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება… წარმატებას გისურვებთ, ქალბატონო მედეა
ვანო პავლიაშვილი