მე-12-კლასელი აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია!
ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 80 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ბოლქვაძემ მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ბოლქვაძემ ტურნირი რუმინელი ფლორინ იონუტ მანოლახესთან წმინდა მოგებით დაიწყო. მეოთხედფინალში ბელარუს მაქსიმ მასიუკევიჩს 4:2 სძლია, ხოლო ნახევრაფინალში სომეხ სევაკ ბაგრამიანს კვლავაც წმინდად, 9:0 სძლია.
„ქრონიკა+“ მოჭიდავე აჩიკო ბოლქვაძეს დაუკავშირდა:
_ აჩი, გაგვეცანი.
_ მე ვარ აჩიკო ბოლქვაძე, სპორტსმენი, მე-12 კლასის მოსწავლე. სპორტიდან გამომდინარე, მართალი რომ ვიყო, გეტყვით, რომ სწავლით არ გამოვირჩევი, მაგრამ ვცდილობ, არ ჩამოვრჩე სასკოლო დღის წესრიგს და ყველაფრის მიუხედავად, სასკოლო ცხოვრებასაც ავუწყო ფეხი.
_ ქრონოლოგიურად მივყვეთ: აჩი, რამდენი წლის იყავი, როცა ჭიდაობით დაინტერესდი?
_ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, მაინც მაინტერესებდა სპორტის ეს სახეობა. ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ 8 წლის ასაკში ამ სპორტის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა მომწონდა და ხშირად ვადევნებდი თვალს შეჯიბრებებს.
_ როდის მიხვდი, რომ სპორტი შენი იყო, განსაკუთრებით კი ჭიდაობა?
_ ვფიქრობ, რა სფეროშიც არ უნდა იყო, ყოველთვის იცი, როდის აღმოაჩენ, რომ ეს სფერო შენია, _ მაშინ, როცა პირველ სერიოზულ წარმატებას აღწევ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. პირველად, როცა საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს სპორტის სახეობა ჩემი მთავარი სფერო იყო.
_ აჩი, შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ იმ წარმატებებისთვის, რაც მოუტანე ჩვენს ქვეყნას და ეს ყველაზე მეტად მახარებს. თუ შეგიძლია გაიხსენო პირველი საერთაშორისო ტურნირი და პირველი გამარჯვება?
_ ევროპის ჩემპიონატზე ბევრჯერ ვიასპარეზე. 4-ჯერ მივიღე მონაწილეობა, აქედან 2-ჯერ დავმარცხდი და 2-ჯერ მოვიგე. ეს იყო 2019-სა და 2021 წლებში.
_ აჩი, ძალიან კარგად ვიცით, რომ სპორტსმენის ცხოვრებას ახლავს როგორც გამარჯვება, ასევე დამარცხებაც. ეს როგორი ემოციებია?
_ პირველ ჩემპიონატზე როცა ვასპარეზობდი, პატარა ვიყავი და დამარცხება არც გამიაზრებია. არანაირი განცდა არ მქონია. მაგრამ როცა უკვე მეორედ ვმონაწილეობდი ევროპის ჩემპიონატში, გააზრებული მქონდა, რას ვაკეთებდი, რა მინდოდა და ვამყარებდი იმედებს. აი, იქ როცა წავაგე, ეს მართლა საშინელი განცდა იყო! ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ დავნებდი და ზოგჯერ მიფიქრია კიდეც, _ წაგება აუცილებელია, რომ მოგების გემო უფრო მკაფიოდ გაიგო და მიხვდე, რას ნიშნავს ასეთ კონკურენციაში შენი გამარჯვება.
_ აჩი, რამდენად აქვს ხელშეწყობა სახელმწიფოსგან მსგავსს სპორტულ აქტივობებს და გახალისებთ თუ არა ხელისუფლება სხვადასხვა პროექტითა თუ შეჯიბრებით?
_ ვერ ვიტყვი, რომ ხელშეწყობა არ გვაქვს. ჭიდაობის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის, ასევე ხელისუფლებაც, რადგან წარმატებული სპორტია და ყველა ცდილობს ჩვენ გვერდით დგომას.
_ ალბათ არიან ადამიანები, რომლებსაც შენს წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით, რას ეტყოდი მათ?
_ იცით, როგორ მტკივა გული, როცა ამ შეკითხვას მისვამენ? ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ლევან მასწავლებელს, რომელიც გვერდით აღარ მყავს…
_ ოჯახი? შეიტანა თუ არა შენს სპორტულ წარმატებაში ოჯახმა წვლილი?
_ რა თქმა უნდა, ოჯახი ყველანაირად მიდგას გვერდით: პირველივე დღიდან, რაც სპორტში შევდგი ფეხი, ის ჩემ გვერდით არის, ყველაფერში მეხმარება, უკან არაფერზე იხევს. ჩემმა ოჯახმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. რომ არა ის, ვერაფერს შევძლებდი.
_ შენი ბოლო გამარჯვების შესახებაც ვისაუბროთ: შენ საქართველოს პირველი ადგილი ჩამოუტანე…
_ ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში. მართლაც დიდი გამრჯვება იყო. უხერხულია, ილაპარაკო საკუთარ თავზე, მაგრამ ეს გამარჯვება ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო იყო. და თუ გადამეტებული არ ვიქნები, ნამდვილად ვასახელე ჩემი სამშობლო.
_ რა ემოციაა, როცა საერთაშორისო შეჯიბრზე იმარჯვებ, იღებ პირველ ადგილს, შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის, დროშა ფრიალებს, რას გრძნობს იმ წუთებში?
_ გააზრებული მაქვს, რომ იქ როგორც ერთი სპორტსმენი, აჩი ბოლქვაძე, არ გამოვდივარ, იქ გამოვდივარ ჩემი ქვეყნის სახელით _ ჩემი საქართველოს სახელით. და წარმოიდგინეთ, აღუწერელი ემოციაა, როცა იმარჯვებ, _ სიხარული და ბედნიერება ერთად ირევა, შემდეგ შენი ქვეყნის დროშა აფრიალდება, ჰიმნი გაიჟღერებს, ე. ი. რაც გინდოდა, ის შეძელი: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ასმენინებ შენს ჰიმნს, მართლა სხვა ემოციაა _ ემოცია, რომელსაც არაფერი სჯობს. იაზრებ, რომ ეს ყველაფერი მოხდა შენი დამსახურებით…
_ როცა ინტერვიუზე დავრეკე, მითხრეს, სავარჯიშოდ მიდისო. დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ და არის თუ არა მომენტი, როცა გეზარება და თავს აძალებ ვარჯიშზე წასვლას?
_ სიზარმაცის წუთები ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. დღეში 3 საათი ვარჯიში ნამდვილად არ არის ადვილი. მაგრამ როცა გააზრებული გაქვს გზა, რომელიც უნდა გაიარო, მიზნამდე მიღწევა კი რთულია, თავს არ იზოგავ და მაქსიმუმს დებ საქმიანობაში. ყველაფერს ვაღწევ ჩემი მწვრთნელების დამსახურებითა და დიდი შრომით.
_ შენი სამომავლო გეგმები რა არის? როგორ ხედავ საკუთარ თავს წლების შემდეგ?
_ რა თქმა უნდა, მინდა გავხდე მრავალგზის ჩემპიონი, ყველა ტურნირისა და ოლიმპიადის გამარჯვებული, რომ ჩემი საქართველოს ჰიმნმა ბევრჯერ გაიჟღეროს და საქართველოს სახელი ისმოდეს ყველა საერთაშორისო ჩემპიონატზე. რაღა თქმა უნდა, ვასახელო ჩემი ოჯახი და ჩემმა შრომამ გამოიღოს ტკბილი ნაყოფი…
_ წარმატებას გისურვებ! რას ეტყვი შენზე უმცროსებს, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტულ ცხოვრებას? რა არის საჭირო წარმატებისთვის?
_ არ ვარ დიდი, რომ რჩევა გავცე, მაგრამ იმ გამოცდილებით, რაც მაქვს, მინდა ყველას ვურჩიო: სპორტში წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა და ვარჯიში. უნდა იცხოვრო მკაცრი რეჟიმით, მიზნად დაისახო წარმატება და ყველაფერი ნამდვილად გამოვა.
ზუკა ნემსაძე