მამუკა ნოზაძე: ,,სისტემა არ დანგრეულა – სამართლიანი სასამართლო ზღვარს გადავიდა!”

12571443_10207568799473491_964082345_n

,,ქრონიკა+” აგრძელებს რუბრიკას ,,მხილების გვერდი”. ადვოკატი მამუკა ნოზაძე იმ მოსამართლეების შესახებ ავრცელებს ინფორმაციებს, რომლებსაც არ აქვთ უფლება ისევ სისტემაში რჩებოდნენ და პროცესებს უძღვებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ `ქრონიკა+”-ის მეშვეობით ადვოკატმა არაერთი ფაქტი გაახმიანა და კონკრეტული მოსამართლეები ამხილა, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე იგვიანებს.

მამუკა ნოზაძე:

_ მოსამართლეები უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ თავიანთი ქმედებებით. აქამდე თუ სითავხედეს მხოლოდ სასამართლო დარბაზებში ამჟღავნებდნენ, ახლა გასცდნენ დარბაზებს და ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრი შექმნან, თითქოს ისინი არიან სამართლიანები, უმწიკვლო პიროვნებები, მათი კრიტიკა უსამართლოა და არ შეიძლება. ბოლო ერთი თვის მანძილზე აღვირახსნილი გამოსვლებით გამოირჩევიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი და მოსამართლე გიორგი ტყავაძე, რომელმაც 26 მაისს, დასისხლიანებულ, ნაცემ-ნაგვემ პიროვნებებს, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, წინასწარი პატიმრობები შეუფარდა და არ გაარკვია, რა პირობებში მიიღეს მათ დაზიანებები. მან არ გაიაზრა არსებული მდგომარეობა, ისე შეუფარდა მათ პატიმრობა. ეს მოსამართლეები ხელს უწყობენ იმას, რომ იუსტიციის საბჭოში კვლავ მათი კანდიდატები იყვნენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სამუდამო ვადით სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან თავადაც დაუმსახურებლად არიან მოხვედრილი სასამართლო სისტემაში.

_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, ვის, რომელ მოსამართლეს უნდა, რომ ოდიოზური მოსამართლეები კვლავ სასამართლო ხელისუფლებაში დარჩნენ,  ანუ რომელი მოსამართლეები უწყობენ ამ პროცესებს აშკარად და ურცხვად ხელს?

_ რამდენიმე კვირის წინათ გამოვიდა მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი და თავხედური გამოსვლები დაიწყო, რომ თურმე მოსამართლის კრიტიკა არ შეიძლება და ეს არის დაუშვებელი. ძიმისტარაშვილმა ხმა იმიტომ ამოიღო, რომ თავადაც დამნაშავე მოსამართლეა. იმის ნაცვლად, რომ მან თავისი საქმე სრულყოფილად აკეთოს, ერევა იმაში, რაც მისი საქმე არ არის. ეს არის მოსამართლე, რომელმაც 5 თვის განმავლობაში ვერ დაწერა აჩიკო ნოზაძის ადმინისტრაციულ საქმეში გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც კანონით განსაზღვრულია დრო, რამდენ ხანში უნდა დაიწეროს გადაწყვეტილებები. მან ასევე ვერ დაწერა 3 თვის განმავლობაში გადაწყვეტილება მალხაზ ბადიაშვილის საქმეზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილებები არის უსამართლო, მაგრამ, ასე თუ ისე, ხომ უნდა დაწეროს?

ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონით გადაწყვეტილება 14 დღის მანძილზე უნდა დაიწეროს, ამიტომ მოსამართლე, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს და ისიც არ უნდა, რომ ეს გადაწყვეტილებები ფორმალურად ჩამოაყალიბოს და დაწეროს, ახლა გამოდის და საზოგადოებას ჭკუას ასწავლის, თუ ვინ და რა ფორმით უნდა გამოხატოს აზრი. ამიტომ ვამბობ, რომ თავხედობაში არის უკვე გადასული მოსამართლეთა გარკვეული კატეგორია.

ახლა ერთ კონკრეტულ საქმეზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ასევე მოსამართლეთა უკანონობის მაგალითია: 3 წელზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს მადონა ყვარელაშვილის სარჩელს. ამ საქმეში დავის საგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დენის ყვარელაშვილი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შედეგად, არასათანადო მკურნალობის გამო, 2013 წელს სასჯელაღსრულების #8 საპყრობილეში გარდაიცვალა. ქალბატონმა მადონამ იმავე წელს მიმართა სასამართლოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. უკვე მესამე წელია დაწყებული და დღემდე შემაჯამებელი გადაწყვეტილება საქმეზე მიღებული არ არის. საქმეს იხილავს ამ კოლეგიის თავმჯდომარე, ნათია ჯორბენაძე, რომელიც დღემდე მოსამზადებელი სხდომის ეტაპზეა და მთავარ სხდომაზეც კი არ გადასულა. ჯორბენაძეს დანიშნული აქვს ექსპერტიზა დენის ყვარელაშვილის საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 50-ჯერ მივმართე მოსამართლეს, კვირაში ორჯერ მაქვს სხვადასხვა სახის კომუნიკაცია მასთან და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრიდან ვითხოვ, გამოითხოვოს ექსპერტიზის შედეგები, ან გაარკვიოს, რატომ არ გზავნიან დასკვნას სასამართლოში, დღემდე ის არანაირ მოქმედებას არ ახორციელებს. საქმის მიზანმიმართული გაჭიანურება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა და ევროპული კონვენციები ამ უფლებას იცავს. რასაც ჯორბენაძე აკეთებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსამართლე არის არაობიექტური და მიკერძოებული. არ შეიძლება, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ერთი წლის მანძილზე იყოს დოკუმენტაცია და სასამართლომ ის არ მოითხოვოს. მოსარჩელის უფლების დაცვაც, ცხადია, მოსამართლის პრეროგატივაა, მაგრამ ჯორბენაძე ამ უფლებას თავად არღვევს, რადგან არ ითხოვს საჭირო დოკუმენტს და არ უზრუნველყოფს მის სასამართლოში წარდგენას. მოსამართლის უსამართლო საქციელთან ერთად ამ საქმეში იკვეთება ექსპერტების დანაშაული და სახელმწიფოს როლიც. მადონა ყვარელაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაღაურებას, რადგან დენის ყვარელაშვილს ციხეში არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. ქალბატონმა მადონამ, ამავდროულად, განცხადება შეიტანა პროკურატურაში და ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. სერიოზული პრეტენზიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო მისი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. აღნიშნულთან დაკავშირებით უამრავი მტკიცებულება წარვადგინეთ, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ ექცეოდნენ ექიმები დენის ყვარელაშვილს და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია, საქმე პროკურატურაშია, დღემდე არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა ყვარელაშვილის სამედიცინო ისტორია და დადგენდა ექიმების დანაშაულებრივი ქმედებები. ექიმების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა ლიცენზია და პაციენტს უკანონოდ უტარებდნენ მკურნალობას. ისინი ისეთ მედიკამენტებს უნიშნავდნენ, რომელიც არ უნდა დაენიშნათ. ყველაზე უარესი კი მაინც ის არის, გარდა იმისა, რომ მოსამართლე კანონს არღვევს, ის გარდაცვლილი ადამიანისა და მისი ოჯახისადმი არაეთიკურად იქცევა. როცა მოსამართლე მიზანმიმართულად არ იხილავს საქმეს, ეს უკვე არის დასრულებული დანაშაული.

_ ჯორბენაძე მოსამართლედ ახალი წესებით უკვე აირჩიეს?

_ არა, მას სამოსამართლეო საქმიანობა მომავალ წელს უწყდება და, ბუნებრივია, პრეტენზია ექნება, რომ ხელახლა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და კვლავ დაინიშნოს მოსამართლედ. იმ მოსამართლის განცხადებას, რომელსაც ამხელა დარღვევები აქვს მუშაობაში, წესით, იუსტიციის საბჭო არც უნდა იღებდეს.  ზუსტად უნდა განისაზღვროს: მოსამართლეებს, რომელთაც საქმიანობაში აქვთ ხარვეზები, შეინიშნებიან დანაშაულებრივ ქმედებებში და საზოგადოებაც მათ მიმართ კითხვებს სვამს, არ უნდა მიეცეთ უფლება, სამოსამართლეო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. მოსამართლეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და თუ მას ვერ სწვდება, ვერ ასრულებს, აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა.

ამ ე. წ. დარაზმულ მოსამართლეთა კატეგორიას შეემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ომარ ჯორბენაძე. ახლა რასაც გეტყვით, აუცილებლად დაწერეთ: სწორედ მასზეა ნათქვამი, „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო“. ეს ადამიანი წლების განმავლობაში არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ის იყო ზურაბ ადეიშვილის კურსელი, ერეოდა სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებაში, იყო მოსამართლეთა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და ის ასახელებდა, ვინ უნდა დანიშნულიყვნენ მოსამართლეებად. მის კადრად შეიძლება მივიჩნოთ თავად ლევან მურუსიძე, მაია თეთრაული და სხვა მოსამართლეები. ჯორბენაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას ინტერვიუ მისცა, სადაც ლევან მურუსიძე დაიცვა.

საქმე ის არის, რომ ომარ ჯორბენაძე ამჟამად ავადაა და, ფაქტობრივად, ის უმოქმედო მოსამართლეა, მაგრამ სასამართლო სისტემა მას ახლაც ინახავს. ეს ადამიანი არ ატარებს პროცესებს, ვერ ნახავთ ვერც ბრალდებისა და ვერც დაცვის მხრიდან ერთ პირსაც კი, რომელიც იტყვის, რომ ომარ ჯორბენაძის წარმართულ პროცესში მონაწილეობდა. ის იღებს ხელფასს, თუმცა არაფერს იხილავს. მას იმიტომ უნდოდა ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნა, რომ ამ სისტემაში კვლავ დასაქმდნენ ის ადამიანები, რომელთაც საქმეების წარმოება და განხილვა არ შეუძლიათ. გინახავთ მოსამართლე, რომელიც პროცესს არ ატარებს? ასეთ მოსამართლეს მოსამართლე უნდა ერქვას?! მსგავს რამეს ვერ ნახავთ სხვა ქვეყნებში. იქ ადამიანს, რომელიც არის ავად და საქმიანობა არ შეუძლია, სამედიცინო დახმარების მიღებაში ეხმარებიან და არა იმ სკამისა და პოსტის შენარჩუნებაში, რომლისთვისაც უუნაროა.

სწორედ „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე გამოქვეყნდა იმ დანაშაულებების ნუსხა, რომელიც სასამართლო სისტემაში ხდება. ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი აქვს, რომ ამ მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას ობიექტური ბრალდებები არ გააჩნია, შეუძლია თქვენი გაზეთის წინა ნომრები წაიკითხოს. გაზაფხულიდან მოყოლებული ყველა ნომერშია ამ საკითხებზე საუბარი და ასეთი ფაქტები ამოუწურავია.

პირველად თქვენს გაზეთში ვისაუბრე, რომ მოსამართლეებს შეწყვეტილი ჰქონდათ უფლებამოსილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მათ სამოსამართლეო ვადას უგრძელებდა. ამით ის არღვევდა კონსტიტუციას, რადგან 10-წლიან ვადაამოწურულ მოსამართლეებს აძლევდა საქმეებს განსახილველად და ხელფასს ურიგებდა. ამჯერად ახალი სისტემა შემოიღეს. მოსამართლეები, რომელთაც შეუწყდათ უფლებამოსლება, კვლავ დატოვეს სასამართლო სისტემაში. ისინი უმოქმედონი რომ არ იყვნენ, მათთან გააფორმეს ხელშეკრულებები და მოსამართლეებს გადაწყვეტილებების დაწერაში უნდა დაეხმარონ. წინათ ზოგიერთი მოსამართლე სპეციალურად წელავდა საქმეებს, რომ სამოსამართლეო თანამდებობისთვის გათვალისწინებული სარგო აეღოთ და მანტია არ დაეკარგათ. ნინო გვენტაძის მოსვლის შემთხვევაში კი ასეთი რამ აღარ ხდება, მაგრამ იპოვეს სხვა გამოსავალი _ უფლებაშეწყვეტილ მოსამართლეებს  გადაწყვეტილებებს აწერინებენ და უკვე ამ ფორმით აძლევენ ხელფასს.

საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავისი კვოტა აქვს, სადაც დანიშნული ჰყავს ვახტანგ მჭედლიშვილი. ის მუშაობდა უზენაეს სასამართლოში. ბატონმა ვახტანგმა შეიმუშავა საკმაოდ პროგრესული პროექტი იუსტიციის საბჭოს დებულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. იქ ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოსამართლეობაზე და მონაწილეობს კონკურსში, არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ კენჭისყრაში მიიღოს მინაწილეობა. ეს არის საკმაოდ დემოკრატიული პროექტი. ახლა გამოჩნდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრები არიან თუ არა მზად იმისათვის, რომ დემოკრატიული ცვლილებები მიიღონ. იუსტიციის საბჭოს ორ წევრს, რომელთაც უწყდებათ უფლებამოსილება, აუცილებლად ექნებათ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ხელახალ კონკურსში და ხმა მისცენ საკუთარ კანდიდატურას. გამოჩნდება, ეს ადამიანები უჭერენ თუ არა მხარს პროგრესს და სურთ თუ არა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. სასამართლო სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და უფრო მეტი დემოკრატიული პრინციპები დამკვიდრდეს. არაადეკვატურია, საკუთარი ხმის მიცემას რომ უჭერს ადამიანი მხარს, რადგან ეს არასათანადო პირობებში აგდებს კანდიდატებს.

_ მურუსიძე აცხადებდა, რომ იუსტიციის საბჭოზე ზეწოლა იყო და ეს არ უნდა გაგრძელდესო.

_ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მურუსიძემ საზოგადობის მიერ დასმულ კითხვებს დასაბუთებულად ვერ უპასუხა. ევროსასამართლომ აღიარა, რომ ლევან მურუსიძის მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა და ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს, არ მესმის!

 

                                                                                               ნელი ვარდიაშვილი