მალხაზ მაჩალიკაშვილი: „მე ტერლოევი ვარ, გოგაშვილი კი ქვეყნის მთავარი ტროლია“

მაჩალიკაშვილების ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშ არის და ისინი მას იყენებენ. იქიდან გამომდინარე, რომ კუბლაშვილი მაჩალიკაშვილს დისწულად ეკუთვნის, შვილმოკლული მამა მასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას ერიდება. ადვოკატის ასეთ განცხადებებს იმით ხსნის, რომ კუბლაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მას სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი უბნევს თავგზას.
გოგაშვილი მართლა არ ისვენებს და შვილმოკლულ მამასთან დაკავშირებით განცხადებას განცხადებაზე აკეთებს. ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მაჩალიკაშვილი ტერლოევი უნდა იყოს, რადგანაც ის ქართული გვარის ტარების ღირსი არ არის. მაჩალიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს გოგაშვილს არ აქვს უფლება, რამე გვარი ატაროს და ადამიანად იწოდებოდეს. მისი თქმით, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ქვეყნის მთავარ ტროლად გადაიქცა.

რას ფიქრობს ადვოკატის განცხადებებზე მალხაზ მაჩალიკაშვილი? იყენებს თუ არა მას ოპოზიცია თავისი მიზნებისთვის? რატომ არ უშვებენ პარლამენტში შვილმოკლულ მამას? რატომ აქვს ტერლოევის გვარი? რა კავშირი აქვთ გოგაშვილსა და პარლამენტის სპიკერის მოგვარე ბიზნესმენს ჩატაევთან? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მალხაზ, თქვენთან საუბარი სხვა თემაზე მინდოდა დამეწყო, მაგრამ თქვენმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები გიყენებენ და ისინი გარწმუნებენ, რომ თითქოს თქვენი შვილის სიკვდილში სოსო გოგაშვილია დამნაშავე.
_ ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც დავწერე და აქაც გავიმეორებ: მარიამ კუბლაშვილთან არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ მას სუსში არწმუნებენ, თითქოს მე პოლიტიკური პარტიები მიყენებენ, რაც სრული აბსურდია. ეტყობა, მარიამი, რომელიც ჩემი დისწულია, ჯერ კიდევ არ მიცნობს კარგად. აქ უფრო სხვა ამბავია. მარიამი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მე კი ამ პარტიის მტერი ვარ, ამიტომაც ცდილობს მარიამი, გოგაშვილი გაამართლოს. მას ჰგონია, ვიღაცამ მე გოგაშვილის ფოტო მაჩვენა და დამარწმუნა, რომ ის იყო ჩემი შვილის მკვლელი. მისი ფოტო მაჩვენა ჩემმა მეუღლე მედიკომ. მას მე ვთხოვე ეჩვენებინა იმ კაცის ფოტო. მინდოდა მას ამოეცნო, იყო თუ არა ფოტოზე გამოსახული კაცი სპეცოპერაციის დროს ჩვენს სახლში. ან რა მნიშვნელობა აქვს, იყო თუ არა გოგაშვილი _ იმ დილით ხეობაში ეს სპეცოპერაცია ხომ მან დაგეგმა?!
სპეცოპერაციის შემდეგ ის ხეობის უხუცესებს შეხვდა. შეხვედრა თელავში ჩატარდა. გოგაშვილმა მათ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული სპეცრაზმელის ფოტოები აჩვენა. გოგაშვილმა უხუცესებს უთხრა, ტერორისტებმა მოგვიკლეს სპეცრაზმელი და ჩვენ ამიტომ ჩავატარეთ პანკისში ოპერაცია და ამიტომ მოვკალით თემირლანიო.
მას არ აუხსნია, რატომ მოკლეს, მაინცდამაინც, თემირლანი, მას არ განუმარტავს, თუ რატომ ჩაუდეს ჩემს შვილს ხელში ხელყუმბარა, რატომ გაანადგურეს ნივთმტკიცებები, რატომ გაუკეთეს უკვე მკვდარ თემირლანს თავზე ოპერაცია. ჩემს შვილს არც ჩატაევთან და არც სხვა ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია. ეს არის დამტკიცებული. თემირლანის მკვლელობის გამო გოგაშვილი ჩიმაკაძესთან ერთად მაინც აგებს პასუხს. მას ვერავინ ააცილებს პასუხისმგებლობას, ათასი მარიამ კუბლაშვილიც რომ გამოჩნდეს. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი! კანონები ამისთვის არის დაწერილი.
მინდა, სუსსა და სხვა სპეცსამსახურებს მივმართო, რომ პარტიები მე ვერ გამომიყენებენ. თუ გამომიყენებენ, ე. ი. ამის უფლება თავად მივეცი. პარტიები მე არ მიყენებენ. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა იმ ღამეს პანკისში, რატომ მომიკლეს უდანაშაულო, მძინარე შვილი. ეს ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია და ამაზე ვიღაცებს მოუწევთ ციხეში წასვლა. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. მარიამ კუბლაშვილზე კი მეტი საუბარი აღარ მინდა.
_ რატომ არ გინდათ?
_ ის ხომ ჩემი დისწულია. მე საქმე გოგაშვილთან მაქვს, რომელიც ათას სიბინძურეს ავრცელებს ჩემ წინააღმდეგ. რამის თავი თუ აქვს, დაუჯდეს ეგ ფარჩაკი თქვენს რედაქტორს, ელისო კილაძეს, დებატებში, რამდენჯერ გამოიწვია ელისომ, მაგრამ მხდალია და ამას ვერ გაბედავს. სამაგიეროდ, ჭორებისა და სიბინძურეების გავრცელება ეხერხება კარგად.
_ ერთ-ერთ ასეთ სიბინძურეზე მინდოდა თქვენთან საუბარი. გოგაშვილმა თქვა, რომ თქვენ არ ხართ ქართული გვარის ტარების ღირსი და ჯობს, დარჩეთ ტერლოევად. სოციალურ ქსელში თქვენ დარეგისტრირებული ხართ, როგორც ვახა ტერლოევი. შეგვიფასეთ გოგაშვილის მოწოდება და მერე ისიც აგვიხსენით, რატომ გაქვთ ორი სახელი და გვარი _ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ვახა ტერლოევი?
_ სუსმა და გოგაშვილმა მე გამანადგურა და მომკლა, მაგრამ ჩემი შვილის გამო ვალდებული ვარ, ფეხზე ვიდგე და სიმართლის დასადგენად ვიბრძოლი. ამ სიმართლისთვის ბრძოლაში ლამის მთელი საქართველო მიდგას გვერდით. ეს გოგაშვილსა და მისნაირებს არ მოსწონთ და ამიტომ ცდილობენ, ყველა დონეზე გამაშავონ. კარგად შეისწავლეს ჩემი ფსიქიკა და კარგად იციან, რა მეწყინება და რა _ არა. ამ არაადამიანებისგან განსხვავებით მე მაქვს მთავარი _ ღირსება. სოსო გოგაშვილს არც ღირსება გააჩნია და არც _ ნამუსი. ის არის ლაჩარი და არარაობა. არარაობა რომ არ ყოფილიყო, ადამიანის წარმომავლობას არ შეეხებოდა. გამოდის და ამბობს, რომ თურმე მე არ ვარ ქართული გვარის ტარების ღირსი. ეს სოსო გოგაშვილის გადასაწყვეტი არ არის, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ასეთი გამწარებული და გაუბედურებული კაცი ვარ, ბრძოლით გადავიღალე, მაგრამ არავისზე ვიტყვი, რომ ის ამ გვარის ტარების ღირსი არ არის. ამის უფლება არც მე აქვს და არც _ სხვას.
არასდროს დამიმალავს, რომ ეროვნებით ჩეჩენი და საქართველოს მოქალაქე ვარ. ამით მხოლოდ ვამაყობ. ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე. შევითვისე ქართული კულტურა. პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, უამრავი ქართველი მეგობარი და ნათესავი მყავს, ვლაპარაკობ ქართულ ენაზე და ის არც ისე ცუდად გამომდის.
_ არც ისე ცუდად კი არა, ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად. პანკისელი ქისტები მართლა კარგად ფლობთ ქართულ ენას.
_ კარგი იქნებოდა, კიდევ უფრო კარგი ქართული მცოდნოდა, აქ დაბადებული კაცი ვარ, თავს სრულფასოვან ქართველად მივიჩნევ, ამიტომ ქართული ენა კარგად უნდა ვიცოდე. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არსად მითქვამს, რომ ქართველი არ ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ მე ჩეჩნური წარმოშობის ქართველი ვარ. ჯერ ჩემზე არავის უთქვამს, რომ მაჩალიკაშვილის გვარის ტარების ღირსი არ ვარ, ეს სოსო გოგაშვილმა გადამიწყვიტა.
სოსო გოგაშვილი იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ განცხადებით პანკისელ ქისტებს შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენი ქისტებისთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ეს არაადამიანი იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ამით ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას პროვოცირებს. იქნებ, ხვდება კიდევაც და შეგნებულად აკეთებს ასეთ განცხადებებს.
გოგაშვილისნაირმა არარაობებმა ჩამოაგდეს ხელისუფლებიდან კანონიერად არჩეული, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ჩეჩნებმა შეიფარეს. ჩვენ ძმები ვართ. სოსო გოგაშვილი არაა ის კაცი, ვინც ამ თემაზე უნდა ლაპარაკობდეს.
ტერლოევების გვარი ჩეჩნეთში ძალიან გავრცელებული და ძლიერი გვარია. ჩვენი გვარი ფლობს ორ მთას. დანარჩენი გვარების საკუთრებაში მხოლოდ თითო მთაა. ჩემი წინაპრები მთა ტერლოზე სახლობდნენ, ამიტომაც დავირქვით ტერლოევები. თუმცა ისინი 230 წლის წინათ ჩამოვიდნენ საქართველოში. საქართველოში ჩამოსახლებულ ჩეჩნებს ყველას ქართული გვარები გვაქვს. მე ვარ მაჩალიკაშვილი. მე ვარ ჩეჩენი და ქართველი. მე მეამაყება, რომ ამ ორ ერს წარმოვადგენ.
_ საბუთებშიც მაჩალიკაშვილი ხართ?
_ რა თქმა უნდა.
_ ფეისბუქზე რატომ გახდით ტერლოევი?
_ ფსევდონიმივით არის. ფეისბუქზე სახელად მიწერია ვახა, საბუთებში კი მალხაზი მიწერია. ისე, ვახა მქვია. ყველა ვახას მეძახის. ვახა რაღაც ისე გამოითქმის ჩეჩნურად, რომლის შესატყვისი ასოც ქართულში არ არის, ამიტომაც ჩამწერეს საბუთებში მალხაზი. პანკისში ყველა ბავშვს ორი სახელი ჰქვია, ერთი ისლამური და მეორე _ ქართული. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს ადამიანები თავს ორი ქვეყნის შვილად მიიჩნევენ. ნებისმიერი პანკისელისთვის ჩეჩნეთიც სამშობლოა და _ საქართველოც. პანკისელს რომ ჰკითხო, რომელი უფრო გიყვარს, ჩეჩნეთი თუ საქართველოო, ვერ გიპასუხებს, ორივე თანაბრად უყვარს. მეც ასე ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ქართველი და ვიყო ჩეჩენი.
ის არარაობა ლაჩარი გოგაშვილი რა უფლებით ამბობს, რომ ქართული გვარის ტარების ღირსი არ ვარ. თავად არის იმის ღირსი, რომ ქართველი ერქვას? ქართველები არაკაცურად არ იქცევიან. ქართველები მძინარე ბავშვებს არ ხოცავენ. რა გააკეთა საქართველოსთვის ჩემზე მეტი? მოვიდეს და შემეჯიბროს ამ ქვეყნის სიყვარულში. ეგ ვერც კაცობაში და ვერც ადამიანობაში შემედრება. მოვიდეს, დამელაპარაკოს და დავარწმუნებ, რომ არაა ღირსი, ქართველი ერქვას. მაგრამ მაგას ხომ იმის კაცობა არ აქვს, ტერლოევს დაუჯდეს სალაპარაკოდ. ელისოს მაინც დაუჯდეს დებატებში, მაგრამ მასთანაც ვერ მიდის, მისიც ეშინია.
ანდა, რას ვითხოვ გოგაშვილისგან?! _ ის ხომ ადამიანი არ არის, ის საქართველოში მთავარი ტროლია. ჩვენ შორის აქაც დიდი განსხვავებაა. მე ტერლოევი ვარ, ის ტროლია. მაჩალიკაშვილობა და ტერლოევობა საამაყოა, ტროლობა კი დიდი სირცხვილია. ის ტროლია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ტროლებს არავინ სცემს პატივს. ტროლები ყველგან სძულთ.
თავიდან მან ჩემ წინააღმდეგ ირაკლი ზაქარეიშვილი აამუშავა. საშინელ რაღაცებს მიწერდა ფეისბუქზე. ხალხი მის ნაბოდვარს ყურადღებას არ აქცევდა. მთელი აგრესია მისკენ მიდიოდა. სუსში მიხვდნენ, რომ ზაქარეიშვილი ვერ გაქაჩავდა და გოგაშვილს მოუწია ტროლობა. მაგას რა ჰგონია, არ ვიცით, რომ სუსიდან კინწისკვრით გამოაგდეს? ტროლების საქმე არაა, ვინ რა გვარის მატარებელი იქნება. მაგან იტროლოს, მეტი მაინც არაფერი ეხერხება.
_ პანკისთან დაკავშირებით არაერთი სიბინძურე გავრცელებულა. ქართველებსა და ქისტებს შორის სიტუაციაც ბევრჯერ დაძაბულა, მაგრამ ასეთ დროსაც კი არავის უთქვამს ქისტებისთვის, ქართული გვარის ტარების ღირსი არ ხარო. პანკისელები სულ ქართულ გვარებს ატარებთ.
_ ეს მართლა პირველი შეთხვევაა და ეს ქართველებისა და ქისტების დაპირისპირებას ისახავს მიზნად. ვინ მისცა მას იმის უფლება, რომ სხვის ეროვნებას შეეხოს! სიძულვილის ენა მეტი კი არაფერია. მისი ამოცანაა, რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპიროს. ამას ძალიან დიდი ხანია, რუსეთი ცდილობს. ეტყობა, სოსოც მოსკოვის დავალებით მოქმედებს.
_ შეიძლება, ამან დაპირისპირება გამოიწვიოს?
_ რატომ არ შეიძლება. ერთ წვეთ შხამს შეუძლია, მთელი ოკეანე მოწამლოს. მისი სიტყვები არის შხამი და უბედურება. ლაჩარი გოგაშვილი თავად არის შხამის წვეთი. მას სხვა შეფასებას ვერ მოვუძებნი. მაგის დონეზე რომ დავიდე, ისეთი რამეების თქმა შემიძლია, გაგიჟდებით. იცით, რა საშინელებები გავიგე გოგაშვილზე? ამას არ გავიმეორებ, იმიტომ რომ კაცი ვარ და კაცები ასეთ რამეებს არ კადრულობენ, გოგაშვილმა კი ყველაფერი იკადრა. დამაბრალა ყველა საშინელება, რისი დაბრალებაც კი შეიძლებოდა. ჩემზე ისეთ ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ყველა მათგანს რომ გამოვეკიდო, ჭკუიდან შევიშლები, სიმართლესთან ახლოს რომ იყოს, ვინერვიულებდი, მაგრამ რეაქცია არ მაქვს.
_ არადა, საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და ამაზე კითხვის დასმაც კი მეუხერხულება.
_ ასეთი ბინძური ჭორებით უნდათ ჩემი განადგურება, მაგრამ არ ვრეაგირებ. ხომ გითხარით, სიმართლესთან ახლოს რომ იყოს, ვინერვიულებდი, მაგრამ ამათ სიბინძურეებს არასერიოზულად ვუყურებ.
_ მართლა არასერიოზულად უყურებთ მათ ბრალდებებს?
_ მართლა. ზაქარეიშვილმა დღეში ორჯერ თუ არ გამლანძღა ფეისბუქზე, უკვე ნერვები მეშლება. აი, ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. გოგაშვილის უაზრობებს საზღვარი აღარ აქვს. თავიდან ამბობდა, მაჩალიკაშვილის მოკვლას აპირებენ, რომ მერე მე დამაბრალონო. მერე თქვა, ჩემი მოკვლა იგეგმება და ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებენო. მერე ჯაბრაილ ხანგოშვილი გამოაგზავნა ჩემს მეუღლე მედიკოსთან და შეხვედრა ითხოვა. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის დაემტკიცებინა, შენი შვილის სიკვდილი ჩემი ბრალი არ არისო. არაფერი რომ არ გამოუვიდა, სიბინძურეების დაბრალებაზე გადავიდა.
ჩემი ბრძოლით მთელ „ქართულ ოცნებას“ ვუშლი ნერვებს. თემირლანის სიკვდილი ხომ მათი ხელისუფლების კისერზეა. მათ აღიზიანებთ, ამხელა მხარდაჭერა რომ მაქვს. გოგაშვილი ერთი ჩვეულებრივი მონაა და მას დაავალეს, როგორც გინდა, ისე გააშავე მაჩალიკაშვილიო. ახლა გვარსაც შეეხო, თურმე არ ვყოფილვარ მაჩალიკაშვილის გვარის ტარების ღირსი.
_ გოგაშვილზე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა და პარლამენტში თქვენს არშეშვებაზეც მინდა გკითხოთ. გია ვოლსკი ამბობს, რომ პარლამენტში კი არა, არც სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში უნდა შეხვიდეთ. ამაზე რას იტყვით?
_ ვოლსკიმ ბევრჯერ თქვა, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლის უფლებით არ უნდა სარგებლობდესო. ძალიან გავბრაზდი მის ამ განცხადებაზე, მაგრამ არსად მითქვამს, რომ ვოლსკი ღირსი არაა, ქართველი ერქვას. ეს ჩემი საქმე არ არის და ამის თქმის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემ. ახლა რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საკითხს, მე პარლამენტში ერთხელ ვიყავი შესული. მართლა ტერორისტი რომ ვყოფილიყავი, ასე სამართლებრივი გზით ვიბრძოლებდი? სად გინახავთ, ტერორისტები სასამართლოს გზით ცდილობდნენ სამართლის პოვნას. ტერორისტობა სულ სხვა რამეა. მათთან არც მე მქონია რამე კავშირი და არც _ ჩემს შვილს, რომელიც ლოგინში მძინარე მომიკლეს. ტერორისტები მარტო არ იბრძვიან. მე კი მარტო ვიბრძვი სიმართლისთვის.
_ რას ნიშნავს, მარტო იბრძვით? არავინ აღარ გიდგათ გვერდით? გინდათ თქვათ, რომ ყველამ მიგატოვათ?
_ სხვა რამეს ვგულისხმობ. მარტო არავის დავუტოვებივარ, მთელი საქართველო ჩემ გვერდით დგას და ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მადლობელი ვარ ჟურნალისტებისაც. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მე ამ ქვეყნის ნამდვილი შვილი ვარ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემს ქართველებს ჩემი თემირლანის უდანაშაულობის სჯერათ. ეს თანადგომა ბრძოლის გაგრძელების ძალას მაძლევს, თორემ მე სრულიად განადგურებული კაცი ვარ, მე ჩემს შვილთან ერთად მომკლეს.
მარტო დარჩენაში იმას ვგულისხმობდი, რომ ჩემს მხარდამჭერებს ატერორებენ. ვინც კი ჩემთან ერთად დადგება, ზოგის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ზოგს დაკითხვაზე იბარებენ და აშინებენ, ზოგს პროვოკაციას უწყობენ და აპატიმრებენ. ყველაფერს კადრულობენ, რომ მარტო დავრჩე. მეც მარტო მირჩევნია, არ მინდა, ვინმე ჩემ გამო დაზარალდეს.
პარლამენტში შესვლა იმიტომ მინდა, რომ ჩემი შვილის საქმის გამოსაძიებლად კომისიის შექმნა მივითხოვო. სხვანაირად სულ არ მაინტერესებს ეგ უწყება. შექმნან ეს კომისია და დაინახავს მთელი საქართველო, რა მოხდა. ესენი ხომ ამტკიცებენ, რომ ჩემი თემირლანი ტერორისტი იყო, კომისია თუ შეიქმნება, უფრო იოლად არ დაამტკიცებენ თემირლანის ტერორისტობას? ეს ხომ მათ აწყობთ? ამის მერე ხომ საერთოდ ვერ ამოვიღებ ხმას? მათ ძალიან კარგად იციან, რომ უდანაშაულო შვილი ტყუილად მომიკლეს და ამიტომ ამბობენ უარს კომისიის შექმნაზე. მე რომ მტყუანი ვყოფილიყავი, აქამდე ათჯერ შეიქმნებოდა კომისია. ერთი რამეც არის _ პარლამენტში სხვა შვილმოკლულ მამებს თუ უშვებენ, მე რა დავაშავე? ჩემი შვილის სიკვდილი სიკვდილი არ არის? ასე არ შეიძლება. ეს არაა სამართლიანი მიდგომა.
_ იმ ერთხელ პარლამენტში როგორ შეგიშვეს?
_ საშვით შევედი. ეს მაშინ მოხდა, როცა პარლამენტში შალვა თადუმაძის მოსმენა იყო. მისთვის კითხვების დასმის სურვილი მქონდა. დარბაზში არ შემიშვეს, სადღაც ლოჟაზე დამითმეს ადგილი. იქიდან კითხვას ვერ დავსვამდი. უკან გამოვბრუნდი. მშვიდად გამოვედი, არანაირი ტერორისტული აქტი არ მომიწყვია. ტერორისტები საგამოძიებო კომისიების შექმნას არ ითხოვენ. მე არ ვიცი, რის საფუძველზე მადანაშაულებს ვოლსკი ტერორიზმში და რის საფუძველზე ამბობს, რომ პარლამენტში ჩემი შეშვება არ შეიძლება. ვოლსკი რატომ უნდა წყვეტდეს, სად შევალთ და სად _ არა. პარლამენტში შესვლის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.
ვოლსკი იმით არ კმაყოფილდება, რომ პარლამენტში არ მიშვებენ და სხვა შეზღუდვების დაწესებაც მოუნდა, გაიძახის, სხვა უწყებებშიც არ უნდა შედიოდესო. მე არასად დავდივარ. არ მიხარია ამათი სახეების ყურება. პარალამენტში, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ჩემი შვილის საკითხის დასაყენებლად მინდოდა შესვლა, მაგრამ აღარ მიშვებენ. ვოლსკიმ მოინდომა ასე.
_ ეს ვოლსკის გადაწყვეტილებაა არაა, მან გაახმოვანა მხოლოდ. თქვენ პარლამენტში შესვლა არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით აგეკრძალათ.
_ თქვენ ეგ თალაკვაძე ვოლსკიზე უკეთესი ხომ არ გგონიათ. ეგ ძალიან საშიში კაცია. თალაკვაძეს თქვენი გაზეთით ვეუბნები, ტერორისტებთან კავშირი თავისკენ მოიკითხოს. ამ განცხადებას სრული სერიოზულობით ვამბობ. პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევ, ჩემზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს და საკუთარი ოჯახის წევრებს მიხედოს.
_ რას გულისხმობთ? უფრო გასაგებად ვერ გვეტყვით?
_ იმას ვგულისხმობ, რომ არჩილ თალაკვაძის ძმასა და გოგაშვილს ჩატაევთან ერთად ჰქონდათ საერთო ბიზნესი. ამ ბიზნესში 300.000 დოლარი ჰქონდა ჩატაევს ჩადებული. რაღაც დრო რომ გავიდა, ჩატაევმა თავისი ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა. ამათ საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩატაევი და თავის თანმხლებთან ერთად მოკლეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ფული არ დაებრუნებინათ. ამათ სიბინძურეს შეეწირა ის სპეცრაზმელიც და ამათ გამო მოკლეს ჩემი თემირლანიც. რომელსაც სიკვდილი არ აკმარეს და ახლა მკვდარ ბავშვს ტერორისტობას აბრალებენ. მის სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ხალხთან ერთად ვაიძულებ „ოცნებას“, რომ თემირლანის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შექმნან.
_ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ? პარლამენტის წინ აქციის მოწყობის უფლებასაც კი აღარ გაძლევენ.
_ ესეც როგორ არაკაცურად გამიკეთეს. ერთი დღით წავედი სოფელში და ჩემი კარვები დაარბიეს. ვითომ საახალწლო ატრაქციონები უნდა დაედგათ. იქ არავინ მოიყვანა ბავშვები. ამისთვის მადლობა ჩემს ქართველებს. ახალი წლები როცა დამთავრდა, იქაურობა გადათხარეს, თითქოს რეაბილიტაციას ატარებდნენ. ეს მე ხელს არ შემიშლის. ისევ ვაგროვებ ხელმოწერებს კომისიის შექმნის მოთხოვნით. ყველა მეტროსადგურთან დავდგამ მაგიდას. თბილისს რომ მოვრჩები, მერე დანარჩენ საქართველოს შემოვივლი. მთელი საქართველოა ჩემი გულშემატკივარი. მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს, ვინ და რატომ მომიკლა მძინარე შვილი. მე ბრძოლას არ შევწყვეტ. გოგაშვილის სიბინძურეები შვილმოკლულ მამას ვერ გააჩერებს.

შორენა მარსაგიშვილი