მაია ბუწაშვილი: „კოვიდ 19-ის გავრცელების ფაზაში რეალურად ახლა შევედით!“

გაზაფხულზე, მაშინ, როცა, დღევანდელთან შედარებით, დაახლოებით, 50-ჯერ ნაკლები ინფიცირებული გვყავდა, ყველა სახლში გამოგვკეტეს. მეტიც, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გვაფრთხილებდა: _ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, _ თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლშიო.
დღეს კი, როცა ყოველდღიურად ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, იმნაძისა და გამყრელიძის განცხადებები რადიკალურად შეიცვალა. თუ გაზაფხულზე „შვედურ მოდელს“ უმრავლესობა უზნეობად მიიჩნევდა და ამ მოდელის დაცვას ფაშიზმთან აიგივებდა, დღეს უკვე ყველანი შვედები გავხდით.

რატომ შეცვალეს კოვიდთან დამოკიდებულება? რა პრობლემები აქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ვირუსის მართვის ნაწილში? რა უნდა იცოდნენ ინფიცირებულებმა?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა:

_ კოვიდ 19-ის შესახებ საწყისს ეტაპზე თითქმის არაფერი ვიცოდით. ახლა უკვე, როცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გარკვეული გამოცდილება დაგიგროვდათ, რა ვიცით დღეს იმ ვირუსის შესახებ, რომელთან ერთადაც ცხოვრებას უკვე თვეებია, ვსწავლობთ?
_ პირველ რიგში, პოზიტიური კუთხით თუ შევხედავთ, ვიცით ის, რომ ვირუსს არ აქვს სწრაფი მუტაციების უნარი, რისი შიშიც და მოლოდინიც იყო თავიდან. ბევრჯერ გაჟღერდა კიდეც, რომ ვირუსი განიცდის მუტაციებს და უარესი ხდება, _ საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. შედარებით სტაბილური ვირუსია და ამან იმედი მოგვცა, რომ ვაქცინა ეფექტიანი იქნება, რადგან ვირუსი ცვალებადი ბუნების რომ ყოფილიყო, შესაბამისად, ვაქცინაც არაეფექტიანი იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი ბუნებას არ იცვლის, ის ინფორმაცია, რაც მის შესახებ გროვდება, ვალიდური და ლეგიტიმურია. ასევე პოზიტიურია ისიც, რომ დაგროვილი სტატისტიკა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ერთნაირია, ნამდვილად გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ახალგაზრდა ასაკი ნაკლებად ზარალდება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მაგრამ საზოგადოებისთვის შედარებით ერთი კუთხით მაინც იძლევა გარკვეული სიმშვიდის საფუძველს, რომ 0-დან 20 წლამდე გართულებები და სიკვდილიანობა უკიდურესად იშვიათია, მაშინ, როდესაც სხვა პანდემიები, H1N1 და სეზონური გრიპები განსაკუთრებით სამიზნეს წარმოადგენს 0-დან 5-წლამდე ასაკისთვის, სადაც ყველაზე მაღალია გართულებები და ზოგჯერ სიკვიდილიანობაც. ეს, რაც არ ახასიათებს კორონავირუსს, უკვე მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რადგან დიდი ხანი გავიდა და სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს.
ასევე ექიმებმა ისწავლეს კოვიდის უკეთ მართვა: როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია სუნთქვის უკმარისობის მართვის დროს, ბევრად უფრო განსხვავებული აღმოჩნდა. მართვით სუნთქვაზე გადაყვანის ჩვენებები უფრო დაიხვეწა და გასაგები გახდა, როგორ უნდა მიეწოდოს ჟანგბადი სწორად იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს. რეანიმატოლოგებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს პაციენტის უკეთ მართვის კუთხით. ასევე ნახეს, რომ სტანდარტული სასუნთქი გზების ინფექციებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს განსაკუთრებით ახასიათებს სისხლის შედედებაზე ზემოქმედება და გაირკვა, რომ თრომბოზებით გართულება მისთვის ერთ-ერთი წამყვანია და ამიტომ ამ კუთხით მძიმე პაციენტებში პრევენცია დაიწყო, რითაც მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი.
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ისიც ვნახეთ, რომ მკაცრ კარანტინს მაინცდამაინც დიდი ეფექტი არ მოაქვს იმ მხრივ, რომ როდესაც კარანტინი იხსნება, მერე ისევ აღმავლობა გარდაუვალი ხდება, როგორც, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ.
_ გაზაფხულზე, მაშინ, როცა ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4-5 ადამიანი იყო, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დღეს კი ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და 2000-მდე აღწევს. იმ პერიოდშივე იცოდნენ, რომ სექტემბრიდან მორიგი ტალღა დაიწყებოდა, რატომ ვერ შეხვდა მთავრობა მომზადებული ვირუსის ახალ ტალღას?
_ ვფიქრობ, ამ მასშტაბის პროგნოზირება ვერ გაკეთდა და მოსალოდნელი საფრთხე სათანადოდ არ შეფასდა. როგორც ჩანს, ამ მასშტაბის აღმავლობას ქვეყნის არც ერთი უწყება არ ელოდა. ამიტომ მომზადების სწორება ამ რაოდენობაზე არ იყო გათვლილი, თუნდაც საწოლების რაოდენობა, რომელიც აშკარად დეფიციტშია.
_ დღევანდელი მოცემულობით, რა კონკრეტული პრობლემებია ვირუსის მართვის ნაწილში?
_ პირველ რიგში, ძალიან გვიან გაკეთდა რეაგირება იმაზე, რომ პაციენტები გადაერჩიათ, მსუბუქი პაციენტები დარჩენილიყვნენ ბინაზე და მხოლოდ მძიმეები დაწოლილყვნენ საავადმყოფოებში. ეს მოდელი ადრევე უნდა დაწყებულიყო. მაშინ, როდესაც ყველა წვებოდა საავადმყოფოში, თავიდანვე არ იყო სწორი. ადამიანებიც მიეჩვივნენ იმას, რომ თუ კორონა აქვთ, აუცილებლად საავადმყოფოში უნდა დარჩნენ და დღეს, როცა მათ ეუბნებიან, სახლში დარჩითო, ეს მათ პანიკაში აგდებს. ამიტომ სახლში მკურნალობის მოდელზე თანდათან უნდა გადავსულიყავით, ოჯახის ექიმებიც თანდათან უნდა დატრენინგებულიყვნენ, რომ ისინიც ასეთ მძიმე დღეში არ ჩაგვეყენებინა. შესაბამისად, პროცესს უფრო მომზადებულები შევხვდებოდით, რაც განმუხტავდა სიტუაციას.
_ ჩვენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ, ხან გვეუბნებიან, რომ ვირუსის პირველი ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, ხან კი ამბობენ, რომ უკვე მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ნაწილში როგორია თქვენი პოზიცია, ვირუსის რომელი ეტაპია ახლა ჩვენს ქვეყანაში?
_ პირველი ეტაპი ჩვენ არც გვქონია, თავიდან ეს იყო ერთეული შემთხვევები. ინფექციის გავრცელების ფაზაში, რეალურად, ახლა შევედით.
_ რამ გამოიწვია ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა? არის თუ არა ეს საზოგადოების მიზეზი იმ თვალსაზრისით, რომ იგი სათანადოდ არ იცავდა არსებულ წესებს, მათ შორის, სოციალურ დისტანციას, პირბადის ტარებას?
_ ნაწილობრივ არის, მაგრამ მხოლოდ საზოგადოების იმედზე ვერ დავრჩებით. ყველაფერი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ საზოგადოების სისუსტეები გაითვალისწინონ. ამიტომ ესეც წინასწარ განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებს მოსწყინდებოდათ და ამ წესებს ძალიან დიდხანს ვერ დაიცავდნენ. ამის მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო. მეორეც: ზაფხულის პერიოდში აჭარაში აშკარად ვხედავდით იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს, სადაც ძალიან მაღალია ვირუსის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საზღვრები ჩაკეტილი იყო, რაღაც საშუალებებით მაინც შემოედინებოდნენ ინფიცირებული ადამიანები.
_ ინფიცირებულთა ნაწილი უყურადღებობაზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ოჯახის ექიმები მობილურზე არ პასუხობენ. ასეთ შემთხვევაში ეს უყურადღებობა არის სამედიცინო პერსონალის მხრიდან თუ მართვასთან დაკავშირებული პრობლემაა?
_ როცა აღვნიშნე, რომ მასშტაბები ვერ გათვალეს, ერთ-ერთი სწორედ ეს გახლავთ, რომ 112-ის ოპერატორებისა და ოჯახის ექიმების საკმარისი რაოდენობა არ აღმოჩნდა. ე. წ. ონლაინ კლინიკების, (რომლებიც დისტანციურად მართავენ პაციენტს) რაოდენობა არაადეკვატურია, ახლა თანდათან ემატება, მაგრამ ამ აღმავლობას ვერ მოუსწრო. ამიტომ არის, რომ პაციენტები დიდხანს რჩებიან ექიმთან კონტაქტის გარეშე. რეალურად, ნებისმიერი ტიპის პაციენტი, ვისაც კორონავირუსი აქვს, მათ შორის, ზოგიერთი, შეიძლება ბინაზეც დარჩეს, მაგრამ ექიმთან კონტაქტი ნებისმიერს აუცილებლად სჭირდება, განმეორებით რომ არ გაიპაროს მოგვიანებითი გართულებების რისკი.
_ როცა გაზაფხულზე ინფიცირებულთა ერთეული შემთხვევები იყო, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე მაშინ ძალიან ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ბატონმა იმნაძემ ისიც კი თქვა, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებსო. დღეს კი მათი ტონი შეიცვალა და ამბობენ, რომ სიტუაციას მართავენ. მას რით ხსნით?
_ საერთო ჯამში, ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკა შეიცვალა. ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია ის, რომ „ლოქდაუნმა“ ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა, ამიტომ ეს მიდგომა, ამჟამად, საერთოდ შეცვალეს. ახლა ასეთი ტაქტიკაა: შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება და წერტილოვანი შეზღუდვები. რეალურად, ეს მხოლოდ ჩვენთან არ მომხდარა. ზოგმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი, მათაც თავიდან სხვა მიდგომა ჰქონდათ და ახლა შედარებით შეარბილეს. ვფიქრობ, გაზაფხულზე გადაჭარბებული იყო ეს შეზღუდვები, მაშინ არ გახლდათ ამის აუცილებლობა. ფაქტობრივად, ძალიან ბევრი შეზღუდვა, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, აშკარად გადაჭარბებული იყო.
_ ჩვენს მკითხველს დეტალურად რომ ავუხსნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ ინფიცირების შემთხვევაში?
_ პირველ რიგში, პანიკაში არ ჩავვარდეთ. მართალია, ამ ვირუსს აქვს გართულებები, მაგრამ ასეა თუ ისეა, ეს მაინც სასუნთქი გზების ერთ-ერთი ინფექციაა. ჩვენ ყოველწლიურად ვებრძვით გრიპის ეპიდემიას ზამთარში და ამიტომ ესეც ერთ-ერთი მსგავსი დაავადებაა. რა თქმა უნდა, ყურადღება და სიფხიზლე საჭიროა, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ შემთხვევათა უმრავლესობა თავისით განიკურნება და არ იქნება გართულებები, თუმცა არის სეგმენტი, სადაც ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ: ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონეები და ხანდაზმულები. უნდა ვიყოთ ექიმთან კონტაქტში. გასაგებია, რომ პრობლემებია 112-თან დარეკვისას, მაგრამ არ უნდა გევებუტოთ 112-ს და გავაგრძელოთ დარეკვა, რომ ყურადღება მივიქციოთ და ექიმი დაგვიკავშირდეს, რადგან რაც არ უნა მსუბუქი იყოს პაციენტი, რისკი იმისა, რომ მოგვიანებით გართულებები დაიწყოს, ყოველთვის არსებობს. ამიტომ დამოუკიდებლად პაციენტმა არ უნდა მიიღოს არავითარი გადაწყვეტილება და მაინც ექიმის დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რომ გართულების შემთხვევაში საავადმყოფოში გადაიყვანონ. ტკივილგამაყუჩებლისა და სიცხის დამწევის გარდა ბინაზე ჩვენით მედიკამენტები არ უნდა მივიღოთ, ყველა სხვა მედიკამენტს უნდა მოვერიდოთ. თუ ადრე დანიშნული გვქონდა რაღაც მკურნალობა ჩვენი სხვა დაავადებების გამო, ამ დანიშნულების მიღება გავაგრძელოთ და თვითნებურად არ შევწყვიტოთ. დიდი რაოდენობით სითხე უნდა მივიღოთ. სულ ლოგინში არ უნდა ვიწვეთ, პირიქით _ ოთახში მაინც ვიმოძრაოთ, ეს არის თრომბოზის ერთ-ერთი პროფილაქტიკა. თუ ექიმთან კომუნიკაციისას საჭირო გახდა სტაციონარში გადაყვანა, ნურც ამაზე გავუძალიანდებით. ტყუილად საავადმყოფოში არავინ არავის გადაიყვანს. ფაქტია, რომ თუ ასე შეფასდა და გადაყვანა გახდა აუცილებელი, ე. ი. ამის საჭიროება მართლაც არსებობს.
_ თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ინფიცირების შემთხვევაში პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. რა კუთხით აისახება პანიკაში ჩავარდნა და რატომ არის მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება?
_ თუ ადამიანი არის პანიკურ მდგომარეობაში, ხშირად ეჩვენება, რომ აქვს სუნთქვის გაძნელება. მეც არაერთი პაციენტი მირეკავს და ამის შესახებ მეუბნება. მას შემდეგ, რაც დიდხანს დაველაპარაკები, დამშვიდდება და სუნთქვის სიხშირე ხელახლა შეფასდება, აღმოჩნდება, რომ სულაც არ არის რეალურად სუნთქვის უკმარისობის ნიშნები და ეს იყო ემოციურ ფონზე არსებული სიმპტომები. მაგალითად, გულმკერდის არეში დისკომფორტისა და მოჭერის შეგრძნება ზოგს ემოციურ ფონზე აქვს. ამიტომ მშვიდად ყოფნა აუცილებელია, რათა სიმპტომები ადეკვატურად შეფასდეს, არ გადავაჭარბოთ, რომ სრულიად არა საჭირო შემთხვევაში კონკრეტული ადამიანი არ გადაიყვანონ სტაციონარში, როდესაც სინამდვილეში ეს სიმპტომები არ არის რეალური.
_ ჩვენი მკითხველისთვის უფრო ცხადი რომ იყოს, რა შემთხვევაში გადაჰყავთ ინფიცირებული საავადმყოფოში ან როდის უნდა მოითხოვონ სტაციონარში მისი გადაყვანა?
_ ეს არის ოჯახის ექიმის გადასაწყვეტი, მაგრამ ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა არის ის სიმპტომები, როდესაც რისკი იქმნება, ასეთი სიმპტომებია: სუნთქვის გახშირება. უხეშად, რომ ვთქვათ, მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 30-ზე მეტი სუნთქვის სიხშირე უკვე საყურადღებო ნიშანია; ასევე სილურჯე, მაგალითად, ტუჩების ირგვლივ ან მკვეთრი სიფერმკრთალე, ძლიერი ან მოჭერითი ტკივილი გულმკერდის არეში, მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევებს და გულის ფრიალის მაგვარი მდგომარეობა.
_ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში დღეში ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა იქნება. თქვენი შეფასებით, რამდენად გაუძლებს ამას ჯანდავის სისტემა?
_ რადგან ეს არის სრულიად ახალი ვირუსი, მასთან დაკავშირებით პროგნოზები ყოველთვის ვარაუდის დონეზე კეთდება, თუმცა სხვა ქვეყნების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აღმავლობის დაწყებიდან, საშუალოდ, 6-8 კვირაა პიკის პერიოდი და მერე უკვე იწყებს კლებას. შესაბამისად, ნოემბრის დასაწყისში, ალბათ, უკვე პიკის მდგომარეობაში უნდა გადავიდეთ და შემდეგ _ კლებისკენ. თუ სწორად გაკეთდება პაციენტების ტრიაჟი, ანუ გადარჩევა იმის მიხედვით, თუ ვის სჭირდება სტაციონარში მკურნალობა და ვის შეუძლია ბინაზე დარჩენა, განხორციელდება ბინაზე სწორად მართვა, ასეთ შემთხვევაში საწოლების რაოდენობა ადეკვატური აღმოჩნდება. მთავარია, სტაციონარში არ დაიკავონ ადგილები იმ ადამიანებმა, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებათ ეს. ასეთი შემთხვევები დღესაც ბევრი გვაქვს, როდესაც ინფიცირებული, ასევე სხვადასხვა დაავადების მქონე ხანდაზმული ასაკის ადამიანი გარეთ გვრჩება და სტაციონარში გართულებების რისკის არმქონე პაციენტები იმყოფებიან.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გართულებების რისკის მქონე ინფიცირებული ხანდაზმული პაციენტები გარეთ რჩებიან, მაშინ როცა შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სტაციონარში წვანან. რა არის ამის მიზეზი გარდა იმისა, რომ პციენტების გადარჩევის ნაწილში გარკვეული პრობლემები არსებობს?
_ სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე მუშაობს ნაცნობობის ფაქტორი. თუ პაციენტს ახლობელი ჰყავს და მას დაჟინებით სურს სტაციონარში მოხვედრა, ზოგ შემთხვევაში ასეთი ადამიანები ახლობლების წყალობით ხვდებიან საავადმყოფოებში. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი სწორედ ეს არის და ასევე ინფიცირებულების არასწორი გადარჩევა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების ორი პოლუსი შეიქმნა: ერთი, რომელიც ამბობს, რომ ეს ვირუსი საერთოდ არ არსებობს (პარადოქსია ამაზე საუბარი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან ეს ხელს უშლის სიფრთხილის ზომების დაცვას _ რასაც არ აღიარებ, შესაბამისად, იმის პროფილაქტიკასაც არ აკეთებ); მეორე პოლუსია: უკიდურესად შეშფოთებული ადამიანები, რომელთა ნაწილი საერთოდ ჩაიკეტა და საზოგადოებას მოწყდა, ნაწილი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში საერთოდ სასოწარკვეთილებაში ვარდება. რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ინფექციას შევხედოთ, როგორც საკმაოდ სერიოზულს და საფრთხილოს, მაგრამ, ასე თუ ისე, სრულიად დაძლევად დაავადებას. ძალიან მნიშველოვანია, რომ საკითხს რაციონალურად მივუდგეთ.

ნენე ინჯგია