ლონდა თოლორაია: „ევროკავშირიც და ამერიკაც ძალიან კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება არის სხვაგან და ხალხი _ აბსოლუტურად სხვაგან“
თამუნა მჭედლიშვილი
საქართველოში, 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან, როდესაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას, მშვიდობიან დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობრივი თავდასხმის დროს, სულ მცირე, 300 ადამიანი დააკავეს. პარალელურად დაიწყო მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი „ზარების“ განხორციელება პროტესტის აქტიური მონაწილეების, ასევე პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. მათ საცხოვრებელ სახლებთან დახვედრა და ფიზიკური ანგარიშსწორება.
გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები, როგორ და საიდან მოხვდა ასობით ადამიანის პირადი მონაცემები-ინფორმაცია მავანთა ხელში? პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა: „უცხო სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, საიდანაც მოქალაქეებთან ზარები განხორციელდა, არ არის კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული და სატელეფონო ნომრები არააქტიურია.
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობისა და მისი დემოგრაფიული მონაცემების, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, საკითხის შესწავლა სცდება სამსახურის კომპენტეციის ფარგლებს, რის გამოც რეაგირების მიზნით ყველა განცხადება და შეტყობინება გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას“. ყოჩაღ! და რას აკეთებს ამ დროს სახალხო დამცველი? საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დროულ და ეფექტიან გამოძიებას, უმოკლეს ვადებში სავარაუდო დამნაშავეების ბრალის გამოკვეთას და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას. ტაში, ამხანაგებო!
თბილისის ქუჩებში კი პროტესტი გრძელდება: „არა რუსულ კანონს“, „კი _ ევროპას, არა _ რუსეთს“… და სწორედ ახალა, სულ რამდენიმე დღის წინ, 84 მონის ღალატს „ლაიტმოტივად გაედევნა“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და მისი თანამშრომლების, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, ლონდონში გამგზავრება ევროპული გამოცდილების შესასწავლად!!!
„ევროპაში წავიყვანეთ სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია აქციებზე მომხდარ ყველა ძალადობაზე, განსხვავებული აზრის მქონე ხალხის დევნასა და დასისხლიანებაზე, რომელთაგან არც ერთზე (მათ შორის, ისეთზე სადაც მოძალადე იდენტიფიცირებულია) შედეგი არ დაუყენებია და არც თავი შეუწუხებია, საზოგადოებისთვის რამე აეხსნა;
ევროპაში წავიყვანეთ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც, წესით, სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს (და დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან, იქნება), ზუსტად ახლა და ამ დროს, როცა მისი უმოქმედობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ ძალადობა არათუ წყდება ჩვენს ქვეყანაში, უფრო მძიმე სახეს იღებს;
ევროპაში სამსახური იმ „უცხოური“ ფულით წავიყვანეთ, რომლის „გამჭვირვალობის“ გამო ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო, ხალხი დაასისხლიანა, სადარბაზოებთან თავ-პირი დაუმტვრია, სატელეფონო ზარებით ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია და ამ დროს სამსახურის რეაქცია იყო/არის 0;
პლუს, იმ ევროპული გამოცდილების გასაზიარებლად წავიყვანეთ, რომელიც არასოდეს გამოუყენებია და არც არაფერში გამოიყენებს.
რაც აქამდე ამ უწყების „განვითარებაში“ დაიხარჯა, რამე შედეგი მივიღეთ? ერთი სერიოზული საქმე არ არის იმ მუხლებით გამოძიებული, რომლისთვისაც ეს სამსახური რეალურად შეიქმნა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფაქტების საგამოძიებო სამსახურად ჩამოყალიბდა და ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე გახმაურებული ბოლო საქმეც შსს-მ წაართვა გამოსაძიებლად“.
სტატუსის ავტორს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიას „ქრონიკა+“ ქვეყანაში მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ ესაუბრა:
_ გამარჯობა, ქალბატონო ლონდა, რატომ დაიწყო ნადირობა „ოცნებამ“ სისტემის კრიტიკოსებზე? ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თქვენი აზრით, რისთვის სჭირდება, რა სარგებელს ნახულობს ამით „ოცნება“?
_ რეალურად, ამ ხელისუფლებამ დაიწყო ყველასთან ბრძოლა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. თუ გადავხედავთ წარსულს, „ოცნებამ“ ჯერ სახელმწიფო ინსტიტუტები მოაშთო, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები არ იყვნენ. პირველი ასეთი სამსახური იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საიდანაც მე გამომაბრძანეს! მერე ისეთი სახალხო დამცველი აირჩიეს, როგორიც თვითონ აწყობდათ; მერე იყო ეროვნული ბანკის სრულად პარტიაზე დაქვემდებარება; მერე ცესკო… ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან აღარავინ დატოვეს, ვისაც შეეძლო, რაღაც განსხვავებული პოზიცია ეთქვა. შემდეგ უკვე დადგა გარეთა აქტორების ჯერი. და ვინ არიან გარეთა აქტორები? _ არასამთავრობო სექტორი და მედია, რომელიც ხელისუფლების მიმართ არის კრიტიკული. მეც 15 წელი ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და, რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული მოსაზრება არ მომწონებია… ყოველთვის ვერ იტყვის არასამთავრობო ორგანიზაცია შენ მოსაწონს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ განსხვავებულ აზრს ან არ უნდა მოუსმინო, ან ასეთი მეთოდებით ებრძოლო. ამიტომ შემდეგი ეტაპი უკვე არის გარე აქტორების გაქრობა, რომელთაც შეუძლიათ უწყებების მონიტორინგი, განსხვავებული აზრის თქმა, ნაკლოვანებების დანახვა და ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი. ამით ხელისუფლება რეალურად მიდის 2024 წლის არჩევნებისკენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში მათ წაგების დიდი შანსი აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ქვეყანა მთელი თავისი ატრიბუტებით, იქნება ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, გარე აქტორები თუ ა. შ., მათთვის არ არის ხელსაყრელი მდგომარეობა ამ არჩევნებისთვის და ყველანაირად ცდილობენ, რომ არჩევნები, რომელიც ვერცერთ შემთხვევაში ამ ხელისუფლების პირობებში ვერ იქნება დემოკრატიული, რაღაცნაირად მაინც მოარგონ და ბოლოს დაწერონ, რომ ესენი არიან ამ არჩევნებში გამარჯვებულები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დარჩნენ კვლავ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში დარჩენის გზად მიაჩნიათ ზუსტად ასეთი ავტორიტარული რეჟიმი, რომლისკენაც ახლა მიდიან.
_ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, საპროტესტო აქციების აქტივისტების მიმართ მიმდინარეობს ტერორი-მუქარა, ლანძღვა-გინება სატელოფონო ზარების საშუალებით, ასევე მათ საცხოვრებელ მისამართებზე ჩასაფრება ფიზიკური ანგარიშსწორებებით… პერსონალურ მონაცემთა სამსახური, რატომღაც, არ ინდომებს შეასრულოს თავისი ვალდებულება და აწარმოოს შესული განცხადება-შეტყობინებების სრულყოფილი გამოძიება; ვერ/არ ადგენს იმ პირთა ვინაობას, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ დატერორებული მოქალაქეების პირად მონაცემებზე…
_ ამ ამბებს, დღეს რაც ხდება: დარეკვები, პლაკატების გამოკვრა და ცემა-ტყეპა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ _ აქვს ორი მხარე. პირველი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, _ საიდან აღმოჩნდა ტელეფონის ნომრები, ოჯახის წევრების სახელ-გვარები, მათი ტელეფონის ნომრები, საცხოვრებელი ადგილები ამ ადამიანების ხელში? და ამ მასშტაბის მონაცემები „ვიღაცის“ ხელში სახელმწიფოს გარეშე არ მოხვდებოდა. თუ სახელმწიფოს გარეშე ასეთი მონაცემები ვიღაცის ხელში ხვდება, მაშინ ესეც სახელმწიფოს პრობლემაა _ უსაფრთხოების პრობლემა გვაქვს. ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა ჰქონოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
სხვათა შორის, ამ სამსახურს კონკრეტული განცხადებით მიმართა რამდენიმე მოქალაქემ _ შეესწავლათ საკითხები, რაც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მათ საქმე გაუგზავნეს პროკურატურას, რომელმაც ვერაფერი დაადგინა თურმე _ ვის ეკუთვნოდა საქმეში ფიგურირებული კონკრეტული სატელეფონო ნომრები, საიდანაც ხორციელდებოდა მუქარის შემცველი ზარები. ეს არ არის სწორი მიდგომა. ყველა ზარი, ცალკე აღებული, დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ეგ ერთი, მეორე, რომც შეიცავდეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს თავის ჭრილში უნდა გაერკვია ეს საკითხი: რა მიზნით და ვინ, როდის შევიდა ამა თუ იმ პირის პირად მონაცემებში? ეს სახელმწიფო ბაზები ამ სამსახურს უნდა ენახა! მე რომ დამირეკეს, _ ვინ და რა მიზნით ნახა ჩემი მონაცემები? ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამ უკანონო წვდომებს აუცილებლად ვნახავდით. მაგრამ ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა არ გააკეთა. რატომ არ გააკეთა, მგონი, ძალიან ნათელია. ეს სამსახური არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადავიდა იგი ხელისუფლების გამგებლობის ქვეშ. ხელისუფლება ბოლო პერიოდში იღებს კანონებს თუ კანონქვემდებარე აქტებს, რომლებიც აზიანებს ამ ქვეყანაში ადამიანების პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს. ეს სამსახური ან დუმს ან უარეს შემთხვევაში ამბობს, რომ ყველაფერი არის კარგად და დიდებული ცვლილებები გვაქვს! ვენეციის კომისიამ თქვა ამ ყველაფერზე „რუსული კანონის“ ჭრილში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სამსახურის პოზიცია. ვენეციის კომისიის განმარტებით, ეს კანონი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევსო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართულმა სამსახურმა კი თქვა, _ ყველაფერი კარგადაა, მთავარია, მინისტრი როგორ დაწერს დადგენილებაში ამ ყველაფერსო. ეს სრული სისულელეა! ამიტომ ეს სამსახურიც, ყველა სხვა უწყების მსგავსად, რასაც ხელისუფლება იტყვის, იმას იმეორებს. მეორე: ზარები, მივარდნები და ა. შ. ასევე არის დანაშაული, რომელსაც ჰქვია დევნა განსხვავებული აზრის გამო. ამ დანაშაულზეც რეაგირება არ გვინახავს.
_ მაგალითად, ლადო აფხაზავა ცნეს დაზარალებულად, მაგრამ…
_ დიახ, დაზარალებულად ცნეს, მაგრამ, ნახეთ, რა მოხდა? _ ეს იყო პირველი საქმე, პირველი თავდასხმის შემთხვევა ამ ბოლო მოვლენების დროს, მაგრამ მსუბუქი მუხლით მისცეს პასუხისგებაში ის ადამიანი, 126-ე მუხლით. ეს სინამდვილეში, განსხვავებული აზრის გამო პირის დევნა იყო! რა გააკეთეს? _ დანაშაულს სხვა სახელი დაარქვეს და გირაოთი გამოუშვეს. რაც დღეს ხდება ქვეყანაში, სრული ანარქიაა, კანონის ჩარჩოებიდან გასულია ყველა, მოქალაქე იქნება ეს თუ ხელისუფლების წარმომადგენელი. ლადო აფხაზავას შემთხვევა უნდა ყოფილიყო მკაცრი დასჯის მაგალითი, რდგან ამას გავლენა ექნებოდა სხვებზე!
_ მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვარგარეთის ნომრებიდან ურეკავენ, ლანძღავენ, სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რას ურჩევდით რეკომენდაციის სახით? უპასუხონ უცხო ნომრებიდან შემოსულ ზარებს? დაუბრუნონ ზარი? ჩაიწერონ საუბარი?
_ თუ ვაიდენტიფიცირებთ, რომ ეს არის უცხო ზარი, რომელიც შეიძლება გვირეკავდეს არაკანონიერი მიზნებისთვის, ალბათ, ჯობია, რომ არ ვუპასუხოთ. ჩვენ არ ვიცით, ვის ხელშია ეს მონაცემები გადაცემული. რამდენიმემ თქვა, რომ ზარის შემოსვლის შემდეგ მათ ზუსტად იმ ლოკაციაზე მიაკითხეს-იპოვეს, სადაც ისინი ზარის უკან დაბრუნების მომენტში იმყოფებოდნენ… ასე რომ, ლოკაციასაც ადგენენ. ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, ეს იყო საფრთხე, მით უმეტეს, უკან დარეკვა… აუცილებლად უნდა მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხდებით, გამოიკვლიონ, სახელმწიფო ბაზებში ვინ ნახა მათი მონაცემები და რა მიზნით. მეორე: გააჩნია ზარის შინაარსს, თუ ეს იქნება მუქარის შემცველი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ სამართალდამცველ ორგანოს _ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელი ხაზის ნომერია 199.
_ იმედი გაქვთ, რომ სამართლებრივი შედეგები დადგება? საქმეები აღძრულია, მაგრამ დაზარალებულებს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ, გამოძიება გაჩერებულია…
_ ამ ხელისუფლების პირობებში არ მაქვს იმედი, რომ რომელიმე საქმეზე, მით უმეტეს, სადაც ხელისუფლების ხელი შეიძლება ერიოს, რამე კანონიერი, სამართლებრივი შედეგი დადგება.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ფაქტები არ უნდა დავაფიქსიროთ და არ უნდა მოვთხოვოთ სამართალდამცველ ორგანოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას რეაგირების განხორციელება. ის, რომ მათი უმოქმედობა ვაჩვენოთ, ეგეც მნიშვნელოვანია. მიდგომას, რომ მაინც არაფერი ეშველება, არ გამოიძიებენ ამ საქმეებს და ამიტომაც არ მივმართოთ, ამას არ ვეთანხმები. ეს იქნება კიდევ ერთი კომფორტის შექმნა ამ ორგანოებისთვის _ არ მომმართა და როგორ გამოვიძიებდი?
_ ასეთ მოცემულობაში სახალხო დამცველის როლი როგორია?
_ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა სახელმწიფო უწყებები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, სახალხო დამცველს აქვს მოქალაქეზე მეტი ბერკეტი _ შევიდეს, მასალები ნახოს, დოკუმენტები გამოითხოვოს, უფრო კომპეტენტური ინფორმაცია საზოგადოებასაც მიაწოდოს და კონკრეტულ მოქალაქესთანაც ანგარიშვალდებული იყოს! ზარი შემოჰკრას, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მძიმდება. ამას სახალხო დამცველისგან ვერ ვხედავ _ იგი დღეს იმ როლს არ ასრულებს, რასაც უნდა ასრულებდეს. როდესაც სახალხო დამცველად ირჩევდნენ ამ ადამიანს, სამწუხაროდ, მის არჩევაში რამდენიმე ოპოზიციურმა დეპუტატმაც მიიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დღეს გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას არსებული რეალობის გამო, როგორი სახალხო დამცველიც შერჩა ქვეყანას.
_ სახელმწიფო ინსპექციის სამსახურისა და სპეციალური საგმოძიებო სამსახურების ბიუჯეტი ერთად 11 მილიონს შეადგენს. რამდენად ასრულებს ეს ორი უწყება დღეს დაკისრებულ ფუნქციას? რისთვის ვუხდით მოქალაქეები ამ სამსახურებს ფულს?
_ ისევ სჯობდა, პროკურატურაში დაებრუნებინათ საგამოძიებო სამსახური, ვიდრე კიდევ ცალკე სამსახური შეექმნათ ამისთვის, თუ მართლა არაფერს აპირებდნენ. დღეს ყველაზე კაგად გამოჩნდა, რომ ისინი ფუნქციას ვერ ასრულებენ და, შესაბამისად, შედეგებსაც ვერ დებენ. დიახ, ჩვენი მოაქალაქეების ფული წმინდად წყალში გადაყრილია, რადგან მოქალაქეს როცა სჭირდება ეს სამსახური, ფაქტობრივად, ვერაფერში ეხმარება.
_ საჯარო სამსახურში მომუშავე კადრებსა და სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებზე განხორციელებული ძალადობა, მათი იძულებითი ჩამოყვანა დედაქალაქში აქციებზე, ჩატებში მესიჯბოქსების ტექსტების სავალდებულო გავრცელება… ამ ყველაფერს მმართველი პარტია აკონტროლებს. საჯარო მოხელეთა რიგებში არიან აპოლიტიკური ადამიანებიც, რომლებმაც არ იციან, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები… მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, ამიტომ ირჩევენ დუმილს, რომელსაც დღეს ოქროს ფასი არ აქვს…
_ მეც ძალიან მიჭირს საჯარო მოხელეების კრიტიკა, რთულია წინააღმდეგობის გაწევა, როცა იცი, რომ სრულად ამ ადამიანების გადაწყვეტილებაზეა შენი მომავალი ცხოვრება დამოკიდებული… სამსახურის დაკარგვის წინაშე დგანან, რაც ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს, რომ შეიძლება შიმშილით მოკვდე. როდესაც საჯარო სამსახური გიშვებს, შეიძლება დაგბლოკოს სხვაგანაც _ კერძო სექტორიც კი პოლიტიზებულია. ეს ადამიანები არსებობის რისკის ქვეშ დგებიან. მიჭირს მათი გაკრიტიკება.
იძულება _ ეს არის დანაშაული, იძულება არის ისეთი ქმედების განხორციელება, როდესაც გაძალებს ვიღაც იმას, რაც შენს ნება-სურვილს არ შეესაბამება. რა შეუძლიათ ასეთ შემთხვევაში გააკეთონ? ბევრი გადის კონსულტაციას ჩემთან ამ საკითხის გარშემო… ერთეულებს ძალიან უჭირთ გაბედვა, ამიტომ პროტესტი თუ იქნება მრავალრიცხოვანი და ერთსულოვანი, მაშინ ძალიან ძნელი იქნება ასეთი ერთსულოვნების ჩახშობა ხელისუფლების მხრიდან. ერთი _ შეუძლიათ უთხრან, რომ ასეთი სახის ძალადობა არის დანაშაული და მათ აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. მეორე _ შეინახონ „სქრინები“, მესიჯები, რადგან დღეს თუ ვერ იპოვიან ამისთვის ძალას, ხვალ აუცილებლად ნხავენ, რათა ამის შესახებ ვინმეს მიმართონ.
_ ხედავთ თუ არა საქართველოს უახლოეს მომავალში ევროკავშირში, როგორია თქვენი პროგნოზი?
_ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ხალხზე! ევროკავშირიც და ამერიკაც ძალიან კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება არის სხვაგან და ხალხი _ აბსოლუტურად სხვაგან. დარწმუნებული ვარ, ევროპა და ამერიკა არ დაგვტოვებს ამ ავტორიტარული რეჟიმის ხელში. არ უნდა დავიღალოთ. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ვაჩვენებთ არჩევნებზე. შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ და თუ ყველანი წავალთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, არჩევნების შემდეგ პროცესები გაგრძელდება და მივალთ იქ, სადაც მივდივართ _ ევროპაში.