ლევან ხაბეიშვილი: „ოღონდ „ქართულ ოცნებას“ არ მისცენ ხმა და სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა ჩემთვის მისაღებია“
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელებს მერობის კანდიდატს, მარტო არ იქნება და გვერდით პარტნიორი პარტიები ეყოლება“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი და თუ ნიკა მელია უარს იტყვის დედაქალაქის მერის პოსტზე კენჭისყრაზე, ვის შეიძლება ჰქონდეს მეტი შანსი თბილისელების მხარდაჭერის მოსაპოვებლად? სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კანდიდატად ლევან ხაბეიშვილიც განიხილება. მას თბილისის საკრებულოში საკმაოდ აქტიური საქმიანობის გამოცდილება და დედაქალაქის პრობლემების კარგი ცოდნა უმაგრებს ზურგს. რას ფიქრობს ამ საკითხზე და რას გეგმავს ადგილობრივი არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“? ასევე რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა.
_ თბილისის მერის პოსტზე პარტიაში ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. პირადი პოზიცია მაქვს, რომ ნიკა მელია იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაინტერესებს თბილისის საკითხები.
2014 წლიდან აქტიურად ვმუშაობ თბილისის პრობლემატიკაზე, ჯერ კიდევ მედიაცენტრ „მედიატორიდან“ არაერთი სტატია და კვლევა გვაქვს დაბეჭდილი „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. წლების განმავლობაში თბილისის საკითხებზე ვმუშაობ და, ალბათ, ლოგიკურია, რომ ამ მიმართულებით ადამიანები აკავშირებენ ჩემს მომავალს. პირდაპირ გეტყვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის ჩემი ინტერესის სფერო. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობდე ამ მიმართულებით, ასე არ არის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე არის ის,რომ 43 %-ის მიღება ვერ მოახერხოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ სწრაფად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, მე მგონია, რომ ჩვენს პარტიაში გვყავს ისეთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დადოს ბეჭებზე. მან ეს გააკეთა გლდანში და ახლა იგივე უნდა გავაკეთოთ დედაქალაქში ყველამ ერთად. ეს არის ჩემი სურვილი და დანარჩენი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
_ გარდა მერობისა, მნიშვნელოვანია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა, ამ მხრივ რას იტყვით?
_ თუკი გუნდი იფიქრებს და ჩამოვყალიბდებით, რომ რომელიმე ადგილას უფრო საჭირო გავხდები, უარს არ ვიტყვი. არ ვამბობ, რომ მაჟორიტარად არ ვიყრი კენჭს ან საკრებულოში არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. სადაც გამოვადგები საერთო საქმეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, არ მაქვს პრობლემა, დედაქალაქში რაიმე პოზიციაზე დავეხმარო პარტიას ან ოპოზიციას.არ ვიცით, ჯერ, საბოლოო ჯამში, როგორ ჩამოყალიბდება სტრატეგია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ამ ბრძოლაში მე ჩემს როლსაც ვხედავ, რა პოზიციაზე, ეს არ არის ჩემთვის ახლა საფიქრალი.
_ ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ თვითონ არ აპირებს თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას და თუ განიხილება პარტიაში ამ დროისთვის სავარაუდო კანდიდატები?
_ მელიას გარდა სხვა კანდიდატურა ამ დროისთვის არ განიხილება. მესმის ნიკასი, რომ ის სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ იმ დრომდე, ვიდრე სხვა კანდიდატი არ დასახელდება, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს კანდიდატი ნიკა მელია იყოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ დისკუსია იმის შესახებ, რომ თუ ნიკა არა, აბა, სხვა ვინ უნდა იყოს, არ გახსნილა.
_ მიჩვეული ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ კანდიდატურებს საჯაროდ არჩევენ, ბოლოს ასე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე. რამდენად შესაძლებელია, რომ მერობის კანდიდატზეც იგივე გაკეთდეს?
_ ნიკა მელიას კანდიდატურას არანაირი პრაიმერისი არ სჭირდება, მაგრამ რადგან თქვენ უშვებთ ამ შესაძლებლობას, გამოგყვებით ამ ლოგიკაში. თუ მოგვიწია სხვა კანდიდატურის დასახელება, ალბათ, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს დემოკრატიული წესი, რომელიც არის ამ პარტიის მიერ დამკვიდრებული, ამ შემთხვევაშიც გამოვიყენოთ. ამ დრომდე არ გვიმსჯელია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, თუ, რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ იქნება მერობის კანდიდატი.
_ წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იყო კოალიციის სახით, ახლა როგორ ფიქრობს იგი თანამშრომლობას სხვა პარტიებთან? იქნება კოალიცია, თუ საერთო ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია არის შესაძლებელი?
_ ამ დრომდე კანდიდატურაც იმიტომ არ გვყავს დასახელებული, რომ ჩვენ ვცდილობთ საერთო ენის გამონახვას სხვა პარტიებთან. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის ერთობა და მნიშვნელოვანია, რომ როგორღაც ერთიანი კანდიდატით ჩამოვყალიბდეთ. თუნდაც იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც არ იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციური პარტიებისთვის, ოღონდ თუ კანდიდატურა იქნება ისეთი, რომელიც მოგებისთვის იბრძოლებს და ამის სურვილი თავადაც ექნება. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, თუ შევძლებთ შეთანხმებას ოპოზიციის საერთო კანდიდატზე, ეს ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ შევძლებთ, დარწმუნებული ვარ, როდესაც დავასახელებთ ჩვენს კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო არ იქნება და ოპოზიციური პარტიებიდან რამდენიმე პარტნიორი გვეყოლება გვერდით. მათ შორის, ისეთი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათი გადასაწყვეტია. ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ოღონდ „ქართულ ოცნებას“ არ მისცენ ხმა და სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა ჩემთვის მისაღებია.
_ რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები?
_ ძალიან ცუდი ადამიანი ვიქნები, ალბათ, რომ დავასახელო, რომელ პარტიებთან მიმდინარეობს კონსულტაციები. შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველასთან, ოღონდ ვისთან გამოვა და ვისთან _ არა, ამას ვერ გეტყვით. ყველას ველაპარაკებით: „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელ“ს, „გირჩს“, ელენე ხოშტარიას, მეორე „გირჩს“, ყველას ველაპარაკებით. რა გამოვა აქედან, მალე ვნახავთ. არ მგონია, ამას 3-4 დღეზე მეტად დააგვიანდეს, რადგან ძალიან ცოტა დრო გვაქვს და საარჩევნო კამპანია სწრაფად არის დასაწყები, მერობა და საკრებულოც უკან დაგვრჩება, თუ 43%-ზე ნაკლები არ ავაღებინეთ „ოცნებას“. ისე კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ ნებისმიერი მანიპულაციის შემთხვევაში, 43-პროცენტამდე ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“.
ეს მგონია მთავარი ამოცანა და ამის მერე უკვე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების დაკომპლექტება.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს „ლელოსთან“, „სტრატეგიასთან“, ანუ იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში „შარლის რეფორმების ჯგუფში” არიან გაერთიანებულები,რაც სიახლე იყო…
_ მოლაპარაკებები ყველასთან მიდის, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ლაპარაკის პრობლემა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირებული აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცდილობთ კომუნიკაციის დამყარებას მათთან, ასევე ყველა პარტიასთან და პოლიტიკურ ჯგუფთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე თამამად შეგვეძლება საუბარი, ვისთან ვთანამშრომლობთ ამ არჩევნებზე და ვისთან ერთად გავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ თუ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დამოუკიდებლად დააყენებენ კანდიდატურას, ეს არ ნიშნავს, რომ საერთო ოპოზიციური ხაზი არ გვექნება. ოპოზიცია კოორდინებულად უნდა მუშაობდეს და ამას მაინც მოვახერხებთ, რომ მიუხედავად ოპონირებისა და ერთმანეთთან კონკურენციისა, შევძლებთ ჯანსაღად ვითანამშრომლოთ ისე, რომ „ქართული ოცნების“ წისქვილზე არ დაასხას წყალი ოპოზიციის არც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ გაერთიანებამ.
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას. ეს და ასევე ის პროცესები, რაც უძღოდა ამას წინ, როგორ აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალურ მხარდაჭერაზე?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ისე, რაც მოხდა. ჩვენ შარლ მოშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, მაგრამ დანარჩენმა ოპოზიციამ, გამონაკლისის გარდა, ხელი მოაწერა. გამოვიდა ისე, რომ ჩვენი ბოიკოტით რიგგარეშე არჩევნები აღარ მიიღწეოდა. ამ ბოიკოტის შედეგად ოქტომბერში დაინიშნა რეფერენდუმი, ახლა გვინდა თუ არ გვინდა, ამ რეფერენდუმში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, რადგან ესეც არის ბრძოლის ერთ-ერთი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფიქრობდით, უფრო მეტის წამოღება შეიძლებოდა ამ მოლაპარკებიდან. ამ 43%-იან რეფერენდუმში შესვლა გვიწევს. რაც შეეხება ხელის არმოწერას, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეს არის ამნისტია, რასაც ვერ და არ დავეთანხმებით, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ხელმოწერა მასზე არ იქნება. სანამ ჩვენ ხელს არ ვაწერდით ამ შეთანხმებას, ამ დროს „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება უკვე დარღვეული ჰქონდა. მოსამართლეები დაამტკიცეს, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდოდა, ვგულისხმობ იმ 22 მოსამართლეს, რომელიც უკვე დამტკიცებულია და კიდევ ახალი 9 მოსამართლის განხილვა იწყება. შესაბამისად, უკვე დარღვეული შეთანხმება, იქ ამნისტიის კანონი, რომელიც, ვფიქრობ, კობახიძე-გახარია-ჩუბინიძის გარდა არავის სჭირდება, არის მიზეზი დოკუმენტზე ხელის არმოწერისა. ეს კანონპროექტი, რომელიც მათ დანაშაულების გადაფარვას ემსახურება, ახლა შეჩერებული აქვთ და ძალიან კარგი იქნება, თუ საერთოდ არ მიიღებენ, საზოგადოება მოიგებს ამით.
სხვა მიმართულებით მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ჩვენ ვიზიარებთ, იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე ცესკოს შესახებ. განსხვავებით „ქართული ოცნებისაგან“, რომელიც არ იზიარებს ამ სულისკვეთებას და უკვე იმდენად დამძიმდა სიტუაცია, რომ აშშ-ის საელჩო იძულებულია, დამარკერებული განცხადება გამოაქვეყნოს.
_ საარჩევნო კოდექსს თქვენ მხარი არ დაუჭირეთ, რა იყო ამის მიზეზი?
_ ჩვენ საარჩევნო კოდექსს მხარი არ დავუჭირეთ და ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი: ჯერ ერთი, ლეიბორისტულ პარტიას კომისიის წევრი არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ გადალახა ბარიერი და პარლამენტში ერთი ადგილი მოიპოვა, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, გამოიყენებენ თუ არა. ამას მხარს ვერ დავუჭერდით, იმიტომ რომ ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიას წაართვეს კომისიის წევრი და მათ შორის მისცეს ისეთ პარტიას, რომელიც პარლამენტში არ არის, ამ შემთხვევაში პაატა დავითაიას პარტიას. რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ პაატა დავითაიას პარტიას ჰყავდეს კომისიის წევრი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში შესულ პარტიას არ აძლევენ და პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიას აძლევენ, მგონია, რომ ძალიან მარტივი მისახვედრია საზოგადოებისთვის, რას ემსახურება ეს. ეს არის სადამსჯელო ღონისძიება ამ კონკრეტული პარტიის მიმართ. ასევე ჩვენს ბლოკში შემავალ პარტიას, ვგულისხმობ პაატა დავითაიას „ევროპელ დემოკრატებს“, ჰქონდა სრული უფლება, ჰყოლოდა წევრი საარჩევნო კომისიაში.
ამას გარდა, 40%-იანი ბარიერი, რომელიც შემოიღეს მაჟორიტარებზე, ეს ემსახურება „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლს. მეორე ტურის ფინანსები არავის აქვს და ცხადია, ეს ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს.ეს ორი მიზეზი არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს.
_ თქვენ პაატა დავითაია ახსენეთ და ის უკვე ღიად საუბრობს 2020 წლის არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის შედგენის პრობლემებზე. მოლოდინი იმისა, რომ ის სიის პირველ ათეულში იქნებოდა, დასრულდა იმით, რომ გამსვლელ სიაშიც ვერ მოხვდა. ახლა მისი პარტიისთვის კომისიის წევრობა სალაპარაკო გახდა?
_ ჩვენს ბლოკში იყო და იმით მიიღო. უკაცრავად, პაატა დავითაიას პარტიამ აიღო ეს ხმა? ჩვენს ბლოკში არის კიდევ ერთი პარტია, რომელსაც პარლამენტში 4 წევრი ჰყავს და იმას არ მისცეს კომისიის წევრობა.
არ მინდა ახლა სიაზე ლაპარაკი, არ ვიცი ეს, არ მგონია, რომ ვინმეზე ნაკლები დამსახურება მქონდეს, მათ შორის, პაატა დავითაიაზე.
სია დაიწერა ისე, როგორც დაიწერა, მათ შორის, ბლოკში შემავალი სხვა პარტიების ინტერესების გათვალისწინებაც იყო მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. მე იმას კი არ ვამბობ, რომ პაატა დავითაიას პარტიას არ ჰყავდეს კომისიის წევრი, მაშინ იმ პარტიასაც ჰყავდეს, რომელიც 4 წევრს ითვლის პარლამენტში.
_ როგორც ვიცი, ეს საკითხი „დაფინანსების წესს“ მიება.
_ ამ პარტიამ დაფინანსებაზე უარი თქვა და რადგან ხალხის ფულზე უარი თქვეს, ამის გამო უნდა დაისაჯონ და კომისიის წევრი არ უნდა მისცენ? ეს სამართლიანი არ არის.
_ რეგიონებში რამდენად ძლიერი იქნება თქვენი პოზიციები და რა სტარტეგიას განავითარებს ოპოზიცია?
_ რეგიონებშიც გვეყოლება კანდიდატები, იქაც ვეცდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებას. ეს მუშა პროცესია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს გამარჯვებისთვის ყველგან. წინა არჩევნებზეც ყველა დიდი ქალაქი მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყველა ოლქში, ყველა სამაჟორიტარო უბანში ჩვენ ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43%. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ.
_ გიორგი გახარიას პარტიის შესახებ გკითხავთ: სოციოლოგიური კვლევებით, ამ პარტიამ ორნიშნა რეიტინგი დადო. ხომ არ წაართმევს ის ამომრჩეველს არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას, არამედ _ ოპოზიციასაც?
_ გახარია „ქართული ოცნების“ სახე იყო და მგონია, რომ მის ხმებს გაყოფს ორად. რაც მეტს აიღებს გახარია, უკეთესი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გადაახტეს ამ 43 პროცენტს.
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს 35 პროცენტზე მეტის აღებას, ამიტომ გახარიას 5 პროცენტი იქნება, 8 თუ 13, ფაქტია, ის ხმების 90 პროცენტს წაართმევს „ქართულ ოცნებას“. იმის თქმა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს წაიღებს, სასაცილო იქნება. „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი იყო 2020 წლის არჩევნებში, თუ ვინმეს მისთვის ხმის მიცემა უნდოდა, მისცემდა „ქართულ ოცნებას“. 2 პროცენტი, შესაძლოა, მოაკლდეს „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩეველს, ასევე სხვა პარტიებს.
ირინა მაკარიძე