ლევან სამუშია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია!“
ნენე ინჯგია
ღარიბაშვილი: “თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ძლიერად, დამაჯერებლად გაიმარჯვოს და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება.”-
ეს არის აღიარება, რომ მიშელის დოკუმენტს ვერსად გაექცევიან. სიტყვებით ჟონგლიორობა დაიწყო, არ სურს საჯაროდ აღიარება, რომ მიშელის დოკუმენტი ძალაშია და ამბობს დამაჯერებელად გავიმარჯვოთ და სამი წელი არჩევნები არ გვექნებაო.
43 % -იანი ბარიერის დაუძლევლობა ბუნებრივია არ არის დამაჯერებლობა და ვადამდელი არჩევნები იქნება.
P.S. ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია! საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!“, – წერს სამუშია.
რატომ არის დარწმუნებული ვადამდელ არჩევნებში, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახერხებს თუ არა ამომრჩევლამდე საკუთარი სათქმელის მიტანას და რა არის მათი მაქსიმუმი ამ არჩევნებზე.
აღნიშნულ თემებზე, „ქრონიკა+“ „ლელო საქარტელოსთვის“ ლიდერ ლევან სამუშიას ესაუბრა:
_ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, – რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. ამის საფუძველს გვაძლევს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ძალაშია. „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა თქვას, ამ დოკუმენტის ანულირება უბრალოდ გამორიცხულია. ის, რომ მათ გამოაცხადეს ეს დოკუმენტი ანულირებულად, მათი პანიკური შიშის მაჩვენებელია. შიშის იმისა, რომ ისინი მარცხდებიან და ეს კარგად იციან. ეს დოკუმენტი არის, სწორედ, ის დოკუმენტი, რომელზეც „ლელომ“ ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო. თავიდან, ამის გამო ჩვენი მისამართით კრიტიკა ისმოდა, მაგრამ ყველა ის ძალა, რომელიც გვაკრიტიკებდა დღეს დარწმუნდა და თვითონაც აღიარებენ, რომ ეს არის უმთავრესი დოკუმენტი, რომლითაც ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს ქვეყანაში.
_ გასაგებია, მაგრამ ამავე დოკუმენტის თანახმად არსებობს 43 %-იანი ბარიერი, რას აკეთებს ოპოზიცია და კონკრეტულად „ლელო“ იმისათვის, რომ ეს 43 % მმართველმა გუნდმა ვერ მიიღოს არჩევნებზე?
_ „ლელო“ იყო, არის და იქნება, მოწინავე ყველა პოლიტიკურ პროცესში და იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნების გზით გასტუმრებული იქნას ხელისუფლებიდან და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამისათვის კი „ლელო“ აქტიურად ხვდება საქართველოს რეგიონებში თავიანთ წარმომადგენლებს, მოსახლეობას, აბსოლუტურად ყველას და ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას შეძლებისდაგვარად, ამ კოვიდპანდემიაში, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. ჩვენ ხმამაღლა იმის თქმის საშუალებას, რომ ვადამდელი გარდაუვალია გვაძლევს მოქალაქეების განწყობა. განწყობა იმისა, როგორმე გაუშვან ხელისუფლებიდან ეს პოლიტიკური ჭირი, რაც მოედო ქართულ სახელმწიფოებრიობას.
_ პანდემიას ახსენეთ და არსებითად ახდენს თუ არა უარყოფით გავლენას შექმნილი ეპიდვითარება წინასარჩევნო კამპანიაზე?
_ „ლელოზე“ მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით ვუდგებით შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ძირითადად ოპოზიციური პოლიტიკური სპეტქრიც ასე იქცევა. ბუნებრივია, ვერ იქნები ისეთი თავისუფალი გადაადგილიებისა და შეხვედრების კუთხით, როგორც პანდემიამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ამომრჩეველს არ უნდა შევხვდეთ. ჩვენ უნდა შევხვდეთ ყველა იმ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით, რაც არსებობს. განსხვავებით ოპოზიციისგან, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ კულტურის სამინისტროდან დაწყებული არ დარჩენილა არავინ, შუა პანდემიის დროს ტაშფანდურს მართავენ. არაფრად აგდებენ ადამიანების შესაძლო ინფიცირების რისკებს, მათთვის მთავარია პირადი პოლიტიკური ამბიციები, – ამას ყველა კარგად ვხედავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
_ ოპოზიცია ცდილობთ ეს არჩევნები, როგორც რეფერენდუმი ისე მიაწოდოთ ხალხს, იმით, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს არქმევთ, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას ხომ არ აკნინებს?
_ პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს არჩევნები ნამდვილად რეფერენდუმია და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დასავლეთსა და რუსეთს შორის. თვეების წინ, როგორც კი მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ დღიდანვე ვიძახდით, რომ ეს იქნებოდა რეფერენდუმი და უმნიშვნელოვანესი არჩევნები. თქვენ თქვით, ხომ არ აკნინებს ეს თვითმმართველობის არჩევნებსო, არა თუ აკნინებს, არამედ ძალიან დიდ წონას სძენს. ვერანაირი წარმატების მიღწევა ვერ იქნება, თუ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არ განვითარდა. ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში, რაიმე დემოკრატიულ ძვრებზე საუბარი წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, შესაცვლელია ხელისუფლება და ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი, სამართლიანი და სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს 2 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ნამდვილად რეფერენდუმია. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც რეფერენდუმს. „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა მიშელის დოკუმენტი, რაც სრული აბსურდია. „ქართულ ოცნებას“ ზუსტად ის აშინებს, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია. ისინი ცდილობენ, რომ ამომრჩევლის აქტივობა მაქსიმალურად დაწიონ და არჩევნებზე არ მივიდეს საზოგადოება, განსაკუთრებულად კი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი. ამიტომაც, ერთადერთ შანს ხედავენ და ტყუილებს საუბრობენ, რომ თითქოს გავიდნენ ხელშეკრულებიდან. ყველა მხარე ვინც კი ჩართული იყო ამ შეთანხმების გაფორმებაში, „ქართული ოცნების“ გარდა ყველა ამბობს, რომ ეს შეთანხმება ძალაშია. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ პირველ რიგში, უპასუხისმგებლოა და მათი ეს განცხადება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალონ არჩევნებზე ამომრჩევლის მოსვლას და მაღალ აქტიურობას, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
_ დღევანდელი მოცემულობით, რამდენად აქვს გაცნობიერებული საზოგადოებას ის, რომ ამ არჩევნების რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს და რა ბერკეტები გაქვთ ოპოზიციას იმისთვის, რომ საზოგადოება ამაში დაარწმუნოთ?
_ ჩემთვის წარმოუდგენელია, ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ გათვიცნობიერებული რა სახის და რა წონის არჩევნებია ეს. ვინაიდან, „ქართული ოცნებამ“ მოიტანა ყოველგვარი უბედურება, მათ შორისეკონომიკური სიდუხჭირე. გარდა ამისა, მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის ინტეგრაციის ჩახშობას დასავლეთთან და ყოველგვარი ძაფების გადაჭრას, რაც კი დასავლეთთან გვაკავშირებს. დანაშაულებრივი ქმედებაა, რაც გააკეთეს, გასულ კვირას, როცა თქვეს, რომ თითქოს სესხის ხელშეკრულება იყო და ევროკავშირს სესხზე უთხრეს უარი, ეს არანაირი სესხი არ ყოფილა. ეს იყო ფინანსური დახმარება. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცოდა, რომ არ შეასრულეს ის პირობა, რაც უნდა შეესრულებინათ და ვერ მიიღებდნენ დახმარებას, ახლა კი ამბობენ, რომ სესხზე თქვეს უარი. ამ შემთხვევაში მთავარი ეს ფინანსური დახმარება კი არ არის, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, დასავლეთით გვიდგას სული, თუმცა აქ მთავარია, რომ ამით მმართველმა გუნდმა გზავნილი გაუკეთა უამრავ ინვესტორს, რომ საქართველოში თანხა არ იქნას ჩადებული. ასევე, ეს არის დასავლეთის მიმართ პირდაპირი გზავნილი, რომ „ქართული ოცნება“ კურსს იცვლის. ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. გარდა ამისა, პირდპირ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კოვიდგენოციდია. წარმოუდგენელი რამ ხდება, ყოველ დილას, 11:00 საათის მოსვლა და კოვვიდსტატისტიკის შესახებ მორიგი ინფორმაციის მიღება გვზარავს და წარმოუდგენელი სიმძიმეა ამის მოსმენა. ამ დროს კი ღარიბაშვილი გამოდის და ქვეყნის ლუქსემბურგად გადაქცევაზე გველაპარაკება. ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გვესმოდა ოპოზიციისგან, რომ ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნები, რომ ამაზე იყო დამოკიდებული დასავლურ თუ პრორუსულ ორბიტაზე აღმოვჩნდებოდით, საბოლოო ჯამში, 2020 წლის არჩევნები დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, რა განასხვავებს შარშანდელ არჩევნებს ამ კუთხით წლევანდელისგან იმ კუთხით, რომ უფრო მეტად დაიჯერებს ოპოზიის გზავნილს საზოგადოება?
_ პირველ რიგში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა ის, რომ დღეს გვაქვს რეფერენდუმი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, ოპოზიციისა და პირველ რიგში, საზოგადოების დიდმა პროტესტმა მოიტანა ის, რომ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებამ პირდაპირ აღიარა და ეჭვქვეშ დააყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. როდესაც 43 %-იან ბარიერსა და შედეგების შესაძლო გადასინჯვაზე შედგა საუბარი, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. ასევე, აღიარეს პოლიტპატიმრები არსებობა ქვეყანაში. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და მიშელის დოკუმენტმა მოიტანა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაასმაგებული ყურადღებით დააკვირდება 2021 წლის არჩევნებს. სწორედ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვნახეთ არაერთი თაღლითობა და გადაგდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების. აქედან გამომდინარე, წელს იქნება უპრეცედენტო სადამკვირვებლო მისიები. მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება ძირეული და გარდამტეხი ქვეყნის მომავლისათვის, ჩვენი მოქალაქეები იმ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, რომელსაც ჰქვია ქვეყნის დასავლური მომავალი, და არა ქვეყნის პუტინიზაცია, რის გაკეთებასაც დღეს ღარიბაშვილი ცდილობს.
_ თქვენ თქვით, რომ ‘2020 წლის არჩევნები არ ჩატარებულა’, როგორც არ ჩატარდა 2020 წლის არჩევნები, მიუხედავად იმს სადამკვირებლო მისიისა, რომელზეც ისაუბრეთ,წელსაც იმ ტიპის არჩევნები, რომ მივიღოთ და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს 43 %-ის მიღება ან „დაწერა“, შემდეგ რა ხდება, რა არის ოპოზიციის გეგმა?
_ მე დარწმუნებული ვარ, რომ 43 %-ის დაწერას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს. ჩვენი მოქალაქეების აქტიურობის პირობებში „ქართული ოცნება“ ამას ვერ მოახერხებს. ასევე, სადამკვირვებლო მისიების მხრიდან იქნება განსაკუთრებული ყურადღება, ყველამ კარგად იცის, რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“. ეს იქნება ის არჩევნები, რომელიც იქნება საეტაპო ქვეყნის განვითარებისათვის. მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ქვეყნის დასავლური მომავლის აღორძინებისათვის და არა რუსული მომავალის აღორძინებისთვის, რასაც „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული ოცნება აქტიურად ანხორციელებს. ეს არის ღიად რუსული ძალა, უკვე ვეღარც კი მალავენ. უკვე ჩრდილიდანაც გამოვიდნენ სხვა გზა არ დარჩენიათ, მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველანაირი ბმა გაწყვიტონ დასავლეთთან.
_ გასაგებია, რომ დარწუნებული ხართ, რომ „ქართული ოცნება“ 43 %-ს ვერ მიიღებს, როგორია თქვენი მოლოდინი „ლელოსთან“ მიმართებით, რა არის ის მაქსიმუმი რისთვისაც „ლელო“ იბრძვის ამ არჩევნებზე?
_ პროცენტებზე საუბარი არ იქნება სერიოზული და არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის მხარდამჭერის ძალიან დიდ იმედი. პარტიაში გვყავს პროფესიონალთა გუნდი. გვაქვს ხედვა და პროგრმა კონკრეტულ სფეროებში წარდგენილი. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს წარდგენილი გვქონდა „მარშალის გეგმა“. მაქსიმალურად ვაქტიურობთ და ვმუშაობთ ჩვენს ამომრჩეველთან ჩვენი სათქმელის მისატანად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩევლების, საქართველოს მოქალაქეების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვექნება.