ლევან ალაფიშვილი: „ამომრჩეველი ჩამოყალიბდა, რომ არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“
ქართულ რეალობაში მხოლოდ არჩევნების თარიღები იცვლება, დაპირებები და პოლიტიკოსები _ არა. უკვე 30 წელია, ქართული პოლიტიკა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ძველისგან განსხვავებულს? _ ჯერჯერობით, ვერც ვერაფერს.
როგორი პოლიტიკური მოცემულობის წინაშე ვდგავართ? მოუწევს თუ არა ამომრჩეველს შავ-თეთრი არჩევანის გაკეთება? რა როლს თამაშობს პოლიტიკურ პროცესებში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ ბატონ ლევან, პირველ რიგში, საუბარი დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებით, _ რა ტიპის კამპანია აქვთ პოლიტიკურ პარტიებს? რამდენად პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს მათი გზავნილები?
_ სამწუხაროა, რომ შეიძლება ეს ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა, ეს ახალი თაობისგან მოგვესმინა. ყოველ შემთხვევაში, მაინც ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, ჯერჯერობით, მე-20 საუკუნის სტილის საარჩევნო კამპანიას ვადევნებთ თვალყურს, რაც ნაკლებად საინტერესოა. 21-ე საუკუნეს თავისი სიახლეები და განსხვავებულობა აქვს. სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ჩანს ამდაგვარი რამ. შესაძლებელია, ეს იმ მდგომარეობითაც იყოს განპირობებული, რაც გაზაფხულიდან ხდება, ვგულისხმობ კორონავირუსს და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს სპეციფიკა. უბრალოდ, საქართველოს შემთხვევაში გლობალურ პანდემიას დაემატა ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სადაც პოლიტიკური ოპონენტები სოლიდარულები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, გაზაფხულზე იყო მინიმალისტური. საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილებით, იმ გზით ვიარეთ, რომელმაც ჩვენი ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო და ასეთივე პერსპექტივა გველის. ამ პირობებში, ბუნებრივია, პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ შეიძლება ძალიანაც მოწადინებულები არიან, რომ გაიმარჯვონ, მოვიდნენ ქვეყნის მართვის სადავეებთან, მაგრამ იქვე ახსენდებათ, სავარაუდოდ, რომ უმძიმესი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ და შესაბამისად ცოტა ფრთხილობენ კიდეც. სახალისოდ რომ ვთქვათ, ძალიან უნდათ, მაგრამ ერიდებათ გამარჯვება. (იცინის) თან უნდათ, თან არა გამარჯვება, იმიტომ, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ ძალას ელის ცალკე აღებული თუ სხვებთან გამარჯვების შემთხვევაში, პრაქტიკულად, ხარაკირის ტოლფასი უნდა იყოს, მინიმუმ, 1-2 წელი. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებები, მით უმეტეს, სუსტად განვითარებული პარტიული სისტემის პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, მზად იყოს ამ მასშტაბის პასუხისმგებლობისთვის, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, სოციალური მძიმე ფონი, ეკონომიკა და პოლიტიკა, შესაბამისად, ეს ყველაფერი განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალს, ისევე როგორც წინასაარჩევნო კამპანიას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ არიან გამონაკლისი პარტიები. რომელი პარტია იგულისხმეთ, „გირჩი“?
_ არა მხოლოდ „გირჩი“, არიან ახლებიც, რომლებიც ცდილობენ დამკვიდრებას და მათთვის პროგრამა მაქსიმუმი სულაც არ არის მმართველობის სათავეში მოსვლა ან ერთპიროვნული მმართველობა. ისინი მკვიდრდებიან პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. ცდილობენ, არსებულისგან განსხვავებულის შემოტანას. რაც სხვა დემოკრატიის ქვეყნებში გავლილია, საქართველოში ახლა ცდილობენ ყველაფერს. სამწუხაროდ, ახალმა თაობამ, ივნისის თაობამ, რომელიც 2015 წლიდან, ყოველი მეორე წლის ივნისში, თავისი მაღალი პასუხისმგებლობითა და სოლიდარობით გვახსენებდა თავს, კონსოლიდაცია, პოლიტიკური განაცხადის გაკეთების თვალსაზრისით, ვერ თუ არ შეძლო. ეს მათი გადასაწყვეტია, მე მათ მხოლოდ ვგულშემატკივრობ. მთელი პოლიტიკური სპექტრი რომ ავიღოთ, ყველაზე მეტად სწორედ მათ მოსვლას ველი. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გააკეთეს ეს განაცხადი, ანუ ახალი თაობა არ შემოვიდა უშუალოდ პოლიტიკურ ასპარეზზე, ამიტომ სიახლეებიც, ჯერჯერობით, გადავადდა. არსებული პოლიტიკური პარტიები კი, როგორც ჩანს, არ არიან მზად, ახალ თაობას ან ჩვენ, საზოგადოებას სიახლეები შეგვთავაზონ.
_ თქვენ ახსენეთ ახალი თაობა. საზოგადოებაშიც იყო ამის მოლოდინი, რომ ახალი თაობა თვითონ წარდგებოდა ამომრჩევლის წინაშე ერთიანი ძალებით, თუმცა ეს ახალგაზრდები, რომლებმაც 2015 წლიდან დღემდე მნიშვნელოვან პროცესებში მიიღეს მონაწილეობა, თითქოს დაიფანტნენ სხვადასხვა პარტიაში. თქვენი შეფასებით, რატომ ვერ მოხერხდა მათი ერთობა?
_ ამ საკითხზე დღეს გაშლილად არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება ამ თაობის წინაშე, რაც მათ გაუკეთეს ივნისში.. მეტს არ ვიტყვი, რადგან აქ თავისი როლი ითამაშა როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ასევე ზოგზოგიერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. მათ ნებსით თუ უნებლიეთ (აქ ეჭვს გამოვთქვამ მხოლოდ და მხოლოდ. გარკვეული ინფორმაციები მსმენია, ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა) ხელი შეუწყვეს იმას, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ივნისის კრიზისის ფონზე წაუგებლად გამოსულიყო. საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობამ არაფერი დათმო. შესაბამისად, ის მოთხოვნა, რატომაც იყვნენ გამოსულები ახალგაზრდები, რითაც ისინი სამშობლოს იცავდნენ რუსი ოკუპანტისგან, რომელიც ჩასკუპებული იყო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირის სავარძელში, ლეგიტიმური იყო. მათი ეს პროტესტი იყო სწორი, წრფელი, ძალიან პასუხისმგებლიანი, თუმცა მათი პოლიტიკური გამოუცდელობით ორივე მხარემ ისარგებლა და მივიღეთ ის, რაც გვაქვს. სამწუხაროდ, მე შეიძლება ჩემი შვილების თაობისთვის მომიწიოს იმის ახსნა, თუ რა მოხდა და როგორ გამოიყენეს ისინი.
_ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია, თითქოს ძალიან მშვიდ ტემპში მიმდინარეობს და სლოგანიც აქვთ: „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“. რამდენად გამოადგებათ მათ პანდემიასთან ბრძოლის წარმატებული შედეგები და იქნება თუ არა ბოლომდე მოკავშირე ეს ვირუსი მათ სასარგებლოდ?
_ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, თუ ვინმე ფიქრობს, რომ კორონავირუსის დამარცხება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში შესაძლებელია. ძალიან სულელი უნდა იყოს, ვინმე თუ ამას ფიქრობს საქართველოში, რომ დამარცხდეს კროონავირუსი. საბჭოთა კავშირზე მაგარი რკინის საზღვარი რომ შემოვარტყათ, ისიც კი ვერ უშველის. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ამდაგვარი, ზეავტორიტარული, ასეთ პირობებშიც კი იმაზე ფიქრი და მსჯელობა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონა, არის ძალიან დიდი გულუბრყვილობა და სისულელე. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ კორონავირუსის იმედზეა მმართველი ძალა, ვირუსთან ერთად სუსტი პოლიტიკური ძალების იმედიც აქვს და ამ შემთხვევაში ეს ორი ფაქტორი არის მისი წარმატების მთავარი ინდიკატორი. მარტივად რომ ავხსნათ: მე და თქვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს რაღაც სპორტში, მე ვარ სუსტი და ჩემი სისუსტით დავმარცხდი, ვერ გაგიწიეთ წინააღმდეგობა. თქვენთვის სასარგებლო შედეგი კი დადგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი ხართ. მე წავაგე და იმიტომ მოიგეთ თქვენ, იმიტომ დადგა თქვენთვის სასარგებლო შედეგი. აი, ეს არის ახლა ზუსტად. წეღან ვახსენე, რომ მე-20 საუკუნის სტილით მიდის საარჩევნო კამპანია. ვერ ვეღირსეთ ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიული, ძლიერი პარტიული სისტემის, საზოგადოების ნების გამომხატველ გარემოს. მაგრამ რას ვიზამთ, ახალი თაობის იმედად უნდა ვიყოთ, იმაზე მეტი არ უნდა გავაფუჭოთ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია. ამაზე ძალიან მწარედ ვაგებთ პასუხს, იმიტომ რომ შეიძლება, ამ ყველაფერს ჩვენი სახელმწიფო შეეწიროს. მმართველი პოლიტიკურ ძალისთვის, გარდა ამ ორი ფაქტორისა, იმ მძიმე უახლოესი მომავალი პერიოდის პერსპექტივის გათვალისწინებით, მის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ მარტო არ იყვნენ მმართველობის სადავეებთან და სხვასაც გაუნაწილონ საკუთარი პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პერსონალური თავდასხმების ობიექტები შეიძლება გახდნენ საზოგადოების მხრიდან მძიმე სოციალური ფონის გამო. საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, არიან ღატაკები და ზეგამდიდრებულები, შესაბამისად. არადა, საშუალო ფენა ამ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნებისმიერი ასეთი განვითარება, ერთპარტიული მმართველობის პირობებში, შეიძლება ძალიან მკაცრი იყოს, რაც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა სოციალური ბუნტის საფუძველი, რითაც, საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად ისარგებლებს რუსეთი და არა მმართველი პოლიტიკური ძალა ან რომელიმე საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც ამ პროტესტში იქნება ჩართული.
_ 2012 წლიდან დღემდე გვესმის, რომ გვყავს უნიათო მთავრობა და კონკრეტული ფაქტებიც მოჰყავთ ოპონენტებს. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ არის ეს უნიათობა ოპოზიციური სპექტრის მოკავშირე, ვთქვათ, ამ არჩევნებზე? რატომ ვერ იყენებს ხელისუფლების უნიათობას ოპოზიციური სპექტრი?
_ თუ გავითვალისწინებთ ჩვენი პოლიტიკური პარტიების სისტემურ სისუსტეს, გამოსაცნობი ხდება. უბრალოდ, ჩვენი ამომრჩეველი ამ ცუდი მოცემულობის გათვალისწინებით აკეთებს პერსონალიზირებულსა და მარგინალურ არჩევანს. შესაბამისად, მანდატს აძლევს იმ სუსტს, რომელიც იმ მომენტში, რატომღაც, ამომრჩევლისთვის სხვაზე უკეთესი აღმოჩნდება. შესაბამისად, ეს სუსტი და უნიათო რომ მოვა ხელისუფლებაში, ის გაძლიერდება ძალაუფლების ბერკეტებით, ანუ ბუნებრივად ძლიერი კი არ არის, ძალაუფლება მიეცა და ამიტომ გაძლიერდა. ძალაუფლება ყველა სახელმწიფოში ძლიერია, ჩვენია ძალაუფლება კი ხალხია. 11 წლის ბავშვს რომ მისცე ძალაუფლება, ისიც ძლიერი იქნება, თუ რაიმე კანონზე ხელმოწერის უფლებას მივცემთ.
_ გარდა ამისა, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ პოლარიზებული იყოს გარემო და ამომრჩეველს შავ-თეთრს შორის მოუწიოს არჩევანის გაკეთება? ამის პოლარიზებას უწყობს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით? რა როლი აქვს სააკაშვილს პოლარიზების პროცესში?
_ რეალურად, ძალიან დიდი ხანია, სხვადასხვა ინტენსივობით, მინიმუმ, 10 წელია, მეტი თუ არა, თეთრი და შავია ქართული პოლიტიკა. სხვა არ არის! უბრალოდ, არ არის! ამის განმაპირობებელი ჩვენ ვართ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაკლებობაა საზოგადოებაში, აქტიური მოქალაქე ნაკლებია. ამას თავისი პირობები აქვს, მაგრამ მე ვამბობ, ფაქტები რაცაა, ხოლო რატომ არის, ამაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგალითად სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ გამოცდილებაზე და ა. შ., მაგრამ ფაქტია: ჩვენ არ ვართ აქტიურები, რაღაც პერიოდში ავფეთქდებით და შესაბამისად მერე ვიპოვით ვიღაც ძლიერს, ჩამოვკიდებთ ყველაფერს მას, შენ ხარ ზეადამიანი, მიშა ხარ, ბიძინა, ზვიადი თუ ჭიჭიკო, არ აქვს მნიშვნელობა. მერე აღმოვაჩენთ, რომ ეს ჭიჭიკო არ ყოფილა, ვინც ჩემთან მოვა სახლში და ჩემ მაგივრად ჩემს გასაკეთებელს გამიკეთებს. მერე ვიწყებთ ჭიჭიკოზე ძლიერი აბესალომის ძებნას, ვიპოვით, განა ვერ ვიპოვით. დავაჭიდებთ ჭიჭიკოს, დავამარცხებინებთ და იგივე წრეზე წავალთ. ზვიადიდან მოყოლებული, 80-წლიანი პერიოდით პლუს-მინუსით ამას ვადევნებთ თვალ-ყურს. ასეთი საზოგადოება, ბუნებრივია, არარაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს, არა დავუშვათ ეკონომიკური ფაქტორების შემოთავაზებების გამო, არამედ ერთი ვაჭიდავო მეორესთან. ამავე კონტექსტში უნდა გავიხსენო 2012 წლის არჩევნების შემდგომ მალევე დაპირისპირება, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები როგორი რადიკალურები იყვნენ. მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე მეგობარი ქვეყნის მაღალი რანგის პოლონელი პოლიტიკოსი, რადოსლავ სიკორსკი იყო ჩვენთან, საკმაოდ წონიანი პოლიტიკოსი გახლდათ და დღესაც ასეა. მან ერთი ძალიან კარგი რამ თქვა: „თქვენ, ქართველებს, უკვე გქონდათ თქვენი კავკასიური ვენდეტა. დაასრულეთ. რეფორმებს მიხედეთ“, _ სახელმწიფო ააშენეთ, ნუ ხოცავთ ერთმანეთს, გეყოთ და სხვა რამეს მიხედეთო. ეს არის სამოქალაქო კულტურის პრობლემა და აქ, ალბათ, მენტალური ცვლილება დაგვჭირდება. ახალი, ე. წ. ივნისის თაობა, რომელიც ჯერ სტატისტიკურად ვერ გაფორმდა, როგორც ამომრჩეველი, ის უნდა ცვლიდეს პოლიტიკურ განწყობებს, მაგრამ ისინი უკვე მოსულები არიან, უბრალოდ ჩვენ და ჩვენი წინა თაობა სტატისტიკურად უფრო მეტნი ვართ. თუკი ისინი დასავლური, დემოკრატიული პრინციპით გააკეთებენ არჩევანს, უკეთეს შემთხვევაში 2-3% შეიძლება იყოს ელექტორალური თვალსაზრისით და ისიც დაიკარგება. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ვისაც მოჭიდავეები და კუნთმაგრები ენატრება, სისხლი ვისაც ენატრება და ამ ყველაფერს უბნიდან გამოსულები მერე ტაშს უკრავენ, ამ ჭიდაობის ფონზე ეს ხმები დაიკარგება. ნორმლური, რაციონალური დემოკრატია ჩვენ მიერვე ნადგურება, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. არ გვყოფნის გონიერება, რომ ჩვენვე შევუწყოთ ხელი ახალ თაობას, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვუთხრათ, რა შეცდომები დავუშვით. პირიქით, საერთოდ არ ვუგდებთ ყურს. მეტიც: ყველაზე კრიტიკულ მომენტში ცუდად გამოვიყენეთ ეს თაობა და ამაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები.
_ ბატონო ლევან, უფრო კონკრეტულად მინდა განვიხილოთ სააკაშვილის თემა. რა მიზანს ემსახურება, რამდენად სწორია მისი სტრატეგია? ერთ დღეს გვეუბნება, რომ ის არ არის ქართული პოლიტიკით დაინტერესებული, მეორე დღეს კი პრემიერ-მინისტობის კანდიდატად გვევლინება. თქვენ რა შთაბეჭდილებები გრჩებათ ამ ნაწილში?
_ 2012 წლიდან მოყოლებული, მმართველი პოლიტიკური ძალისა და მისი მოკავშირეების უმთავრესი საკითხი არა ქვეყნის მართვა, არამედ ყოფილი ხელისუფლების განადგურება იყო. არაერთი გაცხადება მოგვისმენია ყველა უმაღლესი პოლიტიკური დონიდან. ეს არის ჩვენი სენი. ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნოდ დემოკრატიულ პროცესში, დამარცხებული შეგუებოდა ამ აზრს და გამარჯვებულს ქვეყნისთვის მიეხედა და არა ოპონენტთან ბრძოლაზე ეფიქრა, რვა წელი შეალია ამ ყველაფერს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს ერთი კონკრეტული პარტია ხუთ ნაწილად დაიშალა, მაგრამ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო მათი პოლიტიკური არენიდან ჩამოშორება. თუმცა ფაქტია, რომ ამის მცდელობები ჰქონდათ. მმართველი პოლიტიკური ძალის უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ პარტიას, რომელსაც ჰყავს ამომრჩეველი, მასთან ამ ტიპის პოლიტიკურ ბრძოლას აზრი არ აქვს, მათ დაავიწყდათ სხვა პარტიების ამომრჩევლები. დღემდე არსებობენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები. მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები, რატომ არიან შენარჩუნებულები? ანუ სად არის პრობლემა? საზოგადოებაშია პრობლემა და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაში. ლოგიკურად და ნორმალურად მოაზროვნე პოლიტიკოსმა ეს დასკვნა უნდა გააკეთოს და ფაქტად უნდა აღიქვას. ეს არის ფაქტი საზოგადოებისგან გამომდინარე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მასთან დაკავშირებით კომენტარი ჩემთვის მძიმეა. პირველი იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფოს მეთაურმა უარი თქვა იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე, რომლის პირველი პირიც გახლდათ. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა, იცოდა კანონმდებლობა და ა. შ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. გარდა იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ამ პერიოდში გამამტყუნებელი განაჩენებიც დადგა და მას მსჯავრდებულის სტატუსიც აქვს. ძალიან ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმის დასასკვნელად, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი დაბრუნება არარეალურია, ამაზე მსჯელობაც კი არასერიოზულია. შესაბამისად, კრიზისი, რაც მიმდინარეობს პარტიაში და არა ელექტორატში, მის ფონზე საჭირო გახდა მიხეილ სააკაშვილის მიერ განცხადებების გაკეთება, არა იმისთვის, რომ მართლა აპირებს ჩამოსვლას, არამედ შენაჩუნდეს ის მოცემულობა, რაც პარტიას აქვს კრიზისის ფონზე.
_ განსხვავებული ციფრები ფიქსირდება კვლევებში. თქვენთვის რომელი უფრო ასახავს რეალობას? ასევე ამ კვლევების მიხედვით პროცენტულად საკმაოდ ბევრია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ვის აქვს იმის რესურსი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმა მიიღოს?
_ კვლევები არსებითად იგივე სახის იყო 2003, 2011-2012 წლებში, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი იმაში ნამდვილად იყო ჩამოყალიბებული, რომ არსებული ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. ასე იყო 2003 წელს, ქართველი ამომრჩეველი ჩამოყალიბებული იყო, რომ შევარდნაძე აღარ იქნებოდა, მაშინდელ კვლევებში მაღალი მაჩვენებელი იყო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი; 2011-2012 წლებში ანალოგიური სიტუაცია იყო. შესაბამისად, ქართველმა ამომრჩეველმა იმჟამინდელ ხელისუფლებას უთხრა: ორი საპარლამენტო ვადა შენც გეყოფაო. ახლაც ზუსტად ორი საპარლამენტო ვადა გაუვიდა „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ერთპიროვნულ მმართველობას ქართველი ამომრჩეველი მათ არ დაუტოვებს. ამომრჩეველი ახლაც ჩამოყალიბებულია, რომ არსებული უნდა შეიცვალოს. ვინ გაიმარჯვებს კი არა, ვინ აღარ იქნება ერთპიროვნული მმართველი. ასე იყო 2003 წელსაც. აქვე დავამატებ, რომ საკუთარი შეცდომები ხშირად გავიხსენოთ, რადგან თუკი რაიმე კარგად გამოგვდის, ეს შეცდომების გამეორებაა. ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ახალი ფურცლიდან დაწყება და შეცდომების გამოსწორება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებას. მომავალი თაობა აქ არის და მეტს აღარ მოითმენს.
ნენე ინჯგია