ლადო ნარსია : საბჭოთა КГБ-ს მართვის მეთოდი და სქემები რელიგიის სააგენტოში

საეკლესიო პირების პოლიტიკური განცხადებები, მათი ზედმეტი ჩართულობა საერო საქმეებში და ამაზე საპატრიარქოს დუმილი, ბოლოს კი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სრულიად ცხადყოფს სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტესა და მათ სრულ უსუსურობას საპატრიარქოს წინაშე.

როგორ მივიდა ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე და რა გამოსავალი არსებობს ამ დილემიდან?

„ქრონიკა+“ თეოლოგ ლადო ნარსიას ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, ინტერვიუ დავიწყოთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, რომელმაც აშკარად გამოაჩინა არსებული სურათი. ერთი მხრივ, ვხედავთ საზოგადოების აქტიურობას, მეორე მხრივ კი სახელმწიფო ინტიტუტების უუნარობას საპატრიარქოსთან მიმართებით. რასთან გვაქვს საქმე?

_ ყველაზე მარტივი ახსნა იქნება, რომ წარმოვიდგინოთ გარდაცვალების პირას მყოფი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ექიმი უკვე ვერაფერს შველის. ახლა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგებლების ნებისმიერი მცდელობა, სამწუხაროდ, დაგვიანებული და უშედეგოა, რადგან სხეული, რომელსაც ჩვენ ვეხებით, რასაც ჰქვია სახელმწიფო და, მეორე მხრივ, საპატრიარქო, არის გარდაცვალების პირას. ის ვერ ემსახურება მიზნებს და გაუგებარი ინერციით გვეჩვენება, რომ არსებობს, თუმცა არავითარი მისია, მიზანი, როგორც ცოცხალი, დინამიკური პროცესი, რომელიც უნდა ამოძრავებდეს ამ ორ ინსტიტუციას, აღარ არსებობს.

_ ძალიან მძიმე შეფასებაა, როგორ მივედით აქამდე?

_ როცა ვამბობთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არის ძალიან სუსტი, ამას თავისი ისტორია და მიზეზები აქვს. უკვე ათეული წლებია, თვალს ვადევნებთ ეკლესიასთან მიმართებით სახელმწიფოს ტრანსფორმაციას. იცვლებიან ხელისუფლებები, იმედი გვაქვს, რომ მოვა ახალი ხელისუფლება და რაღაც სიახლეს შემოგვთავაზებს, მაგრამ შემდეგ ისიც ჩაეშვება ამ რუტინულ მართვით პროცესებში. აღმოჩნდება, რომ რაღაც იდუმალი, ფარული ძალა, რაც არის ბიძგის მიმცემი ქართული პოლიტიკისთვის, უკვე 30 წელია, გავლენას ახდენს ამ პროცესზე.
წინა ხელისუფლების დროს იყო მოლოდინი, რომ გარდამტეხი ცვლილებები შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მანაც დაუშვა ძალიან დიდი და უკიდურესად საზიანო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა, დღეს ვხედავთ. იმის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაენაცვლა არსით რუსული ხელისუფლება და ის ინერცია, რომელიც მან აკრიბა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მეტად გაუარესდა.

_ თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რა შეცდომებს გულისხმობთ? როგორც გვახსოვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკლესიასთან ხისტი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებდნენ.

_ 2007 წლის შემდეგ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდა კრიზისი, მან დაიწყო ეკლესიასთან და საპატრიარქოსთნ „კოჭის გაგორება“. იმ დრომდე ვითარება განსხვავებული იყო.
პრობლემები, რომელსაც ქმნიდა საპატრიარქო, რადგანაც კარგავდა ძალაუფლებას, არ იყო იმდენად საგანგაშო და არც მოულოდნელი, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ თავად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა საპატრიარქოსკენ. შემდეგ დავინახეთ, რომ გაიზარდა საპატრიარქოს ბიუჯეტი, დაიწყეს მანქანების _ ჯიპების, მიწების ჩუქება. ამ პერიოდში, დაახლოებით, 140-მდე დოკუმენტია შექმნილი ეკლესიისთვის სხვადასხვა მიწის ან ქონების გადაცემის შესახებ. მსგავსს პრეცედენტს ვერ ნახავთ. ამას წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც საზოგადოებას, შეიძლება, მხედველობიდან გამორჩა. სასულიერო სასწავლებელში, სემინარიაში მომწიფდა პროცესი და შიგნით დაიწყო არსებულ პრობლემებზე საუბარი. მაშინ ხელისუფლებამ ჩაახშო ეს მოძრაობა, დაემუქრა ამ უმწეო სტუდენტებს, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ, მათ ცუდად ექნებოდათ საქმე. როდესაც საპატრიარქომ მის გვერდით ხელისუფლების ყოფნის გემო იგრძნო, რა თქმა უნდა, ის კიდევ უფრო გათამამდა.
შევარდნაძის დროს ასე არ იყო, რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს. მაშინ ჯერ კიდევ შემაკავებელი ფაქტორი არსებობდა _ შევარდნაძის ავტორიტეტი და მართვის მისეული სტილი.

_ რას გულისხმობთ „შევარდნაძის მართვის სტილში“?

_ შევარდნაძის მმართველობის დროს ეკლესიის ამბიციები მუდმივად კონტროლირებადი იყო. ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ ეკლესიას გაებედოს ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა ან ისეთი ლექსიკით საუბარი, როგორითაც დღეს ლაპარაკობს მეუფე სპირიდონი ან მეუფე იაკობი, რომელიც ამბობს, რომ დავამხობ, პრემიერს გადავაყენებ და ა. შ. ეს იყო წარმოუდგენელი.

_ სწორედაც შევარდნაძის პერიოდში _ 2002 წელს _ გაფორმდა კონკორდატი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რამაც მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. ბოლო პერიოდში ხშირად გაისმის განცხადებები კონკორდატის გაუქმების შესახებ. არის თუ არა ეს გამოსავალი?

_ კარგი შეკითხვაა. „გირჩის“ ეს განცხადება ახალი არ არის, ადრე ამას ამბობდნენ რესპუბლიკელები. მომხრე ვარ საპარტრიარქოს თავგასული წევრებისა და სასულიერო პირების ამბიციებისა და ველური ქმედებების შეკვეცისა და გაკონტროლების. რაც ასეთ თავგასულობასა და ველურობას აძლევს ბიძგს, შეიზღუდოს, თუ კონკორდატია ამის მიზეზი, კი ბატონო, გავაუქმოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის არ არის ყველა იმ პრობლემის მიზეზი, რასაც დღეს ვაწყდებით. ამიტომ არ მგონია, კონკორდატის გაუქმებით გადაიჭრას პრობლემა.
ვთქვათ და შეთანხმდა საზოგადოების უმრავლესობა და მოითხოვა კონკორდატის გაუქმება, იურიდიულად ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, პრეზიდენტის ხელმოწერა. არა მგონია, ეს შესაძლებელი გახდეს ჩვენს შემთხვევაში…
კონკორდატი შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ძალიან კარგი მიზნების მისაღწევად, პირიქით, შემზღუდავი ნორმების, რეგულაციების შექმნისთვის. ეს არ გავაკეთეთ, რისი მიზეზიც არის ჩვენს თავებში, ხელისუფალთა თავებში არსებული პრობლემა. როდესაც რელიგიაზე ვსაუბრობთ, ცოდნასთან ერთად რწმენაა მნიშვნელოვანი. ადამიანი გამოდის, გგონია, რომ განათლებულია, პრემიერია, თუ პრეზიდენტი, მაგრამ მას აქვს ისეთი სტერეოტიპული რწმენა, რომ მიუხედავად იმისა, თვალწინ აქვს უამრავი ფაქტი ეკლესიის ქმედების, რომელიც არათუ ქრისტეს მცნებებს, არამედ ყოველგვარ ეთიკურ და მორალურ ნორმებს არღვევს და მის წინააღმდეგ არაფერს ამბობს.
ერთ-ერთი გამონაკლისი იყო დავით უსუფაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა ხედვა და ამის გამო ჯვარზე აცვეს ათასჯერ. მის შემდეგ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც შეაფასებს რეალურად ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემას. გიორგი გახარია, როდესაც ის პრემიერი იყო და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები გამოსცა, სამჯერ დაიბარეს საპატრიარქოში _ განგვიმარტეთო. სად ხდება ასეთი რამ, რომ პრემიერს იბარებდნენ მის მიერ გამოცემული ნორმების განსამარტად?! პრემიერს საპატრიარქოში იბარებს შორენა თეთრუაშვილი და ესეც მიდის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანების თავებშია ეს პრობლემა და არა კონკორდატში. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერ ვათქმევინეთ იმის შესახებ, რაც ზედაპირზე დევს, რაც არის საპატრიარქოს, სასულიერო პირების თავგასულობა. როდესაც ასეთი პრობლემაა, კანონსა და კონსტიტუციაში რა ეწერება, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

_ პოლიტიკოსების ლოილობა ეკლესიისადმი ხომ არ არის განპირობებული იმითაც, რომ ამ ინტიტუციას გარკვეული გავლენა აქვს პოტენციურ ელექტორატზე?

_ ერთადერთი მიზეზი არ არის ის, რაზედაც ვისაუბრე, _ ადამიანების თავებში არსებული პრობლემა, _ აუხსნელი და ირაციონალური რწმენა, რომ ბრმად უნდა დაემორჩილონ ეკლესიის ყველა მითითებას. მაგრამ მეორე პრობლემა არის ესეც, რის შესახებაც თქვენ თქვით. შესაძლოა, ამ უხერხემლო პოლიტიკოსებს მიაჩნდეთ, რომ ძალაუფლებაში დასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთონ: მოიპარონ ხმები, კარტოფილსა და ხახვს არიგებენ, ბოლოს და ბოლოს, ფულსაც, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და რა არის გასაკვირი? მიმაჩნია, ეს არის მომავალი თაობის გაწირვა იმ რეალობისთვის, რაშიც ჩვენც ვცხოვრობდით, როდესაც ვერავინ ბედავდა სისტემის კრიტიკას და ამისთვის კლავდნენ ადამიანებს.

_ საეკლესიო ბიზნესს აქვს გარკვეული საგადასახადო შეღავათები. ესეც ხომ არ არის მიზეზი, რომ კონკრეტული პირები ბიზნესის უკეთ კეთების მიზნით ეტმასნებიან ეკლესიას?

_ ფორმალურად, კანონი ჩამოთვლის საქმიანობის სახეობებს, რომლებიც დაკავშირებულია საეკლესიო ცხოვრებასთან, მაგალითად, ხატების, სანთლის დამზადებას. მაგრამ რეალობა განსხვავებულია _ კანონს მუდმივად ინტერპრეტირებენ გარკვეული ჯგუფები ან ადამიანები. ეკლესიას მიტმასნილია უსინდისო ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ფარულ, შავ ფულს აკეთებენ. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო: 90-იან წლებში ეკლესიას სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელებიც კი შემოჰქონდა. როდესაც არსებობს ასეთი არაკეთილსინდისიერება და ამის მიღმა დგას ადამიანების ჯგუფი, რომელიც ბიძგს აძლევს უკანონობას, არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ამ სფეროს ვინმე გააკონტროლებს. ეს გრძელდება უკვე რამდენიმე ათეული წელია საქართველოში და ამას არავინ აკონტროლებს.

_ რაც შეეხება მაღალი საიერარქიო პირების პოლიტიკურ განცხადებებს. მეუფე იაკობმა ასეთი რამეც თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იარაღითაც კი დაუპირისპირდებიან ადამიანები. შესაძლოა, ეს როგორც მოწოდება, ასედაც აღვიქვათ. ამის შესახებ საპატრიარქოს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა ამის შესახებ განცხადება და რეაგირება მოითხოვა ეკლესიისგან. ჩვენც მივმართეთ კითხვით საპატრიარქოს, მაგრამ პასუხი არა მიგვიღია. რა შეფასებას მისცემთ ამ ფაქტებს?

_ ეკლესიის სოციალური სხეული აღარ არსებობს _ საპატრიარქო, როგორც მმართველი ორგანო, გარდაცვლილია, ვერ ადასტურებს სიცოცხლისუნარიანობას. ეპისკოპოსი გამოდიოდეს და ამბობდეს, რომ პოლიტიკურ პარტიას შევქმნი, იარაღს ავიღებ, პრემიერს ჩამოვაგდებო და ამაზე რეაგირება არ არსებობდეს, ეს ადასტურებს იმას, რომ სული აღარ უდგას საპატრიარქოს. ეკლესიის მარადიული სხეული არის უცვლელი, სწორედ ამის იმედი გვაქვს, რომ ეკლესია გააგრძელებს არსებობას. საპატრიარქო კი დღეს, ადამიანების უჩლუნგესი ჯგუფის წარმომადგენლობით, ანგრევს ეკლესიას, ეს არის მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობის, სარწმუნოებაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ქრისტე არც ერთ მათ განცხადებაში არ არის ნახსენები.

_ პატრიარქთან დაკავშირებით ბრალდებებზე რას იტყვით?

_ ამ ბრალდებამ რეალურად ძალიან პოზიტიური პროცესების დაწყებას შეუწყო ხელი. თუ აქამდე საზოგადოების 90% არ იყო გარკვეული ეკლესიაში არსებული პროცესების შესახებ, ამ პროცესების შედეგად მოეხსნა ეს საბურველი საპატრიარქოს. მეუფე პეტრემ ხელი შეუწყო ეკლესიის დაწმენდის პროცესის დაწყებას. არ შეიძლება, ეკლესიამ გააგრძელოს არსებობა ამ რესურსით.

_ რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ხშირად საუბრობენ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებული ძალები აფელაციაში არიან პრორუსულ ჯგუფებთან. ამის შესახებ რა შეიძლება გვითხრათ?

_ ამის შესახებ დავწერე კიდეც: ეკლესიას 200 წელზე მეტია, მართავდა რუსეთი, 1921 წლიდან კი რუსული სპეცსამსახურები. ვინ ფიქრობს ახლა, რომ 1990 წელს, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, ის ხალხი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა ეკლესიიდან? რელიგია საბჭიოთა სისტემისთვის იყო იდეოლოგიური დანამატი. დღესაც რუსეთის სპეცსამსახურებსა და რუსეთს ყველაზე დიდი დასაყრდენი ეგულება ეკლესიაში.

_ თქვენ ისაუბრეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკლესიასთან მიმართებით დაშვებულ შეცდომებზე. რას იტყვით „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე?

_ „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს პრემიერთან რელიგიის სააგენტო გააკეთა. მეც ვიყავი ამ სააგენტოში. არ ვცხოვრობდი საქართველოში, დამიძახეს, დამარწმუნეს, რომ დემოკრატიულ პროცესს ხელი შეეწყობოდა, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ეს იყო წმინდა რუსული პროექტი, რომელიც, ბოროტი განზრახვებით, რელიგიის კონტროლისთვის იყო გამიზნული. საბჭოთა КГБ-ს მართვის მეთოდი და სქემები არის აღებული, დღესაც ასე იმართება რელიგიის საგენტო.
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას ღიად არ ამბობდა და ერიდებოდა, „ოცნებამ“ უკვე ამის გაფორმება დაიწყო. პოლიტიკის ნაწილად იქცა ის, რომ ვიღაცას აკონტროლებს და ეს ჩვეულებრივ ამბად აღიქმება. უმძიმესი ფაქტების მომსწრე ვართ ამ ხელისუფლების პირობებში.

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ გამოსავალია საზოგადოების მარად ფხიზელი აქტიურობა. არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ამ პრობლემებზე ბევრი ვისაუბროთ.

ირინა მაკარიძე