ლადო კახაძე: „ხელისუფლებას კი არა, ერთიანობას ვუკრავდით ტაშს!“
იცით, ამ ადამიანს პატივს რატომ ვცემ? _ „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არც უხერხული კითხვების დასმის გამო ბრაზდება და არც ინტერვიუზე ამბობს ხოლმე უარს. საერთოდ, ლადო კახაძე გულახდილი თანამოსაუბრეა და ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ინტერვიუ, რომელიც „ქრონიკა+“-მა მთაწმინდის მოქმედ მაჟორიტართან და „ოცნების“ პროპორციული სიის წევრ ლადო კახაძესთან ჩაწერა, ტრადიციულად, გულწრფელია, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპონდენტს მწვავე კითხვები არ გაუპროტესტებია და საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებას ფაქტებით შეეცადა.
მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ და გთავაზობთ ჩემი და ლადო კახაძის საუბრის, ერთგვარ, სტენოგრაფიულ ჩანაწერს:
_ ბატონო ლადო, კორონის მეორე ტალღასა და არჩევნებს როგორ ხვდებით?
_ შეგნებულად.
_ ანუ?
_ მეორე ტალღას ჯერ კიდევ პირველის თავშეკავების ფაზაში ვწინასწარმეტყველებდით. სხვათა შორის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს გამოვლინდა, მარტში კი ამირან გამყრელიძე უკვე ამბობდა, ისტორიას უნდა გადავეხდოთო, ანუ როგორც კი პანდემია გამოცხადდა, ყველას, განსაკუთრებით უფროს თაობას, ანალოგია 1918 წლის ესპანურას პანდემიასთან გაუჩნდა.
სხვათა შორის, იმ პანდემიას სიკვდილობა ძალიან მაღალი ჰქონდა _ ას მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და პირველზე უარესი მეორე ტალღა იყო.
ყველა მეცნიერი ახლაც ამბობს, რომ პანდემიას ტალღები ახასიათებს…
იმასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რათა ამ ვირუსის ხასიათი შევისწავლოთ. ზოგი მეცნიერი აცხადებდა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, შესაძლოა, ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშავოსო. ეს ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ეს იმუნიტეტი მუდმივია თუ მოკლევადიანი? იმის შესახებაც არაერთხელ მსმენია, თუ ლაპარაკს ვაქცინაზე ვიწყებთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინა ეფექტიანი მაშინ იქნება, თუ ორგანიზმს იმუნიტეტის გამომუშავების უნარი აქვსო.
_ ეს სამეცნიერო დისკურსი გასაგებია, მაგრამ სხვა რამ მაინტერესებს.
_ მკითხეთ, რაც გინდათ…
_ მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც პირველი ტალღის მერე აბსოლუტურად გაიხსნა, მეორე ტალღა გასაკვირიც არაა, მაგრამ საქართველოს საზღვრები დღემდე ჩაკეტილია და გამაგებინეთ, ინფექცია უკონტროლოდ რატომ ვრცელდება, ანუ დღეში ათასზე მეტი შემთხვევა რატომ გვაქვს? „სამი მუშკეტერი“ და კარგი კრიზისმენეჯერი სად არიან?
_ კიდევ ერთი ანალოგია გავიწყდებათ.
_ რომელი?
_ ჩინეთი, ანუ საზღვრები რომ ჩაკეტა, ჩინეთმა ყველაფერი უტალღოდ გადაიარა. ამას რატომ არ ამბობთ?
_ ვიტყვი, მაგრამ არ მოგეწონებათ: ჩინეთში დღეში, მაქსიმუმ, 8 შემთხვევა ფიქსირდება, ჩვენთან კი კორონა კარდაკარ დადის. არადა, რუსების გარდა საქართველოში არავინ შემოდის…
_ შეკავების ფაზაში სამეცნიერო წინდახედულობა აუცილებელი იყო, რადგან ვირუსის ამოუცნობი მხარის გასაგებად დრო მოგვეგო.
სხვათა შორის, შვედეთმა გაზაფხულზეც არაფერი ჩაკეტა.
_ ბატონო ლადო, საქართველოზე გეკითხებით _ ამ კარგი მენეჯერების ხელში კორონა რატომ დაგვერია?
_ პატარა ჰორიზონტის ადამიანი არ ხართ.
_ ეს რა შუაშია?
_ საქმე პანდემიასთან გვაქვს, პანდემიასთან! და იგი ყველგან თავისებურად ვითარდება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ტალღისთვის დრო მოეგო. იცით, დასაწყისში რამდენი ლაბორატორია გვქონდა?
_ ორი, ჰა-ჰა, სამი. ისე, დღეს ბევრია, მაგრამ ლაბორატორიებზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
_ ნებსით თუ უნებლიეთ ისევ „ჩორტის“ ჩაგდება გინდათ. კი ბატონო, მე წამოგყვებით, მაგრამ მოსახლეობა არ დავაბნიოთ… მოკლედ, თავიდან სულ ოთხი ლაბორატორია იყო და მაშინვე უმაღლესი ხარისხის „პისიარ“ ტესტებს ვაკეთებდით, რადგან ვიცოდით, რომ ანტისხეულების ტესტებით შეიძლება, ბევრი ცდომილება ყოფილიყო. დღეს 25 ლაბორატორია მუშაობს და ამის მომზადება პატარა საქმე გგონიათ? 700 ათასი ტესტი გაკეთდა…
_ კეთილი, მაგრამ ქვეყანაში კორონა აქამდეც მასობრივად ცირკულირებდა, მაგრამ ვინაიდან საკმარისი ლაბორატორია არ გვქონდა, ყველა ინფიცირებულის გამოვლენა ვერ ხერხდებოდა, არა?
_ როგორ ფიქრობთ, რამდენი კორონავირუსი არსებობს?
_ ამის ცოდნა მომეთხოვება?
_ 8 მილიარდ 500 მილიონი კორონავირუსია.
_ და მერე?
_ კორონავირუსის შტამი ჩემში რომ შემოვა, სხვანაირი ხდება, შენში _ სხვანაირი და ყველა ინდივიდში მასში არსებულ სუსტ რგოლს, ასე ვთქვათ, იმეორებს. კორონავირუსის ეს შტამი კი ყველა იმ შტამისგან განსხვავებულია, რომელიც კაცობრიობამ აქამდე გამოიარა. აი, სწორედ ამის გამოა კითხვის ნიშნები გაჩენილი და, შესაბამისად, რამე სტანდარტის შექმნა ძალიან ძნელია. ამიტომ ყველა ქვეყანა თავის გზას დაადგა.
მართალია, საქართველოში არსებული კლინიკური შემთხვევების მართვა კოორდინებული იყო, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, ჩვენ ისეთი წამალი გამოვიყენეთ, რომელიც ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ჩვენთან გაამართლა.
_ ეს წამალი, ფაქტია, აღარ ამართლებს _ ბოლო დროს, დაინფიცირებულთა რაოდენობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გარდაცვლილთა რიცხვიც დრამატულად იზრდება.
_ სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მხოლოდ ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში მოიმატებს… იმის თქმა გინდათ, რომ ექიმები, სისტემა და ხელისუფლება პაციენტებს შეგნებულად კლავენ ან რამე ინფორმაციას მალავენ?
_ არა, ამის კი არა, იმის თქმა მინდა, რომ კრიზისმენეჯერებისთვის ტაშის დაკვრა, მგონი, გადამეტებული იყო!
_ არავითარი! ხელისუფლებას კი არა, ერთიანობას ვუკრავდით ტაშს!
_ სად კორონა და სად _ ერთიანობა, ბატონო ლადო!
_ ყველანი ერთად ვიყავით. ძალიან კარგი ჟურნალისტი ხართ და გთხოვთ, 1918 წლის მონაცემები წაიკითხეთ.
_ წაკითხული მაქვს.
_ იცით, მაშინდელი მეცნიერები რას ამბობდნენ? _ პირბადე გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავითო.
_ კარგი რამ გამახსენეთ: პირადად მე პირბადეს ყველგან ვატარებ, სადაც საჭიროა, მაგრამ აი, „ოცნების“ წარმომადგენლები ამ რეკომენდციას არ იცავენ. მაგალითად, სვეტიცხოვლობაზე პრემიერი მოხუცი პატრიარქის გვერდით უნიღბოდ იდგა. ამას ამართლებთ?
_ ამასაც ინდივიდის დონეზე ნუ ჩამოიყვანთ!
_ ინდივიდის დონეზე კი არ ჩამომყავს, იმას ვამბობ, რომ რეკომენდაციებს თავად ხელისუფალნი არ ასრულებენ.
_ იმას რატომ არ ამბობთ, ამ მავნებლებმა აჭარაში ამხელა მიტინგი შეგნებულად უპირბადოდ და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე რომ ჩაატარეს?
_ ქრონოლოგიურად მივყვები, ანუ ჯერ სვეტიცხოვლობა იყო, მერე კი _ „ნაცების“ ბათუმური აქცია…
_ აბსოლუტურად ყველას, ჩემი ოჯახის წევრებსაც, მოვუწოდებ და ვუჩოქებ: ძალიან გთხოვთ, პირბადე, რომელიც გადამწყვეტია, ატარეთ. პირბადის მიუხედავად, დისტანციაც დაიცავით და ერთმანეთს პირისპირ დიდხანს ნუ ელაპარაკებით! ეს კი არადა, პარლამენტში სანქციები შემოვიღეთ და სიმართლე გითხრათ, შემრცხვა: ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობისთვის ასეთი სწორი მოწოდების უგულებელყოფა რატომ უნდა სჭირდებოდეს? ჩვენი თავის მტრები ხომ არ ვართ?! სხვათა შორის, ადამიანებს არ სჯერათ, რომ ნარკოტიკი კლავს და მაინც იკეთებენ. აი, დღესაც რამდენია, ვინც ამბობს, ვირუსი არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ არ კლავსო?!
_ ჰოდა, რაკი კორონა არსებობს და კლავს, ამიტომ 19-ში არც აუდიტორიებში უნდა დაწყებულიყო სწავლა.
_ ლოკდაუნმა, რომელიც პირველი ტალღის დროს გამოვაცხადეთ, მაღალი შედეგი მოგვცა. ასეთი ორგანიზებულობა ყველასთვის საჩვენებელი გახდა. სხვათა შორის, ალბათ, ისიც გახსოვთ, გაზაფხულზე ვიღაცები ხელისუფალთ ბრალს რომ სდებდნენ, კორონავირუსის რაოდენობის გაზრდა ძალით უნდათო… ეს ცუდი და საზიზღარი პოლიტიკაა, მაგრამ მოსახლეობას ვერაფერს ვურჩევ, ანალიზს ყველა თვითონ გააკეთებს.
_ ისე, რა ამის პასუხია და, კორონაშემთხვევების რეკორდული მატების მიუხედავად, ქუჩებს აღარ ვრეცხავთ და ხომ არ იცით, რატომ?
_ ქუჩებს მარტო ჩვენ კი არ ვრეცხავდით, ამას ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები, იტალიელები და ჩინელებიც აკეთებდნენ.
_ ჩინეთში, შეიძლება, ტროტუარებს რეცხავდნენ, ჩვენ კი დიდი გულმოდგინებით მანქანის სავალ ნაწილებს ვაპრიალებდით და თან თბილისის მერიას ტაშს ვუკრავდით! ქუჩების კურთხევაზე აღარაფერს ვამბობ…
_ თქვენ შეიძლება, იმასაც უშვებთ, რომ კორონავირუსი არ არსებობს.
_ არსებობს, მაგრამ ამიხსენით, პირველი ტალღის დროს ტრასებს რატომ ვრეცხავდით და ახლა რატომ აღარ ვრეცხავთ?
_ ჯანმოდანაც იყო მითითება, რომ სივრცეები დასუფთავებულიყო.
_ ბატონო ლადო, ქუჩები კორონის გარეშეც უნდა დავასუფთავოთ ხოლმე…
_ კი ბატონო, ქუჩების დასუფთავებას დილაობით ყოველთვის მივესალმები, რადგან ახალი დღე სისუფთავეში დავიწყოთ! ისე, ქუჩები მაშინაც სუფთავდებოდა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყიავი.
_ ეგ რევოლუციამდე იყო, ბატონო ლადო, ახლა კი, მადლობა ღმერთს, კორონამ მოგვისწრო, თორემ მერიას ქუჩების მორეცხვა არც გაახსენდებოდა…
_ რა რევოლუცია, კაცო, საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდა, საკრებულოს თავმჯდომარე მერე ვიყავი.
_ ვიცი, მაგრამ დიდი ოქტომბრის კი არა, „ვარდების რევოლუციას“ ვგულისხმობ.
_ ე. ი., იმას, რაც 2003 წელს მოხდა, თქვენც რევოლუციად მიიჩნევთ, არა?
_ რა თქმა უნდა… თქვენ, რა, ასე არ ფიქრობთ?
_ მე იმას ვამბობ, რაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეეხება. ის რევოლუცია კი არა, კარზე ამხედრება და იმ პოტენციალის გამოყენება იყო, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოიტანა. სხვათა შორის, რუსეთის ჯარის გაყვანაც დაიბრალეს, მაგრამ ეს ჯარი „ნაციონალებს“ არ გაუყვანიათ.
_ ბატონო ლადო, რაკიღა სიტყვა პოლიტიკაზე ჩამოვარდა, მახსოვს, რამდენიმე თვის წინ მითხარით, თუ „ოცნება“ მაჟორიტარად აღარ წარმადგენს, ჩემს პროფესიას დავუბრუნდებიო. მაჟორიტარობის კანდიდატი არა, მაგრამ „ოცნების“ პროპორციულ სიაში ხართ…
_ ასე არ მითქვამს.
_ აბა, როგორ თქვით?
_ ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და სადაც მეტყვიან, იქ დავდგები-მეთქი. ზუსტად ეს გავიმეორე ჩემს დიდ ოჯახშიც და ადეკვატური პასუხი მივიღე, ანუ სადაც ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდმა, რომელშიც მე მოვიაზრები, ასე დამინახა. ისე, პოლიტიკაში რომ ვარ, ხომ არ გწყინთ?
_ მირჩევნია, ისევ მედიცინაში მოღვაწეობდეთ. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა ხომ ბინძურია, თანაც „ოცნების“ მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და არ მინდა, ვინმემ ცუდი თქვენზეც თქვას…
_ თქვენ გინდათ, რომ პოლიტიკაში ისეთი ადამიანები იყვნენ, როგორიც მიშა სააკაშვილია და რომელიც ქვეყანას დაანგრევს? ეს მოგწონთ?
_ ჯერ ერთი, მიშას მაშინაც ვაკრიტიკებდი, როცა პრეზიდენტი იყო. მეორეც, 2016-ში იმ ადამიანების გვერდით იდექით, რომელთაც სააკაშვილის მიმართ სიმპათია აქვთ _ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ვგულისხმობ…
_ ჯერ ერთი, ამ პარტიაში არ ვყოფილვარ. მეორეც, რომ იცოდეთ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ლაქაა.
_ რატომ?
_ ის ადამიანი, რომელმაც იქ მიმიყვანა და მთხოვა, დღესაც ბოდიშს მიხდის, ეს რა უბედურებაში ამოყავი თავიო. სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ პარტიის მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა. სამწუხაროდ, მეც შევცდი, თუმცა ვინმემ მითხრას, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ნაბიჯი გავამართლე და არ გავაკრიტიკე…
_ თუ არ მეშლება, ლეიბორისტებთან ყოფნასაც შეცდომად მიიჩნევთ, არა?
_ არა, არა… სოციალური და ჯანმრთელობის წინა პლანზე წამოწევის იდეა არასოდეს დამვიწყებია, მაგრამ იმათ პოლიტიკური სიბინძურეები ჩაიდინეს და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ!
_ მოკლედ, ხომ არ დადგება დრო, როცა პოლიტიკაში მესამედ შესვლას ინანებთ?
_ არ ვინანებ!
_ რატომ?
_ ეს შეგნებულად გავაკეთე. საერთოდ, ცხოვრება, მათ შორის, პოლიტიკა და ჟურნალისტიკაც პროცესია. ისე, რეიგანი ჯერ დემოკრატი იყო, მერე _ დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრი, ბოლოს კი _ შესანიშნავი რესპუბლიკელი პრეზიდენტი.
_ ეს რა შუაშია?
_ მთავარია, შენ ვინ ხარ და არა _ ის, სხვა ცუდი კაცია თუ არა.
_ ვიცი, რომ კარგი ადამიანი ხართ და იცით, პატივს რატომ გცემთ? _ „ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებით, არც უხერხულ კითხვებს გაურბიხართ და არც ჟურნალისტებს უბრაზდებით.
_ როგორ შეიძლება, თავს დაგესხათ? პირიქით, მადლობა უნდა გითხრათ, რომ ჩემი აზრი გაინტერესებთ. ეს ყველაზე კარგი ფორმაა, როცა ადამიანები ჭეშმარიტების გზას ეძებენ. იცით, ექიმებმა როგორი უხერხული კითხვების დასმა იციან და თუნდაც მე პაციენტისთვის რამდენი უხერხული კითხვა დამისვამს?
_ მართლა?
_ ამ კითხვებს იმიტომ ვსვამ, რომ დაავადების სათავე მოვძებნო. თქვენ სწორ კითხვებს სვამთ, მწვავედ კი იმას ეჩვენება, ვინც პასუხისთვის მზად არაა.
_ ჰოდა, „ოცნება“ ყველას, ვინც მწვავე და უხერხულ კითხვას სვამს, „ნაციონალს“ ეძახის…
_ ჟურნალისტს ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება აქვს, ოღონდ ინტერპრეტირება არ უნდა მოახდინოს. სამწუხაროდ, არიან ისეთები, რომლებიც ჟურნალისტიკას არცხვენენ ან ჟურნალისტიკას ანგარებისთვის იყენებენ.
_ სხვათა შორის, პოლიტიკას ანგარებისთვის პოლიტიკოსებიც იყენებენ…
_ დიახ, მაგრამ თეთრი და შავი კონტრასტული ფერებია, რასაც ხალხი კარგად არჩევს. მეტიც, ხალხი პოლიტიკოსებში უამრავ ნიუანსს ამჩნევს, ანუ ამ შეხედულებებს აგროვებს, წონის, ხედნის, ყველაფერ ამას აანალიზებს და საარჩევნო ყუთთან ისე მიდის. ეს დემოკრატიის ყველაზე კარგი ფორმაა…
რომ იცოდეთ, ჟურნალისტებთან ისე ვურთიერთობ, როგორც პოტენციულ პაციენტებთან.
_ რატომ?
_ იმ ადამიანს, ვინც ტკივილზე ჩივის, პოტენციურ პაციენტად ვუყურებ, რადგან მისი ტკივილის შემსუბუქებაში ჩემი როლი და ადგილი დავინახო. ამაში ცუდი რა არის?
_ არაფერი, რადგან პირადად მეც პოლიტიკოსებს ისე ვუყურებ, როგორც პოტენციურ პაციენტებს _ უხერხულ კითხვებს იმიტომ ვუსვამ ხოლმე, რომ დიაგნოზამდე მივიდე!
_ ჟურნალისტისგან განსხვავებით, ექიმი მკურნალობას ნიშნავს. ექიმმა პოლიტიკოსმა კი მხოლოდ სიტყვიერი მკურნალობა კი არ უნდა დანიშნოს, არამედ ეს მკურნალობა, ნორმატიული აქტის სახით, ქაღალდზეც უნდა გადაიტანოს.
_ კეთილი და სანამ დაგემშვიდობებით, ბატონო ლადო, მითხარით, „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩება?
_ რასაკვირველია!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ საკონსტიტუციო ცვლილებებით „ოცნებამ“ ისეთი რამ გააკეთა, რომ ძალიან დიდი პატივისცემის ღირსია. ეს ნაბიჯი 2024 წელს ევროკავშირის კარზე დასაკაკუნებლად დაუფასდება! სხვები ამაზე არ თანხმდებოდნენ, „ოცნებამ“ კი ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო.
_ მესმის, მაგრამ მშიერ ხალხს დიდად არ აღელვებს, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება თუ _ შერეულით…
_ თქვენ სხვა კუთხით დაინახეთ და სოციალური კუთხით წაიყვანეთ. კარგი, წამოგყვებით და გეტყვით, რომ ეს ხელისუფლება წინამორბედებზე ასი ათასჯერ ჰუმანურია!
_ კარგი, რა, ბატონო ლადო. წინა ხელისუფლებების დროს ას ლარად ლამის მთელი თვის პროდუქტს ვყიდულობდი, ახლა კი ას ლარად მანქანაში საწვავს ვასხამ და ერთ კოლოფ სიგარეტს ვყიდულობ…
_ აპა-პა-პა! კომუნისტების დროს ერთი მანეთით ბენზინს ჩაასხამდი.
_ უკაცრავად, კომუნისტები დღევანდელობასთან რა კავშირში არიან?
_ კომუნისტების დროს 58-ე მუხლი არსებობდა და თუ შენი სახლი ან ცოლი მოეწონებოდათ, დაგიჭერდნენ. მაშინ პროლეტარიატის დიქტატურა ჰქონდათ, წინა ხელისუფლებას კი _ „მე მინდას“ დიქტატურა. დღეს ეს დიქტატურა აღარა. დღეს ტერორი არაა და სრული თავისუფლებაა!
საერთოდ, საქართველო ფიზიკური განადგურების პირას არაერთხელ დამდგარა _ ხალხს სასმელ-საჭმელი ენატრებოდა, მაგრამ ქართველობა არავის დაუთმია. ამათ კი ყველაფერი ჰქონდათ და გარეჯი დათმეს!
_ ბატონო ლადო, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინმემ გარეჯი დათმო თუ არა, ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დაარღვიოთ!
_ გარეჯს ვინ დაათმობინებდა, მაგრამ ხელი მოაწერეს…
_ უსამართლობა სწორედ ესაა, რომ ადამიანებს ბრალი არ აქვთ დამტკიცებული და „ოცნება“ უკვე დამნაშავეებად აცხადებს!
_ ამ თემაზე შემიძლია, ვილაპარაკო და ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც გავაშიშვლო.
_ კარგი, გამაშიშვლეთ, მაგრამ იმაშიც დამეთანხმეთ, რომ ეს თემა საარჩევნო კონტექსტში წამოსწია ხელისუფლებამ…
_ ამ თემაზე ლაპარაკი 2014 წელსაა დაწყებული.
_ ჰოდა, საქმეც მაშინ აღეძრათ.
_ დოკუმენტები მოძიებული არ იყო, დღეს კი იმხელა მასალა ჩამოვიდა.
_ მასალა კი არ ჩამოვიდა, არამედ, როგორც ბიზნესმენი ხიდაშელი ამბობს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან და ეროვნული ბიბლიოთეკიდან აიღო.
_ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სარწმუნოებრივი იდეის მიმართ ასეთი სინქრონული შეტევა, საბოტაჟია. ასეთი საბოტაჟისტები 1991 წლიდან შიგნით გვყვანან და მათ, სამწუხაროდ, რუსეთი კვებავს…
_ კარგი, ბატონო ლადო, სადაც იქნებით, „ოცნებაში“ თუ სხვაგან, წარმატებას გისურვებთ!
გიორგი აბაშიძე