ლადო კახაძე: „მჯერა, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი პარლამენტში შემოვა!“
ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია. ამ ფონზე ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს, რაც იმას ნიშავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. ამის მიუხედავად, „ოცნება“ თავს იტყუებს და ამბობს, ყველაფერი კარგადაა და მათ, ანუ ოპოზიციონერებს, საბოტაჟის უფლებას არ მივცემთო. ეს კი არადა, მმართველ ძალაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი პარლამენტში აუცილებლად შევა. „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში ამ აზრს უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძეც ავითარებს.
„მჯერა, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი პარლამენტში უნდა შემოვიდეს“, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და დასძენს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ქვეყანა „ნაცებმა“ დაღუპეს.
_ ბატონო ლადო, როგორ ხართ?
_ კარგად, არა მიშავს.
_ ქვეყანა ინგრევა და თქვენ კარგად როგორ ხართ?
_ ფიზიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ, თორემ სულიერად და ფიქრებში, ხომ იცით, როგორაა, ადამიანი, თავისი შემეცნებიდან გამომდინარე, აანალიზებს რა საერთო სიტუაციას, მას რაღაცებზე კითხვის ნიშნები უჩნდება და გამოსავალს ეძებს.
_ დღეს კითხვის ნიშნები, პირადად თქვენ, რაზე გიჩნდებათ?
_ იმ ტოტალურ უნდობლობაზე, რომელიც ერთმანეთის მიმართ ადამიანებს აქვთ.
_ კითხვის ნიშნები, აი, მაგალითად, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისზე არ გაქვთ?
_ რასაკვირველია, კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ აქ პასუხებიცაა, რომ დედამიწაზე დიდი გამოწვევაა და იგია ერთ-ერთი მიზეზთაგანი ისეთი სუსტი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. არასოდეს გვითქვამს, რომ ყველაფერი ათიანზეა. ვიცით, რომ ძალიან დიდი გამოწვევაა სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და ასევე, როგორც გითხარით, ადამიანებს შორის არსებული ტოტალური უნდობლობა. აი, მაგალითად, ჟურნალისტებს რესპონდენტების არ სჯერათ.
_ ამ კუთხით ყველაზე მთავარი, მგონი, ისაა, რომ ხალხს ხელისუფლების არ სჯერა!
_ დიახ. ხალხი ხელისუფლებას ჯერ აირჩევს, მეორე დღიდან კი არ სჯერა მისი. მერე ტოტალური უნდობლობის დათესვა მიდის, რომ პაციენტმა ექიმს არ დაუჯეროს, მოსწავლემ _ მასწავლებელს.
_ იცით, ხალხს ხელისუფლების რატომ არ სჯერა?
_ რატომ?
_ ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან: ერთი კვირის წინ „ოცნება“ ამტკიცებდა, არც ტრანსპორტს გავხსნი და არც _ რესტორნებს, რადგან კორონა წაგვლეკავსო, მაგრამ როგორც კი ადამიანების ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და „ლოკდაუნი“ გააპროტესტა, ხელისუფლებამ გვითხრა, ეპიდვითარება დასტაბილურდა და ტრანსპორტსაც გავუშვებ და რესტორნებსაც გავხსნიო. ბატონო ლადო, ხელისუფლებაში რომ არ იყოთ, მთავრობას დაუჯერებდით?
_ მგონი, კითხვა არ გეშლებათ, არც ტელევიზორის ყურება გეზარებათ და სმენაც კარგი გაქვთ.
_ ეს რა შუაშია?
_ ხელისუფალმა ჯერ კიდევ დეკემბერში თქვა…
_ დეკემბერზე კი არა, რამდენიმე კვირის წინანდელ განცხადებაზე გესაუბრებით…
_ ერთი წუთით მომისმინეთ და როცა გპასუხობთ, ნუ გამაწყვეტინებთ.
_ არ გაწყვეტინებთ, უბრალოდ, „ჩავაზუსტე“…
_ თუ ადამიანს გაგონება უნდა და კონსტრუქციულია, მაშინ გაიგებს, ანუ ახლა კი არა, ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში ვთქვით…
_ რა თქვით?
_ როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნდობით არიან და საქმის გარჩევა ჩასაფრებულისა თუ ანგაჟირებულის პოზიციიდან არ ხდება, მაშინ ყველაფერს თავისი ადგილი მოეძებნება.
კითხვები, რომლებსაც ჟურნალისტები სვამთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და გეთანხმებით, ყველა კითხვა უნდა დასვათ, მაგრამ პასუხიც უნდა მოისმინოთ და ადეკვატურად მიიღოთ.
_ კი ბატონო, გისმენთ…
_ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უცილობლად ეტაპობრივი გახსნა იქნებოდა. ალბათ, გახსოვთ, რომ 28 ნოემბრიდან დიდი _ ორთვიანი ტაიმ-აუტი ავიღეთ და ვთქვით, ყველაფერი მაშინ შემსუბუქდება, როცა ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მონაცემები დაიწევსო. დიახ, ყველაფრის გახსნა ჩვენ თვითონ გვინდა. რომელ ნორმალურ ადამიანს არ უნდა, რომ თვითონ იყოს შემოქმედი, ბიუჯეტში შემტანი და კმაყოფილი?
_ ბატონო ლადო, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ მშიერი ხალხის მართვა გაცილებით ადვილია. ჰოდა, ახლაც საქმე, მგონი, ამასთან გვაქვს…
_ დაგეთანხმებით, რომ ეს თეორია არსებობს, მაგრამ საკუთარი თავის სალანძღავად ამას რომელიმე გმონიერი ადამიანი გააკეთებს?
_ და თქვენ გჯერათ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გონიერი ადამიანები არიან?
_ ვიცი, რომ თქვენ არ გჯერათ, მაგრამ მე მჯერა!
_ რაკი გჯერათ, მაშინ კითხვას სხვანაირად დაგისვამთ.
_ როგორც გინდათ, ისე დამისვით, კაცო!
_ ყველას გვახსოვს, 2012 წელს „ოცნებას“ ხალხი როგორ ენდობოდა…
_ დიახ…
_ წელს კი, გაყალბებასაც თავი რომ გავანებოთ, თქვენმა გუნდმა, მგონი, 46 პროცენტი აიღო…
_ სიტყვა „გაყალბებაში“ არ დაგეთანხმებით…
_ გაყალბებას თავი დავანებოთ…
_ კარგი, მაგრამ ამ სიტყვის გამოყენება ვინმემ ხომ არ დაგავალთ?
_ კი, ახლა „ნაცების“ ოფისიდან მოვდივარ და იქ მითხრეს, ინტერვიუს რომ ჩაწერ, სიტყვა „გაყალბება“ აუცილებალდ ახსენეო…
_ მკითხველს კითხვა გაუჩნდება, თქვენისთანა მიუკერძოებელი ადამიანი ამ სიტყვას ხშირად რატომ იყენებს?
ჯერ ერთი, „ოცნებამ“ 46-ზე მეტი აიღო. მეორეც, თქვენ გჯერათ, რომ გაყალბება იყო და მხოლოდ ამდენი აიღო?
_ დიახ, მჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა!
_ და საბუთი?
_ იმაზე მეტი რაღა საბუთია საჭირო, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ქალბატონები საცვლებში ბიულეტენებს როგორ იტენიდნენ…
_ ვაი, ვაი, ვაი… სირცხვილია! ამას თქვენ არ უნდა ამბობდეთ! აი, ახლა კომისია ხომ არის და დოკუმენტები დაიდოს…
_ რომელი კომისია, ელისაშვილის? ახლა, არ გამაგიჟოთ _ ელისაშვილი პირველ ნოემბერს „ოცნებას“ დედას აგინებდა, ახლა კი ტაშს უკრავს და მის კომისიას როგორ უნდა ვენდოთ?!
_ არც ახლა ხართ მართალი!
_ რატომ?
_ ელისაშვილი რა შუაშია? ჩვენ ვთქვით, ეს კომისია იმ წესით დაკომპლექტდება, რომელი წესითაც საგამოძიებო კომისია უნდა კომპლექტდებოდესო.
_ პარლამენტში ოპოზიცია არაა და საგამოძიებო კომისია როგორ უნდა დაკომპლექტდეს?
_ პარლამენტში 150 წევრია და უფლებამოსილება შეწყვეტილი ერთსაც არ აქვს.
_ ამ არშეწყვეტით „ოცნებამ“ კონსტიტუცია რომ დაარღვია, მაგას რა ვუყოთ?
_ მომისმინეთ და რომ ვლაპარაკობ, ნუ მაწყვეტინებთ, ძალიან გთხოვთ!
_ გისმენთ!
_ როცა უფლებამოსილება არ შეწყვეტილა, ოპოზიციას აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კომისია გადაიბაროს და ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ის დაიბაროს, ვინც უნდა, ყველაფერი გამოქექოს და დაასაბუთოს. აი, როგორაა გაცხადებული _ თუ ამ შემთხვევაში ერთი პროცენტი „ოცნების“ სასარგებლოდ აღმოჩნდება გაყალბებული, მაშინ, რასაკვირველია, არჩევნები დაინიშნება, მაგრამ უაპელაციოდ ახდენენ ტირაჟირებას, არჩევნები გაყალბდა, გაყალბდაო, მაგრამ რამდენიც უნდა იძახონ, ეს არჩევნები არ გაყალბებულა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე იყო, თუმცა იმასაც ამბობენ, ხარვეზები იყო, მაგრამ არა _ ისეთი, რომელიც სხვაგან არ გვინახავს და გამოასწორეთო!
რასაკვირველია, ხარვეზები იყო, მათ შორის, ისეთიც, რომელიც არავის მოგვწონს, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება!
სხვათა შორის, კომისიის გარდა პაქტიცაა, რომელიც საარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას, ხმების დათვლასა და საერთოდ, ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს. ჰოდა, მიიღეთ მონაწილეობა! ისე, შეგიძლიათ, მონაწილეობა პირადად თქვენც მიიღოთ, რა, პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ?
_ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა რომ მივიღო, დეპუტატი უნდა ვიყო…
_ არა, ბატონო, საგამოძიებო კომისიაში, შეიძლება, ნებისმიერი ექსპერტი მოიწვიო.
_ არც ექსპერტი ვარ!
_ ექსპერტი კი არა, უბედურება ხართ!
_ უკაცრავად, რა ვარ?
_ კარგი ჟურნალისტი ხართ და კომისიაში სწორედ თქვენისთანა ადამიანი უნდა იყოს!
_ „ოცნებასთან“ საკითხი დააყენეთ და, კი ბატონო, გავხდები კომისიის წევრი!
_ სურვილი გამოთქვით და ამ საკითხს მე დავაყენებ.
_ აი, საჯაროდ გიდასტურებთ, რომ კომისიის მუშაობაში, როგორც ჟურნალისტი, მონაწილეობას მივიღებ!
_ კომისია რომ შეიქმნება, განცხადება დაწერეთ და თქვენი ლობისტი მე ვიქნები!
_ გმადლობთ, მაგრამ „ქოცები“ ამ კომისიაში არ შემიყვანენ!
_ „ქოცები“ კი არა, „ნაცები“ არ შეგიყვანენ, რადგან ამ კომისიის შექმნა მათ არ უნდათ.
_ რატომ არ უნდათ?
_ კაცო, რომ გეუბნები, ყველაფერზე მოვდივარ და ყველაფრის უფლებას შენ გაძლევ-მეთქი, რატომ არ უნდა დამთანხმდე? ზოგი ამბობს, ფაქტები იქნება განადგურებულიო, მაგრამ ფარაონების ისტორია გაიხსნა და თუ სიმართლის დადგენა გინდა, ეს უნდა გააკეთო, მაგრამ „ნაცებს“ პარლამენტში შემოსვლა იმიტომ არ აწყობთ, რომ მათი შემოსვლის შემდეგ საშუალება გაჩნდება, ლაპარაკი ბარიერის დაწევაზე დაიწყოს.
_ ყველაფერი გასაგებია _ მეცხრე წელია, ხელისუფლებაში „ოცნებაა“, მაგრამ ქვეყანას ისევ „ნაცები“ ღუპავენ!.. ისე, ბატონო ლადო, დეპუტატი საჯარო მოხელეა თუ არა?
_ ამაზე არ წამოგყვებით, რომ ქვეყანას „ოცნება“ ღუპავს.
_ ეგ არც მე მითქვამს…
_ „ოცნება“ თავს იმტვრევს იმ პრობლემების გასასწორებლად, რომლებიც, საუბედუროდ, დახვდა.
_ კარგი, ქვეყანას „ნაცები“ ღუპავენ…
_ დაღუპეს, დაღუპეს, ბიჭო და, ნუ ამბობთ, ღუპავენო! ქვეყნის 20 პროცენტი სხვას აჩუქეს!
ისე, პატარა ბიჭი არ ვარ, რომ ირონიაზე წამოგყვეთ! მე სიმართლეს გეუბნებით! ხომ იცით, ვის ელაპარაკებით? _ ექიმს, რომელმაც იცის, რა არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
_ ბატონო ლადო, ვიცი, რომ ექიმი ხართ, მაგრამ ნუ ცდილობთ, „გამაქოცოთ“!
_ რატომ ვასოცირდები, რომ თქვენ გადაბირებას ვაპირებ? თქვენი გონიერების, სწორი ანალიზის მჯერა, თქვენს სიტყვას კარგი ძალა აქვს და მწყინს, რომ…
_ რა გწყინთ?
_ ეს სიტყვა, კარგად გამოყენების შემთხვევაში, საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ წაიყვანს და უფრო რეალისტურ გზაზე დააყენებს. თქვენი მხრიდან, რომელსაც ძალიან ბასრი კალამი გაქვთ და მოაზროვნე კაცი ხართ, რაღაც თემის არასწორად წამოწევა შესაძლოა, ცუდი დეტონატორი გამოდგეს და მეტი არაფერი!
_ ბატონო ლადო, მარტივ კითხვას გისვამთ: დეპუტატი საჯარო მოხელეა თუ არა?
_ რასაკვირველია.
_ კონსტიტუციაში წერია, რომ არავის აქვს უფლება, ადამიანს საჯარო თანამდებობის დაკავება აიძულოს. ჰოდა, ახლა, ვინმემ საჯარო სამსახურში იძულებით რომ გამამწესოს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება თუ არა?
_ ძალით ვინ დაგნიშნავთ?
_ დეპუტატს უფლება აქვს, პარლამენტს განცხადებით მიმართოს და უფლებამოსილება შეიწყვიტოს, თან ამას კენჭისყრა კი არ სჭირდება, არამედ საკანონმდებლო ორგანომ დეპუტატის განცხადება, უბრალოდ, ცნობად უნდა მიიღოს…
_ გენიალური კაცი ხართ, გენიალური, თუმცა დღეს სალაპარაკო ყველას ერთი გაქვთ და რადგან შეკითხვა დამისვით, მოემზადეთ, ახლა, ქამარს მოგარტყამთ!
_ რას ნიშნავს, „ქამარს მომარტყამთ“?
_ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ… ისინი საჯარო მოხელეებად ვინ დანიშნა? _ თავი მოიკლეს და მილიონობით ფული დახარჯეს.
_ შეიძლება, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ ერთი წამით… მილიონობით ადამიანი მოატყუეს, მათი ნდობით მანდატები აიღეს და პარლამენტში შემოვიდნენ, თუმცა არჩევნების წინა დღეს, ღამის 12 საათზე, საბოტაჟი დაიწყეს, რადგან ქვეყნის არევა მოახერხონ.
_ ბატონო ლადო, კარგი, ვთანხმდებით, რომ ოპოზიცია ცუდია, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით: ხელისუფლება კონსტიტუციას რატომ არღვევს?
_ კონსტიტუციას არ არღვევს!
_ აბა, რას შვრება?
_ კონსტიტუციაში არის ლუფტი, როდესაც ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე და დემოკრატიის გზაზე ბევრი გამოწვევის დასაძლევად ასეთი გზა არსებობს.
_ შეგიძლიათ, კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი მიმითითოთ, სადაც ეს ლუფტია?
_ ყველა დეპუტატს აქვს თავის შეკავების უფლება და ეს სასარგებლო ერთადერთი რამისთვისაა.
_ რისთვის?
_ ევროპარლამენტარებმა ერთხმად თქვეს, ოპოზიცია თავის ქმედებით დემოკრატიას ძირს უთხრის და ამით ქართველი ხალხის ევროკავშირში გაერთიანების გადაწყვეტილებას შეურაცხყოფსო.
_ კარგი, გასაგებია… ისე, როგორც მახსოვს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი იყავით და ხართ, არა?
_ რასაკვირველია.
_ ჰოდა, რამდენიმე დღის წინ, როცა ოპოზიციის ბოიკოტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ასეთი ფრაზა თქვა: „პარლამენტი რომ არ დარჩეს ერთპარტიული“. ამ წინადადებას როგორ განმიმარტავთ?
_ ამას თქვენც ამბობთ და სხვებიც ამბობენ.
_ ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის ნათქვამის განმარტებას გთხოვთ.
_ არ ვიცი, ეს სალომეს ჰკითხეთ, თუმცა მე გეტყვთ, მისი ნათქვამი როგორც გავიგე.
_ გისმენთ…
_ სხვის ნათქვამს გამოეხმაურა, ე. წ. ერთპარტიულიო…
_ მე კი ისე გავიგე, რომ ზურაბიშვილმა პარლამენტის ერთპარტულობა დაადასტურა…
_ თქვენ იმას ამბობთ, რომ ზურაბიშვილმა არ იცის, პარლამენტი ერთპარტიული რომ არ არის?
_ არის!
_ ერთპარტიულია?
_ აბა, რა არის?!
_ პარლამენტში დე იურე რამდენი პარტიაა?
_ ერთი!
_ არჩევნები როგორ დამთავრდა?
_ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდა _ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტში არ შედის!
_ ყურადღებით მომისმინეთ: გიჟიც არ აღიარებს, რომ გიჟია და რა ვქნათ?
_ ანუ ოპოზიცია გიჟია?
_ ადამიანს ზოგჯერ მანიაკალური აზრები აქვს და რა ვუყოთ?
გარე სამყარო ამბობს, ოპოზიცია დემოკრატიას ძირს უთხრის და საბოტაჟს ეწევაო.
_ ბოლოს, ბატონო ლადო, თქვენი პროგნოზი როგორია, პროცესები როგორ განვითარდება?
_ ეს ჩემი, ერთი კერძო ადამიანის პროგნოზია: დარწმუნებული ვარ, რომ იქით, ანუ ოპოზიციურ ფლანგზე, ქვეყანაზე მოფიქრალის პოტენციალი არის და ყველას ერთ ტაფაში ვერ მოვხარშავ. რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, მაინც გულის ტკენით ვიტყვი, იქ დარჩა პოტენციალი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა, თუმცა თავს ვეღარასოდეს გაიმართლებს, ქვეყანა მიყვარსო.
საერთოდ, შენი ქვეყანა პოლიტიკას არ უნდა გადააყოლო!
მოკლედ, მჯერა, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი პარლამენტში უნდა შემოვიდეს.
გიორგი აბაშიძე