კოტე კემულარია: „კორონაკორუფციის სკანდალური ქართული ანატომია“

„მამა-შვილი გამყრელიძეები ნამდვილად მსხვილი დამნაშავეები არიან!“ _ ამ სკანდალურ განცხადებას „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია აკეთებს. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ „ტრიბუნის“ გუნდი იმ კორუფციულ სქემებს სწავლობს, რომლითაც კორონაპანდემიის დროს ერთმა ჯგუფმა ძალიან დიდი ფული იშოვა. კერძოდ, კემულარია აქცენტს აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეზე, მის ვაჟ ნიკა გამყრელიძესა და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელ ირაკლი გილაურზე.
ამას გარდა, კოტე კემულარია კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს, ანუ მისი თქმით, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ახლა „საქართველოს კაპიტალის“ ბორდშია, თავის დროზე, „ასტრაზენეკაში“ წამყვანი მენეჯერი იყო და ხელისუფლება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას სწორედ ამიტომაც ლობირებს და ეს მაშინ, როცა თავდაპირველად ითქვა, რომ ქვეყანაში „ფაიზერი“ შემოვიდოდა, რომელიც უფრო მეტი სანდოობით გამოირჩევა
.

მოკლედ, როგორია კორონაკორუფციის ქართული ანატომია? _ „ქრონიკა+“ „ტრიბუნის“ ერთ-ერთ ლიდერ კოტე კემულარიას ესაუბრა:

_ ბატონო კოტე, კორონავირუსმა მსოფლიოსა და, მათ შორის, საქართველოში, სათავე ხომ არ დაუდო კორუფციის ახალ, ასე თქვათ, მიმდინარეობას?

_კორონავირუსის ამ „ლოკდაუნებმა“ და სხვა გამიზნულმა შეზღუდვებმა ახალი კორუფცია, დიახ, წარმოშვა და ასევე ადრე არსებული კორუფციული ხაზები გაამძაფრა. ამასთან, პანდემიამ ერთი ჯგუფის მიერ რაც შეიძლება მეტი ოქმის მითვისებისთვის ხელის შემწყობი გარემოებები შექმნა.

_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?

_ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, ანუ ეს მტკიცებულებები შეიძლება, შენიღბულია, მაგრამ პროფესიულ თვალს ამის შემჩნევა არ გაუჭირდება. მჯერა, დადგება დრო, როცა ყველაფერი ეს სასამართლო გამოძიების საგანი გახდება!
აი, მაგალითად, ყველას გვახსოვს ასეთი ჯგუფი „ევექსი“, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა. „ევექსთან“ ნიკა გამყრელიძე და მამამისი, ამირან გამყრელიძე ილინკებოდნენ. დღეს მამა, პრაქტიკულად, კოვიდის სახელმწიფო მიმართულებას, ე. წ. კოვაქსპლატფორმას ხელმძღვანელობს და საერთაშორისო დონორებთან პირდაპირი კავშირი აქვს. ამასთან, საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიცაა და ოფიციალურად ხელფასსაც იღებს.
რაც შეეხება შვილს, „ევექსს“ მთავრობასთან თავიდანვე პირდაპირი კავშირი ჰქონდა. მოგვიანებით კი მთლიანად კერძო გახდა, რომელსაც 50-ზე მეტი ყველაზე მსხვილი საავადმყოფო შეუერთეს. ასევე შეუერთეს 200-ზე მეტი პოლიკლინიკა, აფთიაქი და სამედიცინო დაწესებულება. ყველაფერი ეს დღეს ერთ კორპორაციას წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის დროს გაიფურჩქნა.

_ ანუ „ევექსი“ კოვიდპროგრამაში მიზანმიმართულად ჩართეს?

_ 2019 წლის შემდეგ, როგორც კი დადგა საჭიროება, რომ ხელთათმანები, ხალათები, პირბადეები და სხვა სამედიცინო ინვენტარი იყო შესაძენი, ამაში მამა-შვილი ჩაერთო. სხვათა შორის, საჯაროდ ბევრჯერ მოვისმინეთ, აი, ყველაფერს ნიკა გამყრელიძე ყიდულობსო, მაგრამ ის მხოლოდ „ევექსს“ არ წარმოადგენდა, ანუ, პარალელურად, ერთ ძალიან დიდ სამედიცინო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. საერთო ჯამში, ის 11-მდე დანაყოფის უფროსი იყო.

_ ბატონო კოტე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რაზე საუბრობთ?..

_ არსებობს უზარმაზარი კორპორაცია _ „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც „საქართველოს ბანკთანაა“ ასოცირებული და რომელსაც ასევე ირკალი გილაური ხელმძღვანელობს. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 2020 წლამდე დამოუკიდებლად იყო წარმოდგენილი და შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იგი საქართველოს ჯანდაცვაზე ზრუნავდა. მერე კი „საქართველოს ბანკის“ ამ ნაწილს, ანუ „საქართველოს კაპიტალს“ შეუერთეს, ხოლო ნიკა გამყრელიძე „საქართველოს კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტი, ანუ ირაკლი გილაურის მოადგილე გახდა.
სხვათა შორის, საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, რომ, თავის დროზე, ამ კომპანიამ „საქართველოს ბანკიდან“ 20 მილიონი მოითხოვა, რასაც სკანდალი მოჰყვა.

_ რატომ?

_ ეროვნული ბანკის უსახურმა პრეზიდენტმა გაბედა და ამ მოთხოვნაზე უარი უთხრა, „საქართველოს ბანკის“ ნაწილი ხარ და ამ 20 მილიონს ვერ მოგცემო, თუმცა ამირან გაყრელიძის დახმარებითა და წერილების მეშვეობით 20 დღეში, „იბიარდმა“ ამ კომპანიას 20 მილიონი ევრო მისცა.

_ რისთვის?

_ ეს 20 მილიონი კოვაქსის საერთაშორისო პროგრამიდან კოვიდის პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყო.
20 მილიონი ევრო ცოტა თანხა არაა. გარდა ამისა, ნიკა გამყრელიძე 7 და 8-მილიონიან ტენდერებსაც იგებს და ამ შემთხვევაში, საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტზეა. სხვათა შორის, მხოლოდ შპრიცებისა და ხელთათმანების ტენდერები კი არა, მათ შორის, ვაქცინების ტენდერებიც მოიგო. ყოველ შემთხვევაში, ყველას გვახსოვს მამა-შვილ გამყრელიძეების განცხადება, აი, „ფაზიერთან“ მოლაპარაკებებია და ყველაფერი ძალიან კარგად იქნებაო, ანუ ეს ორი ადამიანი სიტუაციას მთლიანად ფლობდა და აბსლუტური წვდომა მხოლოდ „საქართველოს ბანკიდან“ აღებულ სესხებთან კი არა, მსოფლიო კოვაქსის ფონდის მიერ გამოყოფილ სპეციალურ სახსრებთანაც ჰქონდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო გარანტიის ხარჯზე გამოეყო.

_ ე. ი., კორონალოკდაუნებით გაღატაკებული საქართველოს მოსახლეობა მამა-შვილ გამყრელიძეების ტყვეა?

_ დიახ, ამის თქმა თავისუფლად შეიძლება.
საერთოდ, ჰაერზე არ ვლაპარაკობ. ხელთ მაქვს ორი კვირის წინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი გავლენიანი დასავლური ორგანიზაციის ანგარიში, რომელშიც ყველაფერი ის წერია, რაზედაც წეღან ვისაუბრე.
სხვათა შორის, კომპანიას „საქართველოს კაპიტალი“ მიზანმიმართულად დაარქვეს.

_ რატომ?

_ ყველამ იცის და სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ „საქართველოს ბანკთან“ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირაა დაკავშირებული. ამ კომპანიის პორტფოლიოს ღირებულება 3 მილიარდამდეა და მისი მთავარი შემადგენელი ჯანდაცვაა. კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი კი ნიკა გამყრელიძეა.

_ ბატონო კოტე, კოროპანდემიის დროს მამა-შვილმა გამყრელიძემ სულ რა რაოდენობის მოგება ნახა და ამასთან, ეს შემოსავალი კიდევ ვისზე გადანაწილდა?

_ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ლაპარაკია, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ისე გამოაცხადეს, როგორც საინვესტიციო პორტფელი და ამ ფულით მხოლოდ გამყრელიძეებმა კი არა, იგივე ირაკლი გილაურმა და ივანიშვილის ოჯახმაც ისარგებლა. მოვა დრო და ყველაფერი ეს გამჟღავნდება.

_ როგორ?

_ უნდა გამოვიძიოთ, თუმცა უკვე არსებობს ირაკლი გილაურის წლიური ანგარიში, სადაც იგი ამბობს, ვინაიდან პანდემიაა და საფრთხე არსებობს, ქეშს ვაგროვებთო და ეს ქეში 300 მილიონია, რომელიც ამ ერთმა კორპორაციამ ჩვენს ხარჯზე დააგროვა _ ჩვენ, ყველანი, გავღატაკდით, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი, პრაქტიკულად, დაიღუპა. ერთმა კორპორაციამ კი 300 მილონი ქეშად დააგროვა!
ამ ფულით საუკეთესო ღვინის ქარხნები, კერძო სკოლები და, მათ შორის, ავტოპროფილაქტიკები, აი, მაგლითად, „ამბოლი“ იყიდეს. აღარაფერს ვამბობ რესტორნებზე, პატარა კაფეებსა და ყავის ობიექტებზე.
ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კარგ ადგილას იყო და პანდემიის გამო გაკოტრდა, როგორც იტყვიან, კაპიკებად შეიძინეს!

_ ე. ი., მამა გამყრელიძეს აწყობს, რომ კორონაისტერია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რათა უფრო მეტი ფულის შოვნის საშუალება ჰქოდეთ, არა?

_ გონივრული ვარაუდი გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ პატარა ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია კვებასთან, გართობასთან და ასევე ციფრულ ტექნოლოგიასთან, დღეს გაჩერებულია და სესხები აქვს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ობიექტები საუკეთესო ადგილას _ პეკინზე, რუსთაველსა თუ ჭავჭავაძის გამზირებზეა განლაგებული.

_ გასაგებია, მაგრამ ყველაფერ ამას ჩემს კითხვასთან რა კავშირი აქვს, ბატონო კოტე?

_ გეტყვით, მაგალითად, დიდი ღვინის ქარხნები როგორ იყიდეს.

_ როგორ?

_ ყველას უჭირდა და კრედიტები მისცეს, თუმცა პანდემიის გამო „საქართველოს ბანკმა“ უცებ კრედიტების დაბრუნება მოითხოვა, პირობები შეიცვალაო.

_ ეს ხომ კანონდარღვევაა?

_ ვიცით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს როგორი მორალითაც უდგება. მოკლედ, ღვინის ქარხნების მფლობელებმა კრედიტი ვერ გადაიხადეს და მთელი ქონება წაართვეს!

_ იმის თქმა გინდათ, რომ ყველაფერი ეს წინასწარ გათვლილი სქემა იყო?

_ დიახ, ყველას ასე მიუდგნენ.

_ შეიძლება, მაგრამ პანდემია და, შესაბამისად, „ლოკდაუნები“ მსოფლიოს პრობლემაა და საქართველოში ამ ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა როგორ გათვალა, რომ კორონავირუსი გაჩნდებოდა და ცხოვრება დაპაუზდებოდა?

_ წარმოიდგინეთ, საინვესტიციოდ გამოცხადებული 500 მილიონი საქართველოს ბაზრისთვის ძალიან დიდია, ანუ ამ თანხით ჩვენს ქვეყანში ძალიან ბევრ რამეს იყიდით…
ზემოხსენებული ანგარიში მხოლოდ გასულ წელს ეხება. მას შემდეგ კი, როცა სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა და „ლოკდაუნი“ სრულიად გაუგებარი მიზეზებით გააგრძელეს, არ ვიცით, რა მოხდა.

_ იმაზე მეტი, რაც თქვით, რაღა უნდა მომხდარიყო?

_ ბიზნესები კიდევ უფრო გაკოტრდა. „საქართველოს ბანკი“ და ნიკა გამყრელიძე ჩასაფრებულები არიან, რომ ამ ფონზე ყველაფერი ნახევარ ფასად ან მესამედ ფასად იყიდონ, ანუ, პრაქტიკულად, გამოსძალონ და შემდეგ დიდი კორპორაცია გააკეთონ.
ვთქვათ, ხვალ ხელისუფლებაში მესამე ან მეოთხე ძალა თუ მოვა, აღმოჩნდება, რომ არსებობს ერთი დიდი კორპორაცია, რომლის ხელშიც ყველაფერია. ეს კორპორაცია ლონდონის ბირჟაზე ოპერირებს და უამრავი დამცველი გამოუჩნდება. მოკლედ, ხომ ხვდებით, რაც ხდება?

_ რა ხდება?

_ საქართველოს მთელი ქონება ერთი კორპორაციის ხელშია, რომელსაც ძალიან ხმაურიანი სახელი ჰქვია _ „საქართველოს კაპიტალი“.
ერთი სიტყვით, ეს ერთი კორპორაცია, პრაქტიკულად, სახელმწიფოა!

_ სხვათა შორის, პანდემიის გარიჟრაჟზე, კორონის დასამარცხებლად, სპეცფონდი შეიქმნა, რომელშიც მილიონები აკუმულირდა. ბატონო კოტე, იცით, ამ ფონდს რა ბედი ეწია?

_ ამ კორპორაციაშია.

_ ანუ?

_ ყველაფერს ორი ადამიანი მართავს. ის ორი „მუშკეტერი“ _ იმნაძე და ცერცვაძე უხმლოა. ნამდვილი „მუშკეტერი“ ამირან გამყრელიძეა.
სართოდ, კორონის სამთავრობო კომისია მხოლოდ ამ ფონდს კი არა, ნებისმერ სამთავრობო დაწესებულებას მართავს, ანუ მინისტრსაც კარნახობს, რა უნდა გააკეთოს.

_ ჯანდაცვის მინისტრს გულისხმობთ?

_ ჩვენი „საწოლფონდა“ მინისტრი, მოგეხსენებათ, მხოლოდ საწოლფონდებზე ლაპარაკობდა და ბოლოს, ამასაც აღარ ამბობს.
ისე, საწოლფონდი საიდან გვექნება, როცა „ევექსის“ ყველა დიდი კლინიკა „საქართველოს კაპიტალში“ „ჩაყარეს“, ანუ ბანკს მისცეს?!
სხვათა შორის, „საქართველოს კაპიტალს“ ოპერირების მიზანში პირდაპირ ყიდვა-გაყიდვა უწერია, ანუ ეს საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც გაკოტრებულ კომპანიებს მცირე ფასად ყიდულობს, მერე ფუთავს, კაპიტალიზებას უკეთებს და ყიდის.
საწოლფონდის არარსებობის გამო ხალხი ლამის ქუჩაში დაიღუპა და ამ დროს ეს დიდი კორპორაცია და „მამულიშვილები“ _ გამყრელიძეები, გილაურები და მათი მთავარი მეთაური ბიძინა დიდი სავაადმყოფოების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებულნი. არადა, ეს დიდი საავადმყოფოები, თავის დროზე, სახელმწიფო ფულით აშენდა!

_ ბატონო კოტე, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ლევი“ ფული ვაქცინების შესყიდვითაც ხომ არ გაკეთდა?

_ როცა ამ კორპორაციის საქმიანობას დეტალურად ვსწავლობდი და სწავლას ახლაც ვაგრძელებ, აღმოვაჩინე, რომ კორპორაციის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე ქალბატონი, რომელიც ასევე ირაკლი გილაურის მოადგილეა და ნიკა გაყრელიძის გუნდშია, რამდენიმე წლის წინ „ასტრაზენეკაში“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა, ანუ „ასტრაზენეკას“ ინსაიდერია და ახლა „საქართველოს კაპიტალის“ პრეზიდენტის მოადგილეა.

_ ამით ხაზს რას უსვამთ?

_სქემებს.

_ ანუ „ატკატებთან“ მივდივართ?

_ ამას კონკრეტულად ვერ დავამტკიცებ, მაგრამ იმას გეუბნებით, რაც არის.
სხვათა შორის, თავიდან ამბობდნენ, რომ წამყვანი „ფაიზერი“ იქნებოდა და ამაზე მამა-შვილი გამყრელიძეებიც საუბრობდნენ. იმაზე არავინ დაობს, რომ იგივე ეფექტიანობის მაჩვენებლით „ფაიზერი“ ლიდერია, მაგრამ ეს თემა მიჩუმათდა და „ასტრაზენეკა“ შემოგვაჩეჩეს.
მოკლედ, ჯერ ვერაფერს დავამტკიცებთ და ვარაუდის დონეზეა აგებული, რომ შიგნით ჰყავთ ქალბატონი, რომელიც „ასტრაზენეკაში“ ინსაიდერია _ თავის დროზე წამყავნი მენეჯერი იყო, ახლა კი აქაა.
ერთ სიტყვით, შინაურულად კავშირების დამყარება შესაძლებელი რომ იყო, ამის თქმა შეგვიძლია.

_ ბატონო კოტე, წეღან ივანიშვილი ახსენეთ. თქვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ყველაფერ ამასთან ექსპრემიერის გარემოცვა რა დოზითაა დაკავშირებული?

_ ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს, რადგან ყველაფერი გაფორმებულია, როგორც „საქართველოს კაპიტალის“ ინვესტიცია, რომელიც თითქოს მითიური ოფშორული ზონებიდან წამოსული კაპიტალია, ამიტომ ძალიან ძნელია, თუ წერილი უზენაესი სასამართლოდან არ წავიდა, ან თავად მთავრობამ არ მოინდომა, რამე დაადგინოს, მაგრამ საზოგადოებას ღიად უნდა ვუთხრათ: „საქართველოს ბანკთან“ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი კავშირი აქვს და ეს ყველამ იცის, ვისაც პოლიტიკასა და ეკონომიკასთან კავშირი აქვს.
ამასაც თავი რომ დავანებოთ, სუს-ი, შსს ან ივანიშვილის სხვა არაოფიციალური სამსახურები ვინმეს იმის საშუალებას მისცემდა, რომ 3 მილიარდი ერთი კორპორაციის ქვეშ მოექცია და ყველაფერი ხელში ჩაეგდო, მით უმტეს, იმ დროს, როცა ყველა ბიზნესს „მარჟა“ აქვს დაწესებული, _ ამის ზევით ვერაფერს გააკეთებ, თორემ დაგიჭერ ან საქართველოდან უნდა გაიქცეო. აი, ამ ტოტალური მმართველის ხელში ვიღაც ირაკლი გილაური გამოჩნდა, რომელმაც 3 მილიარდი ერთ კორპორაციაში ჩაყარა და ამასთან ივანიშვილს კავშირი არ აქვს? გონივრული ვარაუდი სწორედ ესაა, რომ ასე უბრალოდ არ მოხდებოდა.

_ ე. ი., ლოკდაუნის გაგრძელება ივანიშვილსაც აწყობს?

_ საქართველოს მთელი ქონება ნელ-ნელა ამ კორპორაციის ხელში გადადის. საერთოდ, ხუთწლიანი გეგმა არსებობს და კიდევ სამი წელი აქვთ, რომ ყველაფრის შესყიდვა გააგრძელონ. ამ პროგრამაში წამყვანი, ანუ თითქმის 70-პროცენტიანი როლი ჯანდაცვას _ სამედიცინო დაზღვევას აქვს. ახლა, თავად განსაჯეთ, რა კორუფციაზეა ლაპარაკი.

_ ანუ საქართველოში კორონაისტერია კიდევ სამ წელს გასტანს?

_ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მათ ფულის კეთებაში უწყობს ხელს.

_ ბატონო კოტე, თუ აპირებთ, რომ იმ მასალებით, რომლებიც გაქვთ, სამართალდამცველ უწყებებს მიმართოთ?

_ ამის შესახებ რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი. საერთოდ, ყველაფერი ეს საჯარო ინფორმაციაა, რომელზედაც წვდომა საერთაშორისო აუდიტორებსაც აქვთ. ჩვენი კონსტიტუციით და კანონით, როცა პოლიტიკოსი ასეთი ინფორმაციის შესახებ საჯაროდ აკეთებს განცხადებას, გამოძიება ავტომატურად უნდა დაიწყოს. ამიტომ პროკურატურაში ვიღას მივმართო? ისე, როცა ყველაფერს თავს მოვუყრით, შეიძლება, მივმართოთ კიდეც, რადგან მასალები, უბრალოდ, თაროზე იდოს, თორემ ამას შედეგი არ მოჰყვება.

_თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ ერთი წლის წინათ სამ ექიმს ტაშს ტყულად ვუკრავდით, არა?

_ იმის ნაცვლად, რომ „ევექსის“ მთელი ინფრასტრუქტურა კორონის ყველაზე პიკურ პერიოდში ყიდვა-გაყიდვის კორპორაციაში შეიტანეს, ეს კლინიკები ვინმეს, მაგალითად, ჩვენს მტერს რომ ეყიდა და ცხვირი ვეღარ შეგვეყო, რა უნდა გაგვეკეთებინა?
ერთ-ერთი მთავარი თემა, იცით, რა არის?

_ რა?

_ ხუთმილიარდიანი სესხი, რომელიც კორონასთან საბრძოლველად ავიღეთ, ვინმემ ნახა, სად გადანაწილდა? აქედან დიდი ნაწილი სწორედ ამ კორპორაციაში სკოლების, წისქვილებისა თუ მიწების შესყიდვაზე წავიდა.

_ მოკლედ, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ მამა-შვილი გამყრელიძეები დამნაშავეები არიან?

_ გონივრული ვარაუდით, დიახ, მამა-შვილი გამყრელიძეები ნამდვილად მსხვილი დამნაშავეები არიან, მაგრამ ისინი ივანიშვილის ქოლგის ქვეშ მოქმედებენ, ანუ გილაური _ „საქართველოს ბანკი“, გამყრელიძეები და ივანიშვილი, ჩემი გონივრული ვარაუდით, ერთი ჯგუფია და ამაზე პასუხს ვაგებ! ეს მსხვილი ჯგუფი ამ სახელმწიფოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს და, პრაქტიკულად, სისხლის გარეშე ტოვებს…
ერთი სიტყვით, „კოვაქსის“ პლატფორმიდან წამოსული ფული და ის 5 მილიარდიც, რომელიც ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად და იმისთვის ავიღეთ, რომ ათასობით ადამიანი არ დაგვეკარგა, პირდაპირ ადამიანების გადარჩენას უნდა მოხმარებოდა და მიზნიობრიობაში სწორედ ასე ეწერა, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, ეს ჯგუფი ერთ თეთრსაც ვერ წაიღებდა. ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ძალიან დიდი ფული მოხსნა და ეს პატარა გაკოტრებული ბიზნესების შესყიდვას მოხმარდა!

ვანო პავლიაშვილი