კოტე კემულარია: „დანამდვილებით ვიცით, რომ პოზნერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვედროდა“
სულხან-საბას ამბავი, რომელიც მუხრან მაჭავარიანმა თავისი ლექსით უკვდავყო, თანამედროვე საქართველოში განმეორდა, ანუ რაც ჩამოიტანა, ისევ ის წაიღო ამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა. ისე, თუ გახსოვთ, როცა ამბობდა, მოლაპარაკებები არ შედგა და საქართველოდან მივდივარო, კრისტიან დანიელსონს, „ჯიგრულ-ქართულად“ რომ ვთქვათ, დანა პირს არ უხსნიდა. ჰოდა, დანიელსონმა დაგვტოვა თუ არა, შვიდმა გავლენიანმა ევროდეპუტატმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირდაპირაა მინიშნებული, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა საფრთხეშია. ამასთან, ევროპელებმა ისიც ღიად თქვეს, რომ ფინანსური სანქციები გარდაუვალიაო.
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ გაზაფხულის მეორე ნახევარში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა კულმინაციას მიაღწევს. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას „ქრონიკა+“-სთან პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარიაც ადასტურებს. მეტიც, კემულარია სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობასაც უშვებს და ამბობს, რომ ამ სცენარისკენ საქმე „ოცნებას“ მიჰყავს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს კოტე კემულარიასთან:
_ ბატონო კოტე, ევროპარლამენტარების საგანგებო განცხადებაზე რას ფიქრობთ?
_ ამ ბატონებსა და ქალბატონებს ვიცნობ _ არაერთხელ შევხვედრივარ. მათ საქართველო ძალიან უყვართ და აქაურ სიტუაციასაც კარგად გრძნობენ. ამიტომ მათ განცხადებაში, პირველ რიგში, გულის ტკივილი დავინახე ლიდერების მიმართ, რომლებიც იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის მართვა ჰქვია, თავს ვერ აბამენ!
ქვეყანაში პანდემია, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ დროს უმრავლესობა, რომელსაც ყველა ბერკეტი აქვს, ვერ პოულობს ძალას, რომ თანხმობა შედგეს. ამასთან, პოლიტიკური გეგმაც არ აქვს, თუ როგორ უნდა შეაჩეროს პოლარიზაცია. სხვათა შორის, „ოცნება“ სულ პოლარიზებაზე საუბრობს, მაგრამ ეს პოლარიზება სწორედ მისგან მოდის _ გვახსოვს, პარლამენტის წევრები იმუქრებოდნენ, ყველას მოგსპობთ, გაგანადგურებთ და დაგამთავრებთო.
მოკლედ, ამის მიუხედავად, ევროპარლამენტარები დიპლომატიურად ამბობენ, რომ პასუხისმგებელი ორივე მხარეა და დიახ, ასეა _ პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს, მაგრამ ეს დიპლომატიური, ასე ვთქვათ, რევერანსია.
_ ანუ?
_ მთავარი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხელისუფლებაზეა, რომელიც ბერკეტებს, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მთლიანად ფლობს. შესაბამისად, რა გახდა საკუთარ თავზე იმის აღება, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი თუნდაც განეხილა? არადა, იგივე დასავლეთმა პირდაპირ მოუწოდა, ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემა განიხილეო _ ნიკა მელიასა და გიორგი რურუაზეა საუბარი. „ოცნება“ იმაზე მაინც უნდა წასულიყო, რომ ეს თემა მოლაპარაკების დღის წესრიგში შესულიყო. სხვათა შორის, ბატონმა მიშელმა სწორედ ეს გეგმა დატოვა.
_ კი ბატონო, მაგრამ აი, მაგალითად, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუჭავა, CNews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება მზად იყო, ვადამდელ არჩევნებზე ემსჯელა, მაგრამ საკითხის ჩავარდანას ოპოზიციას აბრალებს.
_ ამ შეთანხმების პროექტის ტექსტი გამოქვეყნდა და იმას, კახა კუჭავა რას ამბობს, მნიშვნელობა აღარ აქვს. საერთოდ, კუჭავა განათლებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ჩვეულებრივ ვოლსკად გადაიქცა!
გაცოფებულმა და გაბრაზებულმა დანიელსონმა ეს ტექსტი გამოაქვეყნა, არადა, დიპლომატიური პროტოკოლით, წესით, არ უნდა გამოექვეყნებინა.
_ რატომ არ უნდა გამოექვეყნებინა?
_ თუ მოლაპარაკება გაგრძელდებოდა, ეს მუშაობაში ხელს შეუშლიდათ და ასეთი რაღაცებისგან დიპლომატები, როგორც გითხარით, თავს იკავებენ ხოლმე, მაგრამ გაცოფდნენ. კულუარებიდან ხმა გამოვიდა, რომ მიშელიც ჭკუიდან გადასული იყო.
ერთი სიტყვით, ყველანაირი ბერკეტი _ ციხიდან გამოშვება იქნება თუ რიგგარეშე არჩევნები _ ხელისუფლების ხელშია. ოპოზიცია შეიძლება, დაეთანხმოს ან არა, მაგრამ შენ, ხელისუფლება რომ ხარ, პრაქტიკულად, პასუხისმგებელი უნდა იყო და თქვა, კი ბატონო, ეს საკითხები განვიხილოთო.
სხვათა შორის, საუბარი პლებისციტზეც იყო, მაგრამ „ოცნება“ არც ამაზე წამოვიდა და მიშელის მიერ დატოვებული ჩარჩოდან ორივე საკითხი _ პოლიტპატიმრების განთავისუფლება და არჩევნებიც ამოიღო. ოპოზიცია კი ითხოვდა, რომ ყველა ეს საკითხი განეხილათ.
ისე, „ოცნება“ არ იყო, თავის მდინარაძიან-თალაკვაძიანად რომ ამბობდა, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არც ყოფილა, არც იქნებაო და ახლა გაახსენდათ, რომ ეს საკითხიც განიხილებოდა?
„ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები თავიდანვე წითელ ხაზად დასვა. ეს მამაცხონებულები, თუ ბოიკოტს სერბიაში რიგგარეშე არჩევნები მოჰყვა და იგივე სომხეთში საპროტესტო გამოსვლები რიგგარეშეს დანიშვნით დამთავრდა, საქართველო რა გახდა?
ჩვენ საშინელ კრიზისში ვიმყოფებით, რომელიც შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს.
_ „ძალიან ცუდად დამთავრება“ რას ნიშნავს?
_ ხალხი გაღატაკების პირასაა და რა დროს ეს „თხა და გიგოს“ თამაშია?
მოკლედ, ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდივართ!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, ბატონო კოტე?
_ როცა მაგიდა ყირავდება და კრიზისი მხარეთა შეთანხმებით არ მთავრდება, ამის მერე ყველაფერში ორივე მხრიდან ძალა ერევა.
_ უფრო კონკრეტულად?
_ „ცხელი თავები“, რა თქმა უნდა, ორივე მხარესაა, რაც ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის, ეს გაკვეთილი ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს… სამწუხაროდ, ხელისუფლებას ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიჰყავს.
შეგვიძლია, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მორიგი ფრაზები იქნება, რადგან ოპოზიციას ამ საკითხების გადაჭრის ბერკეტები, სამწუხაროდ, არ გააჩნია.
_ წეღან თქვით, ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის და ამის გაკვეთილი უკვე გავლილი გვაქვსო. დიახ, 90-იან წლებში, მართლაც, დიდი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ მგონია, ახლა საქმე აქამდე მივიდეს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღევანდელი მოცემულობა სხვანაირია, ანუ ხალხში ჯერ არაა მომწიფებული აზრი, _ აი, თუ „ოცნება“ ხელისუფლებას არ დათმობს, ქუჩაში გავალო. დღეს საზოგადოებას აღაც „ქოცები“ უნდა და აღარც _ „ნაცები“…
_ ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან თუნდაც ე .წ. რუსული რაზმის ინციდენტთან დაკავშირებით.
_ კი ბატონო, გისმენთ…
_ პოზნერის წინააღმდეგ აქცია ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწყვეს თუ სამოქალაქო საზოგადოებამ?
_ სამოქალაქო საზოგადოებამ, მაგრამ ეს მასშტაბური აქცია არ იყო, თანაც საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის…
_ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, როგორ შეიძლება, პატარა ნაპერწკალი დიდ ცეცხლად გადაიქცეს. 30 წელია, ყველაფერ ამის შუაგულში ვარ. შეგიძლიათ, დამიჯეროთ ან _ არა, მაგრამ გიხსნით, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას ოპოზიცია სათავეში არ ჩაუდგება. ოპოზიციას ეს, პირიქით, არ უნდა, რადგან ამით მოგებული არავინ დარჩება!
ასი პროცენტით გეუბნებით, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირება ოპოზიციას ხელისუფლებაში არ მოიყვანს!
_ ანუ საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება შესაძლოა, მმართველმა ელიტამ მოახდინოს? სხვათა შორის, 9 აპრილს მომღერალი „უცნობი“ ქართველთა მარადისობის დღის აღნიშვნას გეგმავს და ზოგი მიიჩნევს, რომ ეს შეკრება შესაძლოა, უსიამოვნების საბაბი გახდეს. ამ აზრს იზიარებთ?
_ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია!
_ უფრო კონკრეტულად?
_ ასლან აბაშიძის მიერ თბილისში რაღაც ხელკეტიანი ხალხის ჩამოყვანა გავიხსენოთ. მაშინ ხელისუფალს _ შევარდნაძეს _ ტვინიც ეყო, გამოცდილებაც და დიპლომატიური ალღოც. ამიტომ უარი თქვა და საკუთარ ხალხზე ხელი არ აღმართა.
ახლა, სამწუხაროდ, ამ ჭკუას ვერ ვხედავ და პირიქით, ეს კობახიძეები და ვოლსკები სხვანაირად იქცევიან. აი, თუნდაც, ვოლსკის ჟესტი ახალგაზრდების მიმართ საშინელება იყო! სხვათა შორის, ამ ჟესტს ყველაზე უხამსი ხალხი ბაზარშიც აღარ იყენებს. „ოცნების“ სახე კი უკვე იქამდეა მისული, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ, ძალადობის ყველაზე უხეშ ჟესტს აჩვენებს.
პირდაპირ ვთქვათ, ეს ჟესტი ნიშნავს: „მე თქვენ გიხმართ!“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნერვები აღარ აქვთ და საკუთარი ძალისაც არ სჯერათ. ყველაფერ ამის გაგრძელება კი ჯერ ხელში რკინის კეტების დაჭერა იქნება, მერე _ დათვის იმ ტყვიების სროლა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს უკვე ვნახეთ.
ისე, პოზნერები და დავიდოვიჩები საქართველოში ელარჯის საჭმელად არ ჩამოსულან, მით უმეტეს, რომ მოსკოვში 200 ქართული რესტორანია. ამით შეიძლება, მხოლოდ ბავშვები მოატყუონ!
_ ბატონო კოტე, რუსულ ნარატივზე არ ვისაუბროთ, რადგან ვიღაც აუცილებლად გაგახსენებთ, ის კოტე კემულარია არ ხართ, „ვარდების რევოლუციის“ დროს მოსკოვში რომ წახვედითო?
_ კი ბატონო, გამახსენონ! ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ჩემი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ წავედი, მიხეილ სააკაშვილთან შეთნხმებითა და მისი უშუალო გეგმით.
მოკლედ, იმით, რისთვისაც წავედი, ახლაც ვამაყობ, სიცოცხლის ბოლომდეც ვიამაყებ და შვილიშვილებსაც მოვუყვები!
მოსკოვშიც უნდა წავიდეთ, მოსკოველი დიპლომატები აქაც უნდა ჩამოვიდნენ და ამას ვერსად გავექცევით, რადგან რუსეთი ჩვენი მეზობელია, თანაც უზარმაზარი მეზობელი!
_ რუსეთი დამყრობელი მეზობელია, კოტე ბატონო!
_ აქ ლაპარაკია ჩუმად მოლაპარაკებასა და ერთი ადგილის საშინელ პოზაში დახვედრებაზე.
სხვათა შორის, თავის დროზე, გავრილოვი გულწრფელად გაბრაზდა, _ კაცო, სამი თვე მეხვეწებოდით, ჩამოდიო და ეს რა მიქენითო?
პოზნერსაც, დაახლოებით, ასეთი სახე ჰქონდა… დანამდვილებით ვიცით, რომ პოზნერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვედროდა.
_ ეს რაზე მიანიშნებს?
_ პოზნერისთვის სხვა რაღაცებიც იყო მომზადებული, მაგრამ სამოქალაქო სექტორის ძალიან სერიოზულმა აქტივობამ ყველაფერი ჩაშალა.
ხომ ნახეთ, ვიოლა ფონ კრაუნმა რა თქვა, _ ყველაფერი ეს საშინელი სანახავი იყოო. ხალხი გამოკეტილია, მცირე ბიზნესი ვერ მუშაობს, 9 საათის მერე ერთმანეთთან ვერ მივსულვართ და ამ დროს „ФСБ“-ს რაზმი და პუტინის უახლოესი ადამიანები აქ ბენო ქაშაკაშვილის რესტორანში ქეიფობენ! აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ან სახელმწიფო ინტერესები სად არის?
_ ჩვენში დარჩეს და, ვეღარ გავიგე, ეს ბენო ქაშაკაშვილი ბიზნესმენია თუ კორონის დისტრიბუტორი _ შარშან, ალბათ, გახსოვთ, რომანოვებს სამგლოვიარო სუფრა გაუშალა და… კორონამაც იფეთქა…
_ კი ბატონო, სწორედ მაქედან დაიწყო და ახლა დაზღვეულები ვართ? _ კორონის მხრივ მოსკოვსა და, საერთოდ, მთელ რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ ხალხს კი არც კარანტინი გაუვლია და არც ვინმეს შეუმოწმებია. თქვეს, 42-დან 31 დავაჯარიმეთო, ე. ი., დასაჯარიმებლები ყოფილან, როცა თავიდან ამტკიცებდნენ, კანონი არ დაურღვევიათო.
_ სხვათა შორის, პოზნერი და მისი ამალის წევრები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დააჯარიმა, რაც მათ საქართველოს საზღვრები დატოვეს…
_ შე მამაცხონებულო, სანამ ელენე ხოშტარია არ მოგადგა, შსს რომ ხარ და სპეცსამსახური, ეს ხალხი რატომ არ დააჯარიმე და, საერთოდ, რატომ გამოატარე?
_ ისე, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიას მისამართით იკითხა, წინმსწრებად საიდან გაიგო, პოზნერი თბილისში რომ ჩამოდიოდაო? ანუ ამით „ოცნების“ თავმჯდომარემ იმაზე მიანიშა, აი, რუსებთან კოლაბორაციაში ოპოზიციააო. მმართველმა გუნდმა, თავის დროზე, გავრილოვზეც იგივე ნარატივის გატარება სცადა…
_ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შიგნიდან ჟონავს. აი, გახარია გადადგა, მაჭავარიანიც გადადგა და ცქიტიშვილიც…
_ საუბარი საითკენ მიგყავთ, ბატონო კოტე?
_ შიგნით ისეთი ამბავია, ოპოზიციას თავი რომ მოაწონონ, ინფორმაციის მთელი ნიაღვარი მოდის!
საერთოდ, როცა ხელისუფლება და პარტია მორყეულია, ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის და, რა თქმა უნდა, პოზნერზეც ინფორმაცია ვიღაცამ მიაწოდა. ისე, რომ იცოდეთ, ინფორმაცია მთლიან პროგრამაზე არსებობდა.
_ ე. ი., გემი იძირება და „ოცნებიდან“ გაქცევაზე არიან?
_ დიახ, გაქცევაზე ძალიან ბევრია.
_ თქვენს ხელთ არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში „ოცნებას“ ვინ დატოვებს, კახა კალაძე?
_ კალაძე უკვე გამიჯნულია და მასზე აღარ ვილაპარაკოთ.
_ აბა, ვისზე ვილაპარაკოთ?
_ რაიონებსა და რეგიონებში „ოცნების“ წევრები საკრებულოებიდან გარბიან. ახლა მთავარი გახარიას თემაა, ანუ ქუჩაში „ოცნების“ მომხრეებიდან ათიდან შვიდი ადამიანი იმაზე ლაპარაკობს, რომ გახარია ახალ პარტიას ქმნის.
გახარიასგან არსენა მარაბდელის შექმნა არასერიოზული მგონია, მაგრამ „ოცნების“ ხალხს იმაზე მეტი სალაპარაკო აღარ აქვს, თუ რას აპირებს გახარია.
_ ისიც გაგებული გექნებათ, რომ ამბობენ, გახარიასგან „ოცნება 2“-ს ივანიშვილი ქმნისო…
_ გულწრფელად რომ გითხრათ, ივანიშვილს არაფრის თავი აღარ აქვს! ამიტომ გახარიამ თავიდანვე უნდა დასვას საკითხი, რომ ივანიშვილისგან გამიჯნულია, თორემ ჯერ „ბიძინა 1“ რა არის და წარმოიდგინეთ, „ბიძინა 2“ რა იქნება.
_ მაინც, რა იქნება?
_ „ბიძინა 2“ ის ბუშტი იქნება, რომელიც ძალიან მალე გასკდება!
_ რატომ?
_ „ბიძინა 2“-ის უკან არც ევროპა დადგება და არც _ აშშ. ამიტომ მის უკან რუსეთი უნდა დადგეს, მაგრამ ვიკითხოთ…
_ რა ვიკითხოთ?
_ პოზნერს ჯერ ეპატიჟებიან, მერე კი ვერ იცავენ.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ ის, რაც პოზნერს თბილისში გაუკეთეს, მხოლოდ პესკოვსა და პუტინის გარემოცვას არ მოეწონა, თორემ მთელ რუსულ ქსელებში ქართველებზე წერენ, _ თქვენ გენაცვალეთ, ეს საეჭვო დელეგაცია თბილისიდან რომ გამოაპანღურეთო.
მოკლედ, ასეთი განწყობა აქვთ რუსებს, რომლებიც რეალური ტურისტები არიან და რომლებსაც არავინ ერჩის!
საერთოდ, რიგითი ადამიანები არასოდეს არაფერში დამნაშავენი არ არიან და ეს ცნობილი პოსტულატია. ოლიგარქი რომელი ტურისტია? ოლიგარქია და ტურიზმი ვის გაუგია?
_ გეთანხმებით… ბატონო კოტე, წეღან ევროდეპუტატების განცხადებაზე ვსაუბრობდით, რომელშიც ორი მთავარი მესიჯია _ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საფრთხე და ფინანსური სანქციები. თუ დასავლეთი ფინანსურ დახმარებას შეგვიწყვეტს, ეს იმის ტოლფასი იქნება, რომ უკან, 90-იან წლებში დავბრუნდებით?
_ ბოლო 30 წლის განმავლობაში „ოცნება“ პირველი მთავრობაა, რომლის დროსაც სანქციების თემა თუნდაც საჯაროდ პირველად გაისმა! ამას ხომ „მიღწევა“ უნდოდა?
ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის _ ევრონესტის წევრები ვართ და ამ განცხადებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი სწორედ ევრონესტის თავმჯდომარეა, თუმცა „ოცნებას“ ეს ეცოტავა. არადა, დღევანდელ ევროპულ პოლიტიკას სწორედ ეს ადამიანები წარმართავენ, თუმცა „ოცნებას“ ამდენი არ ესმის!
სანქციების შემთხვევაში დარტყმის ქვეშ 52 მილიონი ევრო დადგება, რომელიც ევროპის მიერ ჩვენი სოფლის მურნეობის განვითარებისთვისაა გამოყოფილი. ამხელა თანხა საფრთხის ქვეშ რომ დადგება, „ოცნებამ“ ხალხს რა უნდა უყოს?
_ ე. ი., შიმშილობა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა გარდაუვალია?
_ ჩვენ უკვე ვშიმშილობთ, მაგრამ ქართველი კაცი ქუჩაში იმის გამო არასოდეს გამოვა, მშიაო, თუმცა სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საკითხს აუცილებლად იპოვის, რის გამოც ქუჩაში გავა და პოლიტიკა, მით უმეტეს, ოპოზიცია, აღარაფერ შუაში იქნება!
ყველაზე ძალიან სწორედ ეს უმართავი პროცესი მაშინებს, თორემ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს დაპირისპირება ოპოზიციას ხელისუფლებაში არ მოიყვანს!
სხვათა შორის, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება“ დარჩება!
_ აბა, მართვის სადავეებს ვინ აიღებს?
_ ეს არავინ იცის… კიტოვანი გავიხსენოთ.
_ უკაცრავად, კიტოვანი რაღა შუაშია?
_ კიტოვანი ხელისუფლებაში დარჩა?
რევოლუცია იმას ჭამს, ვინც ამ რევოლუციას აწყობს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. საფრანგეთშიც ასე იყო, გერმანიაში და ყველგან.
ოპოზიციაში ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან და კარგად იციან, რომ საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს…
ისე, თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აპრილი და აშშ-ც ვახსენე.
_ დიახ, მახსოვს ეს ინტერვიუ და აი, უკვე აპრილია.
_ ჰოდა, აპრილში ან მაისის დასაწყისში აშშ-ის სერიოზული გააქტიურების მოწმენი გავხდებით! ეს პროცესები უკრაინაში უკვე დაწყებულია.
მოკლედ, ხელისუფლებაში აზრზე არ არიან, მოვლენები როგორ განვითარდება და სამწუხაროდ, ბევრმა სხვამაც არ იცის!
_ მთელი ამ პოლიტიკური აჯაფსანდალის ბოლო ვადამდელი არჩევნები იქნება?
_ აუცილებლად!
_ წელს?
_ დიახ, სიტუაცია რაც დამძიმდება, ვადამდელი არჩევნები მით უფრო გადაუდებელი აუცილებლობა გახდება!
_ მაინც, როდის?
_ წელს, შემოდგომაზე.
ვანო პავლიაშვილი