კახა მიქაია: „ქართული ოცნება“ იშლება“

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი დასავლეთს უფრო აწუხებს, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს. ხელისუფლება კრიზისის არსებობას საერთოდ არ აღიარებს. სამოქალაქო აქტივისტ კახა მიქაიას აზრით, კრიზისის არსებობა ხელისუფლების ბრალია, თუმცა იგი პასუხისმგებლობას ოპოზიციასაც აკისრებს. მისი თქმით, დასავლეთის ჩართულობა რომ არა, ამ ვითარებით რუსეთი ისარგებლებდა. მას იმედი აქვს, რომ ეს კრიზისი დაიძლევა. ამასთან, არ გამორიცხავს, „ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს.

რატომ სჯობს ქუჩის ოპოზიცია დერეფნის ოპოზიციას? ვისი ბრალია ქვეყანაში არსებული კრიზისი? რატომ არ შეესაბამება გახარიას რეიტინგს მისი გუნდი? ჩაერევა თუ არა ჩვენს საშინაო საქმეებში რუსეთი? რატომ დაიწყო პარტიების რღვევა? _ ამ თემების შესახებ კახა მიქაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ ბატონო კახა, „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ? ოპოზიციამ იმდენჯერ გადადო საპროტესტო აქცია, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, ეს დაპირისპირება რამე პოლიტიკური სპექტაკლი ხომ არ არის? თქვენც ხომ არ გაქვთ იგივე განცდა?
_ ეს ნამდვილად არ გახლავთ სპექტაკლი. ახლა მტყუან-მართლის გარკვევის დრო არ არის. დღეს მთავარი საზრუნავი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია არ აირიოს და ეს რუსეთმა თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. ეს არც ევროპასა და ამერიკას უნდა, ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ აქ პოლიტიკური სტაბილურობა იყოს. ამ კონტექსტში როგორ მოიქცევა ან ხელისუფლება ან ოპოზიცია, ამას მიმავალი გვაჩვენებს.
_ ე. ი. თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ უმრავლესობა-ოპოზიციას შორის ნამდვილად არის დაპირისპირება?
_ დაპირისპირება როგორ არ არის? _ ერთ მხარესაც თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს და _ მეორესაც. ის ნამდვილად სასაცილოა, რომ ისინი ერთმანეთს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების გამო უპირისპირდებიან. საქმე გვაქვს პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო არსებულ დაპირისპირებასთან, რომელსაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა და პოლიტიკური ინტერესები შეეწიროს. ეს საფრთხე დასავლეთს კარგად ესმის და ამიტომ ცდილობს, აქ ვითარება დაასტაბილუროს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამ დაპირისპირებით რუსეთმა ისარგებლოს.
_ ამ სიტუაციაში რომელი უფრო სცოდავს, „ქართული ოცნება“ თუ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია?
_ აქ ორივე მხარე სცოდავს. პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მან შეინარჩუნა ერთიანობა და ამდენი ხანი გაძლო ბოიკოტის რეჟიმში. ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპირისპირებამ შეიძლება, ძალიან ცუდი სახე მიიღოს. ეს რომ არ მოხდეს, ორივე მხარე უნდა დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
_ მოლაპარაკებების მაგიდასთან რამდენჯერმე დასხდნენ, მაგრამ მათი ყველა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
_ მე შედეგიან მოლაპარაკებებს ვგულისხმობ. მათი შეხვედრები კასპაროვ-კარპოვის პარტიასავით რამდენიმე თვე არ უნდა გაგრძლდეს.
_ აქაც თვეებია, რაც მოლაპარაკებები მიდის…
_ ჩვენს პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, კიდევ რამდენიმე თვე გაატარონ მოლაპარაკებების მაგიდასთან. სასწრაფოდ უნდა დაიდოს რაღაც შედეგი. სახელმწიფო ინტერესები ერთმა მხარემაც უნდა გაითვალისწინოს და _ მეორემაც. ამაში დასავლეთი ძალიან გვეხმარება. იმედი მაქვს, რომ მათი ჩართულობით და მედიაციით სასურველი შედეგი მიიღწევა. კიდევ ერთხელ ვიტყვი და სხვა დროსაც გავიმეორებ, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ამ დაპირისპირებით რუსეთმა ისარგებლოს.
რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია შეექმნა. ამას ახლაც ცდილობს და მომავალშიც ეცდება. მოსკოვი ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ აქ არეულობა დაიწყება. ამ დაპირისპირებაში ორივე მხარე სცოდავს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს. დასავლეთის მედიაციითა და ჩართულობით უნდა დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.
_ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი? „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ არის.
_ ხელისუფლება რას იტყვის, არ მაინტერესებს, სახეზეა აშკარა პოლიტიკური კრიზისი. 21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტის არსებობა ანომალიაა. როდესაც ერთპარტიული პარლამენტი გყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
_ აღარ არის ეს პარლამენტი ერთპარტიული. რამდენიმე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი შევიდა იქ და მათ მიყვნენ „გირჩებიც“.
_ „გირჩების“ თემა ჩემთვის განსაკუთრებულია. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, განაცხადა, პარლამენტის დერეფანში დაველოდები ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებსო. „გირჩები“, „მოქალაქეები“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“ წამოსულები თუ პარლამენტში დერეფანში დასაჯდომად შევიდნენ, ეს სხვა საქმეა. ისინი თავად აღიარებენ, რომ დერეფნის ოპოზიცია არიან. დერეფნის ოპოზიცია რაცაა და როგორიცაა, ამაზე არ გავაგრძელებ საუბარს. ამას ქუჩის ოპოზიციონერობა სჯობს.
ოპოზიციის ნაწილი ქუჩაშია, ნაწილი პარლამენტის კორიდორში, პოლიტიკური კრიზისი მეტი კი არაფერია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნები. ოპოზიციამაც უნდა დათმოს პოზიციები, ოღონდ არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების ხარჯზე. მხოლოდ ასე შევძლებთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. როგორც ვატყობ, ამას დასავლეთის დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ. მათ ჩართულობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. იმედი მაქვს, რომ ისინი პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთთან შეარიგებენ.
_ პარლამენტში შესულ ოპოზიციას დერეფნის ოპოზიციას უწოდებთ. რას ფიქრობთ გაოპოზიციონერებულ მეოცნებეებზე? გასულ კვირას 6 კანონმდებელი განქოცდა და ოპოზიციად გამოაცხადა თავი.
_ გახარიას ხალხი ცოტა სხვა თემაა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ყოფილი პრემიერის მიმართ. გახარია ბევრს მოსწონს, ბევრს _ არა. ამ ადამიანის მისამართით არის და მომავალშიც იქნება უხერხული კითხვები. ის პასუხისმგებელია იმაზე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდებოდა. ამაზე პასუხისმგებლობას გახარია ვერ გაექცევა, ის ამ ქვეყნის პრემიერი იყო. საზოგადოების განწყობა და გამოკითხვები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ამ ადამიანს აქვს რეალური რეიტინგი.
_ ცოტა უცნაურია, მაგრამ გახარიას ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
_ პოლიტიკურ სიტუაციას რაკი ვაფასებთ, რეალური მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ყოფილ პრემიერს დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
_ ყველაზე მაღალი რეიტინგი ყოფილ პრემიერს არ აქვს, ყველაზე მაღალი ნდობით პატრიარქი სარგებლობს.
_ პატრიარქი სხვა ამბავია და მას ამაში ნუ გავრევთ, მხოლოდ პოლიტიკოსებზე ვისაუბროთ. პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ყოფილ პრემიერს. ამას ვერავინ ვერსად წაუვა და ეს ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა.
_ საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს ეს მაღალი რეიტინგი?
_ როგორი პოლიტიკური მომავალი ექნება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მასზე. ჯერ არავის უხილავს, როგორია გახარია ოპოზიციაში. მან რეიტინგი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკრიფა. მისი რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრემიერის პოსტი დატოვა.
_ მის გუნდს დავუბრუნდეთ, რას ფიქრობთ მასზე?
_ ვუსმინე გახარიას თანაგუნდელების რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლას. პირდაპირ გეტყვით, გახარიას რეიტინგთან მიმართებით მისი გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურება.
_ მოკლედ რომ ვთქვათ, არ მოგეწონათ მისი გუნდი.
_ შესაფასებლად სიტყვაც კი ვერ მოვნახე. ყოფილი პრემიერის მაღალი რეიტინგი და მისი გუნდი ძალიან აცდენილები არიან ერთმანეთთან. სუსტი გუნდი ჰყავს გახარიას. ეს ადამიანები წლებია, ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ და გამოცდილება არ აკლიათ, მაგრამ ძალიან სუსტები გამოჩნდნენ. შეიძლება, მომავალში საკუთარი სიტყვა თქვან. გახარიას პოლიტიკაში შემოსვლამდე მისი ეს გუნდი საზოგადოებაზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს.
_ ამ შემთხვევაში ხომ საპარლამენტო გუნდზე ვსაუბრობთ?
_ მათზე ვსაუბრობ. ეს გუნდი შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. აწი ვინ ეყოლება, ვნახოთ.
_ ამბობენ, რომ სამეგრელოს რეგიონის მერიებიდან ხალხი მასთან გარბისო. ჩხოროწყუს მერის მეჯვარეც გახარიას ბანაკში გადასულა.
_ მასთან გადასვლის პროცესი დაწყებულია და ამას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. ყოფილ პრემიერთან სხვებიც გადავლენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კარგი გუნდი ეყოლება და მაღალ რეიტინგს დადებს.
_ რატომ გგონიათ, რომ მაღალ რეიტინგს ვერ დადებს? მან ხომ ერთხელ უკვე დადო მაღალი რეიტინგი?
_ ეს რეიტინგი გახარიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკრიფა. ერთია, როცა შენ ხარ ხელისუფლებაში და ხელისუფლება გიმაგრებს ზურგს; მეორეა, როცა ხარ ოპოზიციონერი და უპირისპირდები ხელისუფლებას. ოპოზიციაში გადასვლისას გამოჩნდება მისი სიმწიფე. ამიტომ არ ვჩქარობ შეფასებების გაკეთებას. ისიც კი არ ვიცი, რა ხალხს შემოიკრებს გარშემო და რა პოზიციას დაიკავებს. ახლა სახეზე მხოლოდ მისი მაღალი რეიტინგია. მისი გუნდი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
გიორგი გახარიას გუნდის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებამ, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის სურვილი და, შესაბამისად, მოლოდინი. მართალია, გახარიას გუნდის წევრების ბეგრაუნდი, სამწუხაროდ, შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, მაგრამ თავად გახარიას პერსონა, მიუხედავად მის მიმართ არსებული უხერხული შეკითხვებისა, უცილობლად იწვევს საზოგადოების ინტერესს…
მიმაჩნია, რომ მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის, წარმატების ფორმულა მაინც ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან დისტანცირებასა და თუ საჭირო გახდა, მასთან მკვეთრ დაპირისპირებაშია. სწორედ დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება განმსაზღვრელი პოლიტიკაში მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის.
_ როგორც ამბობენ, ყოფილი პრემიერი ძირითად გათვლას სამეგრელოზე აკეთებს. აქ მას ხელისუფლება ვის დაუპირისპირებს, ედიშერ თოლორაიას?
_ ედიშერ თოლორაიაზე როცა საუბრობთ, ხუმრობთ, არა? ამ კითხვის დასმა ცოტა არასერიოზულია.
_ რატომ არის ეს კითხვა არასერიოზული? ედიშერ თოლორაია სამეგრელოში „ოცნების“ ლიდერია.
_ მეტი კონკურენტი თუ ვერ გამოუნახა „ოცნებამ“ გახარიას, კარგად ყოფილა მაგათი საქმე.
_ არა მგონია, „ოცნებაში“ ედიშერ თოლორაიაზე ბევრად უკეთესები იყვნენ.
_ ძირითადად ერთნაირები არიან, მაგრამ თოლორაია ნამეტანია. სამეგრელოში გახარიასთან დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ განწირულია. ამის თქმა ახლავე შემიძლია.
_ იმ შემთხვევაშიც განწირულია „ოცნება“, თუ თოლორაიას სხვა ფალავნით ჩაანაცვლებს?
_ თოლორაია ფალავნად მიგაჩნიათ?
_ შევეშვათ თოლორაიას და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ: რამდენიმე თვის წინ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადადგა. ახლა დავით ბაქრაძემ დატოვა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობა. პარტიიდან სხვა ლიდერებიც წამოვიდნენ. ეს უცნაურად არ გეჩვენებათ?
_ ამაში განსაკუთრებულსა და უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, მაშინ პარტიებს შიგნით იწყება დუღილი, რასაც რღვევა და გადაადგილებები მოსდევს. როგორც უკვე გითხარით, ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში ანომალიურს ვერაფერს ვხედავ. ოპოზიციის რღვევაზე რატომ ვამახვილებთ ყურადღებას, როცა ხელისუფლება დაიშალა? ჩემი აზრით, ხელისუფლების დაშლა უფრო საინტერესო ამბავია.
_ ხელისუფლება დაიშალა? რაზე ეტყობა, რომ დაიშალა?
_ ის, რაც ხდება, დაშლა არ არის? მას შემდეგ, რაც გახარიამ პრემიერის პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა, „ქართული ოცნების“ რღვევა დაიწყო. მისმა გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. „ოცნებას“ 84 დეპუტატი დარჩა. კიდევ რამდენიმე კაცი რომ წამოვიდეს, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ ეყოლება. ამას მოჰყვება საპარლამენტო კრიზისი.
_ აქამდე ჯერ კიდევ შორია.
_ ბევრს არც ის ეგონა, გახარია პრემიერობიდან რომ გადადგებოდა. გადადგა და ახლა რამდენიმე კაციც თუ წამოვიდა „ოცნებიდან“, საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება.
_ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და შესაძლოა, ეს დანაკლისი „ოცნებას“ პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ შეუვსოს. მათგან ყველაფერს ველოდები. თქვენ ამას გამორიცხავთ?
_ არ გამოვრიცხავ. როგორც თქვენ თქვით, ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დღეს როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე ოპოზიციაში კრიზისია. ესაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც მალე უნდა დასრულდეს. ჩვენს პოლიტიკურ ძალებს ამ კრიზისის დამოუკიდებლად განმუხტვა არ შეუძლიათ, ამიტომ ჩაერთნენ მის განმუხტვაში დასავლელი პარტნიორები.
_ დასავლელი პარტნიორები პარტიებს შიგნით არსებულ კრიზისს ვერ მოაგვარებენ.
_ ამას არც ეცდებიან. ამა თუ იმ პარტიაში კრიზისის მოგვარება მათ არ ეხებათ. მათი საზრუნავია, რომ აქ პოლიტიკური კრიზისი აღარ იყოს. პარტიების შიგნით სიტუაციაც მას შემდეგ მოგვარდება, რაც საქართველო არსებულ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევს. ვიმეორებ: პარტიების რღვევა და პარტიული კრიზისი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან.
_ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა პარტიებს შიგნით სიტუაციას როგორ დააწყნარებს?
_ დააწყნარებს, დააწყნარებს. ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და პარტიებში კრიზისი შეიქმნას, ასეთი რამ არ ხდება. პოლიტიკური კრიზისი ბევრ პრობლემას ქმნის, ის ყველანაირი კრიზისის მიზეზი ხდება. კრიზისია როგორც პარტიებში, ასევე _ ეკონომიკაში. კრიზისია პანდემიის მართვაში. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ვითარებაა. საშინლად იმატა კრიმინალმა
_ ბანკის ბოლო დამყაჩაღებელიც სამეგრელოდან იყო და ეს მეგრელები რას ერჩით „საქართველოს ბანკს“?
_ არ ვიცი. ესეც, ეტყობა, ბადრი ესებუას გავლენაა. ის ხომ „საქართველოს ბანკში“ შევარდა. ეს ხუმრობით. ისე, კრიმინალს როცა ვახსენებთ, სახუმაროდ მართლა არ გვაქვს საქმე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კრიმინალი ყვავის. მის აყვავებაში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წვლილი შეიტანა.
_ დავაკონკრეტოთ, რა წვლილი შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალის აყვავებაში?
_ დღეს კრიმინალი პირდაპირ შერწყმულია ხელისუფლებასთან, ამიტომაც გაიფურჩქნა ასე. ხელისუფლება კრიმინალებთან შეკრული რომ არ იყოს, ასეთი მძიმე კრიმინოგენური ვითარება არ გვექნებოდა.
_ ნეტავ, ეკონომიკაც ისე რომ აყვავებულიყო, როგორც კრიმინალი ყვავის, ჩვენი საქმე კარგად იქნებოდა.
_ აქ, სამწუხაროდ, მხოლოდ კრიმინალი გაიფურჩქნა. კრიმინალის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არსებული პოლიტიკური კრიზისია. ეს კრიზისი სასწრაფოდ უნდა განიმუხტოს, თორემ ერთ დღეს ამას რუსეთი მართლა თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, თუ უკვე არ იყენებს. უმრავლესობამაც და ოპოზიციამაც უნდა გამონახონ საერთო და პარლამენტმა რამენაირად დაიწყოს მუშაობა. ნამდვილ მუშაობას ვგულისხმობ. ერთპარტიული პარლამენტი პარლამენტი არ არის. მთავრობამ ნორმალურ პირობებში თუ ვერ შეძლო მუშაობა, ჩვენ ბოლოს მივიღებთ კოლაფსს. ამ კოლაფსის წინააღმდეგი ნამდვილად ვარ.
ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხედავენ, რომ ქვეყანა კოლაფსისკენ მიდის. იმედი მაქვს, დასავლეთის ჩართულობით საერთო ენის გამონახვას მოახერხებენ.

შორენა მარსაგიშვილი