კახა კვეკვესკირი: „შოთაძის გადადგომას დაანონსებულ რეპრესიებს ვუკავშირებ“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ გადადგა ირაკლი შოთაძე? რატომ არ არის სასაცილო ირაკლი კობახიძის განცხადებები? ეშინიათ თუ არა „ქართულ ოცნებაში დასავლური სანქციების? რა შემთხვევაში დამარცხდება რუსული რეჟიმი საქართველოში? როგორ უსწორდებიან სამართალდამცველები აქციის დროს დაკავებულებს? ვისთან აგზავნიან ნაცემი ადამიანების ფოტოებს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალის“ წევრი, კახა კვეკვესკირი:
_ კახა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა სკანდალური განცხადება, რომ ევროკომისარი მას დაემუქრა. დაჯერებით ეს ამბავი არავის დაუჯერებია და, თქვენი აზრით, რისთვის იყო ამ განცხადების გაკეთება საჭირო?
_ „ქართულ ოცნებას“ აღარაფერი დარჩა, ყოველმხრივ გამოფიტულია. არ გაჭრა არც სატელეფონო მუქარებმა, არ გაჭრა სადარბაზოებთან დახვედრამ და ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ, არ გაჭრა პერმანენტულმა დარბევებმა და ხალხის სასტიკმა ცემამ, აღარც პროპაგანდა ჭრის, ამიტომ ახლა გადაწყვიტეს, აატირონ თავიანთი მომხრეები, რომ თურმე ვიღაც ევროკომისარი დაემუქრა ირაკლი კობახიძეს. ეს არის აბსურდი. ირაკლი კობახიძისგან ქმნიან წამებულის ხატს, რომელიც ადამიანიც არ არის, კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ მომართული რობოტია, რომელსაც რასაც უნდა, იმას აკეთებინებს.
ხელისუფლება დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული და საკუთარი მოქალაქეების ეშინია. რაც დრო გადის ყველა მათი ნაბიჯი წამგებიანია. უკვე აცნობიერებენ, რა ბოლოც ექნებათ და გადარჩენის ინსტინქტი ჩაერთოთ, იგონებენ რაღაც სისულელეებს. არცერთი ევროპელი ჩინოვნიკი არ დაემუქრება რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს, ეს გამორიცხულია.
_ პირად საუბრებში შეიძლება კიდევ რაღაც უთხრან, მაგრამ სატელეფონო საუბარში ეს მართლა წარმოუდგენელია, თან იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ევროპელების გაშავებას.
_ დასავლეთი ასეთ რაღაცებს არ აკეთებს. ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან, სად ხდება ასეთი რამეები. ასეთი რამ ხდება იმ კვაზიიმპერიაში, რასაც რუსეთი ჰქვია. იქ არის დარეკვები, პირდაპირი მუქარა და ანგარიშსწორება. კობახიძის განცხადებიდან მალევე მარია ზახაროვამ თქვა, რუსეთი შანტაჟსა და მუქარას არ იყენებსო. სწორად თქვა ამ ქალმა, ყველაფერში ვეთანხმები, ოღონდ ზახაროვამ არ დააზუსტა, რუსები შანტაჟს არ მიმართავენ, ისინი პირდაპირ კლავენ ადამიანებს. მეთოდებიც ცნობილია, როგორ კლავენ: გვახსოვს ლიტვინენკო, ნემცოვი; გერმანიაში რუსებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.
ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს იმაზე, რაც რუსებისგან იცის. მას კარგად მოეხსენება იმათი მესიჯბოქსი, ვისი მხრიდანაც იმართება. იცის ლექსიკაც და ამას პირდაპირპროპორციულად იყენებს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას, ვგულისხმობ ევროკავშირსა და ამერიკას. ისინი საქართველოს სახელმწიფოს ყოველთვის გვერდით ედგნენ.
_ კობახიძის განცხადებას საზოგადოების დიდი ნაწილი სიცილით შეხვდა. ზოგმა აღნიშნა, რომ ეს სულაც არ არის სახუმარო და ცოტა ხანში შესაძლოა, ამის უფლებაც კი ჩამოგვართვან. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ კობახიძის განცხადება მეც დავაჰაჰავე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეცინება. ეს, უბრალოდ, რეაქციაა კობახიძის აბსურდულ განცხადებაზე. სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. განსაკუთრებით 22 მაისის მერე, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 29 აპრილს დააანონსა საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა, 22 მაისს კი ეს სიტყვები დადასტუდა, ყველამ დაინახა, რომ მართლა შეიცვალა ვექტორი. ირანში თეირანელი ყასაბის დაკრძალვაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღიად ავიღეთ გეზი რუსეთისკენ.
_ კობახიძის ირანში წასვლას დიდი სკანდალი მოჰყვა. არის ასეთი ვერსიაც, რომ პრემიერმა განცხადება მუქარის შესახებ ამ სკანდალის გადასაფარად გააკეთა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ ამ სკანდალს ნამდვილად სჭირდებოდა გადაფარვა. ამის გადასაფარად „ოცნებამ“ ბევრი რამე გააკეთა: ჯერ კანის ფესტივალზე ჩასულების ცალფლოსტიანი ფოტო გამოაქვეყნა; ხალხმა ირანზე ბევრი აქცენტი რომ არ გააკეთოს, ათას რაღაცას იგონებენ, მაგრამ ვერ დაიმალება. ან როგორ უნდა დაიმალოს? ამ ვიზიტს სასწაული კომენტარი გაუკეთა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის ე. წ. სპიკერმა. მისი თქმით, ჩვენი არჩევანია, რომელი ქვეყნის ლიდერის სამძიმარზე წავალთ, თუ ის გარდაიცვლებაო. ეს მართლა ასეა, მაგრამ გააჩნია სად წახვალ. ირანსა და რუსეთს როცა შეეხება საქმე, იქ სხვანაირად უნდა მოიქცე. გასულ კვირას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში ძალიან ბევრი იღუპება დრონების დარტყმების შედეგად, ამ დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს ირანი აწვდის. დაღუპული პრეზიდენტი რაისი პირადად ხელმძღვანელობდა რუსებისთვის ამ სასიკვდილო იარაღის მიწოდებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ქართველების დაღუპვაში ირანის დაღუპულ პრეზიდენტსაც მიუძღვის წვლილი. რაისი ჩვეულებრივი ყასაბი იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ გვითხრა, რომ მათი არჩევანი არ არის დასავლეთი და ევროპა. მათი არჩევანია რუსეთი და ირანი. ირანში ძალიან დიდი საპროტესტო გამოსვლები იყო. ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო რაისმა. ამ კაცს 663 ადამიანის ჩამოხრჩობაზე აქვს განკარგულება გაცემული.
_ ამიტომაც გაუხარდათ ირანელებს მისი დაღუპვა. ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ ზეიმობდნენ ირანელები ირანში რაისის სიკვდილს.
_ ირანის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა ირანელებმაც იზეიმეს ყასაბის სიკვდილი. ირანელი ზეიმობს და საქართველოს პრემიერი გლოვობს ირანის პრეზიდენტის სიკვდილს, ეს ძალიან მძიმე სანახავია.
_ გადაფარვის თემა გავაგრძელოთ: კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის გადადგომა. ეს თემაც გადასაფარია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ არ წასულა შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან, ამაზე ყველა ვთანხმდებით.
_ ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობიდან გადადგომას ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა. არავინ ვიცით, ფიზიკურად სად არის ეს ადამიანი. ყველას რაღაც ვარაუდები გვაქვს. ზოგმა თქვა, რომ ამერიკაში იმყოფება. გადადგომის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. შოთაძე სახელმწიფოს სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო. ის უდიდეს ინფორმაციას ფლობს, მათ შორის ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილზე. საბოლოოდ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს. მაგრამ მინდა უფრო ცუდი ვარიანტიც განვიხილო: შოთაძის გადადგომას ვაკავშირებ იმასთან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველანაირი წითელი ხაზები გადალახეს. მათ არანაირი მორალი აღარ აკავებს. მგონი, ეს არის დაანონსებული ტერორის მომზადება. ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა დიდი რეპრესიები. ამიტომ შოთაძე შეიცვლება ისეთი ადამიანით, რომელიც ყველა დავალებას შეასრულებს. ასე მგონია რომ „ტროიკის“ მსგავს ორგანოს შექმნიან, რომელიც გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე ადამიანების დაჭერას დაიწყებს.
საქართველოში იგივე ხდება ახლა, რასაც რუსეთში პუტინი აკეთებს. იქ სუფთა ქაღალდის ხელში დაჭერზე ადამიანებს 6-7 წლით უშვებენ ციხეში. აქაც ასეთ სისტემას ქმნიან, ემზადებიან დიდი რეპრესიებისთვის და არ არის გამორიცხული, რომ შოთაძემ ამას ხელი არ მოაწერა და გადადგა, ზუსტად არაფერი ვიცით, ამიტომ კოსნპირაციებში არ შევალ, მაგრამ შოთაძის გადადგომა პატარა ამბავი არ არის. თუ მართლა ამერიკაშია და იქ ყველა კარტს გაშლის და ყველაფერს მოყვება, ამას რა სჯობია. არ ვიცი, რა იქნება, ვნახოთ.
_ ამერიკა ვახსენეთ და ამერიკიდან წამოსულ განცხადებებზეც ვისაუბროთ. ამ მკაცრ განცხადებებს „ოცნება“ არასერიოზულად უყურებს. მართლა ასე არ ადარდებთ, რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები? კონგრესმენები და სენატორები ღიად საუბრობენ სანქციების დაწესებაზე.
_ არასერიოზულად არ უყურებენ და ძალიან კარგად იციან, რა შეუძლია ამერიკას. ჩვენ დღეს ვართ გზაგასაყარზე. თუ არ ვიმარჯვეთ და ვივარგეთ, ცუდად წავა ქვეყნის საქმე. სენატორებისა და კონგრესმენების მასხრად აგდება შიშის გამოვლინებაა. საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით ჩამოვიდა ო’ბრაიანი. იმავე საღამოს ჩვენს ფინანსურ სისტემას რა დაემართა, ყველამ ვნახეთ. ნახევარ დღეში საშინლად დაეცა ლარის კურსი. ყველამ იცის, თუ რა მექანიზმებს ფლობს ცივილიზებული სამყარო, ეს არის საშინელი სასანქციო პაკეტი, რომელიც, დიდი ალბათობით, მზადაც არის. წარმომიდგენია, რა საშინელ დღეში არიან „ქართულ ოცნებაში“ ამ სანქციების შიშით.
ახლა მსოფლიოში დიდი გადანაწილება მიდის. ცალ მხარესაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ხოლო მეორე მხარესაა ცივილიზებული სამყარო. უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახვა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი სინამდვილეში. პუტინი დემოკრატიული გზით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ გახდა დიქტატორი. 2000 წელს, როცა ელცინმა უარი თქვა ხელისუფლებაზე, პუტინი მართლა აირჩიეს. ჩვენთანაც ასე იწყება ყველაფერი. და ახლა „ოცნებას“ თუ გაუვიდა, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები იქნება ფორმალური. ფაქტობრივად, არ იქნება. არჩევნებზე არ დაუშვებენ არცერთ ოპოზიციურ ძალას. შექმნიან მათთვის მისაღებ ე. წ. ოპოზიციურ პარტიებს.
_ „ხალხის ძალა“ უკვე შექმნილი ჰყავთ.
_ კი ბატონო, ეყოლებათ ე. წ. კონსტრუქციული ოპოზიცია და არჩევნებს მათთან ერთად ჩაატარებს, პუტინიც ასე ატარებს არჩევნებს. მასაც ჰყავს თავისი ოპოზიცია. არჩევანი ახლა ასეთი გვაქვს: ან ისინი ან ჩვენ. ყველა ერთის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სხვა შემთხვევაში ვერც ქვეყანა გადარჩება და ვერც ჩვენ გადავრჩებით.
_ ოპოზიციის გაერთიანების მომხრე ხართ?
_ ახლა ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ. ვიმეორებ: ახლა ყველა ერთის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ვიღაცა შეიძლება მეც არ მომწონს, მაგრამ ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ. ერთმანეთს მერე უნდა დავუპირისპირდეთ, როცა სტანდარტი იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება. დღეს ამ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. არჩევნებამდე თუ როგორმე მივაღწიეთ, მთელი ერის კოსოლიდაცია უნდა მოხდეს. სხვა გამოსავალი, უბრაოდ, არ გვაქვს.
_ ახლა თქვენზეც ვისაუბროთ: ერთ-ერთ აქციაზე დაგაკავეს და სასტიკად გცემეს, როგორია თქვენი ჯანმრთლობის მდგომარეობა?
_ ახლა, შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვარ. მარცხენა თვალი მაწუხებს და მუხლი მტკივა. მუხლის მოტეხას გადავრჩი. ექიმებმა ნემსები გამომიწერეს და ყველაფერი კარგად არის, ღმერთის წყალობით. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ რაც მე დაკავებისას გამოვიარე, ეს არის ჯოჯოხეთი და საშინელება. ჩვენი ბრძოლის მონაპოვარი უნდა იყოს და აუცილებლად იქნება, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების ცემა უნდა დასრულდეს. ისიც კი უნდა დაისაჯოს, ვინც ასეთ რამეს გაიფიქრებს. ეს არის მთავარი პოსტულატი დასავლურობის, რაც ასე მოგვწონს. იქ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ კლავენ, არ ცემენ და შეურაცხყოფას არ აყენებენ. ეს აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ და ამას აუცილებლად მოვიპოვებთ. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ დასავლური ტიპის ქვეყანას.
ჩემი ქვეყნის მომავლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ყველას იგივეს მოვუწოდებ. ახლა იმის დრო და ფუფუნება არ გვაქვს, რომ პესიმისტურად ვიყოთ. შეშინებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. თუ შევშინდით და დავიღალეთ, არაფერი გამოგვივა. ჩვენ ორი თავით მაღლა ვდგავართ ამ არაადამიანებზე. ამათ ადამიანების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ბოლო სამ არჩევნებში კარგად ჩანდა ეს ყველაფერი. თავად ვარ ამ პროცესების მონაწილე და თამამად ვიტყვი, რომ ბოლო სამი არჩევნები მოგებული იყო. ბოლო არჩევნებში პირველ ტურშიც დამაკავეს, რადგან ხელს ვუშლიდი გაყალბებაში და მეორე ტურშიც დამაკავეს.
_ დათვლილი გაქვთ, რამდენჯერ დაგაკავათ ამ ხელისუფლებამ? საკმაოდ ხშირად გაკავებენ.
_ ზუსტად არ ვიცი, რამდენჯერ დამაკავეს. ცხადია, არ მიხარია ეს დაკავებები, მაგრამ ბრძოლაა საჭირო და ჩვენი თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მეც ვიბრძვი. ბოლოს 13 მაისს დამაკავეს.
_ ამ დაკავების დროს სასტიკად გაგისწორდნენ. რა ვითარებაში დაგაკავეს? რაიმე წინააღმდეგობა გაუწიეთ, თუ რატომ გცემეს ასეთი გამეტებით?
_ არაფერი წინააღმდეგობა არ გამიწევია. 13 მაისს დილით ჟვანიას ქუჩიდან ჯიკავ-ჯიკავით რომ გამოგვიყვანეს, აქეთ ვიდექით. ჩემთან ერთად იდგა ახალგაზრდა ბიჭი. ამ ბიჭმა ჩვენ წინ მდგომ ზონდერებს ხმამაღლა უთხრა, რომ დილით გაკვეთილი მაქვს და ძალიან გთხოვთ, არ დამაკავოთო. მე მივუბრუნდი ამ ბავშვს და ვუთხრი, _ რას არ დაგიჭერენ, ამათი მინისტრი გუშინ ბრიფინგზე ამბობდა, ყველას დავიჭერთ და 4- წლიან პატიმრობას მივუსჯით, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევსო. ამის მეტი მართლა არაფერი მითქვამს. ამის თქმა იყო და ეგრევე მომვარდა ერთი ერთუჯრედიანი რობოტი და მეუბნება, _ შენ ჩვენს მინისტრს რატომ აგინებო? ამასაც გავუმეორე ის სიტყვები, რაც ბავშვს ვუთხარი. დავუმატე, _ თქვენმა მინისტრმა ასე თქვა გუშინდელ ბრიფინგზე-მეთქი. მეცა და დაიწყო გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება. სხვა დაკავებულებთან ერთად საშინელი დერეფანი გაგვატარეს.
არ ვარ პატარა ტანის ადამიანი. ამ დერეფანში ჯიკავ-ჯიკავით და ცემა-ტყეპით გამატარეს. 7-8 მეტრი მქონდა გავლილი, ვიღაც რაგბის ილეთით მეცა ფეხებში, დაბლა დამაგდეს და შემათრიეს, სადაც იყო ჩვეულებრივი ხორცსაკეპი მანქანა. ყველამ ვნახეთ, რა სასტიკად სცემენ ადამიანებს. ამის ნათელი მაგალითები არიან დავით ქაცარავა და ლევან ხაბეიშვილი.
_ თქვენც ძალიან იყავით ნაცემი.
_ არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: დავით ქაცარავასავით რომ არ მაქვს სახე განადგურებული ცემისგან, ეს ამერიკის მოქალაქის დამსახურებაა. ისიც ჩემთან ერთად დააკავეს.
_ ის რატომ დააკავეს?
_ ისიც აქციაზე იყო და ამიტომ დააკავეს. დერეფანში ისიც ჩვენთან ერთად გაატარეს. იმასაც ურტყამდნენ გამეტებით. ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის, რასაც რუსები უკრაინაში ტყვეებს უკეთებენ. ისე გვამცირებდნენ, როგორც რუსები ამცირებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, თან გამეტებით გვირტყამდნენ. ყველა დარტყმის წინ, თუ რამე გამიკეთებია ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა ეპიზოდს მახსენებდნენ. დამარტყამდნენ, მერე თმებში ხელს ჩამავლებდნენ, მაღლა ამიწევდნენ თავს და ფოტოს გადამიღებდნენ. სხვებსაც ასე უღებდნენ ფოტოებს.
_ ფოტოების გადაღებაზე ყველა დაკავებული საუბრობს. ფოტოები რად უნდოდათ? სამახსოვროდ იღებდნენ თუ რა უბედურებაა?
_ ალბათ, ვიღაცას უგზავნიდნენ და აჩვენებდნენ, როგორ გვისწორდებოდნენ. ფოტოებს შემთხვევით არ გადაგვიღებდნენ. თან უამრავ ფოტოს იღებდნენ. ჩხუბიც მინახავს, ცემაც, კინოშიც არაერთი ცემა მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი რამე, რაც იქ ვნახე, არსად მინახავს მართლა. ძირს დაგდებულებს ზემოდან გვახტებოდნენ ეს არაადამიანები. ამ დაკავებისას ერთი რამე მენიშნა: გახსოვთ, სატელეფონო ზარების კამპანია რომ იყო? ყველას რომ გვირეკავდნენ და გვაშინებდნენ. ჩემთანაც შემოვიდა 15-მდე ზარი საეჭვო ნომრიდან. არცერთს არ ვპასუხობდი. ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი და რუსთაველზე მივდიოდი. დარეკა ტელეფონმა, ნომერს არ დავაკვირდი და ეგრევე ვუპასუხე. როგორც კი ვუპასუხე, იქითა მხრიდან ტიპი მეუბნება, კახაბერ, აქციებზე ნუ დადიხარ, თორემ… და მოაყოლა გინება. დაკავებულს, სასტიკად ნაცემს და დაბლა დაგდებულს ერთი ტიპი მომიახლოვდა და მითხრა, ხომ გეუბნებოდით, აქციებზე არ იარო, შენი ასე და ასეო.
ჩვენ გარშემო ორმოცი ადამიანი იყო და ყველა გვირტყამდა, ვისაც მოეპრიანებოდა. უკან დაიხევდნენ, გამოიქცეოდნენ და მუხლებზე გვახტებოდნენ. დიდი ალბათობით, მუხლის მომტვრევა უნდოდათ, მაგრამ ვერ მომამტვრიეს. ახლაც მტკივა მუხლი, მაგრამ ტკივილს რას დავეძებ.
ეს ცემა დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა. მერე გამათრიეს და წამომიყვანეს შსს-ში. იქიდან უკვე იზოლატორში გადამიყვანეს. ერთი კვირა საჭმელს ვერ ვჭამდი, ყბა მტკიოდა, მაგრამ მომტვრეული არაფერი მქონდა. ჩვენთან იყო ბიჭი, გვარად ალანია, რომელსაც ლამის თვალი ამოუგდეს. ზემოთაც გითხარით, რომ სხვებთან შედარებით მსუბუქად რომ გადავრჩი, ეს ამერიკელის დამსახურებაა. ის მეფარებოდა, როცა მირტყამდნენ.
_ ამერიკის მოქალაქეს არ ურტყამდნენ?
_ იმასაც ურტყამდნენ, მაგრამ ნაკლებად. ინგლისურად ყვიროდა, ამერიკის მოქალაქე ვარო და ერიდებოდნენ. ჩემთვის მოქნეულ ყველა ფეხს თავისი ტანით ეფარებოდა და ამიტომ გადავრჩი შედარებით იოლად.
_ იოლად ნამდვილად არ გადარჩენილხართ, საკმაოდ მძიმე დაზიანებები გქონდათ.
_ სხვებთან შედარებით იოლად გადავრჩი. და ეს ამერიკელის დამსახურებაა. საშინელება ვნახე იმ დღეს! ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს. ნამდვილი ჯალათები იყვნენ და დავალება ჰქონდათ, რომ ყველა დაკავებული სასტიკად ეცემათ.
„ქართულ ოცნებაში“ არიან ჯალათები, ქვეყანა ამათ ხელში არ უნდა დარჩეს. საქართველო თუ ამათ ხელში დარჩა, აქედან გაქცევასაც კი ვერ მოვასწრებთ. ჩვენი ძალა ჩვენს სიმრავლეშია. ზუსტად ამის ეშინია ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ბევრნი უნდა ვიყოთ აქციებზე, არ უნდა დავიღალოთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ბიძინა ივანიშვილი თავად არის შეცდომა, მაგრამ მან ახლა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა ცუდად მოუბრუნდება.
არცერთ ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენთან ის არ გაუვათ, რაც რუსეთში გასდით. ძალიან კარგად ვიცი რუსეთი. ისიც ვიცი, იქ როგორ ახშობდნენ თავისუფლებას. რუსები ამას შეეგუენ. ქართველები სულ სხვა ტიპის ხალხი ვართ. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ აქ არ იყოს დიქტატურა, ამას გულწრფელად გეუბნებით. არაფერს დავთმობთ. საქართველო გახდება ევროპის ნაწილი. ჩვენ რუსულ ვექტორზე არასდროს აღარ დავბრუნდებით.
_ აშკარაა, რომ მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ.
_ რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვუყურებ. ახლა ყველანი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. ერთად დგომით უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ.