კახა კვეკვესკირი „რუსული სამხედრო ბაზები შეიძლება ფოთსა და გორშიც გაგვიხსნან“
შორენა მარსაგიშვილი
რა ხდება ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში? რატომ იყო „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე ნირწამხდარი ბიძინა ივანიშვილი? როგორ დასრულდება საქართველოსთვის საბედისწერო არჩევნები? რატომ არ არის ტრაგედია, ოპოზიცია რომ ვერ გაერთიანდა? ვინ დაიცავს საქართველოს რუსული აგრესიისგან? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალის“ წევრი, კახა კვეკვესკირი:
_ კახა თქვენ ხართ აფხაზეთიდან და ამიტომ პირველ კითხვას ოკუპირებული ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით დაგისვამთ. იქ რუსებმა პირველი სამხედრო გემი შეიყვანეს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფაქტი არც კი გააპროტესტა. თქვეს, ამის გამო ომს ვერ დავიწყებთო. ომის დაწყებას არც არავინ სთხოვთ, მაგრამ განცხადებების გაკეთება ხომ მაინც შეიძლებოდა?
_ განცხადებების გაკეთება როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ არ გააკეთეს და მე საერთოდ არ მიკვირს, ასე რომ მოიქცნენ. მე ის უფრო გამიკვირდებდა, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემის შესვლის ფაქტი რომ გაეპროტესტებინათ. ესენი არიან ჩვეულებრივ რუსები და, შესაბამისად, არ გააპროტესტებენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის გახსნას.
ოჩამჩირის პორტში თავისი გემების გადმოყვანა რუსებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უკრაინელებმა ყირიმის აკვატორიაში ათეულობით გემი გაუნადგურეს. რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტიდან, ფაქტობრივად, „ლახანკები“ დარჩა. პუტინმა ეს „ლახანკები“ შემოიყვანა ოჩამჩირეში. მას ჰგონია, რომ ამით ფლოტის გადარჩენილ ნაწილს იხსნის განადგურებისგან. იმედი აქვს, რომ უკრაინელები ასეთ შორ მანძილზე ვერ მისწვდებიან მათ გემებს. ეს იმის ბრალია, რომ დასავლეთი არ აძლევს უფლებას უკრაინას შორს მსროლელი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. აფხაზეთი რუსეთი არ არის, მაგრამ შორია და აქამდე საკუთარი წარმოების იარაღით მიწვდომა გაუჭირდებათ. მაგრამ უკრაინა რაღაც გზას აუცილებლად გამონახავს და ფლოტის გადარჩენილი ნაწილიც აღარ დარჩება რუსებს. ოჩამჩირემდე შორია, მაგრამ აქაც მისწვდება უკრაინა რუსულ გემებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ.
_ ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეშიც მისწვდებიან რუსულ სამხედრო გემებს, რადგანაც ეს გემები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.
_ ეს რომ ასე იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. საქართველოს ხელისუფლებას რაც შეეხება, ის არ გააპროტესტებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ობიექტების განთავსებას. ხმას არ იღებენ იმაზე, რუსები ოკუპირებულ რეგიონებში ახალ-ახალ სამხედრო ბაზებს რომ ხსნიან. არ გააპროტესტებს იმიტომ, რომ ისინი რუსები არიან. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში მეათეხარისხოვანი გახდეს ოკუპირებული ტერიტორიები. არც აფხაზეთზე იღებს ხმას ვინმე და არც ცხინვალის რეგიონზე.
_ ეს მარტო ხელისუფლების ბრალი არ არის. ხალხსაც აღარ აინტერესებს ოკუპირებული რეგიონები.
_ ამ მიმართულებით ხელისუფლება უნდა იყოს ბიძგის მიმცემი. ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ოკუპირებული რეგიონები იყოს ქვეყანაში მთავარი თემა. ბოლო წლებში გამოკითხვებით ნათელია, რომ ეს თემა მეშვიდე და მეათეხარისხოვანია, რაც ძალიან სამწუხაროა. და ეს რომ ასეა, ამ ხელისუფლების ბრალია. ეს ხელისუფლება რუსული რომ არ იყოს, აუცილებლად გააპროტესტებდა რუსული სამხედრო გემების შეყვანას ოჩამჩირეში. მანამდე იმ ფაქტს გააპროტესტებდა, აქ სამხედრო პორტის მშენებლობა რომ დაიწყეს.
ოჩამჩირეში რუსული გემების შემოყვანა აღმაშფოთებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგის ნიშანიცაა, ეს რუსეთის დასუსტებაზე მეტყველებს. ისინი ისეთ დღეში არიან, რომ უკვე გემებს მალავენ. გავიხსენოთ 2022 წელს როგორი იყო პუტინი, როგორ იბრიქებოდა უკრაინაში ომის დაწყების წინ. ეგონა, მოკლე ვადებში დაამარცხებდა უკრაინას. ახლა როგორია პუტინი? ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ კაცმა სამჯერ ახსენა მოლაპარაკებები უკრაინასთან. მისი დავალებით დარბის ვიქტორ ორბანი აქეთ-იქით ვითომ სამშვიდობო გეგმით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა იცის, მარცხდება. ეს ისეთ მოკლე დროში არ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მარცხისთვის არის განწირული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი მოლაპარაკებებს არ ახსენებდა.
რუსეთი როდის დამარცხდება, ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში როდის შეგვიძლია რუსული რეჟიმის დამარცხება, ეს თარიღი ცნობილია. ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს არჩევნებზე რომ მივალთ, „ქართული ოცნების“ გადახაზვით იმასაც უნდა გავცეთ პასუხი, ხელისუფლებამ ოჩამჩირეში რუსული გემების შეყვანაზე ხმა რომ არ ამოიღო. პასუხი უნდა გავცეთ იმას, რომ მათთვის ოკუპირებული ტერიტორიები არაფერს ნიშნავს. 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს გენერალური გამოცდა. ეს გამოცდა თუ ვერ ჩავაბარეთ, მაშინ ოჩამჩიორეში კი არა, იქ შეიძლება გაგვიხსნან რუსული სამხედრო ბაზები, სადაც ახლა ქართული ჯარია განთავსებული, მათ შორის, თელავში, სენაკში, გორში. ვინ შეუშლის ამაში ხელს რუსებს? ხელისუფლება ნამდვილად არაფერს იღონებს.
_ ბევრი ამას შეეწინააღმდეგება, მაგრამ ბევრიც ყვავილებით შეხვდება რუსების შემოსვლას.
_ ყვავილებით დახვდებიან, მაგრამ ბევრი შეაკვდება. რომც შემოვიდნენ რუსები, ეს რეჟიმი დიდხანს მაინც ვერ გაძლებს. მაგრამ ეს დრო ჩვენი სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნება. რაც შეიძლება მალე უნდა გავუშვათ ესენი. ამის შანსი 26 ოქტომბერს გვაქვს.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ კიდევ დიდხანს გაძლებს და, სულ მცირე, 12 წელი იქნება ქვეყნის სათავეში.
_ თავიდან ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა, 2030 თქვა. ახლა, ეტყობა, მადა კიდევ გაეზარდათ და ექვსი წელი დაამატეს. არ მიკვორს, მადა ჭამაში მოდისო და ამათი მადაც გაიზარდა. კიდევ უფრო გაიზრდება ამათი მადა. ამათ თავხედობას და არაადამიანობას საზღვარი არ აქვს. მათი არაადამიანობა საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი. ჩვენ თუ არაფერი ვიღონეთ, ესენი უსასრულოდ დარჩებიან ხელისუფლებაში.
მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები ამ რეჟიმს წაგებული ჰქონდა. წაგებული აქვთ 26 ოქტომბრის არჩევნებიც და ეს თავადაც კარგად იციან. ამათი რეჟიმი ემყარება ძალას. ძალას წარმოადგენს ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ჰყავს უშუალოდ ყურმოჭრილ მონასავით. ესენი არიან შს მინისტრი გომელაური და სუსის უფროსი ლილუაშვილი. და ცალკე ფიგურები, ხარებასნაირი ტიპები, რომლებიც ხალხს აშინებენ. ამას შეგვიძლია დავამატოთ დიდი ფული და მოკრიმინალო ტიპები. სხვა რესურსი „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.
საყოველათო ამნისტია, რომელიც ახლა გამოცხადდა, არჩევნებს უკავშირდება. უამრავი ადამიანი გამოვა გარეთ, რაც მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ამას რა სარჩულიც უდევს, ყველა ხვდება. 26 ოქტომბერს საქართველოსთვის საბედისწერო და გადამწყვეტი არჩევნები ტარდება. ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ არჩევნებზე უნდა დასრულდეს.
_ ასეთი გადამწყვეტი არჩევნები ყოველთვის რეჟიმების დასრულებით მთავრდებოდა. ასე იყო 1990 წელს, ასე იყო 2003 წელს, ასე იყო 2012 წელს.
_ ეს არჩევნებიც წაგებული აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ გამარჯვება გაიფორმოს. ამას გეუბნებათ ადამიანი, რომელიც ორგანულად იცნობს რეჟმს. ყველაფერს იკადრებენ, რომ ხელისუფლებაში ისევ თავად დარჩნენ. ოპოზიცია და ხალხი ამისთვის მზად უნდა იყოს. ყველას კარგად გვახსოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიოდა არც ის დაგვვიწყებია, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. პირადად მე ორივე ტურში დამაკავეს. დამაკავეს იმიტომ, რომ „ქოცებს“ გაყალბებაში ხელს ვუშლიდი. არჩევნების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოპოზიციური ერთობა, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტს. ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა თვეების განმავლობაში. მერე უცებ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და ეს ხალხი შეცვივდა პარლამენტში, რაც იყო ყველაზე დიდი შეცდომა. იმ დროს, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, პარლამენტთან კარვების პროტესტი მიმდინარეობდა, ვაპროტესტებდით გაყალბებულ არჩევნებს. ერს ეს პარლამენტი გამოცხადებული ჰქონდა უკანონოდ. ჩვენ კარავი გვქონდა პარლამენტის ზედა შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები შედიან ხოლმე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები რომ მოდიოდნენ, ვურთავდით კომუნისტურ სიმღერებს და ისინი ამ სიმღერებით შედიოდნენ პარლამენტში.
ეს პროტესტი და ბოიკოტი აუცილებლად გამოიღებდა შედეგს, მაგრამ ოპოზიცია უცბად შევიდა პარლამენტში და ივანიშვილს უკანონო პარლამენტი გაუთეთრეს. დეტალებში შესვლა აღარ მინდა და ეს იყო ძალიან ცუდი ამბავი. მაშინ პარლამენტში შესვლას ერთადერთი გამართლება ჰქონდა, ამ პარლამენტის დაშლით დასავლეთიც არ იყო მოწადინებული.
_ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ღიად მოუწოდებდნენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და ნაწილობრივ მათი ზეწოლის შედეგია ის, რომ ოპოზიციამ მაშინ პროტესტი და ბოიკოტი არ გააგრძელა.
_ მე რბილად ვთქვი ჩემი სათქმელი. დასავლეთმა მაშინ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მის ინტერესებში არ იყო აქ არეულობა და დაძაბულობა. დღეს საქართველოში სულ სხვა სიტუაციაა. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის თვალში სულ სხვანაირად აღიქმება და დასავლეთიდანაც სხვანაირი მესიჯები მოდის. ამერიკის კონგრესში საქართველოს თემაზე ამ კვირაში, 23 ივლისს იმსჯელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია „მეგობარი აქტი“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტებიც მნიშვნელოვანია. სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საქართველოში ვიქნებიო.
ახლა მაქვს იმედი, რომ დასავლეთი თვალს არარ დახუჭავს არჩევნების გაყალბებაზე. გაყალბება რომ იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამაში არც დასავლეთში ეპარებათ ეჭვი. რისი 60% და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება! ჩვენ გარშემო „ქართულ ოცნებას“ ხმას არავინ აძლევს. ანტარქტიდაში ხომ არ ვხცხოვრობთ, გავიხედოთ გარეთ და ვკითხოთ ჩვენ გარშემო ხალხს, აძლევენ თუ არა ხმას „ქართულ ოცნებას“? უმეტესობა იტყვის, რომ მათ ხმას არ აძლევს.
_ ოპოზიციის დიდი ნაწილი საუბრობთ, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. ამით ამომრჩეველში ნიჰილიზმის განცდას ხომ არ აჩენთ?
_ პირიქით! ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მოხდება. არჩევნები რომ გაყალბდება, ეს ნათელია. ამას განსაკუთრებით კარგად ის ხალხი ვხედავთ, ვისაც არჩევნები გაგვივლია და ასე თუ ისე კარგად გვესმის ეს თემა. ისიც კარგად ვიცით, რომ არჩევნების გაყალბებასაც აქვს თავისი ზღვარი, რომლის იქითაც ხელისუფლება ვეღარ გააყალბებს. ვიცით, რომ არჩევნები გაყალბდება, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ განწყობილი. იმედს მაძლევს დასავლეთის პოზიცია და ქართველი ხალხის დამოკიდებულება, რაც არის მთავარი. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის არჩევნებზე მისვლა არის აუცილებელი.
_ საარჩევნო უბნებთან მათი მიყვანა მნიშვნელოვანია. შეძლებს ოპოზიცია ამ ხალხის საარჩევნო უბნებზე მიყვანას?
_ უნდა შეძლოს. წინა არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდიოდა არჩევნებზე. ახლა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა კეთილი უნდა ვინებოთ და ასეთი ხალხი დავარწმუნოთ, რომ არჩევნებზე წავიდეს. ბევრი ხალხი როცა მივა არჩევნებზე, ხელისუფლებას გაყალბების რესურსი ნაკლები ექნება. თუ არ მივა ხალხი, აიღებენ და უბრალოდ ოქმებში დაწერენ საჭირო ციფრს და მერე იგივე იქნება, რაც აქამდე გავიარეთ. არა ვარ მომხრე არანაირი დაძაბულობის. გიჟი უნდა ვიყო, ქვეყანაში არეულობა მინდოდეს.
არჩევნებამდე სამ თვეზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, რომ საპროტესტო მუხტი გაიზრდება. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გადაწყვეტენ არჩევნებზე წასვლას. მჯერა, რომ ყველაზე მივარდნილ სოფელშიც კი რიგი იდგება საარჩევნო ყუთებთან. 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
_ ხალხს უნდოდა ოპოზიციის ერთობა, რაც არ შედგა. გაბრაზებული ამომრჩეველი რომ არ წავიდეს არჩევნებზე, ამაზე არ გიფიქრიათ?
_ ლავირებას არ დავიწყებ და პირდაპირ ვიტყვი იმას, რასაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ: უკვე თვეებია, ეს თემა მუსირებს, რომ ყველა ბიძინა ივანიშვილის და მისი „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ უნდა გაერთიანდესო. შესაძლებელი იყო, რომ ყველა ერთიანი სიით გამოსულიყო. ორთვიანი საშინელებები ტრიალებდა ქვეყანაში, რაც რეჟიმმა რუსული კანონის მიღებით დაასრულა. 84 დეპუტატი ოფიციალურად გაფორმდა რუსად. მათ ხელი მოაწერეს რუსობას. და ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა ერთიან სიაზე შეჯერება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი მყარი ამომრჩეველი, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ამ პარტიას მისცემს ხმას. მაგრამ ბევრია ისეთიც, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ უნდათ „ქოცები“. შესაძლოა, ცუდია, რომ ერთობა ვერ შედგა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი პლუსები. მე ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ ეს ერთობა არ შედგა. ამის ნაცვლად არის რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს აქვს რამდენიმე ვარიანტი, თუ ვის მისცეს ხმა. არ არის გამორიცხული, ერთობაც შედგეს. ჯერ კიდევ არის დრო.
_ რა შემთხვევაში შეიძლება შედგეს ეს ერთობა?
_ კაცმა არ იცის, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე დარჩენილ დროში რას მოიმოქმედებს. შეიძლება დადგეს იმის აუცილებლობა, რომ ყველა გაერთიანდეს. დღეს არსებულ ვითარებაში ასე სჯობს, როგორც ახლა არის. ადამიანებს აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. რამდენიმე ცენტრის არსებობა ნამდვილად კარგი ამბავია. ყველა გამოთვლით და ყველა გამოკითხვით, ეს ცენტრები უფრო მომგებიანია. აქციების მიმდინარეობის დროს, ყველა დარბევისა და ყველა ძალადობის მერე, ყველას პირზე ეკერა, ერთ მუშტად შევიკრათ და დედა ვუტიროთ ამათო. მაგრამ როცა მინელდა ეს სიტუაცია და გაერთიანების დრო დადგა, არ გამოვიდა ერთ მუშტად შეკვრა. ჩატარდა კვლევები და ვნახეთ, რომ ერთიანი სიით ნაკლები ხმა აქვს მიღებული ოპოზიციას, ვიდრე ცალკე ჯგუფებად. არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია ცალ-ცალკე რომ მივიღებთ მონაწილეობას.
ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური ცენტრი, რაც ამომრჩეველში დისონანსს არ შეიტანს. ვთქვათ, მე ვერ ვიტან ეკა ბესელიას, ამას პირობითად ვამბობ, ის საერთო სიაშია და მე ამიტომ არ მინდა ოპოზიციური ერთობისთვის ხმის მიცემა, ამის გამო სახლში არ უნდა დავრჩე. გადამწყვეტი ამომრჩეველი ჩვენ ყველა არჩევნებზე გვაკლდა. მე კარგად მახსოვს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი როგორ გამოვიდა იასამნისფერი სახით და იხვეწებოდა, ხმა მოგვეცითო.
_ პარტიის ოფისის გახსნაზეც რაღაცნაირი სახე ჰქონდა. თითქოს არ სჯეროდა იმის, რასაც ლაპარაკობდა. ადამიანები, რომლებიც გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან, ასეთი სახით არ ლაპარაკობენ.
_ სხვანაირი სახით ვერც იქნებოდა. ის ცხადია, ფიქრობს იმაზე, თუ რა ელოდება, როცა ამ არჩევნებს წააგებს. გეოპოლიტიკურად ფეოდალებს ცუდი რამეები ელოდებათ ხოლმე. დღეს იქნება თუ ხვალ, მოგვარდება უკრაინის თემა. თან ისე მოგვარდება, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროს უნდა და უკრაინას უნდა. ასეთ დალაგებულ სიტუაციაში ივანიშვილის მსგავსი ფეოდალების ადგილი არ იქნება. მან და მისმა გუნდმა კარგად იციან, რა ელით. დედოლარიზაციაო, თქვა ნათია თურნავამ. საერთოდ როგორ ალაპარაკეს ეს ადამიანი, მიკვირს! ეს არის დემარში დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. წინასწარ იციან ამათ, ვის რა ელით. ისე არავინ გაიგოს, რომ მე ვინმეს ვემუქრებოდე. ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ვლაპარაკობ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც გაგვივლია. ასეთი ამბები ჩვენ თვალწინ ხდება. ავტოკრატები და დიქტატორები ცივილიზებულ სამყაროში ვერ გაძლებენ. ამათი რუსული პოლიტიკის გამო ამერიკამ შეგვიწყვიტა ჯარის დაფინანსება. ეს დროებით არის შეჩერებული. სამაგიეროდ, სომხეთთან დაიწყეს მუშაობა. რასაც მხოლოდ მივესალმები. რაც მალე გადმოვა სომხეთი დასავლურ ვექტორზე, მით უკეთესი იქნება ეს ჩვენთვის. 26 ოქტობერს ამათ დავასრულებთ და ჩვენც დავბრუნდებით დასავლურ ვექტორზე, ახალი ველოსიპედი მოსაგონი არ იქნება. რუსეთი საბოლოოდ წავა კავკასიიდან. ჩემი ხედვა ასეთია.
_ მოკლედ რომ ვთქვათ, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და გჯერათ, რომ „ოცნება“ დასრულდება ამ არჩევნებზე. ბევრი კი ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლამ ძალიან შეაშფოთა.
_ ძალიან ცუდი რაღაცები ილაპარაკა, მაგრამ ეს არ იძლევა შეშინების საბაბს. პირიქით, კარგია, რომ მან თავისი მიზნები გაახმოვანა. ყველაფერი არჩევნებზე გაირკვევა. „ოცნების“ თავად მის მხარდამჭერებსაც კი აღარ სჯერათ. ეს იმ კონტინგენტიდანაც ნათლად ჩანდა, ვინც ოფისის გახსნაზე იმყოფებოდა. ძალიან დამწყდა გული ლაშა ტალახაძის გამო, ნამდვილად არ მეგონა, იმას თუ იქ ვიხილავდი. ქვეყნის მოწინააღმდეგე რეჟიმის მომხრე რომ ხარ, ეს ძალიან ცუდია. ტალახაძე თავის დარგში დედამიწაზე ნომერ პირველი ტიპია, მაგრამ ხომ ხედავთ, რას აკეთებს? როგორ უნდა მიბაძოს მას მომავალმა თაობამ?
ძალიან მიხარია, რომ ამ ქვეყანაში არ არის იმდენი ისეთი ადამიანი, რამდენიც ბიძინას ეყოფა დასალაგებლად. ძალის გამოსაყენებლად თუ ემზადება, ამასაც გაეცემა პასუხი. ჩვენი პასუხი იქნება ჩვენი სიმართლე და ჩვენი სიმრავლე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანონობა და საქართველო უნდა გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ეკონომიკურ კეთილდღეობას რომ თავი დავანებოთ, დასავლეთი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი.
ბევრს დაზეპირებული აქვს „ოცნების“ სლოგანი და გაიძახის: „აბა, ომი გინდა?“ ამ ადამიანებს მინდა, ერთი მაგალითი მოვუყვანო: ესტონეთი მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც საქართველოზე ორჯერ პატარა ქვეყანაა. ისიც რუსეთს ესაზღვრება. ჩვენ რუსეთისგან კავკასიის ქედი მაინც გვყოფს. ესტონეთს რუსეთთან მოსაზღვრედ სწორი, ტრიალი მინდორია აქვს, ამის მიუხედავად, რუსეთი მას ვერაფერს უბედავს. ვერ უბედავს იმიტომ, რომ ის არის ნატოს წევრი ქვეყანა. აბა, თუ ყოჩაღია პუტინი, ესტონეთს დაემუქროს რამით. რატომ არ დაემუქრა? იმიტომ, რომ ესტონეთი არის ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
_ კარგი მაგალითი იქნება უკრაინაც, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა და რაკი არ იყო ნატოს წევრი, ტერორისტმა რუსეთმა მის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
_ ესეც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას გააკეთებს რუსეთი, როცა შენ არ ხარ ევროკავშირის ან ნატოს წევრი. ესტონეთისა და უკრაინის მაგალითი არის პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო დასავლეთის ნაწილი. დასავლეთის ნაწილი რომ გავხდეთ, ამისთვის საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამიტომ ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე.