„კალაძის ხელის დაქნევის გამო ნუ გამწირავენ“ _ საიათნოვას ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი

„კალაძის ხელის დაქნევის გამო ნუ გამწირავენ!“ _ ეს სიტყვები საიათნოვას ქუჩის #1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებ დოდო ლივიევს ეკუთვნის. მისი თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს და საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას მოიცავს, უხარისხოდ და დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

„თბილისის განვითარების ფონდმა“ 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის მსხვილი რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე შენობების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. მათ შორის არის სწორედ ეს საცხოვრებელი სახლი.

უფრო კონკრეტულად, რა პრეტენზიები აქვთ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიმართ ბინის მცხოვრებლებს, ამის შესახებ „ქრონიკა+“ დოდო ლივიევს ესაუბრა:

_ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებმა „თბილისის განვითარების ფონდთან“ 2019 წლის 8 ნოემბერს გავაფორმეთ ხელშეკრულება. მანამ კი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა წარმომადგენლებთან. თავიდან არ ვიყავი თანახმა, რადგან რემონტი მქონდა გაკეთებული, ბოოკინგ-ზე ვიყავი დარეგისტრირებული, 10 ქულამდე შეფასება მქონდა და ტურისტებზე ვაქირავებდი ბინას, ყოველდღიური შემოსავალი მქონდა. კორპუსი ავარიული არ იყო, თუმცა ბზარი ჰქონდა და ასევე სინესტეც იყო, ამიტომაც დავთანხმდი საბოლოოდ და რემონტიანი სახლიდან გამოვედი, თუმცა ზუსტად ის მხარე არ გააკეთეს. სახლს რომელ მხარესაც ყველაზე მეტად უჭირდა, იმ კედელს არ აკეთებენ. მითხრეს, ნესტგამძლე ცემენტით გავლესავთო, ამას ჩვენც ვაკეთებდით, თუმცა ეს არ იყო საკმარისი _ კედელი უნდა დაენგრიათ და თავიდან აეშენებინათ. ასევე მქონდა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, მის ნაცვლად კი ჩასვეს მეორადი ხის, ჩამპალი ფანჯრები. როგორც მითხრეს, ახალი ფანჯრები უნდა ჩაესვათ, თუმცა ამის ნაცვლად მეორადი ფანჯრები მოიტანეს. გარდა ამისა, შესასავლელში, სადაც ადრე ჩემს მოხუცებულ ნათესავს მივეცი უფლება, აბაზანა ჰქონოდა, მას შემდეგ ეს გაიყიდა და შესასავლელი, ისევე როგორც მაშინ, საერთოა, არავის საკუთრებაში არ არის. ახლა კი საპირფარეშოს ჩემს შესასვლელში აკეთებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი მეზობელი აკეთებს რესტორანს, სწორედ ამიტომ აშენებენ ჰოლში საპირფარეშოს. ფონდმა ძალიან კარგად იცის, რომ რესტორნის ფართს აკეთებენ, რაც ნახაზებიდანაც ჩანს. 12 ოჯახი ცხოვრობს ამ საცხოვრებელ სახლში და აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგია რესტორნის გახსნის. თავიდან, როცა რესტორნის გახსნის შესახებ გახდა ჩვენთვის ცნობილი, მაშინ „თბილისის განვითარების ფონდს“ არ ჰქონდა საქმიანობა დაწყებული. ჩვენ მაშინვე გამოვხატეთ პროტესტი, რადგან საერთო ეზოში, ასეთი ტიპის საცხოვრებელ სახლში, წარმოუდგენელია რესტორნის გახსნა. ამ ყველაფერთან ერთად მთავარი პრობლემა ის არის, რომ სამშენებლო სამუშაოებს ნაჩქარევად და უხარისხოდ აკეთებენ.

_ თუ გქონდათ „თბილისის განვითარების ფონდთან“ კომუნიკაცია და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

_ ადგილზე წარმომადგენელი იყო მოსული და როცა ნახა, რა და როგორ იყო გაკეთებული, თვითონაც გაუკვირდა. მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელიც ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ნაჩქარევად და უხარისხოდ რატომ უნდა გაკეთდეს ჩემი საცხოვრებელი სახლი? წარმოიდგინეთ, არაფერი გაუკეთებიათ და ფასადის შეღებვა დაიწყეს. მეორადი ფანჯრები მიაკრეს. ეს ყველაფერი კი გუდიაშვილის ბაღის გახსნას უკავშირდება, ახლა აპირებენ და სურთ წინასაარჩევნოდ ხალხს ილუზია შეუქმნან, რომ თითქოს ბაღთან ერთად საცხოვრებელი სახლიც განახლდა. კახა კალაძე ხომ ამბობს, სიცოცხლით სავსე ქალაქია თბილისიო, ეს მოჩვენებითია! უნდათ, ხალხს დაანახონ, რომ გუდიაშვილის ბაღი გააკეთეს და აქაური მცხოვრებლები ააშენეს. სინამდვილეში მე დამაქციეს. წინასაარჩევნოდ ასე დაჩქარებით აკეთებენ და ამით ჩვენ ვზარალდებით. კალაძის ხელის დაქნევის გამო ნუ გამწირავენ.

_ რას გეგმავთ?

_ პირველ რიგში, ჟურნალისტებს მოგმართეთ. ვერაფერს გავიგებთ თქვენ, ჟურნალისტები რომ არ იყოთ. როგორ შეიძლება ჟურნალისტზე ძალადობა?! მე რომ დღეს მჩაგრავენ, ჟურნალისტები რომ არა, ვინ მიშველიდა? სასამართლოს გზითაც ვეცდები ჩემი უფლებების აღდგენას, მაგრამ საქართველოში არ მაქვს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს იმედი. ამიტომ თუ საჭირო გახდა, ევროსასამართლოშიც გავაგზავნი საჩივარს და სურათებს დავურთავ, როგორ გამანადგურა კალაძის მერიამ და „თბილისის განვითარების ფონდმა“.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მცხოვრები, მთვარისა ჭარხალაშვილიც, იმ პრეტენზიებზე საუბრობს, რაც „თბილისის განვითარების ფონდის“ მიმართ აქვს:

_ ჩემი საცხოვრებელი სახლი ჯერ არ აუშენებიათ და ამიტომ რას როგორ გამიკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ საცხოვრებელი სახლის გარდა მაქვს ფართი, რომელსაც ასევე ვაქირავებდი ტურისტებზე. მეც ბოოკინგ-ზე 10 ქულამდე მქონდა შეფასება. „თბილისის განვითარების ფონდის“ შემოსვლას იმიტომ დავთანხმდი, რომ იმ კედელს, რომელიც ნესტიანი იყო და ბზარები ჰქონდა, თავიდან ააშენებდნენ. ნესტი რომ გამოდიოდა, ამ კედელს ყოველ წელს ნესტგამძლე ცემენტს ვუსვამდი. როგორც მითხრეს, თვითონაც იგივეს აპირებდნენ. ამას მეც ხომ გავაკეთებდი?! მაშინ, რა აზრი ჰქონდა ბინიდან გამოსვლას? ორჯერ დავწერე განცხადება, მივმართე „ფონდს“. მითხრეს, რომ კედლის დანგრევას არ აპირებდნენ და მხოლოდ რეაბილიტაციას გაუკეთებდნენ, ისევ ნესტგამძლე ცემენტს წაუსვამდნენ. რამდენიმე დღის წინ კი წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ხელმძღვანელებს დაელაპარაკებოდნენ. გარდა ამისა, მეც ვარ რესტორნის მშენებლობის წინააღმდეგი.

„ქრონიკა+“ „თბილისის განვითარების ფონდს“ დაუკავშირდა და აღნიშნული თემის შესახებ განმარტებები სთხოვა:

„თბილისის განვითარების ფონდი“ გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2018 წლიდან ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, პროექტის მიხედვით, შესაბამისი წესების დაცვით და პროფესიული წრეების ჩართულობით, რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.
საიათნოვას ქ. #1-ში პროექტის მიხედვით ხდება ავთენტიკური სახით შენობის სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე აღნიშნული შენობა არის მშენებლობის პროცესში, სადაც ახლაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ აღგენითი სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა.
ასევე გაცნობებთ, რომ სამუშაოების შემსრულებელს ფონდის დაკვეთით აქვს ორწლიანი ხარისხის გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსრულებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ გამოასწოროს ხარვეზი, მისი დაფიქსირების შემთხვევაში.
თბილისის განვითარების ფონდის კომპეტენციას სცდება, კერძო საკუთრების მფლობელი როგორ აპირებს თავისი უძრავი ქონებით სარგებლობასა და მის განკარგვას“.,-უთხრეს ‘ქრონიკა +’-ს თბილისის განვითარების ფონდში.

ნენე ინჯგია