„ის ექიმი სათრევი და გასახევი იყო შუაზე, მაგრამ ჩემი პოლიციელი ქმარი ხომ არ იძალადებდა მასზე?!“
„შეწყდეს ექიმებზე ძალადობა და ტერორი!“ _ „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკი“ს ექიმი-ტრავმატოლოგი, დავით სუბელიანი, უფლედამცველებს დახმარებას სთხოვს. დახმარებას ითხოვს ასევე მისი პაციენტის დედა, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ბედნიერი იქნება, თუ ექიმს ლიცენზიას დააკარგვინებს.
გაინტერესებთ, რა მოხდა? ჯერ თავად ექიმს მოვუსმინოთ:
_ მინდა, დავაფიქსირო ჩემი მკაფიო აზრი და შესაბამისი სტრუქტურებისგან სათანადო რეაგირება მოვითხოვო: 30 სექტემბერს, „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“, ბავშვთა მიმღებ განყოფილებაში, შემოყვანილ იქნა 4 წლის ბავშვი ტრავმის დიაგნოზით. ბავშვს ახლდა ორივე მშობელი, რომელთაც შვილის არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდათ. ცხადია, ბავშვი მივიღეთ, მაგრამ აგრესია მშობლების მხრიდან მიმღები განყოფილების მედპერსონალის მიმართ დაიწყო კლინიკაში შემოსვლის პირველივე წუთებიდან, როდესაც რეგისტრატორმა ბავშვის პირადობა მოითხოვა, რათა გახსნილიყო სამედიცინო ისტორია და დაწყებულიყო სამედიცინო კვლევები, როგორც ეს ზოგადად კლინიკის შიდა განაწესით არის გათვალისწინებული. მშობლების მხრიდან ყოველივე ამან გამოიწვია აგრესია, _ რა დროს ისტორიის გახსნაა?! ბავშვს ხელი აქვს მოტეხილი, დროზე გადაიღეთ რენტგენოგრამა! და შემდეგ მუქარის ტექსტები. ყოველივე ამის მერე, მე, როგორც კლინიკის მორიგე ტრავმატოლოგს, მიკავშირდება მიმღები განყოფილების ექიმი და მეუბნება, რომ 4 წლის ბავშვია მოყვანილი წინამხრის ტრავმით, გამოხატულია დეფორმაცია და, სავარაუდოდ, მოტეხილია, გვჭირდება თქვენი კონსულტაცია. პასუხად ვუთხარი, რომ ვარ ახალნაოპერაციებ ავადმყოფთან, ვაკეთებ შეხვევას, მაგრამ თქვენ ამასობაში გადაიღეთ რენტგენი. რადგან მოტეხილობა და დეფორმაციაა, შეიძლება საოპერაციოც იყოს. მე გადავუგზავნი კლინიკის მოწვეულ კონსულტანტს, ბავშვთა ტრავმატოლოგს და მკურნალობის ტაქტიკას განვსაზღვრავთ-მეთქი. ჩემთან ზარის განხორციელებიდან ზუსტად 12 წუთში ბავშვთა ტრავმატოლოგისგან პასუხი მივიღე, რომ პაციენტის ძალიან პატარა ასაკიდან და მოტეხილობის ტიპიდან გამომდინარე, არ იყო რეკომენდებული ოპერაციული მკურნალობა და კონსერვატიული მკურნალობით უნდა წავსულვიყავით. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე შევდივარ სამანიპულაციოში, სადაც მხვდება ბავშვი და აგრესიული დედა, რომელიც მეუბნება: „სად ხართ ამდენი ხანი?! რატომ მოსეირნობ ექიმი ტრავმატოლოგი ავადმყოფთან ასე არხეინად?!“ როცა შევხედე, გაღიზიანებული იყო და მეტიც, _ არაადეკვატური. მშვიდად მოვუწოდე, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გასულიყო სამანიპულაციოდან, რათა მოეცა ჩემთვის მუშაობის საშუალება და მერე გაგვერკვია მისი პრეტენზიები, რაზედაც საშინელი აგრესიით მიპასუხა, რომ მას უფლება ჰქონდა, ბავშვთან დარჩენილიყო. დარჩა კიდეც და მთელი მანიპულაციის განმავლობაში დამკიოდა თავზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რამდენჯერმე მოვუწოდე მის მეუღლეს, რომ დაემშვიდებინა იგი ან გაეყვანა სამანიპულაციოდან, მაგრამ ამაოდ. მემუქრებოდა სიტყვებით: „იცი, მე ვინ ვარ? იცი, შენ რას გიზამ?“ და ა. შ., ლანძღავდა მედპერსონალს. მოკლედ, ბავშვს თაბაშირი დავადე, ყველა მანიპულაცია ჩავუტარე, მივეცი დანიშნულება და მეორე დღეს ვიგებ, რომ დედა სოციალური ქსელებით აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას, საშინელ რაღაცებს და რაც მთავარია, ტყუილებს წერს. მე ხმამაღლა და საჯაროდ ვაცხადებ, რომ თუ ამ ადამიანმა საჯაროდ არ მოიხადა ბოდიში, კანონის სრული სიმკაცრით პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე ჩემი დისკრედიტაციისთვის. „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციასა“ და ადვოკატებს უკვე მივმართე.
„ქრონიკა+“, ბუნებრივია, მეორე მხარის პოზიციითაც დაინტერესდა. „აგრესიული“ დედა აღმოჩნდა ჩვენი ყოფილი რესპონდენტი, ეველინა ჩოხელი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ თავის დამსაქმებელ „ჰუმანა ჯორჯიას“ სასამართლოში უჩიოდა. ჩვენს რესპონდენტს თავისი ისტორია საკმაოდ მკაფიოდ ჰქონდა გადმოცემული ლაივში, სადაც ექიმ დავით სუბელიანთან კონფლიქტის დებატები შემდეგნაირად იყო მოწოდებული:
_ 30 სექტემბერს, ღამის 11 საათზე, მათემ, ჩემმა მესამე შვილმა, ხელი მოიტეხა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამომიძახებია, თავად წავიყვანე კლინიკაში ე. წ. თვითდინებით. თავიდან „ამთელ ჰოსპიტალში“ მივედი, მაგრამ იქ ცხელების ცენტრი აღმოჩნდა და ამიტომ „ინგოროყვას კლინიკაში“ გადამამისამართეს. ამ უკანასკნელში შესვლისთანავე მომთხოვეს ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შეიძლება, მე ვარ დაუდევარი, მაგრამ არ მეგულება მშობელი, რომელიც ასეთ კრიტიკულ სიტუციაში, როდესაც ბავშვი ხელს იტეხს, იწყებს სახლში საბუთების ქექვას. ავუხსენი პერსონალს, რომ ბავშვის დაბადების მოწმობას აუცილებლად მოვუტანდი. მაინც გადავრეკე სახლში და ბავშვის პირადი ნომერი ჩემმა უფროსმა შვილმა მიკარნახა. ასე და ამრიგად, პიროვნება იდენტიფიცირდა, რომ ჩემი შვილი ნამდვილად საქართველოს მოქალაქე იყო, ანუ ეს ინფორმაცია კლინიკას მივაწოდე. უბრალოდ, თავიდან რომ გადმომილაგეს „ინგოროყვას კლინიკაში“ 10-დან 15 ფურცელი, რომელიც უნდა შემევსო, ვთხოვე, რომ ჯერ ბავშვისთვის გაეწიათ პირველადი დახმარება და ჩვენ არსად გავრბოდით. ამაზე პედიატრი მომიბრუნდა და მითხრა, რომ რანაირი მშობელი ვარ, ბავშვის დაბადების მოწმობა არ მომაქვს კლინიკაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შეიძლება დამნაშავე ვარ, მაგრამ ამის დრო არ მქონდა. მოკლედ, „ინგოროყვას კლინიკაში“ მისვლის შემდეგ, დაახლეობით, 7 წუთი ვსხედვართ „რეცეფშენში“ და ვავსებთ საბუთებს. ამის შემდეგ მივდივართ და ვაკეთებთ რენტგენს ორ პოზიციაზე. იქ მეუბნებიან, რომ ჩემს შვილს ორივე სხივის ძვალი აქვს მოტეხილი და თან არის ცთომითი მოტეხილობა. დედა ვარ და ამ ინფორმაციამ ძალიან ამანერვიულა. დავბრუნდით „რეცეფშენში“, სადაც არავინ მთავაზობს ბავშვის პალატაში მოთავსებას. მოტეხილობის დროს ტკივილი საკმაოდ მწვავეა, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ვსხდებით სკამზე და ვიწყებთ ტრავმატოლოგის ლოდინს. გადის 20 წუთი, ვსხედვართ ცთომითი მოტეხილობით. ამ პერიოდში დერეფანში დადის ქალბატონი, რომელიც არის პედიატრი და კომუნიკაციაში არ შემოდის არც ჩემთან და არც ბავშვთან. არავინ არაფერს გვთავაზობს, თითქოს ტკივილის შედეგად შოკი არ ვითარდებოდეს. 25 წუთის შემდეგ უკვე მე მოვითხოვე, რომ ჩემი 4 წლის ბავშვი დაეწვინათ პალატაში, იმიტომ რომ მანამდე იჯდა. ჩემი თხოვნის შემდეგ ბავშვი პალატაში შეიყვანეს და ამ დროს გამოჩნდა კიდეც ტრავმატოლოგი. მანამდე მითხრეს, რომ ექიმი იმიტომ აგვიანებდა, რომ ავარიაში მოყოლილი პაციენტი მიუყვანეს, რომელიც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი დაზიანებებით იყო. მე ძალიან კარგად მესმის პრიორიტეტები, მაგრამ ჩემთვის ჩემი შვილი იყო პრიორიტეტი და ყოველთვის ასე იქნება. ვუთხარი, რომ თუ თქვენ არ გყავდათ სპეციალისტი, მაშინ რატომ მიმიღეთ კლინიკაში, გადაგემისამართებინეთ სხვაგან.
მოკლედ, როდესაც ტრავმატოლოგი გამოჩნდა, როგორც მშობელმა, ვუსაყვედურე, სად იყო 25 წუთის განმავლობაში? ჩემს ამ მიმართვაზე პირდაპირ მიბრძანა, _ გადი, გოგო, აქედანო! ვთხოვე, თქვენობით ესაუბრა ჩემთან და „გადი გოგო“ მომართვა ჩემთვის მიუღებელი იყო. ავუხსენი, რომ მე ვიყავი მისი კოლეგა, რაზედაც ისევ მივიღე: „გადი აქედან და დამაცადე მუშაობაო“. ხელის მოტეხილობა არ არის მანიპულაცია, რომელიც განსაკუთრებით სტერილურ გარემოში ყოფნას საჭიროებს და კიდევ იმას, რომ მშობელმა დატოვოს 4 წლის ბავშვი ფიზიკური ტრავმით. ექიმს ავუხსენი, რომ მე ვარ იურიდიული წარმომადგენელი _ დედა და ბავშვს ახლავს ასევე იურიდიული წარმომადგენელი _ მამა, ამიტომაც ჩვენ დავესწრებით ჩვენი შვილის მანიპულაციას-მეთქი. ამის შემდეგ ექიმი-ტრავმატოლოგი დავით სუბელიანი მიცხადებს, რომ არ გაუწევს ბავშვს სამედიცინო დახმარებას და სხვა ნებისმიერ კლინიკაში წაიყვანეო. ამაზე ვუპასუხე, რომ მე ჩემი ნებით ბავშვს ცთომითი მოტეხილობით აქეთ-იქით არ ვატარებ, დაწერეთ დასაბუთებულად, თუ რატომ ამბობთ უარს, დახმარება გაუწიოთ 4 წლის ბავშვს მოტეხილობით და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიყვან სხვა კლინიკაში-მეთქი. ამ საუბრის დროს ჩემი მეუღლე, რომელიც იყო ცვლაში საბურთალოს საპატრულო სამსახურში, ჩემ გვერდით იმყოფებოდა. იგი ერთადერთხელ ჩაერია საუბარში და ტრავმატოლოგს მოუწოდა, დამშვიდებულიყო. მე ჩემს ქმარს ვთხოვე, რომ არ ჩარეულიყო ჩვენს კონფლიქტში, რადგან ვხვდებოდი, რომ ექიმი პროვოკაციაზე მოდიოდა. ამ დროს შემოდის პედიატრი და მეუბნება, რომ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას და ბრალს დამდებს, რომ მე ჩემს შვილს მოვტეხე ხელი. წარმოუდგენლად მიმაჩნია დედამიწის ზურგზე დედა, რომელიც შვილს ძალით ტეხს რამეს. ამაზე ვუთხარი, რომ გამოიძახონ საპატრულო პოლიცია და მიჩივლონ. არავის არავინ გამოუძახებია, ჩვენ შორის საუბარი მიდოდა იგივე ტონალობაში, ექიმი იყო აკანკალებული და მისი გამოცხადებიდან 10 წუთის შემდეგ ბავშვს თაბაშირი არ ჰქონდა დადებული. როგორც იქნა, დაადო თაბაშირი, შემდეგ გავიდა და დაიწყო დანიშნულების წერა. დანიშნულების წერის დროს არ დამიძახა, უბრალოდ, დატოვა ფურცელი მაგიდაზე. მე დედა ვარ და მაინტერესებს, ნუროფენის სიროპი რომ უწერია, ორჯერ დღეში უნდა მივცე თუ რამდენჯერ? წამალს ხომ თავისი დოზირება აქვს, დანიშნულებაში კი არ წერია, რამდენი მილილიტრი უნდა მივცე ბავშვს. დავით სუბელიანს რომ ვკითხე, ამიხსენით, რამდენი მილილიტრი უნდა მივცე-მეთქი? მომიბრუნდა პედიატრი და მიპასუხა, რომ დედა ვარ და უნდა ვიცოდე, რამდენი მილილიტრი სჭირდება პატარას. ამის შემდეგ ტრავმატოლოგი მემუქრება, რომ არ იცის, რას მიზამს. ამაზე მეღიმება და ვეკითხები, რომ ბავშვს თაბაშირი როდის უნდა მოვხსნა-მეთქი? ექიმი მიდის დერეფანში, არ ტრიალდება, არ მიხსნის არაფერს, სამაგიეროდ, ზურგიდან მაძახებს, რომ შენ ხარ ღორი და გგონია, რომ მოხვედი საღორეში. იმოქმედე ისე, როგორც შენ გინდაო. პარალელურად, პედიატრი, რომელიც ზის იმ მაგიდასთან, სადაც დანიშნულების ფურცელია დატოვებული, მეუბნება, რომ მამა გაბრიელის მადლით მსგავსი შემთხვევები გიმრავლოთ ოჯახშიო. არც ვიცი ამ პედიატრის კომპეტენცია და მისი პროფესიონალზმი, მაგრამ დაახლოებით 60 წლის ასაკის ქალი იყო, მივუბრუნდი და ვეუბნები, რომ ან დედა არ ხართ, ან ბებია? როგორ ეუბნებით ასეთ მწარე სიტყვებს გამწარებულ დედას და რა უფლებით-მეთქი?! მან მითხრა, რომ დაწყევლილი იქნები და ეს შემთხვევები მრავლად გექნებაო.
რაც თავს გადამხდა, სახლში დაბრუნების შემდეგ ჩემს პირად გვერდზე აღვწერე სოციალურ ქსელში. მეორე დღესვე დამიკავშირდა „ინგოროყვას კლინიკის“ ადმინისტრაცია. თავიდან ვფიქრობდი, რომ არ წავსულიყავი შეხვედრაზე. იმ ღამეს დილის 6 საათამდე არ მძინებია და ყველა მომენტი გავაანალიზე ჩემი კლინიკაში შესვლისა და გამოსვლის _ ვერსად ჩემი თავი ვერ დავიჭირე, რომ სადმე ვიყავი მტყუანი. მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე, ადმინისტრაციას შევხვედროდი, რათა ვითარება გამერკვია. დღის 12 საათზე შემხვდა პედიატრიული სამსახურის უფროსი ქეთი ბარაბაძე და მენეჯერი ნინო ქოჩორაშვილი, რომლებმაც მითხრეს, რომ იმ დილით აღნიშნული ტრავმატოლოგი და პედიატრი შევარდნილან კონფერენციაზე, მოუთხოვიათ იურისტი, რომ სასწრაფოდ ეჩივლათ ჩემთვის. რომ მე ვძალადობდი ექიმებზე და ვაყენებდი მათ შეურაცხყოფას. ნინომ ამიხსნა, რომ ჩვენ კამერები გვაქვს გატანილი აუსთორზე და შესაბამისად, გამოვიძახეთ სამსახური, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავით და ვიდეოჩანაწერები ამოვიღეთო. ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პედიატრი გაეთავისუფლებინათ, თან ამ პედიატრს თავისი ხელით დააწერინეს განთავისუფლების ბრძანება, ხოლო ტრავმატოლოგი ჩამოაშორეს ბავშვებთან ურთიერთობას, მორიგეობებს და მხოლოდ ოპერაციებზე დატოვეს. ვინაიდან „ინგოროყვას კლინიკამ“ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მე აღარ გავაგრძელე დავა არსად, არც ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოში და გავჩერდი. ვიფიქრე, რომ ჩვენ შევთანხმდით, თანაც ის სამართლებრივი პასუხი მივიღე, რაც მინდოდა. კლინიკამ ბოდიში მოიხადა ჩემთან და თემა დაიხურა. მანამდე ბავშვთა უფლებების დამცველსაც დავუკავშირდი, რომ ბავშვის წინაშე ასეთი კონფლიქტური სიტუაცია განვითარდა… საქმის კურსში ყველა ჩავაყენე. თუმცა როდესაც კლინიკის ხელმძღვანელობასთან ჩემი კომუნიკაცია შედგა, თემა დავამთავრე. და აი, 2 ოქტომბერს, საღამოს, ვინიშნები ერთ-ერთ პოსტზე, სადაც ექიმი დავით სუბელიანი მადანაშაულებს და წერს, რომ მე მივაყენე მას შეურაცხყოფა, მახსენებს, როგორც ფსიქოპათს, მერე ჩაანაცვლა და გიჟად მომიხსენია, მერე არაადეკვატურად და მბობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, როგორც ექიმის. ამას უკვე არ ველოდი. ვინაიდან ექიმი არ გაჩერდა, კომენტრებში კი იყო ჩემი ლანძღვა, მისი მეუღლე აქტიურობდა ძალიან, აქვე მისმა მეუღლემ ახსენა, რომ ის არის ოპერაციაზე. რადგან ხელმძღვანელობამ არ მიიღო არანაირი აქტივობა და ექიმი ისევ აგრძელებს თავის სამედიცინო საქმიანობას იგივე ამპლუაში, მივხვდი, რომ მოტყუებული და გაბრიყვებული დავრჩი. ვენდე კლინიკას _ როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო, პრაქტიკულად, გამოვრთე სამსახურიდან. დილის 5 საათამდე ვიჯექი და კომენტარებს ვპასუხობდი. არ ვარ ბოროტი. არ ვიყენებ ჩემს სტატუსს _ არც ექიმობას, არც სამსახურებრივ სტატუსს, არც ნაცნობობას. მე რომ ვყოფილიყავი ბომჟი, თუნდაც გიჟი და ფსიქოპათი, როგორც ის მიწოდებს, სულ რომ მეგინებინა მისთვის, ის ვალდებული იყო, მომსახურება გაეწია ჩემი შვილისთვის. ხარვეზი ჩემი მხრიდან არც ერთ ინსტანციაში არ იყო. მისგან კი იყო ძალიან დიდი ხარვეზი. თავიდან, როცა მითხრეს, რომ ტრავმატოლოგი იგვიანებდა, იმიტომ რომ ავარიის გამო სხვა პაციენტთან იყო, მერე ადმინისტრაციმ მითხრა, რომ ის იყო კომუნიკაციაში ბავშვთა ორთოპედთან. სინამდვილეში, თავის პოსტში წერს, რომ ის იყო ოპერაციაზე და მას არ ეცალა. მე უკვე ვერ გავიგე, ვინ სად იყო. მას რომ ჩემთვის სწორად აეხსნა, სად იყო და დაგვიანების მიზეზი რას წარმოადგენდა, რომ ის გადიოდა კონსულტაციას ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგთან, როგორ მოქცეულიყო, მე ხმის ამომღები არ ვიყავი. აგრესიული ექიმი შემრჩა ხელთ და ჩემს შენიშვნაზე, თუ რატომ დაიგვიანა ამდენი ხანი… აგრესიულად მიპასუხა. მე ვიცი, რომ ექიმი არის ზეწოლის მსხვერპლი, იმიტომ რომ არავინ ღიად ამ პრობლემებზე არ საუბრობს. მაგრამ ეს ის თემა არ არის, სადაც გავჩუმდებოდი და არ ვილაპარაკებდი. აქ მე არ გავჩუმდები. ამაზე ხმა უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ ხვალ ეს პრობლემა არ განმეორდეს. პაციენტსა და მის თანმხლებ პირებს ასე ვირულად ექცეოდნენ, მის სიტყვებს გამოვიყენებ, ღორულად, ძაღლურად და მამაძაღლურად. ძალიან ბევრი კარგი ექიმი გვყავს და ასეთი ექიმების გამო არ უნდა იჩაგრებოდეს სხვა. ის ექიმად არ უნდა მუშაობდეს. ექიმი ახდენს ჩემ, პაციენტის დისკრიმინაციას. მომიხსენიებს ხან ღორად, ხან ძაღლად, ხან მამაძაღლად, ხან ფსიქოპათად და ხან გიჟად. მოიხადოს საჯაროდ ბოდიში, თორემ, არ ვიმუქრები, ფაქტს სამართლებრივად მივცემ მსვლელობას, მივყვები ბოლომდე და ექიმობის უფლებას დავაკარგვინებ. მე ამის პირობას ვდებ საჯაროდ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დგას და იმის მაგივრად, რომ აღიაროს შეცდომა, უტიფრად მე მადანაშაულებს, როგორც დედას. ვიყავი ძალიან გაწონასწორებული და ძალიან აკადემიური, დაბალი ტონალობით მივმართავდი, მისგან განსხვავებით, სადც „შენ“ და ღორი ვიყავი, შვილს ვტეხდი ხელს. ახლა რომ მეკითხებიან, რას ვიზამ, აქამდე არაფერს ვიზამდი, ახლა ჩავრთავ ყველას და ყველაფერს, რადგან ადამიანმა ვერ შეიგნო, რომ მან შეცდომა დაუშვა. მას ამეცადინებენ იმაში, რომ ასეთი საქციელი ექიმისთვის არის მიუღებელი. საკუთარ თავს ვგრძნობ დამნაშავედ? _ არა! იმიტომ, რომ ჩემთვის ჩემი შვილი არის ყველანაირი პრიორიტეტი. მე ვითხოვდი მოტეხილობაზე დროულ დახმარებას. მისი მეუღლე მწერდა, რომ თუ ჩემი ქმარი დამნაშავე იყო, თქვენმა პოლიციელმა ქმარმა რატომ არ მოსთოხვა პასუხიო? მე ჩემს ქმარს არაფერში ვრევ, თორემ ის ექიმი სათრევი და გასახევი იყო შუაზე იმ დილას, ამაში 1000 პროცენტი დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმას ხომ არ დავუშვებდი, რომ კლინიკაში ფორმიანმა პოლიციელმა სცემა ექიმი? მერე რაც უნდა მართალი ვყოფილიყავი, ვერაფრით ვიმართლებდი თავს, რომ პოლიციელმა იძალადა ექიმზე. ამიტომ მადლობა ჩემს ქმარს, რომელიც დამემორჩილა და არ ჩაერია ამ განხილვაში. მისი პასუხისგება გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე _ ჩემი. არ გავჩერდები, სანამ მის ბოდიშს არ მოვისმენ. მე არავის ვაბულინგებ, მაგ სიტყვებზე ცალკე მოვთხოვ ახსნა-განმარტებას. ამას შეიძლება მოყვეს ის, რომ მან დაკარგოს ლიცენზია და მე ვიქნები სრულიად ბედნიერი იმიტომ, რომ ასეთი ექიმი ძალიან ბევრი კარგი ექიმის სახელს აფუჭებს და იგი არ უნდა მუშაობდეს. ექიმი ყველა ვერ იქნება. დედა ვარ, შეიძლება არანორმალური დედა ვარ ჩემი შვილებისთვის.
ეველინა ჩოხელმა ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა, დავით სუბელიანმა კი _ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“, რომლის თავმჯდომარე სალომე ლოლუას, თავის მხრივ „ქრონიკა+“ გაესაუბრა:
_ ცოტა რთულია მოცემულ სიტუაციაში მტყუან-მართლის გარჩევა, როცა ორივე მხარე ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებს.
_ ჩვენი მხრიდან, მინდა დავაფიქსირო აზრი იმის შესახებ, რომ როცა ექიმი მცირეწლოვან ბავშვს უწევს სამედიცინო მომსახურებას, იგი არ უნდა იყოს მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ ექიმის პროფესია თავისი არსით თავისუფალი პროფესიაა. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია, ხელისუფლების წარმომადგენელმა ან კერძო პირმა მოსთხოვოს ექიმს ამ კანონში მოცემული პრინციპების, საექიმო საქმიანობის, ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა. ყოველგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის სამედიცინო პერსონალს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
_ გასაგებია, მაგრამ ეს დასამტკიცებელია.
_ ჩვენ სამართლებრივი გზით წავალთ და ყველას შევახსენებ, რომ კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 40-ის მიხედვით, ექიმი მოვალეა, პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რიგითობა განსაზღვროს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების მიხედვით (თუ ექიმი აგვიანებს, ე. ი. მას აქვს უფლება, განსაზღვროს რიგითობა). 41-ე მუხლის მიხედვით, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით (ანუ მკურნალობაზე თანხმობაა საჭირო მშობლისგან, ექიმის გადასაწყვეტია, დაესწრება თუ არა მშობელი პროცედურას).
_ თუ ბავშვი მცირეწლოვანია და მშობლის გასვლა გარეთ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს, მაშინ?
_ როცა ექიმი მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს აწოდებს ინფორმაციას დაავადების, მისი მკურნალობის ტაქტიკის, შესაძლო გართულებების შესახებ და მშობელი ხელს აწერს ისტორიაში ინფორმაციულ თანხმობას, ამის შემდეგ ექიმი ასრულებს სამედიცინო მანიპულაციას და ექიმის გადასაწყვეტია, დართავს თუ არა ნებას მშობელს. რა თქმა უნდა, უკეთესია, არასრულწლოვანთან პროცედურის დროს იმყოფებოდეს მშობელი, მაგრამ ამას ექიმი წყვეტს.
თამარ როსტიაშვილი