ირაკლი ღლონტი: „ამ ოპოზიციას ნამდვილად არ მივანდობდი ქვეყნის მართვის საჭეს!“
მაშინ, როცა ევროპელების მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმდინარე მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, კრახით დამთავრდა, ანუ „ოცნებამ“ უკან არ დაიხია, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ და, საერთოდ, აქვს თუ არა აზრი პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს? პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი, რომელიც რამდენიმე კვირაა, კარავში ცხოვრობს, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ მხოლოდ თვითონ კი არა, მისი მეგობრებიც ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ. ამასთან, რესპონდენტი ჩვენს გამოცემასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ე. წ. ლიდერშიფის გადახალისების დროა.
რას ნიშნავს ლიდერშიფის გადახალისება და უნდა გამოიყენოს თუ არა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, ვთქვათ, დასავლეთთან კომუნიკაციის დროს? _ „ქრონიკა+“-ს ირაკლი ღლონტი ესაუბრა:
_ ირაკლი, როგორ ხარ, რა არის შენკენ ახალი?
_ გმადლობთ, მოკითხვისთვის, არა მიშავს, ისე ვარ, როგორც შეიძლება ვიყო ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მოშალეს და მოანგრიეს, თუმცა, ტრადიციულად, ოპტიმიზმსა და ბრძოლისუნარიანობას ვინარჩუნებ, რადგან მჯერა, ბრძოლას აზრი აქვს და მოუთმენლად ველოდები შედეგს, რომ ყველამ ერთად ვიხილოთ ღონიერი საქართველო ბედნიერი და ერთიანი ქართველი ხალხით.
_ ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ოპოზიციის იმედი, რომ ევროპელი მეგობრები დაგვეხმარებოდნენ, არ გამართლდა. რა გამოდის _ ევროპამ „დაგვიკიდა“?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
_ ის მაძლევს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქვეყნიდან წავიდა…
_ ევროპისთვის საქართველო უმნიშვნელო რომ იყოს, ეს ფორმატები არც შედგებოდა. გავეშებული ოლიგარქისა და მისი მარიონეტების პირდაპირი თავდასხმები დემოკრატიაზე საკუთარი თვალით იხილეთ. ახლა კი, ალბათ, ხედავთ, რომ ტონი და ლექსიკა შერბილებულია.
_ ამით რისი თქმა გინდა?
_ რომ არა ევროპა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენთვის ღარიბაშვილისა და სხვათა ტონი უმნიშვნელო კი არაა, არამედ, თანამებრძოლების ტყვეობიდან დახსნასა და დემოკრატიულ, ნამდვილ არჩევნებს ვითხოვთ. ევროპული სტრუქტურები საქართველოს არასდროს ტოვებენ მტკიცე პარტნიორობის მიღმა, მაგრამ ხშირად ჯერი ჩვენზეა, _ ის საერთო ღირებულებები არ უნდა დაგვავიწყდეს, რაზედაც დასავლური ფასეულობები და პოლიტიკაა დაშენებული.
_ როგორ ვიცი, ბოლო დროს პარლამენტის წინ, კარავში ათევ ღამეს. ირაკლი, ახლანდელი გადასახედიდან, ამ კარვებს აზრი აქვს?
_ როცა ჩვენი თანამებრძოლი ნიკა მელია ძალადობრივი გზით დაატყვევეს, ოპოზიციური ლიდერების ერთ-ერთ გაფართოებულ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ სამოქალაქო აქტივისტების გარდა, პარლამენტის მიმდებარედ კარვები პოლიტიკურ სუბიექტებსაც უნდა დაგვედგა. მართალია, ამ დროისთვის რომელიმე პარტიის შემადგენლობაში არ ვარ და არც რომელიმე პარტიაში პარტიული თანამდებობა მიკავია, მაგრამ ყველა პოლიტიკურ ფორმატში ვმონაწილეობ და თავიდანვე გადავწყვიტე, რომ პარლამენტთან კარავს დავდგამდი და რამდენიმე საათში, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მართლაც ასე მოვიქეცი.
დღეს ჩემი თანამებრძოლი და ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდჭერის მქონე პარტიის ლიდერი დიქტატურისკენ სწრაფად მიმავალი ოლიგარქის კანონგარეშე ხუშტურების გამო, ციხეში უკანონოდაა გამწესებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიცივეში კარვებში ყოფნა არცთუ კომფორტულია, ჩვენი ვალდებულებაა, რომ, ერთი მხრივ, ნიკა მელიას და მეორე მხრივ, ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მიმართ ვიყოთ სოლიდარული! სხვათა შორის, კარავში მყოფები მშენებლებს მაგონებენ.
_ რატომ?
_ ვისაც მშენებლობასთან შემხებლობა აქვს, კარგად იცის, რომ მშენებლობის დაწყებამდე ძველი, უსახური, ამორტიზებული და უსარგებლო შენობის ან მისი ნარჩენების დემონტაჟი ხორციელდება, რათა ნიადაგი ახალი მშენებლობისთვის მომზადდეს. დღეს საქართველოში უსახური, სახედაკარგული, ამორტიზებული და უსარგებლო ხელისუფლების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამ მიზნის შესრულებაში კი მნიშვნელოვან როლს სწორედ ეს კარვები ასრულებს. შესაბამისად, იქ მყოფი ადამიანები მომავლის, ჯანსაღი და ღონიერი საქართველოს მშენებლები არიან! ეს ადამიანები ანგრევენ მორყეულ, უშინაარსო, უსარგებლო შენობის ნარჩენებს. როგორც კი დემონტაჟი დასრულდება, ყველა ნარჩენი ამ ტერიტორიიდან უნდა გავიტანოთ, საჭირო ადგილას მოვათავსოთ და ეს ადამიანები, სხვებთან ერთად, ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობას დაიწყებენ! აქვე, მადლობას ვუხდი კარავში მყოფ ღირსეულ ადამიანებს. ისინი ძლიერი ქვეყნის მშენებლები არიან!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიციამ საბედისწერო შეცდომა ხომ არ დაუშვა, როცა მიშელის ვიზიტის მერე საპროტესტო აქციები შეარბილა და, უმეტესად, გადადო?
_ არა, ვერ დაგეთანხმები.
_ რატომ ვერ დამეთანხმები?
_ ჩვენ, ოპოზიცია, ე. წ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი დასავლელები ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ქართველი ხალხის საგარეო არჩევანს ვცეთ პატივი. ოლიგარქ ივანიშვილის მორჩილებაში მყოფი დესტრუქციული „ქართულ ოცნებისგან“ ერთ-ერთი განმასხვავებელი სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებია. ერთი წამითაც არ დავუშვებთ, რომ იმ პროკრემლისტურ ძალას დავემსგავსოთ, რომლისთვისაც ფასეულობას არც ევროპა წარმოადგენს და არც _ საკუთარი ერის არჩევანი.
საპროტესტო ტალღის შერბილებას ხალხის ნაწილი არ გვპატიობს, მაგრამ დიდმა ნაწილმა სწორად გაგვიგო, რომ ეს საჭირო იყო, რათა დასავლელი პარტნიორებისთვის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაგვენახვებინა!
ნახეთ, კობახიძე როგორ შეეცადა, ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების მშვიდობიანი პიკეტირების მცდელობა იმისთვის გამოეყენებინა, რომ აი, ოპოზიცია დესტრუქციულიაო. ამ დროს, ყველამ კარგად ვიცით, რომ დესტრუქციის, რევანშისა და ძალადობრივი მეთოდების ავტორი თავად „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური მენეჯმენტია! არავის მივცემთ საფუძველს, რომ დესტრუქციული დაგვიძახოს, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. ამასთან, თითოეული მოთხოვნა ლეგიტიმაციით არის სავსე და ჩვენი მიზანი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთის აღსრულებაა.
ისე, აქციების შერბილება სტრატეგიული სვლა იყო, თორემ არც მისი გაძლიერება წარმოადგენს პრობლემას! თუ „ოცნება“ ხალხისა და ოპოზიციის მოთხოვნების მიმართ არაადეკვატური დარჩება, პროტესტის ფორმა ბევრად ხისტი, უწყვეტი და წინააღმდეგობებით სავსე იქნება.
_ ირაკლი, კულუარებში, მგონი, კარგად ერკვევი და ღიად და პირდაპირ მითხარი, დღეს ოპოზიციურ ერთობაში ე. წ. მთავარი ვიოლინო ვინაა, ანუ იზიარებ მოსაზრებას, რომ გიგა ბოკერია ცდილობს, ოპოზიციის ლიდერი გახდეს?
_ გიგა ბოკერია იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომლის მაგიდასთან ყოფნა მეც მიწევს, ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია. არ ვიცი, ბოკერიას რა სურს, მაგრამ ვიცი, მე რა მსურს.
_ და რა გსურს?
_ ხალხის დიდი ნაწილის მსგავსად მსურს, რომ ქვეყანაში პლურალისტული, მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემისთვის ნიადაგი შევქმნათ და მოვამზადოთ. ასეთ სისტემაში ყველას, ბოკერია იქნება, უგულავა, ღლონტი თუ სხვა ვინმე, ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის წინაშე საკუთარი ადგილი და პასუხისმგებლობა ექნება!
დღეს „ოპოზიციის ლიდერი“ გაზვიადებული ტერმინია. მე ოპოზიციონერი ვარ და ამის თქმის საშუალებას ჩემი განვლილი გზა მაძლევს.
_ ანუ?
_ ჩემს ლიდერად ჯერ სხვა არ მიღიარებია. თავად ვემზადები, რომ ლიდერ პოზიციაზე ვიყო, რადგან ხალხისგან ამის დაკვეთას ვხედავ! საერთოდ, მრავალი ლიდერის ყოფნა მისასალმებელია და, საბედნიეროდ, ამის რესურსიც გვაქვს, მაგრამ დღეს მხოლოდ ნიკა მელიაზე შემიძლია ვთქვა, რომ იგი ოპოზიციის ლიდერია _ მან საკუთარი თავი შინაარსიანი და თამამი ნაბიჯებით შექმნა! ლიდერობა ადვილი არ არის, მით უმეტეს, იმ ტიპისა და მოწყობის ქვეყანაში, რომლის მართვის სადავეები დღესაც რუსეთს უპყრია. ხედავთ, რაც ხდება რუსულ პოლიტიკაში. ჰოდა, საქართველოს პოლიტიკაც მისი ასლია, რადგან რუსეთს აქ მის კალთას ამოფარებული და მისდამი ანგარიშვალდებული ოლიგარქი ჰყავს! მაშინ, როცა რუსეთთან გვაქვს ბრძოლა, ლიდერობის გზა ისეთ თამამ ნაბიჯებს მოითხოვს, როგორიც ნიკამ გადადგა და თუ გვინდა, ვინმეს ოპოზიციის ლიდერი ვუწოდოთ, ტერმინებს ნუ ავურევთ და ნუ გავახუნებთ. ლიდერი ახლა ნიკაა! მჯერა, მასთან ერთად, ბევრ სხვა საინტერესო ლიდერსაც ვიხილავთ. ეს პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
_ სხვათა შორის, ის ხმაც დადის, რომ ცალკეული ოპოზიციური ლიდერები „ოცნებასთან“ თითქოს ვაჭრობენ. ამაზე რას იტყვი?
_ ყველაფერი გამოჩნდება. ჯერ ის ჩანს, რომ ოპოზიცია ერთიანია. სხვათა შორის, ასეთი ერთიანობა არჩევნების თარიღამდე რომ ყოფილიყო, ხელისუფლებას 52 პროცენტის კი არა, ბევრად მეტის დაწერა მოუხდებოდა. ვწუხვარ, რომ თავის დროზე ოპოზიციის რეალური ერთიანობის უალტერნატივო იდეას სწორი შეფასება არ მიეცა. ზოგმა, დაბალი პროცენტის მიუხედავად, განაცხადი ქვეყნის პირველპირობაზე გააკეთა. ზოგმაც თეთრი საყელოთი, დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირება გადაწყვიტა. ახლა კი ყველამ დაინახა, რომ ძალა ერთობაშია! ამ იდეას ალტერნატივა მართლა არ გააჩნია! ოპოზიციიდან ვინც ივაჭრა, კი ხედავთ, თეა წულუკიანი რა დღეშიც ამყოფებს და მის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. ისე, წულუკიანმა რაც ელისაშვილს უთხრა, სწორია _ მას საქმე სასაცილოდ არ აქვს. უნდა ტიროდეს, რადგან საქმე სატირლად გაიხადა! თავის მიმართ ხალხის საფუძვლიან კრიტიკულ აზრს ვერასოდეს შეცვლის! მიყვარს გამონათქვამი, მოღალატეს დამმარხავი არ ჰყავდესო.
_ თუ ისე მოხდა, რომ პარლამენტში თუნდაც პლებისციტისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილების საბაბით შევიდა, ამით ოპოზიცია რეიტინგს საერთოდ ხომ არ დაკარგავს?
_ მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო დემოკრატიული ინსტრუმენტია, მაგრამ ახლა პლებისციტის დრო და მოცემულობა არ გვაქვს. ახლა სახეზეა გაყალბებული ხალხის ნება და უზურპირებული ძალაუფლება, ან ე. წ. ხელისუფლება ხალხთან ჭიდაობს! ოპოზიციას 52 პროცენტი დაგვიწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის „ადმინისტრირებას“ თავად აგრძელებს. ახლა რა ვქნათ, ისევ ხალხთან მივიდეთ და გამოკითხვით შეურაცხყოფა მივაყენოთ? გაყალბებული არჩევნების პირობებში, ხალხს როგორ უნდა ვკითხოთ, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები? უნდა ჩატარდეს, აბა, რა?! ხალხის ამ საკითხზე შეწუხება სირცხვილია და ეს დღეს ნონსენსია. ვიდრე ნიკა მელია ციხეშია, როგორ უნდა შევიდეს თავმოყვარე პოლიტიკოსი თბილ კაბინეტში? ოკ, ვინც შევა, შვიდეს, პირადად მე, მასთან თანამშრომლობა გამიჭირდება.
ოპოზიცია რეიტინგს მაშინ დაკარგავს, როცა „ქართულ ოცნებას“ დაემსგავსება და ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერს ვურჩევ, ერთი წამითაც არ დავიხიოთ უკან, არ დავშორდეთ ხალხის ნებასა და განწყობებს! გამარჯვება სწორედ ასე მოვა, ხალხი გაიმარჯვებს!
_ ირაკლი, შენი აზრით, ხალხის მასობრივი აქციების გარეშე „ოცნება“ დათმობაზე წამოვა?
_ „ოცნებამ“ ჩვენზე უკეთ იცის, როგორია განწყობა მის მიმართ. ისიც იცის, რომ ძაფი მალე გაწყდება. „ოცნებას“ ავტორიტეტი დაკარგული აქვს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საკუთარ მოსახლეობაში. ეს მხოლოდ ჩემი აზრი კი არა, რეალური განწყობაა!
ისე, „ოცნება“ ის დაჯგუფებაა, რომელმაც ქართველი ხალხის ყველა ოცნება და სურვილი უკუაგდო! ამ ხელისუფლების დროს, 700 000-ზე მეტმა ქართველმა სამშობლო იძულებით დატოვა. ხალხი ახლა მოლაპარაკებებს ელოდება, თუმცა სიახლეებს ოპოზიციიდანაც ითხოვს! იმას, რასაც ახლა ვიტყვი, უცხო არავისთვისაა: ბევრი ე. წ. ლიდერი ხალხს, მათ შორის, მეც, ყელში გვყავს ამოსული! მინდა, მედიასაც უმორჩილესად გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ახალი კადრების დამკვიდრებას! ყველა საკითხზე კომენტარს ერთი და იგივე ადამიანები არ უნდა აკეთებდნენ! დაღლილი პოლიტიკოსები პენსიაში უნდა გავიდნენ და მათი ადგილი ენერგიითა და ცოდნით სავსე ახალგაზრდებმა დაიკავონ. სხვათა შორის, ჩემთვის ახალი კადრები და ქართული დიასპორისა და ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა, ასევე საპარლამენტო სიაში კვოტირება არსებითად პრიორიტეტულია!
_ ხომ არ უშვებს ოპოზიცია კიდევ ერთ შეცდომას, როცა მიხეილ სააკაშვილს, როგორც ფაქტორს, ამ მოლაპარაკებებში არ იყენებს?
_ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ოპოზიციამ შეცდომა ბევრჯერ დაუშვა. არაერთხელ ვთქვი, სასურველი იქნება, დევნილ პრეზიდენტსა და ჩვენ შორის ყველაზე ფართო პოლიტიკური თუ ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკოსს ვთხოვოთ, გაერთიანებული ოპოზიციის საგარეო მდივნის პოზიცია დაიკავოს, შესაბამისი უფლებამოსილებით აღვჭურვოთ და ყველა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ჩვენი წარმომადგენელი იყოს-მეთქი. სწორად გამიგეთ, არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ვიკეკლუცოთ. გასაგებია, რომ ამბიციები გვაქვს, მაგრამ ამ კაცს ჩვენ შორის ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, პლუს, იცნობენ, როგორც შემდგარ რეფორმატორს, იციან მისი დადებითი და უარყოფითიც. მარტივად რომ ავხსნა, ბევრად ადვილია მასთან საუბარი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ვიდრე _ სრულად უცხო ან თვალმოკვრით ნაცნობ ამბიციურ პოლიტიკოსებთან!
ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილს ვთხოვდეთ მხარდაჭერას, ზოგიერთი პარტია „ქოცურ“ დარტყმებს აყენებს მას, ხშირად ე. წ. აკრძალული ილეთებითაც და შემდეგ როგორ ზიანდება საერთო საქმეც და, პირველ რიგში, თავად ეს სუბიექტები, ამას ვხედავთ. მიშასთან მიმართებით სრულიად პრაგმატული, საქმიანი და რეალისტური ხედვები მაქვს. ამოვდივარ იქიდან, რომ იგი ფლობს ბევრს უნარს, ცნობადობას, რეიტინგს, ავტორიტეტსა და, რაც მთავარია, სასიცოცხლო მნიშვნელობის მდიდარ გამოცდილებას, განსაკუთრებით, საგარეო ვექტორზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მიშას გარეშე ოპოზიცია ნულია, მაგრამ ათბალიან სისტემაში, მიშას უშუალო ჩართულობის გარეშე, ოპოზიცია მინიმალურ ნიშნულზეა, დაახლოებით, 3-4 ქულას თუ დავუწერდი. თავის მხრივ, მიშასაც ვაკვირდები, არ მომეწონა მისი შეფასება იან კელისთან დაკავშირებით, მაგრამ ის ადამიანიც დაიღალა, 9 წელია, სამშობლოდან დევნილია და უყურებს, როგორ ნადგურდება ყველაფერი ის, რასაც შეუდარებელი ხალისით აშენებდა და აკეთებდა. მომწონს, რომ საკუთარ თავს არ განიხილავს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ყველაზე მეტი გამოცდილების, პოზიციისა და ამბიციის უფლების მქონე ადამიანი უკან წევს საკუთარ ამბიციებს და ხანდახან მიკვირს, ზოგიერთ ჩვენგანს საიდან აქვს ასე მოჭარბებული უსაფუძვლო ამბიციები?!
_ ისე, იზიარებ მოსაზრებას, რომ ამ მოლაპარაკებებს სამი კი არა, ოთხი მხარე ჰყავს და ეს მეოთხე რუსეთია, ანუ კრემლი ცდილობს, საკუთარი ინტერესები გაატაროს?
_ იქ, სადაც ქართველი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური იდეების აღსრულებისთვის ბრძოლაა, კრემლი და მისი სპეცსამსახურები ყველგან წარმოდგენილნი არიან. ახლა, სპეცსამსახურთან ერთად, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ე. წ. მმართველი ძალაც მოქმედებს, რომელიც ქართული ინტერესების საზიანოდ კრემლის სტრუქტურებთან კოლაბორაციაშია! კრემლი ყველგან, სადაც კი ხელი მიუწდვება, თავის ბინძურ საცეცებს აფათურებს, მათ შორის, ახლაც. მერწმუნეთ, ეს დამღლელი ნერვების ომიც გადაივლის და გამარჯვება მაინც საქართველოს მხარეს დარჩება და ამ გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ.
_ ვიდრე საუბარს დავასრულებთ, ფარულ ჩანაწერებსაც შევეხოთ. ირაკლი, რას ფიქრობ, „ოცნებიდან“ ამის გამოტანა ვის შეეძლო?
_ სამწუხაროდ, არ ვიცი, თუმცა მიმაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს კანონგარეშე მოქმედებები, მათ შორის, როგორიცაა ფარული მიყურადება, მოსმენა, თვალთვალი, ზეწოლა, მაგრამ აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ტელეკომპანია „პირველს“, ნოდარ მელაძესა და მის გუნდს, რომ ამ დონის კრიმინალური ფაქტი გაასაჯაროვა. ვწუხვარ, რომ ადეკვატური რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუციებს არ ჰქონიათ და არ დაიწყეს გამოძიება სწორი მიმართულებით. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და ინსტიტუციები უკვე დაკითხავდა ბერას, ღარიბაშვილს, „ჯიგარ“ ანზორს და გომელაურს. „ოცნება“ ამ თავმოყვარეობისგან უფრო და უფრო გვაშორებს. სხვათა შორის, ჩვენ, საზოგადოებაც ვცდებით, როცა ამისთანა შემზარავ ფაქტებს არ ვარქმევთ ზუსტ სახელს და საკადრისად არ ვპასუხობთ. ახსნა არ აქვს ოლიგარქის ოჯახის წევრის ქცევას, უფრო აუხსნელი და შემზარავია ინსტიტუციებში პირველ პირებად წარმოდგენილი პირების საქციელი. მოდი და ანდე ახლა ასეთ პრემიერ-მინისტრს საკუთარი შვილების მომავალი და ქვეყანა.
_ რა გაქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილთან?
_ ბიძინა, შენ ჭიდაობისთვის მზად არ ხარ, ამის უნარები არ გაგაჩნია და წადი, ნუ გვეჭიდავები თავისუფლებისმოყვარე დემოკრატ ხალხს!
_ შენზე რომ იყოს დამოკიდებული, ოპოზიციას როგორ ტაქტიკასა და სტრატეგიას შესთავაზებდი?
_ მიუხედავად იმისა, რომ თავისი ჭრელი მოცემულობით ბევრად წინ დგას, ვიდრე უზურპატორი ხელისუფლება, პირადად მე ოპოზიციის რებრენდინგს ვისურვებდი, რომელიც საკუთარ პარტიაში პირველად ნიკა მელიამ დაიწყო. მომწონს, რომ ერთიანობა ბევრად მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუმცა კიდევ მეტია საჭირო.
საერთოდ, ოპოზიციაში ბევრ პრობლემას ვხედავ, მინდა, უფრო ახლოს ვიყოთ ხალხთან, თითოეულ სატკივარზე გვქონდეს მკაცრი და ზუსტი შეფასება!
ხალხს დაღამებისა და გათენების ეშინია, იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია სიდუხჭირე. მაქვს კრიტიკული შენიშვნებიც, მაგალითად, სასამართლოსთან მიმართებით, იმ პროგრამას, რომელიც ოპოზიციამ ერთი წლის წინ საჯაროდ წარადგინა, მხარს არ ვუჭერ, რადგან პროფესიული გამოცდილება და სასამართლო სერვისებთან სიახლოვე მეხმარება, ვიყო უფრო ზუსტი ამ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუციის მიმართ.
ოპოზიციამ უნდა შევძლოთ ე.წ. ხელისუფლების იძულება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ვადამდელი დემოკრატიული არჩევნები. თუ ამას ოპოზიცია დღეს ვერ შეძლებს, ე. ი. იგი კონტრპროდუქტიულია და უფრო მწვავედ დადგება რებრედინგის, სისხლის გადასხმის საკითხი.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს ოპოზიცია ამ ე. წ. ხელისუფლებას ფორას მისცემს, თუმცა ეს ოპოზიცია ნამდვილად არ არის ის ძალა, რომელსაც ამ ცვლილების შემდეგ პირადად მე ქვეყნის მართვის საჭეს მივანდობდი. ახლა მთავარია, რუსეთი დავამარცხოთ საქართველოში და ამის შემდეგ ერთხელ კიდევ მოგვიწევს ხალხის შეწუხება, რომ სწორად გადაეცეს საჭე ყველაზე საიმედო და კომპეტენტურ ძალებს.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცხრილვა ღია ტერორია?
_ ეს ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია, რომლის უკანაც, მაღალი ალბათობით, პირდაპირ დგას ე. წ. ხელისუფლება. ირიბად _ „ქართული ოცნების“ რევანშისტული პოლიტიკა. ხანდახან მეღიმება, როცა კობახიძე და მისი თანაპარტიელები ოპოზიციას უწოდებს არაკონსტრუქციულს. სხვათა შორის, ეს ის „ძალაა“, რომელიც ოფიციალურად მხილებულია დესტაბილიზაციურ ნაბიჯებში.
ვანო პავლიაშვილი