ირაკლი აბესაძე: „თუკი რამეა გაუმჭვირვალე, ეს არის ფონდი „ქართუ“

თამუნა მჭედლიშვილი

სამი კვირაა, ახალგაზრდები აგენტების კანონის წინააღმდეგ თბილისში მასშტაბურ აქციებს მართავენ _ პირდაპირ და ღიად, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით „ქართული ოცნების“ მიერ მეორედ „შემოგდებულ“ „რუსულ კანონს“ ეუბნებიან არას! ცეკვით, სიმღერით, ლოცვით, უტეხად დგანან ქარსა და წვიმაში მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობებთან ერთად! ჯენ ზი _ ანუ მოაზროვნე, დამოუკიდებელი, კრიტიკული, თავის უფალი, დაუმონებელი თაობა ევროპული ხედვებითა და მომავლით!

ხელისუფლებას აშკარად ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმისი ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებს საქართველოს გადაქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები თვალსაჩინოდ დაჩქარებული წესით ამოქმედდა _ ათობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხმყოფელი ხასიათის ზარები რადიკალ ოპოზიციურ პოლიტიკოსებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

კონტრაქცია, რომელიც ხელისუფლებამ ასი ათასზე მეტ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეს რუსთაველის გამზირზე „დაუხვედრა“, ფაქტობრივად, ჩაიშალა. მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და სამსახურის დატოვების მუქარის ფონზე „შეკრებილი“ ტაშის დამკვრელები ორ საათში დაიფანტნენ!

რა სცენარით მოქმედებს დღეს ხელისუფლება? რატომ ვიღებთ „რუსულ კანონს“? ვინ არიან „წარმატებული მწვრთნელები“? რამდენი „დამლაიქებელი“ და „დამჰაჰავებელი“ ჰყავს დედაქალაქის მერის სტატუსებს და რამდენს უხდიან ასეთ „კადრს“ ხელფასს? ვის აწყობს პარლამენტში დაჩქარებული წესით საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიღება? რას ავალებენ საბავშვო ბაღის დირექტორებს და რა შემთხვევაში „გაუგრძელებენ არდადეგებს სამუდამოდ“ მათ? _ ამ თემების ირგვლივ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იურისტი ირაკლი აბესაძე:

_ ბატონო ირაკლი, რა სცენარით მოქმედებს დღეს ხელისუფლება და რატომ ვიღებთ „რუსულ კანონს“ ახლა?

_ ეს პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის იმ პრორუსულ პოლიტიკასთან, რომელსაც ის თანმიმდევრულად ახორციელებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. თუ ეს ფართო მასებისთვის თავიდან შეუმჩნეველი იყო, ადვილად შესამჩნევი გახლდათ საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის. როდესაც ივანიშვილი რიტორიკის დონეზე ამბობდა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დასავლური ქვეყნების ინტერესის სფერო, როდესაც ჩაშალა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელსაც ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუკი ამის მიუხედავად ხალხი ვერ ხედავდა ივანიშვილის რუსულობას, ეს რეალობა მთლიანად შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა 2022 თებერვალში, რომელმაც ძალიან მკაფიო ხაზი გაავლო როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთის ქვეყნებისთვის. ან ხარ რუსეთის მომხრე ამ ცივილიზაციურ ომში, ან ხარ დასავლეთის ქვეყნების _ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მოკავშირე და მეგობარი, როგორიც ვიყავით 2012 წლამდე.

ზუსტად ამ ომის გამო, როდესაც რუსეთს დაუდგა საჭიროება საკუთარი ბანაკის მკაფიოდ დაფიქსირების პოლიტიკურ რუკაზე, მათ, როგორც ჩანს, პირდაპირ მოსთხოვეს ივანიშვილს, ღიად დაეფიქსირებინა ამ კანონის მიღებით, რომ ის არის რუსული ბანაკის წევრი. სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირიდან, რომ ამ კანონის მიღება არის სწორედ იმ სტრატეგიული კურსიდან გადახვევა, რაც ჩვენ გვაკავშირებდა და გვაახლოებდა დასავლეთთან, ხოლო რუსეთისთვის ეს არის სწორედ ღიად გაკეთებული განაცხადი, მათ შორის, არჩევნების წინ, რომ ივანიშვილმა, როგორც რუსმა მმართველმა, შეძლოს და არჩევნები მოიგოს. მეორე, ასე ვთქვათ, ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილმა თავადვე ახსნა: მას აქვს დავალება, უნდა დააფიქსიროს, რომ ის პრორუსული ქვეყნის მმართველია და, იმავდროულად, როგორც თავად ახსნა, მას ერჩივნა, რომ ეს კანონი მიეღო ახლა, რადგან არჩევნებამდე დარჩენილია, მისი გათვლებით, დიდი დრო, პროტესტის გამომხატველი ადამიანების უდიდესი მასა დაიღლება, იქნება იმედგაცრუებული იმ ხელების გადაგრეხის პრინციპით, რასაც ივანიშვილი 85 მისი მორჩილი, რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატის მეშვეობით განახორციელებს. ამ იმდეგაცრუებული, პესიმისტური, ნიჰილისტური განწყობით არჩევნებში მას იმედი აქვს, რომ ნაკლები ამომრჩეველი მივა და ასეთ პირობებში შეძლებს სხვადასხვა რესურსით _ ფულით, მოსყიდვით, დაშინებით _ მისთვის საკმარისი ამომრჩევლის მობილიზებას.

აი, ამიტომ იღებს ახლა „რუსულ კანონს“. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთს ახლა სჭირდება, ამ წითელი ხაზის პირობებში, ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსეთის მხარეს და მკაფიოდ ვიყოთ პრორუსული, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, ხოლო ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სწორედ ახლა, ასე ხელების გადაგრეხით და ამ კანონის მიღებით მოსახლეობას ჩააგდებს სრულ ნიჰილიზმში და ასე შეძლებს არჩევნების მოგებას. ეს მცდარი ტაქტიკაა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ თუკი ვინმე იღლება, თუკი ვინმეს ნერვებმა უმტყუნა, თუკი ვინმე წყობიდან გამოვიდა, ეს არის სწორედ ხელისუფლება! ამასვე ადასტურებს ეს ძალადობრივი, დანაშაულებრივი, ყოვლად წარმოუდგენელი ბაკქანალია, რასაც ქუჩებში აწყობს ხელისუფლება და რაც, რა თქმა უნდა, მათ სისუსტესა და საკუთარი დასასრულის მოახლოების შეგრძნებას ნიშნავს.

_ პარალელურად პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ დაჩქარებული წესით საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიღება სურს, ვგულისხმობ ოფშორული კომპანიებიდან საქართველოში ქონების გადმოტანას და საშემოსავლო გადასახადებისგან განთავისუფლებას… ანუ ივანიშვილი სანქციებისთვის ემზადება?

_ რაც შეეხება ე. წ. ოფშორების კანონს, ცალსახაა, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ამ ომში რუსეთისთვის მხარის დაჭერა, ქვეყნის სტრატეგიული კურსის რადიკალური, 180 გრადუსით შეცვლა და რუსეთისკენ შეტრიალება ნიშნავს, პირველ რიგში, მის პერსონალურ სანქცირებას. ის ქონება, რომელიც მას აქვს დასავლეთის ქვეყნებში ფულადი სახით თუ სხვადასხვა ძვირფასეულობით, ფერწერული ტილოებით, შესაძლებელია თვითმფრინავებისა თუ იახტების სახით, ახლა მას სჭირდება, ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იყოს დაბინავებული. გასაგებია, მისი მთავარი საზრუნავი პირადი კეთიდღეობა და მისი მილიარდებია, ოჯახია. ივანიშვილს არ ადარდებს საქართველოს ბედი, სწორედ ამიტომ იგი იღებს ასეთ გაუგონარ კანონს, _ მინიმალური, მიზერული გადასახადების გადახდის გარეშეც კი ქვეყანაში გადმოიტანოს მრავალ ასეულმილიონიანი ქონება და თანაც, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, 2030 წლამდე, ქონების გადასახადიც კი არ გადაიხადოს. ე. ი. ადამიანი, რომელსაც ერთი ბინა აქვს და წვალობს საქართველოში მიზერულ შემოსავალზე, ის გადაიხდის ქონებრივ გადასახადს და ასეთი ათასობით ჩვენი თანამოქალაქეა, ხოლო ივანიშვილი, რომელმაც მრავალ ასეულმილიონიანი ქონება უნდა ჩამოიტანოს საქართველოში, ის ქონების გადასახადს არ გადაიხდის. ესეც აჩვენებს მის დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი, ინსტიტუციებისადმი. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, რაც არაერთხელ თქმულა. იგი ელემენტარული გადასახადის გადახდასაც კი აღარ კადრულობს იმ ბიუჯეტში, რომელსაც შემდგომ მისი ახლო გარემოცვის წევრები ასე უშურველად ძარცვავენ. კარგად ვიცით, რომ მას შეეძლო გადაეხადა ბიუჯეტში, ვთქვათ, 100 მლნ., თუმცა შემდგომ სხვა 500, 600 მილიონი მისი ახლო გარემოცვის წევრების ხელში გადადის ამავე ბიუჯეტიდან და ამავე სახელმწიფო ქონების ხარჯზე. ეს კანონი არის კიდევ ერთი მტკიცებულება ივანიშვილის შიშისა, რომ ის დასანქცირდება და ასევე აღიარება მის მიერ სახელმწიფოს მიტაცებისა _ როდესაც 80-ზე მეტი დეპუტატი მზად არის, მონურად მიიღოს ივანიშვილის ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის საკეთილდღეოდ. რაც მთავარია, ისინი ამას ხედავენ, მაგრამ მზად არიან, ბოლომდე გადაეფარონ ივანიშვილს. 

_ კალაძე ამბობს: არა რუსულ კანონს, კი _ ევროპას, კი _ გამჭვირვალობას! კობახიძე „გამჭვირვალობას“ ასე განმარტავს: „უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს _ მალავ ანგარიშს, ე. ი. აფუჭებ“… თქვენი აზრით, რომელ და როგორ გამჭვირვალობას გულისხმობენ „ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები?

_ რაც შეეხება გამჭვირვალობას, კალაძის, მდინარაძისა თუ სხვების, ასე ვთქვათ, ლოზუნგებს: არა რუსულ კანონს, ისინი კარგად ხედავენ, თუ როგორი მორალური სიცხადით და რაოდენობრივი უპირატესობით არის წარმოდგენილი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც წინააღმდეგია ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ საბოლოოდ შეყვანისა და რუსული რეჟიმის განმტკიცების საქართველოში, ამიტომ ცდილობენ, საკუთარი ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში და ამტკიცონ, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან ყველაფერ რუსულს. სინამდვილეში, ეს კანონი რუსული არ არის. რა თქმა უნდა, სასაცილოა, როდესაც ჩვენი ყველა პარტნიორი გეუბნება, რომ ეს კანონი არ არის იმ კანონების მსგავსი, რომელიც მათ ქვეყნებში მოქმედებს და როდესაც ცალსახად გეუბნებიან, რომ ეს არის კანონი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ კურსს ცვლის და გადაჰყავს ის სხვა მიმართულებით, რომ ეს არის კანონი, რომელიც გამოიწვევს კანდიდატის სტატუსის, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რომ ეს არის კანონი, რომელიც სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ლოზუნგი არა რუსულ კანონს, _ მდინარაძის, კალაძის, კობახიძისა თუ სხვების მხრიდან ძალიან სასაცილოდ გამოიყურება და სასოწარკვეთილი მცდელობაა, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, თუკი რაიმე არის გაუმჭვირვალე, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს არის ფონდი „ქართუ“, რომელიც ივანიშვილის ხელში მრავალმილიარდიან აქტივებს განკარგავს და რომელიც უკვე არსებულ საგადასახადო კოდექსს არღვევს, რომლის მიხედვითაც, საქველმოქმედო ფონდი ვალდებულია, აქვეყნებდეს ყოველწლიურ ანგარიშებს. მეტიც: ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასევე ვალდებულია, საჯარო გახადოს ეს ინფორმაცია, უკვე წლებია მალავს „ქართუ“ ფონდის ანგარიშებს. გასაგებია, რატომაც მალავს, იმიტომ, რომ, მაღალი ალბათობით, ფონდი „ქართუ“ ფინანსდება გაურკვეველი შემოსავლებიდან, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს სანქცირებული რუსული ოლიგარქების ფული საქართველოში. რაც მთავარია, ეს ფული ხმარდება, დიდი ალბათობით, არა ქველმოქმედებას, არამედ ივანიშვილის პირად კეთილდღეობას და პირად საქმეებს. მაგალითად, მისი სახლის მშენებლობა, რაც დადასტურებულია, თაბორის მთაზე. როდესაც საქველმოქმედო ფონდის  ფარგლებში აშენებულ შენობაში დღეს ივანიშვილი პირადად  ცხოვრობს, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარი ქველმოქმედი დღეს ქველმოქმედების საფარქვეშ აშენებულ სახლში ცხოვრობს. ქველმოქმედს როცა ვამბობ, რა თქმა უნდა, სიტყვა ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ, ასევე გავიხსენოთ, როდესაც საქართველოს ბანკში სწორედ 300 მლნ. დოლარიანი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მან და ირაკლი რუხაძემ მისი კომპანიის სასარგებლოდ სწორედ საქველმოქმედო ფონდის ქონება დატვირთეს, ეს უპრეცედენტო, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივი საკითხია და საქართველოს ბანკმაც უნდა გააკეთოს განმარტებები, _ ასეთ პირობებში, როდესაც გამჭვირვალობაზე საუბრობენ კვლავ ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნამდვილად ღიმილის მომგვრელი და ასევე ძალიან წარუმატებელი მცდელობაა საზოგადოების მოტყუების.

_ ბოლო დღეებში არაერთი ძალადობრივი თავდასხმის მოწმენი გავხდით დამოუკიდებელი ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე… ასევე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისა და რადიკალი პოლიტიკოსების მიმართ ჯგუფური, ორგანიზებული ცემის, რამდენიმე მათგანის შსს-ს მიერ დაკავების ფაქტებიც კი ვიხილეთ. სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ამ თავდამსხმელების სახელები და გვარები, მათივე კუთვნილი ავტომანქანების ნომრები, რაზედაც პოლიციას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია და რეაგირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. რატომ?

_ ძალადობა არის ცალსახად ხელისუფლების სისუსტის გამოვლინება. შეუძლებელია, ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს ხალხის მხარდაჭერით, საზოგადოების პატივისცემით, რომლის მიერ გატარებულ პოლიტიკას აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა, მას სჭირდებოდეს ქუჩაში დანაშაულებრივი ძალადობა. რატომ არის ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული? პასუხი მარტივია, _ მაშინ გამოიძიონ, გავიდა თითქმის ერთი კვირა ამ ძალადობრივი ქმედებების დაწყებიდან და არცერთი ადამიანი დაზარალებულად ცნობილი არ არის. არ ვიცით, საქმეები აღძრული არის თუ არა, რაც მთავარია, არ გამოვლენილა და არ დაკითხულა არც ერთი ძალადობაში მოქმედი პირი, მიუხედავად იმისა, რომ მასმედიის საშუალებებით გაიშიფრნენ ეს ადამიანები და მათ შორის ორი აღმოჩნდა, რომ მერიის „წარმატებულ მწვრთნელთა“ პროგრამიდან ყოველთვიურ 500-ლარიან ხელფასს პენსიასავით. ეს პირდაპირი ბმაა კახა კალაძესთან და თბილისის მერიასთან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ სხვა, ნებისმიერი მოძალადე იღებს ანაზღაურებას, იღებს არა ვინმეს ჯიბიდან, თუნდაც ივანიშვილის, არამედ სწორედ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და ამას, რა თქმა უნდა, სათანადო გამოძიების პირობებში გაეცემა პასუხი. ამიტომ გასაგებია, რომ ეს არის ხელისუფლების სისუსტე, ხელისუფლების ზღვარგადასული თავხედობა და დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა, მეორე მხრივ, ამ შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც ვერ იქნება ნაპატიები. ახალი ხელისუფლების პირობებში გამოიძიებენ და ყველა ეს ადამიანი დაისჯება, რადგან ჩვენ აქ ვსაუბრობთ აბსოლუტურად უმიზეზო ძალადობაზე, ადამიანების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაზე, იმ ხალხის, რომლებიც დღეს იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული შინაარსობრივად, მორალურად უმძიმესი ქმედება. ასე რომ, ამ ყველაფერს აუცილებლად მოეთხოვება სათანადო პასუხი და მოეთხოვება ახალი ხელისუფლების პირობებში.

_ საზოგადოებამ თბილისისა და, არა მხოლოდ, საბავშვო ბაღის დირექტორების მესიჯბოქსების სქრინები იხილა სოციალურ ქსელში, სადაც საბავშვო ბაღების თანამშრომლებისგან კახა კალაძის პოსტების „დალაიქებას“ მოითხოვდნენ… წინააღმდეგ შემთხვევაში, „არდადეგები გაგიგრძელდებათ სამუდამოდო“, _ ემუქრებოდნენ…

_ რაც შეეხება საბავშვო ბაღებსა და კალაძის წარუმატებელ მცდელობას, „ალაიქებინოს“ თავისი საკუთარი სულელური პოსტები საჯარო მოხელეებს, გასაგებია, რომ საჯარო მოხელეების რაოდენობა რეკორდულად გაბერა „ქართულმა ოცნებამ“, ყოველი დასაქმებული მეორე ადამიანი, 10-დან 5, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფართო გაგებით, იღებს ხელფასს. ეს არის სახელმწიფო დაწესებულებები, სიპები, ა(ა)იპები, სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები. უშუალოდ თბილისის მერიაში 35 000-მდე თანამშრომელია, ხოლო საბავშვო ბაღებში _ 12 000-მდე თანამშრომელი… მაგრამ აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ ახერხებს ამ ადმინისტრაციული რესურსის საკუთარ დასაყრდენად გამოყენებას. გასაგებია, რომ მათ აქვთ სასოწარკვეთილი მცდელობა ამ ხალხის გამოყენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ საჯარო სამსახურშიც გაჩნდა სერიოზული ბზარი და არის ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც რეალურად მუშაობენ და სახელმწიფო ფუნქციას ასრულებენ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ამ ადამიანებს შეუძლებელია მოსწონდეთ ის პოლიტიკა, რასაც, გნებავთ, საერთაშორისო, გნებავთ, ქვეყნის  საშინაო დონეზე „ქართული ოცნება“ ატარებს. არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ წარმატება აქვს, არ არსებობს სფერო, სადაც ადამიანი დაინახავს რაიმეს გაუმჯობესების პერსპექტივას ახლო მომავალში. სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანები, ასეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე, ტოვებს ქვეყანას და მიდის ემიგრაციაში, რჩება საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში. არა იმიტომ, რომ დღეს გვაქვს მძიმე მდგომარეობა, არამედ იმიტომ, რომ ისინი მომავალ პერსპექტივასაც კი ვერ ხედავენ, იმდენად მძიმე შეცდომებით და დანაშაულებრივი ქმედებებით მართავს „ქართული ოცნება“ დღეს სახელმწიფოს. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე, ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ პრობლემას აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ საჯარო მოხელე იქნება ეს თუ კერძო სექტორში დასაქმებული, თუ უმუშევარი ადამიანი, ფაქტია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს ამ სერიოზულ გამოწვევას სახელმწიფოს წინაშე. სწორედ ამიტომაცაა, რომ, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი, ყოველგვარი ორგანიზებულობის გარეშე, იკრიბება რუსთაველის გამზირზე და სხვა ლოკაციაზე… ეს აქციები არის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი და რაც მთავარია, უპრეცედენტოდ შემართებით მყოფი ადამიანების აქციები, რომლებიც არ უშინდებიან არც ძალადობრივ დარბევას, არც დაპატიმრებებს, არც დაჯარიმებებს მიუხედავად ამდენი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა, რომლებსაც ისინი აწყდებიან ხელისუფლების ან მათ მიერ  დაქირავებული „ტიტუშკების“ მხრიდან. ეს ადამიანები მზად არიან, ქვეყნის მომავალი დაიცვან ქუჩაში. ეს ნამდვილად იმედის მომცემია და ამან ნამდვილად არ შეიძლება ჩაიაროს შესაბამისი შედეგის გარეშე, რაც უნდა იყოს ამ პრორუსული ხელისუფლების ჩამოშორება სახელმწიფოს მართვის სადავებიდან და ახალი პროდასავლური კოალიციური მთავრობის მოყვანა ხელისუფლებაში.

_ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ  ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის საკითხის შეჩერების შესახებ განხილვა ჩაინიშნა… როგორ ფიქრობთ, აპირებს თუ არა „ოცნება“ უკან დახევას და „რუსული კანონის“ უკან გაწვევას, ან თუნდაც კანონის „შერბილებას“?

_ „რუსული კანონის“ უკან გაწვევა ან შეცვლა არსებითად აღარაფერს შეცვლის. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, ეს კანონი არ მიიღონ და ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ, რომ საზოგადოებას გვაქვს ძალა, წინ აღვუდგეთ იმ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობას გვიფუჭებს, მაგრამ ეს თუნდაც ასე მოხდეს, არსებითად არ ცვლის ამ რეჟიმის პუტინისტურ, რუსულ ხასიათს, _ „რუსული კანონის“ მიღმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადება დასავლეთზე, რომელიც მტრად შერაცხა და რუსეთი, ფაქტობრივად, მეგობრად დაგვისახა. ასე რომ, ამ მიმართულებით კანონის უკან გაწვევისა თუ შერბილების, თუ შეცვლის მიუხედავად, ამოცანა არის ნათელი _ არ შეიძლება, რუსული რეჟიმი დარჩეს ხელისუფლებაში, რადგან ამ კანონის მსგავსს სხვა მძიმე განსაცდელს და გამოცდებს, საქართველოს მომავალს, ივანიშვილი აუცილებლად კიდევ დაუყენებს და კიდევ მოუწყობს, რადგან ის არსებითად არის რუსული რეჟიმის გაგრძელება და მათი დავალებების შემსრულებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კანონთან მიმართებით კონკრეტული  შედეგების მიღება, მაგრამ არსებითი და გადამწყვეტი არის ამ რუსული რეჟიმის მთლიანად შეცვლა ამ ხელისუფლებიდან.

_ ჩატარდება თუ არა 2024 წლის არჩევნები?.. მივალთ მშვიდობიანად ოქტომბრამდე?

_ ჩატარდება თუ არა არჩევნები? დიახ, ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, მაგრამ რა ფონზე, რამდენად დაზიანებული  სახელმწიფოთი, ეს ყველაფერი დიდწილად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“ და არა იმ 100 000-ობით აქციის მონაწილეზე, რომელიც ქვეყნის ნათელ დასავლურ მომავალს იცავს. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. დღეს ჩვენი გაჩუმება, გაჩერება ნიშნავს რუსეთისთვის ამ ქვეყნის გადაბარებას, რაზედაც ივანიშვილმა პირდაპირ ისაუბრა თავის ბოლო გამოსვლაში. მან მარტივი ლოზუნგი შემოგვთავაზა: დასავლეთი არის მტერი, დასავლეთი არის აგენტების შემომგზავნი ამ ქვეყანაში, ხოლო რაც შეეხება რუსეთთან ომს, მასთან დაპირისპირებას, ეს ხელოვნურად თავსმოხვეული იყო, ანუ დასავლეთი არის ცუდი, რუსეთი არის კარგი და მასთან ურთიერთობა შეიძლება. ეს არის ივანიშვილის ფორმულა, რომელიც აუცილებლად შეისხამს ფრთებს ბოლომდე და განხორციელდება, თუკი ჩვენ გავჩერდებით. ამიტომაც არის ხელისუფლება გავეშებული, როდესაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი მეთოდებით სხვადასხვა სპორტსმენს, თუ ზონდერს, თუ „ტიტუშკებს“ დაარბენინებს ქუჩაში და აცემინებს ადამიანებს… როდესაც ასობით ადამიანს აბსოლუტურად უმიზეზოდ  აჯარიმებს და უქმნის სხვადასხვა ტიპის პრობლემას, მაგრამ როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ეს არ არის ის წინაღობები, რომელიც ამ საპროტესტო მუხტს ჩააქრობს და დაამშვიდებს ქართულ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს რუსეთს ამ ქვეყანაში და რუსეთი ამ ქვეყანაში ნიშნავს ამ ყველაფრის გაგრძელებას დაუსრულებლად. თუკი დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებამდე ამ ტიპის ძალადობაზე, დაპატიმრებებზე, დაჯარიმებებზე, ეს ყველაფერი გაგრძელდება დაუსრულებლად მანამ, სანამ გავლენა ექნება რუსეთს ამ ქვეყანაზე. რაც სწრაფად შევცვლით ამ ხელისუფლებას, მით სწრაფად დაესმევა წერტილი რუსული სტილის მმართველობას, იმას, რასაც პუტინის რეჟიმის ქვეშ ჩვენ ვუყურებთ დღეს რუსეთში, რასაც ლუკაშენკოს რეჟიმის ქვეშ ვუყურებთ ბელარუსში. ასე რომ, პირიქით, რაც მეტი წინაღობა შეგვხვდება, ჩვენი შემართება მნიშვნელოვნად იზრდება. ხალხის შემართება, მათი სიმტკიცე მატულობს და სწორედ ეს უნდა გახდეს საწინდარი ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის.