იპოთეკით დაზარალებული შსს-სთან თავის დაწვით იმუქრება!
ამბავი, რომელსაც დღეს წაიკითხავთ, ფინანსური პირამიდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საქმეში ისეთი ადამიანები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს სამართლიანობისთვის იბრძვიან და მმართველ პარტიას სწორედ იმის გამო ტოვებენ, რომ „ოცნებაში“ კლანური მმართველობაა. არადა, იპოთეკით დაზარალებული ქალბატონი, რომელიც „ქრონიკა+“-ს თავად დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ის ე. წ. მევახშე ადვოკატებისა და იმ კლანის მსხვერპლი გახდა, რომელიც ამ ადვოკატებს მფარველობს.
მარინა სუპატაშვილმა საუბრის დროს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ არაერთხელ ახსენა. ყველაზე ემოციური კი ჩვენი რესპონდენტის საუბრიდან მაინც ის ეპიზოდია, როცა ამბობს, რომ სიმართლისთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში სახელმწიფომ კრიმინალად აქცია!
„თბილისში ჩამოვალ, შს სამინისტროსთან მივალ, ბენზინს დავიჭერ ხელში და თუ გახარია არ გამოვა და არ შემხვდება, იქაურობას გადავწვავ!“ _ ამბობს მარინა სუპატაშვილი, რომელიც თავის თავგადასავალს „ქრონიკა+“-ს დეტალურად უყვება.
სხვათა შორის, ბოლო წლების განმავლობაში ქალბატონმა მარინამ არაერთი აქცია-პერფორმანსი გამართა. 2016 წლის ნოემბერში, როცა ე. წ. ქუთაისის პარლამენტი მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრებს უსმენდა, მარინა სუპატაშვილი მაშინდელ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან კომბლით მივიდა.
„მივმართავ ალექსანდრე ჯეჯელავას, მამული ჩვენია და ჩვენი საქართველო ჩვენთან დატოვეთ“, _ ციტირებდა მაშინ მედია მარინა სუპატაშვილის სიტყვებს.
ამ ინტერვიუს უემოციოდ ვერც თქვენ წაიკითხავთ, თუმცა კარგი იქნება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაერკვნენ, რა ვხდება, მით უმეტეს, რომ მარინა სუპატაშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც ეს პრობლემა წლებია, აწუხებს!
მარინა სუპატაშვილი:
_ 2007 წელს ბანკ „რესპუბლიკიდან“ სესხი გამოვიტანე _ 6 ათასი დოლარი. ორი ბინა მქონდა, ერთი აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა და სწორედ ეს ბინა გირაოში ჩავდე.
სესხს კლებადი გრაფიკით პირწმინდად ვიხდიდი. საერთოდ, კარგი გადამხდელი ვიყავი _ მეუღლე საზღვარგარეთ, კერძოდ, ესპანეთში იმყოფებოდა. იქ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და ფულს აგზავნიდა, მაგრამ 2008 წელს, მსოფლიო კრიზისის გამო, უმუშევარი დარჩა. საქართველოშიც არაფერი ხდებოდა.
_ სესხი ბიზნესის დასაწყებად აიღეთ?
_ სოფელში თხილნარი გავაშენე, თან ამ ფულით იმ ბინაში, რომელიც გირაოში ჩავდე, რემონტი დავიწყე… მოკლედ, ბანკის საკრედიტო ისტორიის გაფუჭება არ მინდოდა და ლომბარდში ტექნიკა ჩავდე, რომელიც დავკარგე. მერე ოქროც ჩავდე და სახლიდან ყველაფერი გავყიდე, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, მაგრამ მდგომარეობა არ გამოსწორდა.
_ ოქროც ბანკში დაალომბარდეთ თუ კერძო ლომბარდში?
_ ოქრო „თიბისი ბანკში“ ჩავდე. ვინ იცის, ამ ოქროში რა თანხა მაქვს გადახდილი. ოქროს ნაწილიც დამეკარგა იმიტომ, რომ ვეღარ გამოვისყიდე.
მოკლედ, ბინა, რომელიც სესხის სანაცვლოდ მქონდა ჩადებული, სამოთახიანი იყო და ერთი ამდენიც მოშენება ჰქონდა, მაგრამ ეს მოშენება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო და სწორედ ამის გამო ვერ გამიყიდეს, თან გადასახდელი 3 ათასი დოლარიღა მქონდა დარჩენილი. პობლემურს კი გადასცეს, მაგრამ ვერ გაყიდეს. ამასობაში, ბანკში 2 ათასი დოლარი შევიტანე და გადასახდელი სულ ათასიღა მქონდა. მერე ჩემი მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. გავიგეთ, რომ მიკროსაფინანსო „კრედიტ+“ 4-პროცენტნახევრიან სესხებს გასცემდა და მეორე ბინა იქ ჩავდეთ.
_ ანუ მეორე ბინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იმიტომ ჩადეთ, რომ „რესპუბლიკაში“ დარჩენილი 1 ათასი დოლარი დაგეფარათ?
_ დიახ. ეს სესხი ბათუმში გაკეთდა, ხელშეკრულებაში 4100 ევრო ეწერა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ხელზე 3300 ევრო მისცეს.
_ ე. ი., თუ სესხს ვერ გადაიხდიდით, თქვენი მეორე ბინა „კრედიტ+“-ს დარჩებოდა?
_ დიახ. „კრედიტ+“-თან დადებული ხელშეკრულება 6-თვიანი იყო და მარტო სესხი უნდა გადაგვეხადა.
ამ ხელშეკრულებას 6 თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვასრულებდით.
ჩემი მეუღლე მაშინ 57 წლის იყო, დარბოდა, იქნებ, საქართველოში რამე სამსახური ვიშოვოო, მაგრამ ვერაფერი იშოვა, ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა და იფიქრა, ისევ ესპანეთში წავალო.
_ ყველაფერი ეს ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლამდე ხდება?
_ დიახ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ „ოცნების“ მოსვლამდე გამოსახლებები და ბინის გაყიდვები ხშირი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ მსმენოდა…
მოკლედ, ჩემი მეუღლე ისევ ესპანეთში წავიდა, სადაც დახმარება 250 ევრო ეძლეოდა. სწორედ ამ დროს „კრედიტ+“-მა მთელი სესხის, ანუ 4100 ევროს ერთიანად დაფარვა მოგვთხოვა, რაც ვერ შევძელით და ჩვენი ბინა აუქციონზე გაიტანა. ამის შესახებ აღმასრულებელმა ესტატე თოფურიძემ მაცნობა.
სააღსრულებლოში რომ მივედი, ესტატემ მითხრა, _ ქალბატონო, სანერვიულო არაფერია, ამ ბინას „კრედიტ+“ შეისყიდის, ანუ მის ბალანსზე იქნება და მერე გამოისყიდითო. აღმასრულებელს ტელეფონით ჩემი მეუღლე დავალაპარაკე, რომელმაც უთხრა, _ შემიძლია, ეს თანხა 500-500 ევროთი დავფარო და ხელი შემიწყვეთო. სხვათა შორის, მაშინ არ ვიცოდი, რომ, თურმე, გასაჩივრება შემეძლო.
ისე, იმ ქალბატონებისთვის მე არ მიჩივლია, მაგრამ, როგორც გაირკვა, სხვებისგანაც იტოვებდნენ თანხას და დაიჭირეს, თუმცა მიშამ ამნისტიით გამოუშვა.
_ უკაცრავად, ვინ ქალებზე საუბრობთ?
_ იმ ქალებზე, რომლებმაც ჩემს მეუღლეს „კრეტიდ+“-ში სესხი გაუკეთეს, ისინი თაღლითები იყვნენ.
_ ანუ „კრედიტ+“-თან ამ ქალებმა დაგაკავშირეს?
_ არა. იქ მუშაობდნენ. ერთს თამრიკო ერქვა… ჩვენგან 800 ევრო ჰქონდათ წაღებული.
_ რას ჰქვია, „წაღებული ჰქონდათ“?
_ როგორც გითხარით, ხელშეკრულება 4100 ევროზე გაფორმდა, თუმცა ხელზე 3300 მოგვცეს.
_ ეს 800 ევრო თვითონ რატომ დაიტოვეს?
_ არ ვიცი. ჩემს მეუღლეს უთხრეს, ჩვენ გვეკუთვნისო. არადა, მომსახურების თანხაც ჩვენ გადაგვახდევინა… აი, ასე ძარცვავენ ხალხს, პირამიდა მიგორავს და იზრდება!
მოკლედ, მეზობელი მამაკაცი შემხვდა და მკითხა, _ მარინა, თქვენს ბინას რა სჭირსო? _ არაფერი, რატომ მეკითხები-მეთქი? მომიგო, _ ჩემი ახლობელი ადვოკატია და მითხრა, ბინას უყიდიან და დავეხმარებიო. ამ ადვოკატს, მარინა მანგოშვილს შევხვდი… ძალიან პატიოსან ხალხში გავიზარდე და ვერ წარმომედგინა, რომ ვინმეს შეიძლება, ეთაღლითა და რამე წაერთმია. ადვოკატმა სააღსრულებლოში წამიყვანა, სადაც აღმასრულებელი ანა ხუჯაძე გამოიძახა და ეუბნება, _ ამ ქალბატონს ბინის დაკარგვის არ ეშინია და თქვენ აუხსენით, რომ ბინის დაკარგვის საშიშროება არსებობსო. როგროც ჩანს, ამ აღმასრულებელმა ყველაფერი იცოდა.
ეს არის კლანი, რომელმაც იმერეთი გაანადგურა!
_ კლანი რა შუაშია?
_ თანდათნ ყველაფერს გეტყვით… აღმასრულებელმა ასეთი რამ თქვა: ჩვენ ყველა ვიცით, ვინც თამაშობს, მაგრამ თქმის უფლება არ გვაქვსო, ანუ მიანიშნა, თქვენ ხართო, მაგრამ ამას მაშინ ვერ მივხვდი… აღმასრულებლიდან რომ წამოვედით, ვიღაც კაცს შემახვედრა.
_ რისთვის?
_ რაღაც 5-პროცენტიან სესხზე იყო ლაპარაკი, მაგრამ უარი ვუთხარი, _ ვერ გადავიხდი-მეთქი. მერე ვიღაცებს დაურეკა. ერთი სიტყვით, ვერ შევთანხმდით… მერე დამირეკა და მითხრა, ვინმე დათო დოლიძე ვნახეო და მას შემახვედრა.
_ ამ დროს ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“?
_ არა, „ოცნება“.
სხვათა შორის, როცა პრობლემა წარმოიქმნა, გედი ფოფხაძესთნ მივედი, რომ დაგვხმარებოდა და „კრედიტ+“-ს ბინა არ გაეყიდა. ამ დროს ბათუმისა და ქობულეთის იპოთეკით დაზარალებულთა მოძრაობა უკვე დაწყებული იყო. ამ ჯგუფს მეც შევუერთდი. გედის მოეწონა, _ აზრიანად საუბრობ და ლიდერი შენ იყავი, ჩვენთან შემოდი და ხალხის გასაჭირი მოგვახსენეო…
მოკლედ, მარინა მანგოშვილმა დათო დოლიძეს შემახვედრა და „ფინკა ბანკის“ იურისტად გამაცნო. ეს პიროვნება შემპირდა, აუქციონში მონაწილეობას მივიღებ, ხარჯებს თქვენ გაიღებთ, ბინას მე ვიყიდი, ჩემი ცოლის სახელზე გავაფორმებ და მანამდე მის სახელზე იქნება, სანამ არ გამოსყიდით. ჩემი ცოლი „პრივატ კრედიტში“ მუშაობს და იქიდან 2-პროცენტიან სესხს გაგიკეთებთო. ისე შემაშინეს, რომ დავთანხმდი, თან არც მიფიქრია, რომ მატყუებდნენ იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, ჩემ ირგვლივ ასეთი ბოროტება მომხდარიყო. მერე აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ადვოკატიც ყოფილა და მარინა მანგოშვილთან ერთად ოფისიც ჰქონდა. მათგან იმერეთში „ენ“ რაოდენობის დაზარალებული ხალხია…
ბინა აუქციონზე გაიტანეს, ამ დათო დოლიძემ შეისყიდა.
_ ბინა აქუციონზე რამდენად გაიყიდა?
_ 18 ათას დოლარად. სხვათა შორის, თავიდანვე ვუთხარი, _ თუ ვერ დამეხმარებით, 18-ათასიანი კლიენტი მყავს, მე გავყიდი და 12 ათასი დამრჩება-მეთქი. ბინის გაყიდვის შემდეგ იუსტიციის სახლში დამიძახა, ბინა თავისი ცოლის სახელზე გადამაფორმებინა, ყველა ხარჯი მე გავიღე. სხვათა შორის, მისი ხელნაწერი მაქვს, „რივალდ კრედიტიდან“ 2-პროცენტიან სესხზე ყველთვიური გადასახადი რამდენი მომიწევდა… კიდევ კარგი, ეს ხელნაწერი მაქვს…
_ „პრივატ კრედიტიდან“ სესხი აიღეთ?
_ ვერ გამიკეთა. მინდა, ეს კარგად აღნიშნოთ და გამოამზეუროთ: „მი-სა კრედიტია“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ თანამშრომლების მიერ არის გახსნილი. ამის შესახებ ბიძინამ არ იცის და ფულს ჰპარავენ.
ამ „მი-სა კრედიტში“ ადრეც ვიყავი, მინდოდა, სესხი გადამეფარა, მაგრამ არ მომცეს… გადის დრო, დოლიძე მირეკავს და მეუბნება, კრედიტი „მი-სა კრედიტში“ გავაკეთეო, თუმცა სანამ ამას მეტყოდა, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფიში, წმინდა ნინოს ქუჩაზე წამიყვანა. მე გარეთ დამტოვა, თვითონ მენეჯერთან შევიდა, არ ვიცი, რა ელაპარაკა. იქიდან გამოსულმა მითხრა, მეორე ოფისი წერეთლის ქუჩაზეა და სავალდებულოა, იქ წავიდეთო.
ამ დროს ოთხი ქალბატონი მახლდა _ სხვებს ვეხმარები და მაშინაც მევახშესთან მივდიოდით. კიდევ კარგი, ეს ქალბატონები მოწმეებად მყავდნენ.
მოკლედ, წერეთლის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ წავედით. მეორე სართულიდან მენეჯერი ჩამოვიდა, რომელსაც ადრეც ვიცნობდი. ამ მენეჯერმა და დოლიძემ რომელიღაც მაგიდასთან მიმიყვანეს და რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. მეგონა, რომ სესხი კეთდებოდა, მაგრამ სესხი კი არა, ფულს ათეთრებდნენ.
_ ანუ?
_ ჩემი ბინა რომ გაიყიდა, „კრედიტ+“ ნარჩენი თანხა ხომ უნდა წაეღო? ჰოდა, თურმე, ამაზე მომაწერინეს ხელი და ამის შესახებ ახლა გავიგე.
ხელი მოვაწერე და 80 ლარი მომცეს. სახტად დავრჩი, _ ეს რა ფულია-მეთქი? დოლიძემ მითხრა, თქვენ გეკუთვნითო. ყველაფერ ამას ოთხი ქალბატონიც ესწრება. იმ პერიოდში ისეთი გაჭირვება მქონდა, ვერ წარმოიდგენთ, სულ 8 ლარი მედო ჯიბეში და 80 ლარი რომ მომცეს, გამიხარდა. თურმე, 14 ათას ლარამდეა, რაზეც ხელი მომაწერინეს, რომ თითქოს ეს თანხა ავიღე.
ჩვენ წავედით, დოლიძე იქ დარჩა. ეჭვი მაქვს, რომ თანხა ჩამორიცხული არ იყო და ეს არასასაქონლო ოპერაცია გაკეთდა.
_ ასეთი ეჭვი რატომ გაქვთ?
_ ბინა რომ გაიყიდა, აღმასრულებელს არც დაურეკავს და არც წერილობით უცნობებია…
_ ქალბატონო მარინა, ძალიან დეტალებში შევედით და, სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი. რამდენჯერმე კლანი ახსენეთ. ამ კლანს ვინ მფარველობს?
_ ეს კლანია დათო დოლიძე, მარინა მანგოშვილი. დოლიძე შეკრულია პროკურატურასთან, პოლიციასთან…
ყველაფერი ეს 2012 წელსვე გავასაჩივრე, მაგრამ პროკურატურამ ხელი დააფარა.
_ რატომ?
_ ესენი პროკურატურის „ოქროს თევზები“ არიან!
_ ანუ იმ საქმეების წილში, რომელსაც ეს ხალხი „აკეთებს“, პროკურატურა ზის?
_ წილში ზის. ამათი თაღლითობა ყველამ იცის! ეს ჯგუფი იმ „მი-სა კრედიტთანაც“ შეკრულია.
_ წეღან თქვით, გედევან ფოფხაძეს შევხვდიო. ყველაფერი ეს, რასაც ახლა ჰყვებით, ფოფხაძეს არ უამბეთ?
_ კი, როგორ არა. უარესსაც გეტყვით: კვაჭანტირაძე პაიკი არ იყო.
_ კვაჭანტირაძე რა შუშია?
_ ბატონ ბიძინას თავიდან გვერდით დავუდექი და ვფიქრობ, სწორედ ამის გულისთვის დამსაჯეს! ბიძინა რომ მოვიდა, „ნაციონალების“ კადრები მაინც დარჩნენ. მე, როგორც ლიდერი, გამოსახლებებზე დავდიოდი და პოლიცია შურისძიებით გვეპყრობოდა. შური იძიეს, ხალხმა ბიძინა რატომ აირჩია! სულ ასე გვეძახდნენ, _ მოკითხვები ბიძინასო!
ბიძინასაც ვებრძოდი, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, მეცოდება.
_ ივანიშვილს თქვენი შესაცოდი რა აქვს?
_ იცით, რატომ მეცოდება? _ იმიტომ, რომ გამყიდველები შიგნით ჰყავდა!
ბესელიას არ დავინდობ, რამდენჯერ მომატყუა!
_ რაზე მოგატყუათ?
_ წერილობით და სიტყვიერადაც სამუშაო ჯგუფის შექმნას ვითხოვდით, რომ ეს საკითხები გამოძიებულიყო.
_ ბესელიას პირადად შეხვდით?
_ უიმე, უამრავი აქცია მაქვს გაკეთებული.
2014 წლის აპრილში, იუსტიციის სახლთან, პროტესტის ნიშნად, კვერცხები დავათხლიშე და დამაკავეს _ სამი მუტრუკი მიმათრევდა, ვუძალიანდებოდი, „პლაში“ შემომახიეს. პატრულთან რომ მიმიყვანეს, ფეხი დავარტყი, სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. კახა კუკავას ადვოკატმა უანგაროდ დამიცვა, ხუთასლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, თუმცა არც ეს მეკუთვნოდა.
კრიმინალად მაქციეს, სამართალი რომ მეპოვა!
_ ბესელიაზე გაბრაზებული რატომ ხართ?
_ ბესელია გვეუბნებოდა, სამუშაო ჯგუფს შევქმნითო, მაგრამ არ შექმნა.
კიდევ ერთს გეტყვით: ყველა არჩევნების წინ ამ საკითხს წამოსწევდნენ, დაგვიძახებდნენ, ვითომ რაღაცას აკეთებდნენ. ჩვენ ორი ათასამდე ადამიანი ვართ _ აქციებს ვმართავდით, ჩვენმა ჯგუფმა ივანიშვილის სახლთანაც იშიმშილა, მაგრამ არაფერი _ ამათ ხალხი გვათამაშეს და იცით, რატომ?
_ რატომ?
_ მევახშეები გაგვამწარებინეს. მერე პარლამენტში 70-მდე მევახშე შევიდა და მას შემდეგ საკითხი დამთავრდა. ვის შევხვდეთ, ბესელიას? მევახშეები გვეუბნებოდნენ, ჩვენ ბესელია და უსუფაშვილი გვიჭერს მხარს, თქვენ რას გვიზამთო.
_ ამას კერძო მევახშეები გეუბნებოდნენ?
_ კი, კი, გვეუბნებოდნენ.
სხვათა შორის, უსუფაშვილს ვთხოვდით, რომ მარტივი კანონი მიეღო _ საცხოვრისი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ გაყიდულიყო. ზვიად კვაჭანტირაძესაც ვთხოვდით, გედევან ფოფხაძესაც. გედი ფოფხაძე თავიდან გვერდით დაგვიდგა, მაგრამ მერე უცებ მოშპა და ისე დაამუხრუჭა, რომ ამაში საერთოდ აღარ მონაწილეობდა!
მოკლედ, ეს კანონი რომ მიეღოთ, ყველანი გადავრჩებოდით, რადგან თუ სასამართლოში სარჩელს შეიტანდა, შესაგებელს დავუდებდი და სამი ინსტანციიდან, რომელიმე ინსტანციის მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანდა _ ყველას საკუთარი საცხოვრისი გვექნებოდა, მაგრამ ყველგან თაღლითობაა!
სხვათა შორის, არავის აინტერესებდა ფულის დაბრუნება. ყველას კაპიტალი აინტერესებს. ეს კაპიტალი კაპიკებად მიჰქონდათ და მალე გამდიდრდნენ!
_ ე. ი., თქვენს პრობლემაში ბესელიას, ფოფხაძეს, კვაჭანტირაძესა და უსუფაშვილს სდებთ ბრალს?
_ ყველას ვდებთ ბრალს, ბატონო, ყველას! ეს საკითხი ყურად არავინ იღო! ეს საკითხი მერე ბიძინამაც დაბლოკა, _ ჩემთან შეთანხმებული არ იყოო.
ეს კლანია! ამათ იმდენი ხალხი ჰყავთ განადგურებული, რომ ვერ წარმოიდგენთ!
_ ქალბატონო მარინა, ადვოკატთან გაქვთ პრეტენზია. ადვოკატთა ასოციაციას რატომ არ მიმართეთ, რომ საქმის კურსში გარკვეულიყო?
_ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტს მივმართეთ.
_ მერე?
_ ორი ავდოკატის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღიძრა, მაგრამ დათო დოლიძე და მარინა მანგოშვილი სიცრუეს წერენ.
არ გავჩერდები! მინდა, ყველაფერი გახარიას ყურამდე მივიტანო! წინა კვირას თბილისში ვიყავი ჩამოსული და განცხადება დავწერე…
7 წელია, ბრძოლის ველზე ვარ, სამართალი ვერ ვიპოვე და თაღლითი აქეთ გამომიყვანეს. როცა დამიჭირეს, ეთიკის კომიტეტს დოლიძემ, თურმე, დაუწერა, ეგ თაღლითიაო.
კი ბატონო, სამართალს რომ ვითხოვდი, კანონი დავარღვიე, წულუკიანს ვეუბნებოდი, ჩამოდი, შემხვდი და მითხარი, რომ გვპირდებოდი, სადაა თქვენი დანაპირები სამართლიანობის აღდგენა-მეთქი.
ჩვენ ფულს კი არა, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ!
პროკურატურა და სასამართლო თავის ადგილზე რომ იყოს, დეპუტატებთან შეხვედრა რად გვინდა?
ერთ დღეს ზვიად კვაჭანტირაძემ მითხრა, მარინა, ყველაფერი დამიწერეო. დავუწერე, ისიც ვამხილე, პარლამენტში რამდენი მევახშე იყო, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ეს, თურმე, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და სამოქალაქო დავაა!
_ როგორც ირკვევა, მოჯადოებულ წრეში ხართ. ვისი იმედი გაქვთ, ქალბატონო მარინა?
_ გახარიას იმედი მაქვს.
_ თუ კლანს ებრძვით, გახარიაც კლანის ინტერესებს არ დაიცავს?
_ ეს „ნაციონალების“ კლანი იყო, მაგრამ „ოცნებამ“ არ დაშალა და პატარა-პატარა ვირთხები წილებში ჩაუსხდნენ!
_ „პატარ-პატარა ვირთხები“ ვინ არიან?
_ დეპუტატები.
ამ საქმეს გახარიამდე მაინც მივიტან.
_ როგორ?
_ ამ კვირაში გამოძიებას კიდევ მივადგები და თუ ისევ არაფერი, თბილისში ჩამოვალ, შს სამინისტროსთან ბენზინს დავიჭერ ხელში და თუ გახარია არ გამოვა და არ შემხვდება, იქაურობას გადავწვავ!
_ ეს დანაშაულია!
_ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს, რომ ამ კლანისგან ხალხი იხსნას!
ესენი თავის დროზე უნდა დაესაჯათ. სარჩელი, როგორც გითხარით, 2012 წელსვე შევიტანე, მაგრამ მოიკვლიეს, ფული წაართვეს და დამთავრდა. ესენი მილიონერები არიან! ხალხისთვის იმდენი სახლი აქვთ წართმეული და ნათესავებზე გადაფორმებული, გაგიჟდებით!
მევახშე ადვოკატებმა ერს გენოციდი მოუწყვეს! ესენი ადვოკატები არიან?! _ მგონია, ადვოკატი რომ ავიყვანე, დამიცავს, მაგრამ უფსკრულში და ჭაობში მაგდებს და მისი იმედი უნდა მქონდეს?!
ამ დროს ჩამოდის ქუთაისში ასათიანი და ამ მევახშე ადვოკატებთან გრიალებს.
თუნდაც ხატიაშვილი ავიღოთ. ერთმანეთს ვწყვეტდით, ვუთხარი, _ სხვაგან ბეწვს რომ ეძებ, შენს ასოციაციაში დირეს ვერ ხედავ? მოდი, სათავეში ჩაგვიდექი, შენ იყავი ამ იპოთეკით დაზარალებულთა ლიდერი და ნახავ, შენმა ადვოკატებმა რა გაგვიკეთეს-მეთქი.
უმეტესობა მევახშე ადვოკატია, პატიოსანს ვერ ნახავთ!
არ მეშინია იმიტომ, რომ მართალი ვარ და ამ ქვეყანაში სიმართლეს ვეძებ! სხვა ქვეყანაში არ წავალ, ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ქვეყნის მემკვიდრე ვარ! სხვა ქვეყანაში ვინმეს მოახლე და მოჯამაგირე არ გავხდები! იმდენი კი ვისწავლე, რომ ჩემს ქვეყანაში ვიარსებო და ამ თაღლითების მსხვერპლი არ ვიყო! თაღლითისგან სახელმწიფომ უნდა დამიცვას!
გიორგი აბაშიძე