ინკლუზიის 15 წელი

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლში ვკითხულობთ:
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება;
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან;
3. სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. მოქალაქეებს უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება;
4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
კანონი ასევე განსაზღვრავს ადამიანის ამ ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც ისეთივე უზენაესია, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება და ასევე ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში.

გარდა კონსტიტუციისა განათლების გაცემისა და მიღების უფლებაზეა საუბარი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონვენციასა და ორგანულ კანონებში.
განათლების მიღების საჭიროებასა და აუცილებლობაზე ყველა ერთხმად თანხმდება. ისიც საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია, რომ ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მოვალეობას სწორედ ძლიერი განათლების სისტემის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სახელმწიფო ვალდებულია, თავის მოქალაქეებს შეუქმნას ისეთი გარემო, რომელშიც ისინი მოახერხებენ სხვა ყველა საჭიროებასთან ერთად განათლების მიღებასა და პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.
განათლების უფლება მოქალაქეთა ერთ-ერთი არსებითი სოციალური უფლებაა და იგი ქმნის როგორც მისი პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების განვითარების წინაპირობებს.
თუმცა იმისთვის, რომ განათლების უფლება უზრუნველყოფილი და დაცული იქნას, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს მის მისაღებად ხელმისაწვდომი და თანაბარი გარემო, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს, სურვილისამებრ მიიღოს განათლება, იქნება ეს საბაზისო დონეზე, თუ კონკრეტული პროფესიის შესწავლის კუთხით.
განათლების სხვადასხვა ტიპი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებული და საინტერესო ფორმაა ინკლუზიური განათლება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
ინკლუზიას საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ჯერ კიდევ 1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და 2006 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციამ განაპირობა საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესის დაწყება. ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.
ინკლუზიური განათლება საკმაოდ კომპლექსური სფეროა, რომელიც არა მხოლოდ სწავლების მეთოდებსა და ეროვნულ გეგმას მოიაზრებს, რომელიც კონკრეტული ინდივიდების საჭიროებებზეა მორგებული, ასევე გულისხმობს ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და მასალას, რომლის გაგება და სწავლა მოზარდებისთვის ბევრად მოსახერხებელი იქნება.
სწორედ ამაზეა საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც სხვადასხვა სფეროში კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს საქართველოს.
DCFTA, ანუ ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ განსაზღვრავს იმ აუცილებელ დავალებებსა და მიზნებს, რასაც ქვეყანამ გარკვეულ პერიოდში უნდა მიაღწიოს.
განათლების სფეროს რაც შეეხება, ასოცირების ხელშეკრულება ყურადღებას ამახვილებს სასწავლო გარემოს ადაპტირების აუცილებლობაზე შშმ მოზარდებისთვის.
ამ კონკრეტულ პუნქტში მითითებულია, რომ განათლების სამინისტროსა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაევალა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოსთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ფორმირება, სასწავლო მასალების ადაპტირება და შესაბამისი ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.
ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ფორმირება საქართველოში უკვე დაწყებულია, თუმცა არსებული 2000-ზე მეტი სკოლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო მხოლოდ 60 სკოლაში არსებობს.
შშმ პირთათვის სასწავლო გარემოს ადაპტირება ასოცირების ხელშეკრულების 359-ე მუხლის მიხედვით ევალება საქართველოს მთავრობას და ამ პროცესის სრულყოფისთვის 5-წლიანი პერიოდია გაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით იდგმება, ეს მაინც არ არის საკმარისი და ინკლუზიური განათლების სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემა დგას.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ სფეროში იჩენს თავს, არის ის, რომ სკოლების პერსონალით და ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო რესურსებით მხოლოდ დიდ ქალაქებში აღიჭურვა. რაიონებსა თუ სოფლებში მცხოვრები შშმ ბავშვები ვერ იღებენ ამ მომსახურებას.
2017 წლის მონაცემებით საქართველოში სულ 131 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დარეგისტრირებული, საიდანაც 2015 წლის თებერვლის მონაცემებით 9010 ბავშვია (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 1%). ამიტომაც არავინ დაობს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობასა და მისი განვითარებისა და უკეთ დანერგვის აუცილებლობაზე.

– რა კონკრეტული გამოწვევები არსებობს ინკლუზიური განათლების სფეროში დღეს?
– რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
„ქრონიკა+“ ესაუბრება განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროს ეკა დგებუაძეს:

_ ჩვენს ქვეყანაში
ინკლუზიური განათლება 15 წლის ისტორიას ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, შეიქმნა კანონქვემდებარე აქტები და პროექტები, სერვისები, სატრენინგო და საუნივერსიტეტო პროგრამები.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება, საჭიროება მრავალფეროვანია და სისტემაც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. დღეს ინკლუზიური განათლების ერთ-ერთ გამოწვევად რჩება კვალიფიციური მასწავლებელი, ასევე ინფრასტრუქტურა.
_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად შშმ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გარემო უნდა შეიქმნას, რაც ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს. რამდენადაა ეს პუნქტი შესრულებული და რა კეთდება ამ კუთხით?
_ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #41 დადგენილების შესაბამისად („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი საჯარო სკოლების მშენებლობას 2014 წლიდან ახორციელებს. პარალელურად მოქმედ საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სკოლის ფიზიკური გარემოს ადაპტირება.
_ ასევე ამ ხელშეკრულებით საქართველოს დაევალა სასწავლო მასალების ადაპტირება. ამ კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს და რა იგეგმება სამომავლოდ?
_ უსინათლო მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საგანმანათლებლო რესურსები. სახელმძღვანელოები დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით, სახელმძღვანელოებში არსებული ნახატები გახდა ტაქტილური. მცირემხედველი მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ისეთი ტექნიკური საშუალებებით, როგორიც არის CCTV (გამადიდებელი მოწყობილობა მცირემხედველი მოსწავლეებისთვის),
სასწავლო პროცესის ეფექტიანი განხორციელებისა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მასწავლებლებს უტარდებათ ტრენინგები ინკლუზიურ განათლებაში, 2017 წელს შეიქმნა გზამკვლევები და დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები მასწავლებლებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურასა და მათემატიკაში.
შეიქმნა ალტერნატიული სასწავლო გეგმა და სატრენინგო მასალა მასწავლებლებისთვის.
_ შეაფასეთ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სოციალიზაციის პროცესში.
_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ავითარებს განათლების ისეთ ფორმებს, როგორიც არის ინკლუზიური განათლება, სპეციალური განათლება, სხვადასხვა მომსახურება ინტეგრირებული კლასების სახით, მობილობა და სივრცეში ორიენტაცია, ჟესტური ენის შესწავლა, ქცევის პოზიტიური მართვა და სხვა მომსახურება, რაც ეფექტიანი სასწავლო პროცესის წინაპირობაა.
გარდა ამისა, „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის, ეროვნული უმცირესობის, მესხების, მიუსაფარი ბავშვების განათლების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით ხორციელდება სოციალური ინკლუზიის პროექტი.

ანა ურუშაძე