ინდონეზიის მომავალი ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გადის სტაჟირებას
რას იტყვით იმაზე, რომ ინდონეზიის COVID 19-თან ბრძოლის ერთ-ერთი ავტორი საქართველოში გადის სტაჟირებას? 31 წლის ინდონეზიელი, არგიტა სალინდრი, საქართველოში აღმოჩნდა აშშ-ის ემორის უნივერსიტეტსა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევების პროგრამის ფარგლებში. ახალგაზრდა ინდონეზიელის კვლევის ხელმძღვანელია მსოფლიოში უცნობილესი მეცნიერი, მეთიუ მაგი, ქართველების მხრიდან კი მას პატრონაჟს უწევდნენ ნესტან ტუკვაძე და მაია გეგეჭკორი.
„ქრონიკა+“ არგიტა სალინდრს ესაუბრება:
_ არგიტა, სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ინდონეზიის „კოვიდთან“ ბრძოლის ნაწილში საქართველოში სტაჟირებაზე მყოფ მეცნიერს მიუძღვის წვლილი. თქვენი კვლევის შესახებ მოგვიყევით, რომელსაც საქართველოში აწარმოებთ.
_ ჩემი კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და მეცნიერული წიაღსვლებით რომ არ დაგღალოთ, ძირითად საკითხზე გავჩერდები. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის შევისწავლოთ პაციენტები გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგ.
_ როგორც ვიცი, ინდონეზიის პრეზიდენტმა პირადად დაგირეკათ და გთხოვათ, რომ COVID19-თან საბრძოლველად მისი ქვეყნისთვის პროგრამა შეგედგინათ.
_ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან მე არ ვარ სრულად ჩართული პროექტში, მხოლოდ გარკვეული სახის სერვისს ვაწვდიდი ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს, მაგალითად, „კოვიდის“ გავრცელების შემცირების მიზნით გატარებული ზომების გავლენა ტუბერკულოზის გავრცელებაზე. ანდა როგორ ზეგავლენას ახდენს ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებზე ეს ზომები? გადიან თუ არა კონსულტაციას ექიმთან? რამდენ პაციენტს დაუდასტურდა ტუბერკულოზი იზოლაციის დროს და ა. შ. ასევე ვაწარმოებ კვლევას, თუ რა ღონისძიებები ტარდება იზოლაციის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით. ვმუშაობთ მოკლე კრებულზე ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ასევე ვქმნით ვებსაიტს ინდონეზიაში, სადაც იქნება ყველა ინფორმაცია, თუ როგორ შევძლოთ დავუბუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას „კოვიდ ინფექციის“ შემდეგ. ჩემი მისია ამ პროექტში არის, გადავაწმო ინფორმაცია და გავიარო კონსულტაცია რაც შეიძლება ბევრ ეპიდემიოლოგთან, რათა ეს ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ ინდონეზიის მოსახლეობას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ამაში დაუფასებელ დახმარებას მიწევს, პროფესორი ზაზა ავალიანი.
_ და ეს ყველაფერი საქართველოდან კეთდება?
_ ცხადია, ვინაიდან აქ ვიმყოფები.
_ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს განსხვავებული იმუნიტეტი აქვთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს მაგალითად COVID 19 განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებზე?
_ ინდონეზიაში უმეტესწილად გვყავს დიაბეტით დაავადებული პაციენტები, იმიტომ რომ მოსახლეობა დიდი რაოდენობით მოიხმარს თეთრ ბრინჯს, ტკბილ ჩაისა და ტკბილ სასმელებს. აქ იმუნიტეტზე საუბარი ცოტა რთულია… მაგალითად, საქართველოში უფრო ჰეპატიტის დაავადებები ჭარბობს. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში იმუნიტეტი ვერ გამოგვადგება დამცავ მექანიზმად, რადგან კონკრეტული გამომწვევები არსებობდნენ.
_ ამბობენ, ქართული და ინდონეზიური სამზარეულო სირთულის მხრივ წააგავს ერთმანეთსო.
_ საერთოდ არაფერი აქვთ საერთო. ქართული და ინდონეზიური სამზარეულო აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ინდონეზიური საკვები უკვე ტაილანდურ და ვიეტნამურ სამზარეულოს ჰგავს. საქმე ის არის, რომ ინდონეზია დიდი ქვეყანაა და მასში 800-ზე მეტი ეთნიკური დაჯგუფება ცხოვრობს. გვაქვს 600 სხვადასხვა დიალექტი. აქედან თითოეულ რეგიონს თავისი განსაკუთრებული საკვები აქვს: მაგალითად, იქ სადაც მე ვცხოვრობ, ტკბილ-ცხარე საკვებია. თითქმის ყველა კერძი ცხარეა, მაგრამ აუცილებლად დაჰკრავს ტკბილი გემო. მაგალითად, ჩემს საყვარელ კერძს, დაკეპილ საქონლის ხორცს, ასევე მოტკბო გემო აქვს.
_ ცოტა რთულია მაშინ ამ კითხვის დასმა, _ რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი?
_ ვგიჟდები ნიგვზიან ბადრიჯანზე. ჩემს კურატორ მაია ყიფიანს ვთხოვე, რომ ესწავლებინა. ხინკალი შემიყვარდა კიდევ მხოლოდ საქონლის ან ბატკნის ხორცით, ვინაიდან მუსლიმანი ვარ. კიდევ იცით, რა მომწონს ძალიან? ქართული პომიდორი…
_ ქართულ პომიდორს განსაკუთრებული გემო აქვს?
_ დიახ, ქართულ პომიდორს უფრო კარგი გემო აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებში გამისინჯავს. ასევე ქართული კიტრიც ძალიან გემრიელია. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყოფნის განმავლობაში ორივე დიდი რაოდენობით მივირთვი. ლობიანი არ უნდა გამომრჩეს.
_ ვინაიდან წესებს იცავთ, რომელიმე მეჩეთი თუ მოინახულეთ საქართველოში ყოფნის დროს?
_ ვცდილობ, დავიცვა. ინდონეზიაში 80% მუსლიმი ცხოვრობს, 10% ქრისტიანია და დანარჩენი ჰინდუისტები, ბუდისტები და ა. შ. ყოფნით კი მხოლოდ ერთხელ ვიყავი ძველ თბილისში მდებარე მეჩეთში.
_ დაბრუნების შემდეგ სად აპირებთ, გააგრძელოთ მოღვაწეობა?
_ მე ემორის უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ, რომელიც კვლევის მნიშვნელოვან ნაწილს ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ასრულებს. ახლა ამერიკაში ვბრუნდები, ემორის უნივერსიტეტში. ჩემს თავს უფრო კვლევებში ვხედავ, ამიტომ არ ვიცი, თუ საით იქნება ჩემი გზა ამ ეტაპზე. ეს შეიძლება იყოს ინდონეზია, აშშ ან შეიძლება, ისევ საქართველო.
_ ინდონეზიაში ჯანდაცვის მინისტრობაც რომ შემოგთავაზონ?
_ არ ვიცი… ამაზე უნდა დავფიქრდე.
თამარ როსტიაშვილი