თორნიკე შარაშენიძე: „ივანიშვილი ხვდება _ მისი გამოჩენა ხალხს გააღიზიანებს“

„ჩემი აზრით, რიცხვები, სავარაუდოდ, ასე დაჯდება: „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით, 41% პროპორციულ ნაწილში, მაჟორიტარული ოლქებიდან 25-ს მოიგებს და ეს სრულიად ეყოფა უმრავლესობის დასაკომპლექტებლად. წესით, დღევანდელი გადასახედიდან ასე იქნება, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა“, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-სთან ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს კაბინეტი გაცილებით სჯობს ყველა სხვა კაბინეტს და პრემიერი გახარია ძალიან თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რა შემთხვევაში შეიძლება ვერ შეინარჩუნოს ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“? რა როლი აქვს სააკაშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში? რამდენად ლოგიკურად მოქმედებს ივანიშვილი, რომელიც, უბრალოდ, კულისებიდან არ გამოდის?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრება:

_ ბატონო თორნიკე, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას? რამდენად საინტერესოდ მიმდინარეობს ის პროცესები, რასაც ახლა ვუყურებთ?
_ შევაფასებ, როგორც კომიკურს, რაშიც, პირველ რიგში, იმას ვგულისხმობ, რომ, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ლანძღვით და ამის შემდეგ, მათ, რატომღაც, მოლოდინი აქვთ, რომ ივანიშვილს დაამარცხებენ. როცა ოპოზიცია ერთმანეთს დაერევა ხოლმე, თან ასეთი მძიმე ფორმებით, არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ მთავრობას დაამარცხებენ. მით უმტეს კომიკურია, როცა წინასწარ ინაწილებენ სკამებს.
_ მმართველი გუნდი საკმაოდ მშვიდად არის, მათ ამჯერად არც აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია აქვთ და არც აქტიურობით გამოირჩევიან. რით ახსნით ამას?
_ ალბათ, იფიქრეს, რომ აღარაა საჭირო აგრესიული, ნეგატიური კამპანია. პრინციპში, გაუმართლათ კიდეც. მათ გადაწყვიტეს, რომ არ ჩართულიყვნენ ჩხუბში, ელაპარაკათ პოლიტიკურ მიღწევებზე. შეიძლება, ბევრი პოლიტიკური მიღწევა არ გააჩნიათ, მაგრამ თავი დაანებეს ოპონენტების ლანძღვას. ისეთი ისტერიული კამპანია აღარ აქვთ, როგორიც 2018 წელს ჰქონდათ. მაგრამ რამდენად გაუმართლებდათ მათ ეს სტრატეგია, საკითხავია, რომ არ მომხდარიყო ის, რაზედაც უკვე ვილაპარაკეთ. ამასობაში, ოპოზიცია ერთმანეთს დაერია. ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“, რომ ელანძღა ოპოზიცია. ეს არ გახდა საჭირო, რადგან ოპოზიცია ერთმანეთს თვითონ ლანძღავს. პრინციპში, „ქართული ოცნებისთვის“ მშვენიერი განლაგება გამოვიდა. თვითონ ლაპარაკობენ კარგს, არ ერევიან ჩხუბში, სხვები ასრულებენ მათ საქმეს, საკუთარი ხელით.
_ მმართველი გუნდისთვის კორონასთან ეფექტიანი ბრძოლა წამყვანი თემაა და სწორედ ამას ეყრდნობიან წინასაარჩევნოდ. საბოლოო ჯამში, იქნება თუ არა კოვიდ-19 ბოლომდე ეფექტიანი პარტნიორი ხელისუფლებისთვის არჩევნების კონტექსტში?
_ ქართული ანდაზაა: ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო. სწორედ ეს ითქმის კორონაზე. კორონამ მოუტანა მათ რეიტინგი გაზაფხულზე, მაგრამ კორონას აფეთქებამ რეიტინგი უკან წაიღო, შესაბამისად, ახლა „ქართული ოცნება“ საბრძოლველად გამოსულია ყველანაირი იმ ქულების გარეშე, რომელიც კორონასთან ეფექტიანი ბრძოლით დაიწერა გაზაფხულზე. „ქართული ოცნების“ აქტივში აღარ არის კორონა, მის აქტივშია მხოლოდ „ქართული ოცნება“ თავისი რაღაც რეიტინგით და ადმინისტრაციული რესურსით. მათი რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგული ხმები ავტომატურად არ აისახება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ევროპული საქართველოს“ ხმებში. ვისაც ეს ორი პარტია არ უყვარს, „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა დაკარგოს ხმები, ეს პარტიები ამ ხმებს ვერ მიიღებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხმები, რომელიც ბოლო პერიოდში დაკარგა, პატარა პარტიების აქტივში წავა. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და ა. შ.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ხმები არ წავა „ნაციონალურ მოძრაბაში“ ან „ევროპულ საქართველოში“?
_ ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელსაც მოეწონა მთავრობის სტრატეგია კოვიდ-19-თან ბრძოლაში და ამიტომ აძლევდა ხმას „ქართულ ოცნებას“, არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. იმ ეტაპზე ამ ამომრჩეველს უბრალოდ მოეწონა, თუ როგორ ებრძოდა კორონავირუსს „ქართული ოცნება“, ახლა კი მმართველმა გუნდმა მათი ხმები დაკარგა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ მხარს.
_ თქვენ ახსენეთ დაპირისპირება ოპოზიციაში, ეს დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ძალიან მწვავეა. რა დასკვნების გამოტანა შეძელით იმის ფონზე, რაც ახლა ხდება ოპოზიციაში?
_ შიგნით რაც ხდება, ამაზე სრული ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გარეთ რაც გამოდის, აზიანებს მათსავე საქმესა და გეგმებს. ამას კი ხვდება ივანიშვილი. ოპოზიციაში გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვა, ბუნებრივია, მათსავე ამომრჩევლის დემოტივაციას უწყობს ხელს, ბევრი გაწბილდება და არ წავა არჩევნებზე, რაც, ბუნებრივია, აწყობს „ქართულ ოცნებას“. ჩემთვის გაუგებარია, ნუთუ ოპოზიციური სპექტრი ამ ყველაფერს ვერ ხვდება? სერიოზულად მიკვირს.
_ უბრალოდ ვერ ხვდებიან, თუ რომელიმე მათგანი გამიზნულად იწყებს კონფლიქტს და შესაძლოა, მათსავე ინტერესშია?
_ არ თამაშობენ, ისინი ვერ მალავენ ერთმანეთის მიმართ აგრესიას, ეს ჰგავს ოჯახურ ჩხუბს, უფრო სწორად, ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბს, სადაც ვერ მალავენ აგრესიას და რომელია მართალი და რომელი _ მტყუანი, ძალიან რთული გასარჩევია. ორივე მათგანი მართალია და ორივე _ მტყუანი.
_ თქვენ რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ ამ ორ პარტიას შორის? მეტი პასუხისმგებლობა რომელს ენიჭება?
_ სიმართლე გითხრათ, აღარ მაინტერესებს, რადგან საკმარისზე მეტი დრო იყო, ერთმანეთში გაერკვიათ რაღაცები და ჩამოყალიბებულიყვნენ. ორივე ერთმანეთს რაღაცებს აბრალებს. მე დღემდე სერიოზულ პოლიტიკოსებად მიმაჩნია ორივე პარტიის წარმომადგენლები. თუ მათ სურთ ივანიშვილის დამარცხება, წესით, სერიოზულ პოლიტიკოსებს ამდენი ხნის განმავლობაში უნდა დაელაგებინათ რაღაცები.
_ რა როლი აქვს სააკაშვილს ამ პროცესებში, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მშვიდია და არარადიკალური განცხადებებით გამოირჩევა? რაზე მიანიშნებს მისი სიმშვიდე?
_ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც არსებობს მისთვის უკრაინაში. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრად დანიშნონ, აქედან გამომდინარე, თავდაჯერებულია. ბუნებრივია, ეს პრემიერ-მინისტრობა მას ოქტომბრის არჩევნებამდე ვერ მოუსწრებს, თუ დანიშნავენ, ეს იქნება არჩევნების შემდეგ. რამდენად შეინარჩუნებს ის პრემიერ-მინისტრობის პოსტს უკრაინისნაირ არასტაბილურ ქვეყანაში 2024-მდე, ეს საკითხავია. 2024-მდე თუ შეინარჩუნა, მისთვის ეს დიდი ძალა იქნება და ასევე ძალიან გაძლიერდება „ნაციონალური მოძრაობა“. მანამდე თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოაგვარა ძირეული საკითხები, როგორიც არის ლარის კურსი, „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად შეერყევა პოზიციები, თავისთავად ცხადია. შესაძლოა, ამის გამოა მშვიდი სააკაშვილი.
_ სააკაშვილი თავისი განცხადებებით ხელს ხომ არ უწყობს პოლარიზებას? ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით უნდა მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე პრემიერად მისი კანდიდატურა დასახელდა, რაც შესაძლოა, პოლარიზების ხელშემწყობი ფაქტორი იყოს: ბიძინა VS მიშა?
_ იგი ამ განცხადებებით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციას ახდენს, მაგრამ, ჩემი აზრით, მის ამომრჩეველს დიდი მობილიზაცია არ სჭირდება, რადგან მისი ამომრჩეველი ისედაც საკმაოდ მოტივირებულია. თუმცა მსგავსი განცხადებებით იგი ნეიტრალურ ამომრჩეველს აფრთხობს, რომლის მოზიდვის შანსიც არსებობს და რომლის მოზიდვის შანსიც ჰქონდა გრიგოლ ვაშაძესა და სხვა ახალ ლიდერებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ სააკაშვილი უნდა იყოს პრემიერი, ეს, პრინციპში, ლოგიკურიცაა, რადგან თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, წამყვანი ხმა ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ორჯერ ორი ოთხია. ალბათ, იმედი აქვთ, რომ ეს რევოლუციურ სცენარს გამოიწვევს, ყველაფერი თავიდან დაიწყება, ზურაბიშვილი დაუბრუნებს მოქალაქეობას და გახდება პრემიერი. არ არის გამორიცხული, რომ მათ ამის იმედი მართლაც ჰქონდეთ, მაგრამ იმ თამაშის წამოწყებით, რომ მიშა პრემიერად ვიხილოთ და მიშა ბიძინას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ისინი აფრთხობენ ნეიტრალურ ამომრჩეველს. ამ სიტუაციაში კი ოპოზიციის შიგნით, ერთმანეთზე გადაკიდებით, ნეიტრალური ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტად ფრთხება. შესაბამისად, მათი გამარჯვების შანსი ქვემოთ იწევს.
_ როგორც ნეიტრალურ ამომრჩეველს აფრთხობენ, ასევე „ოცნების“ წისქვილზეც ასხამენ წყალს. „ოცნებას“ ეს პოლარიზება რაღაცნაირად აწყობს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ თავისთავად ცხადია. ნეიტრალური ამომრჩეველი პოლარიზაციის დროს სახლში რჩება და ამ დროს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მიიყვანს ადმინისტრაციულ რესურსს. ასეთ არჩევნებში, როცა პოლარიზაციაა, გადამწყვეტი როლი ენიჭება ადმინისტრაციულ რესურსს და მმართველი პარტია იგებს. ფაქტია, რომ ვისაც ივანიშვილის დამარცხების შანსი აქვს, ეს ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“. ოპოზიციურ-კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ყველაზე მეტი ხმა ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ პარტიის ხმები ნახევარი მაინც არის მიშასი, ამას ვერავინ გაექცევა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას თავს ვერ დააღწევს, მიშას დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს, სულ ცოტა, ხმების 50%-ის დაკარგვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ნეიტრალური ამომრჩევლების ხმების მიზიდვა, მათ წინა პლანზე უნდა წამოწიონ ახალი ლიდერები. ამ ეტაპზე ახალი ლიდერები ნაკლებად ჩანან.
_ უკვე ცნობილია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები. „ქართულმა ოცნებამ“„ახალ სახეებზე“ გააკეთა აქცენტი. საბოლოოდ, როგორ შეაფასებთ ამ ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის კანდიდატებს?
_ თუ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ადგილობრივ მდიდარ ადამიანებს არ დააყენებს, მგონი, მაჟორიტარების ნაწილში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კანდიდატი, რადგან მაჟორიტარულ ოლქებში მმართველ პარტიას ყოველთვის დიდი უპირატესობა აქვს. ოპოზიციის რიგებში ორი მსგავსი ადამიანი ვიპოვე, ესენი არიან: ჩოჩელი და ოქრიაშვილი, რომელთაც აქვთ ფული და რეგიონში ავტორიტეტი. მათ მართლაც შეიძლება ჰქონდეთ გამარჯვების შანსი, იქაურები არიან, არჩევნების მოგების გამოცდილება და ფინანსური რესურსი აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე რაღაც შანსები აქვთ ნიკა მელიას გლდანში, გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში, რადგან ისინი ძლიერი პოლიტიკური ფიგურები არიან. ამ ოთხი მაჟორიტარი კანდიდატის გარდა, სხვების შანსებს სერიოზულად ვერ შევაფასებ. რა თქმა უნდა, მაჟორიტარი სისტემა ყოველთვის დიდი ფორაა მმართველი პარტიისთვის.
_ ბოლო პერიოდში არაერთი წინასაარჩევნო კვლევა გამოქვეყნდა, მათ შორის, Edison research-ისა და IRI-ის კვლევები, რომელთა მიხედვით გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი მაღალია. როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობა ოპოზიციური განწყობისაა. წინ კიდევ არაერთი კვლევა გველის. ამჯერად, რომელი ასახავს ყველაზე მეტად რეალურ სურათს?
_ როგორც ხდება ხოლმე, ასეთი კვლევები უნდა ავიღოთ, საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ და ჭეშმარიტება სადღაც იქ იქნება. რა თქმა უნდა, სულ სხვაა რეალური განწყობა მოსახლეობაში და სულ სხვაა არჩევნების შედეგები. არჩევნებზე ზოგი რჩება სახლში, მმართველი გუნდი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და, შესაბამისად, მისი მოპოვებული ხმები უფრო მეტია, ვიდრე მოსახლეობაში არსებული რეალური განწყობა. ჩემი აზრით, რიცხვები, დაახლოებით, ასე დაჯდება: „ქართულ ოცნებას“ 41% პროპორციულ ნაწილში; მაჟორიტარული ოლქებიდან, სავარაუდოდ, 25-ს მოიგებს და ეს სრულიად ეყოფა უმრავლესობის დასაკომპლექტებლად. წესით, დღევანდელი გადასახედიდან ასე იქნება, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა. ისმის ოპტიმისტური განწყობა, რომ 2012 წელსაც ასე იყო და კვლევებით მაშინ ძალიან ცოტა პროცენტი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და საბოლოოდ კი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. ვინც ამას ამბობს, მათ მინდა შევახსენო, რომ 2012 წელს, ბოლო კვლევების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად უსწრებდა „ქართულ ოცნებას“. სწორედ ამის შემდეგ იფეთქა „ცოცხების სკანდალმა“, რამაც რადიკალურად შემოატრიალა ყველაფერი. მანამდე, თუ ძალიან ბევრ ადამიანს ეშინოდა „ქართული ოცნების მისამართით მხარდაჭერის დაფიქსირება, ბევრიც ნიჰილისტურად და ნეიტრალურად იყო განწყობილი, თუმცა ამ სკანდალის შემდეგ საკმაო რაოდენობით გამოვიდა და ღიად დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. მათ შორის ნეიტრალურმა ამომრჩეველმაც ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. შესაბამისად, ანალოგის გავლება არასწორია 2012 წელთან.
_ დავაზუსტოთ, თუ ცოცხების თემის მსგავსი მასშტაბური სკანდალი არ აგორდა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება?
_ თუ მსგავსი ტიპის სკანდალი არ იქნება, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების კარგი შანსი აქვს. მათ არ ექნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა ჩვეულებრივი უმრავლესობით შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთია მოსახლეობის განწყობა და მეორეა არჩევნების შედეგები. რატომ ვერ იყენებს ოპოზიცია სათავისოდ მოსახლეობაში არსებულ განწყობას? თქვენ ხშირად გითქვამთ ჩვენთან ინტერვიუში, რომ ოროსნების ხელისუფლება გვყავს. თუნდაც ამას რატომ ვერ იყენებს ოპოზიციური სპექტრი?
_ ოროსნების ხელისუფლება აღარაა, ახლა უკვე 4-ოსნების ხელისუფლებაა, რადგან რამდენიმე მინისტრი ნამდვილად კომპეტენტურია. თვითონ პრემიერ-მინისტრიც საკმაოდ კომპეტენტურია, მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ფონზე ძალიან თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ეს კაბინეტი გაცილებით სჯობს ყველა სხვა წინამორბედს. აშკარად კომპეტენტურია ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი ძველი კადრია და ვერავინ დააბრალებს ქოცობას, რადგან მაშინაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოქმედებს ოპოზიცია, მაშინ, როცა 2012 წელს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული იყო, ერთმანეთთან კონფრონტაციაში არ შედიოდა. ახლა კი რამდენჯერაც ოპოზიციურ არხებზე გადამერთვება, სულ ოპოზიცია ეკამათება ერთმანეთს. ეს ამ სიტუაციაში ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაამარცხონ ივანიშვილი, რომელსაც აქვს თავისი მილიარდებიც და ადმინისტრაციული რესურსიც. 2012 წელს მიშას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი ჰქონდა, მილიარდები კი _ ბიძინას. ასევე ბიძინას გარშემო დარაზმული იყო მთელი ოპოზიცია, ახლა ოპოზიცია დაქსაქსულია და ადმინისტრაციული რესურსი და მილიარდებიც ბიძინას მხარესაა. არ ვიცი, რას აპირებს ოპოზიცია, რისი იმედი აქვს? მათი ბაქიბუქიც მესმის ხოლმე და, ამასთან ერთად, მწარედ მეცინება.
_ ოპოზიციის დაქსაქსულობაში ბიძინას ხელს ვერ ხედავთ?
_ დიახ, ვხედავ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დაკონკრეტება არ მინდა, იმიტომ, რომ არ მსურს, ვინმეს ვაწყენინო.
_ ნუ დაკონკრეტდებით, მიგვანიშნეთ.
_ თავს შევიკავებ. ყველას ვიცნობ, ყველა ერთმანეთის მეგობარია და ვინმეზე რომ ვთქვა, ოპოზიციაში დაქსაქსულობის შეტანაზე ბიძინას ხელი ურევია-მეთქი, გამინაწყენდებიან. პატარა ქვეყანაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ვინც პოლიტიკაში ერკვევა, სიმართლე ყველამ იცის.
_ ამ შემთხვევაში კითხვაზე პასუხი მკითხველისთვის მჭირდება, რომლის ნაწილს, შესაძლოა, პოლიტიკის კულუარულ ამბებთან წვდომა არ ჰქონდეს.
_ (იცინის), მკითხველი ჩაუკვირდება რაღაც-რაღაცებს და მარტივად მიხვდება.
_ „პირველი ქვა იმან ისროლოს, ვისაც ბიძინას ფული არ აუღია!“ _ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ეს ფრაზა დაპოსტეთ. ესეც ამ თემას ეხებოდა?
_ ეს სხვა კონტექსტია. მაგალითად, მე ვხედავ, რომ გამოდის გუბაზ სანიკიძე და 24 საათი ლანძღავს ბიძინა ივანიშვილს. 2006 წელს, მაშინ, როცა მე ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ვიყავი, არანაირად არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და პირდაპირ ეთერში სანიკიძემ მიშას აპოლოგეტი მიწოდა. ახლა გამოდის გუბაზი და ჭკუას გვასწავლის, რომ მიშა კარგია და მხარი უნდა დავუჭიროთ, _ ასეთ რაღაცებზე მეცინება. მე მეჩხუბებოდა, მიშას ფანი ხარო, არადა, პარტიის წევრიც არ ვყოფილვარ, ფანობაზე ზედმეტია საუბარი, ახლა კი მიშას აქებს და ბიძინას აგინებს.
_ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის ბოლო პერიოდში წინა პლანზე არ გამოდის, როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ დიახ, ის ნაკლებად ჩანს, წინა პლანზე არ გამოდის, ცდილობს, წინა პლანზე წარმატებული სახეები გამოუშვას, მაგალითად, გახარია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ივანიშვილი გამოვიდა და ხალხს სთხოვა, რომ კიდევ ერთი შანსი მომეცითო. ახლა, ალბათ, ხვდება, რომ მისი გამოჩენა ელექტორატს გააღიზიანებს. პრინციპში, ძალიან ჭკვიანურადაც იქცევა. ის 2018 წელს გამოვიდა და პატიება ითხოვა, თქვა, რომ ყველაფერს გამოასწორებდა, თუმცა არც არაფერი გამოუსწორებია. ამიტომაც სჯობს, რომ თავისთვის წყნარად იყოს.

ნენე ინჯგია