თინათინ მაღალაშვილი: „ჩემს შემოქმედებაში კორონისა და პირბადის ადგილი არ არის“
ექსპერტებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, დაასკვნეს, რომ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ფერები ნატურალური და ბუნებრივთან დაახლოებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე ფიქრი წლების წინათ ქართველ დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს არ დასჭირვებია, რადგან მისი გარდერობი, ისევე როგორც მოდის სახლი, ფერთა გამითა და სიკაშკაშით გვამახსოვრებს თავს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მოდის ბიზნესში თინათინ მაღალაშვილი სხვა დიზაინერებისგან სწორედ ამ მრავალფეროვნებით, კლასიკურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა.
ის, რომ ქართველებს შავი ფერი განსაკუთრებულად გვიყვარს, ამ სტერეოტიპს დიზაინერი სრულიად ამსხვრევს, რაც იმ ადამიანების ჩაცმულობაზე აისახება, ვინც თინათინ მაღალაშვილის ბრენდის მომხმარებელია.
იგი 12 წლის მანძილზე არ კარგავს აქტუალურობასა და ინდივიდუალიზმს. აქამდე თუ მისი ბრენდი, ძირითადად, მხოლოდ ვიაიპი კლიენტებისთვის იყო გათვლილი, დიზაინერმა ახლა გადაწყვიტა, რომ ყველა სეგმენტს მოერგოს და პანდემიის პირობებში მომხმარებელს ის ხაზი შესთავაზოს, რომელზედაც განსაკუთრებული მოთხოვნა იყო.
მაღალი მოდის კვირეული, გასვლითი ჩვენებები ევროპასა და აზიის ქვეყნებში, _ ეს დაგეგმილი ვიზიტების ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ქართველ დიზაინერს კორონავირუსის გამო დროებით გადაედო.
რას აპირებს თინათინ მაღალაშვილი? რა მდგომარეობაშია დღეს მოდის ბიზნესი? რას ფიქრობს მოდის მეტრი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე? ვისთან იმუშავებდა სიამოვნებით?
ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ესაუბრება:
_ ქალბატონო თინათინ, პანდემიამ ძალიან ბევრი სფერო გააკოტრა და მოშალა. ეკონომიკური ზარალი ნახა მცირე და საშუალო ბიზნესმა. რა ხდება და დღეს კონკრეტულად მოდის სფეროში?
_ კატასტროფა! საქართველოში პატარ-პატარა კრიზისული სიტუაციები ყოველთვის იყო ხოლმე, თუმცა საზღვარგარეთ მიწვევები მაინც გვქონდა და იმ დანაკლისის კომპენსირებას ვახერხებდით. ზოგადად, ქართველი დიზაინერები კარგად ვთანამშრომლობთ აზიურ ქვეყნებთან, იგივე აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ბაზარი გვაქვს, ჩვენ ყოველთვის საინტერესოები ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. აქტიურად იყო გამოწერები და ონლაინ გაყიდვები. სტაბილურად მქონდა მიწვევები ევროპის მასშტაბით: გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში; ისრაელში. ეს ყველაფერი აბალანსებდა იმ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საქართველოში მოდის სახლს ჰქონდა, დღეს კი, მოგეხსენებათ, რა სიტუაციაშიც ვართ.
ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ ხელოვნება და თვითგამოხატვის საშუალებაა, რადგან მხატვარი ვარ და ამ ყველაფერს ცოტა სხვა კუთხით ვუყურებ. ბრენდი „თინათინ მაღალაშვილი“ არ არის ბიზნესი, ეს ხელოვნებაა, რადგან ჩვენ არ ვქმნით მასობრივ სამოსს. ასეთი სამოსის შემქმნელებისთვის კიდევ უფრო პრობლემური გახდა დღევანდელი სიტუაცია, რადგან მასობრივი ტანსაცმელი ბევრია და მისი რეალიზება ძალიან რთულია. ჩვენთან თითო-თითო ეგზემპლარი იქმნება, რომელიც ყოველთვის იყიდება და თავის პატრონი ჰყავს. შესაბამისად, მასშტაბური დარტყმა ამ რყევებს ჩვენთვის არ მოუტანია.
_ ქუჩის მოდაზე, ანუ ყოველდღიურ ხაზზე არ მუშაობთ?
_ ქუჩის მოდაზე არ ვმუშაობთ. რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ხელით ნამუშევარი გვაქვს და ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის გვყავს. როგორც ყველა, ჩვენც დამოკიდებულები ვართ ლარის კურსზე, რომელიც ასევე კატასტროფულ მდგომარეობაშია. გვაქვს კრედიტები, მომიწია პერსონალის შემცირება, შესაბამისად, რამდენიმე ადამიანი უმუშევარი დარჩა და ფიზიკურად მუშაობა მიწევს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დარტყმაა. მოდის სახლის ხელმძღვანელი არ უნდა ვიჯდე და არ უნდა ვკერავდე ჩემი ხელით, ამას ხალხი უნდა აკეთებდეს, რათა სხვა კუთხით ვმართო მოდის ბიზნესი. იმისთვის, რომ მოდის სახლი მეხსნა გაკოტრებისგან, ყველანაირ დათმობაზე წასვლა მომიწია და ამ სახით დავიწყე მუშაობა. რეალურად, დღეს უკვე გადარჩენაზე ვმუშაობთ. 2012 წელს რომ ბიზნესსესხი ავიღე, მაშინ დოლარის კურსი 1.67 იყო, დღეს 3.20-მდე მერყეობს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმაა.
_ ძალიან ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობთ და უამრავ მოდის კვირეულზე გაქვთ მონაწილეობა მიღებული. ახლა თუ აპირებდით სადმე გამგზავრებას და როგორ შეცვალა პანდემიამ თქვენი გეგმები?
_ სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. დაგეგმილი გვქონდა ესპანეთის მაღალი მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღება, შემდეგ მადრიდის მაღალი მოდის კვირეულზე ვიყავით მიწვეულები, რომელიც, სამწუხაროდ, გააჩერეს. ასევე ლვოვის მაღალი მოდის კვირეულზე ვიყავით მიწვეულები. ეს ყველაფერი პანდემიის გამო გადაიდო. გარდა ამისა, აპრილში დაგეგმილი გვქონდა, რომ საქართველოში ჩაგვეტარებინა მაღალი მოდის კვირეული, რომელიც უნდა გადაქცეულიყო პლატფორმად მთელი აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და აზიის ქვეყნებისთვის, სადაც მაღალი დონის დიზაინერები წარმოადგენდნენ თავიანთ კოლექციებს. 14-მა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროექტიც გადაიდო. ამ რეგულაციებით წარმოუდგენელია რაიმე ღონისძიების ჩატარება, რადგან ეს უნდა იყოს მასშტაბური და მაღალი კლასის მოდის კვირეული. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ ქვეყანასთან მაქვს კონტაქტი და ყველა დაბნეულია, რადგან ღონისძიებების გადადება უწევთ. ეს „დიჯითალ ფორმატიც“ არ გამოდის, რადგან ყველა დიზაინერს ურჩევნია, რომ თვითონ ჩავიდეს და ჩაიტანოს კოლექცია, როგორც მე.
_ მკითხველს რომ ავუხსნათ, რას ნიშნავს „დიჯითალ ფორმატი“?
_ მაგალითად, მწვანე ფონზე უნდა გადამეღო კოლექცია და შემდეგ ეს მასალა უცხოეთში გამეგზავნა.
_ ფაქტობრივად, ონლაინ ჩვენება შემოგთავაზეს და ეს ფორმატი თქვენთვის მიუღებელია?
_ რა თქმა უნდა! მიუღებელი და ძალიან დიდი სისულელეა! ჩემს პარტნიორებს ვუთხარი, რომ დაველოდები ბედნიერ მომავალს, როდესაც პირადად ჩამოვიტან კოლექციას, პირადად ჩავეხუტები მათ, პირადად ჩავაცმევ მოდელებს და პირადად მივიღებ იმ სიამოვნებას, რასაც ჩემი საყვარელი საქმე მანიჭებს მთელი ცხოვრება. მუშაობის პროცესია ყველაფერი და ხელოვანმა ადამიანმა ეს თუ არ შეიგრძენი, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენს?!
_ რამდენად რთულია ხელოვანი ადამიანისთვის ასეთ სიტუაციაში მუშაობა? კრიზისი ხომ ძალიან უარყოფითად აისახება კულტურის, ხელოვნებისა და მოდის სფეროზე?
_ ნამდვილად, თუმცა მე მრავალმხრივი პროფილის დიზაინერი ვარ, აქედან გამომდინარე, არასოდეს მიჭირს სიტუაციაზე მორგება. მაგალითად, შარშან ერთ-ერთი რესტორნის დიზაინი გავაკეთე, შემდეგ ძალიან ბევრი შემოთავაზება წამოვიდა, მერე „ზალა-რესტორნის“ დიზაინი გავაკეთე. წესით, მე, როგორც ხელოვანს, ყოფით პრობლემებზე არ უნდა მიწევდეს ფიქრი, მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრიც გვიწევს და სხვა ბევრი რამეც, თუმცა მოვერგე ამ სიტუაციას. თუ მოდის სახლი საკუთარ თავს ვერ შეინახავს, მაშინ სხვა რესურსს მოვძებნი, რომ მე შევინახო, რადგან ჩემთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გადავრჩე. რაც შეეხება პანდემიასა და არსებულ სიტუაციას, სიმართლე გითხრათ, ცოტა თამამად შევხვდი, რადგან, რეალურად, ჩემთვის კრიზისული პერიოდი ცოტა ადრე, 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დაიწყო; მეორე კრიზისი 2008 წელს შემეხო, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს; მესამე კრიზისი 2013-14 წლებში იყო, როდესაც მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დავარდა. ამ პერიოდში ძვირადღირებული კოლექციის ფასი გავანახევრეთ და ამით გადავარჩინეთ მოდის სახლი. დღესაც კრიზისია და რეალურად მორგებულები ვართ ამ სიტუაციას. საზოგადოების გულის ფეთქვას მივყვებით და ფასების გამეოთხედება რომ მოგვიწიოს, ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან რეალურად ბაზარზე დავრჩეთ. სწორედ ამიტომ არსებობს დღეს 12 წლის მანძილზე მყარად მოდის სახლი თინათინ მაღალაშვილი.
_ როგორც ჩანს, თქვენ ითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომრეობას და მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით ზრდით ან აკლებთ ფასს.
_ ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილს. ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვა გავაკეთეთ, თუ ვის რა ფერებში უნდა, რომ თინათინ მაღალაშვილის ბრენდი იხილოს? ასევე ვინ რა ფასის ფარგლებში შეიძენდა, მაგალითად, პალტოს? აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ღია ფერებს ითხოვდა, იმას რაც მუდმივად ახასიათებს ჩემს ბრენდს და 300-იდან 500 ლარამდე ღირებულ პალტოს. ანუ საზოგადოებისგან მივიღეთ მესიჯი, რომ ჩვენ ეს თანხა შეგვიძლია გადავიხადოთ პალტოში. ბელარუსის მოდის კვირეულის პრეზიდენტს ვეუბნებოდი, რომ სადაც არსებობს დემნა გვასალია, იქ ყოველთვის არსებობს შანელი და დიორი, სადაც არის ახალგაზრდული, გიჟური, არანორმალური იდეები და თავდაყირა დამდგარი მოდა, იქ ყოველთვის არსებობს კლასიკური და ხელით ნამუშევარი მაღალი მოდა. გამომდინარე იქიდან, რომ 12 წელი მყარად ვდგავართ ბაზარზე, ე. ი. ჩვენ მოთხოვნადი ვართ, მოთხოვნადია ის ფერები, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ და ეს ძალიან მახარებს.
_ თქვენთვის რამდენად მისაღებია ეს ფასები?
_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უბრალო ქსოვილზე არ ვმუშაობთ, გადმოვეწყვეთ ამ პოლიტიკაზე. შევიმუშავეთ ძალიან ბევრი ვარიანტი, მოდელი, რომელსაც არ სჭირდება დიდი დრო კერვისას, დავამატეთ ჩვენებური „ფიშკა“ და პალტოების კოლექცია უკვე მზადების პროცესშია. ასეთი იაფი ფასები მოდის სახლს არასდროს ჰქონია, მაგრამ რას ვიზამთ. ეს მესიჯი საზოგადოებისგან მოვიდა და ჩვენ მისი ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ. ჩვენთან სიახლეა ასევე ის, რომ მამაკაცის ხაზზე მუშაობას ვიწყებთ. პანდემიამ დაგვაზარალა, მაგრამ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება ახალი მიმართულებებით. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვცდილობ, ახალ რელსებზე გადავიდე. მაღალი მოდა რომ გადავარჩინო, ახალი მიმართულებები უნდა შევქმნა. აქედან გამომდინარე, თინათინის სახალხო ხაზს ვაკეთებ, რომელიც დამუშავების პროცესშია. ის, რაც ახლა მოგიყევით, თქვენთან ექსკლუზიურად ვთქვი.
_ პანდემიის პერიოდში ბევრმა დიზაინერმა შეცვალა მუშაობის სტილი: დაიწყო სხვადასხვა ნივთისა თუ აქსესუარის შექმნა. გამოუშვეს ბრენდული პირბადეები. თქვენ ამ კუთხით არ გიმუშავიათ?
_ პირველ რიგში, საშინელი პროტესტი მაქვს ამ სიტუაციის მიმართ. გაჩერებულია ყველაფერი და ველოდები, როდის ამოძრავდება რამე, რომ მეც ავმოძრავდე. იდეალისტი ვარ, არასოდეს დამიხატავს ავადმყოფობა, ჩემთვის ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, იდეალური, ესთეტიკური და მთავარი ფაქტორი, _ ღიმილი აუცილებელია. პანდემიის დროსაც კი, როდესაც მანქანებით სიარული აიკრძალა, ფეხით მოვდიოდი მარტო სამსახურში და ვმუშაობდი. სწორედ მაშინ მქონდა შემოთავაზება, რომ პირბადეები გამეკეთებინა და გამეყიდა, მაგრამ საშინელი პროტესტი გამიჩნდა, რადგან მე თუ პირბადეს გავაკეთებ, აუცილებლად გავაჩუქებ და არ გავყიდი. ბევრმა დიზაინერმა იპოვა გამოსავალი, რომ ბიზნესი გადაერჩინა და პირბადეების გაკეთება-გაყიდვა დაიწყო. მესმის და არ მინდა მათ წინაშე რამე ცუდად გამომივიდეს, ამიტომ ბოდიშს ვიხდი… მაგრამ ვერავის გაჭირვებაზე და ავადმყოფობაზე ფულს ვერ ვიშოვი. საშინელი პროტესტი მაქვს პირბადის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჯარო დაწესებულებაში უნდა გვეკეთოს, რადგან კანონი გვავალდებულებს! ესეც მესმის, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში კორონასა და პირბადის ადგილი არ არის. არც ერთი ფოტო არ გადამიღია პირბადეში და საშინელი, კატასტროფული პროტესტი მაქვს ამ პროცესის მიმართ.
_ სრულიად გასაგები და მისაღებია ეს პროტესტი. მოდასა და მის ტენდენციებს დავუბრუნდეთ.
_ როდესაც მოდის ტენდენცია არსებობს, ის არსად ქრება. სულ ვაბობ, რომ მოდა არ არის ვიღაცის შექმნილი, იგი ადამიანის მოთხოვნებიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარეა. რეალურად, დღეს რომ გვაქვს სპორტულ-კლასიკური მოდა, ასეთი ტენდენციები ცხოვრების რიტმმა და რეჟიმმა მოიტანა. როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში კორსეტებისგან განთავისუფლდა ქალი, იმიტომ რომ ქალმა დაიწყო შრომა, მუშაობა და ფაშფაშა კაბით ფაბრიკაში ვერ დაჯდებოდა, მით უმეტეს, საჭეს ვერ ატარებდა. მოდა არ არის ცალკე აღებული სფერო. მოდა, დაწყებული ძველი ეგვიპტის პერიოდიდან, ყოველთვის ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებას მიჰყვებოდა. რეალურად, დღეს ის მოდა გვაქვს, რაც ცხოვრებამ მოიტანა. დღეს ხალხს როგორც არასდროს, ისე სჭირდება ნათელი ფერები და პოზიტიური მუხტი.
_ თქვენთვის რა არის მოდა?
_ სულიერი მდგომარეობა. თუ რაღაცას ვქმნი, იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას მოეწონოს ან _ არა, ამას იმ წუთს ვგრძნობ, სიზმარში ვხედავ. მაგალითისთვის დავასახელებ ჩემს ერთ-ერთ წარმატებულ კოლექციას, რომელსაც დავარქვი „დაცემული ანგელოზი“. ეს კოლექცია ოთხ მაღალი მოდის კვირეულზე იყო გატანილი. ვიკინგების მუსიკას ვუსმენდი, როდესაც იდეა გაჩნდა, რომ ეს კოლექცია გამეკეთებინა. ორი წლის წინათ მასობრივად ხდებოდა ქალებზე ძალადობა. ჩვენება იწყებოდა საქორწილო კაბით, ანუ კონცეფცია იყო შემდეგი: გააჩნია, ვინ გყავს გათხოვების შემდეგ გვერდით, თუ გაჭრიან ფრთებს, შენ უკვე დაცემული ანგელოზი ხდები, მაგრამ დაცემის შემდეგაც კი ყველა ქალს შეუძლია ფეხზე ადგომა და ცხოვრების ახლიდან დაწყება. ეს თემატიკა ჩავდე კოლექციაში, სადაც ერთგვარი ტკივილი და პროტესტი გამოვხატე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ძალიან წარმატებული პროექტი გამოვიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სიზმარში მინახავს კაბა, შემდეგ დამიხატავს და სამ დღეში დამიმთავრებია. ამ ყველაფერს განათლება უნდა უძღოდეს წინ, რათა შეგეძლოს ფერთა შეხამება, კონტურისა და სტილის შეგრძნება… სამხატვრო აკადემია დავამთავრე, კოსტიუმის ისტორიას ვკითხულობდი სხვადასხვა მოდის სახლში. ბევრმა იცის ხოლმე თქმა, რა დროს მოდააო და ამ დროს ყველას აინტერესებს, რომელ ვარსკვლავსა თუ პოლიტიკოსს რა აცვია, როგორ გამოიყურება, ვინ აცმევს, რა ფერებში და ა. შ.
_ მოდა და პოლიტიკა _ რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს ქვეყანაში, ნებისმიერ საჯარო ფიგურას ფორმაში ყოფნა მოეთხოვება. განსაკურებით პოლიტიკოსს ქალბატონებს, რომლებიც უნდა იცავდნენ ეტიკეტს. რომელი ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონის იმიჯზე იზრუნებდით დიდი სიამოვნებით? როგორც ცნობილია, თქვენ აცმევდით თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მეუღლეს.
_ დიახ, თიკუნასთან (დავით ნარმანიას მეუღლე) წლები ვმუშაობდი. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღებს რჩევას და, სხვათა შორის, ერთად ვისწავლეთ ბევრი რამ. პირველი საჯარო გამოსვლის შემდეგ ვისწავლეთ დოზირებულად რაღაცების ჩარჩოში ჩასმა. თიკას ძალიან უყვარდა ღია ფერები, განსაკუთრებით აფასებს ხელით ნამუშევარს, ძალიან ბევრი ლუქი შეგვიკერავს და დღემდე ვმეგობრობთ. ვინც მომმართავს, ნებისმიერ ადამიანთან ვიმუშავებდი, რადგან ჩემთვის ყველა პერსონა საინტერესოა. აპოლიტიკური ვარ და ეს მეხმარება ყველასთან მუშაობაში.
_ ვისთან ვერ იმუშავებდით?
_ ადამიანთან, რომელიც გამუდმებით მეუბნება და იმეორებს სიტყვებს: ასე მინდა, ასე მინდა, ასე, ასე… მსგავსს ადამიანს პირადაპირ ვეუბნები, რომ თქვენ არ გჭირდებათ დიზაინერი, რადგან იმდენად იცით უკვე, რაც გინდათ, რომ ჯობია, მიხვიდეთ ნებისმიერ ატელიეში მკერავთან, უფრო იაფიც დაგიჯდებათ და მეც არ ვიწვალებ-მეთქი.
_ რას იტყვით საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტზე? რამდენად გემოვნებიანად იცვამს იგი და რას შეცვლიდით მის ჩაცმულობაში?
_ არ მსურს მასზე საუბარი. უბრალოდ, როგორც დიზაინერი, გეტყვით, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ბევრად გემოვნებიანად ეცვა.
გიორგი საკარული