თემურ პაპასქირი: „ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ჰყავს პრორუსი მთავრობა“

ირინა მაკარიძე

ქვეყნის დამოუკიდებლობიდან სამ ათეულზე მეტი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვების მიუხედავად, გააფუჭა ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ხოლო უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ ახალი სანქციისა და დაფინანსების შეჩერების შესახებ, ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან 16 წლისთავზე უგზავნის წერილს, სადაც უდასტურებს აშშ-ის ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და პარტნიორული ურთიერთობის მიმართ. ამავე დროს ქვეყანაში ჩამოდის აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის შემადგენლობით, რომლებიც გარდა იმისა, რომ შეხვდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასა და სამოქალაქო სექტორს, იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე ჯერ არ ჩასულა. ამასთან, 2 თვეში ქვეყანაში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები და ეს ყველაფერი ხდება რეგიონში მიმდინარე უდიდესი დაპირისპირების ფონზე, რომელიც გამოხატულია რუსეთ-უკრაინის ომით.

ამ უნიკალური ისტორიული მომენტის, არაორდინალური ვითარებისა და მოახლოებული არჩევნების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, თემურ პაპასქირი:

_ ეს არის გარდატეხის წერტილი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, არა მარტო ჩვენ, სამყაროც არის ამ გარდატეხის წერტილში, მაგრამ ჩვენთვის ასე ცალსახად ეს მომენტი აქამდე არასდროს ყოფილა. ყველა საერთაშორისო პარტნიორი გვეხვეწება: _ იყავით ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო და თქვენ აუცილებლად გაწევრიანდებით ევროკავშირში, გექნებათ უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან. გექნებათ ისეთი პირობები, რომლის მსგავსი საქართველოს არასდროს ჰქონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც, ფაქტობრივად, არის ღიად პრორუსული, გამოხატავს რუსეთის ინტერესებს, შესაბამისად, აშშ-ის სანქციებიც არის მიმართული არა საქართველოს, არამედ მთავრობის წინააღმდეგ. ამის გამიჯვნა ხდება, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ნათელი მომავალი, ფაქტობრივად, წინ გვაქვს და მის მიღწევაში ხელს გვიშლის მხოლოდ საქართველოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და ზუსტად ასახავს სიტუაციას _ სანქციები საქართველოს მთავრობას, მხარდაჭერა ქართველ ხალხს. იმედია, რომ უახლოეს მომავალში უკვე საქართველოს ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც გამოხატავს ხალხის ნება-სურვილს. 26 ოქტომბერს არის არჩევნები და, შესაბამისად, ქართველ ხალხს აქვს შესაძლებლობა, გააკეთოს თავისი არჩევანი. არის რამდენიმე ოპოზიციური ძალა, რომელიც ღიად გამოხატავს პროდასავლურ კურსს. საქართველოს მოქალაქემ მათგან რომელიმეს უნდა მისცეს ხმა, შესაბამისად, შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რომელიც გააკეთებს იმას, რაც უნდა ქართველ ხალხს, მორჩა და გათავდა!

_ სათქმელად ძალიან მარტივია, მაგრამ, მეორე მხარე არის სახელისუფლებო ძალა, რომელსაც არ სურს ძალაუფლების დათმობა, ამაზე რას იტყვით? 

_ სათქმელად მარტივია, ამავდროულად ის განწყობა, რაც სუფევს საქართველოში, ამ მარტივ მოცემულობას არც ისე რთულ შესასრულებელს ხდის. მოსახლეობის განწყობა ოპოზიციურია, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის არჩევანი როდესაც დგას ევროპასა და რუსეთს შორის, დასავლეთსა და რუსეთს შორის, რასაკვირველია, რუსეთს არ ირჩევს. რუსეთს ირჩევს მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც მხოლოდ პირადი კეთილდღეოისთვის  ზრუნავს და არა სახელმწიფოს ინტერესებისთვის.  

_ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამ პოლიტიკით შეინარჩუნა მშვიდობა, ახლა რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ „რადიკალები“, როგორც ოპოზიციას უწოდებს, ქვეყანაში იქნებოდა ომი, ეს საუბრები, გარკვეულწილად, მოქმედებს ადამიანებზე, რას იტყვით ამის შესახებ?

_ „ქართული ოცნება“ არის, უბრალოდ, მატყუარა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რა აწუხებს „ქართულ ოცნებას“. არავითარი ომი არ იქნება. აშშ-სა თუ ევროპაში არასდროს, არც ერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს, ხელისუფლების წარმომადგენელს არ მოსვლია აზრად, მოეთხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა რუსეთისთვის. ეს არის პროპაგანდის ნაცადი ხერხი, მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რაც მას თავში არასდროს მოსვლია, შემდეგ ებრძოლო ამას და დაამარცხო ეს წარმოსახვითი მოწინააღმდეგე. რა არის „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი, კარგად ვხედავთ. ორი დღეა ბიძინას ბაობაბების თემა არ ჩამოდის მათი კონტროლირებადი ტელევიზიების ეკრანებიდან, როგორ გაუხმო ოპოზიციამ ბიძინას ხეები, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. მგონი, საქართველოში არავინაა, ვისაც ეს ბაობაბები აინტერესებდეს. მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი კონტრპროდიქტიულია _ კარგად აჩვენებს, ვისი და რისი კეთილდღეობა აინტერესებს „ქართულ ოცნებას“. სახელმწიფოს კეთილდღეობა მას არ აინტერესებს და ბაობაბი აწუხებს. რატომ? იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული პირის სამსახურშია „ქართული ოცნება“  დღე და ღამე.

_ რას იტყვით რუსეთ-უკრაინის ომის ხაზის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ, შეცვლის თუ არა „ქართული ოცნების“ განწყობებსა და დამოკიდებულებებს ეს ფაქტი?

_ ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან სახიფათო და საშიში რამაა. ეს მთლიანად ანგრევს მათ  პროპაგანდას ომთან დაკავშირებით. რა საქართველოზე თავდასხმის თავი უნდა ჰქონდეს რუსეთს, როდესაც თავის ტერიტორიას ვერ იცავს? ომის თავიდან აცილება თუ გინდა, უსაფრთხოების ქოლგას უნდა ეძებდე, რასაც თვითონ გთავაზობს   ევროკავშირი, რომელსაც შენ პასუხად წიხლს კრავ. უკრაინის ამ შეტევამ, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველაფერზე ლაპარაკობენ, გარდა იმისა, რომ კურსკის ოლქის საკმაოდ დიდი  ნაწილი რამდენიმე დღეა უკვე უკრაინელების ხელშია. „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს თუ აქვს რამე ნათქვამი ამის შესახებ?

_ მამუკა მდინარაძემ, პირიქით, ოპოზიციის მისამართით გააჟღერა ეს ბრალდება, რომ არ საუბრობენ ამ თემაზე.

_ მათ არ უხარიათ, რაც ხდება. უკრაინა აკეთებს იმას, რაც ნებისმიერმა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ უნდა გააკეთოს, ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს მისი მტრის, რუსეთის დაჩაჩანაკებულ მდგომარეობაში ყოფნა. დღეს, მათ შორის, ქართველი ბიჭები იბრძვიან და აფრიალებენ ქართულ დროშებს კურსკში, სხვადასხვა ადგილებში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტია  მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგანაც ჩნდება იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნამდვილად არ არის უტოპია და ეს შესაძლებელია, რადგან რუსეთი, თურმე, სულაც არ არის ის დიდი ძალა და უძლეველი მონსტრი. ამას ამტკიცებს უკრაინა ბოლო 2 წელიწად-ნახევარში და ახლა განსაკუთრებით კარგად აჩვენებს. „ქართულმა ოცნებამ“ შარშან პრიგოჟინის აჯანყების დროს მხარი დაუჭირა პუტინს, ღიად გამოვიდნენ და თქვეს, ფაქტობრივად, _ რას გიხარიათ ეს პროგოჟინის მარშიო, თითქოს ჩვენ ვიყავით პროგოჟინის დიდი მომხრეები ოპოზიციაში. არა, ჩვენ გვინდოდა, რომ რუსეთში არეულობა ყოფილიყო და ამით გაადვილებულიყო იმ მიზნის მიღწევა, რაც აქვს საქართველოსა და უკრაინას, პრინციპში, ცივილიზებულ მსოფლიოს! მდინარაძემ რა უნდა ილაპარაკოს ოპოზიციაზე, ერთხელ რომელიმე მათგანი არ გამოსულა და პუტინის ქმედებები არ დაუგმია და ვის რა უნდა უთხრას?!

_ უკრაინაში მებრძოლების მიმართ სუს-ი აწარმოებს გამოძიებას, თითქოსდა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ და ატარებენ ამ ადამიანებს საგამოძიებო უწყებებში, ამაზე რას იტყვით?

_ ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს, რადგან ეს არის აბსოლუტური ბოდვა, თავიდან ბოლომდე შეთხზული ამბავი. ჩვენ გვახსოვს 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნების დროს სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკს იწყებდნენ და არცერთი საქმე არ გამოუძიებიათ, იმიტომ რომ ყველა მათგანი იყო ტყუილი. ეს ადამიანები თვითონ ამბობენ, რომ ისეთ აბსურდულ კითხვებს უსვამენ, სერიოზული პასუხები როგორ გავცეთ, არ ვიცითო. გასაგებია, ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა, მთელი სახელმწიფო აგებულია ერთი პირის გარშემო. 

_ რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, როგორც ცნობილი გახდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები წაიყვანეს კურსკში, უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად. რას იტყვით ამის შესახებ და რა პერსპექტივა აქვს ამ რეგიონებს რუსეთთან ერთად?

_ გავიხსენოთ რამდენ ქვეყანას აქვს აღიარებული ე. წ. აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა და გასაგებია ყველაფერი. მე ვიტყოდი, რომ ოსები უფრო მეტად დაიჩაგრნენ ამ სიტუაციაში, უფრო მეტი წაიყვანეს რუსებმა, რადგან ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევს რუსეთი თავს მათთან  მიმართებით. რაც შეეხებათ აფხაზებს, მათგან შედარებით ნაკლები  „მოხალისეა“ წასული.

_ აფხაზები აპროტესტებენ რუსებისთვის ტერიტორიების გადაცემას, შიშობენ, რომ რუსები ჩმოსახლდებიან და დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვლება მათ საზიანოდ, რას იტყვით ამის შესახებ? როგორც ვიცი, თქვენც აფხაზეთიდან ხართ…

_ დიახ, მე სოხუმელი ვარ, რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას აფხაზეთში, აფხაზებმა თვითონ შეცვალეს ძალისმიერად დემოგრაფიული ბალანსი აფხაზეთში, მოაწყვეს იქ ქართველების გენოციდი, ფაქტობრივად. „ეთნიკური წმენდა“ სამართლებრივი ტერმინი არ არის და შესაბამისად, გენოციდში გადის ის, რაც მათ მოაწყვეს. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან მსხვერპლის როლში თავის წარმოჩენა დაგვიანებულია, ეს მათი არჩევანი იყო. დემოგრაფიული სურათი აფხაზეთში შეცვალეს თვითონ აფხაზებმა, როდესაც ქართველები გამოყარეს იქიდან და ვინც არ გამოყარეს, დიდი ნაწილი დახოცეს.

_ „ქართული ოცნება“ ერთი პერიოდი საუბრობდა, რომ ისინი მშვიდობით შეძლებდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუმცა შემდეგ ამაზე საუბარი შეწყვიტეს, რას იტყვით ამის შესახებ?

_ დიახ, შეწყვიტეს, ეს მათი წინასაარჩევნო ფანდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ განსხვავებით სხვა საკითხებისგან, ეს განცხადებები არ შეუქო. მათი პოზიციაა, რომ რაც უნდა მონურად დაემორჩილო ჩვენს მოთხოვნებს, ამას ჩვენ არ გაგიკეთებთ. გვახსოვს კარგად, რუსეთმა გალის რაიონი არ დააბრუნა თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკანონებდა სამხედრო ბაზებს 30 წლით. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“, რომელიც რუსეთის ნებისმიერ დირექტივას ასრულებს დღეს, მით უმეტეს, ამას არ შეუსრულებს. რუსეთი, ვინც მას ემორჩილება, არასდროს არაფერს უსრულებს, ეს ცნობილი ფაქტია. ვინც მას ებრძვის, შესაძლოა, მას უფრო დაუთმოს, ვიდრე მას, ვინც მისი ყურმოჭრილი ყმაა.

_ რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნების მიმართ, იქნება ცვლილებები?

_ არჩევნების შედეგად შეიცვლება ვითარება. მოვა მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, რომელიც გამოასწორებს ურთიერთობებს დასავლეთთან, რუსეთს ჩვენი თავი ნამდვილად არ ექნება. რაც დრო გავა, მით უფრო არ ექნება ამის შესაძლებლობა, მას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს და ეს პრობლემები მხოლოდ იწყება ახლა იმ პროცესებით, რაც უკრაინელებმა  მოაწყვეს უკანასკნელ დღეებში.