თამარ ჩხეიძე: „ღარიბაშვილის გაპრემიერება რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელების სურვილია!“
სამთავრობო წყაროებიდან ნათელი ხდება, რომ „ოცნებაში“ პანიკაა _ ისედაც აჭრილ სიტუაციას გიორგი გახარიას მოულოდნელმა გადადგომამ ბოლო მოუღო. შესაბამისად, ივანიშვილის გუნდი, რომელსაც ოლიგარქი თითქოს გაემიჯნა, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება ხოლმე. ამ შემთხვევაში „ოცნების“ ხავსი ირაკლი ღარიბაშვილია, ანუ რიგით „მეოცნებეებს“ ჰგონიათ, რომ ღარიბაშვილი ჩასაძირად განწირულ პარტიას ნაპირამდე მშვიდობიანად გაიყვანს, მაგრამ შიდა კლანური ომი ისეთ ფაზაში შედის, რომ „ოცნებას“ ღარიბაშვილი კი არა, თვით პოლიტიკის ქურუმებიც ვეღარ გადაარჩენენ!
ამასობაში, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთმა მმართველი პარტიის მიმართ ტონი გაამკაცრა, ანუ თუ გაყალბებული 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციას ერთგვარ „ნაჟიმს“ უკეთებდნენ, გინდა თუ არა, ბოიკოტზე უარი თქვი და პარლამენტში შედიო, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა _ მსოფლიოს გავლენიანი მოთამაშეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ევროატლანტიკურ ღირებულებებს პატივი სცეს და ვითარების ესკალაციას ხელი არ შეუწყოს.
ერთი სიტყვით, ქართული პოლიტიკის ჯოკერი ახლა ოპოზიციას აქვს. ამ მოსაზრებას იზიარებს ეროვნული მოძრაობის ძირძველი წარმომადგენელი, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერი, თამარ ჩხეიძეც.
ჩვენი რესპონდენტი ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ „ოცნების“ ყველა წევრის უკან ერთი ადამიანი დგას და იგი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ბიძინა ივანიშვილია.
ისე, კარგად თუ დავაკვირდებით, გახარიას გადადგომამ და პრემიერად ღარიბაშვილის დასახელებამ, მართლაც, ნათელყო, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლა ჩვეულებრივი ტრიუკი იყო და მეტი არაფერი.
„ღარიბაშვილის გაპრემიერება რეაქციულ-რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელების უდავო სურვილს გამოხატავს. ამ სურვილის რეალიზაციას შეიძლება, ხელი შეუშალოს მხოლოდ ადეკვატურმა საერთაშორისო ზეწოლამ და საზოგადოების პროტესტმა.
ისე, ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა. მე კი ვფიქრობ, გამოჩნდა, ვინ მართავს ქვეყანას.
…მელიას დაჭერის გადადებასთან დაკავშირებით რაც მოხდა, უდიდესი მნიშვნელობისაა, მაგრამ გადადება ხომ არ ნიშნავს შესაფერისი მომენტის დადგომამდე გადადებას და როცა ხალხის სიმრავლე აღარ იქნება, ოპერაციის მერე განხორციელებას?
გახარიამაც ხომ ეს თქვა, მხოლოდ მაშინო, მაგრამ იმედია, ეს ხელისუფლების რეალური მარცხია“, _ აცხადებს თამარ ჩხეიძე.
_ ქალბატონო თამარ, ვიდრე გიორგი გახარიას გადადგომასა და ირაკლი ღარიბაშვილის „მეორედმოსვლაზე“ ვისაუბრებთ, ასეთ კითხვას დაგისვამთ: ნიკა მელიას საქმის გაცოცხლებისთანავე ოპოზიციამ საუბარი ახალ ეროვნულ მოძრაობაზე დაიწყო. თქვენ, როგორც ეროვნული მოძრაობის ძირძველი წარმომადგენელი, რას ფიქრობთ, ძველი და ახალი ეროვნული მოძრაობა ერთმანეთს რამით თუ ჰგავს? ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოში დღის წესრიგში ეროვნული მოძრაობის დაწყების აუცილებლობა რატომ დადგა?
_ მართალია, დღეს საქართველო დე იურედ დამოუკიდებელია, მაგრამ მაშინდელ და ახლანდელ ეროვნულ მოძრაობას შორის ის პარალელია, რომ თითქმის იგივე პრობლემებს იგივე იმპერია გვიქმნის, ანუ საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა რეალური იყოს.
_ დამისაბუთეთ, მოწინააღმდეგე იგივე ძალა, ე. ი., რუსეთი რატომაა? სხვათა შორის, მართლმორწმუნე „ქოცების“ ლოგიკით, ნიკა მელია დამნაშავეა, ყოველ შემთხვევაში, იგი კანონს არ ემორჩილება, ამიტომ უნდა დაისაჯოს და აქ რუსეთი რა შუაშიაო? მეტიც: გია ვოლსკიმ ისიც თქვა, გავრილოვის თემა უბადრუკიაო…
_ ეს ვოლსკისგან ბუნებრივი პოზიციაა და არც შეიძლება, რომ გავრილოვის თემა მან სხვანაირად აღიქვას.
_ რატომ არ შეიძლება?
_ ვოლსკი თავადაა იმ ძალის წარმომადგენელი, რომელზედაც ვსაუბრობთ!
_ მოკლედ, სსრკ-ს დროს გასაგებია, მაგრამ კრემლი ახლა რატომ გვებრძვის?
_ მიზეზი იგივეა _ რუსეთს არ სურს და, ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, საქართველოს დაკარგვას ჯერ კიდევ ვერ შეგუებია. ისე, თუ შანსი მიეცემა, ცხადია, ბალტიისპირეთის დაბრუნებასაც შეეცდება, თუმცა ამისთვის დღეს ვერ იბრძვის. ასევე ვერ იბრძვის აღმოსავლეთ ქვეყნების დასაბრუნებლად. საქართველოში კი თავისი რეალური ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მეტად „გაუვიდა“. ამიტომაც თავის არაოფიციალურ საზღვრებში საქართველოს შენარჩუნებას ცდილობს. იცის, რომ დღეს ეს შეუძლებელია, მაგრამ ცდილობს, აქ თავისი გავლენა არ დაკარგოს.
_ გასაგებია, რომ „ოცნება“ რუსულ ნარატივებს ატარებს, მაგრამ 2012-მდე, 9 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნის სათავეში პროდასავლური ხელისუფლება იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსული გავლენების აღმოფხვრა რატომ ვერ შეძლო?
_ ჯერ ერთი, ეს ამბავი ასე მარტივად არ ხდება. მეორეც, იმ აზრისგან შორს ვარ, რომ თავიდან რუსეთს იმის ერთგვარი გარანტია არ ჰქონდა, აი, ჩემს გავლენებს „ნაციონალების“ დროსაც შევინარჩუნებო.
საერთოდ, იცით, რა ხდება?
_ რა?
_ 2012 წლამდე საქართველოში ხელისუფლებები რუსეთისა და დასავლეთის ერთგვარი კონსენსუსის საფუძველზე იცვლებოდა ხოლმე და, ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში რომელიმე ძალა ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. მოკლედ, რუსეთს „ნაციონალების“ დროსაც, ალბათ, შეუქმნეს იმის ილუზია, რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაგრამ მერე მოვლენები სხვანაირად განვითარდა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, კერძოდ, სააკაშვილმა, რუსეთის ქვეშევრდომობა არ მოინდომა და დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას, ასევე ქვეყნის თანამედროვე განვითარების რელსებზე გადაყვანას შეეცადა.
სწორედ ამის გამო რუსეთმა სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სპეცოპერაციის განხორციელება დაიწყო.
_ თუკი საქართველოში ხელისუფლებები რუსეთისა და დასავლეთის კონსენსუსის საფუძველზე იცვლებოდნენ, ეს მოცემულობა 2012 წელს რატომღა დაირღვა?
_ არ ვიცი, 2012 წელს დასავლეთს რა პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ისე ჩანს, რომ ხელისუფლების შეცვლის საწინააღმდეგოდ არ ჩარეულა, ანუ შესაძლოა, დასავლეთმაც მიიჩნია, რომ საქართველოში ხელისუფლების „ოცნებით“ შეცვლა ცუდს არაფერს მოიტანდა.
_ ანუ დასავლეთი მაშინ ივანიშვილს უჭერდა მხარს?
_ არ მგონია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთის გადაწყვეტილება იყო. ეს უფრო რუსეთის გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა ფაქტია, რომ ამის გამო არც დასავლეთს გაუგიჟებია თავი!
_ ისე, ბოლო წუთამდე ე. წ. ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დიპლომატიური კორპუსი თითქოს „ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს. ამას რით ხსნით, ქალბატონო თამარ?
_ იმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთისთვის მაინცდამაინც მისაღები არ იყო.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ეს არჩევნებამდე პერიოდში ძალიან კარგად გამოიკვეთა _ ალბათ, გახსოვთ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე როგორი განცხადებებიც კეთდებოდა, თუმცა მერე ეს ტონი შედარებით შეიცვალა.
_ რატომ?
_ დასავლეთმა, როგორც ჩანს, წინა პლანზე სტაბილურობის ფაქტორი დააყენა, ანუ „ქოცების“ ხელისუფლებამ მისი დარწმუნება შეძლო, ჩვენი ვარიანტი სჯობსო.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, სტაბილურობა არისო.
მოკლედ, ფაქტია, რომ დასავლეთს დესტაბილიზაციის შეეშინდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციას პირდაპირ მხარდაჭერას ვერ გამოუცხადებდა…
ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ოპოზიციამ ბოიკოტის, როგორც ძალიან სერიოზული იარაღის, გამოყენება შეძლო _ პარლამენტში არ შევიდა და რაკი ეს მოხდა, დასავლეთის პოზიციაც გარდაუვლად შეიცვლება. სხვათა შორის, ამის ნიშნები უკვე არის.
საერთოდ, დასავლეთის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ფაქტორიც, მეტ-ნაკლებად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული, ანუ წინააღმდეგობა რამდენად ადეკვატურია.
_ გახარიას გადადგომის შემდეგ, თქვენი აზრით, პოლიტიკური ჯოკერი ვის ხელშია _ „ოცნების“ თუ ოპოზიციის?
_ ჯერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება მთლიანად დამარცხებულია, თუმცა აქეთკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ამიტომ ძალთა წონასწორობას, რომელიც ოპოზიციის მხარესაა გადახრილი, შენარჩუნება უნდა.
_ ქალბატონო თამარ, დიდი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და იმის არ გეშინიათ, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მთავარი პოლიტიკური ფიგურა ირაკლი კობახიძეა _ მართალია, იგი პრემიერობის კანდიდატად არ დასახელდა, მაგრამ მმართველ პარტიას უდგას სათავეში…
_ არ მგონია, რომ ირაკლი კობახიძე რეალური მთავარი პირი იყოს.
_ აბა, მთავარი პირი ვინაა?
_ მგონია, რომ მთავარი პირი მაინც ივანიშვილია, კობახიძე კი, უბრალოდ, შავი საქმეების გასაკეთებლად ჰყავს გამოშვებული.
_ ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ და აი, რატომ: ერთი ვერსიით, ივანიშვილის მთავარი მიზანი სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა იყო, რაც ნაწილობრივ შესრულებულია _ დღეს ყველაზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი ოპოზიციონერი ნიკა მელიაა…
_ კი ბატონო…
_ ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა.
_ ასეა…
_ სხვათა შორის, გიორგი გახარიამ თანამდებობა ისე დატოვა, რომ არ უთქვამს, გუნდის წევრად ვრჩებიო.
_ დიახ, არ უთქვამს…
_ მოკლედ, ის, რაც ხდება, იქნებ, ივანიშვილის სცენარი არაა და ყველაფერი კობახიძემ დაგეგმა?
_ ის, რაც მედიით ვრცელდება, ვიცი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, რომ დარწმუნებული ვიყო, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია!
ვფიქრობ, ივანიშვილი ჩრდილში უფრო მეტად გადავიდა, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ჩრდილში გადასვლა მთლიანად ბლეფი არაა.
_ ანუ?
_ ივანიშვილი მთლიანად წასასვლელად უფრო ხელსაყრელ პოზიციაში დადგა, ანუ თუ მოვლენები მისთვის და რუსეთისთვის არახელსაყრელად განვითარდა, მაშინ მთლიანად წავა და იქიდან წასვლა, სადაც ახლაა, უფრო ადვილი იქნება, თუმცა ამ პოზიციიდან დაბრუნებაც გაცილებით იოლია!
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ივანიშვილი მართვის რეალურ ბერკეტებს მაინც ფლობს და მხოლოდ კობახიძეს კი არა, დანარჩენსაც მართავს!
ასე რომ არ იყოს, აბა, რით ხსნით, რომ გახარიამ ვერ შეძლო, თავისი გაეტანა? ის პრემიერ-მინისტრი იყო და თანამდებობრივად სრული უფლება ჰქონდა, გუნდის წევრებთან შეუთანხმებლად გადაეწყვიტა, ძალადობრივი აქცია უნდა განხორციელებულიყო თუ არა, მაგრამ ეს ვერ შეძლო და არჩია, პასუხისმგებლობა, რომელიც თვალების დათხრასთან ერთად დააწვებოდა, აეცილებინა!
მოკლედ, რახან დარწმუნდა, რომ ყველაფერი ეს მისთვის, საბოლოო ჯამში, წამგებიანი იქნებოდა, ამიტომ ხმაურიანად გაეცალა და გადადგა! გახარიას სრული ძალაუფლება რომ ჰქონოდა და მის უკან ივანიშვილი არ მდგარიყო, ის, რაც, მისი აზრით, არ უნდა მომხდარიყო, არ მოხდებოდა და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა, ანუ ბრძანებას არ გასცემდა, მისი ბრძანების გარეშე კი ძალადობრივი აქცია ვერ განხორციელდებოდა!
მოკლედ, გამოჩნდა, რომ გახარია რეალურ ძალაუფლებას არ ფლობდა, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ გუნდის რეაქციულ მოწოდებებზე დამოკიდებული არ იქნებოდა.
ისე, გახარია, როგორც ჩანს, მელიას დაჭერის წინააღმდეგიც იყო…
_ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, თქვენი შეფასებით, ივანიშვილი გახარიას უკან იდგა თუ კობახიძის უკან დგას?
_ ივანიშვილი ყველას უკან დგას!
ივანიშვილმა, ჩემი აზრით, ბერკეტები შეინარჩუნა, თუმცა ფიქრობს, რომ ისეთ პოზიციაში გადავიდა, რომ პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, მაგრამ შეუძლებელია, პასუხისმგებლობა მოიხსნას!
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ გახარიას იურიდიულად სრული ძალაუფლება უნდა ჰქონოდა, მაგრამ რომ არ ჰქონდა, ეს მისი გადადგომიდანაც გამოჩნდა.
სხვათა შორის, ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება არც კობახიძეს შეეძლო, არც _ მდინარაძეს და არც _ თალაკვაძეს.
_ საუბარი საითკენ მიგყავთ?
_ სასამართლო თავისუფალი რომ არაა, ამაზე საუბარიც არ ღირს. ამიტომ იგივე მოსამართლე, რომელმაც მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, ზემოხსენებულ პიროვნებებს კი არა, ვიღაც სხვას დაემორჩილა.
_ სხვათა შორის, როცა თქვა, მელიას დაჭერაზე გუნდსა და გახარიას სხვადასხვა მოსაზრება გვქონდაო, კოობახიძემ დაადასტურა, დიახ, სასამართლო პოლიტიზებულიაო.
_ დიახ, ასეა, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ.
_ რას?
_ იმას, თუ ვინ ფლობს რეალურ ბერკეტებს.
_ ჰოდა, ეს „სხვა“, ვინც რეალურ ბერკეტებს ფლობს, კობახიძე ხომ არაა?
_ მეეჭვება.
_ რატომ?
_ კობახიძე, უბრალოდ, რობოტია, თან ძალიან ბოროტი რობოტი _ სხვის ბოროტ განზრახვებს დიდი სიხარულითა და ინიციატივით ასრულებს!
_ ქალბატონო თამარ, „ოცნება“, როგორც ამბობენ, კომუნისტების ხელისუფლებას ჰგავს. ვინაიდან კომუნისტების ბუნებას კარგად იცნობდით, რას ელოდებით, მოვლენები როგორი სცენარით განვითარდება და „ოცნება“ რა ნაბიჯებს გადადგამს?
_ ყველა ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიული არაა, ცხადია, ერთმანეთს რაღაც კუთხით ჰგავს!
ხელისუფლება ისე მოიქცევა, რამდენიც გაუვა, ანუ თუ გაუვა, ისე გააგრძელებს, როგორც იქცევა.
_ კერძოდ?
_ იმის შესაფერისს მომენტს დაელოდება, რაც კობახიძემ დააანონსა.
_ კობახიძემ რა დააანონსა?
_ მელიას დაპატიმრების შესაფერისი მომენტი, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ დასავლეთისგან ადეკვატური წინააღმდეგობა არსებობს.
ისე, ეს წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, გადადგომაზე განცხადება არც გახარიას გაეკეთებინა.
მოკლედ, თუ დასავლეთის, ასევე პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებისგან საკმარისი წინააღმდეგობა იქნება, მაშინ იძულებული გახდებიან, დათმობაზე წავიდნენ.
საბოლოო ჯამში, იმ სიტუაციიდან, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ თუ საკმარისი წინააღმდეგობა არ იქნება, მაშინ დროებით ისევ რეაქცია გაიმარჯვებს.
_ ანუ?
_ საერთოდ, „ოცნების“ ხელისუფლება რეაქციულია, მაგრამ განსაკუთრებულად რეაქციული მიმდინარეობაცაა გამოკვეთილი კობახიძის, მდინარაძისა და სხვათა სახით…
გიორგი აბაშიძე