თამარ ჩხეიძე: „კორონავირუსის მეორე ტალღას „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის გამოიყენებს“
უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსს სათავისოდ იყენებს. ამ ვირუსის წყალობით შეძლეს მათ მწვავე ოპოზიციური პროტესტის გაჩერება. არაა გამორიცხული, საარჩევნო ვნებათაღელვაც კორონის დახმარებით გაანეიტრალონ. ექიმების ნაწილი გვეუბნება, რომ შემოდგომაზე ვირუსის მეორე და უფრო ძლიერი ტალღა დაგვატყდება თავს. მეორე ნაწილს სხვა ვერსიები აქვს. ეს, ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს, რომ შემოდგომაზე ხელისუფლებამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რაც არა ვირუსზე, არამედ ოპოზიციის აქტიურობასა და არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ თამარ ჩხეიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მეორე ტალღას ხელისუფლება თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს.
რატომ გახდა იძულებული ოპოზიცია, ერთ მაგიდასთან დამსხდარიყო? რა შემთხვევაში შეიძლება „ქართული ოცნების“ გაშვება ხელისუფლებიდან? რას გეგმავს ივანიშვილის პარტია შემოდგომაზე? რატომ იყო ნაადრევი პრემიერის სავარაუდო კანდიდატურაზე საუბრის დაწყება? _ ამის შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ რამდენიმე თვე ოპოზიცია ერთიანი ფრონტით უტევდა ხელისუფლებას და იყო მოლოდინი, რომ არჩევნებზეც ასე იქნებოდა, მაგრამ როგორც კი მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების დრო მოვიდა, მათ შორის ვითარება დაიძაბა. თქვენი აზრით, ოპოზიცია არჩევნებისთვის ერთობის შენარჩუნებას შეძლებს?
_ იმედი მაქვს, რაღაც ფორმით არჩევნებამდე ეს ერთობა შენარჩუნდება. სამწუხაროდ, სრული ერთობის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ მათ შორის მტრობა მაინც არ ჩამოვარდება და თუ მაინც ჩამოვარდა, საჯარო არ გახდება. ეს მათ ძალიან დააზიანებს და ამით „ქართული ოცნება“ მოიგებს.
_ ქართულ პოლიტიკაში არაერთხელ გაერთიანებულა ყველა ერთის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ელოდით, რომ ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას შეძლებდა? ისინი ძალიან განსხვავებულები არიან და არც ერთმანეთი მოსწონთ დიდად.
_ ოპოზიცია ჭრელია, მაგრამ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ იძულებული გახდნენ, ერთად დამდგარიყვნენ ერთის წინააღმდეგ. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიტიკოსებს აზარალებს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური ერთობის შექმნა ლოგიკურია. სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდათ. კარგია, რომ რაღაცები დათმეს და ერთ მაგიდასთან დასხდომა მოახერხეს.
_ მათ შორის გაჩენილ უთანხმოებაზე რას ფიქრობთ? მათ ხომ თავიდანვე იცოდნენ, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეჯერება მოუწევდათ? ახლა რატომ გახდა ეს თემა საკამათო და მტკივნეული?
_ არ იყო საჭირო ამ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა. ასევე არ იყო საჭირო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი. ამისთვის ჯერ ძალიან ადრეა. ყველას უნდა სცოდნოდა, რომ ამ თემის წინ წამოწევა უთანხმოებას გამოიწვევდა. ახლა როგორც ამბობენ, ყველაფერი მოგვარდა და იმედია, არჩევნებამდე ერთად მისვლას შეძლებენ.
_ თქვენ ოპოზიციის გულშემატკივარი ხართ. თქვენს პარტიასთან ერთად არ აპირებთ მათთან თანამშრომლობას?
_ ცალკეულ საკითხებში. სადაც ერთიანი პოზიცია გვექნება, აუცილებლად ვითანამშრომლებ. სხვა მხრივ თანამშრომლობაზე რა გითხრათ, არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ.
_ რატომ არ აპირებთ?
_ ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ოპოზიციურ ერთობაში მყოფ ძალებს არ აწყობთ ისეთ დამოუკიდებელ ძალასთან ალიანსი, როგორიც ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაა. მათ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილიც არ გამოუხატავთ. ამის გარდა, არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, სათანადო დაფინანსება უნდა გქონდეს, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას კი ამის საშუალება არ გააჩნია. ამიტომ ვერ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას.
_ არჩევნებზე ხმის მისაცემად ხომ წახვალთ?
_ არჩევნებზე აუცილებლად წავალ და ყველანაირად ვეცდები, რომ არსებული ხელისუფლებისგან გავთავისუფლდეთ. ამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ. ეს ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყველას წინააღმდეგაა, ამიტომაც გაერთიანდა ყველა მის წინააღმდეგ. ხელისუფლებას არჩევნებზე სასურველი შედეგის დასადებად ძალიან ბევრი ბერკეტი უჭირავს, ამასთან გამკლავება ოპოზიციას მხოლოდ ერთიანი ძალებით შეუძლია. იმედი მაქვს, არჩევნებამდე ერთობას შეინარჩუნებენ. „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან.
_ თქვენ იმედოვნებთ, რომ ოპოზიცია ერთიანი ძალებით შეძლებს, არჩევნებზე ამ ხელისუფლებისგან გაათავისუფლოს ქვეყანა. ერთი პერიოდი ოპოზიცია ძალიან კარგად მიდიოდა, მათმა აქტიურობამ რაღაც შედეგიც გამოიღო, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა კორონავირუსი, რომელმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად გაზარდა. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არჩევნების შედეგებზე იქონიებს გავლენას, რადგან ხალხმა „ოცნებაში“ მხსნელი დაინახა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
_ კორონავირუსი „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ ძალიან კარგად გამოიყენა. მსოფლიო პანდემია საქართველოს ხელისუფლებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. შეიძლება, სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც ისარგებლეს, მაგრამ ჩვენთან ეს აშკარად ჩანს. კორონასთან დაწყებული ბრძოლის ეგიდით ქვეყანაში ყველანაირი პოლიტიკური პროცესი ჩაახშეს. პოლიტიკური პროცესის ბოლომდე ჩახშობა შეუძლებელია, მაგრამ დროებით ყველაფერი გააჩერეს. ამის გარდა, მათ მოახერხეს ყალბი რეალობის დახატვა, თითქოს მათ წარმოუდგენელი რამ შეძლეს და თავიდან აგვაცილეს მასობრივი სიკვდილიანობა.
_ თქვენი აზრით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ აქ დიდი მსხვერპლი არ ყოფილიყო?
_ ის, რომ ხელისუფლებამ აგვაცილა მასობრივი სიკვდილიანობა, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. მე თუ მკითხავთ, კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული ბრძოლის ზომები, რომელიც საქართველომ მიიღო, არაადეკვატურია და ამან გაცილებით მძიმე შედეგები მოიტანა, ვიდრე ამას მოიტანდა ვირუსი.
_ რას გულისხმობთ ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ზომების გამოყენებაში?
_ არ ვამტკიცებ, რომ კორონავირუსი უმნიშვნელოა და მის წინააღმდეგ არაფერი უნდა მოგვემოქმედებინა. რაღაც ზომების მიღება საჭირო და აუცილებელი იყო, მაგრამ ის ზომები, რაც მიიღეს, გაცილებით უარესი და მავნებელია, ვიდრე თავად კორონავირუსი.
_ რა არის კორონაზე მავნებელი?
_ ადამიანების მასობრივად უმუშევრად დატოევბა და ისედაც სუსტი ეკონომიკის ჩამომხობა. ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე იმ სიძლიერის დაავადება, როგორიც არის კორონა. ეს ზომები, რაც ახლა გამოიყენეს, ძალიან მალე მოიტანს საშინელ შედეგებს.
_ აშკარაა, რომ თქვენ კორონას სერიოზულ დაავადებად არ მიიჩნევთ. მის წინააღმდეგ ასეთი ზომები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია, _ თითქმის მთელი მსოფლიო ასე მოიქცა.
_ ეს ვირუსი მძიმეა, მაგრამ არ არის შავი ჭირი. მსოფლიოში ნამდვილად არის პანდემია, მაგრამ საქართველოში კორონას ეპიდემიის სახეც კი არ აქვს. ეს ვირუსი ისეთივე სიმწვავისაა, როგორი სიმწვავითაც სხვადასხვა გრიპი ყოფილა წინა წლებში. მაგალითად, ღორის გრიპი, ქათმის გრიპი. ამ გრიპებსაც მოყვა მსხვერპლი, მაგრამ ასეთი ამბავი არ აუტეხავთ. იგივე შეიძლება ითქვას მსოფლიო მასშტაბითაც. ასეთი ეპიდემები თითქმის ყოველ წელს იყო და მომავალშიც იქნება. ადამიანები ჩვეულებრივი გრიპითაც იხოცებიან, მაგრამ მსოფლიოს ასეთი მკაცრი ზომები არასდროს მიუღია. აქამდე თავში არავის მოსვლია აზრად, რომ რაღაც ვირუსის გამო მსოფლიო გაეჩერებინა. ახლა მთელი დედამიწა გაჩერებული იყო. ჩამოშლილია ეკონომიკა. არავინ იცის, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. საქართველოში მიღებული ანტიკორონული ზომები განსაკუთრებულად არაადეკვატური იყო. ეს ზომები უფრო შეიცავდა საფრთხეს, ვიდრე თავად _ კორონავირუსი.
საქართველოს ხელისუფლებამ, რატომღაც, ძალიან მკაცრ ზომებს მიმართა: მთლიანად გააჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ისეთ ქვეყნებშიც კი არ გაუკეთებიათ, სადაც მართლა მძვინვარებდა კორონავირუსი. თანაც იმ ქვეყნებში ადამიანებს მატერიალურადაც ეხმარებოდა ხელისუფლება. აღსანიშნავია, რომ იმათ უფრო ნაკლებად უჭირთ, ვიდრე ჩვენს მოსახლეობას. აქ ხალხი ისედაც სიდუხჭირეში ცხოვრობდა და ამ მკაცრმა ზომებმა კიდევ უფრო დაამძიმა მათი ყოფა. ათეულობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ისედაც ძლივს გაჰქონდათ თავი. ახლა რა უნდა ქნან? ეს ხელისუფლების არაადეკვატური ზომების ბრალია.
_ კარანტინის დროს სამსახური ბევრმა დაკარგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ გაძლიერდა. მათი რეიტინგი მკვეთრად არის მომატებული. თქვენ ამას რით ხსნით?
_ გაძლიერებით არა მგონია, რომ გაეძლიერებინა, უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ გამოიყენა ეს ყველაფერი. ადამიანების ნაწილს კარგა ხნით თავს მოახვიეს აზრი, რომ ამ ხელისუფლებამ გადაგვარჩინა სიკვდილს. აი, ასეთი ილუზია შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის ნაწილში. საბედნიეროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ამ კარანტინის წყალობით, როგორც უკვე აღვნიშნე, ნაწილობრივ მოხერხდა პოლიტიკური პროცესების შეჩერებაც.
ერთ რამესაც ვიტყვი: მიმაჩნია, რომ კორონავირუსი საქართველოში ბევრად ადრე შემოვიდა, სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. ამ ვირუსმა გასული წლის ნოემბერში იფეთქა ჩინეთში. ამ პერიოდში საქართველოში უამრავი ჩინელი შემოდიოდა, საზღვრები ღია იყო და ისინი საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ამტკიცებს, რომ იმ სიმპტომებით იყო ავად, რაც ამ ვირუსს ახასიათებს. ანტისხეულების მქონე პაციენტებიც აღმოაჩინეს.
ხელისუფლება თავს რომ გვახვევს აზრს, ჩვენ რომ არა, ვირუსი არ შეჩერდებოდაო, ეს არის სიცრუე! კორონა რომ ასე ვრცელდებოდეს, მაშინ ამოვწყდებოდით. რამდენიმე თვის მანძილზე ეს ვირუსი მიშვებული იყო, არც კი ვიცოდით, რომ აქ კორონა იყო შემოსული. კარანტინი არავის გამოუცხადებია, ხალხი არც სოციალურ დისტანციას იცავდა, არც პირბადეებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ვირუსი მასობრივად არ გავრცელებულა. არადა, იმ დროს საქართველოში დაუბრკოლებლად შემოდიოდნენ ჩინეთის მოქალაქეები, მათ შორის, ვუჰანის პროვინციიდანაც, სადაც ვირუსი აფეთქდა.
ამიტომ მიჩენს ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული არაადეკვატური ზომები. ამით რა ზარალიც მიადგა საქართველოს ეკონომიკას, ამას ვერანაირი კორონა ვერ იზამდა, რაც არ უნდა მიშვებული ყოფილიყო სიტუაცია.
_ ისევ პოლიტიკაზე გადავიდეთ. შემოდგომაზე ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ამ დროს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იქნება, რაც ბევრს საეჭვოდ მოეჩვენა, თან ეს ექიმები, რაღაცნაირად, ხელისუფლების სპიკერებად იქცნენ, რაც საეჭვოა. თქვენ რას ფიქრობთ?
_ ეჭვები მეც მაქვს. მეორე ტალღის თემას აუცილებლად გამოიყენებენ არჩევნების დროს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ არჩევნების გამო თქვეს ექიმებმა მოსალოდნელ მეორე ტალღაზე. ამაზე მთელ მსოფლიოში საუბრობენ. ჯანმომაც გააკეთა ამის თაობაზე განცხადება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს თავისი ლოკალური მიზნებისთვის იყენებს. კორონავირუსი აქამდეც მშვენივრად გამოიყენეს და მას არჩევნებზეც გამოიყენებენ.
მეორე ტალღასთან დაკავშირებით წინასწარ ასეთი პროგნოზების გაკეთება ცოტა უადგილო მგონია. ნებისმიერ ვირუსს შეიძლება ჰქონდეს მეორე ტალღა, მაგრამ შეიძლება, არც ჰქონდეს. წინასწარ ამის გამო პანიკის დათესვა დაუშვებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა. თუ იცი, რომ მეორე ტალღა იქნება, ჩუმად მოემზადე, ვინ გიშლის ამის გაკეთებას? საჯაროდ გამოსვლა და ისედაც დაზაფრულ ხალხში პანიკის დათესვა როგორ შეიძლება?! ასეთი მოლოდინის გაჩენა საზოგადოებაში თავისთავად აჩენს ცუდ მოლოდინებს და აზიანებს ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკა კი ისედაც ჩამოქცეული და განადგურებულია.
_ ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკაც დააზიანა და როგორც თქვენ ამბობთ, დროებით გააჩერა კიდევაც.
_ რა თქმა უნდა, დააზიანა პოლიტიკა და კიდევ შეიძლება მისი დაზიანება. „ქართულ ოცნებას“ თუ დასჭირდა, მეორე ტალღას გამოიყენებს. თუ არ დასჭირდა, არ გამოიყენებს, გვეტყვიან, რომ ტალღა აღარ იქნება.
_ რას გულისხმობთ?
_ თუ დაინახავენ, რომ პროცესები ისე არ მიდის, როგორც მათ სურთ, კვლავ ჩაკეტავენ პოლიტიკას და ეკონომიკას. გამოაცხადებენ კარანტინს, შემოიღებენ საგანგებო მდგომარეობას და ამით მორჩება ყველაფერი.
_ ეს ჩაკეტვა რას უშველის?
_ ნაწილობრივ უშველის.
_ ჩაკეტილები არ ვიყავით, როცა დასავლეთიდან უპრეცედენტო კრიტიკა დაატყდა „ქართულ ოცნებას“ თავს და იძულებული გახდა, პოლიტპატიმრები გამოეშვა?
_ აღნიშნული პროცესი დაიწყო მაშინ, სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა. დასავლეთმა აიძულა „ქართული ოცნება“, ოპოზიციასთან დიალოგზე დამჯდარიყო. დასავლეთის ჩართულობით მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღიწიეს. მერე მთელი მსოფლიო ჩაიკეტა. „ოცნებამ“ იფიქრა, ჩვენთვის არავის ეცლებაო და უარი თქვა 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობდა. ეგონათ, რომ დასავლეთს თავისი გაჭირვება ეყოფოდა და აქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ მოტყუვდნენ. ამერიკასა და ევროპაში მძიმე ვითარება იყო კორონის გამო, მაგრამ მათ საქართველოსთვის მაინც მოიცალეს.
_ სავარაუდოდ, არც არჩევნებისთვის დაგვტოვებენ უყურადღებოდ. საინტერესოა, რომ მათ წინასწარ გააკეთეს განცხადებები. თქვეს, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გვაქვსო.
_ არჩევნებზე დასავლეთი საქართველოს უყურადღებოდ არ დატოვებს. მათი დაინტერესება მართლა დიდია. კორონამ მეორედაც რომ იფეთქოს, მაინც არ შეიცვლება დასავლეთის პოზიცია. ახლა მათი ჩართულობა განსაკუთრებით საჭიროა. ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია გვითხრას, რომ დღეში ვირუსის 100 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. გამოცხადდება საგანგებო და გაჩერდება პოლიტიკა. სამწუხაროდ, ჩვენ არც ისეთი საზოგადოება გვყავს და არც პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას კორონასთან დაკავშირებულ ამბებს სერიოზულად გაუკონტროლებენ.
_ არჩევნებზე რას ელოდებით?
_ არჩევნების მოგება და ამ ხელისუფლებისგან განთავისუფლება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: აბსოლუტურად აუცილებლია საზოგადოების აქტიურობა; ყველა ვერ გააქტიურდება, მაგრამ დიდი ნაწილის აქტიურობა, უბრალოდ, აუცილებელია; ჩვენს ამომრჩეველს კარგად უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია.
მეორე ფაქტორი გახლავთ თავად ოპოზიციის სათანადო პოლიტიკური ქცევა. მინიმუმზე მაინც უნდა გაერთიანდნენ. ეს ერთობა არჩევნებამდე მაინც უნდა შეინარჩუნონ. ერთმანეთში საქმეები არჩევნების შემდეგ გაარჩიონ. მთავარი ამოცანა „ოცნების“ გაშვებაა. მესამე და მთავარი ფაქტორი კი დასავლეთის ჩართულობა იქნება.
_ დასავლეთიდან ნამდვილად იქნება ჩართულობა, ოპოზიციის ერთობა და საზოგადოების აქტიურობა კი ცოტა საეჭვოა.
_ დასავლეთი ძალიან გვიჭერს მხარს და ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ამ ხელისუფლებისგან რომ გავთავისუფლდეთ, სამივე ფაქტორმა უნდა იმუშაოს. ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, სასურველი შედეგი მიიღოს. დიდი საფრთხეა იმისა, რომ ის მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს: არც მოსყიდვას მოერიდება, არც _ დაშინებას და არც _ გაყალბებას.
_ მომავალში რა მოხდება, არ ვიცით, მაგრამ ოპოზიცია ერთიანი 20 ივნისის აქციაზეც იქნება. თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს ეს აქცია?
_ სწორი გადაწყვეტილებაა. 20 ივნისი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენს ისტორიაში _ ამ დღეს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ვერ აიტანს ოკუპანტს ამ ქვეყანაში. ეს დღე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ასევე უნდა გავაპროტესტოთ 20 ივნისის დარბევაც.
_ 20 ივნისის აქცია, ალბათ, ძალიან ემოციურად ჩატარდება. ეს თუ აწევს მინავლებულ საპროტესტო მუხტს?
_ ამის თქმა ცოტა გამიჭირდება. ჩვენი საზოგადოება ძალიან პასიური გახდა. ეს პასიურობა ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული. ხშირად ჩვენი ხალხი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებზე აღარ რეაგირებს. ამიტომ ვერ გეტყვით, აიწევა თუ არა საპროტესტო მუხტი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობის გარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელი იქნება.
შორენა მარსაგიშვილი