თამარ ჩხეიძე: „ივანიშვილს ეშინია, რომ რუსეთი მას ფიზიკურად გაანადგურებს“

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, ოპოზიციას მთელი სულითა და გულით გულშმატკივრობდა. თუმცა ინტერვიუებში ამბობდა, რომ ისინი ასე იოლად ვერ შეძლებდნენ ივანიშვილის დამარცხებას, რადგან მას რუსეთი უმაგრებს ზურგს. ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მოსკოვის მხარდაჭერა რომ არა, „ქართული ოცნების“ ლიდერი დიდი ხნით ადრე გაქრებოდა ქართული პოლიტიკიდან. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. ამასთან იმედოვნებს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე. მისი აზრით, შესაძლოა, არც ივანიშვილს სურდეს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება, მაგრამ იქიდან სერიოზული საფრთხე ელოდება.

რა საფრთხე ელის ივანიშვილს მოსკოვიდან? იყო თუ არა ოპოზიცია მზად არჩევნებისთვის? რატომ ვერ მოახერხა ხალხმა და ოპოზიციამ გამარჯვების დაცვა? _ ამის შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, თქვენ ღიად გულშემატკივრობდით ოპოზიციას, მაგრამ შიშობდით, რომ ის უმრავლესობით ვერ შევიდოდა პარლამენტში. ცესკოს მონაცემებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ აიღო. რატომ არ გქონდათ იმის იმედი, რომ ოპოზიციას დარჩებოდა გამარჯვება?
_ მოხდა ის, რისიც ძალიან მეშინოდა. მეეჭვებოდა, რომ ოპოზიცია ივანიშვილის დამარცხებას შეძლებდა. ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებდი, რომ შედეგი სხვანაირი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა და ოპოზიციამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
მთელი ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი დამეჯერებინა ის განცხადებები, რასაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკეთებდნენ. ლოგიკა და გამოცდილება მკარნახობდა, რომ სულ სხვა რეალობა იქნებოდა. ძალიან არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ „ოცნება“ გამოცხადდა გამარჯვებულად.
_ გამარჯვებულად კი გამოცხადდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრებს სახეზე გამარჯვებულის იერი არ დაჰკრავთ. გამარჯვების ზეიმიც კი, სულ რაღაც, ათწუთიანი ჰქონდათ. ეს რაზე მეტყველებს?
_ ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა პროცენტები აიღეს სინამდვილეში. იცოდნენ ისიც, თუ რა დონის გაყალბება დასჭირდებოდათ სასურველი ციფრების დასაწერად. იმასაც ხვდებოდნენ, რომ ოპოზიცია ამას ასე არ დატოვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ იცის, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ელოდნენ. ბევრად მეტი პროცენტის იმედი ჰქონდათ.
_ ივანიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გვითხრა, რომ მისი პარტია 60%-ზე მეტს აიღებდა.
_ აპირებდნენ კიდევაც ასეთი შედეგის დაწერას. 65%-ის გამოცხადება სურდათ, მაგრამ იმდენად ცოტა ხმა აიღეს, რომ რაც გამოაცხადეს, იმაზე მაღლა ვეღარ წავიდნენ. ოპოზიცია რომ არ გააქტიურებულიყო, ისევ ავიდოდნენ ზევით, მაგრამ როგორც კი პროტესტი დაინახეს, 48%-ზე ჩამოვიდნენ. სინამდვილეში მათ უფრო ნაკლები ხმა მიიღეს.
სამწუხაროა, რომ ვერც ოპოზიციამ და ვერც საზოგადოებამ ვერ შეძლო ამ გამარჯვების შენარჩუნება. იმედია, რომ ოპოზიცია პროტესტით მოახერხებს ვითარების შეცვლას.
_ გამარჯვების შენარჩუნება და დაცვა რატომ ვერ მოხერხდა? ეს ოპოზიციის ბრალი ხომ არ არის, რომელმაც ეგზიტპოლების გამოცხადებისთანვე დაიწყო ზეიმი და არ გაითვალისწინა, რომ ცესკოს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო?
_ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ზეიმი გამართეს. შეიკრიბნენ ერთად და ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე თქვეს, რომ ხელისუფლება უკვე შეცვლილია. ისინი იმ მომენტში ცესკოს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. არ ეგონათ, თუ ამხელა გაყალბებაზე წავიდოდა საარჩევნო კომისია. ოპოზიციონერები ერთხმად ამბობდნენ, _ განა ისეთი რა უნდა გააყალბონ, რომ არსებული სურათი შეიცვალოსო.
_ არადა, ცესკომ შეძლო ეს.
_ რა თქმა უნდა, შეძლო. ისე გააყალბა არჩევნები, რომ ოპოზიციას ხელიდან გამოაცალა გამარჯვება. მაშინ, როცა ოქმების გადაწერა და შედეგების გაყალბება მიდიოდა, ოპოზიციის ნაწილი ან ისვენებდა, ან გამარჯვებას ზეიმობდა. გამარჯვების წინასწარ აღნიშვნამ ჩემში გაღიზიანება გამოიწვია. კიდევ კარგი, „მთავარი“ არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა მწვავე განცხადებები.
_ ფაქტობრივად, ნიკა გვარამიამ დაუფრთხო ოპოზიციას ძილი და გამოიყვანა ეიფორიიდან.
_ ნიკა გვარამიას ჩარევა ძალიან ზუსტი იყო. სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანის განცხადებას. მისი ჩარევა კი საჭირო და დროული იყო. გვარამიას რომ არ აეტეხა ამბავი, გაიძახოდნენ, რა უნდა გააყალბონ ისეთი, ეგზიტპოლების შედეგი რომ შეიცვალოსო.
ამდენი ხანია, რაც პოლიტიკაში არიან და უნდა იცოდნენ, თუ როგორ მუშაობს ცესკო. არც იმის ძახილი იყო გამართლებული, განა რამდენი უნდა გააყალბონო. იმდენს გააყალბებენ, რამდენიც საჭირო შედეგის მისაღწევად დასჭირდებათ.
_ ოპოზიციას ნაადრევად რომ არ დაეწყო ზეიმი, ცესკო შეძლებდა ამ დოზით არჩევნების გაყალბებას?
_ ზეიმი იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუკი ოპოზიციას ადგილებზე ისეთი ხალხი ეყოლებოდა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გაყალბებაში და არჩევანის მოპარვაში შეუშლიდა ხელს.
_ არ ჰყავდა ოპოზიციას უბნებზე ასეთი ხალხი?
_ ასეთი ხალხის მოძებნა ძალიან რთულია. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობა ურთულესია, დიდ ენერგიასა და გამძლეობას მოითხოვს. შეიძლება, უბანზე 5 და 10 კაციც კი გყავდეს, მაგრამ მათ სათანადოდ ვერ იბრძოლონ. სათანადო მომზადებაა საჭირო, რაც განსაკუთრებით ისეთ რეჟიმთან არის აუცილებელი, როგორიც „ქართული ოცნებაა“. ეს ძალა გახლავთ ყაჩაღური რეჟიმი, რომლის უკანაც რუსეთი დგას. ასეთ რეჟიმებთან საბრძოლველად უამრავი ადამიანი უნდა მიიყვანო უბანზე და მათ საოცარი გამძლეობა უნდა აღმოაჩნდეთ. ამ არანორმალური ზეწოლის გაძლება ძალიან ძნელია.
უბნებზე მყოფმა ადამიანებმა ისიც უნდა იცოდნენ, თუ როგორ ფორმდება ოქმები სწორად. ამ ოქმების პარტიებში გადაგზავნა უკვე ძალიან ადვილია. ამ ოქმებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება ოპოზიციის მიმართ.
_ ოპოზიციის მიმართ რატომ ჩნდება კითხვები?
_ ისე ლაპარაკობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თითქოს არც აქვთ ეს ოქმები. ეს ამბავი რაღაც კარგად ვერ გავიგე და ცოტა შეფიქრიანებული ვარ. ოქმები ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. 90-იან წლებში ჩვენც ვმონაწილეობდით არჩევნებში და ეს ოქმები ხელთ გვქონდა.
_ ოპოზიციას აქვს ოქმები. სოციალურ ქსელშიც აქვეყნებენ მათ.
_ ოქმების ნაწილი აქვთ, მაგრამ მე მაინტერესებს, ყველა ოქმი აქვთ თუ არა?
_ ფიქრობთ, რომ ყველა ოქმი არ აქვთ?
_ მათი საუბრიდან რაღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ოქმების 100% თუ არ აქვთ, მინიმუმ, 90% მაინც უნდა ჰქონდეთ. ოქმების მოპოვება, მერწმუნეთ, სულაც არაა ძნელი ამოცანა. ამის გაკეთება ყველაზე მარტივია. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ამ ოქმების ასლების გადაღება ძალიან მცირე დროს მოითხოვს.
ასლების გადაღებაზე გაცილებით რთულია ოქმების სწორად გაფორმება. ეს ადამიანებს ნამდვილად უნდა ასწავლო, რათა გაყალბებისგან თვი დაიზღვიო. გაყალბება ყველა ნაბიჯზე შეიძლება მოხდეს. მაგალითად, იმ დროს, როცა საუბნოდან საოლქოში აგზავნი და საოლქოდან _ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ ამოცანის შესრულება ძალიან ძნელია. მეეჭვება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის გაკეთება შესძლებოდათ.
მახსენდება 2018 წლის საპეზიდენტო არჩევნები, როცა ოპოზიციას ყველა ოქმი ხელთ არ ეკავა. ეს მაფიქრებინებს, რომ არც ახლა აქვს ოპოზიციას ხელში საარჩევნო ოქმები. თუ აქვთ, მაშინ გამოვიდნენ და ყველაფერი გვითხრან. აქ აშკარად რაღაც ხდება.
_ რა უნდა ხდებოდეს?
_ გამოდის, რომ ოქმები უკვე შედგენამდე იყო გაყალბებული. ესეც აუცილებლად უნდა გაირკვეს. არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრ უბანზე ჩააქრეს შუქი. სანთლის შუქზე საარჩევნო ოქმების გაყალბება გაცილებით მარტივია. იყო შემთხვევები, როცა უბნებიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამოყარეს. ზოგან ოქმი გააქრეს.
მე ძალიან მინდა იმის გაგება, ოქმებამდეც ვერ მივიტანეთ რეალური შედეგები, თუ შემდეგ მოხდა მათი გადაწერა და გაყალბება? გასაკვევია ისიც, საოლქოში მოხდა გაყალბება, ცენტრალურში თუ _ უბნებზე? ბევრი რამეა გასარკვევი. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ ხალხმა არჩევნები მოიგო, მაგრამ ამ არჩევნებს გვართმევენ.
_ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იმედი გამოთქვეს, რომ აქ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა. ოპოზიციას ასევე იმედი ჰქონდა, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ ივანიშვლი გაყალბებას ვერ გაბედავდა. თქვენი აზრით, დასავლეთს ექნება ამაზე მკვეთრი რეაქცია?
_ ეს ამ დღეებში გამოჩნდება. რაც შეეხება თავად განცხადებებს, ეს იყო ზოგადი განცხადებები, როგორსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველი არჩევნების წინ აკეთებენ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, შეიძლება, დასავლეთმა აღარ იაქტიუროს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა. ამაზე დასავლეთს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, მათ ოპოზიციას ფონი შეუქმნეს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან არ მოჰყვა რეაქცია. აქ მარტო ოპოზიციას ნუ დავადანაშაულებთ, საზოგადოებამაც შესცოდა.
_ საზოგადოებამ რატომ?
_ იმიტომ, რომ ასეთ დროს საზოგადოების აქტიურობაც საჭიროა. მარტო ოპოზიცია ვერაფერს გახდება. დასავლეთის მიერ შექმნილი ფონი არც ოპოზიციამ და არც საზოგადოებამ არ გამოიყენა. ახლა რა მოხდება, არ ვიცი. დასავლეთის რეაქციები იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებს ხალხი და ოპოზიცია.
_ ივანიშვილმა რატომ გარისკა არჩევნების გაყალბებით? ამის გამო ხომ შეიძლება, მას დასავლეთმა ფინანსური სანქციები დაუწესოს? „ქართული ოცნების“ ლიდერი ამის შესახებ გაფრთხილებულიცაა.
_ ივანიშვილს შესაძლოა, ძალიანაც არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მოუწია ვა-ბანკზე წასვლა. მას რუსეთის უფრო ეშინია, ვიდრე _ დასავლეთის დაწესებული სანქციების. ამის გარდა ხელისუფლებაც გაუტკბა.
_ საჯაროდ ამბობს, ეს ჩემთვის დიდი ტვირთიაო.
_ ტვირთი რომ ყოფილიყო, მოიშორებდა. ტვირთი იყო პრემიერობა და ამიტომაც წავიდა ამ პოსტიდან. ჩრდილიდან დაიწყო ქეყნის მართვა. არაფერზე პასუხს არ აგებს და ყველაფერს წყვეტს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამის პარალელურად აქ მიწებს ეპატრონება. მთელი ქვეყანა თავისი ოჯახის საკუთრებად გადააქცია. ეს აშკარად მოსწონს და ვიმეორებ, ძალაუფლებაც გაუტკბა. მაგრამ მთავარ მიზეზად მაინც რუსეთის ფაქტორი მიმაჩნია. აშკარაა, რომ მას მოსკოვის უფრო ეშინია, ვიდრე _ დასავლეთის.
_ რატომ არის რუსეთი უფრო საშიში, ვიდრე _ დასავლეთი? ფიქრობს, რომ დასავლური სანქციებისგან კრემლი დაიცავს?
_ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ დასავლეთმა სანქციების დაწესება თუ გადაწყვიტა, მას ვერავინ დაეხმარება. დასავლეთისაც ეშინია, მაგრამ მისთვის რუსეთი ბევრად უფრო საშიშია. რუსეთს შეუძლია მას ეკონომიკური დარტყმაც მიაყენოს და ფიზიკურადაც გაანადგუროს.
_ რუსეთს ადამიანების ფიზიკური განადგურება კარგად ეხერხება. ამას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკეთებს, საქართველოში სულ არ გაუჭირდება.
_ ივანიშვილმაც კარგად იცის ეს ამბავი და ამიტომაც რუსეთს უწევს ანგარიშს. თუ არ გაუწევს, სერიოზული პრობლემები შეექმნება. კრემლის ფაქტორი რომ არა, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აქამდე საქართველოდან წასული იქნებოდა.
_ როდემდე უნდა გაუწიოს რუსეთს ანგარიში? აქ თუ გამოსვლები დაიწყო და ოპოზიციას დასავლეთმაც დაუჭირა მხარი, მერე რას იზამს?
_ ამას მერე გადაწყვეტს. ჯერ დასავლეთიდან მკვეთრი რეაქცია არ ჩანს და არც მძაფრი საპროტესტო ტალღა აგორებულა.
_ რაც იყო, იმან გამოიღო შედეგი და როგორც კი ოპოზიციამ ხმაური დაიწყო, ცესკომ ოპოზიციას პროცენტები დააკლო.
_ ეს უფრო ნიკა გვარამიას დამსახურებაა, მას რომ ასეთი ამბავი არ აეტეხა, ოპოზიციას რეაგირება დააგვიანდებოდა და არც პროცენტები დაიწევდა დაბლა.
_ არჩევნების საღამოს მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ უარს ამბობს პრემიერობის კანდიდატობაზე. მისმა წარდგენამ პრემიერის კანდიდატად ოპოზიციაში დიდი ფორიაქი გამოიწვია. უკეთესი ხომ არ იქნებოდა, სააკაშვილს ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა? არჩევნების დღეს ამის თქმა დაგვიანებული ხომ არ იყო?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს განცხადება დაგვიანებული იყო. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ სააკაშვილი არ უნდა წარედგინა თავის პარტიას პრემიერობის კანდიდატად. „ნაციონალებმა“ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ვაღიაროთ, რომ ამ პროცესების სულის ჩამდგმელი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო.
_ რა პროცესებს გულისხმობთ?
_ ოპოზიციის მოლაპარაკებებს. სანამ ამ პროცესში სააკაშვილი ჩაერთვებოდა, პროცესი მიდიოდა დუნედ. იგივე ითქმის საარჩევნო კამპანიაზეც. სანამ ის არ ჩაერთო ღიად, მანამდე კამპანია არ გამოცოცხლდა.
_ ნაციონალების უკან სააკაშვილი რომ იდგა, ეს ხომ ყველამ იცოდა?
_ ერთია, როცა იცი, რომ ესა თუ ის პირი დგას პარტიის უკან და სულ სხვაა, როდესაც ეს ადამიანი ღიად და აქტიურად ერთვება კამპანიაში. მიშამ საარჩევნო კამპანია შეცვალა და გამოაცოცხლა. მე მიშისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვცდილობ ვიყო ობიექტური. სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა იყო სწორი გადაწყვეტილება. ის იყო ამ კამპანიის სულის ჩამდგმელი. მას ბევრი უარყოფითი თვისება აქვს, მაგრამ მისი შეადრება ივანიშვილთან არ შეიძლება.
_ რატომ არ შეიძლება?
_ იმიტომ რომ ივანიშვილი თავისი ბუნებით მთლიანად დამანგრეველია. მიშას აღმშენებლობა ახასიათებდა. ამიტომ ამ ორი ადამიანის ერთ სიბრტყეზე დაყენება უსამართლობაა. კიდევ გავიმეორებ, რომ მიშამ ჩაბერა საარჩევნო კამპანიას სული და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ის პრემიერის კანდიდატად დასახელდა. მიშა ამ პროცესებში ღიად რომ არ ჩაბმულიყო, „ოცნებას“ შეეძლო გაყალბების გარეშე დაეწერა ის პროცენტები, რაც დაიწერა.
_ ახლა რატომ თქვა, პრემიერობაზე უარს ვამბობო? ამას რა ახსნას უძებნით?
_ რატომ თქვა პრემიერობაზე უარი, ამას უკვე ვერ გეტყვით. ამ გადაწყვეტილებასაც ექნება თავისი ახსნა. ოპოზიციის ნაწილი მის პრემიერად წარდგენას პროტესტით შეხვდა. ეს პროტესტი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეტყობა, მიშამ თავს ამბიციებზე უარი ოპოზიციის ერთიანობის გამო თქვა. ესეც მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, სჯობდა, რომ ის დარჩენილიყო პრემიერობის კანდიდატად, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ოპოზიციის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია.
_ თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, რომ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა სწორი იყო, რადგან ამან პროცესები გამოაცოცხლაო. პროცესები კი გამოაცოცხლა, მაგრამ მისი შესაძლო დაბრუნებით ხალხს ისევ რომ აშინებდნენ? ამან არ იმოქმედა ოპოზიციაზე ცუდად?
_ ეს წინააღმდეგობა ხალხმა უკვე გადალახა. საქართველოში მიშას დაბრუნების აღარ ეშინიათ. ხალხი მაშინ უფრო შეშინებული იყო, ვიდრე სააკაშვილი ამ კამპანიაში ღიად ჩაერთვებოდა. ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ, რომ ივანიშვილის დამარცხება თუ ვინმეს შეუძლია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი.
_ ოპოზიციამ ხმების დასაცავად ბრძოლა დაიწყო, მაგრამ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა, _ თუ „ოცნება“ ისევ ხელისუფლებაში დარჩა, ეს საქართველოზე რუსეთის გავლენების გაძლიერებას ნიშნავს. შეძლებს რუსეთი, რომ ჩვენს ქვეყანას საგარეო კურსი შეაცვლევნოს?
_ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნება“ დარჩეს. მათი ეს გამარჯვება ძალიან მყიფეა, „ოცნებას“ სულ სხვა შედეგი სურდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყალბებამაც ვერ უშველა და მათი პოზიციები შერყეულია. წარმოდგენაც არ მინდა, რომ ეს ძალა შეიძლება კიდევ ოთხი წლის მანძილზე მართავდეს ქვეყანას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში აქ რუსული გავლენები კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო ჯამში, რუსეთი ჩვენზე გაბატონებას მაინც ვერ მოახერხებს.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ მოახერხებს?
_ ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ ჩვენზე გაბატონება ბოლომდე ვერავინ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, ამას ვერც რუსეთი შეძლებს. იმედი მაქვს, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს და „ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მესამე ვადით ვერ მოვა.
_ 2003 წელსაც მესამე ვადით მოვიდა შევარდნაძის პარტია ხელისუფლებაში და ეს რევოლუციით დასრულდა. მაშინაც გაყალბებამ გამოიყვანა ოპოზიცია ქუჩაში. ახლაც რევოლუციამდე ხომ არ მივალთ?
_ ახლა გამიჭირდება იმის თქმა, იქნება თუ არა რევოლუცია. ხალხს ხელისუფლების შეცვლა რომ სურს, ეს არჩევნებზე გამოჩნდა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში. წინააღმდეგობა და პროტესტი რომ იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
-ბევრი ხალხი არც 2003 წელს გამოსულა ქუჩაში.
_ ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ მაშინ განსხვავებული ვითარება გახლდათ. მიშა აქ იმყოფებოდა და ადგილზე მოქმედებდა. და რაც მთავარია, იმ დროს შევარდნაძე დასავლეთსაც ჩამოწერილი ჰყავდა და _ რუსეთსაც. ამას შევარდნაძეც აცნობიერებდა. თან რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო ვადაც ეწურებოდა და გადადგა, გუმბარიძის როლში დარჩენა არ მოისურვა. ივანიშვილს წასვლა არ უნდა და რომც უნდოდეს, ამის უფლებას მოსკოვი ჯერ არ აძლევს.

შორენა მარსაგიშვილი