თამარ ჩხეიძე: „ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის უკან რუსეთი დგას“

დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩხეიძის აზრით, ასე ხისტად, თავის დროზე, საბჭოთა კავშირიც კი არ იქცეოდა. საქართველოს ხელისუფლების სიხისტეს ის რუსეთის მხარდაჭერით ხსნის. ჩხეიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის პოზიციაც ცოტა მკაცრი და მკაფიო უნდა უნდა იყოს. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რუსულ კვალს ხედავს ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკანაც. მისი თქმით, მოსკოვი ეკლესიას ქართული სახელმწიფოს მთავარ დასაყრდენად მიიჩნევს და ამიტომაც ებრძვის მას ასე გამეტებით.

რატომ არ აქვს დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით მკვეთრად გამოხატული პოზიცია? რა ინტრიგებს ხლართავს ქართულ ეკლესიაში რუსეთი? რა კავშირი აქვს მელიასა და რურუას ციხეში დატოვებასთან რუსეთის დაზვერვის შეფ ნარიშკინს? ვინ და რატომ ებრძვის ეკლესიას? _ ამ თემების შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, დასავლეთის ზეწოლისა და ხალხის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება უარს ამბობს პოლიტპატიმრების გამოშვებაზე. თქვენ რით ხსნით მათ სიხისტეს? _ დასავლეთი არაა საკმარისად მომთხოვნი, თუ ჩვენი საზოგადოება ვერ გამოხატავს სათანადო პროტესტს?
_ ასეთ დაუთმობლობას, რასაც „ქართული ოცნება“ ამჟღავნებს პოლიტპატიმრების მიმართ, საბჭოთა ხელისუფლებაც კი არ აკეთებდა. დისიდენტების დაკავებებს ვახმაურებდით ხოლმე. რაღაცნაირად ვაწვდიდით ინფორმაციას დასავლელ ჟურნალისტებს. როცა დისიდენტების დაკავების ამბავი უცხოურ პრესაში მოხვდებოდა, საბჭოთა კავშირი ამაზე რეაგირებდა. კომუნისტებს იმაზეც ჰქონდათ რეაქცია, თუ მიტინგის მოწყობას მოვახერხებდით. „ქართული ოცნება“ წარმოუდგენელ სიხისტეს ამჟღავნებს და ამას თავისი მიზეზები აქვს.
მათი დაუთმობლობის მიზეზი, პირველ რიგში, ისაა, რომ საჭირო რაოდენობის ხალხი ქუჩაში არ გამოდის. ამათ მხოლოდ დიდი რაოდენობის ხალხი აშინებთ. ჩვენი საზოგადოება ყველაფრის მიმართ ინერტული გახდა. ზოგჯერ საკმარისი რაოდენობით გამოდის, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია, ხელისუფლება დათმობაზე რომ წავიდეს. მეორე მიზეზი მათი გაჯიუტებისა არის რუსეთი. ეჭვიც არ მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ უკან კრემლი დგას. სწორედ რუსეთი არ აძლევს „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლის უფლებას. ამის გამოხატულება იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ ნარიშკინის განცხადება. ეს განცხადება უპრეცედენტო მოვლენაა.
_ რატომ არის უპრეცედენტო? რუსეთი ყოველთვის ერეოდა ან ცდილობდა, ჩარეულიყო ჩვენს შიდა საქმეებში.
_ რუსეთი ყოველთვის იდგა ამათ უკან, მაგრამ ასე ღიად არასდროს გამოჩენილა „ოცნების“ მიმართ მოსკოვის მხარდაჭერა. კრემლმა მიიჩნია, რომ დასავლეთსა და, მათ შორის, საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად სერიოზული და გადამწყვეტი ბრძოლა მიდის. მოსკოვი შიშობს, არ დაკარგოს ეს ტერიტორია, ამის გამო პირდაპირ გამოჩნდა. ნარიშკინის განცხადებით რუსეთმა დასავლეთს უთხრა, რომ საქართველო ჩემი გავლენის სფეროა, მე ვაცხადებ მასზე პრეტენზიას. ამასთან გააფრთხილა ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ოპოზიციაც. ნარიშკინმა გვითხრა, ხელისუფლების წინააღმდეგ როცა გამოდიხართ, იცოდეთ, ჩვენთან გაქვთ საქმეო. ამ განცხადებამ ფრთები შეასხა „ქართულ ოცნებას“ და ის არანაირ დათმობაზე არ მიდის.
ნიკა მელიას დაკავება დაკავშირებულია უშუალოდ გავრილოვის ღამესთან. 2019 წლის 20 ივნისს რაც დაატრიალა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს იყო მოსკოვის მიმართ მათი მონური მორჩილების გამოხატულება. კრემლს თავი მოაწონეს და აჩვენეს, ვინც თქვენ წინააღმდეგ გამოვიდა, დავსაჯეთო. რუსეთის მოწინააღმდეგეების დასჯა იმ ღამის დარბევით არ დასრულებულა. რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს აქციის ღამეს. ზოგი მოგვიანებით დააპატიმრეს. ნიკა მელია მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს და ცოცხალი თავით არ აპირებენ მის გამოშვებას. მათთვის მთავარია, რუსეთს ასიამოვნონ, დასავლური ზეწოლა არ ადარდებთ.
_ დასავლეთის ზეწოლის რატომ არ ეშინიათ? ფიქრობენ, რომ რაკი რუსეთი უმაგრებთ ზურგს, ევროპა და ამერიკა ვერაფერს დააკლებს?
_ იმიტომ, რომ დასავლეთი ჩვენთან მიმართებით გარკვეულ შეცდომებს უშვებს. ეს შეცდომები ათამამებს „ქართულ ოცნებას“.
_ რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით?
_ ისინი საქართველოს უჩერებენ ფინანსურ დახმარებას. ამით ხელისუფლების წარმომადგენლები დიდად არ დაზარალდებიან. ამ დახმარებიდან ძირითად თანხებს ისინი ითვისებდნენ, მაგრამ ქვეყანაც ხომ ნახულობდა ამით სარგებელს. მათთვის გაცილებით მტკივნეული იქნება, როცა დასავლეთი პერსონალურად დაუწესებს სანქციებს. ამ შემთხვევაში მართლა მოუწევთ დათმობებზე წასვლა.
მეორე შეცდომა ისაა, რომ დასავლეთი ვერ აცნობიერებს, თუ რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში. ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქ არჩევნები არ გაყალბებულა. ამით ისინი აქეზებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და „ქართულ ოცნებას“ პოზიციების გამყარებაში უწყობენ ხელს.
ძალიან მიკვირს დასავლეთის ასეთი დამოკიდებულება რიგგარეშე არჩევნების მიმართ. ეს დასავლეთში მიღებული ფორმაა. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს პოლიტიკური კრიზისის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ყველა ლოგიკით, ეს ხელისუფლება უკვე უნდა წასულიყო დათმობაზე, მაგრამ რუსეთი უკრძალავს ამათ. ისე არ იფიქროთ, რომ არჩილ თალაკვაძეს ან ირაკლი კობახიძეს ელაპარაკებიან. კრემლს კავშირი აქვს პირადად ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილი, თავის მხრივ, მართავს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლის ნებას არ აძლევს.
_ თალაკვაძის შეთავაზებაზე რა აზრის ხართ? არ არის ეს დათმობა?
_ არა. თალაკვაძე გვთავაზობს, რომ 20 ივნისის საქმეზე ყველას შეეხოს ამნისტია. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელი ფორმაა.
_ რატომ არის მიუღებელი?
_ 20 ივნისის ზოგადი ამნისტირება როგორ შეიძლება შეეხოს მელიას და იმ ხალხს, ვინც თვალები დასთხარა ბავშვებს?! მელიას არაფერი დაუშავებია; იმათ კიდევ დიდი დანაშაული ჩაიდინეს. რაც მათ გააკეთეს ამის ამნისტირება არ შეიძლება. ამ ბოროტმოქმედებთან ერთ სიბრტყეზე მელიას გაყვანა მიუღებელია. ნიკა მელიას განთავისუფლება თუ სურთ, ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს და ამ ხერხებს მიმართონ.
_ სხვა დათქმით რომ გამოუშვან მელია, ეს მათ სისუსტედ ჩაეთვლებათ, რაც ხელისუფლებას არ სურს.
_ არ უნდათ, რომ სისუსტედ ჩაუთვალონ. არც რუსეთი აძლევს დათმობაზე წასვლის ნებას. ეტყობა, რუსების ინიციატივაა, რომ ნიკა მელია და 20 ივნისის ჯალათები ერთ სიბრტყეზე გაიყვანონ. ეს არ უნდა დაუშვას ოპოზიციამ.
_ რაკი ოპოზიცია ვახსენეთ, მათ რიგებში რაღაც ხდება. „ევროპული საქართველო“, ფაქტობრივად, დაიშალა. პარტიიდან ბევრი ლიდერი წამოვიდა.
_ მათ შიდა სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, ამიტომ არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ძალიან არ მესიამოვნა, როცა გავიგე, რომ იქიდან რამდენიმე ლიდერი წამოვიდა. არაა ეს კარგი ამბავი.
_ ეს პარტია თქვენ ძალიან გესიმპათიურებოდათ. ამის შემდეგ იგივე განწყობა გექნებათ?
_ მარტო ეს პარტია არა, მე ყველა ის ძალა მესიმპათიურება, ვინც დასავლურ პოზიციებზე დგას. არც ერთ მათგანს არ გამოვყოფდი. „ევროპული საქართველოც“ მათ რიგებშია.
_ ოპოზიციური პარტიიდან ლიდერების წამოსვლა ხალხში ნიჰილიზმს ხომ არ გააჩენს? იტყვიან, თავად გარბიან და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო?
_ ნიჰილიზმი საზოგადოებაში ზოგადად ისედაც არის. „ევროპული საქართველოდან“ ლიდერების წამოსვლა დიდ გავლენას არ მოახდენს ხალხის განწყობაზე. ეს ადამიანები პოლიტიკიდან არ წასულან, ისინი მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიიდან წამოვიდნენ. ასეთი რამ ხშირად ხდება პოლიტიკაში. არ ვიცი, რატომ ვერ იმუშავეს ერთად. მინდა, რომ ოპოზიციაში შენარჩუნდეს ის ერთიანობა, რაც ახლა არის. ყველაფერზე ერთ პოზიციაზე ვერ იქნებიან, მაგრამ ძირითადზე ჯერ ახერხებენ შეთანხმებას.
_ ბოლომდე შეძლებენ ერთ პოზიციაზე ყოფნას?
_ მგონია, რომ შეძლებენ. ამდენი ხანია ცდილობენ მათ დარწმუნება-იძულებას, მაგრამ პარლამენტში ვერ შეიყვანეს..
_ „გირჩების“ დათანხმება მოახერხეს.
_ მაგათზე „გირჩების“ განაყოფი ვთქვათ. ამ ადამიანებს თავიდანვე სურდათ პარლამენტში შესვლა. დანარჩენი ოპოზიცია ისევ ძველ პოზიციაზეა და აგრძელებს ბოიკოტს.
_ საქართველოში ბევრი დარწმუნებული იყო, რომ შარშან არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლებოდა. თქვენ ჯიუტად ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი ამას არ დაუშვებდა. თქვენმა პროგნოზმა გაამართლა. ახლა რა პროგნოზს გააკეთებთ? როგორ განვითარდება მოვლენები?
_ ივანიშვილი ამ არჩევნებს რომ არ დათმობდა, ეს ცხადი იყო. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება ძალიან გამიჭირდება. გამიჭირდება, ისევ და ისევ, რუსეთის გამო. რუსეთის ფაქტორი რომ არ არსებობდეს, მაშინ სრულიად ნათელია, ვინ გაიმარჯვებდა და როგორც იქნებოდა ამათი საქმე. ახლა „ოცნებას“ კრემლი უჭერს ღიად მხარს და მათთან ბრძოლა ძნელი იქნება. ოპოზიციასა და საზოგადოებას დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. ასევე გვჭირდება დასავლეთის არაორაზროვანი პოზიცია. სხვანაირად შედეგს ვერ მივაღწევთ.
_ დასავლეთს ორაზროვანი პოზიცია უკავია?
_ კი და ეს ძალიან გვიშლის ხელს, რომ რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული ხელისუფლება დათმობაზე წავიყვანოთ. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს. იქნება თუ არა მათი ძალისხმევა საკმარისი, ამას მომავალი გვაჩვენებს.
_ ოპოზიციის აქტიურობას ხელისუფლება სხვადასხვა თემასა და ძალას უპირისპირებს. 9 აპრილს „უცნობის“ გამართული აქციაც ამის დემონსტრირება იყო.
_ ეს აქცია 9 აპრილს არანაირად არ უკავშირდებოდა. ამით ხელისუფლებამ თავისი ხალხი დაუპირისპირა ოპოზიციას, ერთგვარი ძალა აჩვენა. მთლად დარბევაზე ვერ წავიდნენ.
_ როგორც ამბობენ, ამ აქციის მიზანი სწორედ პარლამენტის წინ გაშლილი კარვების დარბევა იყო.
_ გეგმაში ასეთი რამე ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო მომენტში ამის გაკეთება გადაიფიქრა ხელისუფლებამ.
_ რატომ გადაიფიქრა?
_ ამისთვის საკმარისი ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა. შესაძლოა, ხელისუფლებაში ვიღაც ჰყავთ ჭკვიანი, რომელიც მიხვდა, რომ 9 აპრილს რუსთაველზე ქართველების დარბევა ძალიან წამგებიანი იქნებოდა. ამიტომ ეს გეგმა გვერდზე გადადეს და „უცნობის“ აქცია სხვანაირად შეფუთეს.
_ „უცნობის“ აქცია მერე მოინათლა, როგორც საპატრიარქოსა და პატრიარქის მხარდამჭერი აქცია.
_ ასე მონათლეს, მაგრამ ეს ვერანაირად იქნებოდა საპატრიარქოს მხარდამჭერი აქცია. ეს აქცია პირიქით _ საპატრიარქოს დისკრედიტაცია იყო.
_ საპატრიარქოში ამას ვერ მიხვდნენ? მათმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა „უცნობსა“ და კომპანიას აქციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
_ საპატრიარქოში არის ხალხი, ვინც ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციაზე მუშაობს. ისინი ბუნებრივია, მადლობას გადაუხდიდნენ „უცნობს“. ამ აქციამ საპატრიარქო დააზიანა. ძალიან სამწუხაროა, როცა თავად საპატრიარქოში ზის ხალხი, რომელიც ანტიეკლესიურ კამპანიას უწყობს ხელს.
_ ბოლო დროს ანტიეკლესიური კამპანია თვალში საცემი გახდა.
_ ეს კამპანია ზღვარს გადავიდა. ამ ანტიეკლესიური კამპანიით ძალიან აღშფოთთებული ვარ. „გრეჩიხას“ მსგავსი ტიპების მხარდაჭერა ეკლესიის პირდაპირი დისკრედიტაციაა. აღარაფერს ვამბობ ამ მიმართულებით პრორუსული ძალების აქტიურობაზე, რომლებსაც ეკლესიის მცველებად მოაქვთ თავი და თავიანთი ქმედებით აზიანებენ ამ ინსტიტუტს.
_ „ქართულ მარშს“ გულისხმობთ?
_ მაგათზე ვსაუბრობ. ასეთი ანტიდემოკრატიული და ღიად რუსული ძალების გამოხატული მხარდაჭერა, სინამდვილეში, საპატრიარქოს წინააღმდეგ არის მიმართული. ეს მხარდაჭერა ეკლესიას წამგებიან პოზიციაში აგდებს. ეს მხარდაჭერა არაა, ეს გახლავთ ფსევდომხარდაჭერა. მათი მიზანი საპატრიარქოსთვის და ეკლესიისთვის სახელის გატეხაა.
_ ბევრი ცდილობს, საპატრიარქოს სახელი გაუტეხოს, მაგრამ საპატრიარქო თავადაც იტეხს სახელს. ამდენი ხანია, ხალხი უსამართლობას აპროტესტებს და არ იმჩნევენ. „ნაციონალების“ დროს ოპოზიციას ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ. მაშინ ამჩნევდნენ უსამართლობას და დღეს _ ვერა?
_ არ მიკვირს მათი ასეთი პოზიცია. საპატრიარქოც ხომ ჩვეულებრივი ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული. ამ ინსტიტუტში ბევრია გაწევრიანებული და მათ აქვთ თავიანთი შეხედულებები. ზოგი ღირსეულია, ზოგი დასავლურ პოზიციაზე დგას, ზოგი უღირსია და პრორუსული პოზიცია უკავია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შიგნით სხვა ქვეყნის აგენტურაც მუშაობდეს. მერე რა, რომ ისინი სასულიერო პირები არიან? ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ყველა ადამიანი ცოდვილია. არც ისინი იქნებიან გამონაკლისები.
_ ამაში თქვენ ტრაგედიას ვერ ხედავთ?
_ კარგი ამბავი არაა, მაგრამ არც გასაკვირია. საპატრიარქოში არსებულ სიტუაციას სათავისოდ იყენებს ხელისუფლება და ეკლესიის წინააღმდეგ გეგმაზომიერ კამპანიას ახორციელებს. გეგმაზომიერად არჩევენ სხვადასხვა ფაქტებს. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ის სამწუხარო ინციდენტი, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდა. კიდევ ვიმეორებ, რომ სასულიერო პირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ შორისაც ხდება კამათი. არც კონფლიქტისგან არიან დაზღვეულები. მეუფე სტეფანესა და დედა სოსანას შორის მომხდარ კამათს არნახული რეაქცია მოჰყვა.
_ ეს ჩვეულებრივი კამათი არ იყო და ამიტომაც მოჰყვა ასეთი რეაქცია.
_ მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი კამათი იყო, მაგრამ, რატომღაც, ყველამ ამაზე გაამხვილა ყურადღება. ისეთი ამბავი ატყდა, რომ აქ სიტუაციის დასარეგულირებლად ჩამოსული კრისტიან დანიელსონი ყველას მიავიწყდა. ყველა საინფორმაციო საშუალება ამ თემას აშუქებდა. მეტი სალაპარაკო, უბრალოდ, არ იყო. სხვა შემთხვევაში ამაზე გამეცინებოდა, მაგრამ ახლა არ მეცინება. არ მეცინება იმიტომ, რომ როგორც უკვე გითხარით, ეკლესიაზე გეგმაზომიერი შეტევა მიდის. ორგანიზებულად ახორციელებენ შეტევას პატრიარქზეც.
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა და მისი მომხრეები ილია მეორის მიმართ მარაზმატიკულ და არარეალურ ბრალდებებს აყენებენ. ეს ბრალდებები არავის აღშფოთებას არ იწვევს. თურმე, ეს არაფერი ყოფილა და ეპისკოპოსი მონაზონს რომ ეკამათა, ამით დაიქცა ქვეყანა. მთელი მედია პეტრე ცაავას ბრალდებების ტირაჟირებას ახდენს. ლამისაა, პეტრეს სიბინძურეების ნთხევა დისიდენტობად ჩაუთვალონ.
ვერ გავიგე, თუ ერთ მეუფეს არ აქვს უფლება, მონაზოს ეჩხუბოს, მეორე მეუფეს რატომ უწონებენ სიბინძურეების ნთხევას? ასეთი ბინძური ბრალდებები არასდროს მომისმენია. იმას არ ვამბობ, რომ პატრიარქის გაკრიტიკევბა არ შეიძლება. ნებისმიერი ადამიანის გაკრიტიკება შეიძლება. პეტრე ცაავა პატრიარქს არ აკრიტიკებს, ის მას ბინძურად სწამებს ცილს. ასეთი ჭორები მისთვის კომუნისტებსაც კი არ გაუვრცელებიათ. ეს ელემენტარული აბსურდი და ცილისწამებაა და ის არაფრით არაა დასაბუთებული! მეუფე სტეფანეს ქმედებით აღშფოთებული ხალხი, პეტრე ცაავას ტაშს რომ უკრავს, ეს ჩემთვის გაუგებარია.
_ პატრიარქის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია მიდის, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლეს. ბოლო კვლევებით ქვეყანაში პატრიარქი ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს.
_ ეკლესიასა და პატრიარქს კომუნისტებმაც ვერაფერი დააკლეს და ვერც მომავალში დააკლებენ რამეს. პატრიარქისგან განსხვავებით, ეკლესია დაზარალდა. ამ გეგმაზომიერმა კამპანიამ ეს ინსტიტუტი მნიშვნელოვნად დააკნინა. ახლა მიდის სახელის გატეხა. ძალიან საინტერესო ამბავია, რომ დღეს ანტიეკლესიურ ძალებს მიანიჭეს თეოლოგების წოდება. ისინი ხშირ შემთხვევაში თეოლოგების სახელით ილაშქრებენ ეკლესიის წინააღმდეგ. ბევრ მათგანს თეოლოგიაზე წარმოდგენაც კი არ აქვს. უბრალოდ დავალებული აქვთ, რომ ეკლესია და პატრიარქი უნდა ლანძღონ.
_ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს ნამდვილი თეოლოგებიც აპროტესტებენ.
_ ზოგიერთი მათგანი გულშემატკივრის პოზიციიდან აკრიტიკებს საპატრიარქოს. მე ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას ვაპროტესტებ, თორემ ცალკეული ეპისკოპოსები აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ.
_ რომელი ეპისკოპესები იმსახურებენ თქვენს კრიტიკას?
_ ის ეპისკოპოსები, რომლებიც რუსულ იდეებს ქადაგებენ, უნდა გავაკრიტიკოთ. ამასთან, იცოდეს ყველამ, რომ ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ, გალაშქრება არის რუსული საქმე.
_ ფიქრობთ, რომ ამ კამპანიის უკან რუსეთი დგას?
_ არ ვფიქრობ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ამ კამპანიის უკან რუსეთი დგას და ისინი გეგმავენ ყველა სიბინძურეს. ამაში მათ საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს.
_ თქვენ რუსეთუმე ეპისკოპოსები ახსენეთ. ასეთები მრავლად გვყავს და რაღაში სჭირდება რუსეთს საპატრიარქოს წინააღმდეგ გალაშქრება? სავსეა იქაურობა მათი ხალხით.
_ მათთვის მთავარი მიზანი არა საპატრიარქო, არამედ ეკლესიაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, მთავარ სამიზნედ ეკლესია გაიხადა. ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენი არის ეკლესია.

შორენა მარსაგიშვილი