თამაზ იმნაიშვილი: „ლტოლვილების მიღება რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს, იმ პრობლემებს ჩამოიტანს, რაც სირიის საკითხებს ახლავს!“
ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ვითარება სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც სირიის სამთავრობო ჯარებმა, რომლებსაც მხარს უჭერენ რუსეთი და ირანი, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი საბოლოოდ გაათავისუფლეს მეამბოხეებისგან, თუმცა ეს მოხდა ისეთ მძიმე ფასად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იერიშებს ალეპოზე „ომის დანაშაულის შემცველი“ ქმედება უწოდა, რის გამოც საუბარი დაიწყო სირიის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების პასუხისმგებლობაზე.
გერმანული ლიბერალური გამოცემა „ცაიტი“ მიიჩნევს, რომ სირიის გამო დასავლეთმა რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან, როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ ნაბიჯმა შეაჩერა რუსეთი, რომელმაც, თავის დროზე, ვერ მოახერხა ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწების დაპყრობა. „აპოკალიფსი ალეპოში _ ეს არ არის განყენებული პროცესი. ეს ტრაგედია შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, თუკი რუსეთს მკაფიოდ ეცოდინებოდა, რომ საავიაციო იერიშების შედეგებზე პასუხისგება მოუწევდა, _ წერს „ცაიტი“ და განაგრძობს, _ მითია, თითქოს რუსეთი სირიაში მიმდინარე ომში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ჩაება. კრემლს სირიაში მკაფიო მიზანი აქვს: ესაა ასადის მხარდაჭერა, თუნდაც, ასობით და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ფასად. პუტინის პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ასეთი ციფრები არასოდეს მიიღება მხედველობაში. ერთადერთი, რასაც რუსეთის ავტოკრატი ლიდერის შეჩერება და გონზე მოყვანა შეუძლია, ესაა მკაფიო შედეგები, რაც შემდგომში აუცილებლად უნდა მოჰყვეს საომარ დანაშაულს“.
ამავე აზრისაა კიდევ ერთი ლიბერალური გამოცემა, ნიდერლანდში გამომავალი გაზეთი „ჰანდელსბადი“, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების სირცხვილს უწოდებს იმ უმოქმედობას, რომელმაც გზა გაუხსნა ბაშარ ალ ასადის რეჟიმის სასტიკ ქმედებას ალეპოში. გამოცემა მიიჩნევს, რომ 2016 წლის დარჩენილ პერიოდში ამ ლიდერს, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე ერთი სახელმწიფო, რუსეთი, უჭერს მხარს, კვლავ შეუძლია დახოცოს ასობით და ათასობით საკუთარი მოქალაქე, თუ ვინმე მის შეჩერებას არ შეეცდება: „მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოლიდარობის საყოველთაო იდეალებიდან აღარაფერი დარჩა. ნუთუ, საერთაშორისო საზოგადოება უძლურია? არა! მას შეუძლია აღნუსხოს ასადის რეჟიმის ყველა დანაშაული იმის იმედით, რომ რაღაც მომენტში ვიღაცა ამისათვის პასუხს აგებს“, _ წერს ჰოლანდიური ლიბერალური გამოცემა „ჰანდელსბადი“.
სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, მის სამხედრო და პოლიტიკურ ასპექტზე; რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე ამ გლობალურმა დაპირისპირებამ, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში _ თამაზ იმნაიშვილი:
_ ცალსახა შეფასებაა, სირიაში მიმდინარე ომი _ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ამაზე პუტინს პასუხს ვერ მოსთხოვენ, მაგრამ ასადს ეს არანაირად ასცდება. საბოლოოდ, მაინც მოუწევს პასუხისგება, მინიმუმ, ჰააგის სასამართლოს წინაშე, თუ მანამდე მისი განადგურება არ მოხდა. ალეპოს აღება ნიშნავს შემდეგს: პუტინმა დაასწრო მოვლენებს, სანამ ტრამპი ოფიციალურად გახდება პრეზიდენტი და ძალიან დიდი კოზირი დაიჭირა ხელში. სანამ საფრანგეთსა და გერმანიაში არჩევნები ჩატარდება, მანამდე მას ხელში აქვს საკმაოდ სერიოზული კოზირი და შეუძლია, ივაჭროს იმ მაგიდასთან, სადაც ვაჭრობა მიდის სანქციების მოხსნა-არმოხსნის თაობაზე. თუმცა, ალეპომდე, პალმირაში მიმდინარე პროცესებმა ცალსახად და ღიად აჩვენა ერთი რაღაც: პირველი ის, რომ ალეპოს აღებით არ მთავრდება არაფერი, პირიქით, ფრონტი, როგორც ჩანს, უფრო გაფართოვდება. ასეთი ტიპის ქმედებებით და ასეთი აღებით მან შეიძინა დღესდღეობით გაცილებით მეტი რაოდენობისა და ძლიერი მტრები, ვიდრე აქამდე ჰყავდა; მეორე _ პალმირამ აჩვენა ერთი რაღაც: ასადი როგორც ხელისუფალი და მისი შეიარაღებული ძალები აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს, რუსების გარეშე ისინი ერთ თვესაც ვერ გაძლებენ. ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ გამოვიდნენ თუ არა რუსული და ირანული სამხედრო ნაწილები პალმირადან, თითქმის, ერთი ბრიგადის, 2000-2500 კაცის შემადგენლობით ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტად 10 საათში აიღეს მთელი ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო ასადის არმიის შენაერთის საკმაოდ სერიოზული ნაწილი, ირანელი დაქირავებულები, 10 საათში პალმირა უკან თავისუფლად დაიბრუნეს. ამან ასადისა და მისი შეიარაღებული ძალების დიდი სისუსტე აჩვენა. ადრე ინტერვიუში ერთ თემაზე ვისაუბრეთ _ როდესაც რუსეთი პირველად ჩაერთო სირიის ამბებში, მაშინ პარალელებს ვავლებდით ავღანეთის ომსა და ამ ომს შორის, სადაც ცალსახად იკვეთება ერთი რაღაც: იმდენად ღრმად შეტოპა პუტინმა სირიის კონფლიქტში, რომ ის ასე ადვილად ვეღარ შეძლებს უკან გამოსვლას, თუ უკვე დაგვიანებულიც არ არის და ეს ჭაობი მას სერიოზულად ჩაითრევს. ცალსახაა, რომ ასადი რუსეთის გარეშე ვერაფერს შეინარჩუნებს. თუ რუსეთი ასადს მიატოვებს და გაწირავს, მაშინ ის კარგავს ყველაფერს, რაც აქამდე აქვს და თუ ასადს შეინარჩუნებს, მას დღეს ძალიან ძვირი დაუჯდება. პრაქტიკულად, არაბული სამყარო ასადმა და რუსეთმა მის წინააღმდეგ აიმხედრა. ასადი და პუტინი, სინამდვილეში, ოპოზიციონერებს ებრძოდნენ და არა ისლამურ სახელმწიფოს. მაგალითად, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დათვლილია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების 83% მოდიოდა ასადის ოპოზიციაზე, საბრძოლო შენაერთებზე და დაბომბვის 17% მოდიოდა ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე. ეს ცალსახად მეტყველებს, რომ რუსეთი და ასადი სულაც არ არის დაინტერესებული, რომ ისლამური სახელმწიფო, როგორც საფრთხე, არსებობდეს. ვის წინააღმდეგ იმოქმედებს, მათ ეს არ აინტერესებთ. ისლამური სახელმწიფო საფრთხეა მთლიანად არაბული სამყაროსთვის. ჩემი მეგობრის მტერი, ჩემი მტერია, _ ასეთი მიდგომით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ რუსეთს უკვე გაცილებით დიდი ძალებით მოუწევს ასადის შენარჩუნება. თუ დღეს მას დღეში, საშუალოდ, 3-4-5 მილიონი დოლარი უჯდება, მომავალი წლიდან რუსეთს ასადის შენარჩუნება გაეზრდება და შეიძლება მას წელიწადში დაუჯდეს 10-20 მილიარდი დოლარი. თუ ასადი იქ არ იქნება, უკვე რუსეთი დაკარგავს პოზიციებს, ამით მას ჩაკეტილი წრე აქვს, ან უნდა შეინარჩუნოს ასადი და საკუთარი პოზიციები და ამისთვის ძალიან დიდი ფული დახარჯოს, რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთს არ აქვს, ან დათმოს ყველაფერი და თქვას, რომ ეს დანაკარგები საკმარისია და ომიდან ისე გავიდეს, რომ განაცხადოს, _ ამაზე მეტის დაკარგა არ შემიძლია და წაგებული წავიდეს ამ პოზიციით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთი მოგებული იქნება იმიტომ, რომ ავღანეთში როდესაც საბჭოთა ხელმძღვანელობამ არ გადადგა ეს ნაბიჯი და თქვა, რომ ბოლომდე ჩავყვებიო, რა გამოიწვია ავღანეთის ომმა, ვნახეთ, _ საბჭოთა კავშირი დაიშალა. სირიის მასშტაბებს ვერ შევადარებთ, რაც ავღანეთში იყო, მაგრამ პრინციპი იგივეა. თავიდან ერთი, 22-ე დივიზია იყო ავღანეთში შესული და, საბოლოო ჯამში, 195 000 სამხედრო პირი ჰყავდა რუსეთს ავღანეთში შეყვანილი. 1984-1985 წლებიდან რომ დაიწყო, 195 000 სამხედროს მიაღწია. სირიაშიც სულ 400 სამხედრო მრჩევლით დაიწყო პუტინმა ასადის მხარდაჭერა, მაგრამ დღესდღეობით მარტო 16 სამხედრო გემი დგას ტარტუს პორტში. არაოფიციალურად ცნობილია, რომ დაახლოებით დაქირავებულები, არალეგალები, მოქმედი სამხედროები, სადღაც, უკვე, 20000-25000-ია სირიაში რუსეთის მხრიდან. ეს მასშტაბები ნელ-ნელა იზრდება და ალეპოს დაცემამ ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი. აქ პუტინისთვის, გარკვეულწილად, მომგებიანი პოზიციებია იმიტომ, რომ მან დიდი კოზირი დაიჭირა ხელში, მაგრამ თუ გლობალურად და დროში გაწელილად შევხედავთ, ალეპოს დაცემა შეიძლება იყოს მოგებული ომი, რომელიც წაგების ტოლფასია. პრაქტიკულად, მან შეიძლება მოიგო ერთი ბრძოლა, მაგრამ წააგო ომი. ხოლო რაც შეეხება წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რამაც განსაკუთრებით ადამიანების აღშფოთება გამოიწვია, როდესაც შეწყდა ბრძოლა და იქ შევიდნენ ასადის სამხედროები, რომ ჰუმანიტარული დერეფანი გაეკეთებინათ და მოსახლეობა და დაჭრილები გამოეყვანათ, შესვლის დროს, დაახლოებით, 120 ადამიანი დახოცეს, აქედან 85 იყო ქალი, ბავშვი და დაჭრილი, ანუ ასადმა უმწეო მოსახლეობა ადგილზე დახვრიტა. ამის კადრებიც გავრცელდა და დოკუმენტური მასალაც. ევროპელები თავზე ნაცარს იყრიან, ყვირიან, რომ ჩვენ უსუსურები აღმოვჩნდით და თუ რაღაცას არ გავაკეთებთ, საკუთარი თავის წინაშე ვიქნებით შერცხვენილები და დამნაშავეებიო. ახლა ევროპა ძალიან სერიოზულად ემზადება. ეს არის, ძირითადად, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა, რომ პასუხი გასცეს ალეპოს ამ შედეგს. როგორი იქნება ეს პასუხი, ჯერჯერობით, კაციშვილმა არ იცის, მაგრამ, როგორც ჩანს, დროში გაწელილად ეს ნამდვილად იქნება. პუტინმა შედეგად ის მიიღო, რომ საფრანგეთმა, ინგლისმა და გერმანიამ, სამივემ თქვა, რომ პუტინის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გახანგრძლივდება და სანქციების არეალი გაიზრდება.
_ რაც შეეხება აშშ-სა და ტრამპის მოსვლას?
_ რაც შეეხება აშშ-სა და ტრამპის მოსვლას, ძალიან საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივია. კაციშვილმა არ იცის, რას იზამს ტრამპი. როგორც ჩანს, არ უნდა იყოს ისე ძალიან მარტივად საქმე, რუსებს რომ გაუხარდათ ტრამპის მოსვლა. მან, შეიძლება, ისეთი რაღაც მოიმოქმედოს, რომ, მაგალითად, რეიგანისეული ნაბიჯები გადადგას. როდესაც ამერიკის სათავეში რეიგანი მოვიდა, საბჭოთა სამყაროს უხაროდა, რომ ძალიან სუსტი ადამიანი, მსახიობი მოვიდა, რომელსაც არაფერი შეუძლია და მან არ იცის, რა არის გლობალური პოლიტიკა. ბოლოს კი რეიგანისგან მიიღეს ის, რაც მიიღეს! შეიძლება ტრამპისგანაც ამის განმეორება მოხდეს. ჯერჯერობით ტრამპი დაკავებულია შიდა საკითხებით. მან ამერიკული წარმოების გიგანტები მოიწვია და სთხოვა, რომ საკუთარი ქარხნები აშშ-ში გადაიტანონ. მათ შეჰპირდა, რომ საგადასახადო შეღავათებს მისცემს, მთავარია, რომ ამერიკაში სამუშაო ადგილები შექმნას. კომპანია „APPLE“-ს პირდაპირი გაგებით დაემუქრა, „APPLE“-მა უარი თქვა წარმოების ამერიკაში გადატანაზე და ტრამპმა მკაცრად უთხრა, _ თქვენს კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ იმ პროცესს არ დაიწყებთ, რასაც ქარხნებისა და საწარმოების ამერიკაში გადატანა ჰქვიაო. ყველასი არა, მაგრამ გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნება იგულისხმება, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. ტრამპის ორი, აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ერთი არის სახელმწიფო მდივნად ტილერსონის გამოცხადება, რომელიც პუტინის ძმა და მეგობარია; და აბსოლუტურად საწინააღმდეგო ქმედება ეს არის თავდაცვის მინისტრად, რეიგანის პრეზიდენტობის შემდგომ, პირველად დაინიშნა სამხედრო, 4-ვარსკვლავიანი გენერალი ჯონათან მატისი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყველაზე უარყოფითად არის განწყობილი რუსებისა და პუტინის მიმართ. მატისი ყოველთვის პირდაპირ აცხადებდა და ახლაც აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი სამხედრო ძალით და არა მოლაპარაკებებით და ა. შ. ერთი მხრივ, თითქოს სახელმწიფო მდივნად პუტინის მეგობარი (როგორც ჩანს, ამის გარდა, ფინანსური ინტერესებიც არსებობს) და მეორე მხრივ, მატისი, რომელიც რუსების პირველი მტერია. ამიტომ ძალიან გაურკვეველია პირველი 3-4 თვე. ალბათ, აპრილ-მაისისთვის გამოკვეთილი სურათი იქნება იმისა, საით მიდის ტრამპი.
_ რაც შეეხება საქართველოს _ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩვენს ქვეყანას ამ გლობალური დაპირისპირების ფონზე?
_ ამ დიდ, გლობალურ დაპირისპირებებში რამდენადაც ჩუმად ვიქნებით, იმდენად დიდი შანსი გაგვიჩნდება, რომ დიდი დარტყმები არ მივიღოთ. წარმოიდგინეთ, რუსეთი, ირანი, თურქეთი, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს ამ შემთხვევაში და რუსულ თამაშთან ერთად საკუთარ თამაშსაც თამაშობს; თურქეთი შევიდა სირიის ტერიტორიაზე, მაგრამ რას აკეთებს, _ მას სჭირდება ბუფერული ზონის შექმნა სირიის, ერაყისა და თურქეთის ქურთებს შორის, რომ გაერთიანება არ მოხდეს და ბუფერულ ზონებს ქმნის, ეს მის ინტერესებში შედის, რაც, ამავდროულად, რუსული ინტერესებიც არის. სამი ძალიან დიდი მოთამაშე, პრაქტიკულად, ღიად, ასე ვთქვათ, იარაღით ხელში იბრძვის და ჩვენი რაიმე სახით აქტივობა ამ მიმართულებით ყველაზე დაბალი უნდა იყოს. ეს ძალიან ჩუმად უნდა გავაკეთოთ და არ უნდა მივიღოთ ლტოლვილები. სირიელი ლტოლვილების მიღება, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს, ჩამოიტანს იმ პრობლემებს, რაც სირიის საკითხებს ახლავს. ჯერჯერობთ საქართველო არ არის რუსეთისთვის და თურქეთისთვის პრიორიტეტი. მათ, ამ ეტაპზე, საქართველოსთვის არ სცალიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდი გვაქვს, სანამ სიტუაცია დალაგდება აშშ-ში, ევროპაში, რომ სიწყნარე შევინარჩუნოთ. ეს წმინდა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება ეკონომიკური თვალსაზრისით _ ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. კი ბატონო, გასაგებია, რომ 3-4 დღის წინ დოლარმა რეკორდი დაამყარა, 14 წლის იატორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მე იმ დღეს ფორექსის ბირჟას ვაკვირდებოდი, დოლარმა გაანადგურა თითქმის ყველა ძლიერი ვალუტა, რაც კი მსოფლიოში არსებობს _ იაპონური იენი, ევრო, ფუნტი-სტერლინგი, შვეიცარიული ფრანკი, ვერცხლი, ოქრო, ყველაფრის ფასი ძირს დავარდა და ყველაფერს ფასი შეუმცირდა, მაგრამ ეს იყო ერთდღიანი, მერე ჩვეულებრივად გასწორდა. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს სიტუაცია საქართველოში გამოსწორდეს! აქ რამდენიმე ფაქტორი გვაქვს: ერთი ეს არის საგარეო ფაქტორი, მეორე _ ემოციური ფაქტორებია საკმაოდ დიდი და საზოგადოებაში პანიკის ნიშნები. ეს ყველაფერი იმას იწვევს, რომ ლარის კურსი უკვე 2,68-ზეა და საახალწლოდ, ალბათ, ცოტა კიდევ მოიმატებს. არსებობს ასეთი ეჭვი, რომ ლარის რეალური ღირებულება, სინამდვილეში, მერყეობს 2,8-დან 3,1-ის ფარგლებში, ეს არის ლარის რეალური ღირებულება და მომავალ წელს ამ ფარგლებში მყარად ითამაშებს. ეს იქნება ლარის სტაბილურობა. კურსის თამაში ძალიან პატარა ამპლიტუდა იქნება, მაგრამ შენარჩუნდება ამ ფარგლებში და მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში ასე იქნება. საქართველოში პოლიტიკური სარბიელი აბსოლუტურად ცარიელია, _ ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, აღარავინ დარჩა „ქართული ოცნების“ გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება და ახლა ყრილობაზე აშკარად შუაზე გაიყოფა. „პატრიოტთა ალიანსი“, პრაქტიკულად, მინიმალური ძალის მქონეა, სხვა პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად, ქვეყანაში აღარ არსებობს და ეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ, მინიმუმ, წელიწადნახევარი მას ქმედებების აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდეს. როდესაც 2018 წელი მოახლოვდება (ადრე გაზაფხულზე, მუნიციპალური არჩევნები ვიცით, რომ 2018 წლის ოქტომბერშია), მაშინ პოლიტიკური აქტივობა დაიწყება და იმ პერიოდისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. მანამდე მას სრული სარბიელი და კარტბლანში აქვს და რასაც უნდა, იმას გააკეთებს. თუ ეს ნაბიჯები კარგად გათვლილი იქნება, საზოგადოება, რა თქმა უნდა, კმაყოფილი იქნება, მაგრამ როგორც პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ არაჩვეულებრივი და არაორდინალური მიდგომები გვჭირდება ეკონომიკის გასაზრდელად და ამას ჩვეულებრივი მეთოდებით და ნაბიჯებით ვერ გავაკეთებთ, ბალცეროვიჩის „შოკური თერაპიის“ მაგავსი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. ამით რას მივიღებთ, ამის პროგნოზი, პრაქტიკულად, შეუძლებელია!
თამარ ბატიაშვილი