თაკო ჩარკვიანი: „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში შესვლა ძალიან დიდი შეცდომაა!“
„ჩემი აზრი და სურვილი ასეთია: წესით, ნაღდი და მაგარი, ნამდვილი ოპოზიცია _ მთელი გუნდი შეიკვრებოდა პრინციპულად, კვლავ არ შევიდოდა, დაიწყებდა მზადებას და ბოლოს მოუღებდა ოლიგარქიას, მაგრამ (ამას, უკაცრავად, „თავი“ უნდა), გარიგება-მორიგება და „ჟღურტული“ კი არა და ნახევარტონებში კაჭრეთში პოლიტიკურად ნაკეკლუცარი „ხელისმომწერი“ პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკური ბრძოლა ბოლომდე საშიში ფეოდალური რუსული მმართველობის წინააღმდეგ!
რა ვქნა, ეს ჩემი აზრია!!! თუ პოლიტიკური ბრძოლა და მოგება გვინდა, ასეა!
„თამასუქის ფურცლებით“ მოგებული სახელმწიფოებრიობა და აღვირახსნილ ოლიგარქიასთან მოგებული ბრძოლა „პოლიტიკური კუნტრუშით“ მე ჯერ არ მინახავს და თან ბრძოლა ოლიგარქიასთან _ „პოლიტ“ ოლიგარქებით!
გავერთიანდეთ და ბრძოლა მოგებულია! დამიჯერეთ“, _ აცხადებს პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, რომელიც ოპოზიციიდან, პრაქტიკულად, ერთადერთია, ვინც პარლამენტში შესვლის აზრს ვერ ხედავს.
ისე, რომ არ დაგვავიწყდეს, თავის დროზე, ანუ ექვსი-შვიდი თვის წინ, ბოიკოტის იდეით სწორედ თაკო ჩარკვიანი გამოვიდა. მართალია, ამ იდეას ოპოზიციის ლიდერშიფის უმეტესობა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ დღეს ეს სკეპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ბოიკოტი სწორი ნაბიჯი იყო.
რა არგუმენტები აქვს პარლამენტში არშესვლის სასარგებლოდ? რატომ მიიჩნევს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილ „ძალა ერთობაშიას“ დაშლას შეცდომად? რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს? _ „ქრონიკა+“ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:
_ ერთი დიდი მიწოლა და ჩათვალეთ, ძირს არის ოლიგარქია, რომელიც ქვეყანას ძარცვავს, ხალხი ვერ (არ) აცრეს, აშიმშილებს ქვეყანას, მილიონები მიაქვთ ქვეყნიდან, სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაანადგურეს ქვეყანა. ამის წამალი ერთია _ „დიდი მიწოლა“, „გასეირნებაც მოსულა“ რუსთაველზე, ოღონდ _ 100-ათასიანი, პირბადეებით და დისტანციით, ცხადია.
არ დაიწყონ ახლა, კოვიდიაო. ჰოდა, კოვიდი რომ არის და ხალხი არ აცრეს, დღის საათებში ჭეჭყვაა ავტობუსებში და მეტროში, საპნისა და ანტიბაქტერიული ხსნარის და წამლის ფული რომ არ აქვს ხალხს, ამიტომ არის საჭირო დიდი პროტესტი. ოლიგარქია თავისით არ მიდის, არა!
_ თაკო, მარტივად მითხარი: პარლამენტში ვინ შედის, ვინ გადის და, საერთოდ, სად ვართ?
_ ოლიგარქიაზე გამარჯვებას ცოტაღა აკლდა, მაგრამ შეთანხმებაზე უთუოდ ნაადრევი ხელისმოწერით ეს არ მოხდა. აქედან გამომდინარე, ხალხის ლეგიტიმური რისხვა დაატყდათ და, შესაბამისად, ყველაფერი თავისმართლებაა. განსაკუთრებით საჩოთირო ამნისტიაა.
_ რატომ?
_ ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ხელი ამ კი არა, იმ ამნისტიას მოვაწერეო, მაგრამ ეს და ის ამნისტია რას ჰქვია? დოკუმენტში გარკვევით წერია, ამნისტია ყველას შეეხებაო და ახლა თავის მართლებას, ხელი ვინ რაზე მოაწერა, აზრი აღარ აქვს.
თავიდანვე უნდა დაფიქრებულიყვნენ, მაგრამ ზოგს „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი დაემართა, ზოგს _ მერკანტილიზმი, ზოგს _ უჭკუობა, ზოგმა, თავისი ჭკუით, პოლიტიკური გათვლა გააკეთა, ზოგს კი, როგორც ვიცი, ივანიშვილის გარემოცვასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს.
საერთოდ, ხალხმა ყველაფერი იცის და ისიც ნათელია, რომ ამ ფაქტორებიდან ქვეყნისთვის კარგი ერთიც არაა, ანუ არც ისაა კარგი, რომ სუსტი პოლიტიკოსი ხარ და არც ის, რომ მერკანტილური და ანგარებიანი ხარ.
იმის თქმა, რომ ხელის არმოწერა დასავლეთს ეწყინებოდა, მტკნარი სიცრუეა. აშშ-ის ელჩის, კუბილიუსისა და, საერთოდ, ყველა დასავლელი მეგობრის განცხადება მოვისმინეთ და მათ თქვეს, თქვენი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, ამნისტიას გარეთ ვინ გამოჰყვებაო.
საერთოდ, დოკუმენტი შარლ მიშელის მედიატორობით არ შეიქმნა.
_ აბა?
_ შარლ მიშელი მედიატორი, ანუ მომრიგებელი იყო, რომელმაც მედიაცია შესანიშნავად შეასრულა _ ამ ხელის მოწერით ის გაკეთდა, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარაა. ამ ფორმის დოკუმენტს ესენი დასთანხმდნენ.
_ თაკო, „ამ ფორმაში“ რას გულისხმობ?
_ ხომ ხედავ, პროკურატურის მუხლი როგორია _ ხუთი წელი ხელს ვერ კიდებ, სასამართლო რეფორმას კი 20-30 წელი ვერ გააკეთებ და ძალიან მაინტერესებს, საარჩევნო რეფორმა როგორ უნდა გაატარონ?
_ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თაკო ჩარკვიანი რას იზამს _ შევა პარლამენტში?
_ ასე კატეგორიულად ვერაფერს გეტყვი.
_ რატომ?
_ აი, მაგალითად, გუშინ 50 პროცენტი დავუშვი, რომ პარლამენტში შესვლა შესაძლოა, მართლა საჭირო იყოს, მაგრამ დღეს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
_ ანუ „ნაციონალები“ რომც შევიდნენ, შენ პარლამენტში არ შეხვალ?
_ არა, არა… როცა შენთან ხალხია, მარტო როგორ ხარ, არ გამაგიჟო?!
სხვათა შორის, აზრი „ნაციონალებშიც“ იყოფა და მეც იმ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც პარლამენტში შესვლა არ სურს. იმ შემთხვევაშიც კი, ვიღაცები რომ შევიდნენ, ვფიქრობ, აზრი კვლავ გაიყოფა…
მოკლედ, პირადად მე გამარჯვების ფორმულას პარლამენტში არშესვლაში ვხედავ!
_ თაკო, რა ამის პასუხია და, წეღან თქვი, ზოგმა შეთანხმებას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი დაემართაო. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ აი, მაგალითად, სალომე სამადაშვილს, რომელიც „ნაცი“ თავად იყო, „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი როგორ უნდა დამართოდა?
_ სამადაშვილი არ მიგულისხმია.
_ აბა, ვინ იგულისხმე?
_ მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჭირს და ეს გიორგისაც ვუთხარი.
სხვათა შორის, ეს კომპლექსი „ლელოსაც“ აქვს.
ისე, ზურა ჯაფარიძეც, თავის დროზე, „ნაციონალი“ იყო.
_ დიახ, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერთა 90 პროცენტი, „ლელოს“ გარდა, ექსნაციონალია…
_ „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირში, მგონი, „ლელოც“ იყო.
_ კი ბატონო, ასეა…
_ ახლა, შეიძლება, ვიღაცამ მითხრას, „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი შენც ხომ არ გაქვსო, მაგრამ, ვანო, 9 წელი ამ პარტიის ოპოზიციაში ვიყავი და ეს კომპლექსი, უბრალოდ, ვერ მექნება!
_ მოკლედ, გკითხე და არ მიპასუხე, „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი სამადაშვილსაც აქვს თუ არა?
_ არა, სალომეს არ აქვს.
სხვათა შორის, ორგანული კანონის მიხედვით, თუ მაჟორიტარი არ არის, დეპუტატს უფლება არ აქვს, პარლამენტში სხვა პარტიის მანდატით შევიდეს, საკანონმდებლო ორგანოში კი სხვა პარტიის ფრაქციის წევრი გახდეს.
სალომე სამადაშვილი დეპუტატი, მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გახდა.
_ დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით კი გახდა, მაგრამ სამადაშვილმა ეს პარტია დატოვა…
_ გასაგებია, რომ პარტია დატოვა, მაგრამ მაჟორიტარი კი არაა, არამედ, დეპუტატი პარტიული სიით გახდა.
_ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს პარლამენტში შესვლა პირველ ნოემბერსვე უნდოდა…
_ რა თქმა უნდა… ის ინფორმაციაც არსებობდა, რომ შესაძლოა, „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრი გამხდარიყო.
_ ამის შესახებ თავადაც განაცხადა, _ ან „ლელოში“ შევალ, ან _ „აღმაშენებელშიო“…
_ ბოლო მომენტში „ლელო“ გადაწყდა…
_ თაკო, რაკი პოლიტიკურ კომპლექსებზე ვსაუბრობთ, პირდაპირ გკითხავ: იმის გამო, რომ ერთად იყავით და „აღმაშენებელი“ ბოლომდე პრინციპული არ აღმოჩნდა, ერთგვარი კომპლექსი შენც ხომ არ გაგიჩნდება?
_ კარგია, რომ ეს კითხვა დამისვი… ორმა პარტიამ _ „კანონმა და სამართალმა“ და „ახალმა საქართველომ“ _ ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 50/50-ზე გავაკეთეთ, ამიტომ მეც და გიორგიც ჩვენს განცხადებებში ყოველთვის თავისუფლები ვიყავით. უბრალოდ, არ მინდოდა, რომ გიორგის ნაადრევი შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, რადგან ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსი ამ იშვიათი შეცდომისთვის არ მემეტებოდა.
_ შეთანხმებაზე ხელისმოწერა იშვიათი შეცდომა რატომაა?
_ პრაქტიკულად, არ მახსენდება შემთხვევა, რომ ამომრჩეველს პოლიტიკოსისთვის ასეთი შეცდომა ეპატიებინოს.
_ დღევანდელი გადასახედიდან, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვაშაძეს პრემირობის კანდიდატად ისევ დაასახელებდი?
_ არა, რა თქმა უნდა.
_ დამისაბუთე, რატომ?
_ მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ნიჭიერ ადამიანად მივიჩნევ, დიდ პოლიტიკას და ქვეყნის ჩაბარებას სხვა პრინციპულობა სჭირდება, თორემ გიორგი ისევ ის ნიჭიერი ადამიანია. დიდი ოკეანისთვის, ანუ დიდი პოლიტიკისთვის მინდოდა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, მოეთმინა და დავინახავდი, რომ როგორც, უბრალოდ, ნიჭიერმა კი არა, არამედ, როგორც საპრემიერო კანდიდატმა გაამართლა!
ერთი სიტყვით, ვერ დავინახე, რომ 27-პროცენტია. პარტიის შიშიდან ვერ გამოვიდა და ეს არ უნდა ჰქონოდა. გიორგის ის მონაცემები უდავოდ აქვს, რომელიც მომავალში დიდი პოლიტიკისთვის, უფრო სწორად, დიდი მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინა, მაგრამ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა…
_ თაკო, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობ, რომ იგივე ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა, თავის დროზე, კოალიცია „ძალა ერთობაშია“ შენარჩუნებულიყო და არ დაშლილიყო?
_ აბა, რა! ვანო, როგორი ყურადღებიანი ჟურნალისტი ხარ.
_ გმადლობ, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ ხომ გახსოვს, იმ კოალიციას როგორ კბილებით ვიცავდი და იგივე შენთან ამ თემაზე, გეხვეწები, თქვი, რამდენი ინტერვიუ მქონია.
_ ვადასტურებ: ამ თემაზე ბევრჯერ და ხშირად გვისაუბრია. ჰოდა, გარკვეულწილად შენი პასუხისმგებლობაც ხომ არაა, რომ „ძალა ერთობაშიას“ პირვანდელი ფორმატი ვერ შეინარჩუნეთ?
_ მეტის გაკეთება მე აღარ შემეძლო.
_ რატომ?
_ შალვა ნათელაშვილთან ახალი გაერთიანება გაკეთდა, რაც თავისთავად ცუდი არ იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ფსევდო შემოურთდა.
მე კი თავიდანვე ვამბობდი, „ძალა ერთობაში“ არათუ შექმნილი, არამედ წარმატებული პროექტია _ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პროექტმა არნახული გამარჯვება დადო.
ჰოდა, რაღა ახალს ქმნით, ისევ ამ წარმატებულ „ძალა ერთობაშიაში“ გავერთიანდეთ-მეთქი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს და ახლა ხომ ჩანს, რომ მართალი აღმოვჩნდი?
ახლაც უნდა გავერთიანდეთ, ზოგიერთი მეიმედება, მაგრამ შეთანხმებაზე ხელმომწერების უმეტესობის იმედი არ მაქვს…
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძემ ისევ მესამე ცენტრზე დაიწყო საუბარი. ვთქვათ, „ლელომ“, „სტრატეგიამ“ და გახარიამ ახალი კოალიცია შექმნეს, შენი პარტია „კანონი და სამართალი“ საითკენ წავა?
_ არავითარ შემთხვევაში.
_ ანუ?
_ ეგენი რომ მესამე ცენტრს აანონსებენ, ეგ ძველია.
_ რას გულისხმობ?
_ მესამე ცენტრს ყოველთვის ამომრჩეველი და ხალხი ქმნის. ხალხი კი მათგან ვერანაირ ცენტრს ვერ შექმნის! ბოლოს და ბოლოს, გიორგი გახარიას თვალების დათხრაზე პასუხები არ გაუცია და ამხელა ტვირთი ადევს…
სხვათა შორის, „ძალა ერთობაშია“ ტყუილად არ მიხსენებია _ ძალიან კარგი დასავლური ფორმატი იყო და იცი, ოპოზიცია ვინაა?
_ ვინ?
_ ვინც პრინციპული აღმოჩნდა!
ოპოზიციაში მესამე ძალაც ისაა და პირველიც, ვინც ბოლომდე პრინციპულია!
ერთსაც ვიტყვი: იმათ, ვინც პარლამენტში ახლა აპირებენ შესვლას, მკაცრად ვერ ვამუნათებ და ეს სწორად გამიგე. იმის საშიშროება, რომ თუ გარეთ მონოლითურობა არ იქნება, არშესვლით შეიძლება, მართლა რაღაც ბერკეტი დაკარგო.
_ უფრო დეტალურად?
_ 50 პროცენტი შანსია, რომ არსებობა გაუხანგრძლივდეს. ამდენივე პროცენტი იმის შანსიცაა, რომ ოლიგარქს არსებობა გაუხანგრძლივო. მოკლედ, ორივე ვერსია განსახილველია, თუმცა პირადად მე ასი პროცენტით პარლამენტში არშესვლისკენ ვიხრები.
_ ე. ი., შენს მთავარ პოლიტიკურ მეკავშირედ „ძალა ერთობაშია“ რჩება?
_ რა თქმა უნდა. ამ პროექტის წარმატებაში ლომის წვლილი მხოლოდ მე კი არა, ამომრჩეველსა და იმ ადამიანებსაც მიუძღვით, რომლებიც ამ გაერთიანებაში იყვნენ. ოლიგარქიის პირობებში ერთადერთი გამარჯვების ფორმულა სწორედ „ძალა ერთობაშიამ“ დადო…
სხვათა შორის, ნიკა მელიას ვესაუბრე და სწორ, კარგ პოზიციაზეა _ ამომრჩეველს ძალიან ფრთხილად, თბილად უგდებს ყურს და აპირებს, რომ თავისი ელექტორატის პოზიცია გაითვალისწინოს. მიმაჩნია, რომ ეს სწორი პოზიციაა. ვნახოთ, რა იქნება…
_ თაკო, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: გასაგებია, რომ ადამიანებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს და შეთანხმებას ხელი მაშინ მოაწერეს, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იყო, მაგრამ ეს ნაადრევი ხელმოწერა ერთგვარ პოლიტიკურ კორუფციამდე ხომ არ მიდის?
_ თუ დაზუსტებით არ ვიცი, არაფერს ვამბობ, თუმცა ზოგიერთთან გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ.
_ მაინც, „ზოგიერთში“ ვის გულისხმობ?
_ ახლა დასახელება არ მინდა, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს…
_ გასაგებია… ბოლოს, მითხარი, თუკი ადგილობრივი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მართლა ჩამოვა, ამით რა შეიცვლება?
_ თუ იმ გეგმამ გაამართლა, რომელიც აქვს, ანუ ჩამოვა, მაშინ სრულიად სხვა სურათს მივიღებთ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს!
ბოლოს და ბოლოს, ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმე წარმოებაში მიიღო. ასე რომ, საინტერესო პროცესები მიმდინარეობს.
ვანო პავლიაშვილი