თათია ნიკოლაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის უკვე დაიწყო ქრთამის დარიგება“

თამარ სანაძე


წინასაარჩევნო გადაჯგუფებები დაწყებულია. პირველი კავშირი გააფორმეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. პარტიები ისევ ერთად ხედავენ თავს 2024 წლის არჩევნებში.
ორი პარტიის თანამშრომლობის შესახებ განაცხადს გამოეხმაურნენ ექსპერტებიც. მათი თქმით, პარტიების ალიანსი სულაც არ ნიშნავს ამომრჩევლის ავტომატურად გაერთიანებას.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობას უცვლელი რიტორიკით გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაშიც“. დედაქალაქის მერმა ამ ალიანსს ლუზერების გაერთიანება უწოდა: „ოპოზიციის მხარეს არის ფუნდამენტური პრობლემები. ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, დაინახონ, თუ რა არის მათი ძირითადი პრობლემა, ან არ აანალიზებენ. არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი შეიცვლება“, _ განაცხადა კახა კალაძემ.
როგორ გაგრძელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსი? რას მიიღებს ორივე პარტია ამ ერთობით? რას შეცვლის ეს ერთობა „ოცნებისთვის“ და რამდენად რეალურ საფრთხეს შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებისთვის? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილს:

_ თათია, „გამარჯვების პლატფორმა“, _ ასე ჰქვია ორი პარტიის ალიანსს, რა სიახლეა ამ გაერთიანებით ხალხისთვის?
_ ყველამ ვიცით ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგები. პარტია, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ დიდი რეიტინგი დაუფიქსირდა, არის სტრატეგია აღმაშენებელი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ყველა იმ ადამიანს და იმ პარტიას, რომელიც განწყობილია პროდასავლურად, პროევროპულად და სწორედ ეს არის ხალხის დაკვეთაც, რომ მაქსიმალურად გაერთიანდეს ყველა ის ძალა, რომელიც იბრძოლებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამარცხებლად.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის თანამშრომლობას გაერთიანებას ნაკლებად დავარქმევდი. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვექნება საერთო სტრატეგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიები ერთიანდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება საერთო სტრატეგია, საერთო გეგმები და საერთო მიზნები რუსული ოლიგარქიული მმართველობის დასამარცხებლად.
_ რა არის თქვენი მთავარი სტრატეგია, ამ ალიანსის მთავარი გეგმა?
_ მას შემდეგ, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განახლება მოხდა, ახალი თავმჯდომარე მთელ თავისი დროსა და ენერგიას ახმარს ხალხს, მოსახლეობას, მათთან კომუნიკაციას. ჩვენს რეგიონში მე პირადად ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, ყოველდღიურად დავდივარ სხვადასხვა სოფელი, ვისმენთ ადამიანების პრობლემებს, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ მათ მოგვარებაში. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ხალხთან კომუნიკაცია. მოსახლეობასთან ურთიერთობა ყოველთვის მთავარი აქცენტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, რათა გავახმოვანოთ ხალხის პრობლემები. სწორედ ხალხისგან მიღებული დაკვეთით ვმოქმედებთ ჩვენ.
იცით თქვენ, რომ პარტია მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც ვითხოვთ, რომ 400 000 პენსიონერს, რომელსაც კაბალურ პირობებში აქვს აღებული რუსული ოლიგარქიული მმართველობის გამო კრედიტები, საპენსიო სესხები გაუნულდეს, პენსია გაიზარდოს.
მინიმალური პენსია უნდა იყოს 400-დან 600 ლარამდე, ოღონდ აქ არ იგულისხმება დანამატები. საპენსიო დანამატები სულ სხვა არის. ჩვენ ვგულისხმობ, რომ მინიმალური პენსია უნდა იყოს სწორედ 400-დან 600 ლარამდე და ასევე საპენსიო ასაკი აუცილებლად უნდა დაიწიოს.
ყველამ ვიცით, რომ მამაკაცების შემთხვევაში საპენსიო ასაკი 65 წელია და ვითხოვთ, რომ ეს ასაკი იყოს უფრო დაბალი. თუკი ევროპის მაგალითზე განვიხილავთ, იქ სიცოცხლის საშუალო ასაკი 85 წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უკიდურესი სიდუხჭირიდან, ცხოვრების ხარისხიდან გამომდინარე, გაცილებით ნაკლებია. როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ პენსია მოგემატება 65 წლის შემდეგ, ეს ძალიან დიდი დაცინვაა ხალხის და სწორედ მოსახლეობის ამგვარ პრობლემებსა და საჭიროებებზე ვმუშაობთ.
_ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ ეს არის ორი ლუზერის გაერთიანება, ახალი არაფერი მომხდარა, ერთადერთი გამარჯვების სიმბოლო და მშვიდობის გარანტი „ქართული ოცნებააო“; ხოლო მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ეს გაერთიანება არის არა წარმატების, არამედ დამარცხების ფორმულა. რას უპასუხებთ თქვენ მათ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე?
_ როდესაც ისინი ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ვრწმუნდები, რომ სწორი კურსი უჭირავს ოპოზიციურ ერთობას, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ საერთო გეგმების შემუშავებაში. სწორედ ეს ანერვიულებთ კალაძესა და ამ ადამიანებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინიათ ამ ტიპის ერთობების.
_ ჩვენ მივისმინეთ პოლიტოლოგების შეფასებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსზე. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიების გაერთიანება არ ნიშნავს ამომრჩევლის ავტომატურად გაერთიანებას. რას იტყვით ექსპერტების ამგვარ შეფასებებზე?
_ თავიდანვე აღვნიშნე, რომ ეს არ არის გაერთიანება, ეს არის ორი პარტიის თანამშრომლობა ოლიგარქის რუსული რეჟიმის დასამარცხებლად. ჩვენ ერთი სტრატეგიის ირგვლივ ვერთიანდებით და არ არის აუცილებელი, რომ ყველას ერთი ხედვა ჰქონდეს სხვადასხვა საკითხის მიმართ. ჩვენ იმას ვგულისხმობთ, რომ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ხედვის ადამიანი გავერთიანდეთ. ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ რუსი ოლიგარქისა და მისი რეჟიმის დამარცხებაზე. კვლავ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ხედვის ადამიანი უნდა გაერთიანდეს. ჩემი აზრით, კოალიციური მთავრობა არის გამოსავალი და ყველაზე დიდი მიზანი. მაქსიმალურად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ განსხვავებული ხედვები, ყველას ინტერესი იყოს გათვალისწინებული. რაც შეეხება შედარებით პატარა პარტიებს, ისინი უნდა გაძლიერდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მიესალმება მათ მუშაობას, აქტიურობას, რომ გაზარდონ საკუთარი რეიტინგი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაკლდეს „რუსულ ოცნებას“.
_ თქვენ ხართ ძალიან აქტიური, მუდამ ხვდებით ხალხს, ისმენთ მათ პრობლემებს, ამხელთ სხვადასხვა თანამდებობის პირს. ცოტა ხნის წინათ თქვენს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პარკის რეაბილიტაციის შესახებ საუბრობდით, აღნიშნავდით, ეს პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ავთანდილ თალაკვაძე კი ირაკლი ღარიბაშვილს უხდის მადლობასო. ამ კადრებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა პროექტია და რატომ გადაუხადეს ხალხის თვალწინ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში?
_ ოზურგეთს ჰყავს თბილისელი მერი, რომელიც თვეში ერთხელ ჩამოდის ხოლმე და მას წარმოდგენაც არ აქვს მოსახლეობის პრობლემებზე.
ამაზე დიდი უბედურება არის ის, რომ თალაკვაძეები არიან პირდაპირ ივანიშვილის კარის მოურავები და მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი რუსული კურსის გატარებას, შესაბამისად, ავთანდილ თალაკვაძეს არ აწყობს იმის ხალხისთვის თქმა, რომ ოზურგეთში ევროკავშირის გამოყოფილი მილიონობით ლარი არის დახარჯული ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ქუჩების რეაბილიტაციაზე, კორპუსებზე, პარკებისა და სკვერების მოწყობაზე. ერთ-ერთი პარკი, რომელზეც თქვენ მკითხეთ და რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, არის ის პარკი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 3 მილიონი გამოიყო. სამი წელია მიმდინარეობს სამუშაოები და კიდევ არ არის დასრულებული. როდესაც ოზურგეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა, თალაკვაძემ პრემიერს მადლობები გადაუხადა მაშინ, როდესაც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება ეს პროექტები. თუკი ავთნდილ თალაკვაძესა და მის აქტივობებს გადავხედავთ, ვერც ერთ განცხადებაში ვერ ნახავთ სიტყვებს: მადლობა ევროკავშირს. სამაგიეროდ, ყველა მის კომენტარში ვკითხულობთ სიტყვებს: „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს“. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, არ აჩვენონ ხალხს ევროკავშირის მიერ გაკეთებული სიკეთეები და ყველაფერს აკეთებენ, რომ ყოველივე ეს გაასაღონ ხელისუფლების მიერ გაკეთებულად.
_ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადეთ, რომ „ოცნების“ ლიდერებს ოზურგეთში ვიზიტებისას საკუთარ მეტაშეებს ახვედრებენო. ვინ არიან ეს ადამიანები, რომელთა მობილიზებასაც ახორციელებენ „ოცნების“ წარმომადგენლები და ხომ არ უკავშირდება ეს მომავალ არჩევნებს?
_ გასულ წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა ოზურგეთს თალაკვაძემ მას საკუთარი მეტაშეები დაახვედრა. მეტაშეებში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ დასაქმებული ჰყავს ა(ა)იპ-ებში, გადაუგდებენ ორ გროშს და ისინიც ვალდებულნი არიან, მადლობები უხადონ თალაკვაძეს, ღარიბაშვილსა და „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს. გავიხსენებ ერთ შემთხვევას: ჩამოსულები იყვნენ ერთ-ერთი პარკის გახსნაზე. ის პარკი არ არის დასრულებული. მე მაშინ შემთხვევით ჩავიარე ამ ადგილას, დავინტერესდი, რა ხდებოდა. მათ შკითხვები დავუსვი იმ თემების შესახებ, რომელიც ხალხს აწუხებს. მოვიდა ოთხი პოლიციელი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადამიგრიხეს ხელები, ჩამტენეს მანქანაში და სამი საათის განმავლობაში ვყავდი დაკავებული. სწორედ იქამდე დამაკავეს, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ მეტაშეებს ხვდებოდა. რელობა რაც არის ოზურგეთში, ეს არ აინტერესებს ხელისუფლებას.
62 ათასი ადამიანი ცხოვრობს ოზურგეთში და აქედან 31 ათასი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია შეყვანილი. აქედან დასკვნა გამოიტანეთ, თუ რამდენად სცხელათ და სცალიათ ამ ადამიანებს, რომ მადლობები უხადონ ირაკლი ღარიბაშვილს.
_ ახლოვდება არჩევნები. იქიდნ გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად ხვდებით მოსახლეობას, დადიხართ სხვადასხვა სოფელში, ისმენთ მათ პრობლემებს, სურვილებს, რა განწყობები არის მოსახლეობაში?
_ მოსახლეობას სურს ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა. მათ არ სურთ 300 ლარზე მუშაობა, რომ იძულებით დაუკრან ტაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ოზურგეთიდან ბოლო ხუთი წლის მანძლზე 35 ათასი ადამიანი გავიდა ემიგრაციაში. წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა დატოვა სახლი და წავიდა საზღვარგარეთ. ცოტა ხნის წინ გვქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად შეხვედრები. ხალხს დავურიგეთ გაზეთი, რომელიც შეეხება როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს, ასევე გურიაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებს. ამ გაზეთების გადაცემისას ძალიან ბევრი ადამიანი შეგვხვდა, რომლებიც გვესაუბრებოდნენ საკუთარ პრობლემებზე, გვთხოვდნენ, რომ მეტი გვემუშავა საპენსიო სესხების განულებაზე, პენსიაზე. ყველა მათგანს უბრალოდ სურს ნორმალური მომავალი, მოხუცებს სურთ ღირსეული, მშვიდი სიბერე. ისინი ძალიან კარგად იაზრებენ, რომ ღირსეული მომავალი და მშვიდი ცხოვრება რუსული რეჟიმის პირობებში არ გამოვა.
_ რა შანსი აქვს ოპოზიციას 2024-ის არჩევნებში, შეძლებს იგი „ქართული ოცნების“ დამარცხებას?
_ „ქართული ოცნება“, ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ხომ უკვე არაერთხელ ვიხილეთ. მან უკვე დაიწყო ქრთამის დარიგება. ერთ-ერთი პროექტის ხელშეკრულება ავთანდილ თალაკვაძემ გაუფორმა კონკრეტულ ადამიანს. მე დავინტერესდი, სრულდებოდა თუ არა ეს პროექტი, საუბარი იყო სტადიონის რეაბილიტაციაზე და ვნახე, რომ არანაირი რეაბილიტაცია არ ხორციელდება. როდესაც მოვიძე ის ადამიანი, ვისაც უნდა შეესრულებინა ეს სამუშაოები, მოვთხოვე ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ ხორციელდებოდა პროექტი. მან მითხრა, რომ თავად არანაირ ხელშეკრულებას არ იცნობდა და წარმოდგენაც არ ჰგონდა, რაზე ვესაუბრებოდი. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება უბრალოდ გაფორმებული იყო ამ ადამიანზე და თვითონ არანაირ სამუშაოს არ ასრულებდა. ძალიან მარტივად ხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება სოციალური ქსელის საშუალებით. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ვითომ მოძველბიჭო ელემენტები იყვნენ ამ საქმეში ჩართულნი, რომლებსაც, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ იყენებს ხოლმე ხმებისთვის, რათა დააშინონ და მოისყიდონ ადამიანები. ისინი აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები.
მაგრამ ოპოზიციური გაერთიანების გეგმაა განახლება, ახალი სახეების, მეტი ახალგაზრდის მოზიდვა. სწორედ ეს არის გამარჯვების პლატფორმა და ამ ყოველივეს აუცილებლად მოჰყვება შედეგი. ეს არის გამარჯვების ფორმულა.