ზვიად კუპრავა: „ქართული ოცნება“ კრიმინალებს ხარკს უხდის“

ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსული „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ამნისტიას გეგმავს. ამ ძალის მიერ გამოცხადებული ყველა ამნისტია სკანდალებით დასრულდა. პირველი ამნისტიის დროს ქვეყნის მოღალატეები და რუსეთის აგენტები პოლიტპატიმრების სტატუსით გამოუშვეს ციხეებიდან. შემდეგი ამნისტიების დროს პოლიციელების მკვლელები, ძებნილები, ბარიგები და პედოფილები შეიწყალეს. „ოცნების“ მიერ დაანონსებულმა ახალმა ამნისტიამ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროს უხდის ვალს. არავისთვის უცხო არაა, რომ შავი სამყაროს წარმომადგენლები არჩევნებზე ლაჟვარდისფერ „ოცნებას“ ეხმარებიან ხოლმე.

რატომ იწვევს საზოგადოებაში ეჭვებს ამნისტია? არის თუ არა ეს კრიმინალური სამყაროსთვის ვალის გადახდა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა ესაუბრება:

_ „ოცნებამ“ მორიგი ამნისტია დააანონსა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არ არის ჰუმანური აქტი და ამ ნაბიჯით ხელისუფლება კრიმინალებს უხდის ვალს. რატომ არ გჯერათ, რომ ეს ჰუმანური აქტია?

_ პირველი ამნისტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა. მაშინ ციხეებიდან პოლიტპატიმრების სტატუსით გამოიყვანეს თავიანთი მოკავშირეები. ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად უამრავი კრიმინალი გამოვიდა ციხიდან და ქვეყანაში ვითარება ძალიან დაიძაბა. კრიმინალმა საშინლად იმატა. ამის საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამას გაგებით უნდა მოვკიდებოდით.

თავად ამნისტია ნამდვილად გახლავთ ჰუმანური აქტი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით ხორციელდება. როცა ამნისტია მხოლოდ იმ ჯგუფებს ეხება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ კავშირში არიან ხელისუფლებასთან, ეს ვერ იქნება ჰუმანური აქტი, ეს კრიმინალთან მეკავშირეობას ნიშნავს.

ეს ვერანაირად იქნება სამართლიანი ამნისტია, რადგანაც ციხეებში რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ. ეს აზრი მათ მიმართ საზოგადოებას მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. და თუ მართლა ამნისტია უნდა ხელისუფლებას, პირველ რიგში, ისინი უნდა გამოუშვან საპატიმროებიდან. ეს ამნისტია ჩემში ბევრ კითხვას აჩენს. მაინტერესებს, წინასაარჩევნო დაპირებად რატომ არ გამოაცხადეს ამნისტია?

_ ისე, მართლა საინტერესოა, რატომ არაფერი თქვეს არჩევნების წინ ამაზე?

_ დამალვის მიზეზი ჰქონდათ. „ქართულ ოცნებას“ ღიად უნდა ეთქვა, რომელ მუხლებს შეეხებოდა ჰუმანური აქტი. ეს დამალეს იმიტომ, რომ ხელისუფლება ამნისტიას უპირებდა იმ კრიმინალურ ჯგუფებს, რომლებიც ფარულად და ირიბად ეხმარებოდნენ მას. თავისუფლად ვიტყვი, რომ ხელისუფლება ამნისტიას უცხადებს იმ ფოკუსჯგუფებს, ვისთანაც ვალი აქვს. ყველამ კარგად ვნახეთ, არჩევნების დღეს როგორ დარბოდნენ იარაღიანი ადამიანები საარჩევნო უბნებზე.

„ქართული ოცნება“ არჩევნების წინ გაურიგდა კრიმინალურ სამყაროს _ თუ კრიმინალი მათ არჩევნებზე დაეხმარებოდა, არჩევნების შემდეგ ისინი ამნისტირდებოდნენ. კრიმინალებს იმ ფონზე უცხადებენ ამნისტიას, როცა ყაჩაღობა ყაჩაღობაზე ხდება და უიარაღო პოლიციელებს აყენებენ ბანკებთან და ლომბარდებთან. ბადრი ესებუას ორი თვეა, ეძებენ და დღემდე ვერ დააკავეს.

_ სამაგიეროდ, მისი ძმა დააკავეს.

_ მისი ძმა კი არ დააკავეს, მძევლად აიყვანეს. ამით შსს-მ ბადრი ესებუას მორალური მახვილი დაკიდა თავზე და იმედი აქვს, რომ ძმის გამო ის ჩაბარდება სამართალდამცველებს. არავის სჯერა, რომ ბადრი ესებუას ძმა ხელყუმბარებით ივლიდა. მეორე, რასაც მას ედავებიან, ძმასთან კომუნიკაციაა.

_ ძმასთან შეიძლება, მართლა ჰქონდა რაღაც კომუნიკაცია.

_ მე არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ბიძინა ესებუას ბადრი ესებუასთან კომუნიკაცია, მაგრამ რომც ჰქონოდა, ეს არაფერს ნიშნავს.

_ რატომ არ ნიშნავს არაფერს?

_ იმიტომ, რომ ბადრი და ბიძინა ესებუები არიან ძმები. ძებნილ ძმასთან კომუნიკაციის გამო მეორე ძმის დაჭერა სამართლებრივად არ შეიძლება.

_ ესენი ამბობენ, რომ დანაშაული დაფარა.

_ ასე არაა. დანაშაულის დაფარვას ბიძინა ესებუას ტყუილად ედავებიან. ამისგან მას კანონი იცავს. კანონი ჩვენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გვავალდებულებს. ბიძინა ესებუა მართლაც რომ შეხვედროდა თავის ძმას, ის ვალდებული არ იყო, 112-ში დაერეკა და ეთქვა, ჩემი ძმა აქა და აქ ვნახეო.

_ ამნისტიას დავუბრუნდეთ. გაართულებს იგი კრიმინოგენურ ვითარებას? გომელაური გვიმტკიცებს, რომ დანაშაული არ გაზრდილა.

_ კრიმინოგენური ვითარება ძალიან გართულდება. ნებისმიერი ამნისტია დაკავშირებულია კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასთან. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. ყველა ქვეყანაში ასე ხდება და არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

ამნისტია მხოლოდ მაშინ არ არის სახიფათო, როდესაც ის სამართლებრივად ხდება და მსუბუქ მუხლებს ეხება. გიგი უგულავას ვიღაცის ცემას ედავებიან. ეს არის ერთ-ერთი მსუბუქი მუხლი, მაგრამ გიგის ამნისტია არ ეხება. იბადება კითხვა: ამ მუხლს თუ არ ეხება, აბა, ვის შეეხება?

_ ალბათ, ტრადიციულად, პოლიციელების მკვლელებსა და პედოფილებს შეიწყალებენ.

_ ასეთი მაგალითები გვახსოვს და ისიც გვახსოვს, ამათმა შეწყალებულებმა მომავალში როგორი მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. ნარკოტიკების გადამზიდველების შეწყალებაც გვახსოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით ხარკს უხდის კრიმინალს.

შორენა მარსაგიშვილი