ვის უფრო მეტი სპორტსმენი და მსახიობი ჰყავდა პარლამენტში _ გამსახურდიას, შევარდნაძეს, აბაშიძეს, სააკაშვილს თუ ბიძინას?

„ქართული ოცნების“ ოცეულში მე-13 ნომრად კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძისა და მე-16 ნომრად მორაგბე დავით კაჭარავას დასახელებამ დიდი მითქმა-მოთქმა და ცხოველი რეაქციები გამოიწვია _ ღლიცინით დაწყებული, მძაფრი კრიტიკითა და ლანძღვით დამთავრებული. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ გამსვლელ სიაში ვიხილავთ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძესაც. მათ გარდა, გლდანში მაჟორიტარად უკვე დასახელებულია ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, ნაძალადევში _ ასევე ფეხბურთელი მიშა ყაველაშვილი.

საერთოდ, არც ერთი პროფესიის ხალხის სიაში გამოჩენას ისეთი ხმაური არ მოსდევს, როგორც სპორტსმენებისა და არტისტების (მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები) გამოჩენას. თუმცა ამჯერად რაღაც ისე ეცნენ კაჭარავასა და სანიკიძეს, გეგონება, თვითონ ბიძინას აქამდე, წინა ორ არჩევნებზე, სპორტსმენებითა და არტისტებით არ ჰქონდა სია გამოტენილი ან მანამდე სააკაშვილი არ მიმართავდა ამ მანევრს ან კიდევ უფრო მანამდე _ ედუარდ შევარდნაძე და ყველა სხვა პარტია _ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური.
ეს რომ ასეა, თავადაც დარწმუნდებით, თუ ერთად გადავხედავთ დინამიკას _ რა ადგილი ეკავათ სპორტსმენებსა და არტისტებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. აქ, ცხადია, ვგულისხმობთ და ვეხებით მათ, ვინც მოხვდა პარლამენტში და არა მათზე ბევრჯერ მეტ სპორტსმენსა და მსახიობს, რომლებიც იყვნენ სიაში და არ ეღირსათ პარლამენტარობა. ან იმ გამონაკლისებს, რომელიც სულ რამდენიმე საათი იყვნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში და მათი სადეპუტატო უფლებამოსილება არ უცნიათ, თუნდაც მოკრივე გიორგი კანდელაკს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკის სიით მოხვდა იმ პარლამენტში, რომელიც სააკაშვილმა ვარდებით გარეკა.
სპორტსმენებსა და მსახიობებს წერენ სიაში ან აყენებენ მაჟორიტარად. თუმცა ერთი რამ იმთავითვე უნდა ვთქვათ, ვიდრე უშუალოდ ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტში სპორტსმენების/არტისტების ყოფნას შევეხებით. ყველა სპორტსმენისა და არტისტის ერთ ქვაბში მოხარშვა (ან მოხრაკვა) იმთავითვე დაუშვებელია, რადგან მათ შორის რამდენიმე კატეგორია იკვეთება. ხშირად საპარლამენტო სიაში სვამენ (ან მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ) სპორტსმენებს მხოლოდ იმიტომ, რომ სპორტით სახელი აქვთ მოხვეჭილი და პარტიებს მათი პოპულარობის გამოყენება სწადიათ, სხვა მხრივ კი მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ მანამდე არც პოლიტიკურ, არც საზოგადოებრივ პროცესებთან. სწორედ ასეთია სანიკიძისა და კაჭარავას შემთხვევა.
არიან სპორტსმენები და არტისტები, რომლებიც პოპულარულები და სახელგანთქმულნი არიან თავის საქმეში, მაგრამ პარლამენტში მოხვედრამდე ბევრად ადრე ბრძანდებიან ჩაბმული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც ეს, ვთქვათ, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის ან მსოფლიოში სახელგანთქმულ საოპერო მომღერალ მაია თომაძის შემთხვევაში იყო თავის დროზე.
ამ ორი კატეგორიის გარდა, არიან სპორტსმენები და არტისტები, რომლებიც თავის სფეროში დიდად არც არიან გამოჩენილნი და ისინი სიებში ხვდებიან პარტიული ბრძოლიდან ან სხვა ღირსებიდან თუ ფაქტორიდან გამომდინარე და რეალურად მათი სპორტსმენობა და მსახიობობა არაფერ შუაშია.
ამ სამი ძირითადი კატეგორიის გარდა, ცხადია, არის ცალკეული გამონაკლისებიც და გარდამავალი, გრადაციული ვარიანტებიც.
საერთოდ, სიებში ცნობილი ხალხის შეყვანა წმინდად საბჭოთა მოვლენაა და ამ სავოკურ ტრადიციას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ელევა, ერთადერთი ზვიად გამსახურდიამ სცადა თავის დროზე ამ ტრადიციისთვის გვერდის ავლა. ეს რომ ასეა, თავად დარწმუნდებით.
საბჭოთა დროს არჩეულ გინდაც საქართველოს სსრ-ს და გინდაც მთელი სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში ყოველთვის ისხდნენ მსახიობები, რეჟისორები, სპორტსმენები, სამეცნიერო და ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ისევე როგორც მოწინავე მწველავები, მეჩაიეები თუ მუშები. 1990 წლის არჩევნებზე კომუნისტებმა ამ სქემას უკვე სხვა მიზნისთვის _ კონკურენტულ გარემოში გასამარჯვებლად მიმართეს.

1990-92 წლების უზენაესი საბჭო

1990 წლის არჩევნებში კომპარტიამ კუდი მოიქნია, სია სამეცნიერო ელიტით გამოტენა, ოღონდ საგანგებოდ შეირჩნენ ის მეცნიერები, რომლებიც სწორედაც რომ მსახიობებივით და სპორტსმენებივით პოპულარულები იყვნენ.
1990 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოში კომუნისტური პარტიის სიით მოხვდნენ აკადემიკოსები: ევგენი ხარაძე, ანდრია აფაქიძე, ნინო ჯავახიშვილი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტები: იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ლევან ალექსიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცნობილი პათანატომი თამარ დეკანოსიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როინ მეტრეველი. ასევე დეპუტატები გახდნენ თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, ცნობილი თეატრმცოდნე, ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორი ეთერ გუგუშვილი, უნივერსიტეტის პრორექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აპოლონ სილაგაძე, უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მზექალა შანიძე, ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, შემდგომში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, იურუიდიულ მეცნიერებათა კანდიდატები _ მინდია უგრეხელიძე და თედო ნინიძე. გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი, ცნობილი ფილოლოგი გურამ გვერდწითელი, აკაკი ძიძიგური _ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, მანამდე ტელევიზიისა და კინოსტუდიის დირექტორი სხვადასხვა დროს. ცნობილი მხატვარი ჯეირან ფაჩუაშვილი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე _ ყველა ეს პირი კომუნისტების პარტიული სიით გახდა დეპუტატი; საბურთალოს მაჟორიტარად გავიდა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რეომელიც მაშინ სსრკ სახალხო დეპუტატიც იყო.
მოკლედ, თუ ადრე კომპარტია უმაღლეს საბჭოში სვამდა ყველას _ მწველავს, მეჩაიეს, მსახიობს, სპორტსმენს, მეცნიერს, ახლა სამეცნიერო ელიტაზე გააკეთა აქცენტი, თანაც ისეთ პირებზე, რომლებიც არათუ მაშინ იყვნენ პოპულარულები, არამედ დღესაც, აგერ 30 წლის შემდეგაც, ყველამ იცის მათი ვინაობა. თუმცა ერთიცაა, კომუნისტები ნამდვილად არ ელოდნენ მარცხს…
თუ მრგვალი მაგიდის სიით გასულ დეპუტაციას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ზვიად გამსახურდია ნამდვილად ცდილობდა სავოკური ტრადიციისთვის გვერდის ავლას. ახლა, მავანი იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიას ინტელიგენცია არ უჭერდა მხარს და ამიტომ არ იყვნენ მის სიაში ცნობილი და სახელგანთქმული სახეები. ამის მთქმელი მწარედ ცდება. ინტელიგენციის დიდი ნაწილი, სიწითლიდან გამომდინარე, მართლაც არ უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი იყო მსოფლიო ბალეტის ლეგენდა ვახტანგ ჭაბუკიანი, რომლის სახელი გადაწონიდა ერთად აღებულ ყველა აკადემიკოსსა და „ჩლენ-კორს“, ასევე ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები იყვნენ სახელგანთქმული კინოვარსკვლავები: ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, ლეილა აბაშიძე, ქართული თეატრის ვარსკვლავი იზა გიგოშვილი, ლეგენდარული მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი და ბევრი სხვა პოპულარულზე პოპულარული პირი, მაგრამ არც ერთი უზენაესი საბჭოს წევრი არ გამხდარა.
თუმცა უზენაეს საბჭოში იყვნენ პირები, რომლებიც სახელგანთქმულები ბრძანდებოდნენ, მაგრამ ისინი ასევე აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ეროვნულ მოძრაობაში, ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ და სწორედ ამ ნიშნით იყვნენ მოხვედრილი უზენაეს საბჭოში, როგორც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და არა უბრალოდ მხარდამჭრები ან მეგობრები.
უზენაესი საბჭოს წევრი იყო მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი მაია თომაძე. ის უზენაეს საბჭოში აირჩიეს, როგორც საქჰიდრომშენის მაჟორიტარი მრგვალი მაგიდიდან.
უზენაესი საბჭოს წევრი იყო მრგვალი მაგიდიდან ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, დიდი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი, სახელგანთქმული მოქანდაკე, სამხატვრო აკადემიის პროფესორი გოგი ოჩიაური, ცნობილი მწერალი ნოდარ წულეისკირი, მთარგმნელი და მწერალი ამირან კალაძე, რომელიც შემდეგ სასტიკად აწამეს მხედრიონელებმა (ცივ მდინარეში დგომით დასაჯეს, შემდეგ მალევე გარდაიცვალა გულის შეტევით).
მრგვალი მაგიდიდან იყვნენ კინომსახიობთა თეატრის მსახიობი პაატა ბარათაშვილი, მწერალი და ტელერეჟისორი ირინა ტალიაშვილი, მწერალი, რეჟისორი და მსახიობი გურამ პეტრიაშვილი, თეატრისა და რადიომაუწყებლობის რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი, ტელერეჟისორი ავთანდილ იმნაძე, რუსთავის მაჟორიტარი იყო წარსულში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მომღერალი, ჰელსინკის კავშირის რუსთავის განყოფილების თავმჯდომარე თეიმურაზ ჯანელიძე, მუსკომედიის თეატრის მსახიობი ავთანდილ რცხილაძე, ასევე მრგვალი მაგიდიდან იყო „მხატვარი“ თენგიზ კიტოვანი, რომელიც თურმე 1967-69 წლებში თბილისის სახელმწიფო სარეკლამო სააგენტოს მთავარი მხატვარი იყო. უზენაესში შევიდა როგორც მაჟორიტარი საბურთალოდან.
უზენაეს საბჭოში ერთადერთი სპორტსმენი იყო ლენტეხის მაჟორიტარი მრგვალი მაგიდიდან _ დილარ ხაბულიანი, ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, 1983-1990 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის უფროსი მწრთვნელი, თავის დროზე სსრკ ნაკრების წევრი, მაგრამ ისიც, როგორც ყველა სხვა, უზენაეს საბჭოში მოხვდა არა პოპულარობის, არამედ თანამებრძოლობის ნიშნით.

1992-95 წლების პარლამენტი

1992-95 წლების პარლამენტი გამოირჩეოდა რეჟისორების, მწერლების, პოეტებისა და ფილოლოგების სიუხვით.
თავად განსაჯეთ, იმ მოწვევის პარლამენტარები იყვნენ თეატრისა და კინოს რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, კინორეჟისორები: თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე; ქართული მწერლობის წარმომადგენლები: ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილი, რევაზ ჯაფარიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, იზა ორჯონიკიძე, გენო კალანდია, ვაჟა ოთარაშვილი,
აღიარებული მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი, ჰომოეროსის „ილიადას“ ქართულად მთარგმნელი რომან მიმინოშვილი, ლიტერატორი და მთარგმნელი მანანა გიგინეიშვილი, მწერალი და ლიტერატურათმცოდნე თენგიზ ბუაჩიძე, ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე, ფილოლოგები: ნოდარ ნათაძე, კოტე გაბაშვილი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გოგუაძე. იმ პარლამენტში იყო ორი მხატვარი _ ზურაბ წერეთელი და თენგიზ კიტოვანი. ასევე ტელედიქტორი მარკ რივკინი და „ტელევიზიონშიკი“ ლუიზა შაკიაშვილი.

1995-1999 წლების პარლამენტი

ამ პარლამენტში პოზიციები შეინარჩუნა წინა პარლამენტის სამწერლო-ფილოლოგიური კორპუსის უმეტესმა წარმომადგენელმა. ამ მოწვევის პარლამენტში უკვე „მოქკავშირის“ სიით ხვდებიან ჯანსუღ ჩარკვიანი, ჯემალ აჯიაშვილი, თამაზ გამყრელიძე, მანანა გიგინეიშვილი, რომან მიმინოშვილი, ვახტანგ გოგუაძე, გენო კალანდია. ასევე სმკ-ს სიით ხვდებიან პარლამენტში რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია, გიგა ლორთქიფანიძე. და, აი, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად ხდება ის, რასაც ახლა უკიჟინებენ ბიძინა ივანიშვილს კაჭარავა-სანიკიძის გამო. ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტში მაჟორიტარებად შემოიყვანა ორი სახელოვანი სპორტსმენი _ საგარეჯოს მაჟორიტარად ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი _ ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ჭიდაობაში (1972, 1976 წლებში); მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973).
ნაძალადევის მაჟორიტარად კი სახელგანთქმული ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე.
1995-99 წლების პარლამენტს კიდევ ერთი მაჟორიტარი სპორტსმენი ჰყავდა _ ვაკის მაჟორიტარ, მოჭიდავე დილარ ხაბულიანის სახით, მაგრამ ხაბულიანი სმკ-ს მაჟორიტარი არ ყოფილა, პარლამენტში ფრაქცია ლეიბორისტის წევრი იყო.

1999-2004 წლების პარლამენტი

1999-2004 წლების პარლამენტში გაგრძელდა სპორტსმენების გადეპუტატების ტრადიცია, ასპარეზზე გამოჩნდნენ მსახიობებიც, ფილოლოგების კლასტერი შემცირდა და მათ ჩაენაცვლა ფილოლოგ-რედაქტორებისა და ჟურნალისტების კლასტერი. თავად განსაჯეთ, „მოქკავშირის“ სიით დეპუტატი გახდა გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი და რედაქტორი ვასილ მაღლაფერიძე, პარლამენტში ბორჯომის მაჟორიტარად იყო ცნობილი ლიტერატორი, ჟურნალისტი, რედაქტორი ნოდარ გრიგალაშვილი. „აღორძინების“ სიით ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, ასევე აღმოსავლეთმცოდნე და ცნობილი რედაქტორი (ალმანახი „კრიტიკა“, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, „საქართველოს სამრეკლო“) ელიზბარ ჯაველიძე.
სმკ-ს მაჟორიტარი იყო მთამწინდაზე არჩილ გოგელია _ ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი გაზეთის რედაქტორი, რომელიც ასევე იყო ცნობილი მოფარიკავე _ სპორტის ოსტატი ფარიკაობაში. საქართველოს ნაკრების წევრი და საქართველოს არაერგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, სსრკ პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი, სსრკ თასის ფინალისტი. იყო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი.
მოფარიკავე გეგელიას გარდა სმკ-ს სიით დეპუტატი გახდა ჯანო ბაგრატიონი _ ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“, იყო სსრკ ჩემპიონი (1964), „გეპეის“ ფიზაღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. სმკ-ის პარტიული სიით კვლავ დეპუტატი გახდა ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი.
„მოქკავშირს“ არც „მრეწველები“ ჩამორჩნენ და ტატამზე გამოიყვანეს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი) რომან რურუა _ მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968 წ.), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 1967, 1969, 1970)…
სპორტსმენების კლასტერში მოკრძალებულად ჩაეწერა ხაშურის მაჟორიტარი, წარსულში მოჭიდავე და ფიზკულტურის მასწავლებელი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, რომელსაც ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, და ოდესღაც ბავშვების მწვრთნელიც იყო ვილნიუსში თავისუფალ ჭიდაობაში. მაგრამ ის მისმა ფულმა გაამაჟორიტარა და არა _ სპორტულმა წარმატებებმა.
„მოქკავშირის“ სიით კვლავ დეპუტატები გახდნენ წინა მოწვევების პარლამენტარები: თამაზ გამყრელიძე, გენო კალანდია, ჯანსუღ ჩარკვიანი, ელდარ შენგელაია.
სმკ-ის პოეტების კვოტით პარლამენტში მოხვდა დათო მაღრაძე. სმკ-ის სიით პარლამენტარი გახდა ცნობილი მსახიობი, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი, „აღორძინების“ სიიით კი ქართული კინოს ვარსკვლავი _ ზურაბ ქაფიანიძე. ისე, უნდა ითქვას, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ცნობილი პერსონებით მანევრირებას მიმართა ასლან აბაშიძემაც _ უკვე ხსნებულ ზურაბ ქაფიანიძის, ელიზბარ ჯაველიძისა და გიორგი თარგამაძის გარდა, „აღორძინების“ სიით დეპუტატები გახდნენ დიდი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი, ცნობილი მწერალი რევაზ მიშველაძე, ცნობილი ლიტერატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი სოსო სიგუა, ცნობილი პოლიტმიმომხილველი და ისტორიკოსი გივი ბოლოთაშვილი და რაც მთავარია, სახელგანთქმული ქართველი ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი _ სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მედიცინის აკადემიის ნამდვილი წევრი, რომელიც, სხვათა შორის, ექიმობამდე იყო თელავის თეატრის მსახიობი, სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, იყო რუსთაველის თეატრის დასის გამგე, შემდეგ სოხუმის თეატრის რეჟისორი.

2004-2008 წლების პარლამენტი

ამ მოწვევის პარლამენტში, ისევე როგორც წინა მოწვევისაში, ეულ რეჟისორად იჯდა კვლავ ელდარ შენგელაია, ამჯერად უკვე „ნაცების“ სიით. მას აღარც ცნობილი მსახიობები უმშვენებდნენ გვერდს. ამ მოწვევის პარლამენტში ერთი მსახიობი იყო _ მერაბ ბოცვაძე, რომელიც 1974-94 წლებში მუშაობდა მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ფილარმონიის მსახიობად. ცხადია, ის სიაში მსახიობობის გამო არავის ჩაუსვამს, პარტიული დამსახურების გამო ჩასვეს _ ენმ-ის სამგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. სახელოვნებო სფეროდან ენმ-ის სიაში იყო და დეპუტატი გახდა თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად დოლიძე.
პარლამენტში ენმ-ის სიით მოხვდა, მაგრამ მალევე სხვაგან დანიშნეს „სახის“ წევრი გოგა ხაჩიძე. განათლებით ის ბიოლოგი და შემდეგ ჟურნალისტიც იყო, მუშაობდა კიდეც პრესა-ტელევიზიაში, მაგრამ მას „სახით“ ნაშოვნი პოპულარობა უფრო შეეწია, ვიდრე სხვა რამ.
ახალმა ხელისუფლებამ გადაიბარა ედუარდ შევარდნაძის აღორძინებული სავოკური ტრადიცია _ პარლამენტში სპორტსმენების შეყვანის.
პარლამენტში კრწანისის მაჟორიტარად შევიდა სახელგანთქმული ქართველი ძალოსანი გიორგი ასანიძე. მის გადეპუტატებას წინ უძღოდა ტრიუმფალური გამარჯვევები: 2000 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2001 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2004 წელს ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.
მის გარდა ენმ-ის სიით დეპუტატი გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი. ასევე ენმ-ის სიაში იყო და დეპუტატიც გახდა ცნობილი მთამსვლელი გია თორთლაძე. თორთლაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორიცაა და არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელიც იყო, მაგრამ ფართო საზოგადოებაში ის ზევით სიარულთან _ ევერესტის დალაშქვრასთან ასოცირდება და არა ქვემოთ, მიწაში თხრასთან _ არქეოლოგიასთან.

2008-2012 წლების პარლამენტი

ამ მოწვევის პარლამენტს რეჟისორი აღარ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით ქართველი „პაზოლინის“ _ გოგა ხაინდრავას ხანმოკლე, ორკვირიან გაელვებას იქ მიუსვლელად. სხვებთან ერთად უარი თქვა მანდატზე.
გიორგი ასანიძე ამჯერად გლდანის მაჟორიტარი იყო ენმ-დან. მთასვლელი თორთლაძე ამჯერად უკვე გაერთიანებული ოპოზიციის სიით ავიდა საკანონმდებლო მწვერვალზე. დილარ ხაბულიანი კი ენმ-ის მხარდაჭერით გახდა კრწანისის მაჟორიტარი.
ენმ-ის სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა მიხეილ თუმანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი გია როინიშვილი. ენმ-ის მაჟორიტარი იყო ოზურგეთიდან ცნობილი ქართველი მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილი _ ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
აი, შალვა ნათელაშვილმა სხვა პოპულარული ვერავინ იშოვა და ლეიბორისტული სიით ფილარმონიის ანსამბლ „75“-ის სოლისტი, ცნობილი მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე გაადეპუტატა.

2012-2016 წლების პარლამენტი

ბიძინა ივანიშვილმა, რასაც ჰქვია, ააყვავა საბჭოთა ტრადიცია _ პოპულარული პერსონების გადეპუტატების ტრადიცია. პარლამენტი გაავსო სპორტსმენებითა და არტისტებით. სპორტსმენებით დავიწყოთ:
ახმეტის მეოცნებე მაჟორიტარი _ ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოსიტი ზურაბ ზვიადაური; სამტრედიის მაჟორიტარი იყო ფეხბურთელი კახი კალაძე; კრწანისის _ სახელგანთქმული ძიუდოისტი შოთა ხაბარელი; ქარელის _ ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი; სიით გადეპუტატდა ძიუდოისტი თენგიზ ხუბულური; მოგვიანებით პარლამენტში შევიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ელდარ კურტანიძე; ამ სპორტსმენებთან ვალერი გელაშვილის სპორტსმენობა ცოტა ღიმილისმომგვრელი კი არის, მაგრამ ისიც მეოცნებე მაჟორიტარი გახდა ხაშურიდან;
გლდანის მაჟოროტარი იყო სოსო ჯაჭვლიანი _ თან მსახიობი და რეჟისორი და თან სპორტსმენი _ მკლავჭიდელი. ის სიმბოლურად აერთიანებდა ბიძინა ივანიშვილის სპორტულ-არტისტულ კარნავალს.
ჯაჭვლიანს გვერდს უმშვენებდნენ ზესტაფონის მაჟორიტარი, მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე, ქოცნების პარტიული სიით გასული რეჟისორი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია და თუმანიშვილის თეატრის მსახიობი პაატა ბარათაშვილი. მთაწმინდის მაჟორიტარი გახდა ეატრისა და კინოს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, რომლის არტისტობას, რატომღაც, ცოტა არ იყოს და, ცერად იხსენებიენ ხოლმე და მხოლოდ „სიყვარული ვენახში“ და „მიდიოდა მატარებელთან“ აიგივებენ, არადა, ზაზა პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო, წლების მანძილზე მასზე იდგა რეპერტუარი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განსახიერებული აქვს მაკბეტი, ჰამლეტი…
ჩოხატაურის მაჟორიტარი იყო „ქართული ხმების“ სოლისტი თეიმურაზ ჭკუასელი, ონის _ ახმეტელის თეატრის მსახიობი თამაზ ჯაფარიძე.

ნაცებს 2012-2016 წლების პარლამენტში აღარც სპორტსმენი ჰყოლიათ ვინმე და აღარც _ არტისტი, თუ არ ჩავთვლით ისევ გოგა ხაჩიძეს, აი, ბებიაჩემის ქალიშვილობაში რომ მღეროდა „სახეში“… იმანაც შემდეგ ქოში (თუ გირჩი) უკუღმა ყარა და ენმ-დან გაქუსლა…

2016-2020 წლების, ანუ მოქმედი პარლამენტი

მოქმედ პარლამენტში „მეოცნებე“ მაჟორიტარებად შევიდნენ მორაგბე ბიძინა გეგიძე, ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, მოჭიდავეები შოთა ხაბარელი და თენგიზ ხუბულური. ლერი ხაბელოვი ამჯერად უკვე სიით გახდა დეპუტატი, ისევე როგორც ვალერი გელაშვილი. სახელოვნებო სფეროდან მაჟორიტარებად გავიდნენ მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და „ვაკის პარკის“ ზაზა ხუციშვილი, სიით – რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია და „ქართული ხმების“ თეიმურაზ ჭკუასელი. ამ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ სიით არ გასულა არც ერთი არტისტი და სპორტსმენი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2008 წლიდან დეპუტატების რიცხვი 150-მდე შემცირდა. ამის ფონზე ის, რაც „ოცნების“ ხელში მოხდა, მართლაც რომ იმ სავოკური ტრადიციის აღორძინებაა, როცა ცნობილი პირების პოპულარობას პარტიულ მიზნებს უქვემდებარებენ და ხალხის საყვარელ სპორტსმენებს თავის პარტიულ სამკაულებად აქცევენ.

რეზო შატაკიშვილი