ვინ მფარველობს ზურაბ საჩიშვილის მკვლელს?!
„ჩემი ძმის მკვლელი დაისჯება!“– ორი კვირის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოკლული თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება:
„აქცენტი გაკეთებულია ვითომ მორალურ მხარეზე და მკვლელის მსხვერპლად წარმოჩინებაზე, რაც, რა თქმა უნდა, სისულელე და აბსურდია!
მაგრამ მთავარი კიდევ სხვაა…
საერთოდ არაა საუბარი მიმავალ ავტომანქანაში ნასროლ ორ ტყვიაზე, სადაც ზურას გარდა კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა და რა დროსაც მკვლელმა მარცხენა ხელის მოძრაობით ისე, რომ მანქანის მართვა არც შეუჩერებია, უკან მოუხედავად ისროლა უკანა სავარძლის მიმართულებით, სადაც იჯდა ზურა საჩიშვილი და კიდევ ერთი მგზავრი (ყველა იურისტი დამეთანხმება, რომ მეორე ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც ზურას გვერდით იჯდა, უკვე შეექმნა საფრთხე). ამასთანავე, მძღოლის (მკვლელი) გვერდით მჯდომი ადამიანი დაიჭრა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა. იურისტები აქაც დამეთანხმებიან, რომ მეორე მგზავრის სიცოცხლეც საფრთხეშია!
გავაგრძელოთ…
მკვლელი აჩერებს ავტომანქანას, გადმოდის, ხსნის უკანა კარს და აგრძელებს სროლას, ამ დროს წინ ჩაუდგება ერთ-ერთი მოწმე, რომელიც კვლავ ცდილობს მის შეჩერებას.
ხაზს ვუსვამ!!! — წინ ჩაუდგა ანუ მას (მკვლელი) აღარ აქვს დამიზნების საშუალება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აგრძელებს მანქანის მიმართულებით სროლას. ამ დროს მანქანის უკანა სავარძელზე იმყოფებიან გარდაცვლილი ზურა საჩიშვილი და მეორე მგზავრი! ესეც კიდევ ერთი ეპიზოდი, რომ განზრახ მკვლელობის დროს სხვის სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე.
სახეზეა სსკ-ის 109-ე მუხლი — განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და არა ისე, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ.
ახლა დავუბრუნდეთ „რეზონანსის“ ბინძურ შეკვეთილ სტატიას და ნათლად დავინახავთ, თუ რა იმალება ამ ყველაფრის უკან:
ვიღაც ან ვიღაცები ცდილობენ, მკვლელს დაფარონ ხელი და საქმეს მიეცეს კვალიფიკაცია არა განზრახ მკვლელობის, არამედ მკვლელობის აფექტის მდომარეობაში.
აქვე ვპირდები მათ და მათ პატრონებს — ჩემი ძმის მკვლელი დაისჯება ისე, როგორც ეკუთვნის და არც იოცნებოთ მისი სასჯელის შემსუბუქება!!!
ველოდებით გამოძიების შედეგებს!!!“ — წერს ზურა საჩიშვილის ოჯახი წევრი აკა საჩიშვილი.
მაკა მოსიაშვილი