ვახტანგ ძაბირაძე: „დღევანდელ ოპოზიციას აქვს ლიდერის პრობლემა“

შორენა მარსაგიშვილი

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს არ მიიწვევენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნგრეთის გარდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია არცერთ დასავლურ ქვეყანას არ უცვნია, ელჩები თავად არ მივიდოდნენ სხდომაზე.

გააფუჭებს თუ არა ეს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო? რატომ არ გამოდის ხალხი გარეთ? სად წავიდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი? რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ და რა არის მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე:

_ ბატონო ვახტანგ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში აკრედიტებული ელჩები პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიიწვია. ხელისუფლების ასეთი საქციელი დასავლეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას ემსახურება, თუ რაიმე სხვა მიზანი აქვს მმართველ პარტიას?

_ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი პრობლემა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები აღიარონ დასავლეთის ქვეყნებმა და ჩვენმა პარტნიორებმა. ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს აღიარება მოიპოვოს. ეს არის ისეთი რეალობა, რომელიც მათ ნამდვილად უნდათ. ქვეყნის შიგნით იმხელა პროტესტი ნამდვილად არ არის, რომ დიდი პრობლემები შეექმნათ, მაგრამ თუ შიდა და გარე ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ შესაძლოა, საკმაოდ დაუძლეველი პრობლემების წინაშე დადგნენ. ამიტომ მათთვის ელჩების ყოფნა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია.

_ აბა, რატომ არ მიიწვიეს?

_ იმიტომ, რომ არსებობს ერთი მაგრამ: „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ ელჩები ან ელჩების დიდი ნაწილი იგნორირებას გაუკეთებდა მათ მოწვევას. ისევე როგორც ეს, თავის დროზე, გაუკეთეს ამერიკაში ვიზიტად მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ყველას გვახსოვს, რომ კობახიძეს ბაიდენთან სადილზე ჯერ მიპატიჟება გაუგზავნეს და შემდეგ გააუუქმეს. ელჩები რომ მოეწვიათ და ისინი არ მოსულიყვნენ პარლამენტის პირველ სხდომაზე, ეს „ქართული ოცნების“ იმიჯზე კონტრპროდუქციულად იმოქმედებდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ მოძებნა ყველაზე ნეიტრალური გამოსავალი და თქვა, რომ ელჩებს პირველ სხდომაზე არ პატიჟებენ საერთოდ, რადგან არ უნდათ, რომ ელჩები შიდა საქმეებში ჩაერიონ.

_ პარლამენტის სხდომაზე ელჩების დასწრება როდიდან გახდა ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევა? დიპლომატები ყოველთვის ესწრებოდნენ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.

_ ხელისუფლების ეს განცხადება შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ელჩები არჩევნებში, კენჭისყრასა და დებატებში არ მონაწილეობენ და როგორ უნდა ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში?  „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინოდა, რომ ელჩები არ მიიღებდნენ მოწვევას და ამიტომ გადადგეს ასეთი ნაბიჯი. მათ აქვთ კულუარული ინფორმაციები და იცოდნენ, რომ თუ მიიწვევდნენ ელჩებს, ისინი არ მივიდოდნენ. ამიტომ ამჯობინეს გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას პრინციპი და თქვეს, რომ ელჩებს არ ვიწვევთ, მათ ვინ ეკითხებათო? იგნორირების პრობლემა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ელჩების არმიწვევით ეს პრობლემა მოხსნა.

_ დასავლეთი ამას როგორ აღიქვამს? ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო ხომ არ გამწვავდება?

_ ამით დასავლეთთან ბევრი არაფერი შეიცვლება. მიიწვევდნენ თუ არა ელჩებს, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, _ დასავლეთი თავის პოლიტიკას მაინც განახორციელებს. რაც შეეხება იმას, კიდევ უფრო გამწვავდება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობა, ეს ვითარებას ვერც დაამძიმებს და ვერც შეამსუბუქებს. მეტი დამძიმება რაღა უნდა იყოს, ეგ არ მესმის. ამიტომ ეს დასავლეთთან ურთიერთობაში არაფერს შეცვლის. შეიძლება, კიდევ ერთი ნიუანსი დაემატოს, რომ, აი, ელჩებიც კი არ მიიწვიეს პარლამენტის პირველ სხომაზე. ეგ იქნება და ეგ. რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე ეს ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

_ ზემოთ თქვით, რომ დასავლეთის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია „ოცნებისთვის“, რადგან ქვეყნის შინგნით იმხელა პროტესტი ნამდვილად არ არის, რომ დიდი პრობლემები შეექმნათო. რატომ არ არის ქვეყანაში სერიოზული პროტესტი? არადა, იყო მოლოდინი, რომ თუ არჩევნები გაყალბდებოდა, იქნებოდა მძლავრი საპროტესტო გამოსვლები. საპროტესტო განწყობა მართლაც არის, მაგრამ ხალხი ქუჩაში არ გამოდის. ამას რით ხსნით?

_ აქ ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა შეუძლებელია. ძალიან ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში შეიქმნა ისეთი ატმოსფერო, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიღებდა 50%-ს. გარკვეული შოკი იყო, როდესაც  შედეგი გამოცხადდა. ამან ბევრი ვინმე გააწბილა, მათ შორის, მეც.  აქ პრობლემა იცით, სად არის? _ 300 000 ხმა გააყალბო, ეს ცოტა ძნელად დასაჯერებელია. გასაგებია, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო, პირადად მე ეს დიდად არ მაღელვებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არც ამომრჩეველს აღელვებდა. ამ ფარულობის დარღვევამ ამომრჩეველზე იმოქმედა? _ არ უმოქმედია. სამართლებრივად გასაგებია, რომ რადგან ფარულობა დაირღვა, ამას მსვლელობა უნდა მიეცეს, მაგრამ ამომრჩევლის განწყობაზე ამას არ უმოქმედია. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ელექტრონული ხმის მიცემით დაზღვეულები ვართ რაღაცებისგან და ამაზე, პირველ რიგში, ოპოზიციონერი ლიდერები ლაპარაკობდნენ. თან ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდნენ, ხელჩასაჭიდიც კი აღარაფერი იყო, რომ არჩევნები გაყალბდებოდა.

არჩევნებამდე არაერთხელ გავაფრთილე ოპოზიცია, რომ თუ გაყალბება იქნება, ეს რიგითი ამომრჩეველისთვის იმედენად ნათელი უნდა იყოს, რომ მან ეს უნდა იგრძნოს და დაინახოს.  ეს თავიდანვე თუ ვერ დაინახა, მერე ამაზე ლაპარაკს ყველანაირი აზრი ეკარგება. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ეს ვერ მოახერხა, მან ამომრჩეველს ვერ დაანახა, რომ გაყალბება იყო.

2003 წელს ყველამ ვნახეთ, საარჩევნო უბნებზე რა ამბებიც ხდებოდა. ხელოვნურად იყო ეს მოწყობილი თუ არა, სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ გაყალბება ყველამ დავინახეთ. 2012 წელს იმდენად დიდი იყო ტალღა და ეს მთელი წელი გრძელდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო გაყალბება. ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ინციდენტებიც შეამცირა. წინა არჩევნებთან შედარებით ამ არჩევნებზე ძალიან ცოტა ინციდენტი მოხდა. გარდა ამისა, არასწორად ფუნქციონიორებს ოპოზიციური მედიასაშუალებები, ძირითადად, ტელევიზიებზე მაქვს საუბარი.

_ რას გულისხმობთ არასწორად ფუნქციონირებაში?

_ მედიასაშუალებები, ძირითადად, ტელევიზიები, არასწორად იქცევიან, როდესაც მხარეს გამოხატავენ და არ ცდილობენ იყონ ნეიტრალურები. ამიტომ ხალხს სულ ერთსა და იმავეს აწოდებენ. 2012 წლამდე საქართველოში სულ ორი ოპოზიციური ტელევიზია იყო _ „კავკასია“ და „მაესტრო“. ორივე იყო ნეიტრალური ტელევიზია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი. ამ არხებს უყურებდა არა მარტო ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, არამედ ნეიტრალური მაყურებელიც. დღეს ეს ასე არ არის.  

გვინდა თუ არა, მაინც დგას „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა. ასევე დგას პირადად მიხეილ სააკაშვილის პრობლემაც. თუ დააკვირდებით, ამომრჩეველთა რაოდენობის დაახლოებით ისეთივე შედეგი დადგა, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

_ 2018 წლის არჩევნებზე საუბრობთ?

_ დიახ. შედეგების მიხედვით, იგივე შედეგი დადგა. მაშინ ოპოზიციის კანდიდატმა სადღაც 800 000 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ხმამდე დააგროვა. გეგონებოდა, 26 ოქტომბრის არჩევნები იმ არჩევნების ანარეკლი იყო. შესაბამისად, „ქართულმა ონებამ“ მოახერხა, რომ შუაშისტური ამომრჩეველი წაიყვანა, უფრო სწორად, დაიბრუნა.

_ რანაირად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ შუაშისტური ამომრჩევლის წაყვანა ან დაბრუნება?

_ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ ბევრი არაფერი გაუკეთებია. შუაშისტურმა ამომრჩეველმა ოპოზიციურ ფლანგზე ვერ დაინახა ისეთი ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გადაწონიდა, დავუშვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“. დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ გაერთიანდა „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია.

_ ეს გაერთიანება გადაწონიდა „ნაციონალურ მოძრაობას“?

_ თავის დროზე, ეს გაერთიანება რომ შემდგარიყო, შეიქმნებოდა საკმაოდ ძლიერი გუნდი და მაშინ შუაშისტური ამომრჩველი „ქართული ოცნებისკენ“ აღარ წავიდოდა. მეგონა, რომ მათი გაერთიანების საკითხი კარგა ხნის წინ იყო მოგვარებული კულუარებში, მაგრამ სხვანაირად ყოფილა საქმე. პრეზიდენტმა ამაზე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო საუბარი. რაღაც მოლაპარაკებებიც იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ეს გაერთიანება ჩაიფუშა. ამან ამომრჩეველში გამოიწვია იმედგაცრუება. იმედგაცრუებული ამომრჩეველი წავიდა ისევ „ოცნებისკენ“.

კიდევ უფრო მეტად გაუცრუვდა ამომრჩეველს იმედები მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია თითქოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებდა. იყო ამის მოლოდინი, მაგრამ ერთიანი პრემიერობის კანდიდატი არ ან ვერ დასახელდა. არჩევნების წინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა როგორ შეიძლებოდა?!

_ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება არჩევნების წინ?

_ ქართული ხასიათიდან გამომდინარე. ამას როცა აკეთებდნენ, ქართული ხასიათი მაინც არ უნდა სცოდნოდათ? რაც არ უნდა იდეალური კანდიდატი დაასახელო პრემიერად, ის არჩევნების წინ ვერ იმუშავებს. ოპოზიციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. შეცდომებს ახლაც უშვებს ოპოზიცია.

_ ახლა რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია?

_ ახლა, როცა ინტერვიუს ვწერთ, იმ მომენტში ოპოზიცია იმაზე საუბარობს, შევალთ თუ არ შევალთ პარლამენტშიო. ამ შესვლა-არშესვლით ოპოზიცია ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში სულ დაკარგავენ რეიტინგს, რეიტინგი ისედაც არ აქვთ. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სულ გაუნულდება ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი.

_ რომელ გზას აირჩევენ, შევლენ თუ არ შევლენ?

_ ვერ გეტყვით, ორივე შემთხვევაში საფრთხის წინაშე დგანან. ვთქვათ და არ შედის ოპოზიცია პარლამენტში, მაშინ აქვს გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს ქუჩაში? მომავალ წელს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდება, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას? ოპოზიციამ უნდა გათვალოს გეგმა ოთხ თვეზე. იციან, რას აპირებენ ჩვენი პარტნიორები? _ არ იციან.

დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაშინაც უარი თქვა ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე. მაგრამ მაშინ პარლამენტში არშესვლა კი არ იყო პრობლემა, ქუჩაში დარჩენილმა ოპოზიციამ არ იცოდა, რა ეკეთებინა. ოპოზიცია მაშინ პარლამენტში არ შევიდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მაინტერესებს, იმ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში არ შევა, აქვს იმაზე ნაფიქრი, ქუჩაში რა უნდა გააკეთოს? _ არა მგონია. 

დღეს ოპოზიცია რაღაც აქციებს გვიანონსებს. აქცია და პროტესტი კარგია, მაგრამ ამ აქციების მოსამზადებლად რაღაც საკოორდინაციო კომიტეტი ხომ უნდა შეიქმნას? უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამ მხრივ სრული ქაოსი აქვთ. იქით გახარია გაიძახის, არ ჩავხსნი სიებს, მაგრამ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებო. ეს არ გამოვა. სიებს თუ არ ჩახსნი, მაშინ, გინდა თუ არა, არალეგიტიმურ პარლამენტს აღიარებ. თუ მანდატებზე უარს არ იტყვი, ეს იქნება მხოლოდ ბოიკოტი და მეტი არაფერი.  კოალიცია „ცვლილებებისთვის“ უნივერსიტეტთან მართავს აქციებს. ძალიან დიდი გაუგებრობაა და ასეთ ვითარებაში ხალხიც გაურკვევლობაშია.

_ და პროტესტიც არ არის.

_ რა თქმა უნდა, არ არის. ჯერ ოპოზიციას თავად არ გაურკვევია, რას აკეთებს და რას აპირებს.

_ ე. ი. ახლა მხოლოდ იმაზეა საქართველოს მომავალი დამოკიდებული, თუ რას იზამს დასავლეთი?

_ ჩვენი ოპოზიცია დასავლეთზე დამოკიდებული ისე არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. 2012 წელს პირიქით იყო ყველაფერი, მაგრამ როდესაც ნახეს პარტნიორებმა, თუ რა ვითარება იყო საქართველოში, წავიდნენ იმაზე, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირათ მხარი. ბიძინა ივანიშვილი, გასაგები მიზეზების გამო, მაშინაც დიდად არ ეხატებოდა დასავლეთს გულზე, მაგრამ ისეთი ანტინაციონალური ტალღა იყო, რომ მას აყვნენ.

ახლა ასეთი ტალღა საქართველოში არ არის.  საპროტესტო განწყობა ნამდვილად არის, ერთი შეხედვით, თითქოს რაღაცებიც გადაილახა, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ამომრჩეველმა ისევ „ქართული ოცნება“ ამჯობინა „ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში ისევ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა და ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა.

_ შემდეგში მოვლენები როგორ განვითარდება? ეს მხოლოდ დასავლეთის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული, თუ ოპოზიციასაც შეუძლია რამის გაკეთება?

_ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რამდენად უკომპრომისო იქნება ის. დასავლეთს რაც შეეხება, ვიყოთ რეალისტები: ცალკე საქართველოს თემა არ იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

_ ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას და მერე უფრო ნათელი გახდება, რა და როგორ იქნება?

_ ველოდებით, როდის შეუდგება ტრამპი თავისი მოვალეობების შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა პოლიტიკა ექნება მას. მაგრამ ეს პოლიტიკა არა პირდაპირ ჩვენ მიმართ იქნება, არამედ _ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ. ამ კონტექსტში გავალთ ჩვენც.  ვნახოთ, რა იქნება. წინასწარ რამის პროგნოზირება არ არის ადვილი. ამ ეტაპზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ დასავლეთმა შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა მთლად არ შეწყვიტოს, მაგრამ თბილი ურთიერთობა ნამდვილად არ ექნება. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას და როგორ გააკეთებს ოპოზიცია და როგორ იშრომებს. 

_ ამ მხრივ სამუშაო ბევრი ექნებათ.

_ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. მართალი რომ გითხრათ, მეგონა, ოპოზიცია ნელ-ნელა აკრეფდა. მოლოდინმა არ გაამართლა, მაგრამ ჯერ კიდევ წინაა ბევრი რამე. თუნდაც 25 ნოემბერი. დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი და ეს სხდომა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ცხელი დღე იქნება ქართული პოლიტიკისთვის.  დავინახავთ, რის მობილიზებას შეძლებს ოპოზიცია. ჩემი აზრით, საყოველთაო მობილიზება უნდა გამოაცხადონ. უხმონ მხარდამჭერებს რეგიონებიდან და ა. შ. დაველოდოთ, რას იზამენ.

ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციამ არჩევნებზე მიიღო 800 000 ხმა. ამ 800 000 ადამიანიდან 10%-იც რომ იყოს აქტიური, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავისი ვნებები დაიოკოს. სამწუხაროდ, არც ამდენი ადამიანია აქტიური. კარგი, ვთქვათ, 10% არაა, მაგრამ 5% მაინც ხომ უნდა იყოს აქტიური?

_ არც 5% გამოდის აქციებზე.

_ 5% არის 40 000 კაცი და ასეთი რაოდენობა, ჯერჯერობით, არ ჩანს. შესაძლოა, მეტიც გამოჩნდეს. დაველოდოთ მოვლენებს. ოპოზიციას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი და მთავარი რაც არის ისაა, რომ დღევანდელ ოპოზიციას აქვს ლიდერის პრობლემა.

_ ქართველებს კიდევ ლიდერი გვჭირდება? ლიდერის გარეშე არაფერი გამოდის?

_ ლიდერი ყველგან უნდათ,  მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ლიდერი საიდანღაც გამოჩნდეს უცბად. დასავლეთში კი პარტიები ქმნიან თავიანთ ლიდერებს. მთელი საარჩევნო კამპანია, გინდათ ამერიკაში თუ ევროპაში, ლიდერის შექმნას ემსახურება. ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენთან სხვები ქმნიან ლიდერებს და მერე გვახვევენ თავზე.

დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს: დასავლეთი არ მისცემს პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას, გვეყოლება კოჭლი პარლამენტი, მაგრამ ამის მიუხედავად, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას.

თუ ვიფიქრებთ, რომ „ქართული ოცნება“ ვითარების განსამუხტად გადახედავსს თავის პოზიციებს, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციები ექნება ტრამპს არა საქართველოს, არამედ უკრაინასთან, უფრო სწორად რუსეთთან მიმართებით. იქნება ის მოსკოვთან რადიკალურად დაპირისპირებული თუ არა.

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსულის ანარეკლია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, „ქართული ანარეკლი“ რა ფორმას მიიღებს.

2025 წლის 25 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იქნება დაკომპლექტებული და სადღაც გაზაფხულზე, ალბათ, გამოჩნდება, რა შეიცვლება ამ დამოკიდებულებაში.

_ რა შეიძლება, რომ შეიცვალოს?

_ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ თუ იქნება შემრიგებლური, „ქართული ოცნება“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ბევრს არაფერს შეცვლის.

შესაძლოა, მათი რიტორიკა ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ პოლიტიკა არ შეიცვლება. თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, ხისტი და სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ მათ „ქართული ოცნების“ მიმართ თავიანთი პოლიტიკა ჩამოაყალიბონ. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხმრავალი აქციები უნდა იყოს, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და მაშინაც, როცა პარლამენტი შეკრებას გადაწყვეტს, მანამდე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორია ჩვენი დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული დამოკიდებულება ჩვენი არჩევნებისა და საერთოდ საქართველოს მიმართ. იქნება ეს ვიზალიბერალიზაციასთან თუ საკვანძო ფიგურების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ეს იმათაც უნდა იცოდნენ, ვინც „ქართული ოცნების“ გულწრფელი მომხრეა. ეს იმისთვისაა საჭირო, მათაც რომ იგრძნონ, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყანა. ადამიანების ეს ნაწილი დღეს სახელისუფლებო პროპაგანდის გავლენის ქვეშაა და ეს არჩევნებზეც გამოჩნდა.