ვარსკვლავთა წინასაახალწლო სამზადისი
გიორგი საკარული
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იწყებ ფიქრს, თუ როგორ მოემზადო ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულისთვის. არსებობს ტრადიციული შეხედულება, _ როგორი განწყობითაც შეხვდები ახალ წელს, ზუსტად ისეთი იქნება მთელი წელი. ამიტომ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და უახლესი რეკომენდაციები.
როგორია ჩვენი რესპონდენტების წინასაახალწლო განწყობა? სად ხვდებიან ისინი ახალ წელს? როგორია მათი ტრადიციები? ამ და სხვა საინტერესო ამბების შესახებ „ქრონიკა+“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
ხატია შამუგია, ტელეწამყვანი:
_ ნორმალური წელი იყო. მადლობა ამ წელს, რომ მშვიდად და ჯანმრთელად გავიარე, საკმაოდ ნაყოფიერი წელი მქონდა. ჩემთვის ყველა წელი შრომასთან ასოცირდება.
_ 31 დეკემბერს სად ხვდები, ოჯახში თუ?
_ 31-ში ყოველთვის ოჯახში ვხვდები და შემდეგ კონცერტი მიმყავს. ჩემი ოჯახის მეკვლე ყოველთვის მე ვარ.
_ წინასაახალწლო სამზადისში რამდენად ჩართული ხარ?
_ ამ საკითხებში ძალიან პედანტი ვარ, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს პუნქტუალურობაზე, რადგან ყოველთვის სადღაც მაგვიანდება. გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლოს „საგიჟეთია“, ვცდილობ, წინასაახალწლო სამზადისი დავიწყო ნოემბრის ბოლოს. ნაძვის ხის სათამაშოებს დეკემბრის პირველივე კვირას ვყიდულობ, მაქვს ასევე ტრადიცია, რომ რამდენიმე ახალი ჭურჭელი შევმატო ჩემს მაგიდას და ა. შ.
_ ასტროლოგების რჩევებს თუ ითვალისწინებთ და ისე თუ აწყობთ სახლში გარემოს?
_ აბსოლუტურად ყველაფერს ვითვალისწინებ. სხვათა შორის, ტკბილეული უკვე ნაყიდი მაქვს, რომ ნაკლები მქონდეს დეკემბრის მიწურულს სარბენი. საახალწლო სუფრაც ნაყიდი მაქვს, გარე განათებებიც მაქვს და ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაძვის ხეს ვრთავ _ სულ ვითვალისწინებ ხოლმე იმ წლის ტენდენციებს. მჯერა იმისი, რომ ახალ წელს უნდა შეხვდე განსაკუთრებულად და არა მარტო 31 დეკემბერს, არამედ თებერვალშიც, როცა ჩინური ჰოროსკოპით ნამდვილი ახალი წელი შემოდის.
_ მწვანე დრაკონის წელი მოდის. რა მოლოდინი გაქვს?
_ როგორც ასტროლოგები ამბობენ, ძალიან მშვიდი წელი იქნება და პოზიტიურად ასახელებენ მას. მე გველის წელს ვარ დაბადებული, გველი და დრაკონი კი ერთმანეთთან მეგობრობენ. ვცდილობ, ბრჭყვიალები მეცვას და განსაკუთრებულ განწყობაზე შევხვდე.
გიორგი გასვიანი, მსახიობი:
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ თეატრალური კუთხით ისეთი როლი ვითამაშე, რომელიც არცერთ მსახიობს სცენაზე არ უთამაშია. „ახმეტელის თეატრში“ ვითამაშე სერგო ფარაჯანოვის როლი და ეს დადგმა ეძღვნება სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს. ამ მხრივ ძალიან დასამახსოვრებელი წელი მქონდა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, მე დავიბადე სოხუმში, ეზოიან სახლში და აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებსაც არ გვაქვს სოფელი, ეზოს ნოსტალგია გვაქვს. წელს გადავდგი ნაბიჯი და კახეთში შევიძინე პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც ჩავდგი ხის სახლი და სულ მალე ფინალში გავალ. ეკო აგარაკივით მოვაწყვე.
_ კახეთში სად შეიძინე?
_ უჯარმაში _ კურორტული ზონაა, ვახტანგ გორგასლის დაარსებული სოფელია და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. თბილისთან ახლოსაა, ძალიან კარგი ადგილია.
_ ახალი წელი რამდენად გიყვარს, წელს სად ხვდები, რა გარემოში?
_ ახალ წელს ყოველთვის ვმუშაობ ხოლმე, მიმყავს საახალწლო კონცერტი. ბავშვი რომ შემეძინა, მაშინაც ღონისძიება მიმყავდა, ახალ წელს პირველად შევხვდები ოჯახთან ერთად, რაც ძალიან მახარებს.
_ რა მოლოდინი გაქვს ახალი 2024 წლისგან?
_ კი ვცხოვრობთ ევროპისა და აზიის გასაყარზე, მაგრამ ევროპული ასტროლოგია უფრო მოქმედებს ჩვენს კულტურაზე, ვიდრე აზიური. დრაკონის წელიწადი ძლიერი წელია, თან ხის დრაკონია და მგონია, რომ ბევრ ხეს დავრგავ უჯარმაში.
_ საოჯახო საქმეებში თუ მონაწილეობ ხოლმე?
_ მუდმივად ჩართული ვარ საოჯახო საქმეებში. შემიძლია შუაღამით წავიდე მარკეტში და ვიყიდო კონკრეტული ნივთები, რაც იმ მომენტისთვის სჭირდება ოჯახს. საახალწლო ნივთებსაც მე ვყიდულობ ხოლმე, მარიტაც ჩემთან ერთად, მაგრამ მე უფრო ვაქტიურობ ამ კუთხით.
_ დაბოლოს, რას ისურვებდი?
_ ყველაფერ კარგს. ვულოცავ ყველას დამდეგ ახალ წელს, თქვენს რედაქციას, ყველა ჟურნალისტს, ყველა მსახიობსა და ჩვენს ტელემაყურებლებს, რომლებიც ერთგულად უყურებენ ჩვენს გადაცემებს, დადიან თეატრში, თქვენ კი გისურვებთ ბევრ მკითხველსა და დიდ რეიტინგს.
განსაკუთრებით ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა 2023 წელი ტელეწამყვანისთვის და პოპულარული Facebook ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებლისთვის, თამუნა მუსერიძისთვის, რომელიც BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.
BBC წერს: „მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძებნის დროს აღმოაჩინა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მსხვილი შავი ბაზარი არსებობდა, რის შედეგადაც ათასობით ახლდაბადებული გააშვილეს მშობლების მოტყუებითა და არალეგალური გზებით.
იმისთვის, რათა ადამიანებს დაკარგული ნათესავები მოეძებნათ, მუსერიძემ Facebook-ზე შექმნა ჯგუფი, სახელად „ვეძებ“, რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მუსერიძის ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს“, – წერს BBC.
თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:
_ ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის. საქართველოში არავინ იმჩნევს ჩვენს საქმიანობას და ამხელა ორგანიზაცია რომ შეიმჩნევდა და აღიარებდა, ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო. ის უფრო წარმოუდგენელი და საწყენია, რომ მას მერე დაინტერესდნენ ჩვენთან, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გაჩნდა ამ ჯგუფის შესახებ ინტერესი.
_ საქართველოში, როგორც ყოველთვის, სულ ასე ხდება…
_ გეგონება, აქამდე არ იცოდნენ, რასაც ვსაქმიანობდით და ვაკეთებდით.
_ ეს საერთაშორისო აღიარებაც გამოიწვია სწორედ იმ ფაქტორმა რომ საქართველოში იყო BBC-ის ჯგუფი ჩამოსული.
_ BBC-იმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი და მისი გადაღების პროცესში გაჩნდა იდეა, რომ მეც აღმოვჩენილიყავი ამ სიაში, თუმცა სიას ის ხალხი არ ადგენს, ვინც დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა. დამოუკიდებელი პროდაქშენია, რომელიც მთელ მსოფლიოში აკვირდება ყველა ტელევიზიას, ინტერნეტგამოცემას, პრესას და ა. შ.
_ ზოგადად, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოხვდე 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის. რას ნიშნავს შენთვის ეს სტატუსი?
_ ეს არის ძალიან დიდი დაფასება. ამდენი ხანი რასაც ვწვალობდი თუ ვმუშაობდი, საბოლოოდ მაინც დამიფასდა.
_ მოკლედ, საკმაოდ წარმატებული წელი აღმოჩნდა 2023 შენთვის. როგორ ხვდები ახალ 2024 წელს?
_ ყოველ წელს მიმყავდა კონცერტები, მაგრამ წელს აღარ იქნება, რადგან ჩემი ძიძა წავიდა ემიგრაციაში. ასე უცებ კი უცხო ადამიანთან ბავშვების დატოვება წარმოუდგენელია. ზოგადად, ოჯახში ვხვდები ახალ წელს.
_ რაიმე წინასაახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?
_ არანაირი ტრადიცია არ მაქვს, რადგან 18 წელი ხან სად ვხვდებოდი ახალ წელს და ხან _ სად, თუმცა სამზადისში ჩართული ვარ, ამ სამზადისის გამო კი დიდად არ მიყვარს ახალი წელი. ბავშვობაში დედაჩემს რომ ვუყურებდი, მთელი ორი დღე თავგადაკლული შრომობდა, მუშაობდა, აკეთებდა სხვადასხვა სახის კერძს, ალაგებდა და ღამის 12 საათზე ცოცხალ-მკვდარი იჯდა ქალი, ისევე როგორც საქართველოში დიასახლისების უმრავლესობა.
_ დრაკონის წელიწადის მიმართ რა მოლოდინები გაქვს?
_ სხვათა შორის, კარგი მოლოდინი მაქვს. მე ვირთხის წელს ვარ დაბადებული და ყველაზე რთული წელია ხოლმე ჩემთვის, მაგრამ დრაკონის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს. ჩემი ქმარიც დრაკონია, შვილიც და დედაჩემიც დრაკონი იყო. ზოგადად, დრაკონებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ნანა ცინცაძე, პოეტი:
_ 2023 წელი დადებითად ჯერ მარტო იმიტომ უნდა შევაფასოთ, რომ აღარ იყო კოვიდსაშიშროებაზე ლაპარაკი, მოიხსნა აკრძალვები, პირბადეები და ეს უკვე დადებითად შეიძლება შევაფასოთ. ეს წელი იყო ერთგვარი კარი ბედნიერებისკენ, სიყვარულისკენ და სიკეთისკენ. ჩემთვის ლამაზი წელი იყო, რადგან შეხვედრები მქონდა ემიგრანტებთან იტალიასა და თურქეთში, სადაც მივიღე უზარმაზარი სიყვარული. გარდა ამისა, გამოსაცემად მზად მქონდა ორი წიგნი, თუმცა, გარკვეულწილად, ვერ მოხერხდა მოსწრება, ამიტომ მესამე წიგნსაც დავამატებ და ვფიქრობ, 2024 წელს გამოვუშვებ. ყოველი მომდევნო წელი უნდა იყოს წინაზე უკეთესი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის და მთლიანად სამყაროსთვის, რადგან დედამიწა ისე დაპატარავდა, რომ ჩვენ ყველანი გავხდით ერთი ოჯახის წევრები.
_ ამ წელს „მეგას“ დაჯილდოებაზე გადმოგეცათ ნომინაცია „თანამედროვე ქართული პოეზიის დედოფალი“. რას ნიშნავს ეს ტიტული თქვენთვის?
_ დედოფლები იცვლებიან. საქართველოში ყველაზე დიდ დედოფალს მეფე ერქვა, თამარ მეფე. ასე რომ, გვირგვინი თუ უნდა დაგადგან, მეფის გვირგვინის დადგმა სჯობს. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ეს ტუტული, მადლობა მინდა გადავუხადო „მეგას“ საორგანიზაცია ჯგუფს და ბესო ჩუბინიძეს სიყვარულისთვის, დაფასებისთვის, დანახვისთვის. შენ შეიძლება ძალიან დიდი იყო, მაგრამ ვერავინ დაგინახოს, მე ჩემს თავზე არ ვლაპრაკობ. ერთია ის, ვინ ხარ შენ და მეორეა ის, თუ როგორ გხედავენ. სწორედ ამ სიყვარულისთვის მინდა, ქედი მოვიხარო ქართველი ერისა და აბსოლუტურად ყველა ადამიანის წინაშე, ვისაც უყვარს ჩემი და, ზოგადად, პოეზია.
_ წინასაახალწლო ფუსფუსში თუ ხართ ჩართული?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ სიგიჟემდე მიყვარს ყველაფრის კეთება: მიყვარს ლამაზად გაწყობილი სუფრა, ადამიანები ჩემ გარშემო. რესტორანში გაშლილ სუფრას მირჩევნია, ოჯახში გაშლილი სუფრა, იმიტომ რომ გაცილებით პრესტიჟულია. რესტორანს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ როცა რაღაცის თქმა გინდა, უცებ ირთვება მუსიკა და აღარ გაქვს ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება. სახლში კიდევ გინდა, მუსიკას ჩართავ, გინდა, გიტარაზე დაუკრავ, ლექსს წაიკითხავ და როგორც გინდა, ისე მოიქცევი.
_ თან ქართულ სუფრა გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული კულტურით…
_ სუფრა არის მართლა კულტურა. სუფრა არ ნიშნავს თრობას და საცივეში თავის ჩაყოფას. თუ ვინმეს აინტერსებს,, რა არის ქართული სუფრა და მისი გაკრიტიკება უნდა, კიდევ ერთხელ წაიკითხოს აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“, სადაც არაჩვეულებრივად არის წარმოდგენილი ქართული სუფრა, თუ როგორი იყო, როგორ იმართებოდა, რა ლამაზი იყო და როგორ ეჯიბრებოდნენ ადამიანები ერთმანეთს სიმღერაში, ლექსის თქმაში, სმასა და აბსოლუტურად ყველაფერ იმაში, რასაც საბოლოო ჯამში კულტურა ჰქვია.
_ სად ხვდებით ახალ წელს?
_ ახალ წელს ყოველთვის ვხვდები სახლში, თუ რაიმე ღონისძიება არ მაქვს და მიხარია ოჯახურ გარემოში ყოფნა. ძალიან მიხარია ასევე მეგობრებთან შეხვედრა. მინდა, ყველას ბედნიერება ვუსურვო, _ მშვიდობა, ჯანმრთელობა და დიდი სიყვარული მთელ მსოფლიოსა და ჩვენს ერს!
გია ჯაჯანიძე, ტელეწამყვანი:
_ შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური იყო 2023 წელი, ნაყოფიერი, წარმატებული და ბედნიერად გავდივარ ამ წლის ფინალში.
_ რამდენად გიყვარს, ზოგადად, ეს დღესასწაული და სად ხვდები ახალ წელს?
_ შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს ხალხს, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა. ბავშვობიდან ჩემთვის ყოველი დღე არის ახალი წელი და ამ სიბერეშიც ყოველი დღის გათენება ჩემთვის არის ახალი წელი. ეტყობა, ჩემი განწყობა არის ასეთი. ჩემები თუ რამეს გააკეთებენ, თორემ წლებია, მარტო ვხვდებოდი ახალ წელს, ჩავრთავდი ტელევიზორს, მოვიმარაგებდი მზესუმზირას და ეს იყო ჩემი ახალი წელი. ბოლო 5 წელია, საღამოები მიმყავს, მეკვლეობის სია მაქვს გაკეთებული, თუ ვისთან უნდა შევიდე, მერე მაბარებენ წლის ბოლოს ანგარიშს, თუ როგორი წელი ჰქონდათ.
_ როგორი მეკვლე ხარ?
_ იდეალური. ადამიანი, რომელიც არის მეკვლე, თვითონ უნდა იყოს ბედნიერი, რათა ეს ბედნიერი ენერგეტიკა მოიტანოს, ამიტომ ბედნიერი ვარ, როცა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კარგი რაღაცები მოხდა მათ ცხოვრებაში.
_ ანუ დიდი სამზადისით არ ხარ დაკავებული, როგორც სხვები?
_ არაფერი მსგავსი. ერთი პატარა ნაძვის ხე მაქვს, რომელიც ბოთლზე უნდა წამოაცვა და ყოველ წელს მას დვგამ ხოლმე. ჩემი სახლი ისედაც ახალ წელს ჰგავს, რადგან სულ მორთული მაქვს. სათამაშო თუ რამე დავკიდე, მთელი წელი კიდია.
_ ამბობენ, ახალი სათამაშო უნდა შეამატო ყოველ წელსო…
_ შეიძლება, სიმბოლურად შევამატო ახალი სათამაშო და დავკიდო კიბეზე ან დიდი ჟირაფი მაქვს და მასზე ჩამოვკიდო.
_ ასტროლოგიურ რჩევებს ითვალისწინებ ხოლმე?
_ ძალიან დიდი ხანია, რაც ასტროლოგიითა და ეზოთერიკით ვარ დაკავებული. მე მაქვს ჩემი რუკა, რომელსაც ვადგენ წლის ბოლოს და რასაც მე გამოვიანგარიშებ, იმას ვითვალისწინებ ხოლმე.
_ ნებისმიერი ადამიანი ყოველ წელს უკეთესის მოლოდინშია, შენ რისი მოლოდინი გაქვს და როგორი განწყობა?
_ განწყობაც და მოლოდინიც მაქვს ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო წელი იქნება, იმიტომ რომ დრაკონის წელში შრომაც დაფასდება და მშრომელი ადამიანებიც. 13 წლიდან სულ ვმუშაობ.
_ რას ისურვებდი, რას უსურვებდი და მიულოცეთ ახალი წელი მკითხველს, მაყურებელს.
_ ძირითადად ახალ წელს ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას, ქვეყნის მთლიანობასა და ა. შ., მაგრამ დავამატებ ერთ სურვილს, რომელსაც ძალიან გულწრფელად გეტყვით: ყველას მინდა ვუსურვო, რომ ის აგრესია, რომელიც ადამიანშია დაგროვილი, მისგან განიკურნონ. ტვინის ჯანმრთელობა გვქონდეს. ძალიან ბევრი განათლებული ადამიანია, რომელიც კითხულობს, მაგრამ ვერ იაზრებს შინაარსს. ახსოვთ მხოლოდ ამბები, რაც წაიკითხეს, მაგრამ ეს წიგნი რისთვის არის დაწერილი, ამას ვერ იაზრებენ. მინდა, ყველას ვუსურვო წაკითხულის გააზრება და ყველაფერი კარგად იქნება.