ვალერი გელბახიანი: „უცოდინარი სამართალდამცველები, კანონის სახელით, კანონს თვითონ არღვევენ!“

იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელიც დავით ხარშილაძის ერთ-ერთი ადვოკატია, პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ჩადების კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს. მისი თქმით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა არ იციან კანონის მოთხოვნები, მათ აქვთ ძალაუფლება და კანონის სახელით, კანონს თვითონ არღვევენ.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ვალერი გელბახიანი:

_ დავით ხარშილაძის საქმის პარალელურად, ზუგდიდში შეხება მაქვს ანალოგიურ საქმესთან, ხელწერა ერთი და იგივეა. როდესაც რაღაც ქმედება კანონიერად ხორციელდება, ეჭვები და კითხვები არ ჩნდება, მაგრამ როდესაც კითხვები პასუხგაუცემელია, ბუნებრივია, ახალი კითხვა კი აღარ იბადება, კეთდება დასკვნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, ამ შემთხვევაში, უკანონო ქმედებები განახორციელეს და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს მეშვეობოთ დააკანონონ და შექმნან აზრი, რომ ნარკომანიას ებრძვიან. ნარკოტიკებთან ბრძოლა ყველა სახელმწიფოს ამოცანაა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ დამნაშავეებთან ბრძოლის პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. სხვაგვარად, ეს პოლიტიკა იქნება დანაშაულებრივი, თუ კანონის ჩარჩოებიდან გავა. ანალოგიურ ფაქტთან გვაქვს საქმე ერთ შემთხვევაში და მეორეშიც. საქმე ის არის, რომ იქ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ხარშილაძის შემთხვევაში: 14:45 სთ-ზე იქაც იწერება პატაკი ერთ-ერთი პოლიციელის მიერ პოლიციის უფროსის სახელზე, რომ მან ინფორმაცია მიიღო იმის თაობაზე, რომ თბილისში, ავტოვაგზლის ტერიტორიაზე, ვინმე შამუგიას, რომელიც წარმოშობით არის აფხაზეთიდან, თან აქვს ჯიბეში ნარკოტიკები და პატაკის ავტორი უფროსისგან რეაგირებას ითხოვს. უფროსი რეზოლუციას არ ადებს, პატაკი რეგისტრაციაში არ ტარდება, არც მითითებებია მიცემული, 15 წუთში გამომძიებელი კვარაცხელია გამოძიებას იწყებს და ადგენს ბარათს გამოძიების შესახებ, სადაც უთითებს, რომ შამუგიას მიმართ აღიძრა საქმე ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე, თითქოს უკვე მომხდარია დანაშაული, ამ დროს, ჯერ არაფერიც არ არის მომხდარი, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ხდება. თბილისში, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ორი მანქანით _ ერთი მიკროავტობუსით და მეორე სედანის ტიპის მანქანით შედიან ავტოვაგზლის ტერიტორიაზე და შამუგიას იჭერენ.

_ ზუგდიდიდან თბილისში 15 წუთში როგორ დაიჭირეს?

_ წინა დღეს იყო გამოგზავნილი ჯგუფი, თითქოს, მივლინებით სხვა საქმეზე, მაგრამ არ ჩანს, ეს რა საქმე იყო, შამუგიას გამოჩენას ელოდებოდნენ, რომ დაეჭირათ და მერე აღეძრათ საქმე, თუ ნარკოტიკი აღმოაჩნდებოდა. ეს ყველაფერი თავიდანვე ფალსიფიცირებით დაიწყო. თავიდნ ბოლომდე ჩანს, რომ ფალსიფიცირებულია, დასაწყისიც და შემდეგ ოპერაციაც. შამუგია თავის ნათესავს მანქანით მიჰყავს ავტოვაგზლის ტერიტორიაზე, მოსკოვიდან ამანათია გამოგზავნილი და მის ასაღებად მიდის. აიღო ამანათი, გადაიხადა თუ არა ფული, პოლიციამ მაშინვე დააკავა. ოქმში წერია, რომ თითქოს ქვეითად სეირნობდა ავტოვაგზლის ტერიტორიაზე და ისე დააკავეს, ანუ ერთმანეთს არ ემთხვევა ოქმში დაფიქსირებული მონაცემები, სინამდვილეში სად აიყვანეს და რა ნივთით. ვინც ამანათი გასცა, ის ჩვენებას იძლევა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ პოლიცია მას ჩვენებას არ ართმევს, ადვოკატებმა ჩამოვართვით. პოლიციამ ჩვენება იმიტომ არ ჩამოართვა, რომ სიყალბე გამოვლინდებოდა. 45 წუთის განმავლობაში, მეორე ადამიანს, რომელიც შამუგიას ახლდა, თავის მანქანაში, შინაპატიმრობა აქვს, ორი პოლიციელი უზის და ეუბნება, _ მანქანიდან ფეხი არ გადაადგა, სანამ იქ ჩხრეკა ჩატარდებაო. შამუგია მიკროავტობუსში შეიყვანეს გასაჩხრეკად, ყუთი გახსნეს, სადაც შოკოლადები და რაღაც ნივთები აღმოჩნდა, ერთმანეთში გაიყვეს და იჩხუბეს კიდეც ამ გაყოფაში, მაგრამ ეს ყუთი ოქმში არ შეიტანეს. შამუგია კედელთან დააყენეს და რომ მოტრიალდა, უთხრეს, _ ნარკოტიკები აღმოგაჩნდაო. შამუგიამ უარყო. პოლიციელებმა უპასუხეს, _ თუ არ გინდა, მეორეც გვერდით მოგისვათ, თუ არ გინდა, რომ ბრალი დაგდოთ, რომ უცხო ქვეყნიდან მოახდინე ნარკოტიკის ტრანსპორტირება და ბრალი დაგიმძიმოთ, აღიარეო… და მაშინვე აჩვენეს, _ ეს არის შენი ნარკოტიკიო. შამუგია ამბობს, არც ჯიბეში მქონია ნარკოტიკი, არც გამოგზავნილი ყოფილა, უბრალოდ, ჩემი დაჭერა დაგეგმილი იყო და დამიჭირესო. მაგრამ პოლიცია ამას არსად ამბობს, პირიქით. შამუგია ქართულ ენას არ ფლობს, საუბრობს მხოლოდ რუსულად, თარჯიმანი არ აუყვანეს, ქართული ტექსტი დაუდეს, გადააწერინეს, მაგრამ იქ რა ეწერა, არ იცოდა. ასეთ დროს, კანონი ძალიან მკაცრად ამბობს, სადაც მოხდა დანაშაული, გამოძიება იქ უნდა დაიწყოს. დავუშვათ, მოხდა დანაშაული, ეს მოხდა თბილისში, რატომ იყო ზუგდიდის პოლიცია? კანონი ცალსახად ამბობს, რომ ეს არის თბილისის ქვემდებარე. ამ მომენტს რომ აცდენოდნენ, ე. წ. გადაუდებელი ღონისძიების საპროცესო სამართლებრივი ღონისძიება გამოიყენეს, რა დროსაც ქვემდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს და არც სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, ვითომ გადაუდებელი იყო, ზუგდიდში წაიყვანეს, მაგრამ, პარალელურად, მთავარ პროკურატურას მიმართეს, დადგენილება გამოიტანეთ და ეს საქმე გამოსაძიებლად ჩვენ გადმოგვეცითო. დღემდე ვდაობთ და ეს დადგენილება არასწორად მიგვაჩნია, ესეც ყალბი გვგონია, რადგან კანონი ამბობს, რომ ტერიტორიული ქვემდებარეობის საკითხს იუსტიციის მინისტრი წყვეტს და არა პროკურორი, აქ კი სულ სხვანაირად არის, ანუ კანონის ყველა მოთხოვნა დარღვეულია, როგორც ხარშილაძის საქმეში, _ ცალკე ტარდება ჩხრეკა, ცალკე _ დაკავება. კანონი კი სხვანაირად ამბობს: როდესაც ადამიანის დაკავება და ჩხრეკა გადაუდებელი მიზეზით ხდება, ასეთ დროს ჩხრეკის ოქმი არ დგება, კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩხრეკის შედეგები პირდაპირ უნდა შევიდეს ოქმში, დაკავება არის საგანგებო ღონისძიება, დაცულია კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით და ამ დაკავების დროს მკაცრად არის გაწერილი ყველაფერი. კანონი ამბობს, რომ ადამიანს უნდა გააცნო, რომ დააკავებ, ჩრეკა არ უნდა დაიწყო, ჯერ უნდა უთხრა, _ ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ გაგჩხრიკოთ, ამიტომ გიმარტავთ შენს უფლებებს, რა უფლებები გაქვს და რა _ არა, აძლევს წინადადებას, _ ნებაყოფლობით წარმოადგინეთ, რა გაქვთ. ჯერ ერთი, ადამიანს გაფორმებული აქვს, ვითომ ქართული იცის, ასეთი მოთხოვნა როდესაც ირღვევა, როდესაც დაკავების წინ არ აფრთხილებენ, რა არის დაკავების მიზეზი, არ აძლევენ წინადადებას, _ ნებაყოფლობით წარმოგვიდგინე, არ ეუბნებიან, რა უფლებები გააჩნია, კანონი პირდაპირ მიუთითებს, თუ ეს წესი დარღვეულია, ასეთ შემთხვევაში დაკავებული პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს მას, რა აღმოაჩნდა ჯიბეში. არავითარი განმარტება, კანონის არანაირი დაცვა და მერე სასამართლოში უნდა არკვიო, სწორი იყო თუ არა მათი ქმედება.

_ დაკავებების დროს რატომ აქვს მასობრივი ხასიათი კანონის დარღვევას?

_ მე ასეთი დასკვნა გავაკეთე, რომ ამ გადაუდებელი ღონისძიების დროს ჩატარებული ჩხრეკა-დაკავებები ყველა უკანონო იმიტომ არის, რომ არც პროკურორმა და არც გამომძიებელმა არ იცის კანონის მოთხოვნა, ანუ მათ აქვთ ძალაუფლება და კანონის სახელით, კანონს თვითონ არღვევენ! ამიტომ ეს ფაქტები უნდა დაიგმოს! კანონი ხომ ძალაა, თუ კანონმა თავისი ძალით არ იმოქმედა და შედეგი არ მოიტანა, სხვაგვარად ის კანონი ყოველთვის ბოროტი იარაღი იქნება სიმართლისა და სამართლიანობის წინააღმდეგ! ამიტომ საჯაროდ ვითხოვ პრესაში, სასამართლოშიც ამ წინადადებით გამოვედი, რომ, პირველ რიგში, ეს არის არაკომპეტენტურობის შედეგი. სხვა საკითხია, დავალება ვინ მისცა, უკანონობა რატომ ჩაიდინა, უდანაშაულო ადამიანი რატომ დაიჭირა და ა. შ. პირველი საკითხი ის არის _ იცის თუ არა დავალების მიმღებმა, როგორ უნდა შეასრულოს კანონის მოთხოვნა. გამოვლინდა, რომ, სამწუხაროდ, არც გამომძიებელმა, არც პროკურორმა და არც სასამართლომ ეს არ იცის! მაგალითად, ეს მტკიცებულებები როდესაც დაუშვებლად დავაყენე ცნობის თაობაზე, სასამართლომ ასეთი განმარტება მომცა: მერე რა მოხდა, მთავარია, კანონის შინაარსი ხომ შესრულდაო. _ ამას როგორ ამბობთ, ბატონო მოსამართლევ, მაშინ რაღა საჭიროა ოქმი, ხომ აღმოაჩნდა ნარკოტიკი?! ამიტომ, როდესაც მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი ერთ ხმაში გეუბნებიან, რომ კანონი არ დარღვეულა, ეს იმის დამადასტურებელია, რომ არც ერთმა კანონი არ იცის! რა წერია იმ კანონში, არც ერთმა არ იცის! მეტიც, არის ხოლმე პრივატული საუბრები გამომძიებლებთან და არც მათ იციან კანონის ეს მოთხოვნა, მათ ბლანკზე აქვთ ყველაფერი დაბეჭდილი, ჩხრეკის ოქმი არსებობს, ასევე დაკავების ბლანკი და კანონში რა წერია, ამას არავინ კითხულობს, ამდენი დარღვევა სწორედ ამის გამოა გამოწვეული. სხვა დამცავი საშუალება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კანონის მოთხოვნა შესრულდეს. შეხედეთ, რამდენი რამ წერია სხვაგან: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ამბობს, რომ თუ დაკავება ხდება სასამართლოს ნებართვის გარეშე, ეს დაკავება უნდა განახორციელოს საგანგებოდ უფლებამოსილმა პირმა. ე. ი. პირი, რომელიც სასამართლოს გარეშე აკავებს, მას უნდა ჰქონდეს მაღალი სტატუსი, უნდა არსებობდეს ზემდგომის დადგენილება, რომ კონკრეტულ პოლიციელს უფლება აქვს, გაჩხრიკოს კონკრეტული პირი, ეს არის საგანგებო უფლებამოსილება, ეს კონსტიტუციის მოთხოვნაა. სინამდვილეში, ორივე შემთხვევაში რა გვაქვს _ არანაირი ფურცელი არ არსებობს, რომ გამომძიებელს ამის უფლებამოსილება ჰქონდა. იქ არის გამომძიებელი თოფურია, რომელიც ჩხრეკას ატარებს და ამ დროს გამოძიება დაიწყო სხვა გამომძიებელმა _ კვარაცხელიამ. არანაირი წერილი და შეტყობინება არ არსებობს გაგზავნილი იმის თაობაზე, რომ გთხოვთ, ჩხრეკა თქვენ ჩაატაროთ, როდესაც კონსტიტუცია გეუბნება, რომ საგანგებოდ უნდა იყოს აღჭურვილი. კონსტიტუციის მოთხოვნა დაირღვა, კანონის მოთხოვნა დაირღვა და ამას დარღვევა არ დავარქვათ?! ეს არის ფუნდამენტური უფლების დარღვევა, როდესაც მერე პროკურორი და მოსამართლე იწყებს, რომ თითქოს არაფერი დარღვეულა. დიდი ბოდიში, მაგრამ გადააგდეთ ეს კონსტიტუცია, რაღა საჭიროა?! კანონი ხომ არ არის საჭირო, ახლა კონსტიტუციაც არ ყოფილა საჭირო! რას ამბობს ევროკონვენციის მე-5 მუხლი? ისიც იგივეა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამბობს, რომ აღჭურვილი უნდა იყოს იმ უფლებით, რომ მას დაკავების უფლება აქვს. კონსტიტუცია ხომ ამბობს, საგანგებო უფლებამოსილებაო, ევროკონვენცია ამბობს, რომ ამ უფლების აღჭურვა უნდა ჰქონდესო. სად არის?! ევროკონვენცია და კონსტიტუცია ორივე ამბობს ერთსა და იმავეს, გთხოვთ, წარმოადგინოთ ის რწმუნება, თქვენ რითაც აღჭურვილი იყავით ამ უფლებით, არ არსებობს! მაშასადამე, კონსტიტუციის მე-18 მუხლი დარღვეულია, ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი დარღვეულია, კანონის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი დარღვეულია, 174-ე მუხლის მე-3 ნაწილი დარღვეულია. შეხედეთ, რამდენი დარღვევაა ერთ პატარა, თითქოს, უბრალო მოქმედებაში! საპროცესო კანონის ორი მუხლია დარღვეული, კონსტიტუციის ერთი მუხლია დარღვეული და ევროკონვენციის ერთი მუხლი, ახლა არც წივწივაძეს ხარშილაძის საქმეში და არც თოფურიას შამუგიას საქმეში არ გააჩნდათ ასეთი საგანგებო უფლებამოსილება, საგანგებო კი არა, საპროცესო უფლებამოსილებებიც კი არ გააჩნდათ და როგორ შეიძლება ჩაითვალოს მათ მიერ ჩატარებული რაიმე ღონისძიება კანონიერად?! მე მაქვს უფლება, რომ ახლა თქვენ ჩხრეკა ჩაგიტაროთ?! არ მაქვს, რადგან უფლებამოსილება არ გამაჩნია! მერე რა მოხდა, პოლიციელის ფორმა რომ აცვიათ?.. თუ მათ არ აქვთ რწმუნება ან ბრძანება, ჩხრეკას ვერ ჩაატარებენ და ამ ორ საქმეზე, _ არც ერთზე გააჩნდათ ჩხრეკის ჩამატარებელ პირებს. მაშასადამე, დაირღვა საპროცესო კანონი, კონსტიტუცია და ევროკონვენცია! გაგვცენ პასუხი, გვითხრას სასამართლომ, ან პროკურორმა, რომ არ დარღვეულა, სიტყვით კი არა, ქაღალდი გვაჩვენონ _ სად არის ის დოკუმენტი, რომლითაც მათ ეს რწმუნებულებები ჰქონდათ, ახლანდელი რიცხვით გამოცემული კი არა, იმ დღით რეგისტრირებული გვაჩვენონ. რა უნდა გვაჩვენონ, რაც არ არის?! ჩვენ არც ტანკი გვაქვს და არც თვითმფრინავი, რომ უკანონობას ვეომოთ, ჩვენი ტანკია კანონი, კალამი და ქაღალდი, ამით შედეგს ვერ ვაღწევთ, გამოდის, რომ ქვეყანაში არ არის კონსტიტუციური წესრიგი, სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კანონის აღსრულებას. უფრო დიდი, გლობალური პრობლემა გვაქვს, ვიდრე პირის დაკავება. არ ვამბობ, რომ პროცედურა დაირღვა, ქვეყანაში პრობლემაა, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას, პირიქით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს ფაქტია! იგივე ევროკონვენციის მე-13 მუხლში ძალიან გასაგებად წერია, რომ ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო, ვინც კი შეერთებულია კონვენციას, ვალდებულია, თავის ქვეყანაში უზრუნველყოს შიდა კანონმდებლობით ნებისმიერი პირის ეფექტიანი და ქმედითი სამართლებრივი დაცვა. ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ დაიცვას პირი უსამართლობისგან და უკანონობისგან. მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, ყველა პირის დამცველი იყოს, ისე კი არა, კვირიკაშვილი ან მთავარი პროკურორი რას იტყვის, კანონში უნდა იდოს! კანონში რომ გვქონდეს, ნებისმიერი ასეთი დარღვევის დროს წყდება სისხლის სამართლის საქმე, პირი დაცულია. კანონში წერია, _ თავისუფლდება, მერე ვინ ათავისუფლებს?! არ ხდება კანონის აღსრულება! ამიტომ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, არის კომპეტენტურობის, ცოდნის პრობლემა! ეს ცოდნა არ გააჩნიათ იმ პირებს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ! ეს არის უზარმაზარი პრობლემა და ყველა ოჯახში შეაღწევს! არ შეიძლება, ისეთი კადრები ემსახურებოდეს სამართალდამცველ სისტემას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს კანონის აღსრულებაზე, კანონის ნორმაზე, კანონის მოთხოვნაზე, კანონის მიერ დაწესებულ წესზე! როდესაც არ იცი კანონი, ყოველ წუთში არღვევ და მერე ითხოვ, რომ დაჭერილი კაცი გაგასამართლებინონ, ჯერ ისწავლე კანონი, პატივი ეცი შენი ქვეყნის კონსტიტუციას, ევროკონვენციას, პატივი ეცი ადამიანურ ღირებულებებს და მაშინ დაგიჯერებ, სხვანაირად შენ ბოროტი ადამიანი ხარ! როდესაც არ გაგაჩნია ცოდნა, არ გაგაჩნია უფლებამოსილება, ყველაფერს არღვევ და რადგან პოლიციელი ხარ, გგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დასაშვებია, არ არის, ბატონებო, დასაშვები! სანამ ჩვენ ვარსებობთ, არ დავუშვებთ, რომ ესენი ვინმეს ვაპატიოთ, ისინიც წავლენ პოლიციიდან და ერთ მშვენიერ დღეს მათ შვილებსაც იგივეს გაუკეთებენ! ამ უცოდინარობით ისინი მთელ ქვეყანას აყენებენ საფრთხის წინაშე! ჯალალედინი მირჩევნია მტრად მყავდეს, ვიდრე შიგნით ასეთი პოლიციელი, რომელიც ჩემს ქვეყანას და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ის ვიცი, რომ მტერია და უნდა ვეომო, მაგრამ შენ მგონიხარ დამცველი და ამ დროს, თურმე, შენთან მაქვს საომარი! ამიტომ ასეთ პოლიციელებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს ვადარებ ჯალალედინს, ოღონდ ესენი შინაური მტრები არიან. ამათ იმის ცნობიერება რომ ჰქონდეთ, სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობით სჭირდება სამსახურებრივი აღსრულება, მაშინ ამას არ დაუშვებდნენ, მაგრამ უცოდინარი პოლიციელი გათამამებულია _ პროკურორი მიკანონებს, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს, მეტი რაღა ვქნა, დამნაშავეებს ვებრძვიო… შენ დამნაშავეებს არ ებრძვი, შენ ხარ დამნაშავე, შენი სახით სახელმწიფო დგას დამნაშავეობის წინაშე და შენ ხარ ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან საზოგადოებას. დასკვნები აქედან უნდა გაკეთდეს და არა იქიდან, ხარშილაძეს რატომ გაუკეთეს ასე, შამუგიას თუ თათარიშვილს, არამედ იქიდან, რომ სად არის საფრთხის წყარო! რომელი უფრო დიდი საფრთხეა, თუნდაც, ეს პირები ყოფილიყვნენ დამნაშავეები, რომელი უფრო დიდი დამნაშავეა, ისინი თუ უკანონო პოლიციელები?! ეს არის ქვეყნის პრობლემა და ამაზე უნდა იმსჯელონ მესვეურებმა _ პარლამენტმა, მთავრობამ, საზოგადოების იმ წრეებმა, რომლებსაც საჯარო პოლიტიკაში უწევთ ყოფნა. ეს იმდენად საშიში თემაა, რომ, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს ჰქონდა მას ფესვები გადგმული. კომუნისტები ფიქრობდნენ, უკანონობას არ დავუშვებთ, თუ დამნაშავე გვყავს დასაჭერი და არ მაქვს მტკიცებულებები, ამით დავიჭერო.

_ ზოგადად, ჩადებების მეთოდი რატომ შემოიტანეს?

_ მაგალითად, კომუნისტები „ავტორიტეტ ქურდს“ ფაქტზე ვერ იჭერდნენ, ჩაუდებდნენ იარაღს ან ნარკოტიკს და ციხეში უშვებდნენ, ანუ საზოგადოებისთვის რომ მოეცილებინათ დამნაშავე ელემენტი და არ ჰქონდათ მტკიცებულება, ამ გზით ცდილობდნენ მოშორებას. ამას არაპირდაპირი მიზანი ჰქონდა, მაგრამ მოეწონა შევარდნაძის ხელისუფლებას, მოეწონა სააკაშვილის ხელისუფლებას, მოსწონს ამ ხელისუფლებას, მაგრამ იმ მიზანს კი არ ასრულებენ, რისთვისაც კომუნისტებმა შემოიღეს, არა, პირდაპირ აუბედურებენ ოჯახებს, იჭერენ და იჭერენ უდანაშაულო ახალგაზრდებს! ან რა მიზანი აქვს, თუ ადამიანი ნარკოტიკის მომხმარებელი არ არის, გამსაღებელი არ არის, რატომ უნდა უნდოდეს ნარკოტიკი, მოტივი ვინმემ მითხრას! ორივე შემთხვევაში ასე იყო, ხარშილაძეს არ აღმოაჩნდა სისხლში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მომხმარებელი არ არის. მაშ, რაში სჭირდებოდა?! გაყიდვისთვის? გეცალათ, ბატონო და გასაღებაზე დაგეჭირათ! რატომ უნდოდა ეს ნარკოტიკი, მოტივი რა იყო, პოლიციას რომ დაეჭირა?! როდესაც ინფორმაცია გაქვს, რომ პირი არ არს ნარკოტიკის მომხმარებელი, ნუ უდებ მაინც! ვფიქრობ, რომ ყველამ ხმა უნდა ამოიღოს, არ ვლაპარაკობ, როგორც პერსონის ადვოკატი, ეს ქვეყანაში გლობალური პრობლემაა. ზუგდიდის შემთხვევაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ არავინ ჩამითვალოს, ხარშილაძის ინტერესების გამო ვლაპარაკობ, მთელი საზოგადოება ამ საფრთხის წინაშე დგას, ეს არის უხეში უკანონობა და მისი წყარო არის უცოდინარობა. ჩვენ ისეთ პოლიციელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს მივანდეთ სამართალი, რომელთაც არ იციან სამართალი, მგელს რომ ცხვარი ჩააბარო, ზუსტად ასეა! ჩვენი უცოდინარი პოლიციელები ვერანაირ გმირულ, ჰეროიკულ სამართალდამცველ სისტემებს ვერ შეგვიქმნიან და ქვეყანაში ვერც მართლწესრიგს დაგვიმყარებენ! შს სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი ვიყავი და ერთ გამოშვებაზე პოლიციის აკადემიაში სახელმწიფო გამოცდებს ვიბარებდი, იმ წელს 40-მა სტუდენტმა დაამთავრა, სახელმწიფო გამოცდებს ჩააბარებდნენ თუ არა, ლეიტენანტის წოდებებს ვაძლევდით, ფორმას ვაცმევდით და სამსახურებში ვუშვებდით, ანუ მათ ვანდობდით პოლიციელის მუნდირის ტარებას სახელმწიფოს სახელით. რექტორი ძალიან ცნობილი გენერალი კაცი იყო და მთხოვა, ეს ხალხი ძალიან არ გაწურო, უნივერსიტეტის დონე აქ არ არის და ნუ მოსთხოვო. ვუთხარი, _ მეტი რა გავაკეთო, ბილეთს რომ აიღებს, კანონს მივცემ, წაიკითხოს და რაც იცის, შემდეგ ის ჩაგვაბაროს-მეთქი. 40-დან ვერც ერთმა ვერ ჩააბარა გამოცდა და ბატონ გენერალს ვუთხარი, _ ამ ხალხს პოლიციის ფორმას ვერ ჩავაცმევ, რადგან ეს 40, 40 000 ადამიანს გააუბედურებს-მეთქი. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა, მაგრამ უკან არ დავიხიე და არც ერთს არ მივეცი ლიცენზია, რომ პოლიციაში ემუშავათ. თუ ისეთი მიდგომები არ იქნება, რომ უცოდინარი არ უნდა მიუშვა ცეცხლთან, სხვაგვარად არ გამოვა. საზოგადოებისთვის ზიანის საფრთხე უცოდინარობაა!

 

თამარ ბატიაშვილი