ეკონომიკური კოლაფსი საქართველოში და სტატუსშეჩერებული სტუდენტები

შესაძლოა, სტუდენტები სწავლის გარეშე დარჩნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, რომ განათლება პრიორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს. განათლება მართლაც მნიშვნელოვანი იარაღია სახელმწიფოებრივი ზრდისთვის და საუკეთესო მომავლისთვის.

21-ე საუკუნის უხილავი მტერი, „კოვიდ 19“, ამ საკითხშიც კი ძლიერი აღმოჩნდა: მის კისერზეა ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი, სამსახურის გარეშე დარჩენელი ადამიანები, ფასების ზრდა სხვადასხვა პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, პრობლემების კასკადი დაატყდათ თავს სტუდენტთა ოჯახებს.
ბევრმა პირველკურსელმა, პანდემიის გამო, სტატუსი შეიჩერა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, ეს იმიტომ გააკეთა, რომ განათლების სისტემაში პრობლემაა და სრულფასოვან განათლებას ონლაინსწავლებით ვერ მიიღებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სტატუსი შეეჩერებინათ.
„ვფიქრობ, რომ ვერ მივიღებდი სრულფასოვან განათლებას ონლაინსწავლებით, ამიტომაც გადავწყვიტე ამეღო აკადემიური“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტთა უმრავლესობა კი ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს მიზეზად:
„ჩემთან ასეთი პრობლემა იყო: პირველი ტალღის დროს, როცა ონლიანსწავლებაზე გადაგვიყვანეს, გადახდილი მქონდა თანხა, ამიტომ პირველი კურსი უპრობლემად დავხურე. მეორე კურსის დასაწყისში კი მივხვდვი, რომ ოჯახი ვერ შეძლებდა თანხის გადახდას და გადავწყვიტე, აკადემიური ამეღო, სწავლა კი პანდემიის შემდეგ გამეგრძელებინა“, _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა სტუდენტმა.
„რეგიონიდან ვარ, ჩემს ოჯახს სჭირდება ბინის ქირის, ასევე უნივერსიტეტის საფასურის გადახდა, ჩემი რჩენა, რისი საშუალებაც არ გააჩნია. მუშაობაც ვცადე, მაგრამ სამსახური და სწავლა ვერ შევუთავსე ერთმანეთს, რის გამოც სამსახურიდანაც წამოვედი და ისევ უმუშევარი დავრჩი.
ძალიან კი მინდოდა, რომ ჩემი ხელფასით ოჯახისთვის შემეწყო ხელი. დედა ემიგრანტი იყო, მაგრამ დღეს საქართველოშია, პანდემიის პირველ ეტაპზე ჩამოვიდა. ადრე იქით რომ იყო, კიდევ გაგვქონდა თავი, დღეს კი ვერ ვახერხებთ. ალბათ, მომიწევს ჩემი ოცნების დროებით გვერდით გადადება და სწავლის შეწყვეტა, რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ერთ-ერთმა სტუდენტმა,რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა
სტუდენტებთან, რომლებზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ სწავლა პანდემიის პროცესში შეწყვიტეს, შეძლებისდაგვარად, ვცადეთ დაკავშირება. მათი უმრავლესობა სწავლის შეწყვეტას სწორედ პანდემიას აბრალებს, ზოგიერთი მათგანი კი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გვერდით დაუდგნენ და მათ სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარონ.
„ძალიან მაინტერესებს, ხელისუფლება რატომ არ გვიდგას გვერდით?! ნუთუ, არ შეიძლება, რომ ჩვენი სწავლის თანხა გადაიხადონ, რომ არ დავრჩეთ სწავლისა და პროფესიის გარეშე? მე რომ ახლა აკადემიური ავიღო, გვიან მომიწევს სწავლის დამთავრება, რაც ძალიან არ მინდა“, _ გვეუბნება სტუდენტი.
„ქრონიკა+“-მა განთლების სამინისტროსგან სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკა მოითხოვა, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურმა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში გადაგვამისამართა, ხარისხის უზრუნველყოფამ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისკენ მიგვითითა. გაფუჭებული ტელეფონის თამაშის დასრულების შემდეგ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე შევედით, თუმცა ინფორმაცია აქაც დროებით მიუწვდომელი აღმოჩნდა.
საინტერესოა, განვითარებად ქვეყანაში, სადაც სწავლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რას აკეთებს ხელისუფლება ამ დროს და როგორ ეხმარება სტუდენტებს? განათლების სამინისტროს აქვს თუ არა შემუშავებული გეგმა სტუდენტთა საკეთილდღეოდ?!
ამ კითხვებით „ქრონიკა+“ ისევ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ პრესსამსახურში განგვიცხადეს: „ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება ინტერვიუს ჩაწერა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებთან“.
მიუხედავად ჩვენი ჩაკითხვისა, მიზეზი გაუგებარი დარჩა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამ თემაზე მათგან კომენტარის გაკეთება?
საინტერესოა, კიდევ რამდენი სტუდენტი შეწყვეტს სწავლას ეკონომიკური მდგომარეობის გამო?! რას იზამს სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?!

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. დამატებითი დეტალების შემთხვევაში ინფორმაციას შემდეგ ნომრებში გაგაცნობთ.

ზუკა ნემსაძე