დიმიტრი ბიძინაშვილი: „აფრიკის დასახლებაში კალაძემ შური იძია იმ ხალხზე, ვინც არჩევნებზე ლევან ხაბეიშვილს მისცა ხმა“
იმას, რაც 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დატრიალდა, ჩვენი საზოგადოება კარგა ხანს ვერ დაივიწყებს. ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუ როგორ უნგრევდნენ სოციალურად დაუცველებს სახლებს. საზოგადოება განსაკუთრებით ერთმა ფოტომ შეძრა, სადაც მამა-შვილია გამოსახული და ის ყველა თქვენგანს აქვს ნანახი. თავიდან მეოცნებეთა ბოტებისა და ტროლების ლაშქარი ამტკიცებდა, რომ ამ მამა-შვილს სახლი ჰქონდა, ხოლო როცა საზოგადოების აღშფოთებით შეწუხებულმა თბილისის მერმა მათთვის ბინის ჩუქება დააანონსა, ტროლ-ბოტებმა კალაძეს გულები დააყარეს.
მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ბიძინაშვილი, კარგად იცნობს იმ უბანს, სადაც კალაძის დავალებით ხალხს სახლები მიწასთან გაუსწორეს. ბიძინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო კახა კალაძის შურისძიება, რადგანაც უბანში, სადაც სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. ხაბეიშვილს თბილისის მერი პირად მტრად აღიქვამს.
რა გახდა აფრიკის მოსახლეობის აწიოკების მიზეზი? რას უნდა მივაწეროთ კალაძის გულის აჩუყება? რატომ ვერ გაუბედა მან ხმის ამოღება ფარცხალაძეს? _ ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა +“-სთან საუბრობს:
_ აფრიკის დასახლებაში გადაღებულმა მამა-შვილის ფოტომ მთელი საზოგადოება შეძრა, მათ შორის, თბილისის მერიც, რომელმაც სახლების მიწასთან გასწორების შემდეგ განაცხადა, რომ იმ ოჯახს სახლს უყიდიდა. კალაძის ქველმოქმედება საზოგადოებამ სხვადასხვანაირად აღიქვა. თქვენ რას ფიქრობთ _ რამ აუჩუყა გული თბილისის მერს?
_ ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ კალაძე შეძრა ამ ფოტომ. ის საზოგადოების აღშფოთებამ შეაწუხა. მას სჩვევია ასეთი ეშმაკობები. გემახსოვრებათ საქართველო-მაკედონიის მატჩი, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდა. კალაძე იქ საკუთარ შვილთან ერთად მივიდა. როცა ამას აღშფოთება მოჰყვა, თბილისის მერმა თქვა, ბავშვი ინერციით წამოვიყვანე თამაშზეო. საზოგადოების აღშფოთება რომ გაენეიტრალებინა, განაცხადა, ის ხალხი ჯარიმებს არ გადაიხდის, ვინც თამაშის დროს გარეთ იდგა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმესო.
ახლა 20 კაცს დაუნგრია სახლი, ერთ ბავშვს კი აჩუქა და ატყდა ამბავი, _ რა კარგი მერი ჰყავს თბილისსო. სინამდვილეში, კალაძეს კანონიც და სამართალიც ფეხებზე კიდია. მეტიც: თბილისის მერი ფიქრობს, რომ თავად ისაა კანონი და თუ ის გადაწყვეტს, არავის დააჯარიმებენ. უკანონოდ აშენებულ სახლსაც არ დაანგრევენ, თუ ის „ქართული ოცნების“ წევრის ან შემომწირველის საკუთრებაა.
კახა კალაძე თუ მაგარი ბიჭი იყო და მართლა სურდა კანონის აღსრულება, რატომ ბიძინა ივანიშვილს არ დაუნგრია, „პირიმზის“ წინ გაურკვეველი სიმახინჯე რომ ააშენა?! ან მაშინ რატომ არ გაახსენდა კანონი, ოლიგარქს თაბორის მთაზე ერთ ლარად რომ გაუფორმეს მიწის ნაკვეთი?! ამ მაშინ რატომ არ ატეხა ამბავი, ფარცხალაძე უნებართვოდ რომ აშენებდა სახლს?! ვგულისხმობ ცნობილ სარდაფიან სახლს. ამ დროს რატომ არ გაუჩნდა უსამართლობის გრძნობა?
_ გაუჩნდებოდა და მაგასაც ჩაიყვანდნენ იმ ცნობილ სარდაფში.
_ ფარცხალაძისთვის არც მაგის „მიპადვალება“ იქნებოდა პრობლემა. სწორედ ესაა უსამართლობა. „ქართული ოცნების“ წევრებს ხმას არ სცემს და საწყალ, გაჭირვებულ ადამიანებს უნგრევს სიმწრით ნაშენებ სახლებს. ბიძინა ივანიშვილს ნახევარ თბილისს უფორმებენ უპრობლემოდ და სოციალურად დაუცველებს ჭერს ანგრევენ თავზე, _ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე რატომ წამოჭიმე სახლიო.
ის, რაც 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში მოხდა, იყო მარაზმი. ამას საზოგადოებაში ადეკვატური რეაქცია მოყვა და კალაძის მისამართით დიდი აგრესია წამოვიდა. ამ აგრესიამ აიძულა კალაძე, გაჭირვებული ოჯახისთვის სახლი ეჩუქებინა, თორემ მანამდე მთელი ტროლების არმია იმას ამტკიცებდა, იმ ოჯახს არაფერი უჭირსო. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც საზოგადოება და არც – გაჭირვებული ხალხი.
_ აფრიკის დასახლება არ არის პრესტიჟული უბანი. ეს წყნეთი ან ბაგები რომ ყოფილიყო, ძნელი ამოსაცნობი არ იქნებოდა, რატომ გადაასწორა იქაურობა თბილისის მერიამ. თქვენი აზრით, ვინმემ გადაწყვიტა ამ მიწის ხელში ჩაგდება?
_ შეიძლება კალაძის გარემოცვიდან ვიღაცამ დაადგა ამ მიწას თვალი, მაგრამ მე უფრო სხვა ვერსია მაქვს. არ გამოვრიცხავ, ის რაც მოხდა, არჩევნებს უკავშირდება. ამ უბანში არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო.
_ ხაბეიშვილი კალაძის დაუძინებელი მტერია და მისი მოგება ნამდვილად არ გაუხარდებოდა.
_ მაგიტომ მგონია, რომ ეს იყო სპეცოპერაცია. არანაირი კანონის აღსრულება. კალაძემ შური იძია იმ ხალხზე, ვინც არჩევნებზე ლევან ხაბეიშვილს მისცა ხმა.
შორენა მარსაგიშვილი