დეკანოზი ილია ჭიღლაძე: „უღმერთო სტალინის ადგილი ეკლესიაში არ არის“
შორენა მარსაგიშვილი
2024 წელი საქართველოში რელიგიური სკანდალით დაიწყო: შობის წინა დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამებაში დაბრძანებულ ერთ-ერთ ხატზე გამოსახული იყო მილიონობით ადამიანის მკვლელი, ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს უდიდესი მტერი, იოსებ სტალინი. სტალინი წმინდა მატრონას ხატზეა მიხატული. მატრონა მოსკოველი რუსი წმინდანია, რომელთან დაკავშირებითაც თავად რუსებს აქვთ კითხვები. სკანდალის აგორების შემდეგ გაირკვა, თუ ვინ შესწირა ტაძარს ხატი. ხატის შემწირველები აღმოჩნდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი. მათ ხატი ტაძარს შესწირეს 14 ნოემბერს და ის იქ კიდევ დიდხანს იქნებოდა, შემთხვევით ვიღაცას რომ არ მოხვედროდა თვალში.
ხატზე გამოსახული ტირანის ფოტო პირველმა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.
საკათედრო ტაძარში სისხლიანი ტირანის ხატის გამოჩენას საზოგადოების უმწვავესი პროტესტი მოჰყვა. თავიდან საპატრიარქო შეეცადა, ქვეყნის მთავარ ტაძარში სახელმწიფოს მტრის ხატის არსებობა გაემართლებინა, ამბობდნენ, ხატებზე უარყოფითი პერსონაჟებიც არიან გამოსახულნიო. მაგალითისთვის გველეშაპი და დიოკლეტიანე მოიყვანეს. მათი პოზიცია ნატა ფერაძის პროტესტის ფორმამ ოდნავ გაამყარა. სამოქალაქო აქტივისტმა ხატზე გამოსახულ სტალინს საღებავი შეასხა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და საღებავით წმინდანი დაისვარა. საპატრიარქომ ხატი გაწმინდა, პოლიციამ კი საქმე აღძრა.
ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენეს რუსეთუმე რადიკალებმა. ისინი ნატა ფერაძეს სახლთანაც კი მიუვარდნენ. ზოგიერთი სასულიერო პირი შეეცადა, ანტისტალინური პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად მოენათლა. მეთოდმა არ გაამართლა. საპატრიარქოს შეცვლილმა პოზიციამ და განცხადებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
„წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი, შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს: საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და რიგითი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას მიანიჭებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან იოსებ სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“, _ ასეთი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ 11 იანვარს.
ხატის შემომწირველებმა პირობა დადეს, რომ ხატს ჩავასწორებთ და ისე გადავცემთ ტაძარსო. სამებაში მოღვაწე არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. არქიმანდრიტი ამტკიცებს, რომ ხატის ტაძარში დაბრძანების შესახებ საპატრიარქოსთვის არ უცნობებია:
„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედაეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“, _ დაწერა არქიმანდრიტმა სოციალურ ქსელში.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ პოზიცია რუსეთის საპატრიარქოსთან კონსულტაციების გავლის შემდეგ შეცვალა.
ვინ იყო მატრონა მოსკოველი? რატომ გაქრნენ ქართული ეკლესიებიდან ქართველი წმინდანები? შეიძლება თუ არა ხატზე უარყოფითი პერსონაჟების გამოსახვა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ილია ჭიღლაძე ესაუბრება:
_ მამა ილია, თქვენ პირველმა გაავრცელეთ წმინდა მატრონას ხატის ფოტოები სტალინის გამოსახულებით, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ეს ეკლესიასთან ბრძოლაა და სპეციალურად დაამთხვიეს შობასო.
_ ქრისტეს ეკლესიის მთავარი მტერი დღეს საპატრიარქოსა და ტაძრებში დაბუდებული კორუმპირებული, გაუნათლებელი, ინფანტილური და უზნეო სამღვდელოებაა და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მიმდინარე ამ ახალი სკანდალის დროს. უღმერთო სტალინის პიეტეტის ადგილი ეკლესიაში არ არის. ბოლოს და ბოლოს საპატრიარქოს ამის აღიარება მოუწია, მაგრამ ეს იყო დიდი სახალხო მღელვარების შედეგად გადადგმული იძულებითი აღიარება.
_ თავიდან საპატრიარქო ამბობდა, რომ არაფერი საშინელი არ არის, თუ სტალინი იქნებოდა გამოსახული ხატზე _ მოიყვანეს რომის იმპერატორ დიოკლეტიანესა და გველეშაპის მაგალითები. მერე კი ხატის შემომწირველებს ხატის ჩასწორება მოსთხოვეს. რას უკავშირებთ მათი პოზიციის ცვლილებას?
_ დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაამოწმეს მოსკოვის საპატრიარქოში და იქ მიიღეს ინსტრუქცია, რომ რუსული საპატრიარქო ამ მოარულ ამბავს ფეიკად მიიჩნევს, შესაბამისად, ჩვენს დილეტანტებს თბილისის საპატრიარქოში უკანდახევა მოუწიათ. ეს, პრაქტიკულად, აღიარა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
_ ბევრმა ვერ გაიგო, თუ რატომ არ შეიძლება ხატზე იყოს სტალინი და ვინაა მატრონა მოსკოველი, რომლის წმინდანობაზეც თავად რუსებს აქვთ კითხვები.
_ ხატზე ნამდვილად შეიძლება გამოისახონ უარყოფითი პერსონაჟებიც და თვით სატანაც კი, მაგრამ კონტექსტის მიხედვით. ანუ რა არის ხატის სახისმეტყველება, რას გვიქადაგებს ხატი?
_ მატრონას ეს არაკანონიკური, ცრუ ხატი კი უღმერთო ტირან სტალინის მორწმუნედ წარმოჩენასა და წმინდანის კურთხევებით მოქმედ პირად წარმოჩენას ემსახურება.
ამ ხატზე კიდევ ერთი სერიოზული კანონიკური დარღვევაა: მატრონას სამღვდელო მაკურთხებელი მარჯვენის სახით აქვს ხელი აპყრობილი, რაც ასევე მკრეხელობაა და შესაცვლელია.
ზოგადად, რაც მატრონა მოსკოველზე მოგვეხსენება, ყველაფერი ვიცით მხოლოდ ვიღაც ქალბატონ ჟდანოვას მონათხრობებით 1990-იან წლებში. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მანამდე მატრონაზე არაფერი იცოდა, არადა, ჟდანოვას მიხედვით, მატრონა გარდაიცვალა 1950 წელს.
შესაბამისად, მივიღეთ დიდი ყალბისმქმნელობა ჟდანოვასა და მისი დაჯგუფების მხრიდან _ დიდი ალბათობაა, მთელი მისი ცხოვრების პერიპეტიები იყოს გაყალბებული, რადგან უტყუარი დოკუმენტები მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე არ შემოგვრჩა. ალბათ ამიტომ განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის საეკლესიო სამართლის ლექტორმა, საპატრიარქოს საეკლესიო სამართლის საკითხების კურატორმა, დეკანოზმა მამა ლონგინოზ სუარიშვილმა, რომ მატრონა მოსკოველი რეალურად არც არსებობდა.
აქვე დავამატებ, რომ ზოგადად ქართველი მორწმუნეების მიერ მატრონებსა და სხვა რუს „წმინდანებზე“ ჩაციკვლა ჩვენს მოსახლეობაში რუსული იდეოლოგიის გავრცელებას უწყობს ხელს. ვიღას ახსოვს წმ. გრიგოლ ხანძთელი, წმ. გიორგი მთაწმინდელი, წმ. ქეთევან წამებული და სხვა ჩვენი უდიდესი წმინდანები?! შეპყრობილები არიან მატრონებით, სერაფიმ საროველებით და სხვა ლეგენდარული მითოლოგიური რუსი წმინდანებით, რომელთა შესახებაც რუსული სპეცსამსახურები ნებისმიერ ფაბრიკაციას ქმნიან, რაც მათ აწყობთ და ადვილად ავრცელებენ. ეს გაუნათლებელ, გულუბრყვილო მორწუნეებს ჭეშმარიტება ჰგონიათ.